воскресенье, 18 августа 2013 г.

ვ. ტროსტნიკოვი – მეცნიერულია „სამყაროს მეცნიერული სურათი“?


ტროსტნიკოვი ვიქტორ ნიკოლოზის ძე დაიბადა 1928 წელს მოსკოვში. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკურ–ტექნიკური ფაკულტეტი; კითხულობდა უმაღლესი მათემატიკის კურსს მოსკოვისა და ლენინგრადის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; გამოცემული აქვს რამდენიმე მონოგრაფია მათემატიკისა და ფიზიკის სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის, მათემატიკურ ლოგიკაში. დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში, არის მართლმადიდებელი პუბლიცისტი, კითხულობს ლექციებს მართლმადიდებელ უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო საზოგადოების  წევრია.

მეცნიერების ხვედრითი წილი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში განუზომელია. ამიტომ შეიძლება გვეგონოს, რომ ტერმინ „მენციერების“ არსის დაზუსტება ზედმეტია _ ამ სიტყვას ხომ ყოველი ჩვენგანი დღეში რამოდენიმეჯერ ამბობს ანდა გაიგონებს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს სიცხადე ილუზიას წარმოადგენს, რომელიც იფანტება, როდესაც საკითხის უფრო ღრმა გააზრებას იწყებ. ირკვევა, რომ „მეცნიერების“ ცნების ქვეშ ორი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული რაღაც იმალება. პირველს შეიძლება ეწოდოს მეცნიერება-კვლევა, მეორეს _ მეცნიერება-მსოფლმხედველობა.
მეცნიერება-კვლევა არის ის, რაც ყველა ლექსიკონსა და ენციკლოპედიაში განსაზღვრულია, როგორც „მეცნიერება“: „ობიექტურად სარწმუნო ცოდნა, არსით მაქსიმალურად შემოწმებული და ფორმით მაქისმალურად სისტემატიზებული“. მეცნიერება-მსოფლმხედველობა _ ესაა ეგრეთწოდებული „სამყაროს მეცნიერული სურათი“. მიიჩნევა, რომ ის მეცნიერება-კვლევის უშუალო შედეგს წარმოადგენს. მაგრამ, სინამდვილეში, საქმე სხვაგვარადაა, რაშიც მალე დავრწმუნდებით. ის სრულიად დამოუკიდებელი კონცეფციაა, დაფუძნებული სამ ფილოსოფიურ პრეზუმფციაზე, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ: რედუქციონიზმი, ევოლუციონიზმი და რაციონალიზმი. ზოგჯერ ეს ტერმინები უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება, ამიტომ მკითხველს ვთხოვთ ახსოვდეს, ჩვენს სტატიაში, ამ სიტყვებში კონკრეტულ შინაარსს ვგულისხმობთ, რომელსაც ახლავე განვმარტავთ:
რედუქციონიზმი ესაა მოსაზრება, რომ ყოფიერების დაბალი ფორმები უფრო რეალურია, ვიდრე მისი უმაღლესი ფორმები, რომლებიც დაბალი ფორმების კომბინაციებამდე შეიძლება დაიყვანო. სამყაროს საბავშვო „კონსტრუქტორს“ ამსგავსებენ, სადაც დეტალები, ჭანჭიკები და ძელაკები, უფრო მეტადაა არსებითი, ვიდრე მათგან შედგენილი კონსტრუქცები, რადგან შეიძლება მათი დაშლა და სხვანაირად აწყობა მაშინ, როცა  დეტალები, თავისი არსით, რაღაც მუდმივი და უცვლელია.
ევოლუციონიზმი ესაა მოსაზრება, რომ ყოფიერების რთული ფორმები ბუნებრივად, ანუ ბუნების ურყევი კანონების ზემოქმედებით, რომლებიც არავითარ მიზანს არ ისახავენ და მექანიკურად მოქმედებენ, საწყისი მარტივი ფორმებიდან ჩამოყალიბდნენ.
რაციონალიზმი ესაა ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის რწმენა, რომლის ყველაზე სრულ გამოხატულებას მათემატიკა და ლოგიკა წარმოადგენს. გონებას შესწევსო ძალა ბუნების ყველა კანონს ჩასწვდეს და მოპოვებული ცოდნა ადამიანის სამსახურში ჩააყენოს, ამის მეშვეობით სამყაროს მბრძანებლად აქციოს.
მკითხველისთვის, ალბათ, ჯერ არაა ცხადი, თუ რაში მდგომარეობს განსხვავება მეცნიერება-კვლევასა და მეცნიერება-მსოფლმხედველობას შორის. ჩვენ ხომ ბავშვობიდან ჩაგვაგონებენ, რომ სამყაროს სურათი, რომელიც თავის თავში ამ სამ დასახელებულ პოსტულატს მოიცავს, სწორედ მეცნიერებული კვლევის მონაცემებს ეფუძნება. ესაა დაწერილი ყველა სამეცნიერო-პოპულარულ წიგნში, ამას ამტკიცებენ სასკოლო სახელმძღვანელოები. მაგრამ ამ გამოცემათა ავტორები, როგორც წესი, მეცნიერები კი არ არიან, არამედ სრულიად სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ზუსტად შეიძლება განისაზღვრონ, როგორც იდეოლოგები. სწორედ ისინი ქმნიან მეცნიერება-მსოფლმხედველობას. ამავე დროს, ისინი მართლაც მუდმივად მიმართავენ მენიერება-კვლევას. მაგრამ როგორ აკეთებენ ამას? იღებენ, რაც აწყობთ, რაც შეიძლება თავისი კონცეფციების დასაცავად გამოიყენონ, ხოლო დანარჩენს ან არარსებითად აცხადებენ ანდა, უბრალოდ, უგულებელყოფენ. მაგრამ იმასაც კი, რასაც იღებენ, თავისებურად განმარტავენ, ზოგჯერ მეტისმეტად თავისუფლად. ხოლო ასეთი მეთოდებით, მეცნიერების დახმარებით, ნებისმიერი რამის დამტკიცება შეიძლება. ეს ბრალდება ლიტონ სიტყვად რომ არ დარჩეს, მათ მეთოდს წარმოვაჩენთ მაგალითებით, რომლებიც სამყაროს მეცნიერული სურათის სამივე ძირითად კომპონენტს ეხება.
რედუქციონიზმი ნაკარნახევი იყო ნიუტონისეული ფიზიკით, რომელიც სამყაროს წარმოიდგენს, როგორც „მატერიალური წერტილებისგან“ შემდგარს, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ მკაფიო მათემატიკური გამოხატულების მქონე კანონებით. თუმცა ნიუტონის კოსმოლოგიაში ასევე იგულისხმებოდა შემოქმედი ღმერთის არსებობა, ხოლო მათემატიკური მეთოდების გარდა, შემეცნების მიზნით, იგი წმიდა წერილს მიმართავდა, ცდილობდა გაეშიფრა დანიელის წინასწარმეტყველება და ა.შ. ეს ყოველივე უარყოფილ იქნა, როგორც უაზრობა, მის ფიზიკას კი იდეოლოგები ორივე ხელით ჩაეჭიდნენ



ევოლუციონიზმი ნაკარნახევი იყო ლაპლასის კოსმოგონიური თეორიით, რომლის თანახმად, მზის სისტემა ენერგიის შენახვის, იმპულსის და იმპულსის მომენტის კანონების ზემოქმედებით, საწყისი აიროვანი ნისლოვანებიდან თავისთავად ჩამოყალიბდა.იუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული მოდელიც კი არ იქნა მიყვანილი რაოდენობრივ გაანგარიშებამდე და ცარიელ იდეად დარჩა, იგი მყისვე განაზოგადეს, მარტივის რთულად მექანიკური გარდაქმნის რაღაც საყოველთაო კანონად გამოაცხადეს, შემდეგ კი ცოცხალ ბუნებაზეც გაავრცელეს, რაც ლაპლასს, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოსვლია.


რაციონალიზმი ნაკარნახევი იყო ლეიბნიცის ჭეშმარიტების გამოსათვლელი უნივერსალური ალგორითმის შექმნის პროგრამით. მაგრამ იმავე ლეიბნიცმა შეიმუშავა სწავლება მონადებზე _ განუყოფელ სულიერ ერთეულთა ზეაღმავალ ერთიანობაზე, რომელთაგან თითოეული განაგებს ხილული სამყაროს გარკვეულ ფრაგმენტს. მაგრამ ლეიბნიცის მონადოლოგია უგულებელყვეს, ხოლო სუფთა ლოგიკური შემეცნების იდეა, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთებისა და მტკიცების გარეშე, აბსოლუტურად სწორად გამოაცხადეს.

როგორც ხედავთ, იდეოლოგების მოქმედება, რომლებიც მეცნიერების სახელით გამოდიან, მსგავსია გოგოლისეული სოფლის მაურავის ქცევისა მოთხრობიდან „მაისის ღამე ანუ წყალში დამხრჩვალი ქალი“. როდესაც სოფლის მწერალმა ხმამაღლა დაიწყო წერილის კითხვა: „ბრძანება მოურავ ევტიხი მაკაგონენკოს. ჩვენამდე მოვიდა ხმა, რომ შენ, ბებერმა ბრიყვ…“ მოურავმა იყვირა: „გეყოფა, გეყოფა! აღარ გააგრძელო! მართალია, ჯერ არ წაგიკითხავს, მაგრამ უკვე ვიცი, მანდ არაფერია მნიშვნელოვანი. შემდეგი წაიკითხე!“ მეცნიერულ მონაცემებთან მათი დამოკიდებულება ამის მსგავსია, რაც სიამოვნებთ, ის ესმით, მაგრამ თუ რაღაც არ მოსწონთ, ან თავს იყრუებენ, არაფერია მნიშვნელოვანი! წიგნში, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში ყველა დროისა და ხალხის ფილოსოფიური სიბრძნის მწვერვალად იყო გამოცხადებული, ისიც კი ეწერა, რომ მეცნიერები თავის კონკრეტულ დარგში რაოდენ კარგი სპეციალისტებიც უნდა იყვნენ, როდესაც მსოფლმხედველობაზეა ლაპარაკი, მათ ერთ სიტყვასაც კი არ უნდა ვენდოთო. ხედავთ, როგორ დგას საკითხი: თქვენ მხოლოდ მასალა მოგვაწოდეთ, ჩვენ მას თვითონ განვმარტავთ _ თქვენ ამ საქმეში ნუ ჩაეჩრებით!

სწორედაც გოგოლისეული პერსონაჟის ამგვარი მეთოდებით იყო შექმნილი სამყაროს მეცნიერული სურათი XIX საუკუნის ბოლოს, რომელიც იმ დროიდან, ძირითადად, სრულიად არ შეცვლილა. ხოლო მეცნიერება-კვლევა, ამ ხნის განმავლობაში, თავისი გზით მიდიოდა წინ. ემორჩილებოდა რა საკუთარ შინაგან კანონს, რომელიც, როგორც მართებულადაა ლექსიკონებში აღნიშნული,  სარწმუნო ცოდნის დადგენაში, შინაარსის მხრივ მაქსიმალურად რომაა შემოწმებული, მან მოიპოვა უამრავი ახალი, უაღრესად საინტერესო მონაცემი. ახლა  მოვხსნათ საბურველი მეცნიერება-კვლევის მასალას და ვნახოთ, დღევანდელ დღეს იგი რამდენად შეესაბამება  მეცნიერება-მსოფლმხედველობას. იქნებ იდეოლოგები უდიდესი ნათელმხილველები აღმოჩნდნენ? იქნებ ისინი ინტუიციით ჩასწვდნენ მოვლენათა  არსს და ახლა მათი განზოგადებანი უფრო უკეთ და სრულად მტკიცდება, ვიდრე ასი წლის წინათ? დასკვნა სარწმუნო რომ იყოს, უნდა მოვუხმოთ მეცნიერების იმ დარგებს, რომლებიც, მეცნიერთა ერთსულოვანი აღიარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად შედეგიანია. ასეთად კი სამი დარგი მიიჩნევა: ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. მაშ, რა გახდა ცხადი ამ მეცნიერებებისათვის უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში?
ფიზიკისთვის ცხადი გახდა რედუქციონიზმის სიყალბე. მან ის მთლიანად უარყო. უფრო მეტად რაიმეს გაბათილება, უბრალოდ, შეუძლებელია. უკვე საკმაო ხანია გაირკვა, რომ ნიუტონისეული მატერიის კონცეფცია არასწორია, რომ `მატერიალური წერტილი~ მხოლოდდამხოლოდ მხატვრული სახეა, თანაც ისეთი, რომელიც არაფერ რეალურს მიახლოებითაც კი არ შეესაბამება. 1927 წელს დევისონისა და ჯერმერის მიერ აღმოჩენილმა ელექტრონების დიფრაქციამ გვიჩვენა, რომ ნაწილაკებს გარკვეული ტრაექტორიები არ გააჩნიათ, ხოლო ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპმა გააუქმა თვით გაგება ნაწილაკისა, როგორც ობიექტისა, რომელიც ლოკალიზებულია სივრცეში და აქვს გარკვეული სიჩქარე. მაგრამ ამან მიგვიყვანა ისეთ წარმოდგენამდე გარესამყაროზე, რომელიც ძველ წარმოდგენას რაღაც დეტალებში კი არა, არამედ თვით არსში ეწინააღმდეგება. საუბარი შესწორებებზე კი არაა, არამედ ძველი კონცეფციის უარყოფაზე. ეს ვითარება შეუძლებელია შევარბილოთ საუბრით რაღაც დიალექტიკაზე ანდა ორი თვალსაზრისის სინთეზის აუცილებლობაზე, რადგან, როგორც ფეინმანმა აღნიშნა, ჩვენ არ გაგვაჩნია ორი სამყარო _ კვანტური და კლასიკური, _ ჩვენ მოგვეცა ერთადერთი სამყარო, რომელშიც ვარსებობთ, და ეს სამყარო კვანტურია. და მიზნად რომ დავისახოთ სამყაროს აგებულების პრინციპის ყველაზე მოკლედ დახასიათება, ეს იქნება სიტყვა „ანტირედუქციონიზმი“.
დავიწყოთ იქიდან, რომ იდეალური მატერიალურზე უფრო რეალური აღმოჩნდა. აქ ძალაუნებურად გვახსენდება ინდუიზმის კოსმოლოგიური წარმოდგენები, რომელთა თანახმად, მატერია ესაა მაია _ ილუზიის სახეობა. ახლა არ შეუდგებით მატერიის, როგორც ფილოსოფიური კატეგორიის ანალიზს, მაგრამ თუ იმაზე ვისაუბრებთ, რასაც ფიზიკოსები დაკვირვებადს უწოდებენ, მაშინ ინდოელები, სადღაც,  მართლები არიან. და ეს რაღაც მიახლოებითი მოსაზრებების შედეგი კი არ არის, რომელიც შეიძლება ასეც გაიგო და ისეც, არამედ ამის თაობაზე არსებობს თეორემა. კვანტურ ფიზიკაში ცენტრალური ცნება ნაწილაკი კი არ გახლავს, არამედ ფსი-ფუნქცია, რომლის დაფიქსირება ნებისმიერი ხელსაწყოთი პრინციპულად შეუძლებელია, ანუ ის არანივთიერ მოცემულობას წარმოადგენს. მაგრამ სამყაროს ცხოვრება ესაა სწორედ ფსი-ფუნქციების ცხოვრება და არა დაკვირვებადი ნაწილაკებისა. ჯერ ერთი, ბუნების კანონებს დაკვირვებადები კი არ ემორჩილება, როგორც წინათ ფიქრობდნენ, არამედ ფსი-ფუნქციები; ხოლო დაკვირვებადები ფსი-ფუნქციების მიერ იმართება, თანაც არა მკაცრი, არამედ სტატისტიკური გაგებით. ბუნების ყველა კანონი არსით სხვა არაფერია, თუ არა შრედინგერის ტოლობანი, ხოლო ისინი განსაზღვრავენ მხოლოდ ფსი-ფუნქციების ევოლუციას, მატერია იქ არ ფიგურირებს. მეორეც, ჯონ ფონ ნეიმანმა მათემატიკურად დაამტკიცა (სწორედ ამაში მდგომარეობს თეორემა, რომელიც ეს-ესაა ვახსენეთ), რომ სამყაროს კლასიკური მოდელი, რომელიც ადეკვატურად აღწერს მის ექსპერიმენტულად დადგენილ თვისებებს, შეუძლებელია არსებობდეს. და რა მანქანებითაც არ უნდა ვეცადოთ სამყარო თვალსაჩინო ცნებებამდე დავიყვანოთ, წინასწარვე ცხადია, არაფერი გამოგვივა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამყაროსეულ უმთავრეს რეალობად გონებაჭვრეტადს ვაღიარებთ, გრძნობით აღქმადის მოქმედების შეცნობის შანსს მივიღებთ. კვანძები იმ ძაფებისა, რომლებზეც ხილული ჰკიდია, უხილავში იკვრება და იხსნება. იდეალისტები ყოველთვის დარწმუნებულები იყვნენ ამაში, მაგრამ ვერც ერთი მათგანი, თვით პლატონი, ვერც კი იოცნებებდა, რომ ოდესმე მათი სიმართლის ესოდენ შეუვალი მტკიცებულება გაჩნდებოდა. მაგრამ ის გაჩნდა, და ახლა ფილოსოფიის იმ ძირითადი საკითხის გადაწყვეტა, რომელზეც გვზრდიდნენ (საბჭოთა კავშირი), უაღრესად საეჭვო ხდება.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ფიზიკის ფსი-ფუნქციები ლეიბნიცის მონადებს მეტად ენათესავება. ბედის ირონიით, ლეიბნიცი სწორი აღმოჩნდა ზუსტად იმაში, რაც იდეოლოგებმა მისგან არ მიიღეს. შემდეგ ასევე დავინახავთ: იმაში, რაც მისგან სიხარულით ისესხეს, იგი ძლიერ შეცდა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. კვანტური თეორიიდან უეჭველად გამომდინარეობს, რომ მთლიანობა თავის ნაწილებზე უფრო რეალურია. საქმე ისაა, რომ სისტემის ფსი-ფუნქცია ყოველთვის უფრო ადეკვატურად აღწერს მის თვისებებს, ვიდრე ფსი-ფუნქციების ერთობლიობა, რომელიც ეხება მის ნაწილებს, ცალ-ცალკე აღებულს. ნაწილების სისტემაში გაერთიანებისას მოქმედებას იწყებენ ბუნების სრულიად ახალი კანონები, რომელთა წინასწარ წარმოდგენა შეუძლებელია. ამის უმარტივესი მაგალითი _ ატომია. როგორც არ უნდა გვეკვლია ელექტრონებისა და ნუკლონების თვისებები ცალ-ცალკე, წინასწარ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ მათგან შემდგარ ატომში „პაულის აკრძალვა“ შევიდოდა ძალაში, რომელიც მენდელეევის მთელ ტაბულას აყალიბებს. ზუსტად თუ ვიტყვით, საკუთრივ გამოთქმა „ატომი შედგება ელექტრონებისა და ნუკლონებისგან“,  ვამბობდეთ შემდეგნაირად: „ელექტრონები და ნუკლონები გაქრნენ, და მათ ადგილას გაჩნდა ახალი ფიზიკური ობიექტი ახალი თვისებებით _ ატომი“. ასევე უნდა გვესმოდეს გადასვლა მომცველობით სისტემებზე სხვა შემთხვევებშიც; ვთქვათ, ატომების ჯგუფი შეიძლება „გაქრეს“ და „გადაიქცეს“ ახალ რეალობად, რომელსაც ეწოდება ნახევარგამტარი ანდა პლაზმა, რომელთა თავისებურებანი შეუძლებელია გამოვიყვანოთ ატომების თვისებებიდან. საერთოდ, რაც უფრო ვრცელია სამყაროს ფრაგმენტი, მით უფრო ჭეშმარიტია მისი ფსი-ფუნქცია, ანუ შემეცნებასთან მისაახლოებლად ქვევით კი არ უნდა ვიაროთ, როგორც ამას რედუქციონისტები ამტკიცებენ, არამედ, პირიქით, ზევით; სისტემას შემადგენელ ელემენტებად კი არ უნდა ვშლიდეთ, არამედ ვიკვლიოთ ის, როგორც ნაწილი უფრო ვრცელი სისტემისა _ ყოველივე არსებულის ზღვრამდე. მხოლოდ ამ უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც, რასაკვირველია, მიუღწევადია, ჩვენთვის ცხადი გახდება ბუნების ყველა კანონი და ჩვენ მივიღებთ დაკვირვებადების ზუსტ მოდელს. ეს იქნებოდა ის, რასაც ეწოდება ფოკისეული უნივერსალური ფსი-ფუნქცია (ჩვენი გამოჩენილი ფიზიკოსის, ვ.ა.ფოკის სახელის მიხედვით). გასაგებია, რომ ამ ფუნქციის დაწერა არ ძალგვიძს, მაგრამ თვით ეს პრინციპი თანამედროვე ფიზიკის მიერ სრულიად არაორაზროვნადაა ჩამოყალიბებული და თავისთავად ანტირედუქციონიზმის პრინციპს წარმოადგენს.
ბიოლოგიისთვის ცხადი გახდა ევოლუციონიზმის სიყალბე. ევოლუციონისტების მთავარ დასაყრდენს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი გადარჩევის თეორია, ანუ დარვინიზმი წარმოადგენს. მაგრამ ბიოლოგიური მეცნიერების დღევანდელი მონაცემების ფონზე ის, მარტივად თუ ვიტყვით, სამარცხვინოდ გამოიყურება.
დარვინის თეორია ჯერ კიდევ გაჩენის მომენტში, 1859 წელს, სასტიკად გააკრიტიკეს იმ დროის გამოჩენილმა სპეციალისტებმა _ აგასისმა, ვირხოვმა, დრიშმა და სხვებმა. მაგრამ
უფრო მცირე კალიბრის მეცნიერები მისით მოიხიბლნენ, რადგან ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მარტივად ხსნიდა დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ურთულეს ფენომენს. ფართო საზოგადოება კი მას სრული აღფრთოვანებით შეხვდა. ასე ჩაისახა დამოკიდებულება, რომელიც შემდეგაც არ შეცვლილა _ რაც ნაკლებად ერკვევა ადამიანი ბიოლოგიაში, მით უფრო სჯერა დარვინიზმისა. მისი ყველაზე თავგამოდებული მიმდევარნი კი ისინი არიან, ვინც ბიოლოგიაში საერთოდ ვერ ერკვევა. ამ ადამიანებისთვის საკმარისია ერთხელ შეავლონ თვალი მტრედის სხვადასხვა ჯიშის სურათს ანდა დინოზავრის ძვლების გამოსახულებას და მათთვის უკვე ყველაფერი „ცხადია“: ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან! განა საეჭვოდ არ გამოიყურება თეორია, რომელსაც ეშინია მონაცემებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება მის მიერ განზოგადოებულ საგანს? მაგრამ თუ გასულ საუკუნეში მასალის ცოდნა საშუალებას იძლეოდა ბუნებრივი გადარჩევის თეორიაში გარკვეული შეუსაბამობანი აღმოგვეჩინა, დღეს მისმა აბსურდულობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც არა თუ მეცნიერებისთვის, ყოფითი
ყოველი თეორია ორ რამეს ეყრდნობა: ლოგიკასა და ფაქტებს. დარვინიზმის ლოგიკური სქემა მარტივია: ცოცხალ ბუნებაში არსებობს ცვალებადობა _ შვილების თვისებები გარკვეულად განსხვავდება მშობლების თვისებებისგან, და ის ინდივიდები, რომლებიც ამის გამო უფრო კონკურენტუნარიანები აღმოჩნდებიან, სასიცოცხლო ბრძოლაში ამარცხებენ თანამოძმეებს და სასარგებლო თვისებებს შთამომავლობას გადასცემენ. ასე თანდათანობით გროვდება შემგუებლობა და მილიონი წლის შემდეგ უმაღლეს დონეს აღწევს. თვით დარვინის თქმით, ეს აზრი მას უკარნახა დაკვირვებამ სელექციონერების საქმიანობაზე, რომლებსაც შინაური ცხოველების ახალი ჯიშები გამოჰყავთ. მსჯელობის სიცხადე გვხიბლავს, ხოლო ანალოგია მას დამაჯერებელს ხდის. მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით, აღმოჩნდება, რომ მსჯელობა უწიგნურია, ანალოგია კი _ მცდარი.
უპირველესად, აქ სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ყოველ ცხოველს არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ სახეობრივი ნიშან-თვისებები აქვს, და ისინი პარამეტრებში კი არ მდგომარეობენ, არამედ ერთმანეთთან ხისტად ურთიერთშეკავშირებულ კონსტრუქციულ პრინციპებში, რომელნიც სახეობის იდეას ქმნიან. სხვადასხვა სახეობაში ეს იდეები ერთმანეთისგან იმაზე ნაკლებად არ განსხვავდება, ვიდრე შავ-თეთრი ტელევიზორის იდეა განსხვავდება ფერადი ტელევიზორის იდეისაგან. თუ შავ-თეთრ ტელევიზორს მუშტს ჩავარტყამთ, მან შეიძლება უკეთ დაიწყოს მუშაობა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვურტყათ, გაუმჯობესება ვერ მიაღწევს ისეთ დონეს, რომ ის ფერად ტელევიზორად გადაიქცეს. ასევეა შემთხვევითი მუტაციების დაგროვებისას. ნიშან-თვისებები, რომლებზეც ზემოქმედებს გადარჩევა, ესაა ცალკეული პარამეტრები, და მეტი არაფერი. კინოლოგი წყალში ახრჩობს მოკლეყურიან ლეკვებს და ცოცხლად ტოვებს გრძელყურიანებს, ერთმანეთში აჯვარებს და, ბოლოსდაბოლოს, იღებს სპანიელს. მაგრამ სპანიელი, მთელი გარეგნული თავისებურების მიუხედავად, მაინც ტიპურ ძაღლად რჩება _ ძაღლის ჩვევებით, ძაღლის ნივთიერებათა ცვლით, ძაღლის ავადმყოფობებით. და განა შეიძლება დავიჯეროთ, რომ თუ საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში დავახრჩობთ ერთგვარ ლეკვებს და მეორეგვარს კი სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ, ოდესმე კატას მივიღებთ? ანდა, სულაც, ხვლიკს? ეს დაშვება კი ზუსტად ისაა, რასაც ემყარება დარვინიზმი. აქ უწიგნურობა იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველი განიხილება, როგორც პარამეტრების ჯამი მაშინ, როდესაც სინამდვილეში იგი წარმოადგენს თავისთავად სისტემას, რომელიც მრავალ დონეს შეიცავს. და თუ დაბალ დონეზე მართლაც არსებობს ცვალებადობა, რომელმაც შეიძლება მოგვცეს ერთი და იმავე სახეობის სხვადასხვა ჯიში, უფრო მაღალ დონეზე ცვალებადობა, უბრალოდ, დაუშვებელია, რადგან ის მყისვე გამოიწვევდა ერთმანეთთან უზუსტესად მისადაგებული ფუნქციური და სტრუქტურული მექანიზმების მოშლას.
ამ თეორიულ არგუმენტს ფაქტები სრულად ადასტურებს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ახალი სახეობის შექმნა არანაირი გადარჩევით არ შეიძლება. ზოგიერთ ლაბორატორიაში ბაქტერიების სელექცია უწყვეტად მიმდინარეობს XIX საუკუნის ბოლოდან, თანაც ცვალებადობის გასაძლიერებლად გამოსხივებას იყენებენ, მაგრამ ამ პერიოდში, რომელიც განვლილი თაობების რაოდენობით ტოლფარდია ათეულობით მილიონი წლისა უმაღლესი ფორმებისათვის, ახალი სახეობა არა და არ შეიქმნა! არადა უმაღლეს ფორმებთან დროის ექვივალენტურ მონაკვეთში ახალი რიგები გაჩნდა! როგორც ჩანს, ცოცხალი ბუნება „ბორის ატომის“ პრინციპითაა მოწყობილი _ იქ არის გენების „ნებადართული“ კომპლექტები, შუალედური მათ შორის „აკრძალულია“, ხოლო რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ევოლუციას, ესაა ახალი „ნებადართული“ დონეების შევსება რაღაც იდუმალი შემოქმედებითი იმპულსის შედეგად. პალეონტოლოგების მიერ მოძიებული ძვლოვანი ნაშთების სურათი სწორედ ამ ვარაუდს შეესაბამება. ცოცხალ ფორმათა დისკრეტულობა (წყვეტილობა) უჩვეულოდ მკვეთრადაა გამოხატული. არანაირი კენტავრები, გრიფონები და ალკონოსტები, რომლებითაც ჩვენი წინაპრები მის შერბილებას ცდილობდნენ, მიწის შრეებში არ არის აღმოჩენილი. ცოტა ხნის წინ კი უწყვეტი ევოლუციის კონცეფციას კიდევ ერთი მხრიდან მიაყენეს დარტყმა. კინოლოგმა ა.ტ. ვოილოჩნიკოვმა მოისაზრა იმის გაკეთება, რაც ჯერ არავის გაუკეთებია: მიიღო რა მგლისა და ძაღლის ნაჯვარი, მან დაიწყო ჰიბრიდების ერთმანეთში შეჯვარება. და რა გამოვიდა? შემდეგ თაობებში იბადებოდნენ ან სუფთა ძაღლები, ან სუფთა მგლები! ძალდატანებით ერთმანეთში არეული გენები, როგორც კი მათ თავი დაანებეს, მაშინვე „ნებადართულ“ კომპლექტებს დაუბრუნდნენ. ეს ბრწყინვალე ექსპერიმენტი, რომელიც მნიშვნელობით შეიძლება მაიკელსონის ცდას შევადაროთ, მეცნიერების ჩვენი პოპულარიზატორების მიერ ერთსულოვნად იჩქმალება, რადგან მხოლოდ ის ერთი საკმარისია იმისთვის, რომ დარვინიზმი უსაფუძვლოდ ვცნოთ. სხვათა შორის, აქედან გამომდინარეობს, რომ ძაღლი არ წარმოშობილა მგლისგან, და ადამიანის წარმოშობის საიდუმლოს ახლა მისი ოთხფეხა მეგობრის წარმოშობის საიდუმლოც დაემატა.
აქამდე მოყვანილი ყველა არგუმენტი მთლიანად კლასიკური ბიოლოგიის ფარგლებში თავსდება. რა თქმა უნდა, დარვინიზმი მართლა მეცნიერული თეორია რომ ყოფილიყო, მას უკვე დიდი ხნის წინ უნდა ეღიარებინა მათი ძალა და სცენა ნებაყოფლობით დაეტოვებინა. მაგრამ მას მერე, რაც 1953 წელს უოტსონმა და კრიკმა აღმოაჩინეს ცილის სინთეზის მექანიზმი, რიბოსომებზე ნუკლეინის მჟავების საშუალებით, სწავლება ბუნებრივიგადარჩევის შესახებ უფრო მეტად შეუსაბამო გახდა, ვიდრე მტკიცება, რომ დედამიწა ბრტყელია და სამ ვეშაპზე დგას. ამ უდიდესმა აღმოჩენამ, რომელმაც წერტილი დაუსცა ბიოლოგიის მეცნიერებამდელ პერიოდს, გვიჩვენა, სიცოცხლე სულაც არ ყოფილა ის, რასაც მასზე ვფიქრობდით. აღმოჩნდა, რომ ის ქიმიური ლაბორატორია კი არ არის, არამედ გამომცემლობაა, სადაც მიმდინარეობს ტექსტების უწყვეტი ბეჭდვა და რედაქტირება, მათი თარგმნა ერთი ენიდან მეორეზე და სხვადასხვა ინსტანციაში დაგზავნა.
ეს ახალი შეხედულება რატომ აცამტვერებს საბოლოოდ დარვინის თეორიას? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შემთხვევით გაჩენილი სასარგებლო მუტაციების ალბათობა გეომეტრიულიდან კომბინატორულად იქცევა და ამით მყისვე ათეულობით ათასჯერ მცირდება, ასე რომ, ახლა ის შეიძლება ნულის ტოლად ჩავთვალოთ. მეორეც, გაირკვა, რომ ცილის სინთეზის პროგრამები, რომლებიც ყოველი უჯრედის ციტოპლაზმაში მისი
არათუ შეთანხმებულია ერთმანეთში, არამედ, ასევე, ითვალისწინებს სხვა ორგანიზმების სინთეზის პროგრამებს, რადგან ისინი შეიცავენ განკარგულებებს, რომლებიც აშკარად ეთანადება იმუნოლოგიურ მოთხოვნებსა და კვების ჯაჭვების სტრუქტურას. ცხოველთა ეკოლოგიის მონაცემებთან ერთად ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ასი პროცენტით სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ ის გეობიოცენოზი, რომელსაც აუცილებელი სისრულე აქვს, ხოლო ნებისმიერი უფრო მცირე ეკოსისტემა, თუ მის იზოლირებას მოვახდენთ, გადაშენებისთვის იქნება განწირული. პირველმა ამ იდეას, მგონი, ვერნადსკიმ მიაგნო, რომელმაც ბიომასის მუდმივობის ჰიპოტეტური კანონი ჩამოაყალიბა. და აი, უახლესი მეცნიერული შედეგი: უძველესი გოგირდის იზოტოპურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ დედამიწის ყველა ცოცხალი არსების საერთო მასა მილიარდი წლის წინათაც ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც დღესაა. ეს კი ნიშნავს, რომ ცოცხალი ბუნება გაჩნდა ერთბაშად მთელი თავისი მოცულობითა და მრავალფეროვნებით, რადგან სხვაგვარად გადარჩენას ვერ შეძლებდა…
რამდენიმე სიტყვა დაგვრჩა სათქმელი რაციონალიზმზე. მისი აბსურდულობა ცხადი გახდა მათემატიკისთვის _ სწორედ იმ მეცნიერებისთვის, რომელზეც დაფუძნებას ცდილობდა. სანამ იდეოლოგები ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ადამიანის გონების შესაძლებლობანი უსაზღვროა, ჩვენ კი ამით ვხარობდით და ვმღეროდით: „არ არსებობს ჩვენთვის დაბრკოლება არც ზღვაზე, არც ხმელეთზე“, მათემატიკურმა ლოგიკამ, სადაც გონება ყველაზე უფრო შეკუმშული სახითაა კონცენტრირებული, იწყო იმის გარკვევა, მართლა ასეა თუ არა, და ძიების პროცესში დიდ მოულოდნელობებს გადააწყდა. 1931 წელს ავსტრიელმა კურტ გიოდელმა ააგო ჭეშმარიტი არითმეტიკული გამონათქვამი, რომლის, როგორც მან დაამტკიცა, არც დამტკიცება შეიძლება და არც უარყოფა, ანუ დედუქციური გზით არითმეტიკის აქსიომებიდან თვით ამ გამონათქვამს, ან
მის უარყოფას, ვერ გამოვიყვანთ. უკვე მხოლოდ ეს ერთი მაგალითი უნდა კმაროდეს, რომ გავაბათილოთ ლეიბნიცისაგან და დეკარტესგან მომდინარე მოსაზრება, თითქოს გამოყვანილ ფორმულათა სიმრავლე ემთხვევა ჭეშმარიტ ფორმულათა სიმრავლეს. თუმცა რჩებოდა იმედი, რომ გამოყვანადობა მხოლოდ უმნიშვნელოდაა ნაკლები, რომ დაუმტკიცებადია მხოლოდ გიოდელის ტიპის ეკზოტიკური ფორმულები, სადაც დაშიფრულია მტკიცებანი, რომელნიც თვით ამ ფორმულებს ეხება. მაგრამ ხუთი წლის შემდეგ მიღებულ იქნა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი შედეგი _ პოლონელმა მათემატიკოსმა ტარსკიმ დაამტკიცა, რომ თვით ჭეშმარიტების ცნება ლოგიკურად ვერ გამოიხატება. ეს კი ნიშნავს, რომ დედუქციური მეთოდის გაგზავნა ჭეშმარიტების მოსაძიებლად _ იგივეა, რომ ვუთხრათ: „წადი იქ, არ ვიცი სად, მოიტანე ის, არ ვიცი რა“. ტარსკის თეორემა, რომელიც გიოდელის თეორემას შეიცავს, როგორც კერძო შედეგს, გვაფიქრებინებს, სხვაობა ჭეშმარიტებასა და გამოყვანადობას შორის საკმაოდ დიდია. ხოლო იმის დადგენა, თუ რამდენად დიდია, ცოტა ხნის წინ მოხერხდა, სხვადასხვა ქვეყნის მათემატიკოსთა მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად, რომლის პროცესში ისინი ერთმანეთს რეგულარულად აწვდიდნენ შუალედურ შედეგებს. ყველა მათემატიკური ფორმულა ჯერ დახარისხებულ იქნა კლასებად სირთულის მიხედვით, თანაც ისე, რომ ისინი ფართოვდებოდნენ, ანუ ყოველ მომდევნო კლასში იყო არა მხოლოდ წინა კლასის ყველა ფორმულა, არამედ ზოგიერთი ახალიც. ესე იგი, სირთულის ზედა ზღვარის აწევისას ფორმულების რაოდენობა რეალურად იზრდება. შემდეგ ნაჩვენები იყო, რომ გამოყვანილ ფორმულათა სიმრავლეს ნულოვანი კლასი მთლიანად შეიცავს. და ბოლოს, დამტკიცდა, რომ ჭეშმარიტი ფორმულების სიმრავლე არ თავსდება იმ ზღვრულ კლასშიც კი, რომელიც მიიღება უსასრულობისაკენ სირთულის მაჩვენებლის სწრაფვისას. ცნობილმა მათემატიკოსმა ი.მანინმა ამ სიტუაციას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „გამოყვანადობა უსასრულო კიბის პირველ საფეხურზეა მოთავსებული, ხოლო ჭეშმარიტება საერთოდ ამ კიბის ზემოთ იმყოფება სადღაც“. ერთი სიტყვით, მანძილი გამოყვანადობიდან ჭეშმარიტებამდე იმდენად უზარმაზარია, რომ თუ ერთიანად განვიხილავთ, შემეცნების საქმეში მკაცრი ლოგიკის როლი შეიძლება, უბრალოდ, უგულვებელყოფილ იქნას. როგორც ჩანს, ის საჭიროა შედეგისთვის გასაგები, დამაჯერებელი ფორმის მისაცემად, მაგრამ შედეგის მიღების მექანიზმი სრულიად სხვაა. შემთხვევითი არ არის, რომ მათემატიკოსებისგან არაიშვიათად შეიძლება გავიგონოთ შემდეგი ფრაზა: მე ჯერ მივხვდი, რომ ეს თეორემა სწორია და მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავამტკიცო. რას ეყრდნობიან მათემატიკოსები თავის შემოქმედებაში, რომლის არსის ახსნა მათ, როგორც წესი, არ ძალუძთ? ამ კითხვაზე პასუხს გვკარნახობს შესანიშნავი თეორემა, რომელიც 70-იანი წლების ბოლოს დაამტკიცეს ამერიკელებმა პარისმა და პარინგტონმა. ამ თეორემიდან გამომდინარეობს, რომ შედარებით მარტივი არითმეტიკული ჭეშმარიტებების დადგენაც კი შეუძლებელია, თუ არ მივმართავთ აქტუალური უსასრულობის წარმოადგენს იგი? აქტუალური უსასრულობა უკვე არითმეტიკის მიღმა კატეგორიაა. არითმეტიკაში, რასაკვირველია, არის უსასრულობა. ოღონდ პოტენციური _ შესაძლებლობა ნებისმიერ რიცხვს ერთიანი მივუმატოთ. ეს აბსტრაქციის არცთუ მაღალი დონეა. ჰუსარი ოპერეტაში აცხადებს, რომ შეუძლია დალიოს რამდენიც გინდა შამპანური, და კიდევ ორი ბოთლი. ჰუსარის შემთხვევაში ჩვენ თითქმის მზად ვართ ეს დავიჯეროთ: ჰუსარი იმის ჰუსარია, რომ ყოველთვის მზადაა დალიოს „კიდევ ორი ბოთლი“. მაგრამ ჰუსარი თუ იტყოდა, რომ მან უკვე დალია ბოთლების უსასრულო რაოდენობა, ამ განცხადებას მივიღებდით, როგორც აბსურდულს. მაგრამ სწორედ ესაა აქტუალური უსასრულობა _ უსასრულობა, რომელიც არსებობს როგორც რეალური ობიექტი ერთდროულად ყველა თავის ელემენტით. ცხადია, მატერიალურ სამყაროში მას არსებობა არ შეუძლია. მაგრამ იმ დამატებით სივრცეში, სადაც ჩვენი აზრი ქრის, ის არა მხოლოდ არსებობს, როგორც ამას პარის-ჰარინგტონის თეორემა მოწმობს, არამედ შემოქმედების აუცილებელ წყაროს წარმოადგენს.
ასე გამოაშკარავდა სიყალბე სამყაროს სურათისა, რომელზეც გავიზარდეთ და ახლა ჩვენს შვილებს ვზრდით. და სწორედ ესაა ჩვენი უბედურების და კრიზისების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი.
შეიძლება კი რედუქციონიზმი უვნებლად მივიჩნიოთ, თუკი მას ოხლოკრატიისკენ მივყავართ, ხელისუფლებისკენ, რომელიც ბრბოს წუთიერი ვნებებით იმართება, რასაც შემდეგ უცილობლად მოჰყვება ტირანია? მახინჯია, აგრეთვე, ევოლუციონიზმის ნაყოფიც. ის გვაიძულებს კაცობრიობის ისტორიას ვუყუროთ, როგორც კანონზომიერ აღმასვლას ველურობიდან ცივილიზაციისკენ, აქედან კი გამომდინარეობს რასიზმის ყველა სახესხვაობა, ჩვენს პლანეტას რომ ჯიჯგნის. სრულიად ნებისმიერად აღებული კრიტერიუმებით, ზოგიერთი ხალხი სხვა ხალხის მიერ ცხადდება  განვითარების უფრო ადრეულ სტადიაზე მყოფად, ხოლო ევოლუციონიზმის თვალსაზრისით, უფრო ადრეული ნიშნავს უფრო პრიმიტიულს, ანუ არასრულფასოვანს, ბოლომდე ვერგაადამიანურებულს. არაიშვიათად შეიძლება გაიგონოთ, როგორ მსჯელობს ევროპელი ზანგებზე: „ეს-ესაა ხეებიდან ჩამოძვრნენ და მოინდომეს ამათაც…“ აქ უკვე აშკარა სახითაა წარმოდგენილი თავდაპირველი დარვინიზმი (სწორედ ის, ათეისტების აღფრთოვანება რომ გამოიწვია), რომელიც დაიყვანება მტკიცებამდე, ვითომცდა, ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა.
რაც შეეხება რაციონალიზმს, ამ სულიერი შხამის ტოქსიკურობა ჩვენ, რუსებმა, საკუთარ თავზე უფრო მეტად ვიწვნიეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. ოდესღაც გვითხრეს, რომ მარქსის სწავლება ყოვლისშემძლეა, რადგან სწორია. მაგრამ რაში მდგომარეობდა სისწორის კრიტერიუმი? თუმც კი მარქსისტები დღენიადაგ აცხადებდნენ, ყველაზე უტყუარი პრაქტიკის კრიტერიუმიაო, ის მათ არ გამოუყენებიათ; სწავლება ბაყაყებზეც კი არ ჰქონდათ შემოწმებული,  უმალ მოინდომეს მთელი კაცობრიობისთვის მიესადაგებინათ… რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, სწორედ თეორიის სიცხადითა და სიმარტივით მოიხიბლნენ, რაშიც გამოვლინდა ტიპური რაციონალიზმი. რა შედეგები გამოიღო ამან, ყველას კარგად მოეხსენება… ასე, რომ, ყალბი ფილოსოფიის დამღუპველობის შეუფასებლობა დაუშვებელია. ასეთი ფილოსოფია მყისვე უნდა უკუვაგდოთ. მაგრამ სიცრუისა თუ ცთომილების უკუგდება, რასაკვირველია, საქმის ნახევარია, საჭიროა შევიცნოთ ჭეშმარიტება. მისი ძიება _ უკვე სხვა, უფრო რთული თემაა. ჭეშმარიტებისკენ უნდა ვიაროთ არა მხოლოდ გონებით და გრძნობით, არამედ ცხოვრებითაც. ეს უდიდესი ხელოვნებაა, რომლის დაუფლების შემთხვევაში, ადამიანი ყველაზე ძვირფას ჯილდოს მიიღებს. აქ უკვე აღარ გვაქვს ადგილი და დრო საიმისოდ, რომ ეს სერიოზული საუბარი წამოვიწყოთ. მაგრამ ზოგიერთი მინიშნება, რომელიც უახლეს მეცნიერულ მასალაში მოიპოვება, გვსურს გაგაცნოთ დასკვნის სახით.
კვანტური ფიზიკის დადებით მტკიცებას წარმოადგენს თეზისი, რომ ყოფიერების უმაღლესი რეალობა უნივერსალური ფსი-ფუნქციაა, რომელიც მართავს მთელ სამყაროს, როგორც ერთიან და მთლიან სისტემას, ანუ აქტუალური უსასრულობა ობიექტური შემოქმედების ფუნქციით. მოლეკულური ბიოლოგიის დადებითი მტკიცება მდგომარეობს თეზისში, რომ ყოველი ცალკეული არსების სიცოცხლე ორგანიზებულია დნმ-ის ტექსტის მიერ, რომელიც წარმოადგენს ფრაგმენტს რაღაც უსასრულოდ ბრძნული სიტყვისა, სისრულეს რომ ფლობს. მათემატიკური ლოგიკის დადებით მტკიცებას წარმოადგენს თეზისი, რომ მათემატიკური შემოქმედებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აქტუალური უსასრულობის იდეა, რომელიც მათემატიკის მიღმაა და რომელსაც ადამიანი გონებით კი არ შეიმეცნებს, არამედ მისტიურიად ეზიარება.
ამის წამკითხველი იგრძნობს, უცებ როგორ დაჰბერა რაღაც ძალზე ნაცნობმა. მაგრამ რამ? გავიხსენოთ, თუნდაც: „პირველითგან იყო სიტყუა, და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუა იგი“ (იოანე 1.1). და შემდეგ: „მის თანა ცხორებაი იყო“ (იოანე 1.4).
თუ გავიხსენებთ, რა თქვა ოდესღაც ალექსანდრ პოუპმა: „არასაკმარისი ცოდნა საშიში რამაა. თავისუფლად სვი ცოდნის წყაროდან, ან საერთოდ ნუ მიეკარები. დალევ ცოტას _ დათვრები ოდენ, დალევ მეტს _ ისევ გამოფხიზლდები“. ამ სიტყვების სამართლიანობა მეცნიერების ისტორიამ დაადასტურა. როდესაც მეცნიერება ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და პირველ წარმატებებს აღწევდა, თავისი მოჩვენებითი ყოვლისშემძლეობისგან თავბრუ დაეხვა, და ჭეშმარიტებაზე მონოპოლია გამოაცხადა. ახლა, სიმწიფის ასაკს მიაღწია, მეტი გაიგო და ნელა, მაგრამ განუხრელად  იწყო დაბრუნება იმ მსოფლმხედველობასთან, რომელიც ოდესღაც კაცობრიობას გამოცხადების გზით მიეცა. ოღონდ დაბრუნება უკვე ხდება ახალ დონეზე, ზოგადი რელიგიური და ეთიკური ჭეშმარიტებები კონკრეტული შინაარსით ივსება, რაღაც ზუსტდება და ემატება. და სწორედ ამ დინამიკის გააზრება უნდა დაგვეხმაროს მართებულად გადავჭრათ ცოდნისა და რწმენის თანაფარდობის საკითხი, კვლავ აქტუალური რომ გახდა. ჯერ ერთი, დინამიკურია თვით „ცოდნის“ ცნება, თუ გუშინ მასში მხოლოდ რაციონალური „შემეცნება“ იგულისხმებოდა, დღეს ის უკვე მოიცავს „მეტათეორიებს“ _ ინტუიციურისა და თვით „ზებუნებრივის“ შეცნობის პირობების შესწავლას; მეორეც, არ არის მართებული საკუთრივ დავა გონების ან გრძნობის პრიმატზე, რადგან ჩვენს სულში პირველი მუდმივად გადაედინება მეორეში, ან მასში მნიშვნელოვან ცვლილებებს ამზადებს, მაშინაც კი, როცა ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ.
დიდმოწამე ბარბარე რელიგიამდე მივიდა, როდესაც თავისი კოშკიდან ქმნად სამყაროს უმზერდა, თუმცა ამის გამო მისი რელიგია გნოსტიკური არ გამხდარა. ნიუტონმა საყოველთაო მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, როდესაც ცდილობდა ამოეხსნა ღმერთის განგებულება ქმნად ყოფიერებასთან მიმართებაში, თუმცა ამის გამო მისი ფორმულა არამეცნიერული არ გამხდარა. ყველას აქვს უფლება ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ის გზა აირჩიოს, რომელზეც სიარული უადვილდება, _ მთავარია, არსებობდეს სწრაფვა ჭეშმარიტებისკენ. თანამედროვე მეცნიერება-კვლევას აქვს ეს სწრაფვა, და ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რა შესანიშნავი შედეგები მოაქვს მას. როგორც ჩანს, ბერდიაევი მართალი ყოფილა: ათეიზმი ღმერთის შემეცნების მხოლოდ და მხოლოდ დიალექტიკური მომენტი აღმოჩნდა.
თარგმნა ირაკლი ლომოურმა

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий