понедельник, 9 мая 2016 г.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბოტანიკური ბაღისა და „პანორამის“ საკითხები?



გიორგი ცხადაია
გამოქვეყნებულია: 04 მაისი 18:26


ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რამდენად მართებული იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება და ასევე განახლდა საუბარი იმაზეც, რომ არ უნდა განხორციელდეს „პანორამა თბილისის“ პროექტიც. ამ თემებზე უფრო ხშირად აღნიშნული სფეროს სპეციალისტები აქტიურობენ ხოლმე: არქიტექტორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ნაკლებად ისმის პოლიტიკოსების და სხვა პროფესიის ადამიანების ხმა. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ამ პრობლემებს ვიწროდ პროფესიულ პრობლემებად აფასებს და ვერ სწვდება მათ უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ყოველდღიურობისთვის. ქვემოთ სწორედ იმაზე მსურს საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საცხოვრებელი სივრცე ამგვარი უხეში ჩარევებისგან იყოს დაცული.
   
ვინაიდან თბილისის ბოტანიკური ბაღის თემა უფრო ახალი და „ცხელია“, პირველ რიგში, მისით დავიწყებ. როგორც ბოლო დროს გაირკვა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია (4 ჰექტარი) გადაეცა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ფინსერვის XXI”-ს. ამ კომპანიამ სანაცვლოდ ბაღს გადასცა ასევე 4 ჰექტარი მოცულობის ტერიტორია. ერთი სიტყვით, განხორციელდა ტერიტორიების გაცვლა.დამოუკიდებელი შემფასებლების მტკიცებით, ამგვარი გაცვლა მინიმუმ ორი მიზეზით არის პრობლემური: 1) ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მართალია, ცნობილი არ არის (რაც ასევე პრობლემურია), იყო თუ არა გასხვისებული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია, მაგრამ ის, რომ მისი გასხვისება ასე დაფარულად და შესაბამისი ორგანოებისა და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე მოხდა, მიუღებელია; 2) პრობლემურია თავად ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს ამ ინციდენტში. მართალია, მმართველი გუნდი თავგამოდებით ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ივანიშვილი რიგითი მოქალაქეა, მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად ერთადერთი მსხვილი დამფინანსებლის გავლენის უარყოფა უფრო და უფრო რთული ხდება. ამგვარი გავლენის არსებობა კი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება „პანორამა თბილისს“, ეს არის ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული და მხარდაჭერილი კერძო „თანაინვესტირების ფონდის“ (ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ივანიშვილია) პროექტი, რომლის შესახებაც პირველად 2014 წელს გავიგეთ. პროექტი ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს: 1) ყოფილი „ცეკავშირის“ შენობის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას; 2) ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის გვერდით, სოლოლაკის ფერდობზე, სასტუმროს აშენებას და ბაღის მოწყობას; სოლოლაკის ფერდობი, თავის მხრივ, საბაგიროებით დაუკავშირდება „ცეკავშირის“ შენობის ტერიტორიაზე არსებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს. ფაქტობრივად, „პანორამა თბილისის“ აშენების შემდეგ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეიცვლება ქალაქის ისტორიული ცენტრი, არამედ, მასთან ერთად, მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტიც. აქაც, როგორც ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში, მიმდინარეობს საეჭვო და გაუმჭვირვალი პროცესი თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროში, რაც ივანიშვილის, როგორც კერძო ინვესტორის და გავლენიანი (ყოფილი) პოლიტიკოსის, გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
გარდა იმისა, რომ პოლიტიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით, ორივე ინციდენტი უაღრესად პრობლემურია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსაკუთრებით, „პანორამის“ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის და ქალაქის ისტორიული იერსახის სრულიად შეცვლის მცდელობა, გაუგებარი და ბუნდოვანი გზებით.
ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რატომ არის საერთოდ მნიშვნელოვანი ქალაქის იერსახე? ეს კითხვა დაახლოებით ასე ჟღერს: რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ქალაქი იყოს მიმზიდველი და სოციალური ურთიერთობებისთვის მისაღები სივრცე? რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ქალაქში ცხოვრება, მისი მონახულება, მის ქუჩებში სეირნობა მოგინდეს? სოციალური განვითარება არ იზომება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. ის იზომება ბევრი არაეკონომიკური ფაქტორით: სიცოცხლის ხანგრძლივობით, ჯანსაღი გარემოთი, ღირსეული შრომის პირობებით, რეკრეაციული დანიშნულების ადგილების მრავალფეროვნებითა და ხარისხით (მათ შორის, პარკების, ბაღების, სკვერების, სპორტული მოედნების, ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი დაწესებულებების რაოდენობითა და ხარისხით), სოციალურად აქტიური ცხოვრების შესაძლებლობით ურბანულ და სოფელ გარემოში და ა.შ. განვითარება არ უდრის მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად გამდიდრების გარეშე განვითარება შეუძლებელია.
დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე ვდგავართ: უნდა განვვითარდეთ ეკონომიკურად ისე, რომ ამან მინიმალურად მიაყენოს ზიანი არაეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს. თუ ქალაქის განვითარებას ყურადღებას არ მივაქცევთ და მხოლოდ იმაზე ვიქნებით კონცენტრირებული, თუ რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ამით განვითარების, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, შესაძლებლობას დავკარგავთ. დღეს მიღებულმა ყოველმა თითქოს უმნიშვნელო არასწორმა ნაბიჯმა მომავალში შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქი და განსაკუთრებით მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განვითარდეს რეგულაციების, კარგად მოფიქრებული და მაღალი სტანდარტების გენერალური გეგმისა და დარგის საუკეთესო, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ ქალაქს, ისეთ საცხოვრებელ გარემოს, როგორიც გვინახავს ევროპაში (რომლისკენაც ასე ვისწრაფვით). შესაბამისად, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ბოტანიკური ბაღისა და „პანორამის“ პრობლემები მხოლოდ სფეროს სპეციალისტების სადარდებელი კი არ არის, არამედ მათ გადასაწყვეტად საზოგადოების ფართო ჩართულობაა საჭირო.



რადიო თავისუფლება


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий