вторник, 28 июня 2016 г.

მთავარეპისკოპოსი ზენონი: „მსოფლიო საპატრიარქოს სერიოზული მოცილე-მეტოქე კი, ამ ეტაპზე დამარცხდა“


კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო კვლავ ადასტურებს, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება ყველა ეკლესიისთვის, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა წმიდა და დიდ კრებაში ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის დელეგაცია.
„თქვენ ჩამოხვედით დემოკრატიული ქვეყნიდან, სადაც ყველასგან ელოდებიან არჩევნებში მონაწილეობას. სამწუხაროდ, დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა არ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია?“ – ასე უპასუხა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, არქიეპისკოპოსმა იობმა რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. 

ეს კი ჩემი მოსაზრებაა, მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებითა და ინფორმაციების გათვალისწინებით:
მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ანტიოქიის საპატრიარქოს თანხმობის არსებობის ან არ არსებობის საკითხის გარშემო არსებული ბუნდოვანება, ერთის მხრივ, გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს ლეგიტიმაციას. რადგან ფურცელზე აღნიშნულია, რომ მსოფლიო საპატრიარქო კრებას იწვევს ყველა ადგილობრივი ეკლესიის დასტურით. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყატარის ეპარქიის გარშემო არსებული ცილობა ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებას გავს, მიმართული დიდი კრების მოწვევის წინააღმდეგ. რადგან ადგილობრივმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა, დიდ კრებამდე ვერ შეძლეს, თუ „არ შეძლეს“ საკითხის გადაწყვეტაში პოზიტივის შეტანა, საფიქრებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქო თვლიდა (და არა მხოლოდ იგი), რომ ყატარის პრობლემა, კრების გამართვის ხანგრძლივ ვადიან უპერსპექტივობას მოასწავებდა, ან ზოგადად, გამიზნულ ხელოვნურ დაბრკოლებას. ამიტომ, იყო რა 13 ადგილობრივი ეკლესიის ცალსახა დასტური და ანტიოქიის საპატრიარქოს გამოხატული სურვილი, ზოგადად კრების მოწვევის სასარგებლოდ, მსოფლიო საპატრიარქომ კრების გადადება, მისი ისტორიული მსოფლიო ავტორიტეტისა და პატივის „მრყეველის“ პოზიციების გამყარებად მიიჩნია. შექნილი პრობლემა, ხელოვნური დაბრკოლების ხასიათს განაკუთვნა და რეგლამენტის ქვემდებარობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.
1200 წლის შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქომ, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების, მსოფლმხედველობის, აღმოსავლურმა ისტორიულმა სულიერმა ცენტრმა, პირველად მოახდინა მსოფლიო მასშტაბის „მსოფლიოობის“ დემონსტრირება. ფაქტია, ეკლესიის უმრავლესობამ, მისი პოზიცია დაიცვა და გაამყარა. მსოფლიო საპატრიარქოს სერიოზული მოცილე- მეტოქე კი, ამ ეტაპზე დამარცხდა.
რაც შეეხება, ანტიოქიის, ბულგარეთის და საქართველოს ეკლესიებს. კონსტანტინოპოლის გადმოსახედიდან ეს ეკლესიები, ამიერიდან განიხილებიან და აღიქმებიან მისთვის, როგორც მისი საყოველთაო, საერთაშორისო, ისტორიული და ეკლესიური ავტორიტეტის წინააღმდეგ, ნებსით თუ უნებლიედ მოქმედი საპატრიარქოები, რომლებიც ახალ რომსა და „მესამე რომს“ შორის არჩევანში, ახალი რომის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. მსოფლიო საპატრიარქოს მიერ რეკომენდირებულ პროექტებს, დაუდგინეს რა ეკლესიოლოგიური, კანონიკური და დოგმატური ხარვეზები, შეუსმენლობის მიზეზით, კონსტანტინოპოლს კრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განუცხადეს. არა მხოლოდ კრებაში, არამედ, საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მიღებაზეც. ამ ეტაპზე, მართლმადიდებელთა საყოველთაო ერთობა არ დადასტურდა.
აღნიშნული, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ შეფასებული არის როგორც დიდი გაკვეთილი. ამ დასკვნამდე მივყავართ მსოფლიო საპატრიარქოსა და ზოგიერთი ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელთა კომენტარებს. აღნიშნულს მათი საეთერო გამოსვლების პათოსიც ადასტურებს. ასეთი აზრის გამოხატვის უფლებას გვაძლევს მიმდინარე განვითარებული მოვლენები, კომენტარები და შეფასებები, რაც გამოითქვა ეკლესიების წარმომადგენლების მხრიდან მსოფლიო მასმედიური საშუალებებით, კვალიფიციური ექსპერტებისა და თემით დაინტერესებული პრესით. რაც შეეხება, პროექტებში არსებულ „დოგმატურ-ეკლესიოლოგიურ ცდომილებებს“, რომლის შესახებ ზოგიერთ სინოდალურ დადგენილებებსა და წერილებში იყო საუბარი, ფაქტია, პროექტები მცირეოდენი ცვლილებებით და შესწორებებით ერთხმად მიიღეს. უმრავლესობაც იყო და კონსესუსიც.
ამჟამად, ჩვენ ყველა, კრების მიერ მიღებულ დოკუმენტებს ველოდებით. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს… შეიძლება მკითხონ: მე სად ვიყავი, დამკვირვებელის პოზიციიდან რომ ვსაუბრობ. 25 მაისის სინოდის სხდომას ვესწრებოდი. 10 ივნისის სხდომას არ ვესწრებოდი. ჩვენთან გადაწყვეტილებებს, ისე როგორც სხვა ეკლესიებში უმრავლესობა ღებულობს. წმიდა და დიდ კრებას თავის დროზე კონსესუსის პრინციპი საქართველოს ეკლესიამ შესთავაზა უმრავლესობით გადაწყვეტის პრინციპის ნაცვლად. ამავე აზრის იყო რუსეთის ეკლესიაც და ზოგიერთი სხვა ეკლესია. საბოლოოდ ეს პრინციპი მიღებული იქნა. მოხდა ისე, რომ უმრავლესობამ უმრავლესობითაც და კონსესუსითაც ჩვენს გარეშე გადაწყვიტა…

მთავაერპისკოპოსი ზენონი (იარაჯული)


წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий