რადგან მრავალი ჩემი მეგობარი და ნაცნობი, განსაკუთრებით სასულიერო პირები, მეკითხებიან შერეული ქორწინებების შესახებ, ამიტომ მოკლედ დავწერ:
IV საუკუნიდან მოყოლებული ეკლესიაში დოგმად მიჩნეულია ის განსაზღვრება, რომელიც მჭვრეტელობით ჭეშმარიტებას მიემართება, რასაც თავად ადამიანის გონება ვერ განსაზღვრავს. კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ ღვთისმსახურება ორი ფორმით ვლინდებაო, ერთი დოგმებით და მეორე კეთილი საქმეებით (კატ. 4, 2 PG 33, 456). მაშასადამე, დოგმები საღვთო გამოცხადებითი ჭეშმარიტებაა. ამიტომაც მარადიული ძალმოსილება და ავტორიტეტი გააჩნიათ მათ, რაც მთელი საეკლესიო სავსების მიერ მათი აღიარებით გამოიხატება.
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება საღვთო გამოცხადების დამცველი და განმმარტებელია, რასაც ასევე ორმაგი ფორმით გამოხატავს:საღვთო ჭეშმარიტებების ქადაგებითა და საეკლესიო კრებებზე ამ ჭეშმარიტებების დადასტურებით. დოგმების რაოდენობითობა პირობითია, რადგან ყველა თავისი შინაარსით ტრიადოლოგიური და ქრისტოლოგიურია. ამიტომაც, უცდომელობის ფაქტორი მხოლოდ დოგმატურ დადგენილებეზე ვრცელდება.
შეუძლებელია თქმა იმისა, რომ ეკლესიაში აღსრულებული ნებისმიერი ქმედება დოგმად ჩაითვალოს, რადგან ზოგი კანონის შინაარსი ადმინისტრაციულია და სხვადასხვა ეპოქებში ისინი გარკვეულ ცვლილებას განიცდიდნენ, მაგ. მოც. მე-5 კანონი იცვლება ტრულის მე-12 კანონით. ამდენად, გასაგებია, რომ ერთადერთი კომპეტენტური ორგანო კანონებში ცვლილებების შეტანის კრებაა. როდესაც ტრულის პირველი კანონი კანონის შეუცვლეობაზე საუბრობს, ის ერთეული პირების მიერ კანონების შეცვლას გულისხმობს, სხვა მხრივ როგორც აღვნიშნეთ კრება ძალმოსილია კანონის პერივლიმის ცვლილებისა, თუკი ეპოქის მოთხოვნათა საჭიროება არსებობს. ამიტომაცაა ეკლესია ხშირად მიმართავდა იკონომიის საშუალებას. ამის ნათელ დადასტურებას ტრულის მს. კრების 95-ე კანონი წარმოადგენს. ამავე კრების მეორე კანონში ნახსენებია კვიპრიანე კართაგენელის პირველი კანონი, რომელიც არ აღიარებს სხვა ეკლესიებში აღსრულებულ ნათლობას. ტრულის კრება წმ. კვიპრიანეს ამ კანონს ერთ გეოგრაფიულ ადგილას არსებულ ჩვეულებად მოიხსენებს და მის საპირისპიროდ (რადგან მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ მიიღო კვიპრიანეს მკაცრი და ხისტი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი), მიიღო 95-ე კანონი.
იგივე ითქმის შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს დოგმატურ საკითხს. ამიტომაც, ეკლესია საჭიროების შემთხვევაში მიმართავდა ქორწინების ამ ფორმას ლათინებთან, რის დადასტურებადაც გამოდგება მრავალი მაგალითი ბიზანტიის ისტორიიდან. ისტორიიდან ცნობილია, რომ გრიგოლ ნაზიანზელის დედა, ნონა ქორწინებაში იყო წარმართთან. ასევე ნეტარი ავგუსტინეს დედა მონიკა წარმართ პატრიკიოსზე იყო გათხოვილი.
ბალსამონი აღნიშნავს, რომ ივერიის მეფეები იოლად ათხოვებდნენო თავიანთ ქალიშვილებს აგარინელებზე (ბასურმანებზე, იხ. Σύνταγμα, Β΄, 473). ასევე, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე მერვეს და ანნა 989 წელს ცოლად მიყვება რუსეთის მეფეს ვლადიმირს. მიხეილ მერვის ქალიშვილი მარია (1261-1282) ცოლად მიყვება მონგოლთა მთავარს. ასევე ევდოკია კომნენი, ტრაპიზონის იმპერატორ ალექსი მესამის ქალიშვილი 1380 წელს ცოლად მიყვება თურქ საზღვაო ოფიცერს. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანდა. უბრალოდ, ცხადი ხდება, რომ საჭიროების შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესია შერეული ქორწინებების იკონომიას მიმართავდა.
საინტერესოა, რომ ეკლესია არასოდეს არ არიდებდა თავს ამგვარი ქორწინებების კურთხევას: მანუელ პირველის დიშვილის ქორწინება ოტოსთან; 1161 წლის 25 დეკემბერს საეკლესიო წესით შესრულდა ქორწინება აგია სოფიას ტაძარში მანუელ პირველი კომნენისა და პიქტავიის მთავრის ასულის. ქორწინება ალექსანდრიის პატრიარქმა სოფრონიოს მეორემ აღასრულა; ალექსი მეორე კომნენის ქორწილი ლუდოვიკო მეშვიდის ქალიშვილთან, რომელიც შესრულდა აგია სოფიის ტაძარში პატრიარქ თეოდოსიოს პირველის მიერ; ანდრონიკე მეორის, პალეოლოგის ქორწილი უნგრეთის მეფის ქალიშვილზე, რომელიც ასევე აგია სოფიაში პატრიარქ იოსებ პირველის მიერ შესრულდა. მაგალითები მრავალია და ბუნებრივია ამგვარი ტიპის ქორწინებები მხოლოდ დიდგვაროვნებზე არ იქნებოდა ნებადართული.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ შერეული ქორწინება მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არ წარმოადგენდა დოგმატური მნიშვნელობის საკითხს; ამიტომაც საჭიროების შემთხვევაში შერეული ქორწინება ყოველთვის გამოიყენებოდა ეკლესიაში.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий