"ეს ჩემი სიტყვები კი არაა, არამედ ნეტარი პავლესი, რომელმაც თქვა: ჰბაძავდეთ მადლთა ამათ უფროისთა, და მერმე აღმატებული გზაი გიჩუენო თქუენ ( 1 კორ. 12, 31) წარმოგვიდგენს რა არა სასწაულთმოქმედების ნიჭს, არამედ სიყვარულს - ყოველგვარი სათნოების საფუძველს. ამრიგად, თუკი ვივარჯიშებთ სიყვარულში და მასზე დაფუძნებულ სხვა სათნოებებში, არანაირი საჭიროება აღარ გვექნება სასწაულთმოქმედებისა; პირიქით, თუკი სიყვარულში არ ვივარჯიშებთ, ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ სასწაულებიდან."
"შეხედე წმიდანთა მთელს კრებულს, რომელიც სასწაულებით არ გაბრწყინებულა. მრავალნი ეშმაკებსაც კი განასხამდნენ, მაგრამ ამის გამო, რომ უსჯულოებდნენ, არა მხოლოდ ვერ გახდნენ საკვირველნი, არამედ სასჯელიც დაიმსახურეს. მაგრამ - იტყვი შენ,- რამ განადიდა მოციქულები? სიმდიდრის უგულებამ, დიდების მოძულებამ, ყოფითი საზრუნავებისგან თავისუფლებამ. ეს რომ არ ჰქონოდათ, არამედ ვნებათა მონებად დარჩენილიყვნენ, მიცვალებულთა მთელი სიმრავლეც რომ აღედგინათ მკვდრეთით, არა მხოლოდ ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდნენ, არამედ მატყუარებადაც ჩაითვლებოდნენ. ამრიგად, ერთი სიცოცხლე ყველგან ბრწყინავს; მხოლოდ მისით მიიზიდება სილიწმიდის მადლი. მაინც რა სასწაული აღასრულა იოანემ, თავისკენ მრავალი ქალაქი რომ მიიზიდა? ის რომ სასწაულებს არ სჩადიოდა, მოუსმინე მახარებელს, რომელიც ამბობს: იოვანე სასწაული არარაი ქმნა ( იოან. 10, 41). ილია რიღათი იქცა საკვირველად? განა არა კადნიერებით მეფის წინაშე? განა არა ღმრთისადმი მოშურნებით? განა არა სიგლახაკით, განა არა ცხოვრებით გამოქვაბულსა და მთებში? სასწაულები მან ყველა ამ ღვაწლის შემდეგ ჩაიდინა.
განა რაიმე სასწაულით გააოცა იობმა ეშმაკი? არანაირ სასწაულებს არ სჩადიოდა იგი, არამედ ბრწყინვალე ცხოვრება და მოთმინება აჩვენა, ანდამატზე უმცირესი.
მაინც რა სასწაული ჩაიდინა დავითმა, ჯერ კიდევ ყრმამ, როდესაც ღმერთმა თქვა მასზე: ვპოვე დავით, ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი (საქმ.13, 22)? და აბრაამმა, ისააკმა, იაკობმა, განა ვინმე აღადგინეს მკვდრეთით? განა ვინმე განწმინდეს კეთროვნებისაგან? იცი, რომ სასწაულმოქმედების ნიჭმა ჩვენი დაუდევრობის გამო, ხშირად შესაძლოა გვავნოს კიდეც? ასე მრავალი კორინთელთაგან განხეთქილებაში ჩაცვივდნენ; მრავალნი რომაელთაგან გაამპარტავდნენ; სვიმონი განგდებულია და როდესაც მოისურვა ქრისტეს გაჰყოლოდა, არ აღმოჩნდა ღირსი, გაიგონა რა: მელთა ხურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოველი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს ( ლუკ. 9, 58). ყველა ისინი, განგდებულ იქნენ და დაიღუპნენ, მაგრამ მოშურნე ცხოვრება და სათნოებისადმი სიყვარული, არა მხოლოდ არ ბადებს ასეთ სურვილს, არამედ რომც ყოფილიყო მოსპობდნენ მას. და რას ამბობდა ქრისტე, როდესაც მოწაფეებს კანონებს ასწავლიდა? განა უთხრა: იქმოდეთ სასწაულებს, რათა იხილონ კაცთა? სრულიადაც არა. მაშ რას? ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა ( მათ.5, 16).
არც პეტრესთვის უთქვამს: თუ მე გიყვარვარ სასწაულებს იქმოდეო; არამედ - დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი ( იოან. 21, 17) და თუკი იაკობთან და იოანესთან ერთად უფალი მას სხვა მოციქულთაგან გამოარჩევდა, მითხარ, რისგან იყო ეს რჩეულობა? განა სასწაულთა გამო? მაგრამ ყველა ისინი ერთნაირად განსწმენდნენ კეთროვნებს, აღადგენდნენ მკვდრებს; უფალმა ყველას თანაბრად მისცა ყველანაირი ძალაუფლება. მაშ რაში იყო მათი უპირატესობა? სულიერ ღვაწლში! ხედავ ყველგან საჭიროა ცხოვრობდე და იქმოდე საქმეებს. ნაყოფთა მათთაგან, - ამბობს უფალი, - იცნნეთ იგი (მათ. 6, 16) ჩვენს ცხოვრებას რაღა შეადგენს? სასწაულთა ქმნა, თუ საქციელის გამოსწორება? ცხადია, რომ ეს უკანასკნელი. სასწაულმოქმედებებს თავისი საწყისიც აქა აქვთ და ბოლოც.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий