вторник, 5 сентября 2017 г.

კრწანისის ტრაგედიის რუსული პრელუდიები





როგორ წააქეზა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარმა ირანი ქართლ-კახეთის წინააღმდეგ
მამუკა ნაცვალაძე

(26.08.2017)

1795 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. სპარსეთის იმდროინდელი მმართველის აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის დარბევამ საფუძვლიანად შეარყია ქართლ-კახეთის სამეფო. ერთიანად ააოხრეს ირანელებმა თბილისი, ტრაგედიის მასშტაბების გაცნობიერება იოლი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად განადგურდა უნიკალური სამეფო არქივი, ბიბლიოთეკა, სტამბა... და რაც მთავარია, ამ ვანდალიზმის შედეგად, თუ არ ჩავთვლით სიონს, ანჩისხატსა და მეტეხს, თბილისში დანგრევისაგან მხოლოდ სამეფო სასახლე გადარჩა.
ამ ტრაგედიის მთავარი შედეგი ის გახლდათ, რომ ფაქტობრივად დროის ამბავი იყო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის საოცნებო გეგმის დასრულება.
გადამწყვეტი ბრძოლა 8-11 სექტემბერს კრწანისში გაიმართა, მართალია, მთავარი მტერი სახიჩარი აღა-მაჰმად ხანი გახლდათ, თუმცა, დიდი როლი ითამაშა რუსულმა დიპლომატიამ, რომელმაც სრული კარტ-ბლანში მისცა ირანელებს.



სწორედ კრწანისის ტრაგედიას ახლდა საკმაოდ საინტერესო დიპლომატიური პრელუდიები, რომელიც კიდევ ერთხელ აშიშვლებს რუსეთის იმპერიულ სურვილებსა და მისწრაფებებს. ქართველთა მარცხი, რომელმაც ფაქტობრივად შეამზადა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის საბოლოო ეტაპი, იყო იმპერიული რუსეთის დიდი გამარჯვება...
როგორ დაარღვია ერთმორწმუნე რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატი
არადა, თითქოს ყველაფერი პირიქით უნდა იყოს - 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში გაფორმებული რუსეთ-საქართველოს ტრაქტატის მეორე პუნქტი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ცალსახად ავალდებულებს ქართლ-კახეთში 2 ბატალიონის განლაგებას, რომელიც 4 ზარბაზნით უნდა იყოს აღჭურვილი. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის საგარეო საფრთხეების დაცვა კი იმავე ტრაქტატის მეექვსე მუხლითაა განსაზღვრული.
სწორედ ამ გადასახედიდან ჩნდება კითხვა - კრწანისის ომისას სად არის რუსთა ის ჯარი, რომელსაც ქართლ-კახეთის სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება გააჩნია? რატომ არ იდგა რუსთა 2 ბატალიონი 4 ზარბაზნით თბილისში ამ უმნიშვნელოვანესი მომენტის დროს?
ეს ის კითხვებია, რომლებსაც კონკრეტული პასუხები აქვს. ყველაფერი რუსთა ბატალიონის საქართველოში შემოსვლით იწყება. 1783 წლის ოქტომბერში ტრაქტატით გათვალისწინებული პირობის თანახმად რუსეთის ორმა ბატალიონმა 4 ზარბაზნით საქართველოს საზღვრები გადმოკვეთა. 3 ნოემბერს პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა ქალაქის გარეუბანში, ვაკეზე (სავარაუდოდ დღევანდელი საბურთალოს მიდამოებში) ერეკლეს წარუდგინა რუსის ჯარის ხელმძღვანელობა.
თავიდანვე აშკარა გახლდათ, რომ ჯარის ეს რაოდენობა არასაკმარისი იყო პრობლემების მოსაგვარებლად. ლეკთა თარეში მთავარი სატკივარი გახლდათ და საქმეში გამოჩნდა, რომ ეს ორი ბატალიონი ამ მხრივ ვერაფრის მაქნისი იყო, სამაგიეროდ სულ მალე გაირკვა, რომ რუსთა ჯარს არა ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვა, არამედ ერეკლეს კონტროლი და მისი მარწუხებში მოქცევა ევალებოდა.
1785 წელს, ოსმალეთის წაქეზებით, ხუნძახის ხანი ომარი ოციათასიანი ლაშქრით თავს ესხმის საქართველოს. ამ სამხედრო ოპერაციას შედეგად ახტალის სამთამადნო წარმოების განადგურება მოსდევს.

რუსეთმა არაფერი იღონა ლეკთა თარეშის აღსაკვეთად - ეს პირველი პრეცედენტია ჩრდილოელი ერთმორწმუნის მხრიდან გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევისა.
1787 წელს რუსეთმა ოსმალეთთან ომის საბაბით - იმ მიზეზით, რომ ქართლ-კახეთი ოსმალთა სამიზნე არ გამხდარიყო, ის ორი ბატალიონი საქართველოდან გაიწვია. ეს მეორე ფაქტი გახლდათ რუსეთის მიერ ტრაქტატის ფეხქვეშ გათელვისა.
1791 წელს დასრულდა თურქეთთან ომი, თუმცაღა, მაინც არაფერი შეცვლილა - მიუხედავად ერეკლეს მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა, რუსეთს ჯარი აღარ შემოუყვანია.

რატომ ითამაშა ერეკლემ ბოლომდე წაგებული თამაში
რუსულმა ავანტიურამ თავისი საქმე გააკეთა - მუსლიმანურ სამყაროში ერეკლესადმი ნდობა ფაქტობრივად ნულამდე დასცა, რუსეთთან კავშირი და გეორგიევსკის ტრაქტატი უმნიშვნელოვანესი გამაღიზიანებელი ფაქტორი გახლდათ როგორც ოსმალეთისათვის, ისე ირანისთვის. ის დიპლომატია, მრავალმხრივი პოლიტიკური გათვლები და ლავირება, რითაც მამა-შვილის, ერეკლესა და თეიმურაზის ტანდემი გამოირჩეოდა, ფაქტობრივად წარსულს ჩაბარდა.
მიუხედავად ამისა, ერეკლე რუსეთის ზურგს უკან ცდილობს, ურთიერთობა დაამყაროს ავსტრიის იმპერატორთან, არის ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობის მოწესრიგების ცდებიც, მაგრამ საბოლოოდ ის იძულებულია, ბოლომდე ითამაშოს წაგებული თამაში - არ გადაუხვიოს არჩეულ კურსს.
ეს ის დროა, როცა საქართველოში რუსეთის ჯარი აღარ აკონტროლებს ერეკლეს, ბურნაშევმა იზრუნა აგენტურის მრავალმხრივი სპექტრის შექმნისთვის, რომელიც რუსულ იმპერიულ პოლიტიკას ემსახურება. აგენტებს შორის არიან რუსი და რუსეთის ხელდასხმული უცხოელი რეზიდენტები, სომხური ეკლესია და სომხური თემი, ქართველობაც, რომელთაც ამბიციები ამოძრავებთ - სასახლის კარზე საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია, რაც არანაკლებ მტკივნეულია სახელმწიფოსათვის. და ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და, რაც მთავარია, შიგნიდან ღრღნის ქართლ-კახეთის სამეფოს.
მიუხედავად ამ მრავალწახნაგოვანი რუსული იმპერიული ხაფანგებისა, ერეკლე არ ცდილობს პოლიტიკური კურსის შეცვლას.

ბერძნული პროექტი, ანუ ამბავი ქრისტიანული პოლიტიკური გლობალიზაციისა
ერეკლეს თავისი გათვლები აქვს - რუსეთში მზადდება "ბერძნული პროექტი", რომელიც რუსეთის სატელიტი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. აქ მოიაზრება ბალკანეთის ქრისტიანობა, ასევე კავკასიაც. ეს გახლავთ გარკვეული ცდა ქრისტიანული გლობალიზაციისა - დაახლოებით იმის მსგავსი, რასაც მაჰმადიანურმა სამყარომ რეალურად მიაღწია. ამ გლობალიზაციისას ეროვნულ ფაქტორს დიდი ყურადღება არ ექცევა, მთავარია ის პოსტულატები, რომლებსაც რწმენა სთავაზობს. რწმენის გარშემო იკვრება ერთიანი სივრცე, რაც აქ შემავალი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ერთგვარი პოლიტიკური ჯავშანია.
სწორედ ანალოგიური მოდელი იკვეთება ქრისტიანულ სამყაროშიც. ქრისტიანული გლობალიზაციისას ის პრინციპები, რასაც ქრისტეს რჯული ქადაგებს, ყველასთვის ერთნაირად მისაღებია და ამ ფონზე უფროს-უმცროსობას სიმბოლური დატვირთვა რჩება მხოლოდ. ამ პროცესებში ჩართულია არა მარტო რუსეთი, არამედ ავსტრიის იმპერატორიც, რომელთანაც საკმაოდ ჯიუტად ცდილობს ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას ერეკლე.
სწორედ ამ ფონზე ჩანს კარგად ის, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი კავკასიიდან ირანსა და ოსმალეთს გააძევებს, ამიტომაც ერეკლე არ ცვლის სტრატეგიულ კურსს და ცდილობს მაქსიმალურად რუსეთის გააქტიურებას კავკასიაში, თუმცა, უშედეგოდ...
ამ იგნორირებასაც თავისი ახსნა აქვს - ერეკლე რუსეთის საიმპერატორო კარისთვის არასდროს ყოფილა მოკავშირე, რუსეთს არასდროს უცდია ქართული რეზერვების ამუშავება ერთიანი ქრისტიანული გლობალური სახელმწიფოს შექმნის მიზნით, რაც მისი მარადიულო ოცნების - ხმელთაშუა ზღვის სრუტეების კონტროლის წინაპირობა იყო. სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი ქართველ მეფეებს ყოველთვის მოწინააღმდეგეებად თვლიდა და რაც მთავარია, სწორედ მაშინ - მეთვრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან ყალიბდება პოლიტიკური ურთიერთობის ის პოსტულატი, ჩიხში რომ აქცევს დღევანდელ რუსეთს. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ცალსახად ანტირუსულ მოვლენად მიაჩნია ეკატერინა მეორესაც და რუსეთის დღევანდელ ხელისუფალსაც.

რატომ უთმობდა აღა-მაჰმად ხანი ერეკლეს აზერბაიჯანს
მას შემდეგ, რაც 1779 წელს გარდაიცვალა ირანის მმართველი ქერიმ ხანი, დაიწყო ბრძოლა ტახტის ხელში ჩასაგდებად. ყველას აღა-მაჰმად ხანმა აჯობა - ეს ის აღა-მაჰმადია, 12 წლის ასაკში ქერიმ ხანმა რომ დაასაჭურისა. ძალიან რთულია ირანის შაჰის ტახტზე ასვლა, უფრო რთულია მისი შენარჩუნება, ამიტომაც საკმაოდ საინტერესო სვლებს აკეთებს სახიჩარი.
1786 წელს ირანს თავადი ზაქარია ციციშვილი სწვევია. ეს არ გამოჰპარვია ირანის მმართველს, შეხვედრია ქართველს და უთხოვია მისთვის ქართლ-კახეთის მეფესთან დაკავშირება, რათა ამ უკანასკნელის საშუალებით რუსეთის საიმპერატორო კარზე გასულიყო. სამაგიეროდ ამ სამსახურისთვის აღა-მაჰმად ხანი ერეკლეს მთელ აზერბაიჯანს უთმობს. ეს დოკუმენტი რუს ავტორ ბუტკოვს აქვს მოყვანილი.
ეს ის დროა, როცა რუსეთი ირანში ორმაგ თამაშს თამაშობს - პოლიტიკური ბალანსის შესანარჩუნებლად აღა-მაჰმად ხანსაც ეხმარება და მის მოწინააღმდეგეებსაც.
წყაროებში არ არის ცნობილი, რა განვითარება ჰპოვა ამ წინადადებამ, სავარაუდოდ, ყველაფერი იდეის დონეზე დარჩა, რამდენადაც რუსეთის საიმპერატორო კარი სულ მალე თავად გავიდა აღა-მაჰმად ხანთან კავშირზე და საკმაოდ მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობაც დაამყარა.
სწორედ ამიტომაც ირანის სახიჩარმა მმართველმა შეიცვალა ტონი - 1792 წლიდან ერეკლეს კატეგორიულად მოსთხოვა რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და ირანის მორჩილება. ყველაზე საცნაური კი სწორედ ისაა, რომ სახიჩრის ეს შეცვლილი რიტორიკა საეჭვოდ ემთხვევა ირანისა და რუსეთის დიპლომატიურ დაახლოებას.
რატომ არ აღმოჩნდა საქართველოში კრწანისის ომისას რუსთა ჯარი
უკვე ნათელია, რომ აღა-მაჰმად ხანი საქართველოზე ლაშქრობას გეგმავს, ამიტომაც მიმართავს ერეკლე რუსეთს და სთხოვს გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შესრულებასა და საქართველოში ორი ბატალიონის გამოგზავნას.
საკმაოდ უცნაური და ბუნდოვანია რუსეთის პასუხი. 1792 წლის 8 მაისის რესკრიპტით ეკატერინა მეორე გენერალ გუდოვიჩს ატყობინებს: "ამჟამად საქართველოში ჯარის გაგზავნა მიზანშეწონილი არ არის, უნდა დაველოდოთ უფრო ხელსაყრელ დროს, რომლის შესახებაც არ ღირს ახლა მსჯელობა".
სწორედ ამ უცნაურ პასუხზე აკეთებს საკმაოდ საინტერესო კომენტარს ივანე ჯავახიშვილი: "გამოდიოდა, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ ჰქონდა ძალა, როდესაც ამას რუსეთი საჭიროდ დაინახავდა და არა მაშინ, როცა საქართველოს უჭირდა."
1794 წელს ანალოგიური მოთხოვნით რუსეთში ჩადის გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც ეკატერინას ხვდება და სთხოვს, შეასრულოს ტრაქტატით გათვალისწინებული პირობები. მას შეხვედრები აქვს იმპერიის მაღალჩინოსნებთან - კანცლერ ბეზბოროდკოსა და ვიცე-კანცლერ ოსტერმანთან, თუმცა, ყველაფერი მთავრდება საკმაოდ უცნაურად - ერთმორწმუნე ჩრდილოელმა პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა არც გარსევან ჭავჭავაძე და არც ერეკლე მეორე.
არადა, საფრთხე აშკარაა, ერეკლეს საკმაო კავშირები აქვს ირანში და იცის, რომ აღა-მაჰმად ხანი უახლოეს ხანში საქართველოსკენ დაიძვრება, ამიტომაც რამე უნდა იღონოს და დგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ძალიან გვაგონებს ფრაზას - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო. მეფე კავკასიის ხაზის მთავარსარდალს, გენერალ გუდოვიჩს უგზავნის წერილს და სამი ათასი ჯარისკაცის გამოგზავნას სთხოვს. არადა, გუდოვიჩი რომ ამ საკითხს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს, ამას რა მიხვედრა სჭირდებოდა. ბუნებრივია, ეს კარგად იცის ერეკლემ, მაგრამ ყველა გზას მიმართავს. ის არც საკუთარ მეფურ პატივმოყვარეობას დაგიდევთ, როცა საქმე მის სამეფოსა და ხალხს ეხება...
1795 წლის ივლისში გარსევან ჭავჭავაძე კიდევ ერთხელ, საკმაოდ კატეგორიულად ითხოვს რუსეთისგან ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, მაგრამ ჩრდილოელი ერთმორწმუნე ისევ დუმს... პასუხის ღირსადაც კი არ თვლის ქართველებს...
1795 წლის 4 აგვისტოს აღა-მაჰმად ხანი დაიძრა საქარველოსკენ... აშკარაა, რომ ირანელს რუსეთისგან სრული კარტ-ბლანში აქვს...
და სულ მალე ქართველთა და ირანელთა მონაწილეობით გათამაშება დიდი ტრაგედია, რომელშიც მოგებული სულ სხვა ძალა, რუსეთი დარჩება..







წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий