воскресенье, 5 июля 2015 г.

"ევრაზიის ინსტიტუტი" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები


“ევრაზიის ინსტიტუტი” საქართველოში არსებულ იმ ორგანიზაციებს შორისაა, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან. „ევრაზიის ინსტიტუტი“ 2009 წელს გულბაათ რცხილაძემ და გიორგი ვეკუამ დააფუძნეს.

როგორც ინსტიტუტის დამფუძნებლები საკუთარი მოღვაწეობის ამსახველ ანგარიშში აღნიშნავენ, 2008 წელს არსებობდა ინტერნეტ ფორუმი სახელწოდებით “პოლიტფორუმი”, რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობდა. ის ერთ-ერთი გამოცემა იყო საქართველოში, რომელიც საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებდა რუსეთის წინააღდეგ ომის დაწყებაში. თავად “პოლიტფორუმის” წევრები ამბობენ, რომ ვებგვერდის სერვერი ხელისუფლებამ გათიშა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული: “ხელისუფლების ამგვარმა ქმედებებმა, ასევე რუსეთის მიმართ აღებულმა რადიკალურად კონფრონტაციულმა კურსმა განაპირობა ევრაზიის ინსტიტუტის დაარსება”. პორტალი მოგვიანებით აღადგინეს.
konf3“ევრაზიის ინსტიტუტის” პროექტების მენეჯერია პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული შოთა აფხაიძე, ის პარალელურად“დემოკრატიული ლიგისა” და მოძრაობა “დაიცავი საქართველოს”წევრია.
ორგანიზაციას სამხედრო საკითხებში კონსულტაციას უწევს კობა ოთანაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია იმით, რომ ის იყო ე.წ. “მუხროვანის ამბოხში” მონაწილეობისთვის ბრალდებული. ახალგაზრდულ პროექტებს პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობს.
„ევრაზიის ინსტიტუტის“ გააქტიურება 2012 წლიდან იწყება. ორგანიზაცია ხშირად აწყობს და მართავს შეხვედრებსა და საჯარო დისკუსიებს.
2014 წელს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაიწყეს შეხვედრები რუსეთში დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტში, პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირებისა და დარეგულირების ინსტიტუტში, ასევე რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში (РИСИ), რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის და რუსეთის წამყვან პოლიტოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს.
ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები ღიად გაცხადებული არ არის. მათი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტის ვებგვერდზე არ იძებნება. ამიტომაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული პარტნიორი რუსული ინსტიტუტებიდან იღებენ გარკვეულ დაფინანსებას ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
ევრაზიის ინსტიტუტი რამდენიმე პროექტს ახორციელებს მათ შორისაა „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ (georus.org). თავად პროექტის აღწერაში ნათქვამია, რომ “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის შეიქმნა, როგორც ქართველი ხალხის პასუხი იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, იქნებიან ისინი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ხელოვნურად ძაბავდნენ და დღესაც ცდილობენ, დაძაბონ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის”.
მოძრაობას უკვე შეუერთდა 1288 პირი, მათი სია პროექტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. თითოეული მათგანის ფოტოს ქვეშ მითითებულია, რომ ის მხარს უჭერს „საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორუფლებიან დიალოგსა და სრულფასოვან თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ-რელიგიურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“.
სკოლის მოსწავლეებთან ევრაზიის ინსტიტუტი პროექტის „9 მაისის“ ფარგლებში მუშაობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ომის ვეტერანებს შეახვედრეს და მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელოვაზე ესაუბრნენ.
GeWorld.Ge_ru_12„ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორები არიან ქართული გამოცემები “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი”,  “ივერიონი”, “ღია ბოქლომი”,  Научное общество кавказоведов (НОК) და “ლევ გუმილევის ცენტრი”. თითოეულის ბანერი ევრაზიის ინსტიტუტის ვებ გვერდზე სწორეს „პარტნიორების“ განყოფილებაშია განთავსებული.
ანტიდასავლური დისკურსით ცნობილი ქართული საინფორმაციო ვებგვერდების Geworld.ge-სა (საქართველო და მსოფლიო) და „საქინფორმის“ გამომცემელი ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობაა”, რომელიც 2009 წელს თბილისში დაარსდა. მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე ტარიელ (ტარას) გაგნიძეა. 
“ისტორიული მემკვიდრეობის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრი შექმნის დღიდან არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ჭაჭია ამავდროულად არის საქართველოში მოქმედი "გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის" საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ორგანიზაცია “სამეგრელოს” და "მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციის"  ხელმძღვანელი.
“საქართველო და მსოფლიო” გაზეთის სახით 2009 წლიდან გამოდის. აქვს სამენოვანი ვებგვერდი Geworld.ge, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. გამოცემის მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუაა, რომელიც პარალელურად “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია. ამავე შემოქმედებით კავშირში კი გაერთიანებულნი არიან ისეთი გამოცემების რედაქტორები, როგორიცაა “ასავალ-დასავალი”, GeorgianTimes, ტელეკომპანია “ახალი საქართველო” და სხვა.
როგორც Geworld.ge-ის, ისე “საქინფორმის” დომენი “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული.
საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო სააგენტო იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაექვემდებარა და 2004 წელს არსებობა შეწყვიტა. 2010 წელს ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე ჟურნალისტმა აღადგინა.
გამოცემის რედაქტორი და მფლობელი არნო ხიდირბეგიშვილია.
კონტენტის თვალსაზრისით, საქინფორმიც Geworld.ge-ის ხაზს ატარებს - უწევს ტირაჟირებას ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მოსაზრებებს. მათ მიერ მომზადებულ მასალებში ჭარბობს ანტი დასავლური განწყობები. “საქინფორმითა” და Geworld.ge-ით ფაქტობრივად ერთი და იმავე მესიჯების ტირაჟირება ხდება. ამავე მესიჯებს ავრცელებს თავად რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილიც, რომელიც ხშირად აფასებს მიმდინარე მოვლენებს, როგორც საქინფორმისა და Geworld.ge-ის, ისე საკუთარ საიტზე www.arnoxidi.com. აღნიშნული ვებგვერდები ორენოვანია - მასალები ქართულ და რუსულ ენაზე ქვეყნდება.
10301299_1016086855081842_4080751230178380761_nარნო ხიდირბეგიშვილის მოსაზრებები ქვეყნდება  რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე  www.iarex.ru, რომელიც “საქინფორმის” პარტნიორია. მისი ბანერი „საქინფორმის“ ვებ გვერდზეა განთავსებული. Rex-ს კი საქინფორმის ბანერი აქვს გამოქვეყნებული. Rex-ის კონტენტიც ანტი-დასავლური განწყობებით გამოირჩევა.
Rex -ის რედაქტორი მოდესტ კოლეროვია, რომელიც პარალელურად 2002 წლიდან არის საინფორმაციო სააგენტოს Regnum.ru-ს დამფუძნებელი და რედაქტორი.  კოლეროვს აკრძალული აქვს შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ესტონეთმა და ლატვიამ. იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონალური და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი 2007 წლამდე. მის ფუნქციებში შედიოდა ”ფერადი რევოლუციების” აღკვეთა, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა.
„ევრაზიული ინსტიტუტის" ერთ-ერთი პარტნიორია რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრი“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ  მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრი ეთნოკონფლიქტების გადაჭრის გზად „ევრაზიანიზმის“ იდეის პოპულარიზაციას ასახელებს.
გუმილევის ცენტრის ხელმძღვანელი პაველ ზარიფუნილია, რომელიც რუსეთში საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის (რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრე დუგინია) სამდივნოს ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე.
„ევრაზიის ინსტიტუტის“ კიდევ ერთუ პარტნიორია „კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება“ (Научное общество кавказоведов - НОК). მისი დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება 2010 წლის ოქტომბერში, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში მიიღეს, რის შემდეგაც როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია დაარეგისტრირა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ.
“ევრაზიული ინსტიტუტის” ინიციატივით 2013 წლის დასაწყისში დაფუძნდა „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“. ამ ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი უბილავაა. საბჭოში ასევე შედიან - „ევრაზიის ინსტიტუტის“ წევრი ირაკლი ყიფიანი, ასევე გიორგი მდივანი, რამაზ ბეჭვაია, გიორგი ჩიკვილაძე, ვლადიმერ ცომაია.
„ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ პარალელურად ირაკლი უბილავა არის “გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მან ორგანიზაცია  2013 წელს დაარეგისტრირა. დამფუძნებლები აგრეთვე, არიან ვიქტორ ცაავა, ზვიად მირგატია, ზაურ გახარია, რომელიც პარალელურად სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ წევრია.
„ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ, ყოფილ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანთან, ერთად 2011 წელს დააფუძნა ორგანიზაცია - “კავკასიური თანამშრომლობა”. ამავე სახელწოდების ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობა“ მოსკოვში უკვე არსებობდა. “საქინფორმის” ცნობით, ქართული ორგანიზაცია რუსულისგან იურიდიულად დამოუკიდებლად მოიაზრება, თუმცა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსულ ორგანიზაციასთან.11178395_10204099260015914_1537629091_n
გულბაათ რცხილაძის თქმით, „ორგანიზაციის მიზანია, ქართულ-რუსულ სამეცნიერო, ექსპერტულ წრეებში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ოდესღაც არსებული ნაყოფიერი სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენა“.
რუსული „კავკასიური თანამშრომლობის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი სილაევია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სუმსი  (უ)-ს კავკასიის პრობლემათა და რეგიონალური უსაფრთხოებათა ცენტრის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი.
ნიკოლაი სილაევმა 2012 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსცა კვლევა „საქართველო არჩევნების შემდეგ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები“, სადაც აღინიშნა, „რუსეთში განათლების მიღება კვლავ უნდა გახდეს ქართველი აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა, ვინაიდან „ქართველი ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან ევროპაში და აშშ-ში და ხშირად არ გააჩნიათ რუსული ალტერნატივა“.
„კავკასიური თანამშრომლობის“ ინიციატივით, 2013 წლის თებერვალში ქართული დელეგაცია ჩრდილოეთ ოსეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანს ეწვია. სწორედ ამ შეხვედრაზე განაცხადა შოთა აფხაიძემ, რომ "2008 წელს სააკაშვილმა ოსი ხალხის გენოციდი განახორციელა".
ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ერთერთი დამფუძნებელი ნანა დევდარიანი ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების, „გლობალური კვლევების ცენტრის“,  “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” და “სახალხო სასამართლო ფონდის” დამაარსებელი.


კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.




ევრაზიის ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები


                     



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий