понедельник, 22 февраля 2016 г.

ნუგზარ პაპუაშვილი - საკაცობრიო ღირებულებები საქართველოს საეკლესიო საგანძურიდან



პოსტსაბჭოურ საქართველოში მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის იდეა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები ამ ქვეყნის საეკლესიო წარსულისათვის უცხო და მიუღებელი მოვლენებია. ამ რწმენას, თითქოს, ის ფაქტიც კვებავს, რომ აღნიშნული ღირებულებები, როგორც წესი, დასავლურ, ანდა ევროპულ ღირებულებებად მოიხსენიება. ამის გამო ზოგიერთი ამ ღირებულებებში გეოგრაფიულ შინაარსს დებს და ფიქრობს, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს მათთან არაფერი ესაქმებათ. ჩნდება და ვრცელდება სტერეოტიპები, რომელთა თანახმად ეს ეკლესიები და, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლურ ღირებულებებს ბუნებითად არის დაპირისპირებული. ვინც ასე ფიქრობს, ის აპრიორულად ფიქრობს შემდეგსაც: ჩვენი დიდი წმინდანები და ერის სახელოვანი შვილები დღეს რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, დასავლურ ანუ, იგივე, დემოკრატიულ ღირებულებებს ჩვენზე მეტად აუმხედრდებოდნენო. ამჟამად ჩვენი მიზანია, მოცემული ფორმატის ფარგლებში, ვუპასუხოთ კითხვას: მითია თუ სინამდვილე ეს თეორია?

არ მეგულება მეტად თუ ნაკლებად განათლებული ადამიანი, ეჭვი რომ ეპარებოდეს ქრისტეს ეკლესიის როლსა და დამსახურებაში ქართული კულტურის წინაშე. ყველა აღიარებს, რომ ამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია არა მხოლოდ ერთ-ერთი უძველესი და მოციქულებრივი წარმომავლობის ეკლესიაა, არამედ იგი უმდიდრესსა და უძლიერეს მემკვიდრეობასაც ფლობს სულიერი და გონებრივი სისავსის თვალსაზრისით. ამის თაობაზე ბევრი დაწერილა და იმედია, მომავალშიც დაიწერება. მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ სიტყვებს, რომელიც მერვე საუკუნის დიდი ჰაგიოგრაფის, წმ. აბო ტფილელის მარტვილობის ავტორის, იოანე საბანისძის, კალამს ეკუთვნის და ამ შინაარსს შეიცავს: წმინდა სარწმუნოება არა მარტო საბერძნეთმა მოიპოვა, არამედ მისაგან შორს მყოფმა ქვეყანამაც - საქართველომ, რომელიც „დედად წმიდათა" მოიხსენიება. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს ეკლესია წმინდანების მშობელი ანუ წმინდანების წარმომშობელი ეკლესიაა.
და მართლაც: საქართველოს ეკლესიამ ჭეშმარიტ კათოლიკე ეკლესიას შემატა არა ერთი და ორი ღირსი მამა და დედა; მის წიაღში დაირწა ბევრი ქართველისა თუ არაქართველის მოწამეობისა და მოღვაწეობის აკვანი; იქ აღიზარდნენ მსოფლიო სახელისა და დიდების ჰაგიოგრაფები, ჰიმნოგრაფები, ქრონოგრაფები, კანონისტები და მხატვრული სიტყვის დიდოსტატები. ამ ადამიანებმა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის თვალშეუდგამი სალაროს არა მარტო სრულყოფილად გაცნობა და შეფასება შეძლეს, არამედ იმ მასშტაბის შემოქმედებითი ენერგია გამოავლინეს, რომელმაც ხსენებული სალარო გაამრავალფეროვნა და გაამდიდრა. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. ამ მხრივ მარტო „მოქცევა ქართლისაჲ"-ს, წმინდა ნინოს ცხოვრებისა და საქართველოს გაქრისტიანების ამსახველი წიგნის, _ დასახელებაც საკმარისია. ქრისტეს მოძღვრება და სახარების სული იქ ისეთი სიღრმით და სისავსით არის წარმოჩენილი, ისეთი ჰუმანიზმი იკითხება მის სტრიქონსა და სტრიქონს შორის; კაცთა შორის მშვიდობისა და სათნოების (ლუკა 2:14) ისეთი პათოსი იხილვება; ისეთ რჩევა-დარიგების ამოიკითხვა შეუძლია მასში ყველა ეპოქის, ყველა ერისა და ყველა ქვეყნის პატიოსან მმართველსა თუ ჭირისუფალს, რომ ამ წიგნს სრულყოფილად შეუძლია დამხმარე სახელმძღვანელოს მოვალეობის შესრულება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების და განვითარების გზაზე. მისხალითაც არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ „მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ძნელად მოეძებნება ბადალი ქრისტიანული მისიოლოგიისა და ზოგადად, მწერლობის საგანძურში.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ X-XI საუკუნეებში კანონიერად და კანონის საფუძველზე მიიღო დამოუკიდებლობა ანუ ავტოკეფალია, რაც მიგვითითებს, რომ იმ დროს ის თავის თავში ფლობდა საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებულ სულიერ, ინტელექტუალურ და კულტურულ სალაროს, რასაც იმდროინდელი საპატრიარქო ეკლესიების ალიანსი ბეჭდის დასმით ამოწმებდა და ადასტურებდა. მარტო იმ ხელნაწერების გახსენება რად ღირს, რომლებიც ქართული წერილობითი საგანძურის საკუთრებას წარმოადგენენ და რომლებმაც თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოს უნიკალური თხზულებები შემოუნახეს. მხედველობაში გვაქვს ის ლიტურგიკული და საღვთისმეტყველო თხზულებები, რომელთა ბერძნული ორიგინალები დაკარგულია და მათი რეკონსტრუქცია მხოლოდ ქართული თარგმანების საშუალებით ხერხდება. ვინ შეძლებდა, მაგალითად, მეხუთე საუკუნემდელი იერუსალიმური საღვთისმსახურო პრაქტიკის სრული სახით აღდგენას, ხელთ რომ არ გვქონდეს „იერუსალიმის განჩინების" ქართული თარგმანი?! ასეთი ძეგლების (მხოლოდ ქართული თარგმანებით შემონახულების) რიცხვი დიდია, მათი სასულიერო-საეკლესიო და სამეცნიერო მნიშვნელობა კი ერთობ მასშტაბური. ეს არის მიზეზი, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს საეკლესიო წარსულის მიმართ ცხოველ ინტერესს, სიმპათიასა და ლტოლვას ამჟღავნებს. ეჭვი არ არის, რომ სწორედ ამ წარსულის და მისი საგანძურის ფასი გაითვალისწინა XI საუკუნის საპატრიარქოების ზემოთ აღნიშნულმა ალიანსმა, როდესაც აღიარა, საქართველოს ეკლესია მზად არისო დამოუკიდებლობისათვის.
აღნიშნულ ფაქტზე ფიქრისა და მსჯელობის დროს ბუნებრივად იჩენს თავს შემდეგი კითხვა: არის თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი ერი და ბერი, სასულიერო და საერო დასი, ამავე ეკლესიის ისტორიული საგანძურის რეალური და ქმედითი მემკვიდრე? ისტორიული საგანძური, ქრისტეს ეკლესიასთან დაკავშირებით, პირველ რიგში სულიერებას, ინტელექტუალიზმსა და მორალურობას გულისხმობს. ამიტომ საკითხავია: აგრძელებს თუ არა ახალი, პოსტსაბჭოური საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თავის თავს მართლმადიდებელს ეძახის, ძველი საქართველოს მართლმადიდებელთა სულიერებას, ინტელექტუალობასა და მორალურობას? აქვე დავაზუსტებთ, რომ მორწმუნე და ეკლესიური ადამიანების ღია, ე.ი. რელიგიის თვალსაზრისით პლურალურ საზოადოებაში ქცევის წესსა და ხასიათს, ამ სტრიქონების ავტორის აზრით, ყველაზე კარგად ესატყვისება ცნება „მორწმუნეობის კულტურა". გვმართებს გავითვალისწინოთ, რომ ჩამოთვლილი თვისებები: სულიერება, ინტელექტუალურობა და მორალურობა სახელმწიფოსა და სამოქალაქო (ღია) საზოგადოებისათვის ეკლესიასთან მიმართებაში იმდენადაა მნიშვნელოვანი და ფასეული, რამდენადაც მათ მორწმუნეების გულსა და გონებაში, მართლმადიდებლებსა თუ არამართლმადიდებლებში (ჰეტეროდოქსებში), მორწმუნეობის კულტურის განვითარება ძალუძთ. მეტად რომ დავაკონკრეტოთ, ხსენებული თვისებები, თუკი მართლაც არსებობენ ისინი რეალურად (და არა მოჩვენებითად), ადამიანებს (ამ შემთხვევაში, მორწმუნე ადამიანებს), როგორც წესი, შემწყნარებლობისაკენ (ტოლერანტობისაკენ), განსხვავებულთა და უცხოთა მიმართ კეთილი ინტერესისა და პატივისცემის გამოვლენისაკენ უბიძგებენ. ამ კონტექსტში ჩვენი კითხვა მესამენაირადაც შეიძლება დაისვას: საქართველოს საეკლესიო წარსულის სულიერი საგანძური დღესაც ცოცხალია?
რამდენიმე წლის წინ, როდესაც გერმანიაში სამუშაო ვიზიტით გახლდით, დავინტერესდი, თუ რას აუწყებს გერმანულენოვანი პრესა მკითხველთა ფართო წრეს თანამედროვე საქართველოს რელიგიური ცხოვრების შესახებ. გავარკვიე, რომ ამ თემაზე იქ უმთავრესად კრიტიკული მასალები ქვეყნდება. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პოსტსაბჭოური საქართველოს მართლმადიდებელთა წრეები, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენენ, შეპყრობილი არიან არატოლერანტული და ანტიეკუმენური ისტერიით. ამ ქვეყნის რელიგიურ სივრცეში ხშირად გაიგონებთ: „ეკუმენიზმი არის ერესი!", მეტიც: „ეკუმენიზმი არის ერესთა ერესი!". იგივე ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, რომ ამ ისტერიას მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი და საეკლესიო ნაციონალიზმი, იგივე ფილეტიზმი (ერთგვარი ეკლესიოლოგიური ერესი), კვებავს. ეს მოვლენა აქეზებს და მწვანე შუქს უნთებს ქართველი მართლმადიდებლების მტრულ დამოკიდებულებას არამართლმადიდებელი თანამოქალაქეების მიმართ. თანამედროვე საქართველოში არაფერი უშლის ხელს, რომ შეილახოს კათოლიკეთა, სომეხთა, მუსლიმთა და სხვა რელიგიურ, ეროვნულ თუ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები. და ილახება კიდეც, რაც სხვადასხვა ფორმით ხორციელდება, მათ შორის ისტორიული მემკვიდრეობის ჩამორთმევით. ლაპარაკია იმ საკულტო ნაგებობების მართლმადიდებლებისათვის გადაცემაზე (ანდა უფუნქციოდ და მოუვლელად დატოვებაზე), რომლებიც ადრე კათოლიკეებს, სომხებს, ლუთერანებსა და მუსლიმებს ეკუთვნოდა. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს შორის გავრცელებულია ობსკურანტიზმი (გონებრივი სიბნელე), ქსენოფობია, მოძალადეობა და ანტიინტელექტუალიზმი, რაც სხვადასხვა ქმედებით, მათ შორის, არმართლმადიდებლურად მიჩნეული წიგნების დაწვითაც გამოიხატება.
მე ვეთანხმები ამ კრიტიკას, რადგან ვთვლი, რომ მდგომარეობა საქართველოში ამ მიმართულებით ერთობ არასასურველია; შესაძლებელია, უფრო არასასურველი, ვიდრე ამ საგანზე უცხოელები ინფორმირებული არიან. ისინი არაფერს წერენ (მე არ შემხვედრია), მაგალითად, იმ პათოლიგიური მისტიციზმისა და ცრუმორწმუნეობის შესახებ, რომელთა ადეპტები ირწმუნებიან, საქართველოში კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და, ალბათ, სინაგოგებიც „ქართული მართლმადიდებლური ქვებით" არის აშენებულიო. ასეთი თეორიების შესახებ ჩემი პოზიცია ჩემი პუბლიკაციების მკითხველებს კარგად მოეხსენებათ და აქ სიტყვის გაგრძელება ზედმეტიცაა. მართალია, ერთი შეხედვით, თითქოს, რელიგიასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების რაოდენობა, სიმძაფრე და მასშტაბი ბოლო წლებში ისეთი დიდი და თვალშისაცემი აღარ არის, როგორიც რვა-ცხრა წლის წინათ იყო, მაგრამ იდეოლოგიური ფონი (კონკრეტულად, ქვათა უცნაური მისტიკის სახით), რასაც ყველგან შეუძლია ასეთი არასასურველი გარემოს შექმნა, რჩება უცვლელი და ექსცესებს ყოველთვის უნდა ველოდოთ.
უცხოეთის პრესა ამ კონტექსტში შემთხვევით არ გამხსენებია. რადგან დამალული არაფერია (მათე 10:26), არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ აღნიშნული და ნაგულისხმევი არასასურველო ფაქტები, მოვლენები და ტენდენციები საგანში ნაკლებად გაცნობიერებულმა ადამიანებმა მართლმადიდებელი ეკლესიის ნორმად და ქართველი ერის ბუნებად აღიქვას და თქვას: ასეთი ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია და კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბუნებითად; ასეთი ყოფილა ქართველი ხალხი, პირველ რიგში, როგორც ჩანს, მართლმადიდებელი ქართველი ხალხი,  ათადან-ბაბადან და, მაშასადამე, ყოველივე ეს ამ ერისა და მისი ეკლესიის მოუცილებელი თვისებებია. თუკი ასეა, ცხადია დასკვნაც: მათ აწი ვეღარაფერი ვეღარ გარეცხავს; ალბათ ადრეც ასე ყოფილა, ასეა ახლა და მომავალშიც ასე იქნება!
აი, ამიტომ და აქედან გამომდინარე მთელი სერიოზულობით, და სიმკაცრითაც, უნდა დაისვას კითხვა: მართლა ასეა? ანუ, უფრო ცხადად: ეს არასასურველო ფაქტები, მოვლენები და ტენდენციები ქართულ-მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან ასოცირებული ხალხის, ერისა და ქვეყნის შინაგანი ბუნების გამოხატულებაა, თუ ახალი დროის ვითარებაში მიზეზთა და მიზეზთა გამო, ნიადაგის ცუდად მოვლის შედეგად, აღმოცენებული სარეველა მცენარეები? ეს კითხვა ასე უნდა გავშალოთ და დავაკონკრეტოთ: რა იყო წარსულში? ჩამოთვლილი გამოვლინებები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არსებასა და ბუნებას ეკუთვნიან, თუ მისი ისტორიის დროებითსა და წარმავალ შრეთა რიგს? რა პასუხს გვაძლევს გარდასულ დღეთა მატიანე ამ შეკითხვაზე?
მსგავსი შეკითხვები განსაკუთრებული ძალით მაშინ წამოიჭრებიან, როდესაც საქართველოს თანამედროვე საეკლესიო ვითარებას უცხოელები მიმოიხილავენ. ამ გარემოებამ მიკარნახა 2012 წელს გერმანულ ენაზე, იმავე გერმანულენოვანი მკითხველებისათვის, მომემზადებინა და გამომეცა ნაშრომი სათაურით „ Aus der jüngsten Vergangenheit der Georgischen Orthodoxen Kirche: Die Erneuerung der Autokephalie und die Reformen ", რაც ქართულად ასე ჟღერს: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლო წარსულიდან: ავტოკეფალიის განახლება და რეფორმები". ამ გამოცემის მიზანი იყო და არის შემდეგი: გაიგოს ყველამ შინ და გარეთაც, რომ ჩვენს ახლო წინაპრებს ავტოკეფალიის განახლება საეკლესიო ცხოვრებაში პრაქტიკული შინაარსის ცვლილებათა მოხდენისათვის სჭირდებოდათ და არა ამბიციების დაკმაყოფილებისათვის; მათ რეფორმების განხორციელება თვითგაუმჯობესებისა და თვითგანვითარებისათვის ეწადათ და, მაშასადამე, რეფორმაციის იდეა არც ამ ეკლესიისათვის არის უცხო და მიუღებელი. აშკარაა, რომ ამ თემაზე თანამედროვე ქართული საზოდადოების დიდ ნაწილს არასაკმარისი ცოდნა აქვს. წინამდებარე სტრიქონებიც სწორედ ამ ხარვეზის ამოსავსებად იწერება.
ამთავითვე უნდა განვმარტოთ ცნება „ახლო წარსულიდან". აქ იგულისხმება XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის პირველი ნახევარი, როდესაც საქართველო და ქართველი მამულიშვილები საეკლესიო და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. ამ მიზნის შეძლებისამებრ რეალიზაციამ, შემდგომდროინდელმა ანტირელიგიურმა ისტერიამ და დევნილებამ წარმოშვა ღირსი მოღვაწეები და მოწამეები, რომელთა სახელები დღევანდელი საქართველოს პატრიოტ მართლმადიდებლებელთა წრეებში უდიდესი კრძალულებით და პატივისცემით წარმოითქმება. ამის გამო გვმართებს ვიცოდეთ, თუ რას ფიქრობდნენ ისინი რელიგიური პლურალიზმის შესახებ საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში, მართლმადიდებელი ეკლესიის არამართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობის თაობაზე, მორწმუნეობის კულტურაზე და ბევრ ასეთ საკითხზე.
მართლმადიდებლურ ფუნდამენტალიზმი და საეკლესიო-რელიგიურ ნაციონალიზმი, რომელიც დღევანდელ საქართველოში გაბატონებულ იდეოლოგიად გვევლინება, რელიგიურ მრავალფეროვნებას ერისა და ქვეყნისათვის, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველ მოვლენად განიხილავს. გვახსოვს, თუ რა მასშტაბის აყალმაყალი და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 2011 წლის ივლისში პარლამენტის მიერ იმ კანონის მიღებას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების რელიგიურ ორგანიზაციებად დარეგისტრიტებას გულისხმობს. თვით საპატრიარქომაც კი (პატრიარქის ჩათვლით) ეს კანონი სახელმწიფოს მხრიდან არამართლმადიდებლების მართლმადიდებლებთან იურიდიულად გათანაბრების მცდელობად შეაფასა და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. ეს და სხვა მაშინდელი განცხადებები გამსჭვალული იყო რწმენით, რომ ჩვენი კეთილმორწმუნე წინაპრები ამ შემთხვევაში ისევე მოიქცეოდნენ, როგორც ჩვენ ვიქცევითო. აქ, ცხადია, პირველ რიგში იგულისხმება ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დიდი წინამძღვარი ილია ჭავჭავაძე, ამავე საპატრიარქოს მიერ ილია მართლად სახელდებული და წმინდანად შერაცხილი. ამ დროს კი დოკუმენტური მასალა სულ სხვა სურათს გვთავაზობს. ილია ჭავჭავაძე ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის საკითხში დემოკრატიულ პოზიციაზე იდგა და რელიგიური პლურალიზმის იდეას ემხრობოდა. ამის დასტურია მისი სიტყვები:
,,იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, სადაც ერთსა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებს და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია; დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირის საძირკვლიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის”.
ილია ჭავჭავაძე
 ამ სტრიქონების წაკითხვისა და გააზრების შემდეგ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული ფიქრი, რომ მოცემულ საკითხში „საქართველოს უგვირგვინო მეფე" საპატრიარქოსა და მის იურისდიქციაში შემავალი ანტიდემოკრატი ერისა თუ ბერის მხარეზე დადგებოდა.
 საპატრიარქოში გაბატონებული აზრის თანახმად, არამართლმადიდებლების გვერდით ლოცვა და მათთან სხვა სახის სარწმუნოებრივი ურთიერთობების დამყარება დიდზე დიდ ცოდვად მიიჩნევა. ამ მოტივით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1997 წელს ეკუმენური ორგანიზაციები დატოვა და ანტიეკუმენური პოზიცია დააფიქსირა. დღემდე არ დასმულა კითხვა: მოეწონებოდათ ეს ნაბიჯი ქართველ წმინდა მამებს და დედებს, მაგალითად, ეპისკოპოს გაბრიელსა და ქეთევან წამებულს? ისტორია მეტყველებს, რომ ამ წმინდანებს ღრმა ინტერკონფესიური ინტერესები, განცდები და ფართო საღვთისმეტყველო მხედველობა ჰქონდათ. წმ. ქეთევანი კათოლიკეებთან ერთად ლოცულობდა და მათი ხელით აღსრულებული ზიარების საიდუმლოს მადლმოსილებას აღიარებდა. ეს ქრესტომათიული ფაქტია და მას ჩვენი მკითხველებიც კი კარგად უნდა იცნობდნენ. გაბრიელ ეპისკოპოსს რაც შეეხება, საკმარისია გავიხსენოთ მისი ცხოვრების ერთი საგულისხმო ეპიზოდი. ირკვევა, რომ მის დროს, XIX ს-ის 60-70-იან წლებში, ანგლიკანურმა ეკლესიამ დიდი ეკუმენური მიზნები დასახა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიალოგი მოინდომა. ამ წამოწყებას მიესალმა თეოლოგი და ფილოლოგი, ორმოცი ენის მცოდნე, მათ შორის ქართულის, პასტორი სოლომონ მალანი. მან კავშირი დაამყარა გაბრიელ ეპისკოპოსთან და 1872 წლის 23 მაისს ის გაბრიელ ეპისკოპოსს ქუთაისის რეზიდენციაში ეწვია. მოვუსმინოთ ცნობილ ქართველოლოგს, დევიდ ლენგს:
,,მან [ანგლიკანმა პასტორმა] ერთი კვირა დაჰყო ეპისკოპოსთან; თან ახლდა წირვასა და ღვდელმსახურებაზე... დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე რიტუალის ზვიადმა იერმა და გალობის ხმატკბილობამ, ხელზე მთხვევის ცერემონიამ და სხვა. თვითონ მალანმა ქართულად წარმოთქვა ქადაგება საკათედრო ტაძარში. გაბრიელ ეპისკოპოსთან მუსაიფში მან განმარტა ინგლისური ლოცვანის დიდი ნაწილი. საინტერესო ურთიერთობა დაამყარა მან ზოგიერთ ბერთან, რომელთაც დაათვალიერებინეს დავით მეფის აგებული ტაძარი, სადაც მერვე საუკუნის ხელნაწერი სახარება იყო".
დევიდ ლენგი
ანგლიკანი მღვდლის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა; სახარების წაკითხვა (სტუმრობის პირველ დღეს მალანმა იოანეს მე-11 თავი, ლაზარეს აღდგინების ამბავი, წაიკითხა), ქადაგების წარმოთქმა და ლოცვის აღვლენა, სხვა არაფერია, თუ არა ეკუმენური თანალოცვა. ამდენად, კითხვას: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი დაუჭერდა თუ არა მხარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლას ინტერკონფესიური ორგანიზაციებიდან და იტყოდა თუ არა უარს ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, თამამად შეგვიძლია ვუპასუხოთ: არა! რომის პაპის, იოანე-პავლე II-ის, საქართველოში ვიზიტის დროს (1999 წლის 8-9 ნოემბერი), რომელიც ექსტრემისტი მართლმადიდებელი ერისა და ბერის საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელმაც გაიჟღერა და თავდაჯერებით გამოითქვა აზრი, ეს წმინდა მამა ასეთ ვიზიტს არ დაუშვებდაო. ზემოთ მითითებული ეპიზოდი გვაძლევს საფუძველს ვთქვათ: 1999 წელს ეს მღვდელმთავარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, რომის პაპს თავის საკათედრო ტაძარში დიდი პატივისცემით მიიღებდა და მასთან ერთად ლოცვასაც აღავლენდა.
ერთ-ერთი მძიმე პრობლემა, რომლის წინაშე თანამედროვე საქართველოს საზოგადოება, სახელმწიფო და მთავრობა დგას, არის კათოლიკური წარმომავლობის საეკლესიო შენობათა კუთვნილების საკითხი. საბჭოთა პერიოდში ისინი არარელიგიური დანიშნულებისამებრ იყვნენ გადაკეთებული, პერესტროიკის დროს კი მართლმადიდებლებმა დაიკავეს და მიითვისეს. კათოლიკეები ასეთ ეკლესიებზე უფლების აღდგენას მოითხოვენ (ლაპარაკია ხუთ საეკლესიო ნაგებობაზე: ბათუმის, ქუთაისის, გორის, უდისა და ივლიტის კათოლიკურ ეკლესიებზე), მაგრამ, ჩანს, საქართველოში არც პოლიტიკურ ელიტას და არც სასამართლოს არ აქვს ნება და მზაობა, რომ ეს საკითხი სამართლიანად მოაგვაროს. ქართველი სასულიერო და საერო პირები, მათ შორის ეპისკოპოსები და პროფესორებიც კი, ავრცელებენ ასეთ ხმებს და ისტორიებს: ეს ეკლესიები ადრე მართლმადიდებლებს ეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენ, ქართველი მართლმადიდებლები, ისე ვძულდით რუს მართლმადიდებლებს, რომ მათ, რუსმა მართლმადიდებლებმა, ჩვენ, ქართველ მართლმადიდებლებს, ეს ეკლესიები წაგვართვეს და ისინი კათოლიკეებს გადასცეს; ისინი ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში დავიბრუნეთო. დღევანდელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დუმს და დუმილით ასეთ ხმებს მწვანე შუქს უნთებს. ვერაფერს ვიტყვით, მართლა სჯერა მას თუ არა ამ აბსურდისა და ნონსენსისა, მაგრამ აქ, ნებსით თუ უნებლიეთ, ასეთ შეკითხვა დაისმის: ამ დუმილით და მწვანე შუქით ის თავის წინაპრებს ხომ არ უპირისპირდება? ამ საკითხში მისი და მისი სამწყსოს პოზიცია წინააღმდეგობაში ხომ არ არის არა ერთი და ორი თანამემამულე წმინდანისა თუ სხვა ჩინებული მოქალაქის პოზიციასთან? მაგალითად წმ. კათალიკოს-პატრიარქ კირიონის პოზიციასთან? კერძოდ იმ ეპისტოლესთან და იმ სიტყვებთან, რითაც ამ წმინდა მამამ 1917 წლის ოქრომბერში რომის პაპს მიმართა? იქ, ამ ეპისტოლეში, შავით თეთრზე წერია:
„მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებელად იღვწოდეს საფარველსა ქვეშე ქართველთა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი და მომფენელნი ჩვენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღაშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქამომდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენის უწმიდესობისასა.
დღესა ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი არა შეიწრებულ იქმნებიან გულსა შინა ჩემსა და ქართველთა ერისასა.
ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა".
კირიონ II
 კომენტარები ნამდვილად ზედმეტია. ეს ანდერძი, რომელიც პირველ რიგში საქართველოს ამჟამინდელ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ავალდებულებს, რომ დაიცვას კათოლიკეთა უფლება და თავისი სამწყსოს ექსტრემისტ ნაწილს მოუწოდოს: შვილები, რას სჩადით?! ამით თქვენ არცხვენთ მართლმადიდებელ ეკლესიას, მის სხეულს ჩირქს სცხებთ და აზიანებთ! თქვენ ჩვენს სულიერ საგანძურს აყენებთ შეურაცხყოფას!
ჩვენს საეკლესიო ისტორიასა და ტრადიციასთან წინააღმდეგობაშია აგრეთვე ის ანტიმუსლიმური ექსცესები და ისტერია, რომლის შედეგი არის ბათუმში მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა; ქობულეთში მედრესეზე ღორის თავის მილურსმნა და შესასვლელის ღორის სისხლით მოთხვრა; სოფელ მოხეში 1944 წელს დეპორტირებული მუსლიმი მესხების სალოცავი სახლის ბიბლიოთეკად გადაკეთებისა და ამ გზით ამ ხალხის ნატერფალის მოსპობის მცდელობა; ადგილობრივი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ აღნიშნული სალოცავის ქრისტიანთა ეკლესიის ქვებით აგების ჰიპოთეზის წამოყენება და ქვების რელიგიური ნიშნით დახარისხების ,,თეორია” და ბევრი სხვა. კვლავ დაისმის კითხვა: რას გვეტყოდნენ ჩვენი წინაპრები, დასახელებული ექსცესების შესახებ ინფორმაცია რომ მიეღოთ და ხსენებული ეპისკოპოსის ქვათა მისტიკა რომ მოესმინათ? მკითხველებს შევახსენებ: როდესაც აჭარა საქართველოს შემოუერთდა, წმინდა ეპისკოპოსებმა: ალექსანდრე ოქროპირიძემ და გაბრიელ ქიქოძემ საქართველოს მორწმუნე მართლმადიდებლების სახელით აღთქმა დადეს, რომ ამ ქვეყნის მართლმადიდებლები ამ ქვეყნის მუსლიმებს არ შეავიწროვებდნენ და მათ სინდისზე ზეწოლას არ მოახდენდნენ. დღეს კი ვხედავთ, რომ დღევანდელი ქართველი მართლმადიდებლების მიერ ეს აღთქმა დარღვეულია.
აღნიშნული აღთქმის დარღვევისა და საკუთარ საეკლესიო-კულტურულ ტრადიციასთან დაპირისპირების მიზეზად ჩვენ საღი სარწმუნოებისა და მორწმუნეობის კულტურის დეფიციტი წარმოგვიდგება. იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმება მორწმუნეობის კულტურის ქვეშ, ორიოდე სიტყვა უკვე ვთქვით. ცნებას „საღი სარწმუნოება" ვხვდებით ნეტარხსენებული მღვდელმოძღვის კალისტრატე ცინცაძის ქადაგებებში, კერძოდ იმ ქადაგებაში, რომელიც 1918 წელს არის წარმოთქმული. ჩვენი თემისათვის ეს იმდენად საინტერესო დოკუმენტია, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ ეგების. მითითებულ წელს საქართველოში გახშირდა მკვლელობა და კრიმინალი, რასაც, როგორც ჩანს, ხშირად მართლმადიდებელი სარწმუნოებით თავმომწონე ადამიანები სჩადიოდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა; ამ დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის იდეას ბზარი შეეპარა, ვინაიდან აჭარელმა და ინგილო მუსლიმებმა ერთიანი საქართველს სივრციდან გასვლა მოინდომეს. ამ ავბედობის მიზეზის ძებნა ღრმად განსწავლულმა ღვთისმეტყველმა და ისტორიკოსმა კალიტრატემ დაიწყო არა სხვაგან, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ეკლესიის წიაღში და დასვა კითხვა: რატომ გახშირდა ასერიგად დანაშაული ჩვენს ქვეყანაში? რატომ არ უნდათ სხვა სარწმუნოების შვილებს, თანაც ჩვენს სისხლსა და ხორცს, ჩვენს გვერდით ცხოვრება? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენს სარწმუნოებრივ ცხოვრებას რაღაც აკლია? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი სარწმუნოებრივი ცნობიერების სიმრთელესა და სიჯანსაღეზე ნაკლებად ვზრუნავთ? მოვისმინოთ მისი სიტყვები, იმდროინდელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ვლადიმერ გობეჩიას, დაკრძალვის დღეს, 1918 წლის 23 ივნისს, წარმოთქმული: ,,ჩვენში რომ საღის სარწმუნოებრივის სწავლისათვის ეზრუნათ, დაეცვათ მტკიცედ ქრისტეს სჯული, პატივისცემით მოჰპყრობოდნენ სხვის სარწმუნოებას, _ აჭარა არ ჩამოგვშორდებოდა, ინგილო-მაჰმადიანები და ინგილო-ქრისტიანები ძმურად იცხოვრებდენ ერთმანეთში და თვით ვლადიმერ გობეჩია დღეს აქ უსულოდ მდებარე არ იქნებოდა... შევისწავოთ: ღვთის განგება კიდევ გვაფრთხილებს! ის გვეუბნება: ქრისტეს დიადის მცნების  - ურთიერთას სიყვარულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და, ამისათვის, თუ გნებავთ, განთავისუფლებულ საქართველოში განვითარდეს თავისუფალი მოქალაქობა, ხელი შეუწყეთ საღის სარწმუნოებრივ-ზნეობრივის სწავლის გავრცელებას”. ცნება ,,საღი სარწმუნოება” ნიშნავს არა სარწმუნოებრივ დოგმატიკას, ანდა საღვთისმსახურო პრაქტიკას, არამედ იმას, რასაც ჩენ მორწმუნეობის კულტურას ვუწოდებთ. ეს ვრცელი თემაა. აქ ჩვენთვის იმის ხაზგასმაც საკმარისია, რომ ციტირებული სიტყვები თითქოს დღევანდელი დღისათვის არის წარმოთქმული და დაწერილი, რათა მიგვანიშნოს: განწყობილებები და მოთხოვნები, რაც დღევანდელი საქართველოს აქტივისტ მართლმადიდებლებს აქვთ, საყრდენს და გამართლებას ამ ქვეყნისა და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაში ვერ პოულობს.
კითხვა, თუ რა უშლის ხელს თანამედროვე საქართველოში სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების განვითარებას, არაერთგზის დასმულა როგორც შინ, ისე გარეთ ამა თუ იმ ფორმით. პაუხი, ასევე, ამა თუ იმ ფორმით წარმოთქმული, მეტწილად არის ასეთი: იმ სახისა და შინაარსის რელიგიურობა, რომლის მასშტაბსა და სიმძაფრეზე პასუხისმგებლობა ამჟამინდელ საპატრიარქოს ეკისრება! ასეა იმიტომ, რომ რელიგიურობის ამ სახეობას ნებსით თუ უნებლიეთ, გააზრებით თუ გაუაზრებლად, ცხადად თუ შეფარვით საპატრიარქოს სივრცე აღვივებს და ახალისებს. ეს რელიგიურობა საპატრიარქოდან ვრცელდება თანამემამულეთა სიმრავლეში და ცხოვრების იმ უბანთა დაქვემდებარებას ლამობს, რემელთაც ბუნებისეულად რელიგიასთან, ეკლესიასთან და, მასასადამე, საპატრიარქოსთან საერთო არაფერი აქვთ.
რა გვაქვს მხედველობაში და რას ვგულისხმობთ? რას ვუწუნებთ, რელიგიურობის ამ სახეობას? რატომ გვაშფოთებს მისი წარმატება პოსტსაბჭოურ საქართველოში?
როდესაც საბჭოეთი იმსხვრეოდა და საქართველო განახლების გზაზე დგებოდა, ბევრი ასე ფიქრობდა: თუკი ვიწამებთ და ვაღიარებთ, რომ არსებობს ღმერთი და არსებობენ მისი ანგელოზები, თუკი ვივლით ეკლესიაში და მის წესებს შევასრულებთ, თუკი ვიმარხულებთ და აღსარებას ხშირ-ხშირად ვიტყვით _ გარდავიქმნებით და უკეთეს არსებებად შევიქმნებით. გავიდა რამდენიმე წელი და, აი, ვხედავთ, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ პოსტსაბჭოურ საქართველოში ისეთ უფლებრივ და მატერიალურ შესაძლებლობებს მიაღწია, რომლის მსგავსი ამ ქვეყნის ისტორიამ არ იცის. მეტიც: ამჟამად არც ერთი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებში პროცენტულად იმდენი ხალხი არ დადის, როგორც საქართველოს მართლმადიდებელთა ეკლესიებში; არსად იმდენი ყმაწვილი, მით უფრო თოთო ბავში, არ ეზიარება (რიტუალურად) იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც საქართველოში; არც ერთი აღმსარებლობის ეკლესიის საპატრიარქოს ძალაუფლების ის არსენალი და ბერკეტები არ გააჩნია, რითაც აღჭურვილია საქართველოს საპატრიარქო დღეს. მაგრამ რომელ სოციოლოგს, იურისტსა თუ კრიმინალისტს, რომელ ანალიტიკოსს შეუძლია თქვას, რომ მართლმადიდებლური წესების მიმდევარი ადამიანები ადამიანურობის თვალსაზრისით იმ ადამიანებზე უკეთესები არიან, რომლებიც მართლმადიდებლურ წესებს არ ასრულებენ, ანდა, შეიძლება, ღმერთიც არა სწამთ?
ვიცი, ეს კითხვა (რიტორიკული) ბევრს გააკვირვებს და გააღიზიანებს. ამიტომ მათ ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ მსგავსი კითხვები ბევრჯერ დაუსვამთ თვით რჯულის მეცნიერებსაც და აკადემიური წრის წარმომადგენლებსაც და ისეთივე პასუხი გაუციათ, რაც ჩემი შეკითხვის ქვეტექსტში არის მოაზრებული. და რა არის აქ გასაკვირი? განა თავად ისტორია (თვით ეკლესიის ისტორია!) და, მით უმეტეს, საღვთო წერილი ამავე კითხვას ასევე არ უპასუხებს?! მოციქული ხომ პირდაპირ ამბობს: „ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც... მაგრამ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია" (იაკ. 2:19-20). განა ტერორისტებსა და მოძალადეებს ღმერთი ვინმეზე ნაკლებად სწამთ?! განა მორწმუნე არ იყო ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მამის, კირილე ალექსანდრიელის, მრევლი, რომელმაც 415 წელს, „მარტის თვეში, დიდ მარხვაში", ასო-ასო დაჯლიჯა ფილოსოფოსი ქალი ჰიპათია?! და საიდან ვიცით ჩვენ ეს? ამის შესახებ ვრცლად საუბრობს იმავე ეპოქის მართლმადიდებელი მწერალი და თეოლოგი სოკრატე სქოლასტიკოსი უდიდესი საღვთისმეტყველო და მეცნიერული ღირებულების მქონე თხზულებაში „საეკლესიო ისტორია" (წიგნი 7, თავი 15). ის არ არიდებს თავს ამ სამარცხვინო ფაქტის გახმაურებას, რადგან ფიქრობს და დარწმუნებულიცაა, რომ მართლმადიდებელთა ეკლესიის პრობლემებზე პირველ რიგში მართლმადიდებელმა უნდა ილაპარაკოს; ამ საკითხში მას სხვამ, არამართლმადიდებელმა, არ უნდა დაასწროს. ეს ერთი. მართლმადიდებელ ავტორს ამასთანავე და ამ გზით სურს გააგებინოს მართლმადიდებელ მკითხველთა ფართო წრეს, რომ ამ ეკლესიას, წუთისოფელში მყოფს და წუთისოფლისაგან დაღდასმულ ეკლესიას, სხვა ეკლესიებზე ზემოდან გადახედვის არავითარი საფუძველი არა აქვს. ეჭვი არ არის, რომ მსგავსი ფაქტების არმიჩქმალვის მეთოდით სქოლასტიკოსი ისტორიკოსი თანამორწმუნეების ზნეობრივ აღზრდაზე ზრუნავს. მას უნდა, რომ ეკლესიის თითოეულმა წევრმა საკუთარი სინდისის წინაშე დასვას კითხვა: რა ფასი აქვს სარწმუნოებასა და რელიგიას სათნოებისა და სიყვარულის გარეშე?! პასუხზე ფიქრი თავისთავად მიფვიყვანს ერთადერთ და უცილობელ დასკვნამდე: ადამიანს გააუმჯობესებს და გააკეთილშობილებს არა ნებისმიერი რელიგია და რელიგიურობა, არამედ მხოლოდ სიყვარულით შთაგონებული და გამთბარი რელიგია და რელიგიურობა.
აი, ამგვარი რელიგიურობის დეფიციტით არის აღბეჭდილი ის რელიგიურობა, რომელიც პოსტსაბჭოურ საქართველოს მართლმადიდებლობით შეფერილ სივრცეს ახასიათებს და რომელმაც დიდად დააზარალა როგორც ერი, ისე ბერი, საზოგადოებაც და სახელმწიფოც. ესაა პატიოსნებისა და სიყვარულის ნაკლებობა მართლმადიდებლობის დამჩემებელ საზოგადოებაში და საპატრიარქოს თითქმის თვალუწვდენელ ველში. სწორედ პატიოსნებისა და სიყვარულის ნაკლებობის გამო არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი საპატრიარქო დაპირისპირებული თავის ფესვებთან და საკაცობრიო ღირებულებებთან.

urocommunicator.


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий