მამა ზაზა თევზაძე: „როგორია უმრავლესობა, როგორია ნებისმიერი ძალაუფლების მქონე სუბიექტი – განისაზღვრება იმით, თუ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს იგი უმცირესობის, უბრალოდ სუსტი და დაუცველი მოქალექეების მიმართ. 2013 წლის 17 მაისი ასეთი განმსაზღვრელი დღე აღმოჩნდა, როცა მკაფიოდ გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების წარმმართველი ნაწილის სახე, ანუ დავინახეთ როგორები ვართ ჩვენ დღეს; დამერწმუნებით, ბევრი ამ მოძალადეთაგანი უზომო სიამაყის გრძნობით იყო გამასჭვალული, რადგანაც გულწრფელად ეგონა, რომ საშუალება მიეცა ღირსეული მოქალაქის, ერისა და ეკლესიის ჭირისუფლის ადგილას მდგარიყო.
გახდეს უმრავლესობა უკეთესი (უმრავლესობა თავისთავად მაქსიმალურ ძალაუფლებას ფლობს), – თითოეული ჩვენთაგანისათვის და ზოგადად სასიცოცხლო სივრცისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა იესოს მისი თანამოძმეები წარმოუდგენელი სისასტიკით ექცეოდნენ, იგი ლოცულობდა მათთვის, რომლებიც უმეცრების ტყვეობაში იყვნენ, მათი გარდაქმნის – მეორედ შობისათვის, რის შედეგადაც ისინი სიძულვილის ნაცვლად სიყვარულის ენაზე დაიწყებდნენ საუბარსა და მოქმედებას.
ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოების ფერისცვალება მოხდეს, სადაც ძალადობასა და ქსენოფობიას ტოლერენტობა ჩაენაცვლება; მაგრამ სანამ ეს მოხდება, ყოველი მართალი ადამიანი ცოცხალ ღობედ უნდა იქცეს უმცირესობათა და ზოგადად – იოლად მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად”.
ნარიყალას წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ზაზა თევზაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий