пятница, 19 июня 2015 г.

მღვდლები არა ვართ შოუბიზნესის წარმომადგენლები - დეკანოზი თამაზ ლომიძე


რატომ არ უნდა აქვეყნებდეს მღვდელი საკუთარ ფოტოებს სახის სხვადასხვა გამომეტყველებით, ნაირნაირი კოსტუმებით და პოზებით?


- ზუსტად იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ხატებს ვწერთ და არ ვხატავთ. ღვთის სიტყვის და ჭეშმარიტების გადმოსაცემად ხატები იწერება. მასზე გამოსახულია არა ნახატი, რომელიც პირდაპირ ფოტომსგავსებას გვიჩვენებს მასზე გამოსახულთან, არამედ ხატი გადმოგვცემს მხოლოდ საერთო ინფორმაციას წმინდანის საღვთო საქმის, მისი ხასიათის, მისი ცხოვრების ან რაიმე საღვთო მოვლენის შესახებ. ხატებზე წმინდანის არც მყისიერი ხორციელი და მშვინვიერი ემოციებია გამოხატული და არც გრძნობები. ხატზე დაწერილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მთლიანობაში წმინდანის თვისებებს და ცხოვრებას ასახავს. მაგალითად, ხატებზე პავლე მოციქულის დიდი შუბლი სიმბოლურად გამოხატავს მის დიდ გონებრივ და სულიერ ინტელექტს (თუმცა, შეიძლება სულაც არ ჰქონია ამხელა შუბლი პავლეს). იოანე ოქროპირის მკაცრი სახე და შეჭმუხნული შუბლი მთლიანობაში გამოხატავს მის ასკეტური ღვაწლით და ტანჯვით სავსე ცხოვრებას (თუმცა, ალბათ ხშირად იღიმებოდა კიდეც იოანე). წმინდა ნინოს თეთრი სამოსი სიმბოლურად გამოსახავს მის დიდ სულიერ სიწმინდეს (თუმცა, შეიძლება სულაც სელის, მონაცრისფრო შესამოსელი ეცვა ნინოს). წმინდა ნიკოლოზის თეთრი წვერი და შესამოსელი მიგვანიშნებს, რომ იგი ღრმა სიბერემდე ემსახურა უფალს და ა.შ. გარდა ამისა მართლმადიდებლური ხატები ერთ სიბრტყეზე იწერება. იშვიათია რელიეფური გამოსახულება და არ არსებობს ქანდაკების სახით, მთელი სხეულით წმინდანების გამოსახვის ტრადიცია. სკულპტურაში ძირითადი აქცენტი გადატანილია ხორციელ და მშვინვიერ თვისებებზე, ხოლო მართლმადიდებლური ტრადიცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან, სულიერ ინფორმაციას.

ასევე, როცა მღვდელი აქვეყნებს ქადაგებას, დარიგებას ან პირად წერილს, რომელშიც უმთავრესია მისი სულიერი მნიშვნელობა და შინაგანი აზრი, აბსოლუტურად ზედმეტია და უადგილო ავტორის პირადი ფოტოების დართვა სახის სხვადასხვა გამომეტყველებით, ამა თუ იმ პეიზაჟის ფონზე. ის მარცვალი, რომელიც მკითხევლის გონებაში უნდა ჩავარდეს და ნაყოფი გამოიღოს, ამ დარიგების შინაგანი აზრია და არა სიმპატიური მღვდლის ლამაზი ფოტო, რომელიც უფრო მეტად მშვინვიერ ემოციებს აღძრავს ვიდრე სულიერს.

მღვდლები არა ვართ შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავი დაამახსოვრონ პუბლიკას. ჩვენგან ნათქვამი ქრისტეს სიტყვები უნდა დაიმახსოვროს ჩვენმა მსმენელმა. პირადად ჩვენ მხოლოდ უღირსი მსახურნი ვართ ქრისტეს საქმის.


დეკანოზი თამაზ ლომიძე
15 მაისი, 2015 წ.



წყარო: წერილები



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий