კახაბერ კურტანიძე
ქრისტიანული ტრადიცია ამტკიცებს, რომ ღმერთი პიროვნულია/პიროვნებაა და იგი ჩართულია კაცობრიობის ისტორიაში, მოქმედებს მასში და წარმართავს/იზიდავს გარკვეული მიზნისაკენ - კერძოდ თავისკენ. ეს საერთო ქრისტიანული რწმენის ღმერთია. მართმადიდებლურს კი აქვს გარკვეული თავისებურება. ამ თავისებურებაზე საუბრობს ათენელი თანამედროვე მართმადიდებელი "ლიბრალი" თეოლოგი მარიო ბეგზო მე-20 საუკუნის ბერძნული თეოლოგიის პერიპეტიებს მიძღვნილ თავისი წიგნის დასკვნაში. ეს დასკვნა ლაკონურად ამგვარად გადმოიცემოდა:
მართმადიდებლური ტრადიცია არის რადიკალური. ის არ არის კონსერვატული, არამედ ავანგარდული - წინმხედველი/წინმსწრები. შთაგონებულია რწმენის საწყისებით, მიემართება ყოველი ეპოქის დინების საწინააღმდეგოდ და მიზნად აქვს განახლება. მაგრამ განახლება არ გულისხმობს უბრალოდ სიახლეს ან მოდერნიზაცია/გათანამედროვეობას. პირიქით, მართმადიდებლური რადიკალიზმი (მ.რ.) არ ადაპტირდება ეპოქასთან, არამედ ცდილობს დრო შეაწყოს ჭეშმარიტებსთან. ასეთ პოზიციას წინასწარმეტყველური კრიტიკული „სულებისა და დროთა ნიშნების განმრჩევლობა" (შდრ. 1კორ 12.10; მთ. 16.1) ჰქვია.
მართმადიდებლური ტრადიცია არის რადიკალური. ის არ არის კონსერვატული, არამედ ავანგარდული - წინმხედველი/წინმსწრები. შთაგონებულია რწმენის საწყისებით, მიემართება ყოველი ეპოქის დინების საწინააღმდეგოდ და მიზნად აქვს განახლება. მაგრამ განახლება არ გულისხმობს უბრალოდ სიახლეს ან მოდერნიზაცია/გათანამედროვეობას. პირიქით, მართმადიდებლური რადიკალიზმი (მ.რ.) არ ადაპტირდება ეპოქასთან, არამედ ცდილობს დრო შეაწყოს ჭეშმარიტებსთან. ასეთ პოზიციას წინასწარმეტყველური კრიტიკული „სულებისა და დროთა ნიშნების განმრჩევლობა" (შდრ. 1კორ 12.10; მთ. 16.1) ჰქვია.
ასეთი მიდგომით ცხადი ხდება, რომ მართმადიდებლობა მიმართულია არა წარსულის, არამედ მომავლის გამოწვევებისაკენ. ამრიგად, მ.რ. ცდილობს განიხილოს აწმყო არა წარსულის, არამედ მომავლის შუქზე. აწმყოსადმი კრიტიკული პოზიცია და ტრადიციის კრიტერიუმებით მომავლისაკენ მიმართება არის კიდეც ქრისტიანული, ანუ ჭეშმარიტი განახლების პერსპექტივა. მართმადიდებლობა არ არის არც ანტიმოდერნიზმი, არც მოდერნიზმი და არც პოსტმოდერნიზმი. იგი მეტამოდერნიზმია, ანუ აღმატება კონსერვატიზმსა და სიახლეების მოდერნულ განუხილველ/სულსწრაფ დევნაზე. ხოლო მოდერნიზმი მხოლოდ ამაო/ყალბი განახლებაა - განახლება არსაითკენ, არაფრისათვის და არავისაკენ. მართმადიდებლური ტრადიციის ჭეშმარიტება გამორიცხავს მოდერნულ ლიბერალიზმს/ნეოლიბერალიზმს და დაადგენს კრიტერიუმად ჭეშმარიტებას, როგორც განხორციელებული ღმერთის პიროვნულ თანაყოფნას/თანდასწრებას ისტორიაში და ა.შ.
მაგრამ აქ შეგვიძლია დავსვათ კითხვები: რა არის პიროვნება, ანუ სუბიექტი? რას ნიშნავს მისი თანდასწრება? არსებობს კი საერთოდ სუბიექტი თუ იგი მხოლოდ რწმენის საგანია? თუ ასეა, მაშინ, როგორ ფუნქციონირებს რწმენისეული ასეთი სუბიექტი?
როგორც ზემოთ ვნახეთ, მარიო ბეგზო აპელირებს „ჭეშმარიტებაზე" იმგვარად, თითქოს არსებობდეს რაღაც ჰაერში მოლივლივე ობიექტურ/მეტაფიზიკური ჭეშმარიტება, რომელსაც მხოლოდ გზა უნდა მიეცეს, რომ იმოქმედოს/აღსრულდეს. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ზუსტად ჯდება მართმადიდებლურ ტრადიციაში. ვგულისხმობ, სუბიექტი/პიროვნების მართმადიდებლურ გაგებას, რომელიც შეიძლება ხოტბაშესხმულ იქნას, როგორც სინერგიული (ეს ცნება უყვარს პატრიარქ ილიას), ანუ ღმერთთან თანამშრომელი სუბიექტი, ან გაკრიტიკდეს, როგორც პასიური, ანუ მორჩილი/დამთმობი („მიწა და ნაცარი") სუბიექტი. ორივე შემთხვევაში იგულისხმება, რომ სუბიექტის ჩანასახოვანი ბირთვი, ანუ „ღვთის ხატებად" მოცემულობაა და იგი ვითარდება/გარდაიქმნება/სრულყოფილება „პაერში მოლივლივე" ჭეშმარიტებით „ღვთისავე მსგავსებად" („თქვა ღმერთმა: ‘გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად'. [...] შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი" (დაბად1. 26-27).
სანამ გადავიდოდეთ სუბიექტის ცნებაზე, განვმეორდები და აღვნიშნავ ყველასთვის კარგად ცნობილ ფაქტს, რომ შუასაუკენეებში ჭეშმარიტება იგივდებოდა ღმერთთან - ღმერთი კი ძალაუფლება/ ყოვლისშემძლეობასთან. ამდენად, ჭეშმარიტება გაიგებოდა აბსოლუტურ ძალაუფლებად.
ახლა მოკლედ სუბიექტის ცნებაზე.
რუსოსათვის (მ-18 სკ.) სუბიექტი არის პრიმიტიული, ელემენტარული და თავის თავში მოცემული არსებობის ფორმა, რომელის გარეთაც დგას და მოქმედებს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალაუფლება და ანხორციელებს მასზე შემზღუდავ ზეწოლას.
მარქსისტი ალთუზერისათვის სუბიექტი არის არა ემბრიონული და თვითსრული არსება, არამედ იგი ყალიბდება კაპიტალისტური სახელმწიფოს პოლიტიკური იმპერატივების მოთხოვნილებებით და მათთან შეწყობა/ მორგებით.
ლაკანისათვის და ფუკოსათვის (სამივე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ფილოსოფოსები არიან) სუბიექტი არ იბადება როგორც ემბრიონი, რომელიც თავის თავში მოიცავს მთელს თავის ბუნებას და მიზანს, არამედ ყალიბდება გარკვეულ სახის ურთიერთობების კონტექსტებში.
ფუკოსათვის ძალაუფლებაა პირველადი სუბიექტთან მიმართებაში. ის არაა სუბიექტის გარეგანი, პირიქით, „შიგნიდან" აფორმებს კიდეც ამ უკანასკნელს ისეთად, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ - მის სხეულს, მის დამახასიათებელ ჟესტებს, ენის მისეულ გამოყენებას, მის ფარულ სურვილებს და ა.შ. სუბიექტი არ უპირისპირდება ძალაუფლებას, არამედ არის ის მასალა, რომელშიც და რომლის საშუალებითაც იგი (ძალაუფლება) პოულობს თავის გამოხატულებას. რუსოსეული სუბიექტი ეძებს დაინახოს საკუთარი თავი პირველადი და თავისუფალი ძალაუფლებისაგან სწორედ ამიტომ საბოლოოდ „უმორჩილდება" ამ უკანასკნელს და ხდება მისი მხოლოდ „მატარებლი/გამტარი". ამრიგად, სუბიექტის წარმოსახვა საკუთარ თავზე, რომ ის არის ჩანასახოვანი მოცემულობა და ძალაუფლებისაგან თავისუფალი, საშუალებას აძლევს მას და, ამდენად, ძალაუფლების „წამომადგენლელ" სტრუქტურებს/პიროვნებებს, „მიჩქმალონ" საკუთარი თავი და იმოქმედონ უფრო მეტად ეფექტურად. სუბიექტს შეუძლია აცნობიერებდეს ძალაუფრებრივი ურთიერთობების მიერ საკუთარ დამოკიდებულობას/კონსტრუირებადობას, იყოს მასთან კრიტიკულად დისტანცირებული, თანამშრომლობდეს მასთან და, ამგვარად, იყოს გახსნილი ახალი შესაძლებლობისათვის. ამ გზით ის საკუთარ თავს აძლევს მუდამ ახალი თვითქმნადობის საშუალებას და, ამავე დროს, ინარჩუნებს მისტერიულ ხასიათს...
მაგრამ, თუ ძალაუფლება ღვთაებრივი ჭეშმარიტებაა, მაშინ ყოველგვარი გადახედვა, კრიტიკა და შეწინააღმდეგება მასთან არის ღვთისგმობის (ძველბერძნული ჰუბირისის) ტოლფასი. ეს ერთი.
მეორე. თუ მართმადიდებლობა დაიჟინებს ბირთვულ/ჩანასახოვან/„ხატობრივ" სუბიექტს, ეს უკანასკნელი ასეთი ჭეშმარიტების მხოლოდ სათამაშო მარიონეტი/აგენტი გამოდის. ხოლო, ამ ორი ასპექტის გათვალისწინებით სუბიექტი საერთოდ კარგავს რაიმე ღირებულებას და გასაკვირი აღარაა თუ რატომ ეპყრობა მას მართმადიდებლური ინსტიტუცია/სტრუქტურები ძალმომრედ. ასეთი სიტუაციისას კი ზემონახსენები ლიბერალი თეოლოგის ნააზრევი საკმაოდ ბნელ პერსპექტივას ხატავს - ადამიანი მომწყვდეულია ჰაერში მოლივლივე ჭეშმარიტების კლანჭებში და მისი ხვედრი მხოლოდ მონური სტატუსია. ბრწყინვალედ ამართლებს თავისდა უნებურად მარიო ბეგზო ტოტალიტარიზმს. გამოდის, რომ მართმადიდებლური „მეტამოდერნული თავისუფლების" მომავალი მხოლოდ ტოტალური დაქვემდებარების პერსპექტივაა და, ამდენად, ლიბერალიზმისათვის სრულიად უსარგებლო კონცეპტი. ის უბრალოდ ტრადიციის მრავალთავიანი ბაყბაყდევის დიქტატურის მორიგ თავად ამოზრდილ „თეოლოგიურ" გამაართლებადღა თუ გამოდგება.
მაგრამ, შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტების და სუბიექტის განსხვავებული განმარტებაც, ანუ „ღვთის ხატება/მსგავსების" ახალებური, ან ახკლებურად ძველი ინტერპრეტაცია...
კახაბერ კურტანიძემ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. თბილისის სასულიერო სემინარია. 1999–2005 წლებში სწავლობდა თეოლოგიას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი, მაგისტრის ხარისხი) სწავლობდა ბოსეის თეოლოგიის ინსტიტუტში (ჟენევა, შვეიცარია) და წმ. ჯვრის თეოლოგიურ სემინარიაში (მართლმადიდებლურ კოლეჯი (აშშ, ThM -ის ხარისხი). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია წმ. მაქსიმე აღმსარებელზე. არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. დეკანოზი კახაბერი მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომისა და სტატიის ავტორია
Комментариев нет:
Отправить комментарий