вторник, 9 июня 2015 г.

მამა ზაზა თევზაძე: ჰომოფობიური საზოგადოება გარკვეულწილად ვნებულია



მამა ზაზა თევზაძე: “ბუნებაში, ადამიანურ სამყაროში მოცემულობა ასეთია – ადამიანების უმრავლესობა ჰეტეროსექსუალია და ჰეტეროსექსუალური კულტურა დომინანტია. ამავდროულად ვიცით, რომ არიან უმცირესობები ანუ ჰეტეროსექსუალებისგან განსხვავებული სექსუალური ტიპები, ლგბტ ადამიანები.

განსხვავებული და უცხო მახასიათებელი გარკვეულწილად ცნობიერ თუ არაცნობიერ შიშს აღძრავს. შიში საფრთხეზე ბუნებრივი რეაქციაა, განსხვავებით ამისგან, ფობიის მთავარი მახასიათებელი არარაციონალური, საფრთხესთან შედარებით არაპროპორციული შიშია, როდესაც ადამიანს,  თავისთვის უცხო და გაურკვეველი  მოვლენის  მიმართ გაუცნობიერებელი პანიკური შიში ეუფლება. ამგვარად, ჰომოფობიური საზოგადოება გარკვეულწილად ვნებულია (შეშინებულია), რამდენადაც პანიკური მიუღებლობა ტანჯავს სექსუალური უმცირესობების მიმართ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ჰომოფობია  საზოგადოების დიდი ნაწილის პრობლემაა და არა მხოლოდ ამგვარი უმცირესობის. ამ პრობლემიდან გამოსავალი ჰომოფობიის დაძლევაა, რომელიც შესაძლებელია ამ ფენომენის შესწავლით, გაცნობიერებით, გონივრული გამოსავლის  ძიებით და არა მიუღებლობით, ძალადობითა და აგრესიით; თუკი მთლიანი საზოგადოება (როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა) იმისთვის გაირჯება, რომ ამ მოვლენის სიღრმეებს ჩაწვდეს, ვფიქრობ, ასეთი ფობიური დამოკიდებულება მოიხსნება, დაიძლევა და ამ მძიმე მუხტისგან საზოგადოება გათავისუფლდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ ამგვარ დამოკიდებულებას რეაქციად აგრესია ახასიათებს, რაც ფაქტობრივად, ამ შიშის გამომწვევი ობიექტის განადგურების სურვილამდე მიდის და რის შედეგადაც, ბუნებრივია, ყველა ზარალდება.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა  მხოლოდ პოტენციურ მსხვერპლზე,  არამედ პოტენციურ მოძალადეზეც და ასე შევინარჩუნოთ მთლიანი და ტოლერანტული გარემო და რწმენა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით, რაც აუცილებელი პირობაა ადამიანის პოზიტიური შესაძლებლობების გამოვლინებისა და რეალიზაციისა.
არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ჰეტეროსექსუალი ჰომოფობია, ანდა პირიქით – ყველა ლგბტ ჰეტეროფობი (ჰეტეროფობიაზე ნაკლებად საუბრობენ მისი არააქტუალობის გამო) და  რადგანაც  მათ ეს მოახერხეს, ასეთი ურთიერთობების საუკეთესო ნიმუში კი ზოგადად დასავლური ცივილიზაციაა, ამიტომ საფუძვლიანი იმედი არსებობს იმისა, რომ ჩვენთანაც ეს  პრობლემა დაიძლევა”.
დეკანოზი ზაზა თევზაძე, ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი – 8 ივნისი, 2015 წელი.


წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий