ერთი შეხედვით,რთულია ამ ორი უდიდესი მოაზროვნის შედარება მათი რელიგიური მრწამსიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე,მაგრამ მათ შორის ერთი დიდი ხიდია გადებული და მას "ზე კაცი" ეწოდება.ამასთან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც,რომ ნიცშე დოსტოევსკის ერთ-ერთ უძლიერეს ფსიქოლოგად და მოაზროვნედ მიიჩნევდა და გავიხსენებთ მის სიტყვებს "დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო ვისგანაც შეიძლებოდა მე რამე მესწავლა",გასაკვირი არ უნდა იყოს,რომ დოსტოევსკის გავლენა ნიცშეს შემოქმედებაშიც იგრძნობა.ხმამაღალი ნათქვამი გამოგვივა,თუკი ნიცშეს პლაგიატად მოვიხსენიებთ,ამიტომ ამ ორი გენიოსის აზრთა თანხვედრა უბრალო დამთხვევას მივაწეროთ.
ნიცშეს შემოქმედების უმთავრეს იდეას "ზე კაცი" წარმოადგენს,რომელიც მან თავის ერთ-ერთ ნაშრომში "ზარატუსტრაში" წარმოგვიდიგნა."ღმერთი მოკვდა"-ამბობს ნიცშე,რაც ნიშნავს იმას,რომ ქრისტიანულმა ღირებულებებმა დაკარგა თავისი ძალა,ადამიანი რჩება თავისი თავის ანაბარა.საჭიროა ღმერთი ჩანაცვლდეს ახალი ძალით.სწორედ აქ აფუძნებს ნიცშე ზეკაცის იდეას,რომელმაც უნდა დაიკავოს ღმერთის ადგილი,გახდეს ძალაუფლების სიმბოლო.ღმერთის სიკვდილის აღიარება იმის მტკიცებასაც ნიშნავს,რომ ჭეშმარიტი შემოქმედი არის ადამიანი.ნიცშეს "ზეკაცი" ძლიერი პიროვნებაა,რომელიც თავისუფალია მორალური დოგმებისგან და რელიგიური ბორკილებისგან.ის ცხოვრობს აწმყოთი,ამქვეყნიური სიამისთვის და მისთვის არ არსებობს მიღმიური სამყარო.ნიცშეს "ზე კაცი" არის ანალოგი დოსტოევსკის "ღმერთკაცის".დოსტოევსკი თავის რომანში "ძმები კარამაზოვები",იმდენად სრულყოფილად გადმოგვცემს "ზე კაცის" იგივე "ღმერთკაცის" იდეას,რომ მას ციტირებით გთავაზობთ."ადამიანს მხოლოდ ღმერთის იდეა უნდა მოუსპო ,აი საქმეს რითი უნდა შეუდგე.როცა კაცობრიობა ღმერთს უკლებლივ განუდგება მაშინ მთელი ადრინდელი მსოფმხედველობა და რაც მთავარია ადრინდელი ზნეობა დაემხობა.შემდეგ კი ყოველივე ახალი დაიწყება.ადამიანები გაერთიანდებიან,რათა ცხოვრებისგან მიიღონ ყველაფერი,რისი მოცემაც კი ცხოვრებას შეუძლია,მაგრამ უსათუოდ მარტო ამქვეყნად ბედნიერებისა და სიხარულისთვის.ადამიანს ღვთაებრივი,ტიტანური ამაყი სული განადიდებს და "ღმერთკაცად"აქცევს.ნებისყოფისა და მეცნიერების შემწეობით, ბუნებას იგი ყოველ წუთას უკვე შეუზღუდველად დაამარცხებს,რაც ყოველ წუთს ისეთ სიამოვნებას მიანიჭებს,რომ ეს ადრინდელ ზეციურ სიამეთა სასოების მაგივრობას გაუწევს.ყველა შეიმეცნებს,რომ სრულიად მოკვდავია,აღარასოდეს აღდგება და სიკვდილს ღმერთივით მშვიდად და ამაყად შეხვდება.სიამაყე მიახვედრებს, რომ არ უნდა დრტვინავდეს იმის გამო,რომ სიცოცხლე წარმავალია.ახალ ადამიანს უფლება ექნება"ღმერთკაცად იქცეს,თუნდაც მთელ ქვეყანაზე მარტოდმარტო იყოს."როგორც ხედავთ,ნიცშე და დოსტოევსკი ერთ აზრს ანვითარებენ.ორივე მოაზროვნემ "ზე კაცისა" და "ღმერთკაცის" იდეა შვა,როგორც საწყისი ახალი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.ეს აზროვნება მორგებულია იმ სამყაროზე,სადაც ღმერთი აღარ არსებობს და შესაბამისად მკვიდრდება ახალი ღირებულებები,ინგრევა ძველი აზროვნება და ადამიანი გამოდის წინა პლანზე,როგორც სამყაროს ერთადერთი შემოქმედი.
დოსტოევსკის "ღმერთკაცი" და ნიცშეს "ზე კაცი",როგორც ვახსენეთ ეფუძნება ღირებულებების გადაფასებას,ეს არის კლასიკური ნიჰილიზმი,რომელსაც ორივე მოაზროვნე ერთნაირად ანვითარებს "ზე კაცის" იგივე "ღმერთკაცის" იდეით.
ახლა კი,გავიხსენოთ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი",სადაც რასკოლნიკოვს თავის თეორიაში მთელი სამყარო ’’არაჩვეულებრივ’’ და ’’ჩვეულებრივ’’ ადამიანებად ჰყავს დაყოფილი: ”ჩვეულებრივი” ადამიანები მოვალენი არიან კანონის მორჩილნი იყვნენ და არაფრით დაარღვიონ იგი, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ხალხს წარმოადგენენ. ”არაჩვეულებრივ” ადამიანებს კი უფლება აქვთ ყოველგვარი დანაშაული და უკანონობა ჩაიდინონ რაღაც დიადის მისაღწევად მხოლოდ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ბუნებისანი არიან.რასკოლნიკოვი არჩევს რომ იყოს მეორე – იდეაში ის ყველაფერს სიკეთისთვის აკეთებს, მაგრამ მკვლელობის გზით და არც ნანობს ამას.„ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის"-ამბობს რასკოლნიკოვი და ამასთან დასძენს,რომ მისი თეორია მხოლოდ განსაკუთრებულ ხალხზეა მორგებული .ნიცშეს აზრითაც, არსებობს ორი ტიპის აზროვნება: მონის აზროვნება და თავისუფალი ადამიანის, ანუ ბატონის (საკუთარი თავის ბატონის.) აზროვნება.
ადამიანებს რომლებსაც აკმაყოფილებთ მათთვის გადმოგდებული ხურდა, ნიცშე მონის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებად თვლიდა. ისინი ბევრნი არიან, მათ შეუძლიათ მთელი მსოფლიოს შეცვლა, მაგრამ ისინი მიძინებულნი არიან ეკლესიური მოწყალებით. მათ თავში არასდროს მოუვა აზრი, რომ არავისთვის არაფერი სათხოვარი არ აქვთ. იმათ ვისაც ისინი თხოვენ, არაფერი არავისთვის არ უთხოვიათ, უბრალოდ მივიდნენ და აიღეს, უბრალოდ ისინი უფრო გაბედულები აღმოჩნდნენ. სწორედ მათაც შეუძლიათ უბრლოდ მივიდნენ და აიღონ. "თანამედროვე ცხოვრების სტილმა ადამიანები დააავადმყოფა, მიაჩვია ობმოდებულ მშვიდობასა და მშიშრულ დათმობებს. ტოლერანტობა, რომელსაც გულმოწყალეები იჩენენ ყველაფრის მიმართ, ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ცხელი ქარია."-წერს ნიცშე "ანტიქრისტეში" და მოუწოდებს ადამიანებს გამბედაობისკენ და იმ ნორმების და ჩარჩოების რღვევას,სადაც დაობებულა.დოსტოევსკის პრესონაჟის რასკოლნიკოვის მსგავსად,ნიცშეც თვლის,რომ ეს თეორია ყველაზე ვერ იქნება გათვლილი ამიტომ ის ამობობს "მე კანონი ვარ ჩემისთანებისთვის და არა ყველასთვის".
ღმერთის არსებობის იდეას წარმოაჩენს ორივე მოაზროვენე რიტორიკული კითხვით.ნამდვილად გასაოცარია დოსტოევსკისა და ნიცშეს ფრაზების მსაგვსება იმ მონაკვეთში,სადაც ისინი საუბრობენ ღმერთისა და ადამიანის არსებობის იდეურ წარმოშობაზე.დოსტოევსკის რომანში "ძმები კარამაზოვები" ივანი ამბობს :" ადამიანმა შექმნა ღმერთი თუ ღმერთმა ადამიანი?!".ნიცშეს კი წერს:"არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?".მეორე საკითხია ის,თუ როგორ ესმის ადამიანს ღმერთის ცნება.ეს პრობლემა ორივე მოაზროვნის შემოქმედებაში მძაფრად არის წარმოდგენილი.ნიცშე "ზარატუსტრაში" წერს:"ჯერ საკუთარი თავი არ უპოვიათ და უფალს ჰპოვებენ.ესაა ყველა მორწმუნე.ამად აქვს ნაკლები ფასი ყველა სარწმუნოებას".დოსტოევსკის აზრითაც,ადამიანმა ჯერ თავად უნდა იპოვოს უფალი და იცხოვროს მისი გზით და არა ბრმად სწამდეს და მხოლოს დოგმატური აზროვნებით და ამაოდმეტყველებით შემოიფარგლებოდეს."ქრისტეს ცნება ჯერ თავად უნდა აღვასრულოთ და თავს ნება მხოლოდ ამის მერე მივცეთ,რომ ჩვენს შვილებს მოვთხოვოთ"-წერს დოსტოევსკი.
რამდენიც უნდა ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ,ნიცშეს შემოქმედებას მუდმივად გასდევს ტკივილი იმის შეგრძნებისა ,რომ ღმერთი მოკვდა."ღმერთი მოკვდა,ადამიანთა სიბრალულმა მოკლა ღმერთი",ღმერთი მოკვდა,ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ","ღმერთსაც აქვს თავისი ჯოჯოხეთი და მას ადამიანებისადმი სიყვარული ეწოდება", ყოველივე ეს კი კულმინაციას აღწევს ზარატუსტრას იმ ეპიზოდში,სადაც მთელი სასოწარკვეთით და უბედურების მძაფრი შეგრძნებით განმსჭვალული ალეგორიული პერსონაჟი შემოყავს ნიცშეს, ადამიანი,რომელმაც მოკლა ღმერთი.ღმერთის სახელი გაუფასურდა,ადამიანებმა დააკნინეს მისი სახელი და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი,რის გამოც ის ამბობს,რომ აღარ არსებობს ღმერთი.ნიცშე წერს:"ღმერთის ნიღბით დაიფარეთ თავი თქვენი თავიდან,თქვენ "უბიწონო".ყველაზე საინტერესოა "ზარატუსტრას" ფინალი,როდესაც ზარატუსტრა ბრუნდება სახლში ის ხედავს თავის მოწაფეებს და უპირველეს ყოვლისა,"ღმერთის მკვლელს",რომელთან ღვთის გარეშ დაკარგვიათ ყოველივეს საზრისი და ახალ კერპად ვირი გაუხდიათ და მას ეთაყვანებიან. ეს ეპიზოდი მოგვაგონებს დოსტოევსკის ფრაზას "თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ,მყისვე დაეშრიტება ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად" და მართლაც ზარატუსტრას მიმდევრებმა ვერ შეძლეს რწმენის გარეშე არსებობა და მუხლმოდრეკილნი ვირს სცემენ თაყვანს და ამით ცდილობენ ცხოვრების საზრისის დაბრუნებას სამყაროში, სადაც ღმერთი არ არსებობს.
ფაქტი ფაქტად რჩება,ვერ შეძლო ვერც ნიცშეს "ზე კაცმა" და ვერც დოსტოევსკის "ღმერთკაცმა" კაცობრიობის მოქცევა,ვერ შეძლეს ხალხისთვის რწმენის წართმევა და უფლის გარეშე სიცოცხლე აუტანელ სასჯელად ექცათ."ზარატუსტრაში" ჯადოქრის სიმღერა ასე მთავრდება "ჰე,დამიბრუნდი ჩემო უცნაურო ღმერთო,ჩემო ტკივილო,ჩემო უკანასკნელო ბედნიერებავ".დოსტოევსკის საბოლოო დასკვნა კი ასეთია "ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა,ისინი ისეთივე დარჩნენ რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ ,ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება,ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა.როცა კი შექმნას შეეცადნენ,ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ."
(სტატიის ავტორი „ხმელი ფოთოლი“)
Комментариев нет:
Отправить комментарий