გრიგორი კრუგი
ღმერთი, რომელსაც თაყვანს ვცემთ, როგორც მამას, ძესა და სულიწმიდას, ეკლესიას სამმზიანი სინათლით აღავსებს.
და ამ სამსათავიან ერთიან სინათლეში ჩვენ შევდივართ და ნათელს ვეზიარებით მხოლოდ წმიდა სამების ჭეშმარიტი აღსარების მეშვეობით. სიწმიდეს მოკლებული, ამღვრეული აღსარება ჩვენს თვალთაგან ფარავს ღვთის სამმზიან დიდებას, იქცევა სინათლეგაუმტარ ტიხრად, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს ვეზიაროთ ამ სინათლეს და აღვივსოთ მისით, მსგავსად იმისა, როგორც მაცხოვარი იყო მისით აღვსებული ფერისცვალებისას. შეიძლება ითქვას, რომ წმიდა სამების არასრული, მეტწილად დამახინჯებული აღსარება გადაულახავ დაბრკოლებად გვექცევა გზაზე, რომლითაც მივდივართ თაბორის მთისკენ: ფერისცვალების სამნათელი დიდების წყაროსკენ - სიწმიდისკენ, რომელიც გზის ერთადერთ შესაძლებელ დასასრულს წარმოადგენს. წმიდა სამების აღსარება, რომელიც გამოხატულია სარწმუნოების სიმბოლოში, ლოცვებში, მამათა გამონათქვამებში, წმიდა ეკლესიის მთელ საღვთისმსახურო სიმდიდრეში, ხატზეც უნდა აისახოს. წმიდა სამების ხატი ის სამეფო ბეჭედი უნდა იყოს, რომელიც მთელ ამ აღსარებას დამაგვირგვინებელ ძალას ანიჭებს.
სამების ხატი ღვთის სამიპოსტასიანი ერთობის არანაკლებ სრულფასოვან აღსარებად გვევლინება, ვიდრე ის, რომელიც სიტყვიერად არის გამოხატული და წმიდა სამების დოგმატური აღსარების წყაროს წარმოადგენს. რწმენის ჭეშმარიტების სიტყვიერი გამოხატულება ჩვენ მზა სახით კი არ მოგვეცა, არამედ იგი ეკლესიაში ინახება, წმიდა წერილში დაუნჯებული ცოცხლობს და მოითხოვს განსაკუთრებულ სიტყვიერ გამოხატვას - ეკლესიის მიერ ამ ჭეშმარიტების ერთგვარ სრულყოფილ აღსარებას, რომელიც საფარველად ან ერთგვარ ჯავშნად ექცევა თვით ამ ჭეშმარიტებას, იცავს მას გამრუდების ან სრული დამახინჯებისგან, რაც გარედან შედის ეკლესიაში და მისი შერყვნისკენ ისწრაფვის. და როგორც ეკლესიაში იქმნება, ღვთის მოქმედებისა და თანამოაზრეთა კრებითი ძალისხმევის შედეგად, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი ნაკლისგან თავისუფალი ეკლესიური განსაზღვრა ჭეშმარიტების აღსარებისა, ასევე ხატის შექმნისას აზრი ყოველთვის არ იძენს საბოლოო და სრულიად უცვლელ გამოხატულებას, არამედ იგი მადლის ზემოქმედებითა და თავისი ღვაწლით ადის მუდმივმოქათქათე სითეთრით მოსილ სიმაღლეზე.
გამოსახულების ასეთ ამაღლებასა და განწმენდას შეიძლება თვალი მივადევნოთ წმიდა სამების ხატის შექმნაშიც, რომელსაც უსასრულოდ დიდი დოგმატური მნიშვნელობა აქვს, ღვთის სამიპოსტასიან ერთობას მოწმობს და სამ სახედ გვიხატავს ღმერთს იმ ზომით, რა ზომითაც ეს მისაწვდომია.
ვფიქრობ, სწორედ წმიდა სამების გამოხატულება არის ის ხატი, რომლის გარეშე არ არსებობს სისავსე და დასრულებულობა. და იგი მთელი თავისი სისავსით მხოლოდ სამი ანგელოზის სახით შეიძლება იქნეს გამოსახული. და პირველი პირის ის გამოსახულება, რომელიც გამოხატვის სისავსეს ვერ პოვებს „ძველი დღეთას“ სახეში, ამ ხატში წმინდა ადამიანური გამოსახულებისათვის დამახასიათებელი სიმძიმისგან თავისუფლდება და ღირსეულ გამოხატულებად იქცევა იმ ზომით, რა ზომითაც ამის წარმოდგენა არის შესაძლებელი.
სამების ხატი წარმოადგენს ყველაფერი არსებულის, ცხოვრების ნებისმიერი მოწყობის ბეჭედს და იგი ერთადერთად არ რჩება: როგორც მაცხოვრის პირველხატი (ტილოზე აღბეჭდილი ხელთუქმნელი გამოსახულება) წარმოქმნის უამრავ მსგავს გამოსახულებას, რომლებიც აზრობრივად თავიანთი პირველწყაროსკენ მიისწრაფვიან, ასევე სამების ხატიც შობს მრავალ თავის მსგავს წმიდა გამოსახულებას, რომლებშიც თითქოსდა, სამმზიანი ნათელი ირეკლება და სამშემადგენლიან ერთობას ქმნის. ასეთია, მაგალითად, ხატები, რომლებზეც განოსახულია სამი არქისტრატიგი, სამი განმანათლებელი, სამი ყმაწვილი ღუმელში, სამი მოწამე, სამი მეფე-მოგვი, ყრმა იესოსთვის თაყვანის საცემად რომ მოვიდნენ, აგრეთვე ყველა ხატი, რომლებზეც რიცხვი სამი შენარჩუნებული არ არის, მაგრამ რომელნიც შობილნი არიან დიდების იმავე სამერთიანი სათავის მქონე წყაროსგან, სამების სამმზიანი ნათლისგან, რომელიც ყველგან, რასაც მოეფინება, რაღაც თავის მსგავსს წარმოქმნის და ისწრაფვის ყველაფერი თავისი მსგავსებისამებრ ააგოს.
სამების ეს აღმშენებელი ძალა (როგორც ბასილი დიდი „ექვსთა დღეთაში“ ამბობს) ყველაფერს ეფინება და სურს, ყველაფერი თავის ცხოვრებას აზიაროს. ამ აზრით, წმიდა სამების ხატმა ეკლესიაში თავისი ყველაზე სრული, ყველაზე სრულყოფილი გამოხატულება უნდა პოვოს, რათა ყოველგვარი თანხმობის წყაროდ იქცეს. ვფიქრობ, სწორედ სამი ანგელოზის სახით დახატული სამების ხატი წარმოადგენს წმიდა სამების ყველაზე სრულყოფილ გამოხატულებას იმ საზღვრებში, რომელთა მიღწევაც საერთოდ არის შესაძლებელი.
წმიდა სამების ხატი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული პირდაპირი ან უხეშად მატერიალური სახით. წმიდა სამების ხატს მთლიანად შეეხება და განსაკუთრებულადაც კი მიემართება ხატების თაყვანისცემის ის საფუძველი, რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მოგვცა და გამოხატულია სიტყვებით: „ხატის პატივისცემა პირველხატზე გადადის“. ეს ხატი იმგვარად არის დახატული, რომ ცნობიერება აამაღლოს სამების ნათლის ხილვამდე და გონებაჭვრეტამდე. ამ ხატს ძველი აღთქმის ერთ-ერთი თვალით ხილული მოვლენიდან გადავყავართ მიწიერი დეტალებისგან თავისუფალ ზენა სიწმიდეში, მას მჭვრეტელის გონება აჰყავს ჩვენს ზეციურ სამშობლოში, მამის, ძისა და სულიწმიდის სასუფეველში. და სამების სამი პირის ანგელოზური ხასიათი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც ასეთ სიმაღლეებზე ავყავართ, ზეცამდე აღწევის საშუალებას გვაძლევს. გამოსახულებათა ანგელოზური ხასიათი ყველაფერს იმ სიმსუბუქეს ანიჭებს, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა, გამოსახულებებს რომ მხოლოდ ადამიანური ხასიათი ჰქონოდა. და მართლაც, წმიდა სამების გამოხატვა სამი მამაკაცის სახით, რაც ძველად ხდებოდა და, მაგალითად, რავენის ტაძრის მოზაიკებზე შეიძლება ვნახოთ, შემდგომში უკვე აღარ მეორდება. აბრაამის სამივე სტუმარი ანგელოზის ფრთებით არის გამოსახული, რათა ხაზი გაესვას მათ არამიწიერ ბუნებას, ხოლო გონება ძველი აღთქმის მოვლენის გახსენებიდან ამაღლდეს სამების წარმოდგენამდე, რომელიც უკვე რომელსამე მოვლენაში კი არ არის გამოსახული, არამედ - მარადმყოფობაში და გათავისუფლებულია ყველაფერ დროისმიერისა და თხრობითისგან. აბრაამთან სამი კაცის სტუმრობის სურათიდან ამ ხატს გონება აჰყავს დიადი საბჭოს ანგელოზთა ჭვრეტამდე.
წმიდა სამება გამოუსახავია თავისი არსით; და თუ ეკლესიას, მიუხედავად ამისა, აქვს წმიდა სამების ხატი და პატივს სცემს მას, ეს გამოსახულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ღვთის არსების ასახვად ან ღვთის ბუნების გამოსახვად, არამედ, ვფიქრობ, მას უნდა ვუყურებდეთ, როგორც უაღრესად და უღრმესად სიმბოლურ გამოსახულებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეს გამოსახულება სრულყოფილი. წმიდა სამების ხატის სიმბოლური გააზრების გარეშე შეუძლებელია მისი სწორად თაყვანისცემა და, მეტიც, ვერ გაჩნდება თვით წმიდა სამების ხატი. თვით სისავსე წმიდა სამების გააზრებისა მოგვეცა და გამოაშკარავდა იერუსალემის ერთ ოთახში, ორმოცდაათობის დღეს სულიწმიდის მოფენის შედეგად, რომელიც ანათლებს ყველას და მხოლოდ სულთმოფენობის ნათელში არის შესაძლებელი წმიდა სამების ხატის გაჩენა.
წმიდა სამების ხატის თაყვანისცემა შესაძლებელია მხოლოდ, როგორც სიმბოლური გამოსახულებისა. უფრო ადვილად რომ გავიგოთ წმიდა გამოსახულებათა სიმბოლური ბუნება, მინდა მოვიყვანო თავი წმ. იოანე დამასკელის წიგნიდან „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“: ამ თავის სახელწოდებაა: „ღვთისადმი სხეულებრივად თქმულთა შესახებ“: იგი ასეთი განსაზღვრით იწყება: „რადგან საღვთო წერილში ძალიან ბევრს ვპოულობთ ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად თქმულს სიმბოლური აზრით, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს და ამ განხშოებული ხორცით შემოსილთ, არ ძალგვიძს შევიცნოთ ან გამოვთქვათ ღმრთეების საღვთო, მაღალი და უნივთო მოქმედებანი, თუ არ ვისარგებლებთ ჩვენეული ხატებით, სახეებითა და სიმბოლოებით. ამიტომ, რაც კი ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად ითქმის, სიმბოლურად არის ნათქვამი, აქვს კი უფრო მაღალი გააზრება, რადგან ღმერთი მარტივია და უაღნაგობო“.
შემდეგ წმ. იოანე დამასკელს მოჰყავს ასეთი სიმბოლური და ხატოვანი განსაზღვრის მაგალითები: „ამიტომ, ღვთის თვალებს, წამწამებსა და მზერას მის ყოვლისმხედველ ძალად და მისეული ცოდნის ყოვლისდამნახველობად აღვიქვამთ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ სწორედ ამ გრძნობის ორგანოთი შთაგვენერგება უფრო სრულყოფილი ცოდნა და გულსავსეობა. ყურნი და სმენა აღნიშნავს მის შემწყნარებლობას და ჩვენეულ ვედრებათა შემსმენლობას, რადგან სწორედ ეს გრძნობის ორგანოა, ჩვენ რომ ლმობიერს გვხდის მვედრებელთა მიმართ, რაჟამს უწრფელესად მივუპყრობთ მათ ყურს. პირი და მეტყველება - მისი განზრახვის განმცხადებლობას, რადგან ჩვენ სწორედ პირისა და მეტყველების გზით წარმოვაჩენთ გულისმიერ აზრებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე, რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად თქმულა, დაფარულ რამ აზრს შეიცავს, გვასწავლის რა ჩვენეულთა გზით ზეჩვენეულს“.
წმიდა იოანე დამასკელის სიტყვები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ საეკლესიო სიმბოლიზმი, რომლის გარეშე წარმოუდგენელია როგორც მართლმადიდებლური ლიტურგიის, ისე მართლმადიდებლური იკონოგრაფიის და (თუკი განვაზოგადებთ), საერთოდ, მართლმადიდებელ მოღვაწეთა იდუმალი მისტიკური გამოცდილების გაგება. მხოლოდ ეს სიმბოლური ენა შეიძლება წარმოვიდგინოთ იქ, სადაც ადამიანური ცოდნა შეუცნობელს ეხება.
სიმბოლო, თავისი ძირითადი მნიშვნელობით, არის კავშირი. როგორ გავიგოთ ეს სიმბოლიზმი ეკლესიის ცხოვრებაში, განსაკუთრებით, წმიდა გამოსახულებებთან - ხატებთან დაკავშირებით, რომლებსაც თაყვანს სცემს ეკლესია? თავად სამყარო, რომელიც ზეჟამიერ ღვთაებრივ თათბირში შეიქმნა, სიმბოლური ბუნების, უფრო სწორად, სიმბოლური აგებულების მქონეა. სამყარო იმგვარად არის შექმნილი, რომ მასში ჩადებულია საიდუმლო მოწმობა მისი შემოქმედის შესახებ. ჩვენს ქმნილ სამყაროში ყველაფერი - როგორც თითოეული ცალკეული ქმნილება, ისე ამ ღვთის ნებით გაჩენილ ქმნილებათა ურთიერთმიმართება და, საერთოდ, მთელი სამყარო თავის დიად და შეუცნობელ მთლიანობაში, - დიახ, ყველაფერი თითქოსდა, ღვთიური ბეჭდით არის აღბეჭდილი - ერთგვარი სამეფო ბეჭდით, რომელიც მოწმობს, რომ სამყარო მეუფის საკუთრებაა. და ამ არაპირდაპირი ენით ნათქვამი ღვთის ამბის წყალობით, რომელსაც მოგვითხრობს მისი ყოველი ქმნილება, მთელი სამყარო საკუთარ თავში ჩაკეტილი და თავის ყოფიერებაში განკერძოებული კი არ არის, არამედ, ერთგვარი ზეჟამიერი ღვთიური ჩანაფიქრის შესაბამისად, სახით ღვთისკენ არის მიქცეული, ვინც იგი სიბრძნით შექმნა.
სამყაროს შექმნაში გამოვლენილი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი ქმნილი საიდუმლოდ მოწმობს, არაპირდაპირი, იგავური ენით მოგვითხრობს ცხოველმყოფელი სამების ამბავს, რომელმაც სამყარო შექმნა. ყველაფერი შექმნილი ზეჟამიერი ღვთაებრივი ჩანაფიქრის ცეცხლოვანი ბეჭდით არის აღბეჭდილი. ყველაფერ შექმნილს ნაბოძები აქვს განსაკუთრებული ღვთიური აზრი, რომელშიც ღმერთი საჩინოვდება, და ყოველი ქმნილების ეს სიმბოლური ბუნება მთელს სამყაროს მოიცავს - ანგელოზთა დასებიდან და ადამის მოდგმიდან დაწყებული, ყველაზე უმნიშვნელო, ყველაზე თვინიერ ქმნილებებამდე, რომლებიც, შესაძლებელია, ყოველგვარი აზრისგან ცარიელი გვეჩვენებოდეს. და ეს ღვთიური ბეჭედი, რომელიც ყოველ ქმნილებას აზის, განსაკუთრებული სისრულით და განსაკუთრებული დიდებით აღიბეჭდა იპოსტასურ ქმნილებებზე: ანგელოზებზე, როგორც ღვთის პირველწულებზე და შესაქმის დამასრულებელ ბოლო ქმნილებაზე - ადამიანზე. დაბადების წიგნში ნათქვამია, რომ ადამიანი ღმერთმა თავის ხატად, თავის მსგავსებად შექმნა.
სულიწმიდა თავისი ზეგარდამოსვლით ეკლესიას საღვთო დიდებით ავსებს, და ეს დიდება იქცევა ეკლესიის სუნთქვად, მის სინათლედ, მის დიდებად. ამ მიზეზით, სამების ხატის მნიშვნელობა ეკლესიაში არ შეიძლება იყოს ფარდობითი, დაახლოებითი, არაძირითადი.
ეკლესიას წმიდა სამების ბევრი გამოსახულება აქვს და ისინი თავიანთი იკონოგრაფიით დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგრამ ის ხატი, რომლითაც განისაზღვრება თავად წმიდა სამების დღესასწაული, ყოველთვის ერთი და იგივეა - ეს არის წმიდა სამება, გამოსახული სამი ანგელოზის სახით. მისი პირველსახეა წმიდა სამების გამოცხადება სამი მგზავრის სახით მამრეს მუხნართან აბრაამისა და სარას წინაშე (დაბ. 18).
წმიდა სამების ამგვარი იკონოგრაფია შორეულ წარსულში გაჩნდა. ასე, მაგალითად, მოწმობა მის შესახებ დაცულია წმ. იოანე დამასკელთან, რომელიც მას ახსენებს, როგორც მანამდე დიდი ხნით ადრე არსებულ გამოსახულებას.
წმიდა სამების გამოცხადება იდუმალი, ბოლომდე აუხსნელი ხასიათის მოვლენაა. თვით აბრაამთან მოსულ მგზავრებს ზოგჯერ მთლიანად ადამიანური გარეგნობით, სამი კაცის სახით ხატავდნენ, რაც ეკლესიაში მეტწილად ხატთმებრძოლობამდელ პერიოდში ხდებოდა. სამების ასეთ გამოსახულებებს ვხედავთ ჩვენ რავენის მოზაიკებზე, რომში - სანტა მარია მაჯიორეს ტაძარში.
ვფიქრობ, სწორედ ეს ხატი (სამი ანგელოზის გამოცხადება) არის დაკავშირებული წმიდა სამების დღესასწაულთან. ეკლესიამ ეს ხატი, და არა რომელიმე სხვა, შემთხვევით კი არ აირჩია, არამედ იმის გამო, რომ იგი მაქსიმალური შესაძლო სისავსით გამოხატავს წმიდა სამების დოგმატურ აღსარებას და, შეიძლება ითქვას, ამ აღსარების მიერ არის შობილი.
თვით იკონოგრაფიას ორგვარი ხასიათი აქვს: ზოგჯერ სამივე ანგელოზი ღირსების მხრივ თანაბარი იხატება, ზოგჯერ კი შუა ანგელოზი ზომით დანარჩენ ორზე დიდია და - უფრო დიდებამოსილი. სამი ანგელოზის გამოცხადებას სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ერთნი ვარაუდობენ, რომ აბრაამს გამოეცხადა სამების მეორე პირი - ძე ღმერთი - ორი ანგელოზის თანხლებით, რომლებიც თითქოსდა, სახეობრივად მოასწავებდნენ (знаменующих) სამების პირველსა და მესამე იპოსტასებს. სხვანი სამი ანგელოზის სტუმრობაში თვით ყოვლადწმიდა ცხოველმყოფელი სამების სრულსა და სრულყოფილ გამოცხადებას ხედავენ. და ეს მეორე გაგება საუკუნეთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მყარად იკიდებდა ფეხს ეკლესიაში, მკვიდრდებოდა სადღესასწაულო გამოსახულებაში. მაგრამ არსებობდა და არსებობს სწრაფვა, ერთმანეთთან შევარიგოთ წმიდა სამების გამოხატვის ეს თითქოსდა, შეურიგებელი საფუძვლები. ყველაზე სრულად და ღრმად ამგვარი გაგება გამოიხატა ღირსი ანდრეი რუბლიოვის მიერ წმიდა სერგის ლავრის სამების ტაძრისთვის შექმნილ ხატზე. ამიტომ დაამტკიცა ასი თავის კრებამ ეს ხატი, როგორც ხატმწერთათვის ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამების ხატი.
წმიდა სამების იპოსტასები ამ ხატზე იმ თანმიმდევრობით არიან მოცემული, რა თანმიმდევრობითაც მიჰყვებიან ისინი ერთმანეთს სარწმუნოების სიმბოლოში. პირველი ანგელოზი არის პირველი იპოსტასი - მამა ღმერთი, მეორე ანგელოზი - იპოსტასი ძე ღმერთი, მესამე ანგელოზი - იპოსტასი სულიწმიდა ღმერთი. სამივე ანგელოზი აკურთხებს თასს, რომელშიც არის დაკლული ხბოს გამზადებული ხორცი. ხბოს დაკვლა მოასწავებს მაცხოვრის სიკვდილს ჯვარზე და ხშირად გამოისახება სამების ხატის ქვედა ნაწილში, ხოლო დაკლული ხბოს ხორცის მიტანა საკვებად არის წინასახე ევქარისტიის საიდუმლოსი. სამსავე ანგელოზს ხელთ უპყრია კვერთხი - მათი ღვთაებრივი ძალაუფლების ნიშანი.
პირველი ანგელოზი, რომელიც ხატის მარცხენა ნაწილში არის გამოსახული, შემოსილია ლურჯი ქვედა სამოსით, რაც მის ღვთაებრივ, ზეციურ ბუნებას გამოხატავს და ღია-იისფერი ზედა სამოსით, რაც ამ ანგელოზის ღვთაებრივ შეუცნობლობას და სამეფო ღირსებას მოწმობს. მის უკან (ხატზე - თავზემოთ) მოჩანს სახლი - აბრაამის საცხოვრებელი და სამსხვერპლო საცხოვრებლის წინ. ამ ხატზე სახლის გამოსახულებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სახლი აქ განასახიერებს ღვთიური მადლის აღმშენებლობითს მოქმედებას, ხოლო ის, რომ ნაგებობა პირველი ანგელოზის თავზემოთ არის გამოხატული, მიანიშნებს, რომ სწორედ ეს ანგელოზი არის ხელმძღვანელი (მისი მამობრივი ბუნების აზრით) ამ აღმშენებლობისა. იგივე მამობრივი ხელმძღვანელობა გამოსჭვივის მთელს მის გარეგნობაში. თავი მას თითქმის არა აქვს დახრილი, სხეულიც, აგრეთვე, გამართული აქვს. მზერა ორი სხვა ანგელოზისკენ აქვს მიმართული. გამოსახულებაში ყველაფერი ამ ანგელოზის მამობრივ ღირსებაზე მეტყველებს - ყოველი ნაკვთი, სახის გამომეტყველება, ხელების განლაგება, ჯდომის მანერა. სხვა ორ ანგელოზს თავები ამ პირველი ანგელოზისკენ აქვთ დახრილი და მზერა ღრმა ყურადღებით აქვთ მისკენ მიმართული, თითქოსდა, ესაუბრებიანო.
მეორე ანგელოზი ხატის შუაშია განთავსებული. მისი შუაგულური მდებარეობა განსაზღვრულია მეორე იპოსტასის მნიშვნელობით წმიდა სამების წიაღშიცა და განგებულების საქმეშიც, რაც სამყაროზე ღვთის წინაგანგებისეულ ღვწაში ხორციელდება. მის ზემოთ ტოტები აქვს გაშლილი მუხას. მეორე ანგელოზი შემოსილია სამოსით, რომლითაც, როგორც წესი, მაცხოვარს ხატავენ. ქვედა სამოსი მუქმეწამული ფერის არის და განკაცებას მოასწავებს, ლურჯი ქიტონი, თავისუფალ ნაკეცებად რომ ჩამოშლილა ანგელოზის სხეულზე, ფერით მის ღვთაებრივ ღირსებას, მისი ბუნების ზეციურობას აღნიშნავს. შუა ანგელოზი თავითა და სხეულის მოძრაობით პირველი ანგელოზისკენ არის დახრილი ფარულ გულითად საუბარში. მისი მაჩრდილობელი ხე გაგვახსენებს სიცოცხლის ხეს, სამოთხის შუაგულში რომ იდგა, და ხეს, რომლისგანაც ჯვარი გააკეთეს.
ხატის მარჯვენა მხარეს განთავსებული ანგელოზი არის წმიდა სამების მესამე იპოსტასი - სულიწმიდა. მისი ქვედა სამოსი მუქი, გამჭვირვალე-ლურჯი ფერისაა, ზედა უმსუბუქესი მონისლისფრო მწვანეა. სიმწვანე გამოხატავს სულიწმიდის ცხოველმყოფელობას: ის არის უშრეტი და მარადიული მაცოცხლებელი ყველაფერ არსებულისა. „სულიწმიდით ცოცხლდება ყოველი სული და სიწმიდით ამაღლდება და ნათლდება წმიდა საიდუმლოს სამებით ერთობაში“. სწორედ სიწმიდით ამ ამაღლებას გამოხატავს მესამე ანგელოზის მაჩრდილობელი მთა.
ხატზე სამების სამი პირის განლაგება მჭიდროდ არის დაკავშირებული და შეესაბამება რიგს, რომელიც აღბეჭდილია წმიდა სამების ყოველ აღსარებასა და ღვთისმსახურების დროს მისდამი აღვლენილ ყველა მიმართვაში. ეს იგივე თანმიმდევრობაა, რომელიც განსაზღვრავს მუხლების განლაგებას რწმენის სიმბოლოში; ის თანმიმდევრობა, რომელიც აღბეჭდილია საუფლო ლოცვის სიტყვებში: „წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი“. გამოსახულებათა განლაგება და ძირითადი მოხაზულობა უღრმეს და უგულითადეს კავშირშია ლოცვის სატაძრო წესთან და შინაგან ლოცვით მოძრაობასთან. გამოსახულება სამი ანგელოზისა, რომელთაც ხელთ უპყრიათ კვერთხები და ტრაპეზს აკურთხებენ, უმჭიდროესად არის დაკავშირებული ყველა სამწევრიან ხატთან და ყველა საღვთისმსახურო მიმართვასთან სამებად თაყვანცემული ერთი ღვთისადმი.
სულთმოფენობის - მოციქულების სულიწმიდით აღვსების - დღესასწაულზე ხდება ღვთიურობის მთელი სისავსის გამოვლენა. ეს დღესასწაული ყოვლადწმიდა სამების სამი იპოსტასის გამოცხადებასაც ეძღვნება და, ამ აზრით, სამების ხატი არის მისი იკონოგრაფიული საფუძველი, რადგან მასზე სამების სამივე პირი არის წარმოდგენილი. სამების ხატი აფერმკრთალებს წარმოდგენას პირველ პირზე, როგორც სრულიად გამოუსახავზე. მსგავსად ამისა, აღთქმის კიდობნის სახურავზე დამაგრებული ქერუბიმები წარმოადგენდა დასასრულს აკრძალვისა, რომელიც ყოველგვარი წმიდა გამოსახულების შექმნას ედო, რადგან მოსეს მიერ გამოცხადებულ ამ აკრძალვას არსებითი ხასიათი კი არ ჰქონია, რომელიც გამოსახვის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავდა, არამედ ის იყო მხოლოდ საშუალება, რომელიც, მსგავსად მარხვისა, უზრუნველყოფდა დროებით თავშეკავებას იმისგან, რაც არასასარგებლო ან, უფრო სწორად, არადროული, ნაადრევი შეიძლება აღმოჩენილიყო. ღვთის განკაცება იქცა სინათლის წყაროდ, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ეფინება და ყველაფერს ხილულს ხდის, ხილულ ყოფიერებაში ამკვიდრებს. მისი წყალობით, გამოუსახავიც კი, გარკვეული ზომით, გამოსახვადი ხდება. ღვთის განკაცების შუქზე (და მხოლოდ მის შუქზე) გახდა შესაძლებელი მამა ღმერთის გამოსახვა. „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოან. 14: 9) - აი, ის სინათლე, რომელიც მამის სახეს ეფინება და თითქოსდა ნაწილობრივ ხილულს ხდის მას. ტაძრების ფრესკებზე, ხატებსა და ჯვრებზე ჩვენ სრული და საბოლოო სიცხადით კი არ ვხედავთ პირველი იპოსტასის გამოსახულებებს, ისინი თვითკმარი ძალმოსილებით კი არ არის აღბეჭდილი, არამედ ყოვლადწმიდა სამების სხვა პირებთან ურთიერთდამოკიდებულებაშია გამოსახული და, თითქოსდა, ეკლესიაში მის მადლისმომცემ მყოფობას და სამყაროში მის მაცხოვნებელ ქმედებას განასახიერებს.
სახეების გამოსახვის თვალსაზრისით სამივე პირი ადამიანური ღირსების სისავსით არის აღბეჭდილი და მათი სამოსიც სავსებით ადამიანური ხასიათისაა. მათ არ აცვიათ ანგელოზთა სამსახურო შესამოსელი - ეს არ არის სტიქარები, ხელები მაჯებში არ აქვთ შემოსალტული, წელზე არ აქვთ სარტყელი. მათ ადამიანური სამოსი აცვიათ - ქვემოთ გრძელი ტუნიკა და მის ზემოდან თავისუფალ ნაკეცებად დაფენილი ქიტონი. მაგრამ მათი ფრთები ერთიანად ოქროს სხივებით არის დაქსელილი და მგზავრების მთელი გარეგნობაცა და მათი ვარცხნილობაც - ყველაფერი ანგელოზური დიდებით არის აღბეჭდილი, ყველაფერი სამი მგზავრის არამიწიერ ბუნებას მოწმობს. ამასთან, სამივე მათგანი თანაბარი ღირსებით არის გამოსახული, რასაც სამების ვერც ერთ სხვა ხატზე ვერ ვნახავთ. სწორედ ამგვარი სისავსის გამო იქნა არჩეული ეს ხატი, რადგან სრულყოფილ ხატად მხოლოდ იპოსტასთა პირადი გამოსახულება შეიძლება ჩაითვალოს. წმიდა ხატზე გამოსახულებებს მხოლოდ ადამიანური სახე-გარეგნობა შეიძლება ჰქონდეს, ოღონდ, ამასთან ერთად, ეს სახე ღვთაებრივი ცვლილებით უნდა იყოს აღბეჭდილი. ეს არის მოცემულობა, რომელიც საფუძვლად დაედო ყველა ხატს; ეს არის ის, რაც თვით მაცხოვარმა მოგვცა ტილოზე საკუთარი სახის აღბეჭდვით, რომელიც არის ხატთა ხატი და წყარო ყოველი გამოსახულებისა.
თვით ანგელოზებიც კი ჩვენ მხოლოდ ადამიანური სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ და გამოვსახოთ. მაგალითად, საყდართა გამოსახულება ცეცხლოვანი ბორბლების სახით თვითკმარი, სრულყოფილი ხატი ვერ იქნება. არც მახარებელთა სიმბოლოები წარმოადგენს დამოუკიდებელ ხატებს: არწივი, რომელსაც სახარება უჭირავს, შეიძლება იყოს არა ხატი იოანე მახარებლისა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი სიმბოლო. ასეთივე სიმბოლო (და არა - სრულფასოვანი ხატი) არის მტრედის სახით გამოსახული სულიწმიდა. და შესაძლებელია, სამი ანგელოზის სახით წარმოდგენილი სამების ხატის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე განუმეორებელი თავისებურება იყოს ის, რომ მასზე წმიდა სამების მესამე პირი - სულიწმიდა - გამოსახულია, როგორც იპოსტასურად თანასწორი პირველი და მეორე პირებისა და მისი გამოსახულება ანგელოზური და ადამიანური ხატის სისავსით არის აღბეჭდილი. სწორედ სამივე პირის გამოსახვის სისავსე შეადგენს წმიდა სამების ამ ხატის თავისებურებას. ყველა სხვა გამოსახულებაში სულიწმიდა ღმერთი არ არის წარმოდგენილი როგორც პირი, მას არ გააჩნია გამოსახვის სისავსე. მტრედის სახე, რომლის მიღებაც სულიწმიდამ კეთილინება, ჩვენ გვიქმნის გარკვეულ - ირიბმეტყველებით მოცემულ - წარმოდგენას მის თვისებათა შესახებ, მაგრამ ვერ იქცევა ჩვენთვის სულიწმიდის სრულფასოვან ხატად, ისევე, როგორც ვერ იქცევა მის ხატად სურათი სულიწმიდის მოვლინებისა სინათლის, ღრუბლის ან ცეცხლის ენების სახით. და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც არ შეიძლება სხვა ხატებზე წმიდა სამებამ სრულყოფილი გამოხატულება პოვოს.
ანგელოზებს სამების ხატზე ადამიანური გარეგნობა აქვთ მიცემული, მაგრამ ეს ადამიანურობა არ უნდა გავიგოთ, როგორც რაღაც ისეთი, რაც საკუთრივ ღვთის ბუნებისთვის არის დამახასიათებელი. ამგვარი თვალსაზრისი თავშესაფარს ვერ პოვებს ეკლესიაში, ვერ იქნება ნაკურთხი ეკლესიური აღიარებით. ანგელოზური და ადამიანური ბუნების ნიშნები სულაც არ არის მოწმობა იმისა, რომ ღვთის არსებაში, თვით მის შეუცნობელ არსში არის დაფარული რაღაცგვარი მსგავსება ადამიანთან. ვფიქრობთ, ამგვარი გაგება, რომელიც ქრისტეს ეკლესიის გარეთ არის შობილი, არასოდეს შეერევა მამათა ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების უწმინდეს ნაკადს. ანგელოზური ხატი და ადამიანური ხატი იმიტომ კი არ არის არჩეული წმიდა სამების გამოსასახავად, თითქოს, თავად ღვთის ბუნებაში იყოს რაღაც მსგავსი, არამედ იმის გამო, რომ სწორედ ამგვარი ხატი გვაქვს მინიშნებული (ყველაფერ იმიდან, რაც წარმოსახვისათვის არის მისაწვდომი) აბრაამთან სამი ანგელოზის სტუმრობით. ეს გამოსახულება მხოლოდ უაღრესად სიმბოლურად შეიძლება იქნეს გააზრებული. მხოლოდ ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ სამების სამივე პირის გამოსახულება. ამ ხატის მთელი წყობა მოწმობს იმ უკიდურეს თავშეკავებასა და უკიდურეს სიფრთხილეს, რომლითაც გამოსახულება იქმნებოდა.
წმიდა სამების ხატი იკონოსტასზე შუაში, სწორედ აღსავლის კარს ზემოთ არის განთავსებული, იკონოსტასის იმ ნაწილში, რომელსაც „საფარველი“ („სალხინებელი“, сень) ეწოდება. „საფარველი“, ჩვეულებრივ, იმავე სიბრტყეზე კი არ მდებარეობს, რომელზეც ხატები არის განლაგებული, არამედ სიღრმეში და, როგორც წესი, განსაკუთრებით ნატიფად და მდიდრად არის შემკული. ეს განსაკუთრებული ადგილი, რომელიც საფარველს იკონოსტასის საერთო წყობაში უკავია, გამოხატავს მის განსაკუთრებულ სიწმინდეს, მის გამორჩეულად მაღალ დანიშნულებას. თვით სახელი „საფარველიც“ ბევრს ამბობს მის შინაარსზე. ეს არის ზეგარდმო გადმოსული კურთხევა, რომელიც ზედ ადგას სიწმიდეს, აკურთხებს და, ამასთან ერთად, იფარავს კიდეც იმას, რის ზემოთაც არის განფენილი, ერთგვარ საცავს წარმოადგენს მისთვის. ტაძარში სიწმიდის პირველი ხელთუქმნელი საფარველი, რომელიც, საერთოდ, ყოველგვარი დაფარვის პირველსახედ შეიძლება ჩაითვალოს, იყო აღთქმის კიდობნის სარქველზე ღრუბლის სახით ჩამოწოლილი უფლის დიდება. ასეთსავე, ოღონდ უკვე ხელით ქმნილ, საფარველს წარმოადგენდნენ დიდების ქერუბიმები სოლომონის ტაძარში - ზეთისხილის ხისგან გამოთლილი და ოქროთი დაფერილი ორი ქერუბიმი, რომლებიც - გაშლილი ფრთებით ერთმანეთს ეხებოდნენ ტაძრის წმიდათა წმიდაში აღთქმის კიდობნის ზემოთ და, ამგვარად, ისინი ზემოდან იფარავდნენ კიდობანს.
სოლომონის ტაძარში, იმ საკურთხევლის ზემოთ, რომელთანაც მღვდელი საღვთისმსახურო რიტუალს აღასრულებდა, განთავსებული იყო სვეტებზე დამაგრებული ფარდა-საფარველი. ამ საფარველმა ქრისტიანულ ტაძარშიც შეინარჩუნა ადგილი - იგი ტრაპეზის ზემოთ იყო განთავსებული და ცის თავანს განასახიერებდა. საფარველის შიგნითა ნაწილში წრეში ჩახატულ წმიდა სამებას გამოსახავდნენ ხოლმე აბრაამთან მისული სამი ანგელოზის სახით, მაგრამ თვით აბრაამსა და სარას, როგორც წესი, არ ხატავდნენ. თავისი სიმარტივითა და დეტალების უარყოფით ხატი ცდილობს დაგვიხატოს წმიდა სამება არა აბრაამთან სტუმრობისას, არამედ, ასე ვთქვათ, მარადმყოფობაში. საფარველის შიდა თაღი, რომელზეც წმიდა სამება არის გამოსახული, თითქოსდა, ზეცის თაღს ქმნის ტრაპეზის თავზე. შემდგომში, როცა საკურთხევლის ტიხარი ხატებით შეივსო და იკონოსტასად გადაიქცა, განივ საყრდენს ქვემოთ, რომელსაც ვედრების ხატედრიგი ეყრდნობა, გაჩნდა იკონოსტასის განსაკუთრებული ნაწილი, რომელსაც, ისევე როგორც ტრაპეზის მფარავ თაღს, „საფარველი“ (ან „სალხინებელი“, сень) ეწოდა. ეს „საფარველი“, რომელიც იკონოსტასზე აღსავლის კარს ზემოთ მდებარეობს, ღრმა კავშირით ენათესავება ტრაპეზის ზემოთ მდებარე „საფარველს“.
ღირსი ანდრეი რუბლიოვის მიერ შექმნილი ხატი სულ უფრო მეტად ხდება საერთო საკუთრება, საერთო სიხარული. იგი გაწმინდეს ფერნაცვალი და გამუქებული ოლიფისგან, გაათავისუფლეს დამატებებისგან, თავისთავად მშვენიერი, მაგრამ ხატის დამამძიმებელი ჭედურობისგან. ხატმა დატოვა ეკლესიის საზღვრები ამჟამად ტრეტიაკოვის გალერეაში იმყოფება და მიმართულია ადამიანებისკენ, რომელთა უმეტესობა შორს დგას ეკლესიისგან. სამების ხატი მახლობელია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც არასოდეს დაშორებია ეკლესიას, არამედ იმათთვისაც, ვინც ძალიან დაშორდა მას და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს ეს, იმათთვისაც კი, ვინც ეკლესიისადმი მტრულად არის განწყობილი. და ამაში თავად ცხოველმყოფელი სამების ნება უნდა დავინახოთ. ის არის სახარება, რომელიც ყველას სიცოცხლის უშრეტი წყაროსაკენ მიუხმობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий