воскресенье, 19 мая 2013 г.

მართლმადიდებელი ქრისტიანი – “სხვაზე” მოძალადე თუ ძალადობაზე პასუხისმგებელი?



ავტორი: ზურაბ ჯაში
17 მაისის მოვლენების მოწმე ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეიძლებოდა თავში უნებლიედ არ გაელვებოდა გამოჩენილი ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სტივენ ვაინბერგის მსგავსი აზრი: „რელიგიით თუ რელიგიის გარეშე კარგ ადამიანებს შეუძლიათ კარგად მოქცევა და ცუდ ადამიანებს შეუძლიათ ცუდი საქმეების კეთება, მაგრამ იმისათვის რომ კარგმა ადამიანებმა ცუდი საქმეები აკეთონ, საჭიროა რელიგია“. ეს უნებლიე გაელვება უკვე დიდი ხანია პერიოდულად გაიელვებს და მაშინათვე ქრება ქართულ საზოგადოებაში. საკმაოდ დიდია შიში ცოტა ხნით გავაჩეროთ ეს აზრი და მის შუქზე გავაანალიზოთ ჩვენი ახლო წარსულის მოვლენები და გამოვიტანოთ შესაბამისი გაკვეთილები.

დიდი ხანია რიგითი ქართველის აზროვნებაში სისტემურად მყარდება კავშირი რწმენასა და ძალადობას შორის, რადგან ამ კავშირის შექმნასა და გამყარებაზე გულმოდგინეთ ზრუნავენ საეჭვო სულიერი და ზნეობრივი ცნობიერების მქონე სასულიერო პირები. ის რაც იმ დღეს მოხდა მათი წაქეზებით, იყო სრულიად ბუნებრივი გამოხატულება ისეთი ღმერთის რწმენისა, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ პირველად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გააჟღერა ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა, რაფაელ კარელინმა. მისი სწავლებით, რომელსაც ის უცვლელ მართლმადიდებლურ დოგმატად წარმოგვიდგენდა, მოუნათლავად დაღუპული ჩვილი ბავშვი ჯოჯოხეთის სამუდამო ტანჯვებისთვის იყო განწირული. ანუ უმწეო ბავშვი, რომელიც ახლახანს მოავლინა ღმერთმა ამქვეყნად, ან სულაც საერთოდ ვერ მოასწრო მან ქვეყნად გაჩენა და დედის მუცელში დაიღუპა, მარადიული ტანჯვისთვის დაიბადებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ პატივცემული არქიმანდრიტი და მისი კასტის თანამოძმე მღვდლები გარკვეული გარემოებების გამო არ იქნენ ჩართული ამ ბავშვისთვის რიტუალის შესრულების გზით არსებობის უფლების მიცემის საქმეში. შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ღმერთი ასეთი უმოწყალო ყოფილიყო სრულიად უმანკო ჩვილი ბავშვის მიმართ, არქიმანდრიტი პასუხობდა: „ეს მხოლოდ ადამიანური პერსპექტივით ჩანს ასე, ხოლო ღმერთის პერსპექტივა სრულიად სხვანაირია“.
მაშინ მოხდა საქართველოს ეკლესიაში პირველი გაცნობიერებული გამიჯვნა ადამიანის და ღმერთი ზნეობრივი პერსპექტივებისა ერთმანეთისაგან და ღმერთის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება ძალადობასთან. ამის წინააღმდეგ არავინ ამოიღო ხმა გარდა ღვთისმეტყველების ერთი პროფესორის, ედიშერ ჭეილიძისა. მაგრამ მოგვიანებით მისი მცდელობა, რომ დაესაბუთებია ამ სწავლების ანტიმართლმადიდებულირ ხასიათი ფაქტიურად უშედეგოდ დასრულდა. დღეს ეს არქიმანდრიტი ეკლესიის მრავალი წევრის თვალში მადლმოსილი პიროვნებაა, ე.წ. „სტარეცი“. და თუკი მისი სწავლება მოუნათლავი ჩვილების წარწყმედის შესახებ შეიძლება მრევლისა და სამღვდელოების გარკვეული ნაწილის მიერ არ არის გაზიარებული, ადამიანური და საღვთო ზნეობის გამიჯვნა საყოველთაოდ არის აღიარებული. ამის შედეგად დღეს უკვე საკმაოდ არის გამყარებული წარმოდგენა, რომ ღმერთი ყოველთვის ძალადობის პერსპექტივიდან უყურებს რეალობას, მაშინ როცა ცოდვილი ადამიანი მხოლოდ სიყვარულის და თავისუფლების ილუზიებით და ვნებებით არის შეპყრობილი. ღმერთი ცალსახად არის წარმოდგენილი ფროიდის სადისტ მამად. ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს მისი ერთგული შვილები ვიყოთ და მისი ხატება ამოვიტვიფროთ, უნდა ჩავახშოთ ცოდვილი სინდისის ხმა და შევუდგეთ ძალადობას მათ მიმართ, რომელთა არსებობაც არ არის სამღვდელოების მიერ ნებადართული. ნებისმიერი არსებობა ამ საკრალური ნებართვის გარეთ არის აღიარებული კანონგარეშედ მსგავსად ძველი წარმართული რომაული კანონისა Homo Sacer-ის (ლათ. „შეწირული ადამიანი“) შესახებ: ადამიანი, ვისი მკვლელობაც არ ითვლება კაცის კვლად. ანუ ასეთ შემთხვევაში ძალადობა ადამიანზე არ ითვლება ძალადობად, რადგან ასეთი ადამიანი ფაქტიურად არ არსებობს.
ამ ლოგიკით მოუნათლავი ჩვილი ბავშვი არ არის ჩვილი ბავშვი და ის შეიძლება ჯოჯოხეთში იტანჯებოდეს ისე, რომ ამავე დროს ეს ფაქტი თავიდანვე უარყოფილია. ეს ლოგიკა ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, ძალადობა ჩავიდინოთ ისე, რომ არ შეგვაწუხოს სინდისმა, რაც ნებისმიერ ადამიანს აქვს მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა. ამ ლოგიკას ეფუძნება ის რელიგია, რომელიც საჭიროა „იმისათვის, რომ კარგმა ადამიანებმა ცუდი საქმეები აკეთონ“.
მაგრამ არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ასეთი რელიგია? ამ დღეებში ძალადობის ინიციატორთა გმირად შემრაცხავმა იერარქმა წმინდა სამების ტაძრის ამბიონიდან ბრძანა: „ქრისტიანობას ჩვენ ნუ გვასწავლიან!“ მაგრამ ვინ მისცა სამღვდელო პირს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ სიტყვების თქმის უფლება? ჩვენი ეკლესიის ისტორია და თეოლოგია მოწმობს, რომ მღვდელს, ეპისკოპოსს, პატრიარქს და საეკლესიო კრებებსაც, რომლებსაც მსოფლიო ეწოდებოდათ, სწორედაც ასწავლიდა, განსჯიდა და სჯიდა კიდევაც ეკლესიის სისავსე, რომლის წარმომადგენელი შეიძლება ყოფილიყო უბრალო ერისკაცი, მონაზონი (ცნობისათვის მონაზონი არის იმავე ერისკაცის ხარისხში მყოფი), როგორც ეს იყო წმ. მაქსიმე აღმსარებლის შემთხვევაში. არავის აქვს უფლება, რომ თქვას, „მე ვარ ღვთის ხმა და ვერავინ მასწავლის ქრისტიანობას“. თუ ის ღვთის ხმას გამოთქვამს, მაშინ უფალი იესო ქრისტესავით უნდა დაიმდაბლოს თავი და სიყვარულის მსახურებით დაამტკიცოს მისი პიროვნული სიწმინდე და მარტო ჯვარ-პანაღიების ტარება არ აძლევს რაიმე პრივილეგიას. ძალაუფლების ერთადერთი მოდელი ქრისტიანულ ეკლესიაში არის დამდაბლებული და თავისი თავის მსხვერპლად გამღები ღმერთი. IX საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქ წმინდა ფოტიოსის ხელმძღვანელობით შედგენილ საკანონმდებლო კრებული „ეპანაგოგეში“ ამგავარად განსაზღვრავს თვითონ პატრიარქის ძალაუფლებას: „ქრისტესმიერი ცხოვრება, ჯვარცმა ქვეყნიერებისათვის (ბერძ. „კოსმოსისთვის“)“ (Epanagoge Basili Leonis et Alexandri, Ecloga Leonis et Constantini, in Collectio Librorum Juris Graeco-Romani Ineditorum, edidit Carolus E. Z. a Lingenthal, Lipsiae, 1852, 67). სწორედ ეს მოვალეობა – „ჯვარცმა ქვეყნიერებისათვის“ და არა „ეკლესიისათვის“ – მეტყველებს იმაზე, რომ იერარქი და მისი სამწყსო ღია უნდა იყოს ეკლესიის გარეთ მყოფთათვის, „სხვებისთვის“, და მზად იყოს მათ მიმართ სიყვარული თავიანთი ჯვარცმით დაუმტკიცოს. განა ასე არ მოიქცა თავის დროზე ქრისტე, როდესაც მან თავისი სიკვდილით შეგვარიგა ღმერთს, „როცა ჩვენ ვიყავით მტრები“ ღვთისა (რომაელთა მიმართ 5:10)?!
მაგრამ აქ ისიც უნდა ვიკითხოთ, არის კი ჰომოსექსუალი აუცილებლად „მტერი“? ეს ძალიან ვრცელი და რთული საკითხია, რაზეც სიღრმისეულ მსჯელობას არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ გარკვეული ორიენტირების მოხაზვა ორიოდე სიტყვით მაინც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჰომოსექსულური ქცევა, როგორც ასეთი დაგმობილია წმინდა წერილში, როგორც ბუნების საწინააღმდეგო (მაგ. რომ. 1:23-27). მაგრამ ნიშნავს ეს ჯერ კიდევ იმას, რომ ადამიანი, რომელსაც გენეტიკურად და ფსიქო-სოციალური გარემოებების გამო გაუჩნდა ამგვარი მიდრეკილება, უკვე ექვემდებარება ასეთ გმობას? პავლე მოციქული არაორაზროვნად საუბრობს ჰომოსექსუალიზმზე როგორც რელიგიურ-კულტურულ მოვლენაზე და არა ცალკეული ინდივიდის მიერ საკუთარი სქესის აღქმაზე, რაც ნათლად ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდან:
“რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.” (რომ. 1:23-27)
როგორც ვხედავთ, აქ მოციქული უპირველეს ყოვლისა აკრიტიკებს მის თანამედროვე წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას, რის კონტექსტშიც განიხილავს ჰომოსექსუალიზმსაც. მართლაც, ჰომოსექსუალური ეთიკა ბერძნულ-რომაული კულტურაში საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო. ასე რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც წარმოადგენად პავლე მოციქულის დროინდელი პალესტინა, ძველი რომაელები ცხოვრობდნენ კულტურულ გარემოში, სადაც “დაქორწინებული მამაკაცს შეიძლება ჰქონოდა სქესობრივი ურთიერთობა მის მამაკაც მონასთან მისი თანატოლების მხრიდან ყოველგვარი კრიტიკის გარეშე; … ამ კულტურაში ქალური მანერების გამო მამაკაცისთვის შეიძლება ეწოდებიათ ქალაჩუნა, მაშინ როცა იმ კაცს, რომლის კაცურობაშიც ეჭვს შეიტანდნენ, შეეძლო მისი კაცობის დასამტკიცებლად განეცხადებია ის ფაქტი, რომ მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მისი ბრალმდებლის ვაჟიშვილებთან”. (Craig A. Williams, Roman Homosexuality, Oxford, 2010, 3)
ძველ ბერძნებშიც ასევე იყო გავრცელებული ჰომოსექსუალური ურთიერთობა განსაკუთრებით „ეფებოსის“ („თინეიჯერის“) ასაკში მყოფ ჭაბუკებში, რომლებიც მოგვიანებით ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალურ ოჯახებს ქმნიდნენ. ამ კულტურებში არცერთ შემთხვევაში არ იდგა საკუთარი სქესის აღქმის და იდენტობის პრობლემა. ჰომოსექსუალიზმი იყო სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ჩვეულებრივი ფორმა, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობითაც დაკმაყოფილებულიყო. ანუ საქმე გვქონდა მოვლენასთან, რასაც წმინდა იოანე ოქროპირი მის ქადაგებაში ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ უწოდებს გამოწვეულს „გულისთქმის სიჭარბისგან“ (ბერძ. აპო პლეონექსიას ტეს ეპითიმიას – ქადაგება IV, რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე, 1:26-27, Migne, J.P., Patrologia Graeca, vol. 60, col. 417).
ჰომოსექსუალობას ასევე უწოდებენ სოდომურ ცოდვას. მაგრამ გადავხედოთ ბიბლიის ტექსტს, სადაც მოთხრობილია ქალაქ სოდომის მაცხოვრებელთა ცოდვები და მათი სასჯელი. აქაც მოწმე ვართ ჰომოსექსუალობის როგორც ზოგადად კულტურის შემადგენელი ფენომენის, როდესაც მთელ ქალაქში ათი ადამიანიც კი არ მოიძებნა ცოდვისგან თავისუფალი (შესაქმე 18:32). გარდა ამისა, აქ არ ჩანს გამოკვეთილად, რომ ცოდვა იყო მარტოდენ სქესობრივი ორიენტაცია, არც ის, რომ ხდებოდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. აქ ჰომოსექსუალობა იყო ადამიანზე ძალადობასთან განუყოფლად დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც ლოთი უარს უბნება მის კარებთან მომდგარ სოდომელებს თავისი სტუმრების გადაცემაზე, ისინი პირაპირ იმუქრებიან ძალადობით: „უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.“ (შესაქმე 19:9). ამიტომ, ჩვენ ვერანაირად ვერ დავუკავშირებთ სოდომის ამბავს იმ ადამიანების ზნეობას და ბედს, რომლებიც ასეთ ორიენტაციას არც კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთადერთ ფორმად მიიჩნევენ და არც ძალადობას მიმართავენ თავიანთი სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის.
ამრიგად, სქესობრივი იდენტობის პრობლემის წამოჭრა, მხოლოდ ჩვენს თანამედროვეობაში მოხდა და ამდენად მას საგანგებო შესწავლა ჭირდება, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიამ ჰომოსექსულობა ცოდვად არ მიიჩნიოს. მაგრამ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არ გააჩნია უმრავლესობისთვის დამახასიათებელი სექსუალური ორიენტაცია. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები უკვე იმ ფაქტის გამო, რომ ისინი თავიანთ სქესს უმრავლესობისაგან და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი ფიზიკური ბუნებისგან განსხვავებულად აღიქვამენ, უკვე საკმაოდ ტრაგიკულ ყოფაში არიან. ამიტომ, ერთადერთი მიზანი, რაც მათთან ურთიერთობაში უნდა გვამოძრავებდეს, ეს უნდა იყოს, მათი ამ ტრაგიკული მდგომარეობის შემსუბუქება მათდამი ჩვენი თანაგრძნობით და ნამდვილი უანგარო ქრისტიანული სიყვარულით. მხოლოდ ამგვარად შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ ოდესმე მათ კვლავ მოიპოვონ საკუთარი სხეულის ბუნებრივი აღქმა ისევ მათივე სასიკეთოდ და არა ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად.
მხოლოდ ასეთი მიდგომით ჩვენგან განსხვავებული ზნის თუ მრწამსის მქონე ადამიანის მიმართ შევძლებთ იმ ცილისწამების უარყოფას ღმერთზე და მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც ჩვიდმეტი მაისის მოვლენებმა თავისთავად გააჩინა ნებისმიერ ადამიანში, ვინც ყურს უგდებს სინდისის ხმას. ყველა, ვინც თავს ქართველად და მართლმადიდებლად მიიჩნევს, უნდა გავემიჯნოთ და დავგმოთ ის სისასტიკე, რაც იმ დღეს მოხდა. ეს იყო მრავალმხრივი ძალადობა. პირველ რიგში, ეს იყო ფიზიკური ძალადობა აქციის მონაწილე კონკრეტული ადამიანების მიმართ. მეორე, გამოვლინდა საშინელი ზიზღი ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ, რასაც ისინი ისედაც გრძნობენ საქართველოში მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. და ბოლოს, ძალადობა – თვითონ მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ. მართლმადიდებელი ეკლესიის სახლით მოძალადეებმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს წაგვართვეს მორალური უფლება არ მოვიწონოთ და გავაკრიტიკოთ ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე რაიმე სახის მოვლენა, რაც ქრისიტიანული ზნებით მიუღებელია. ნებისმიერი ზნეობრივად მოაზროვნე ადამიანის თვალში ჩვენ აღმოვჩნდით ასოცირებული ამორალურ ძალადობასთან.
ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები მოვალე ვართ ხმამაღლა განვაცხადოთ: არა ძალადობას! არა ჰომოფობიას! პატივი ვცეთ „სხვას“! ვაღიაროთ „სხვისი“ არსებობა და პირადი ცხოვრების უფლება! დავიცვათ „სხვა“! დავინახოთ ყველა ადამიანში ღვთის ხატება მიუხედავად მისი ეროვნებისა, რწმენისა თუ სქესობრივი ორიენტაციისა. უნდა გვახსოვდეს, მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მისი მოძღვრება და ღვთისმსახურება არ ახშობს სინდისის ხმას, არამედ კიდევ უფრო მკაფიოს ხდის მას და გვაძლევს ძალას მისი არა მხოლოდ მოსმენის, არამედ აღსრულებისაც. როდესაც ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს, უნდა ნათლად ვაცნობიერებდეთ, რომ მან ის გაიღო ჩვენთვის, მისგან ბუნებით განსხვავებულთათვის. ამით ის ყოველ ზიარებაზე გვავალდებულებს და ძალას გვაძლევს, რომ ჩვენც გავიღოთ ჩვენი წილი მსხვერპლი სხვისთვის, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს მისი ცხოვრების წესი ქრისტიანული ზნეობისგან. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ასეთი ადამიანი ვაზიაროთ სიცოცხლეს, რომელიც ღვთისგან მოდის. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ვართ სხვაზე მოძალადე თუ ამ ჩადენილ ძალადობაზე პასუხიმგებელი.





წყარო   
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий