четверг, 4 апреля 2013 г.

განგებისა და ბედის საკითხი ღვთისმეტყველებასა და ხალხურ სიტყვიერებაში




ბელა მოსია

ტერმინ განგების გარშემო ცნობებს ვხვდებით უძველეს ქართულ ძეგლებში. ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონში“ იგი რამდენიმე მნიშვნელობითაა განმარტებული: 1. განგება-განმრთელება, განმზადება, გამართვა, მართვა, მოწესრიგება, განმგებლობა, გასწორება, 2. განგებულება - სიმართლე, კეთილდღეობა, სიწრფოება, განკითხვა... განგებული - მომზადებული, მოწესრიგებული, განგებულ-ყოფა - მღერა, დაკვრა. ბიბლიურ ტექსტებში განგების აღმნიშვნელი ტერმინებია:


„წინაჲჲსწარ განზრახვა“ (სიბრძნე სოლ. 14,3; რომ. 12,17; II კორინ. 8,21), „წინაჲსწარ ცნობა” (სიბრძნე სოლ. 17,2), „წინაჲსწარ ზრუნვა” (სიბრძნე სოლ. 13,16). უzველეს ქართულ ლიტერატურულ თუ საღვთისმეტველო ყეგლებზე დაკვირვებით ჩანს, რომ განგება უფლის კეთილი ნებაა, ამ ტრადიციის მიხედვით, ხალხური ლექსიც მას უფლის ნებად იცნობს, რომელიც ადამიანთაგან დაფარულია და მხოლოდ აღსრულების შემდეგ გაცხადდება, ადამიანი თავისუფალი ნების მყოფელია, მან უფლის შეცნობის ურთულესი გზა უნდა გამოიაროს, ხალხური ლექსი ამბობს: „ღვთის განგებას რათ იძიებ, ვერ მიხვდები, რაც არ იცი“ (11,299). წმინდა გრიგოლ ნოსელი განგებას უფლის ნებასთან აიგივებს: „ღმრთისა ბუნებასა შინა ნებასა თანა ძლიერებაჲ შეერთებულ არს და საზომ საღმრთოჲსა ძლიერებისა ნებისაჲ მისი იქმნების და ნებაჲ სიბრძნე არს... ყოვლად ძლიერი იგი ნებაჲ მისი ძლიერებითა საქმეთა მისთაჲთა გამოცხადნა და შემოქმედი იგი ძალი მისი ყოვლად ბრძენსა მას ნებასა შინა მისსა სრულ იქმნა“ (17,232-233). ნეტარი ავგუსტინე იმავე აზრს მისდევს და უფლისადმი მიმართვაში აცხადებს: „შენმა განგებამ არ დამაცალა ჩემი შლეგური განზრახვის ასრულება“ (6,55). მეცნიერებაში განგებას აიგივებენ უფალთან (კ. ნოზაძე), თუმცა ღმერთი და განგება ერთი და იგივე არ არის, განგება უფლის კეთილი ნებაა. ამ მხრივ საინტერესოა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებში მოკვლეული მასალები. ხალხურ ლექსებში უფალი განგების სახელით გვხვდება:
თე დროსh ქhრმორთ ფრინველქh - ამ დროს მოვიდა ფრინველი
განგებაშე მოჩქუმალირქh - განგების მოგზავნილია (9,67).
განგების კონცეფცია უცხო არ არის როგორც ქრისტიანული, ისე ანტიკური ფილოსოფიისთვის. ეს ტერმინი ძირითადად ღმერთის ზრუნვას ადამიანზე, ღმერთის წინასწარ გადაწყვეტილებას, ნებას გამოხატავს. განგებულება ღვთაებრივი სიმართლეა, რომელიც ადამიანთა გონებისთვის დაფარულია და მხოლოდ აღსრულების შემდეგ ცხადდება ადამიანთათვის. წმინდა მამა ამბა დოროთე წერს: „ჩვენ არ ვიცით (გზანი) განგებულებისა ღვთისანი, და ამისთვის თანამდებ ვართ მივანდოთ მას განგება ყოვლისა და ოდესაც აღსდგებიან შენ ზედა წინააღმდეგნი გულის სიტყვანი, შენ თანამდებ ხარ ხმობად ღვთისადმი: „უფალო! ვითარ გნებავ! შენ და ვითარცა უწყი განაგე საქმე ესე“. ვინაიდან განგებულება ღვთისა მოქმედებს მრავალთ ზესთა ჩვენის მოაზრების და სასოებათა, ოდეს ჩვენგან წინათ განსაზღვრული გამოცდილებით სხვებრ ექმნების“ (8,469). ადამიანის გონების შეზღუდულობა, რომ მას ვერ მიუგნია, ვერ გაუგია სამყაროში განათავსებული უფლის ნება, ხალხური ლექსში შემდეგნაირად არის გადმოცემული:
„მინდორთ რო სისხლის ტბა ბრუნავს
გადასაგდები სად არი?
შიგა წევს გველი წითელი,
თავსა სძრავს, ბოლო სად არი?
ბევრსა ჰკლავს ბევრის სურვილი,
მაგრამ გაგება სად არი? (4,27).
წმინდა ანტონ დიდი, იმას, რის ძალითაც ჩვენ ვართ ამ ქვეყნად, ღმერთის განგებულებას უწოდებს: „არსად არ არის ისეთი ადგილი, რომელსაც არ შეეხება ეს განგებულება, ეს განგებულება კი არის თვით აღმასრულებელი სიტყვა ღვთისა, წარმომშობი ამა ქვეყნის შემადგენელი ნივთიერებისა, განმამზადებელი და განმამშვენიერებელი ყოველივე არსებულისა. ნივთიერი ქმნილებებისათვის შეუძლებელია მშვენიერი სახე მიიღოს სიტყვის გონიერი ძალის გარეშე, იმ სიტყვისა, რომელიც არის ხატი, სიბრძნე და განგებულება ღმრთისა“ (7,249). წმინდა გრიგოლ ნოსელი სამყაროს უფლის ნებით შექმნილს უწოდებს: „რამეთუ მყისსა რაჲ შინა და წამსცა თუალისასა საღმრთოჲსა ნებითა ყოველივე განუწვალებელად არსებად მოვიდა“ (17,236).
ხალხურ ცნობიერებაში ადამიანთათვის ამოუცნობ ძალას, მათ გარეშე მოქმედ ნებას, გარდა განგებისა, ბედი ჰქვია; ყოველი, რისი მიზეზიც ადამიანისთვის უცხო იყო, მაგრამ მათი ცხოვრების დამმიზეზებელი ხდებოდა ცუდად თუ კარგად, ბედის, იღბლის სახელით იხსენიებოდა ხალხურ წარმოდგენებში. არსებობდა კარგი თუ ცუდი ბედი, ბედისწერა თვითონ ქმნიდა კანონებს და თვითონაც ამ კანონების მორჩილი იყო, დავით გურამიშვილთან ბედი, ადამიანის გარეშე, სამყაროში განფენილი ძალაა, რომლის მიერ ცუდად თუ კარგად მოტანილი ყოველი, ადამიანმა გონებით უნდა განსაჯოს.
ბედს რომ იტყვიან, არ ვიცი, რა უქო ბედს საქებელი,
ბედმან შეკრიბოს, ჭკვამ ფანტოს მექნების რა სარგებელი?
ბედი გურამიშვილთან ბრმა, ადამიანთა მიმდობი მუხთალი საქმეა, რომელსაც ბრძენნი გამოიყიებენ, მაგრამ სინამდვილეში, ბედი, გურამიშვილის მიხედვით, უფალთან ზიარებაა, რომელსაც სულის ცხონებად თვლის:
ბედი მას ჰქვიან, ვინ რომე არ მოკვდა, სულით ცხონდაო.
უძველესი მითოლოგიური წარმოდგენებით ბედი ღმერთთან გათანაბრებულია, რომელსაც მორჩილად უნდა დაემონოს კაცი. „ვეფხისტყაოსანში“ ბედი ან მოდის ან არ მოდის ღმერთისგან: „ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე“. ასევე: „რაცა ვისცა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს“.
ხალხურ წარმოდგენებში ბედი კონკრეტული არსებაა, ცნობილია წარმოდგენები ბედის კვერების შესახებ, რომელიც ოჯახის წევრებისთვის ცხვებოდა. ერთ-ერთში საიდუმლოდ ინახებოდა ხის ტოტის ნატეხი, ვისაც ის შეხვდებოდა, ბედსაც ეწეოდა. ბედს ზღაპრის გმირები ეძებენ და ამისთვის საგანგებოდ მომზადებულნი გადიან სახლებიდან. მეგრულში ბედკირილი - უბედოს გაგებით გვხვდება, ბედთან შეყრა კი სიკეთის მიღებაა. ამასთან ბედი შემდეგნაირადაა განმარტებული: „ნუ ვინ ჰგონებთ ბედისთვის, ვითარმედ არსებითი რამე იყოს, რომელსა უმეცარნი იტყვიან და მას მიაჩემენ ნიჭსა ღმრთისასა, ბედი, სახელი არს მეფეთა სიმაღლისა და გლახაკთა სიმკოდავისა და ეგევითარნი კვალად კაცნი ვინმე ბოროტის ღირსი ღმერთმან შეიწყალოს და შეუცვალოს ბოროტი კეთილად ესევითართა სახელად ბედი ეწოდების“. ბედის მოტანილი ხალხურ წარმოდგენებით უცილობელი ხვედრია:
მუდგას ბედი მოიღანსhრნი, თინა ოკო მოწილენი.
რასაც რომ ბედი მოგიტანს, ის უნდა მოკრიფო (9,88).
ასევე: სადაცაა ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი. ხალხურ წარმოდგენებში ბედი სიყვარულია. პირველი ბედი ბედი რე, უკულიანი გვერდი რე, პირველი ბედი ბედია, შემდეგი მონახევრეა (19,441). ქართული შესიტყვებაა ბედ-იღბალი, რომლებიც სინონიმური წყვილებია. საინტერესოა ქართული ზღაპრის მიხედვით მათი სხვადასხვაობა. ქართული ზღაპარი ამბობს. „ბედი და იღბალი მიდიოდნენ, იღბალმა გლეხს ფული მისცა, მაგრამ ყოველთვის მოპარეს, გლეხი გამოეკიდა იღბალს, ეშმაკი და ქაჯი ხარ, ნურც მომცემო, შემდეგ ბედმა თქვა, გლეხს მე გავამდიდრებო; ასე მოხდა და გლეხმა თქვა: ბედი მომეცი და სანეხვეზედ გადამაგდეო“ (18,43). გრიგოლ ორბელიანი პოლემიკური ხასიათის წერილში „მგზავრობა სვანეთისაკენ“ მიუთითებს: „იღბალ არაბულია, ჩუჱნებურად ბედი, მაგრამ კი ჰსწერენ „ბედ-იღბალი“ ესე იგი ბედბედიდა აბა რა თქმა არის“ ახალი უნდა შემოიტანონ ის სიტყუა, რომლისა თანასწორი არ იპოებოდეს ჩუჱნს ენაში“ (12,411). ბედისწერას შუბლზე ნაწერსაც უწოდებენ: „სქანი დუდი მა მიგორუ იღბალი დო ვაჲჭარაქ , შენი თავი მე დამანახა, იღბალმა და შუბლზე ნაწერმა (ბედისწერამ)“ (9,40). ის, რაც ბედის მიერ დაიწერება, ადამიანის აუცილებელი ხვედრია, ამიტომაც უნდა მიყვეს მას:
გინოჭყვადილ ბედი რე, - გადაწყვეტილი ბედია,
მუთ მორძუნ იმრავლებუ - რაც მოგელის ახდება,
იშა დღასh ვენტინე, - იმას ვერასდროს გაექცევი,
გლახა ჯგირო მიღე ოკონ - ცუდი კარგად უნდა მიიღო
რახან დუდი ვერსხინე. - რადგან თავს ვერ იხსნი (13,160)
ხალხურ წარმოდგენებში გვხვდება ბედის კოლოფი, რომელსაც აბარია ადამიანის ცხოვრება, ეს შესაძლოა გავლენა იყოს უძველესი წარმოდგენების ე.წ. პარციალური სულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანის სული რომელიმე ცხოველის ან ბუნების სხვა არსებას აბარია. ქვემოთ მოყვანილ საკუთარ ლექსში ვედრებაა უფლისადმი, სადაც ნათქვამია:
ვადოკილუა, ვადოჭვა, - არ გამოკეტო, არ დაწვა,
ჩქინი ბედიში კოლოფი. - ჩვენი ბედის კოლოფი (10,13).
ბედნიერება კეთილდღეობაა, მაგრამ ხალხური საუნჯე იცნობს დაავადება ბედნიერს, რომლის გარშემო ცნობილია გამოთქმა „ბედნიერი ბედნიერ მოურჩებაო“. ამ დაავადებას „ანთრაკსაც“ უწოდებენ, ეს წითელი ფერის თვალია, დაავადებაც დასაწყის ეტაპზე წითელ ფერს ღებულობს (5,284). თუ კი ბედთან წილყრა ბედნიერებაა, ბედის მიერ დატოვებული ადამიანი უბედოდ ან უბედურად იწოდება.
ბედიქ აკაშა ხე აგოღუდა
უკულ(ი) გიმტყუნენც არძა იმენდი.
ბედმა თუ ერთხელ შენზე ხელი აიღო
მერე გიმუხთლებს ყველა იმედი (9,119).
ბედის ხელის ხსენება მეტად საინტერესო პარალელს ავლებს ხალხურ გამოთქმასთან: „ალბათ განგების ხელი ურევია ყველაფერში, განგების ნებას კი ვიღა შეცვლის“ (2,2210. აქ განგება უფლის ფარდი სახელია, ცნებაა, ხელი კი წყალობის საქმე, ხელი არც წარმართული წარმოდგენებისთვისაა უცხო თავისი მაგიური ფუნქციით. ანტიკური ფილოსოფიის მიხედვით განგება უპირველესია, რადგანაც რაც ბედისაგან ხდება, დიდი ხნით ადრეა განგებისაგან მოწესრიგებული. მოვუსმინოთ ხალხურ სიბრძნეს, სადაც ბედისა და განგების ურთიერთშედარებაა გამოვლენილი. ბედი არ არის გამორიცხული თვით საღვთისმეტყველო ძეგლებშიც. წმინდა გრიგოლ ნოსელი ბედს ახსენებს. მისი თქმით „ნივთთა ბუნების“ სამყაროს შექმნა არ მომხდარა ბედით: „ყოველნივე არა თუ ბედით რაჲმე და თავით თჳსით და უწესოდ წარმოიჩინნეს, არამედ ვითარცა-იგი საჭიროჲ წესი ბუნებისაჲ ეძიებდა“ (17,235). ხალხური ეპიტაფია გვეუბნება: ცა გამირისხდა, ბუნებამ ჩემზე იხმარა ძალები, უეცრად შემხვდა წერა მე, მან დამიხუჭა თვალები“ (4,288). ანტიკური ფილოსოფია განასხვავებს ბედსა და განგებას, მაგრამ იგივე ანტიკური ფილოსოფია, კერძოდ სტოელების სკოლა, ხშირად აიგივებს ბედსა და განგებას, პლოტინესა და პროკლეს შეხედულებებით, განგება ღმერთისმიერია, ბედი - ბუნებისმიერი, ამათგან უპირველესი განგებაა, ბედი ისეთი აუცილებლობაა, რაც ხშირად ადამიანის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება. თუ განგება ღვთის ნების თავისუფლებაა, ბედი აუცილებლობაა (ამდენად, ქრისტე ადამიანთა ხსნისთვის განგებით მოვლინებული). იგივე იდეა იკვეთება ხალხურ ლექსში:
წუთისოფელც დროში ღალა - წუთისოფლის დროის გატანა
განგებაში იმენდი რე - განგების იმედით არის,
თინა მუსh მოიღანცh ნი - ის, რასაც მოგიტანს
გინოჭძვიდილ ბედი რე. - გადაწყვეტილი ბედი არის (9,14).
ლექსში ნათლად ჩანს, რომ განგება ღვთის ნებაა, ბედი კი აუცილებლობა - „გინიჭყვადილი ბედი, გადაწყვეტილი ბედი“. იმავე ანტიკური ფილოსოფიის მიხედვით, განგება არ ეწინააღმდეგება ადამიანის ნებას, ხოლო ბედი პირიქით, ხალხურ სინამდვილეში სავარაუდოა, ბედისა და განგების იგივეობის საკითხი გვიანდელი დასმული იყოს, უმეტესად ქრისტიანული იდეოლოგიის განმტკიცების დროიდან. ხალხური ლექსი იცნობს ბედის მწერლებს. იგივე ანგელოზების სახით, რომლებიც უფლის ნების მქმნელები არიან. ისინი სამსჯავროსთან ადამიანთა სულებსა და ღმერთს შორის შუამავლობენ და ბედის ანუ უფლის ნების მწერლებად გვევლინებიან:
ას წელიწადს რომ ვიცოცხლებთ, სულ ერთ წუთზე გათავდება
მოგვივლენ ბედის მწერლები, სასთუმალზე დაგვიჯდება,
ცოდვა ვქენით თუ რამ მადლი, ყველა მაშინ გადაგვხდება (4,274).
ხალხურ მეტყველებაში გვხვდება ბედის ცა: „ერთ მარტი შენღა ანათებ ჩემის ბედისა ცაზედა“ (15,144). სხვაგან ბედისწერა წუთისოფლის წარმავლობასთანაა დაკავშირებული, ცნობილ ხალხურ ზღაპარში: „მიწა თავისას მოითხოვს“ ნათქვამია: „ვაჟს თვალთ დაუბნელდა, მოაგონდა ქალის სიტყვები, გაბედა უკან დაბრუნება, მაგრამ მიწა, ბედისწერა არ უშვებდა“ (3). ბედის მწერლებს ხალხური ლექსი ბიბლიური შესაქმის ისტორიაში უფლის ნების აღმსრულებლებად ახსენებს:
დაუძახეს, ბედის მწერლებს, დიდ დავთრებში ჩასწერესო (4,277).
განგებას სახარებაში ვეცნობით, როგორც ანგარიშის გასწორების გაგების ფარდ ცნებას. „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა“ (მათე 18,23). ზემოთ ვნახეთ, თუ როგორ განმარტავს საბა ბედს, როგორც უმეცართა მიერ ღმრთის ნიჭად მიჩნეულს და ამავე დროს მას კეთილდღეობასთან აიგივებს, „სიბრძნე სიცრუისაში“ ბედს საბა უფლის ნებასთან ათანაბრებს, ფინეზი ლეონისადმი მიმართვისას ამბობს: „არა ნდომითა ჩემითა არს, ბედისაგან მოცემული ხარო“ და კრიტიკოსი მედეა ღლონტი მიიჩნევს, რომ „სიბრძნე სიცრუისაში“ საბა ბედის მნიშვნელობაში გულისხმობს ღვთიურ განგებულებას, ღვთის ნებაის განგებულებას (16,83).
განგება ღვთის ნებას, სიბრძნე მიახლოებულ ადამიანსაც გააჩნია. „დავითო ქორფაიშვილო არა გქონია განგება“ (14,55). ღმერთი ადამიანთა მოქმედებას მხოლოდ სულიერი სრულყოფილების და სიკეთის დასამკვიდრებლად განგებით წარმართავს, ხოლო არაკეთილ საქმეთა თანაზიარი დავით ქორფაიშვილი განგების არ მქონეა. განგებულს კი სახარება განმზადებელს უწოდებს: „გამზადებულ უფლისა ერთ განგებული“ (ლუკა 1,17). ფსალმუნებში ტაძარი, ღვთის სახლი უფლის ნების და განგების კვერთხია: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნია, უკუნისამდე, კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ“ (ფსალმუნი 44,6). ადამიანი თავისი არსებობის აზრს მხოლოდ განგებით მიაგნებს, ამისთვის საჭიროა ვნება, ტანჯვა და ცდა. განგებისმიერაა მთელი სამყაროს შექმნაც. საინტერესოა, უფლის ნების, განგების მეგრული შესატყვისი, ფარდი სიტყვა გამოთქმაში: „მუშენ ვაუჩქ ღორონთობა, მუთუ დირჩინუ უბედური“, რატომ არ იცის ღვთის განგება (ღვთიურობა), თვითონაც დაბერდება უბედური.
როგორც ჩანს, ხალხური სინამდვილისათვის უცხო არ არის უძველესი ანტიკური წარმოდგენებისათვის დამახასიათებელი გაგება ბედისა და განგების შესახებ. ხალხურ ლექსებში განგება უფლის ფარდი ცნებაა, ამავე დროს უფლის ნების გამომხატველი ტერმინი, ხოლო ეპოქათა მიხედვით, სავარაუდოდ ქრისტიანობის ეპოქაში, განგებასთან გაიგივებულია ბედი, რომელიც ადრინდელ, უძველესი წარმოდგენების მიხედვით, სამყაროს, ადამიანის შესაძლებლობებზე აღმატებული ძალაა.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. აბულაძე ილია, ყველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973. 2.ამბავი ნართებისა, აფხაზური ხალხური ეპოსი, თბ., 1980. 3. ელექტრონული წიგნი: ქართული ფოლკლორი, ლიტერატურა თანამედროვე „კარცერ ლუქსისათვის“, წიგნი მეორე, თბ., 2002. 4.კოტეტიშვილი ვახტანგ, ხალხური პოეზია, მეორე გამოცემა, თბ., 1961. 5. ნამცვრევი, ხალხური პოეზია, ჩაწერილი ქართლში, შემკრებ-შემდგენელი გიორგი ხოგუაშვილი, თბ., 1989. 6. ნეტარიავგუსტინე, აღსარებანი, ლათინურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, თბ., 1995. 7. სწავლანი ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის, ჩვენი წმინდა მამის ანტონ დიდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1991. 8. სწავლანი წმინდისა მამისა დოროთესნი „გამოსვლისათვის სოფლით“, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1991. 9. სამუშია კალისტრატექართული ზეპირსიტყვიერება (მეგრული ნიმუშები), თბ., 1990. 10. სამუშია კალისტრატე, ქართული ხალხური პოეზიის საკითხები (მეგრული ნიმუშების მიხედვით), თბ., 1979. 11. უმიკაშვილი პეტრე, ხალხური სიტყვიერება, II, თბ., 1964. 12. ქართული მწერლობა, II, თბ., 1992. 13. ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, I, პოეზია, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო ტოგო გუდავამ, თბ., 1976. 14. ქართული ხალხური პოეზია, I, საყოფაცხოვრებო ლექსი, თბ., 1981. 15.ქართული ხალხური პოეზია, I, თანამედროვე ლექსი, თბ., 1980. 16. ღლონტი მედეა, „სიბრძნე სიცრუისას“ ზნეობრივი კოდექსის კომპოზიციური დანიშნულებისათვის, მაცნე, ელს, № 1-4, თბ., 1999.17. წმინდა გრიგოლ ნოსელი, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ედიშერ ჭელიძემ, საღვთისმეტყველო კრებული, № 3, თბ., 1988. 18. ხალხური სიბრძნე, ქართული ზღაპრები, II, თბ., 1962. 19. ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, II, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი და გამოკვლევები დაურთეს კ. დანელიამ, აპ. ცანავამ, თბ., 1991.
Bela Mosia
The function of fate and the will of the God in theology and in Folklore
In theology the will of the God is the kind will of the God which is secret for people. The fate, in ancient imagination of people, is certian, intransitive portion. The imagines about fate and the will of the God in folklore and theology are the same. Also fate is love. The writers of fate are like the angels. In folklore we meet the happiness as a sickness. The fate and the will of the God are the same in christianity.



The National Library of Georgia



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий