წინასიტყვაობა
ეს სახელგანთქმული თხუზულება: ,,მიბაძვა ქრისტესი“ ამჟამად პირველად დაიბეჭდა ქართულს ენაზედ. მართალია, ზოგიერთა პატივცემულ და შრომის-მოყვარე პირთა წინათაც უცდიათ ამ წიგნის გადმოღება ქართულად, მაგრამ რადგანაც მათს შრომაში, სამწუხაროდ, ბევრი იმისთანა ნაკლულევანებანი მოიპოებიან, რომელნიც არა მცირედს ღირსებას უკარგვენ მოხსენებულს თხზულებას, ამის გამო მეც კვალად განვიზრახე თარგმნა მისი. ამ ნაირად ჩვენს სამშობლო ენაზედაც გვექმნება ის წიგნი, რომელიც ევროპიულ, ამერიკულ და თითქმის ყველა აზიურს ენაზედ არის ნათარგმნი.
ამ წიგნის ავტორი არის დიდებული თომა კემფელი, რომელიც სცხოვრებდა მეთხუთმეტე საუკუნეში. თომა კემფელი დაიბადა 1380 წელსა, სოფელს კემპში; მშობელნი მისნი ღარიბი გლეხი-კაცები იყვნენ და ამის გამო საკუთარის ხარჯით მათ არ შეეძლოთ აღეზარდათ თავიანთი ნიჭიერი შვილი. ამიტომ იგი მისცეს ერთს სასწავლებელში, სადაც ღარიბ ბავშებს, საზოგადოების ხარჯზედ ზდიდნენ. როდესაც მაღალ ნიჭიერმა თომამ ამ სკოლაში სწავლა დაამთავრა, იგი გახდა წევრად, განგებითა ღვთისა, ერთ იმ მეცნიერთა საზოგადოებისა, რომელსაც მაშინდელი განათლებული და გულ-მხურვალე ბერები შეადგენდნენ. აქ მიიღო ბერობა და იწყო თვისი წმიდა და დიდად სასარგებლო მოღვაწეობა. მომეტებულად მწერლობას აქცევდა იგი ყურადღებას და ამ ასპარეზზედ მან გამოიჩინა გასაოცარი ნიჭი, ცოდნა და შეგნება საღმრთო წერილისა. მან დასწერა ასზედ მეტი სხვა და სხვა თხუზულებანი, რომელთა შორის ყველაზედ წარჩინებული და დიდებულია: ,,მიბაძვა ქრისტესი“. ერთი ის გარემოება, რომ ეს წიგნი დღეს მთლად დედამიწის ზურგზედ მოფენილია, ცხადად აჩვენებს მის ღირსების სივრცე-სიდიდეს. ჰკითხულობთ ამ წიგნს და მის სიმშვენიერით აღტაცებულმა აღარ იცით რას მიაქციოთ უმთავრესი ყურადღება - აზრთა სიღრმე-სიუხვეს, თუ მაღალ გრძნობათა სიტკბოებას, პოეზიის დიდებულებას, თუ ენის სინარნარეს...! გულ გახსნით ვაღვიარებ ჩემს სისუსტეს: კარგად ვიცი, რომ ეს დიდებული წიგნი უფრო მეტად მომზადებულის და ნიჭიერის მთარგმნელის ღირსი იყო. გული მეწოდა, როდესაც ვხედავდი, რომ მთლად დედამიწის ზურგზე თითქმის აღარ არის იმისთანა ქრისტიანთ ერი, რომელსაც თავის სამშობლო ენაზედ არ ჰქონდეს მოხსენებული თხუზულება. იმათაც-კი, რომელნიც ქრისტეს მცნებით განათლებულან ახლოს ხანებში, უკვე ორი და სამი თარგმანი ამ წიგნისა შეუძენიათ, და ჩვენ-კი, ძველის დროიდგანვე ქრისტესთვის ტანჯულთ და წამებულთა, ვერ შევიძელით ჩვენის ღვთის მეტყველურის ლიტერატურის გამდიდრება ამ წიგნის მიმატებითა; ამ გარემოებამ გამაბედვინა შევსდგომოდი თარგმანსა. ყველაფერი ნელნელა და ცოტცოტაობით იწყობა... ჩემზედ წინადაც ბევრს უცდიათ ამ წიგნის თარგმნა... დღეს მეც ვცადე და ამით საქმემ, ცოტად თუ ბევრად, წინ წაიწია. იქმნება, ღმერთმა ინებოს და ჩემს შემდეგ გამოჩნდეს უფრო ღირსეული მთარგმნელი ამ წიგნისა და შეამსოს ის ნაკლი, რომელიც მე თავიდგან ვერ ავიცდინე. მხოლოდ იმას კი ვიტყვი, რომ არაფერი ცდა არ დამიზოგავს: რაც-კი ღონე მქონდა, ყველაფერი მოვიხმარე მოხსენებულის შრომის ხეირიანად დამთავრებისათვის. ,,ქრისტეს მიბაძვის“ თარგმნა დავიწყე 1883 წელს ლათინურიდამ, გათავების შემდეგ წავიკითხე, მაგრამ ვერ მომეწონა... ამიტომ ხელახლად დავიწყე თარგმნა: რადგან დედანში ზოგიერთი აზრები მეტად ღრმად არიან გამოთქმულნი, მათს გაგებას დიდი მეცადინეობა და ფიქრი უნდა, ამიტომ აქ მოვიშველე ორი ფრანგული თარგნამიც... ვადარებდი ამ სამს წიგნს ერთმანერთს, ვიკვლევდი სიმა რთლეს და ამ ნაირად დიდის სიფრთხილით გადმომქონდა დედნის შინაარსი ქართულად. ამათი შემწეობით საქმე უფრო მარჯვედ წავიდა. 1885 წელში გავათავე ეს მეორედ ნათარგმნი; მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, რადგან ქართული, ჩემი სამშობლო ენა, ხეირიანად არ ვიცოდი, ვინაიდგან სიყმაწვილიდამ მოკიდებული უცხო ქვეყანაში ავიზარდე, ამიტომ ეს ენის უცოდინარობა თარგმანს ძალიან დაეტყო; ვიგრძნე რა ეს, მივჰყე ხელი ქართულის ლიტერატურის შესწავლას, რამაც მალე დიდი შემწეობა გამიწია: უფრო კარგად მომზადებულმა მესამეჯერ დავიწყე თარგმნა. ამ დროს შევიტყე, რომ ,,ქრისტეს მიბაძვის“ ორი რუსული თარგმანიც იყო. მოვიხმარე ეს წიგნებიც, რომელთაც კარგა შესამჩნევათ გამიადვილეს ჩემი შრომა. გავათავე მესამედ, მაგრამ მაინც კიდევ დიდს განსხვავებას ვხედავდი დედანსა და ჩემს ნათარგმნს შუა. მოხსენებულ 1885 წლიდამ 1888 წლამდე კიდევ სამჯერ გადმოვიღე... უკანასკვნელი თარგმანი კარგად მეჩვენა, მაგრამ მაინც ჩემს თავს ვერ დავემყარე და ამიტომ განვიზრახე მეჩვენებინა რომელიმე ქართულის ენის მცოდნესათვის ჩემი შრომა. ვაჩვენე კიდეც მრავალს პირებს. სწორედ ამ დროს გავიცანი ბ. ნიკო ლომოური, რომელსაც ვაჩვენე ეს ჩემი შრომა და გავუცხადე ჩემი განზრახვა. ბ. ლომოურმა სიამოვნებით აღმითქვა თვისი შემწეობა. ამ დროიდამ მოკიდებული მთელი ორი წელიწადი ორთავემ ერთად ვიწყეთ ამ თხზულების კითხვა-სწორება. ჯერ გადვიკითხეთ და შევასწორეთ პირველი ორი წიგნი; შემდეგ ეს ორი უკანასკნელი წიგნიცა... ამ გვარის ძმურის დახმარებისათვის გულითადს მადლობას ვუძღვნი ბატ. ლომოურს.
Комментариев нет:
Отправить комментарий