пятница, 8 мая 2015 г.

ლეონარდო ბოფი და განთავისუფლების თეოლოგია



 “დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი,
სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელნი გაისტუმრა მდიდარნი.” (ლკ 1; 52-53)


განთავისუფლების თეოლოგია
განთავისუფლების თეოლოგია XXს-ში ლათინო ამერიკაში წარმოქმნილი ქრისტიანული (კერძოდ კათოლიკურ ეკლესიაში აღმოცენებული) მიმართულებაა. შემდგომში კი სხვადასხვა კონტინენტებსა თუ ქვეყნებში სხვადასხაგვარად ჰპოვებს განვრცობას და განვითარებას. მიზეზი განთავისუფლების თეოლოგიის წარმოქმნისა სხვადასხვაგვარა. ეს იყო სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიური, კულტურული, რასისტული თუ სექსისტური. თავდაპირველად წარმოშობის ძირითადი არეალი ლათინო ამერიკული ქვეყნებია და იქ შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკური, სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა. ამ ქრისტიანული მიმართულების წარმომადგენლები, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსხურები იყვნენ ცდილობდნენ ხმა ამოეღოთ იმ დროში არსებული ჩაგვრის, ექსპლუატაციისა და სამოქალაქო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ. 1960 წლიდან იქმნება ფართოდ ე.წ. თვითორგანიზებული კათოლიკური სამრევლოები, სადაც მოსახლეობა სასულიერო პირებთან ერთად ცდილობდნენ ყოველდღიური პრობლემებს გამკლავებოდნენ ღვთის რწმენითა და იმედით, რათა ერთად ეპოვნათ შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალი.
1964 წლიდან ბრაზილიაში ხდება სამხედრო გადატრიალება, რომელსაც აშშ-მ დაუჭირა მხარი. მყარდება სამხედრო დიქტატურა რომელიც თავის პიკს 1970-80იან წლებში მიაღწევს. შედეგად იღებს მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურ და ეკონომიურ კატასტროფას. მხოლოდ ერთეული მაღალი ფენების მდგომარეობა არის მისაღები. მთელი რიგი  მცდელობები რეფორმების რითიც ღარიბების მდგომარეობა უნდა გამოსწორებულიყო, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა მასიურად ძალადობრივი მეთოდებით. ყოველივე ამან მთელ რიგ ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში აჯანყებები და შეიარაღებული დაპირისპირებები გამოიწვია. იყო მცდელობები რევოლუციების არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, პერუში, ელ-სალვადორსა და ნიკარაგუაში. 1970-80იან წლებში რეპრესიების შედეგად ლათინო-ამერიკაში დახვრეტილთა რაოდენობამ 50.000 მიაღწია, ხოლო 400.000მდე ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

“ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ.” (მთ 6;21)
ამ ფონზე იზრდებოდა ქრისტიანული სამრევლოები, ხოლო საეკლესიო პირების ერთი ნაწილი ჩაგრული და ღარიბი მოსახლეობის გვერდით დგებოდა, რათა ამ მდგომარეობაში მყოფ დაჩაგრულების, უუფლებოების, ღარიბებისათვის თანაეგრძნოთ და სოლიდარული ყოფილიყვნენ. რაც გარდაუვალ კრიტიკას ნიშნავდა ძალაუფლების მქონეთა. განთავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენელი  ლეონარდო ბოფი, რომელზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ დასძენდა “არა ეკლესია, არამედ ადამიანი უნდა იდგეს სარწმუნოების ცენტრში”. ამ პერიოდში ოლიგარქებთან და დიქტატორულ რეჟიმთან მებრძოლი განთავისუფლების თეოლოგია ღიად წარმოჩინდა და გავრცელდა მთელს კონტინენტზე. ეს ბრძოლა კი მრავალი სასულიერო პირს ცხოვრების ფასად დაუჯდა. გახმაურებული მსხვერპლი ამ მოვლენებისა გახდა ელ სალვადორის მთავარეპისკოპოსი ოსკარ რომერო. იგი ერთერთ საეკლესიო დღესასწაულზე პირდაპირ ტაძარში იქნა მოკლული, როდესაც იგი ლიტურგიას აღასრულებდა. აქვე აღსანიშნავია საეკლესიო პირების მეორე ნაწილი, რომელიც ოლიგარქებთან, ძალაუფლების და ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.
მთავარეპისკოპოსი ოსკარ რომერო
მთავარეპისკოპოსი ოსკარ რომერო
პაპ პიუს XIIის უშუალო ხემძღვანელობით არსდება ლათინური ამერიკის ეპისკოპოსების კონფერენცია (CELAM ), რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმ დროს არსებული პრობლემების მოგვარებისათვის, მათ შორის სოციალურისაც. პირველი გენერალური კონფერენცია 1955წელს რიო დეჟანეიროში ჩატარდა.  ამავე კონფერენციაზე მოითხოვდნენ ცალკეული ეპისკოპოსები კონტინენტზე გაჩენილი სოციალური პრობლემებზე პასუხის გაცემას სოციალური რეფორმების სახით. ამ მოთხოვნებს აძლიერებდა მეორე ვატიკანის კრება და პაპ პავლე VI-ის ენციკლიკა “Populorum Progressio” (ხალხების განვითარების შესახებ). სადაც პაპი ეხებოდა ლათინო ამერიკის სიტუაციასაც სიტყვებით „ ჩვენ მოვალენი ვართ დღეს არსებულ მდგომარეობას გაბედულად შევხვდეთ, არსებული უსამართლობანი კი მოვსპოთ და ჩვენი სამყაროსგან მოვიცილოთ”.

გუსტავო გუტიერესი
თეოლოგი გუსტავო გუტიერესი
1968 წელს ქალაქ მედელინში მეორე ლათინური ამერიკის ეპისკოპოსების კონფერენცია შეიკრიბა. იქ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა ძალადობრივი სოციალური უსამართლობა ლათინურ ამერიკაში მკაცრად გააკრიტიკეს და მოითხოვეს სასწრაფო რეფორმა აგრარულ სტრუქტურასა და პოლიტიკაში. აქვე გამოიკვეთა ეკლესიის მთავარი კონცეპტი, რომელიც ღარიბებისათვის მსახურებაში მდგომარეობდა “არა მხოლოდ სულს ჭირდება საკვები არამედ სხეულსაც”. ამ კრებაზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა გუსტავო გუტიერესი როგორც მრჩეველი, რაც საბოლოოდ აისახება კრების დოკუმენტებზეც. ეს კრება ითვლება გავლენის და ბიძგის მიმცემად განთავისუფლებიის თეოლოგიისათვის. უკვე 1971 წელს კი გამოქვეყნდება და ფართო აღიარება ჰპოვა გუსტავო გუტიერესის წიგნმა სახელწოდებით “განთავისუფლების თეოლოგია”. მცირე ხნის შემდეგ გაისმის პირველი კრიტიკა განთავისუფლების თეოლოგიის წინააღმდეგ. ფრაიბურგელი თეოლოგი კარლ ლემანი თავის კოლეგებს საყვედურობს: “ეკლესიამ ყოველივე შეზღუდვის გარეშე უნდა გაუნაწილოს თითოეულ ადამიანს ღვთის სიყვარული, არ უნდა განარჩიოს მორწმუნენი.” ამის მიზეზი კი იყო ის რომ განთავისუფლების თეოლოგები განსხვავებულად წარმოაჩენდნენ ეკლესიას, ეკლესიას რომელიც მხოლოდ ღარიბებისა და ჩაგრულებისათვის მოიაზრებდა საკუთარ თავს. აღსანიშნავია ის რომ ოფიციალური კათოლიკური ეკლესია და რომის კურია განსაკუთრებით პაპი იოანე პავლე II და კარდინალი იოზეფ რატცინგერის (პაპი ბენედიქტე XVI) მეთაურობით მკაცრად აკრიტიკებდა ამ მოძრაობას მთელი რიგი “თეოლოგიური ცდომილებების” გამო რომელიც კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური სწავლების თანახმად მიუღებელი იყო.
ამასთანავე არსებობდნენ განთავისუფლების თეოლოგიის წარმომადგენლები რომლებიც რადიკალურები იყვნენ თავიანთ ქმედებებში. ამის მაგალითია კოლუმბიის ნაციონალური არმიის წევრი მღვდელი კამილო ტორესი, რომელიც ხელში იარაღის აღებით ცდილობდა დაპირისპირებოდა იმ დროინდელ მდგომარეობას. კამილო ტორესს ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება მღვდელმსახურთა წრეებიდან. იგი კოლუმბიის სახელმწიფო არმიასთან პირველივე შეტაკებაში დაიღუპა.
კამილო ტორესი
კამილო ტორესი
მეორე რადიკალ წარმომადგენლად ამ მოძრაობის შესაძლოა  ერნესტო კარდენალი დასახელდეს. იგი აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში ნიკარაგუაში არსებულ დიქტატურის წინააღმდეგ. ერნესტო კარდენალი ერთ დროს მღვდელი და პოეტი, ნიკარაგუაში რევოლუციის შემდეგ კულტურის მინისტრი ხდება. 1983 წელს იოანე პავლე II სტუმრობს ნიკარაგუას სადაც ის ხვდება სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მათ შორის უკვე კულტურის მინისტრის რანგში მყოფ ერნესტო კარდენალს. ერნესტო მუხლს იყრის რათა პაპს ხელზე ემთხვიოს. პაპი წევს ხელს მაღლა, ცერა თითით კი მიუთითებს და სთხოვს შემდეგი სიტყვებით, რომ მინისტრის პოსტი დატოვოს: „თქვენ მოვალე ხართ, თქვენი მდგომარეობა წესრიგში მოიყვანოთ!” -ეუბნება პაპი. მოგვიანებითEერნესტო კარდენალი განყენებული იქნება მღვდლობისაგან თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამო.
იოანე პავლე მეორე და ერნესტო კარდენალი
იოანე პავლე მეორე და ერნესტო კარდენალი
უკვე 1995 წელს მეორედ მოგზაურობისას ნიკარაგუაში, იოანე პავლე მეორე თვითმფრინავში ჟურნალისტებთან აღნიშნავს: “განთავისუფლების თეოლოგია აღარ წარმოადგენს საფრთხეს, რადგანაც კომუნიზმი მკვდარია.” მაგრამ იმავე „დამარცხებული” თეოლოგიის წარმომადგენელი „ღარიბების ეპისკოპოსად” ცნობილი პედრო კასალდალიგა დასძენს ” განთავისუფლების თეოლოგია ზუსტად იმდენი ხანი იარსებებს, რამდენი ხანიც იქნება დედამიწაზე სიღარიბე.”
"ღარიბების ეპისკოპოსი" - პედრო კასალდალიგა
“ღარიბების ეპისკოპოსი” – პედრო კასალდალიგა
ლათინო ამერიკული განთავისუფლების თეოლოგიის ნაკლებად რადიკალური და ცნობილი წარმომადგენლები არიან გუსტავო გუტიერესი, ლეონარდო ბოფი, კლაუს ბოფი, ჯონ სობრინო, პედრო კასალდალიგა და სხვანი. განთავისუფლების თეოლოგია ერთგვარ ბიძგად იქცა სხვადასხვა თეოლოგიური მიმართულებების სხვადასხვაგვარი მოთხოვნებით. რასიზმის წინააღმდეგ განვითარება ჰპოვა ე.წ. “შავმა განთავისუფლების თეოლოგიამ” რომელიც თანაბარ სამოქალაქო უფლებებს მოითხოვდა ფერადკანიანი მოსახლეობისათვის. ამ მოძრაობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ლეონარდო ბოფი
ლეონარდო ბოფი
ლეონარდო ბოფი
ბრაზილიელი თეოლოგი ლეონარდო ბოფი  დაიბადა 1938 წლის 14 დეკემბერს სამხრეთ ბრაზილიის შტატ სანტა კატარინის ქალაქ კონკორდიაში. მისი ოჯახი იყო ემიგრირებული იტალიიდან, ჰყავს აგრეთვე გერმანელი წინაპრებიც.
განათლება
1958 წელს უერთდება ფრანცისკანელების ორდენს. სწავლობს ფილოსოფიას კურიტიბაში და თეოლოგიას პეტროპოლისში. მღვდლად კურთხევის შემდეგ 1964 წელს აგრძელებს სწავლას ვურცბურგის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1965-1970 სწავლობს მიუნხენის უნივერსიტეტში ცნობილ პროფესორ კარლ რანერთან.ხოლო 1972 წელს სადოქტოროს იცავს პროფესორ შევჩიკთან დოგმატიკაში.
მოღვაწეობა
ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ იწყებს მოღვაწეობას ქ. პეტროპოლისის ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ინსტიტუტში სისტემური თეოლოგიის პროფესორად. ამასთანავე მუშაობს ლათინურ ამერიკის ერთ-ერთ დიდ კათოლიკურ გამომცემლობაში, ამავე გამომცემლობამ გამოცა მისი წიგნებიც. იმავდროულად წერს სტატიებს აქტუალურ თეოლოგიურ საკითხებზე გაზეთ ” Revista Eclesiastica Brasileira” . აქტიურ მონაწილეობას იღებს ბრაზილიის და ლათინო ამერიკის ეპისკოპოსების კონფერენციებში, სადაც კითხულობს მოხსენებებს. ამ სფეროში ფართო მოღვაწეობა, მიზეზია მისი ხშირი მოგზაურობისა სხვადასხვა რეგიონებში ქვეყნის შიგნით და ასევე საზღვარგარეთ.
ლეონარდო ბოფი  არის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ე.წ. “განთავისუფლების თეოლოგიის” პერუელ თეოლოგ, პროფესორ გუსტავო გუტიერესთან ერთად. ამ მიმართულების თეოლოგიამ ხორცი შეისხა 60იან წლებში ჩამოყალიბებულ საეკლესიო სამრევლოებში, მიზეზი კი ოფიციალური ეკლესიის იერარქების არასაკმარისი სულიერი მზრუნველობა ღარიბი და სოციალურად გაჭირვებული ხალხის მიმართ. ამასთანავე არსებობდნენ გამონაკლისი სასულიერო პირები რომლებიც თავიანთ მრევლთან ერთად ცდილობდნენ შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამოსავალი გზები ეპოვნათ.  იმავდროულად  გასათვალისწინებელია იმ დროს შექმნილი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა ლათინურ ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში. ეს არის სიღარიბის, ჩაგვრის და ესქპლუატაციის პერიოდი. მსგავსი სამრევლოების რიცხვმა მარტო ბრაზილიაში 1984 წელს 150000-ს მიაღწია. საერთო ჯამში ლათინურ ამერიკაში განსაკუთრებულად იკვეთებოდა სოციალური უთანასწორობა, განხეთქილებები საზოგადოებაში და ბოფის ტერმინით სახელმწიფო ინსტიტუციების ძალადობა ხალხზე. შექმნილი მდგომარეობის საპირისპიროდ ძლიერდებოდა და ხალხში აღიარება მოიპოვა ე.წ. სამრევლოებმა რომლებმაც კონტაქტი და საერთო ჰპოვა სოციალისტურ ხედვებთან. აგრეთვე მარქსისტულმა თეზებმა იპოვა შესასვლელი განთავისუფლების თეოლოგიაში .  ხალხში გაიზარდა უნდობლობა და წინააღმდეგობა რომის კურიის მიმართ. თავად ბოფი აღნიშნავდა გერმანულ ჟურნალ “Spiegel”-თან საუბრისას (38/1984) მარქსიზმს როგორც მეორეხარისხოვანს, ამავდროულად აკრიტიკებდა კათოლიკური ეკლესიის სოციალურ სწავლებას როგორც ღარიბებისათვის ნაკლებად დახმარების მქონეს. განსაკუთრებით აღნიშნავდა რეალურად არსებულ პირობებთან მის უუნარობას, კერძოდ  ღარიბების ცხოვრების პირობებთან მიმართებაში.
ბოფი და ვატიკანი
51Z8FTCVw+L._SL500_AA300_
1971 წლიდან ბოფს თავისი “მცდარი სწავლებების გამო” ვატიკანი თვალს ადევნებდა, შემდეგში კი უკვე თეოლოგიურ კათედრაზე სწავლებას უკრძალავს. მისმა წიგნმა “ეკლესია, ქარიზმა და ძალაუფლება”(1981) ერთერთმა მისი ძველი ნაწერებისაგან გადამწყვეტი და მაპროვოცირებელი გახდა ვატიკანის რწმენის კონგრეგაციის რეაქციისათვის. მისი პოლემიკა წარმოიშვა იერარქიულ და არადემოკრატიულ საეკლესიო სტრუქტურაზე. 1984 წლის დასაწყისში რწმენის კონგრეგაციის თავჯდომარემ კარდინალმა იოზეფ რატცინგერმა პერუს გაზეთ “Oiga”-ში დააფიქსირა თავისი პოზიცია. 1984 წლის მარტში ბოგოტაში იოზეფ რატცინგერი და რწმენის კონგრეგაციის დელეგატები მართავენ კონფერენციებს თითქმის ყველა ლათინო ამერიკელი ეპისკოპოსისათვის განთავისუფლების თეოლოგიის შესახებ. საბოლოო დოკუმენტის შესავალი ჰპოვა ” ევანგელიზაცია ლათინურ ამერიკის აწყმო და მომავალში. ამავე პერიოდში ლეონარდო ბოფის ძმა თეოლოგიის პროფესორი კლაუდიუს ბოფი კათედრაზე სწავლების უფლება ჩამოართვეს. 1984 წლის აპრილში რომში ერთერთ პრესკონფერენციაზე რატცინგერმა წარმოადგინა კრიტიკული შენიშვნები განთავისუფლების თეოლოგიის შესახებ. შემდგომ პერსონალური წერილი გაუგზავნა კრიტიკული შეკითხვებით ლეონარდო ბოფს თავისივე წიგნზე.
ბოფი და საეკლესიო სასჯელი
კარდინალი იოზეფ რატცინგერი (შემდგომში ბენედიქტე xvi)
კარდინალი იოზეფ რატცინგერი (შემდგომში ბენედიქტე xvi)

1984 წლის 7 სექტემბერს ბოფი დაბარებულ იქნა კარდინალ რატცინგერის მიერ რომში გასაუბრებაზე. მისი მისამართით გაკეთებულ საყვედურებზე თეოლოგიური პასუხები გამოქვეყნდა 1985 წელს ძმასთან ერთად ნამუშევარ ნაშრომში “განთავისუფლების თეოლოგია, დიალოგიდან კონფრონტაციისაკენ”. ბოფის მიერ არ მიღებული თეზები საეკლესიო სტრუქტურაზე, მისი შეხედულებები დოგმატებზე, სასულიერო პირების მსახურებაზე და მისი დამოკიდებულება ეკლესიის წინასწარმეტყველური ელემენტებზე დაყრდნობით, განაპირობა 1985 წლის მარტში დასაბუთება იმისა,რომ მისი შეხედულებები გაანადგურებდა საეკლესიო საიდუმლოებების ავთენტურ მნიშვნელობას და გამოიწვევდა დასამარებას რელიგიური რეალობისა. იმავე წლის მარტში დაედო სასჯელი (დუმილის სასჯელი) სახით, აეკრძალა ქადაგება და სხვადასხვა კათედრებზე ლექციების წაკითხვა. კარდინალი რატცინგერი ხედავდა ამას როგორც დახმარებას და არა სასჯელს მისადმი. ეს იყო პასუხი რატცინგერის ბოფის და მისი მრავალი მომხრეებისა მისამართით.
თეოლოგმა მიიღო ეს სასჯელი რადგანაც სურდა ეკლესიაში დარჩენა. 108 კათოლიკე თეოლოგმა გერმანიიდან და შვეიცარიიდან გამოუცხადა სოლიდარობა და თანადგომა ბოფს და ამასთანავე მოითხოვდნენ სასჯელის გაუქმება. სულ მცირე დროის შემდეგ თიუბინგენის უნივერსიტეტმა ბოფის თანამებრძოლ გუსტავო გუტიერესს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ხოლო თავად ბოფმა იმავე წელს შვეიცარიული ფონდის მიერ დაწესებული პრიზი მიიღო, რომელიც იმავდროულად ფულად თანხას 5000ფრანკს შეადგენდა.
უკანასკნელი გაფრთხილება
1991 წლის მაისში ბოფმა ვატიკანისგან მეხუთეჯერ მიიღო დისწიპლინარული სასჯელი. კარდინალ რატცინგერის და პეტროპოლისის ეპისკოპოსის ხოსე ფერნანდესის გაღიზიანების შემდეგ ბოფი იძულებული იყო კათოლიკური გაზეთისრედაქტორის თანამდებობიდან გადამდგარიყო. იმავდროულად დატოვა საცხოვრებელი თავისსავე დაარსებულ პეტროპოლისის სემინარიაში. ახალი სასჯელის მიზეზი, მის მიერ გამოქვეყნებული პოლემიკური სტატიები იყო სადაც აკრიტიკებდა ცელებატობას და რომის კურიის ძალაუფლებას. ორი ათეული წლის განმავლობაში მასზე დაკისრებული საეკლესიო სასჯელების გამო 1992 წლის ივლისში საბოლოოოდ დატოვა ფრანცისკანული ორდენი და ერისკაცის წოდებას დასჯერდა.
” განკვეთილი თეოლოგი”
ლეონარდო ბოფი
ლეონარდო ბოფი
მღვდელმსახურებაზე უარის თქმის შემდეგ 1992 წელს გადაიბარა ახლად შექმნილი ეთიკისა და სპირიტუალიტეტის კათედრა რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტში და გააძლიერა წერითი საქმიანობა. ამას გარდა გაავრცელა და დასვა განთავისუფლების თეოლოგიის გარშემო ეკოლოგიური კითხვები, სურდა განევითარებინა ე.წ. “ცხოვრების თეოლოგია”. მას საყვედურობდნენ კომუნისტურ ორიენტაციას, რაც უარყო მან თავისივე სიტყვებით „მე ქრისტიანი ვარ და არა მარქსისტი”. ბოფი იცავდა და მოითხოვდა მეტ ადამიანურობას და დემოკრატიულობას კათოლიკურ ეკლესიაში, აგრეთვე ინდიური და აფრიკული ელემენტების მიღებას და აღიარებას. მისი წიგნები მიუხედავად რთული თემატიკისა არის წარმატებული, როგორიცაა თეოლოგია, ეკოლოგია და სოციალურად კრიტიკული თემები გასაგებ ენაზეა დაწერილი.
მიწვეული პროფესორის რანგნში მოღვაწეობა ლისაბონში, ბარსელონაში, ჰარვარდში, ბაზელსა და ჰაიდელბერგში. თავისი ფუნდამენტურ შეხედულებებთან დაკავშირებით ადამიანის სულიერებასა და სოციალურ სამართლიანობაზე, ის როგორც მრავალწლიანი მონაწილე და მებრძოლი სიღარიბის და სოციალურ უთანასწორობის წინააღმდეგ 2001 წელს მიიღო სხვა სამ პრიზთან ერთად ალტერნატიული ნობელის პრემია ორგანიზაცია „სწორია ცხოვრებისათვის”.
1993 წელს დაქორწინდა თეოლოგ მარსია მარია მონტეიროზე. თავისუფალ დროს ზრუნავს ქუჩის ბავშვებზე ღარიბი უბნებიდან და თავის ბაღზე. თავად არის ავტორი 80 მდე წიგნისა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე არის თარგმნილი

 შოთა კინწურაშვილი 12/07/2014




გაუზიარეთ მეგობრებს



შეგიძლიათ მასალის / სტატიის გადაყვანა და ჩამოტვირთვა PDF ფორმატში
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий