пятница, 22 мая 2015 г.

ბასილ კობახიძე:„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითდაშლა უნდა გამოაცხადოს



2012-09-25

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მთავარი პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე და სახალხო დამცველი უნდა გადადგნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და გამოაცხადოს თვითდაშლა.

პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი აღმოჩნდნენ პათოლოგები და მანიაკები, რომლებმაც ადამიანების სადისტური წამება სახელმწიფო პოლიტიკის ორგანულ შემადგენელად გახადეს. თუ ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში და პოლიტიკაში, ამით მოხდება ადამიანების წამების გამართლება. ეს წამება, როგორც გარკვეულწილად პოზიტიური მოვლენა, დარჩება მრავალი ადამიანის ცნობიერებაში, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი რყვნიან საკუთარ მომხრეებს და სახელმწიფო მოხელეებს. ამ გუნდმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, რადგან მის ერთ-ერთ საფუძვლად გახადა პატიმრების სისტემური წამება.

თუ დღეს სააკაშვილს სურს რაიმე სიკეთე გააკეთოს, მაშინ ის თავისი ნებით უნდა წავიდეს პოლიტიკიდან თავის გუნდთან ერთად და საკუთარი პოლიტიკური პარტიის თვითდაშლა გამოაცხადოს, რათა ამით აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შელახული სახელი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ახალგაზრდობის წინაშე.

ყოფილმა სახალხო დამცველმა და ამჟამად მინისტრმა გიორგი ტუღუშმა უნდა გაიზიაროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. მან კარგად იცოდა პატიმრების სადისტური წამების შესახებ, ამას თავის ანგარიშებში წერდა, მაგრამ როდესაც ხედავდა რომ ამ ანგარიშებს ყურადღებას არ აქცევდნენ, გიორგი ტუღუშს, როგორც სახალხო დამცველს, სულ ადვილად შეეძლო საქვეყნოდ სკანდალი აეტეხა, მოეწვია ტელევიზიები, გაემართა პრეს-კონფერენცია და პატიმრების სადისტური წამების მიმართ პროტესტის ნიშნად გადამდგარიყო სახალხო დამცველობიდან. ამით შესაძლებელია ეს წამებაც შეწყვეტილიყო.

უკვე მრავალი წელია უამრავი მღვდელი სრულიად დაუბრკოლებლად შედის ციხეებში. თითქმის ყველა საპყრობილეში არის მოქმედი ეკლესია. საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის სპეციალური განყოფილებაც აქვს, რომლის თავჯდომარეა დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. ბოლო დღეებში მედიით გავრცელებულ ინტერვიუებში მღვდლები აცხადებენ, რომ იცოდნენ პატიმრების წამების შესახებ. მაშინ რატომ არ ამოიღეს ხმა? განა პატრიარქის პროტესტს პატიმრების სადისტური წამების შესახებ შედეგი არ ექნებოდა? მაგრამ პატრიარქმა ახლაც არაფრისმთქმელი განცხადება გააკეთა და საბჭოთა ნომენკლატურის სტილში რაღაც გაურკვეველი კომისიის შექმნაზე ისაუბრა. საქართველოს ეკლესიამ უნდა გაიზიაროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

For.Ge - საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი

  წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий