четверг, 4 апреля 2013 г.

„იობის წიგნის” ფოლკლორული ვერსია




ქართულ ზეპირსიტყვიერებაში არსებობს „იობის წიგნის“ როგორც პროზაული, ასევე პოეტური ვარიანტები. ხალხური ტექსტი ინარჩუნებს „იობის წიგნის“ ძირითად მოტივებს, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანი სიახლეები შეაქვს იობის სახისმეტყველებაში. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ხალხური ინოვაციების ანალიზია. თვალსაჩინოებისათვის ერთ კონკრეტულ მაგალითზე შევრჩერდებით, კერძოდ, განვიხილავთ არქეტიპის პრობლემას და არქაული სიუჟეტის რეკონსტრუქციის საკითხს „იობის ლექსში“.
იმთავითვე აღვნიშნავთ, რომ ქართულ ფოლკლორში იობის სახე უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ ადამს და დაკარგული ხატის ძიების მოტივს, თუმცა, ეს მომენტი არა პირდაპირ, არამედ მეტაფორებით არის მოცემული.
ბიბლიაში, იობის მონოლოგში, აღსანიშნავია ერთი ფრაზა: „თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!“ (იობ.31.33.). აშკარაა, რომ იობი თავის თავს ადამზე „სრულად“ „უცოდველად“ და „მართლად“ მიიჩნევს. ამ მუხლის შესატყვისი ფრაზა ხალხურ პოეზიაში არ მოიპოვება. იობი და ადამი ერთსადაიმავე დონეზე, თანაბარი მნიშვნელობით მოიხსენებიან, როდესაც იობის სტუმართმოყვარეობაზე არის საუბარი:
„ვიღას ახსომს პურადობა
ადამ აქეთ იობისა“ (2.270)
ადამის და იობის, როგორც არსობრივად განსხვავებული სახეების დაპირისპირება სწორ გზაზე ვერ დაგვაყენებს, მითუმეტეს, როდესაც ვიკვლევთ ხალხურ ტექსტს, სადაც თითქმის ყველა ვარიანტში ამგვარ ეპიზოდს ვხვდებით:1 გაღარიბებული და დაუძლურებული იობის ცოლი მათხოვრობს. მან ერთი ღერი ოქროს თმით იყიდა ერთი პური, რომელიც გზაში ეშმაკმა შეუცვალა და თავისი პური გაატანა:
„...იობ შეკრთა გულის თქმითა:
- ქალო, ეგ პური ვინ მოგცა,
პური არის იუდისა!
ჩვენ რომ ეს პური შევჭამოთ,
ჩვენ დავრჩებით ეშმაკისა“ (2.116.)
იობი პურს ძაღლს შეაჭმევს, რომელიც იქვე მოკვდება.
ვფიქრობთ, ხალხური ლექსის ამ მომენტს ცოდვით დაცემის არქეტიპი უდევს საფუძვლად. ფუნქციების თვალსაზრისით, ეს ორი მომენტი თითქმის იდენტურია, განსხვავებულია მხოლოდ ფინალი.
I - ნაკლულება:
ა) ადამს და ევას არ ეჭმევათ ნაყოფი;
ბ) იობს და მის ცოლს არ აქვთ საკვები;
II - მოქმედებაში ერევა სატანა:
ა) გველი ცბიერებით შეაცდენს ევას, როცა ის მარტოა;
ბ) ეშმაკი, ადამიანის სახით მოვლენილი, პურს გამოუცვლის იობის ცოლს, როდესაც ის მარტოა;
III - ორივე შემთხვევაში საქმე ეხება საჭმელს. როგორც ვიცით, ჭამა დაკავშირებულია ზიარებასთან, გადარჩენასთან, სიცოცხლესთან, აქ კი პირიქით. საქმე ისაა, რომ ჭამა აღდგომის მეტაფორაა მაშინ, როდესაც ის კურთხეულია უფლის მიერ, ხოლო როცა ის ეშმაკეულია, საკვები იღებს ნეგატიურ - სიკვდილის ფუნქციას და იგი მომაკვდინებელია;
IV - ქალი თავის მონაპოვარს ქმარს უზიარებს:
ა) ევამ „მისცა თავის კაცს“ (დაბ.3.6.) ნაყოფი;
ბ) იობის ცოლს პური იობთან მიაქვს, ზოგ ვარიანტში მისთვის ყიდულობს პურს;
V - აბსოლუტურად განსხვავებულია ფინალი:
ა) ადამი შეჭამს აკრძალული ხის ნაყოფს;
ბ) იობი იცნობს „იუდის პურს“ და გადააგდებს.
ამ ლექსში კიდევ ერთ მომენტს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაც ბიბლიაში post factum არის მოცემული, ხალხურ ლექსში კი წინასწარ არის მინიშნებული - იობის ცოლმა ერთ პურში თავისი ოქროს თმის ერთი ბეწვი გაიღო. როგორ უნდა გავიგოთ ეს მომენტი? ფაქტია, რომ ევასთანაც (ბიბლიაში) და იობის ცოლთანაც (ხალხურ ლექსში) დანაკარგზეა საუბარი. ევამ და ადამმა, აკრძალული ხის ნაყოფის ჭამით, დაკარგეს თავიანთი თავდაპირველი „სიშიშვლე“, დაკარგეს ღვთის ხატის მსგავსება, ედემის ბაღი და განიდევნენ ღვთის პირისაგან. ის, რომ იობის ცოლს ოქროს თმა აქვს, ეს მის არაჩვეულებრივ წარმოშობასა და მდგომარეობაზე მიუთითებს:
„მეტი-მეტი სიმართლითა
თმანი ედო ოქროს პირსა“ (2.282)
ევას უკვდავების და უბიწოების სიმბოლო „იობის ლექსში“ სწორედ ოქროს თმაა. იობის ცოლმა გაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა, რომ ეყიდა პური. ბიბლიაში კი ევამ ხილის ჭამით დაკარგა ასევე ყველაზე ძვირფასი - ღვთის ხატი და უკვდავება.
ასეთივე ანალოგიაა ადამს და იობს შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არჩევანის წინაშე მდგომი ადამი და იობი სხვადასხვანაირად იქცევიან. აკრძალვის დარღვევით, ადამი კარგავსღვთის ხატს. ღვთის ხატ-დაკარგული ადამი, ე.ი. ჩვეულებრივი ადამიანი, რომლის კონკრეტული მაგალითია იობი, გაუძლებს ამ გამოცდას. ფუნქციები თითქოს პირიქით უნდა ნაწილდებოდეს, მაგრამ იობი თავისი საქციელით უბრუნდება ადამის პირვანდელ ყოფას, ადამის პირველ ხატს.
არჩევანის შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე მაშინაც, როცა იობი ტანისამოსს შემოიგლეჯს:
„შიშველი დავბადებულვარ,
მე დედიჩემის მუცლისა,
ისევ შიშველი მივდივარ,
ბრძანებაა ეგრე ღვთისა“ (2.271)
(შდრ. ბიბლიაში იობი ამბობს: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი“. (იობ. 1.21).
იობი თავისი ნებით, თავისუფალი ნებით, რომელიც ღმერთმა ჯერ კიდევ „შიშვლად მყოფ“ ადამს მიანიჭა, ესწრაფვის განღმრთობას. თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს გამოცდაა მხოლოდ. სიშიშვლე, ტანისამოსისაგან განძარცვა ყოველივე ამქვეყნიური ამაოებისაგან განძარცვას ნიშნავს. როდესაც ადამიანი ხდება ჭეშმარიტად თავისი თავის უფალი, მხოლოდ მაშინ ამყარებს ღმერთთან ურთიერთობას. იობი უბრუნდება იმ ყოფას, როგორადაც ის ღმერთმა შექმნა - „შიშველი დავბადებულვარ“. ეს არის სწორედ ადამისეული „სიშიშვლე“, რომელიც ადამს ღმერთთან მეგობრობის და თანამშრომლობის საშუალებას აძლევდა (შდრ. „და შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ“ დაბ. 2.25). იობმა, შესაძლოა გაცნობიერებულად, შესაძლოა გაუცნობიერებლადაც, მაგრამ მაინც, აირჩია ის მდგომარეობა, რომელიც ღმერთს სჭირდება ადამიანისაგან. ეს არის იმ ყოფიერებაში დაბრუნება, რომელშიც დასაბამიდან შეიქმნა ადამიანური საწყისი. ადამი აღარასოდეს გამხდარა „შიშველი“, მაგრამ ღმერთს უყვარს ადამის ძე და აძლევს საშუალებას მოიპოვოს თავდაპირველი „სიშიშვლე“, რაც ღვთის ხატის ერთ-ერთ ჰიპოსტაზად შეიძლება მივიჩნიოთ. იობი რომ შიშვლდება, ბიბლიაშიც და ხალხურ ლექსშიც, ხდება იობის (სინამდვილეში ადამიანური არსების) მომავლის წინასწარმეტყველება, ცხადდება იობის ცხოვრების მთელი სიბრძნე. იობი ახლიდან იბადება, სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისი ახლად შობა. იობი კვდება თავის ყოფილ სახეში და იწყებს ღმერთთან ურთიერთობას სრულიად ახალ არსებობაში - ადამის პირველი ხატის „სიშიშვლეში“.
ბიბლიურ-ხალხურ სიუჟეტთა სინთეზით იკვრება წრე:
0x01 graphic
რას ნიშნავს ეს? ადამი და იობი ზოგადად ადამიანური საწყისის ორი კორელატია. ადამი იქცა „იობად“, მაგრამ იობის სახე განსაკუთრებულად არის საინტერესო. მან მიაღწია თითქმის შეუძლებელს, ადამის ძეთაგან. იობმა უარი თქვა საცდურზე, გაუძლო განსაცდელს. იობი ეხმარება ადამს დაიბრუნოს დაკარგული ხატი. თუ ადამი კაცობრიობის „სიჩჩუილის” სიმბოლოა, იობს უკვე შეცნობილი აქვს სიკეთე და ბოროტება. თუ ადამი დაბნეული იყო, იობი კარგად ერკვევა კოსმიურ თამაშში. ვფიქრობთ, ღმერთის ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო - ადამიანი ტანჯვით და გლოვით, განსაცდელით უნდა მიუახლოვდეს შემოქმედს. ადამი უნდა გამოდევნილიყო ედემის ბაღიდან, რომ კარგად შეემეცნებინა ეს ქვეყანა - იობის სახეში. იობმა უნდა შეიმეცნოს ამქვეყნიური ბოროტება. იმისათვის, რომ ებრძოლოს, ჯერ კარგად უნდა იცნობდეს მას. თუ არ იცნობს, ვერ დაამარცხებს. ამიტომაც, საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობისათვის ადამმა იობის სახით უნდა გაიაროს ეს მატერიალური მდგომარეობა, რომ შემდეგ შეერთოს უფალს. ღმერთს არ სჭირდება სუსტი ადამიანი, მისი რჩეული გამოწრთობილი უნდა იყოს: „მან იცის ჩემი საქციელი, გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები“ (იობ. 23.10). ოქრო არის ადამიანის სიმბოლო: როგორც ოქრო გამოიწრთვნება ცეცხლში, ისე ადამიანი გამოიწრთვნება განსაცდელში.
იობი მაღლდება ცოდვით დაცემის არქეტიპზე და საკუთარი ნებით ამბობს უარს სატანაზე. ეს საქციელი ღვთის ხატად ქმნილი ადამის შესაფერი საქციელია.
უკვე აღვნიშნეთ, რომ ადამი და იობი არსით ერთნი არიან - ზოგადად ადამიანური საწყისის ორი კოლერატი. მეტიც, ადამი იგივე იობია და იობი იგივე ადამი. ადამიანის სულის ისტორია კი სწორედ მათი შეპირისპირებით შეიძლება გამოისახოს, შეპირისპირებით, რომელიც სამყაროს მთლიანობის განმსაზღვრელი პრინციპია.
ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდში, ღვთის ხატად ქმნილი ადამი (a), ნეგატიურ ფუნქციასთან არის დაკავშირებული (x) - რაც ხატის დაკარგვის ტოლფასია, ხოლო იობი - ადამის ძე, ჩვეულებრივი მოკვდავი (b) დაკავშირებულია პოზიტიურ ფუნქციასთან (ჲ), რაც იმაში გამოიხატება, რომ საცდურს არ აჰყვა.
საწყისი, ცვლადი სიდიდე არის a, რადგან არჩევანის წინაშე მდგომ ადამს შეუძლია მიიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ფუნქცია. ამდენად, ის დგას x და ჲ ფუნქციებს შორის. ადამი არის შუამავალი მათ შორის. ამ შუამავლობის მომენტში, ხალხურ ლექსში, მასთან დაპირისპირებულია იობი იმ თვალსაზრისით, რომ ადამს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის საშუალება. იობის საქციელი ამხილებს ადამს. მათი ფუნქციური შეპირისპირებით კი ამგვარ სქემას მივიღებთ:
0x01 graphic
სადაც, fx(a) არის უარყოფითი ფუნქციით აღჭურვილი ადამი, ხოლო fჲ(b) - დადებითი ნიშნით აღბეჭდილი იობი. წრის შეკვრა სამყაროს და შესაბამისად, ადამიანური საწყისის არსებობის პრინციპია, რომელიც ოპოზიციებით მიღებულ მთლიანობას გულისხმობს, რაც ადამის პირველყოფილ სახეში დაბრუნებას უდრის, არა როგორც a, არამედ სწორედ A-ს სახით (რომელიც თავის თავში შეიცავს როგორც ადამს, ასევე იობს, ე.ი. AA=ab), სრულიად ახალ - ამქვეყნიურ სიბრძნეს ნაზიარებ და ზეცნობიერებით შთაგონებულ არსებობაში.
„იობის წიგნის“ ხალხური ვარიანტების ანალიზი აჩვენებს, რომ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, იობის სახე უშუალოდ უკავშირდება ადამს და ადამიანური საწყისის მიერ ადამის დაკარგული ხატის ძიების მოტივს.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბ. 1989 წ. 2. ქართული ხალხური პოეზია, ტ. I, ნაკვთ. II, თბ. 1973წ.
Ether Inckirveli
Folk-lore version of the „Book of Iobi”
The report reviews the problem of archetჲpe and the question of reconstruction of archaic plot at the basis of folk-lore version of the “Book of Iobi”.
The analysis of the folk-lore versions of the “Book of Iobo” shows that the person of Iobi in the Georgian verbal folk-lore is directly connected to the biblical Adam and to the motive of searching of Adam's lost icon by the human initial.
______________
1. ეს ეპიზოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი მხოლოდ ქართული ფოლკლორის კუთვნილებაა


The National Library of Georgia
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий