воскресенье, 19 апреля 2015 г.

მონაზონი გრ. კრუგი - მამა ღმერთის გამოსახვა მართლმადიდებელ ეკლესიაში



მამა ღმერთის გამოსახვა მართლმადიდებელ ეკლესიაში



მონაზონი გრ. კრუგი

XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს ხატმწერად აღიარებული მონაზონი გრიგორი (ერისკაცობაში გიორგი ივანეს ძე კრუგი) დაიბადა 1909 წელს პეტერბურგში. მამა შვედი ლუთერანი ჰყავდა, დედა - რუსი მართლმადიდებელი. თვითონ ლუთერანულ ტრადიციებზე აღიზარდა.


1921 წელს ოჯახთან ერთად ესტონეთში გადასახლდა საცხოვრებლად. 1926 წელს მიიღო მართლმადიდებლობა. 1927 წელს შევიდა ტალინის გამოყენებითი ხელოვნების სკოლაში; შემდეგ გრაფიკასა და ფერწერას სწავლობდა ტარტუს მხატვრულ სასწავლებელში. 1931 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც დაოსტატება განაგრძო მხატვრულ აკადემიაში მილიოტისა და სომოვის ხელმძღვანელობით. მალე აშკარა გახდა, რომ გიორგი კრუგი მოწოდებით ხატმწერი იყო. ამ ხელოვნების ტექნიკას სწავლობდა იმ დროის ცნობილ ხატმწერ ფედოტოვთან.

30-იან წლებში სულიერად დაავადდა და II მსოფლიო ომის წლები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. გ. კრუგის გამოჯანსაღებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მისმა სულიერმა მამამ, არქიმანდრიტმა სერგი შევიჩმა. 1948 წელს ბერად აღიკვეცა ლემენილ-სენ-დენიში, სულიწმიდის მონასტერში, სადაც მამა სერგი შევიჩი მოღვაწეობდა.

გარდაიცვალა 1969 წელს.

ახასიათებდა ზოგი უცნაურობა: არასოდეს იჭრიდა თმას (თუმცა წვერი თითქმის არ ჰქონდა), მკურნალი ექიმის მოთხოვნის მიუხედავად, არ ჭამდა ხორცს, უგულებელყოფდა ჰიგიენას, უყვარდა სოციალისტური რეალიზმის მხატვრობა (რომელსაც „ოგონიოკში“ გამოქვეყნებული რეპროდუქციებიდან იცნობდა).

მონაზონი გრიგორი არასდროს მუშაობდა ხატებზე სხვათა თანდასწრებით. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ მამა სერგი შევიჩისთვის ჰქონდა დაშვებული.

შექმნა რამდენიმე იკონოსტასი (საფრანგეთში, ინგლისში, ჰოლანდიაში), ცალკეული ხატები, ფრესკები სხვადასხვა ტაძარში. მის ნამუშევართა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ნუაზი-ლე-გრან-ში დედა მარიამის მიერ დაარსებული ტაძრის იკონოსტასი

სამწუხაროდ, მისი ხატები და ფრესკები სწრაფად ძველდება, მათი რესტავრირება კი არ ხერხდება, რადგან ის ატარებდა საღებავებთან და ლაკთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს, იყენებდა ძმარს, ცვილს, ნიორს; უკვე ლაკით დაფარულ ხატებზეც შეჰქონდა შესწორებები და ა. შ.

ღმერთი სრულიად გამოუსახავია თავისი არსებით, ჩაუწვდომელია თავისი არსით, და შეუცნობელია. თითქოსდა ჩაუწვდომლობის შეუღწევადი წყვდიადით არის გარემოსილი. ღვთის არსების არა მხოლოდ გამოსახვის მცდელობა არის წარმოუდგენელი, არამედ იგი არანაირ განსაზღვრებებს არ ძალუძს მოიცვას და გამოხატოს, იგი მიუწვდომელია ადამიანური ცნობიერებისთვის: ღვთის არსება შეუღწევად წყვდიადს წარმოადგენს.

თვით ღვთისმეტყველებაც შეიძლება იყოს მხოლოდ აპოფატური, ე.ი. შედგენილი უარყოფით ტერმინებში: მიუწვდომელი, მიუახლებელი, შეუცნობელი. წმიდა გრიგოლ პალამა, როდესაც იცავს მართლმადიდებლურ მოძღვრებას თაბორის შეუქმნელი ნათლის შესახებ, გვასწავლის, აუცილებლად განვასხვაოთ, ერთი მხრივ, ღვთის სრულიად შეუცნობადი არსი და, მეორე მხრივ, ღმერთი მის ქმედებაში, რომელიც ქმნილი სამყაროსკენ არის მიმართული, მის წინაგანგებისეულ ღვწაში ყოველ ქმნილებაზე.

ცნობიერებისთვის მისაწვდომია, შეცნობადია ღვთის განგების მოქმედება სამყაროში, ქვეყნიერებისკენ მიმართული ღმერთი, ღმერთი, რომელიც სამყაროზე განფენს თავის გულმოწყალებას, თავის სიყვარულს, თავის მარადუშრეტ მზრუნველობას. ეს არის სიბრძნე, რომელიც ყველაფერს აწესრიგებს, სამყაროს ნათელი, რომელიც ყველაფერს ანათებს, ღვთის სიყვარული, რომელიც ყოველივეს აღავსებს, ღვთის გამოცხადება - მისი მოსვლა ამსოფლად. და სოფელი ისე არის ღვთის მიერ მოწყობილი, რომ შეიტკბოს, დაიტიოს ეს ღვთაებრივი ქმედება, აღიბეჭდოს ამ სამეფო ბეჭდით, ერთიანად იქცეს მეუფის საკუთრებად. ყველაფერ ქმნილის საბოლოო დანიშნულებაა - იქცეს ღვთის საკუთრებად.

მთელი სამყარო მთლიანობაში და თითოეული ქმნილება მისი განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით თითქოსდა თავიანთ თავში ფარავენ რაღაც იდუმალებით სავსე მოთხრობას ყოვლის შემოქმედზე.

ამიტომ მამა ღმერთის წარმოდგენა იმ ჰიპოსტასად, რომელიც სრული წყვდიადით არის გარემოცული, არასწორია. სამყაროს შესაქმიდან დაწყებული ჩვენ ვხედავთ მამა ღმერთს მის განუწყვეტელ მზრუნველობაში სამყაროზე, კაცთა მოდგმის გამუდმებულ პატრონობაში, გამუდმებულ ურთიერთობაში ადამიანებთან, იმ ზომამდე, რომ აბრაამსა და სარას ის ხილულად და ხელშესახებად გამოეცხადა სამთაგან ერთ-ერთი ანგელოზის სახით.

მთელი ძველაღთქმისეული ისტორია ისრაელისა სავსეა მზრუნველობით, რომლითაც მამა ღმერთი რჩეულ ერს პატრონობს. აი, რას ამბობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ისრაელის ურთიერთობაზე მამა ღმერთთან: „ისრაელი უპირატესად მამა ღმერთისკენ იყო მიმართული“. და უფალი საბაოთის მზრუნველობა თავის რჩეულ ერზე გამოიხატებოდა, უწინარეს ყოვლისა, მის სიახლოვეში წინასწარმეტყველებთან. მამა ღმერთი თითქოსდა თავისი ჭვრეტის შესაძლებლობას აძლევდა მათ, საკუთარ სახეს მაქსიმალური შესაძლო სიცხადით ავლენდა და, შესაძლებელია, ერთ-ერთი ყველაზე სრული გამოცხადება მიეცა წინასწარმეტყველ დანიელს სამსჯავროს ხილვაში, რომელშიც მამა ღმერთი თითქოსდა თავის სახეს გამოსახავს, ამჟღავნებს თავის მამობრივ სახეს. აი, დანიელის წინასწარმეტყველური მოწმობა (VII, 9, 13, 14): „ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი... ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღესთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“. მაგრამ მხოლოდ ღვთის განკაცების შუქზე და მხოლოდ მისი წყალობით ხდება შესაძლებელი მამა ღმერთის გამოსახვა.

ღვთისმსახურებაში, მის სახვით ნაწილში ჩვენ ვხედავთ მამა ღმერთის სიმბოლურად გამოსახვას. დიდი მწუხრის დაწყებისას, როდესაც გუნდი გალობს „აკურთხევს სული ჩემი უფალსა... ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“, საკურთხევლიდან აღსავლის კარით გამოდის მღვდელი, რომელსაც წინ მიუძღვის დიაკვანი. მღვდელი აკმევს მთელ ტაძარს. ამ დროს იგი განასახიერებს მამა ღმერთს, რომელიც ქმნის სამყაროს და, თითქოსდა, ყოვლისმპყრობელი მამა ღმერთის ერთგვარ ხატს წარმოადგენს. მაგრამ ღვთისმსახურების სახვით ნაწილშიც, იმის მსგავს მომენტებში, როგორიც არის საკმევლის კმევა „უფალო, ღაღად-ვჰყავ შენდამი“-ს გალობისას, ჩვენ ვხედავთ არა მამა ღმერთის თვითკმარ გამოსახვას, არამედ მას მხოლოდ სამების ორ სხვა ჰიპოსტასთან მიმართებაში ან სამყაროზე მის წინაგანგებისეულ ღვწაში; და ამ აზრით, ეკლესიის მამათა უარყოფითი დამოკიდებულება მამა ღმერთის გამოსახვისადმი ძალაში რჩება და მოქმედებს ეკლესიაში, მიუხედავად მამის გამოსახულებათა ასეთი სიმდიდრისა.

არსებობს წინასწარმეტყველება, რომელიც ეკლესიის მიერ არ არის უარყოფილი და რომლის მიხედვით, ჟამთა დასასრულს აღიმართება მამა ღმერთისადმი მიძღვნილი ტაძარი. ეს დიდებული და ყველა ერში განდიდებული ტაძარი იქნება, რამდენადაც შესაძლებელია, სრული გამოცხადება მამა ღმერთისა ეკლესიაში. მამის გამოცხადების ასეთი სისრულე წინ უძღვის განკითხვის დღეს, როცა მამა სამსჯავროს გადასცემს ძეს და ძე განსჯის სამყაროს მამის ნებით.

ეკლესიაში მრავალგზის და სხვადასხვაგვარ გარემოებებში წამოჭრილა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოისახოს პირველი ჰიპოსტასი - მამა ღმერთი - და, საერთოდ, უნდა იყოს თუ არა საეკლესიო გამოსახულებათა შორის მამა ღმერთის ხატი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული თვალსაზრისები ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ხასიათის იყო. და ეს წინააღმდეგობრიობა, ჩვენი აზრით, სულაც არ არის შემთხვევითი. ამგვარი მოჩვენებითი წინააღმდეგობრიობა ჩადებულია თვით მამა ღმერთის გამოსახულებათა ცხოვრებაში.

საკითხი მამა ღმერთის გამოსახულებათა შესახებ უკვე მეშვიდე მსოფლიო კრებაზე დაისვა, თუმცა მისი ფორმალური განხილვა არ მომხდარა. ხატების თაყვანისცემის დიდი დამცველების - წმ. იოანე დამასკელისა და წმ. თევდორე სტუდიელის თვალსაზრისები უარყოფს მამა ღმერთის გამოსახვის იდეას. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომელიც მიუღებელს ხდის ამგვარ გამოსახულებებს, არის ის, რომ ადამიანის სახით გამოსახული მამა ღმერთის ხატმა შესაძლოა, შექმნას შთაბეჭდილება ან წარმოშვას აზრი, რომ მამა ღმერთი გარკვეულწილად ადამიანთან მსგავსებას ამჟღავნებდა ჯერ კიდევ ჟამთა უწინარეს.

კრებაზე ხატების დასაცავად წარმოთქმული სიტყვებიდან ყურადღებას იქცევს იოანე თესალონიკელის სიტყვა: „ჩვენ ვხატავთ იმათ ხატებს, ვინც ხორციელი ადამიანები იყვნენ, მსახურნი ღვთისა. ჩვენ არ გამოვსახავთ რაღაც უსხეულო არსებებს სხეულებრივი სახით. ხოლო თუკი ვხატავთ ღმერთს, - უფალსა და მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს, და გამოვსახავთისე, როგორც ის გამოჩნდა ქვეყანაზე, ადამიანთა შორის ყოფნისას“.

ხატების თაყვანისცემასთან დაკავშირებული ცნობიერების შემდგომი განვითარებისას ამ ერთგვარად მატერიალისტურმა თვალსაზრისმა არსებითი ცვლილებები განიცადა. ხატების წრეში შევიდა არა მხოლოდ იმათი გამოსახულებები, ვინც ხორციელი ადამიანები იყვნენ, წმიდა მსახურნი ღვთისა, არამედ ანგელოზთა სამყაროს გამოსახულებებიც - ანგელოზებისა, რომლებიც თუმცაღა ეცხადებოდნენ ადამიანებს ხილული სახით, ამ გამოცხადებას ხორცშესხმა, ხორციელ არსებად ქცევა მაინც ვერ დაერქმევა. ის უფრო შეიძლება ითქვას, რომ ანგელოზები ხილულ გარეგნობას იმოსავდნენ როგორც სიმბოლოს, რომელიც მათ უხორცო ბუნებაზე მეტყველებდა. გაჩნდა აგრეთვე ხატები, რომლებიც არ წარმოადგენს მხოლოდ უეჭველად ხილულის მოწმობას, არამედ უფრო სამოძღვრო და დოგმატური შინაარსის არის.

რუსეთში ასი თავის კრებაზე (1551 წ., კრებამ მიიღო ასთავიანი დოკუმენტი, - მთარგმ.) მამა ღმერთის გამოსახვის საკითხი ისევ წამოიჭრა. კრებაზე განსახილავად წარადგინეს ვინმე დიაკონი ვისკოვატის მიერ შედგენილი სიგელი, რომელშიც ეს დიაკონი ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ, საერთოდ, დასაშვებია მამა ღმერთის გამოსახვა. - ეს ეჭვები, როგორც ჩანს, ნოვგოროდელ ხატმწერთა მიერ ივანე მრისხანის ახლად აგებული სასახლის მოხატვასთან დაკავშირებით გაჩნდა. დიაკონმა ვისკოვატიმ წარადგინა ჩამონათვალი ხატებისა, რომლებშიც მამა ღმერთის გამოსახულება შედიოდა და მოითხოვა მათი ამოღება ეკლესიის ცხოვრებიდან. დიაკონის შუამდგომლობა ცალკე იქნა განხილული, უკვე მას შემდეგ, რაც კრების სხდომები დამთავრდა. კრებამ შუამდგომლობა მართებულად არ მიიჩნია და დიაკონს უარი ეთქვა. გადაწყვეტილება ზოგად ხაზებში მიიღეს თითოეული გამოსახულების ცალ-ცალკე განხილვის გარეშე. ვფიქრობთ, საკითხის ამგვარი გადაწყვეტის წინაგანგებითი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ კრებამ, ერთობ საეჭვო იკონოგრაფიის მქონე ხატის მიღებით, შეინარჩუნა და მიიღო ის ხატი, რომლის გარეშე შეუძლებელია ეკლესიის წარმოდგენა. ეს არის სამების ხატი - აბრაამის სამება, როგორც მას დიაკონ ვისკოვატის სიგელში ეწოდება. ეს ხატი ღვთისმსახურებიდან ამოსაღებთა სიაში იმის გამო მოხვდა, რომ მასში შედის მამა ღმერთის გამოსახულება. ასი თავის კრებამ განსაკუთრებული ნებართვით დააკანონა სამების ხატი.

მამა ღმერთის გამოსახულებათა შემდგომი განხილვა რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვის დიდ კრებაზე (1655წ.) შედგა. ამ კრებამ, ასი თავის კრების საპირისპიროდ, სრულიად უარყო მამა ღმერთის გამოსახვის შესაძლებლობა და გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ აპოკალიპსის გამოსახულებებისთვის, სადაც მამა ღმერთის გამოსახვა დასაშვებად მიიჩნია „იმქვეყნიურ ხილვათა გამო“ („ради тамошних видуний“); მამა ღმერთის ხილვის გამო ძველი დღეთა მოხუცის სახით, რომელიც მოცემულია გამოცხადებაში.

მოსკოვის დიდი კრების აკრძალვა გამაფრთხილებელი ხასიათის იყო. კრების შეშფოთება აიხსნება შიშით, რომ მამა ღმერთის ადამიანურმა გარეგნობამ შეიძლება დაბადოს აზრი, თითქოს წმიდა სამების პირველი პირი ადამიანის მსგავსი არსებაა. გარდა ამისა, მოსკოვის დიდმა კრებამ აკრძალა ხატი, რომელსაც სახელად „მამობა“ ერქვა და ფართოდ იყო გავრცელებული.

ამ ხატის განთავსების ადგილია იკონოსტასის (კანკელის) ზემო მამამთავართა ხატედრიგი, საიდანაც იგი თითქოსდა, მთელ ტაძარს ჰფენს შუქს და, იკონოგრაფიული ჩანაფიქრის მიხედვით, რამდენადაც შესაძლებელია, სრულად გამოხატავს სამების პირველი წევრის მამობრივ ბუნებას.

ეს ხატი ძალიან ძველი წარმოშობის არის - პირველი დღემდე მოღწეული გამოსახულება XI საუკუნის დასაწყისისაა და დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში. იგი მოთავსებულია იოანე კლემაქსის ხელმაწერში (ადელჰაიმ ჰაიმანის წიგნიდან), სადაც მისი იკონოგრაფია უკვე სავსებით ჩამოყალიბებული და დასრულებულია და ბევრი არაფრით განსხვავდება XVI და XVII საუკუნეების ხატებისგან, რომლებსაც იკონოსტასებზე ათავსებდნენ.

მამა ღმერთი გამოსახულია ტახტზე მჯდომი მოხუცის სახით. მოხუცის გარეგნობა დიდებულებით და სიმშვიდით არის სავსე, ორივე ხელი კურთხევისთვის აქვს აპყრობილი. სახე გარემოსილი აქვს ჭაღარა, საკმაოდ გრძელი და ბოლოში რამდენადმე ორად გაყოფილი წვერით. თმა ასევე შუაში ორად აქვს გაყოფილი (ისევე, როგორც ჩვეულებრივ ხატავენ მაცხოვრის თმას), კულულები მხრებზე აყრია, მისი სახის ნაკვთები საზეიმო მადლმოსილებით არის აღბეჭდილი. მისი სამოსელი ორი ნაწილისგან შედგება - ეს არის ტუნიკა, რომელიც მიწამდეა დაშვებული და ქიტონი. ამის მსგავს სამოსში ხატავენ ხოლმე მაცხოვარს. მამა ღმერთის სამოსის ნაკეცები ერთიანად ოქროს წვრილი სხივებით, „ასისტით“ არის დაქსელილი, რომელიც ღვთიური ძალა-ენერგიების გამოსხივების გამომხატველია. ეს სხივები ფარავს ღვთის ზედა და ქვედა სამოსელს, ტახტსა და ფეხთსადგამს. მამა ღმერთის თავი, საეკლესიო დადგენილების მიხედვით, დაგვირგვინებულია შარავანდედით, რომლითაც, ჩვეულებრივ, ხატავენ ხოლმე მხოლოდ მამა ღმერთს და აგრეთვე მაცხოვარსაც, როდესაც ის მამისეული დიდებით არის დახატული, „ძველი დღეთას“ ხატებზე გვირგვინი შედგება ორი კვადრატისგან: ერთი მათგანი ალისფერია და უფლის ღვთაებრიობას მოწმობს, ხოლო მეორე, მომწვანო შავი (ან მოლურჯო შავი), ღმერთის შეუცნობლობის წყვდიადს აღნიშნავს. ასეთი გვირგვინი, ოღონდ არა თავზე შარავანდედად დადგმული, არამედ მთელი გამოსახულების მომცველი, აქვს ღვთისმშობლის ზოგიერთ ხატს, მაგალითად, „მაყვალი შეუწველი“. მამა ღმერთის მუხლებზე გამოსახულია ძე ღმერთი, რომელიც იშვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. მისი სამოსი, მამის სამოსის მსგავსად, განათებულია ოქროს სხივებით - „ასისტით“. თავი ჯვრიანი შარავანდედით აქვს დაგვირგვინებული. ღვთაებრივ ყრმას თავი პირდაპირ უჭირავს, სახეზე მბრძანებლური იერი აქვს. მისი სხეულის მდგომარეობა ისევე თავისუფალი და დიდებულებით სავსეა, როგორც მამის სხეულისა. ემმანუელის წიაღში გამოსახულია სულიწმიდა მტრედის სახით. წმიდა სული გარშემორტყმულია ლურჯი ფერის სფეროთი, რომელიც გამსჭვალულია მისგან გამომავალი სხივებით. მაცხოვარს, ჩვეულებრივ, ორივე ხელით უჭირავს მტრედის გარემომცველი სფერო. ზოგჯერ მაცხოვარს, მამის მსგავსად, ორივე ხელი ზემოთ აქვს აპყრობილი კურთხევისათვის.

თუ დავუბრუნდებით ხატს „მამობა“ და დავაკვირდებით მის აგებას, დავინახავთ, როგორ ცდილობს ხატი იქცეს სამების ხატად, მაგრამ სრულყოფილად ვერ ახერხებს ამას. მის აგებულებაში არასწორი მიმართებაა დამყარებული გამოსახულ პირთა შორის. ამ მხატვრული სახის მთავარი მოძრაობა თითქოსდა, საკუთარი თავის შიგნით არის მიმართული. მოხუცის სახით გამოსახული მამა ღმერთი თავისი დიდებულებით აღსავსე მოხაზულობით თითქოსდა, მთლიანად შთანთქავს ძისა და სულიწმიდის გამოსახულებებს. ხოლო მტრედის სახით წარმოდგენილი სულიწმიდის გამოსახულება უსაზღვროდ დამცრობილია პირველ და მეორე პირებთან შედარებით. ამგვარად ვიღებთ სამების გამოსახულებას, რომელიც თითქოსდა, საკუთარი თავის შიგნით არის მიმართული და რომელშიც ხდება სამების პირთა ღირსების თანმიმდევრული შემცირება. დაახლოებით ასევე, ჯვარზე გამოსახული სამი პირი - ზემო ნაწილში დახატული მაკურთხეველი უფალი საბაოთი, სულიწმიდა, რომელიც ფრთებით უჩრდილებს ჯვარცმულს და თვით ჯვარზე გაკრული იესო - მთელი სისრულით ვერ ქმნიან წმიდა სამების ხატს. იგივე შეიძლება ითქვას ხატზე, რომელსაც ხშირად ვხვდებით „იკონოსტასებზე“: „მჯდომარე მარჯვენით მამისა“, ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, „ახალი აღთქმის სამება“.

ამ ხატს საფუძვლად დაედო მისწრაფება, გამოესახათ უფალი იესო ქრისტე, რომელიც ზეცად ამაღლების შემდეგ მამის მარჯვნივ ზის. მამა ღმერთი ამ ხატზე, ჩვეულებრივ, მარჯვენა მხარეს არის გამოსახული ტახტზე მჯდომი მოხუცის სახით, რომელსაც სხივებით განათებული სამეფო ტანსაცმელი აცვია და თავზე სამეფო გვირგვინი ადგას. მამა ღმერთის თავს გარს აკრავს რვაკუთხა შარავანდედი, რომელიც მრგვალ შარავანდედში არის ჩაწერილი. მარჯვენა ხელით მამა ღმერთი, ჩვეულებრივ, აკურთხევს ქრისტეს. მაცხოვარს, ისევე, როგორც მამა ღმერთს, თავს ადგას სამეფო გვირგვინი, ხოლო მისი თავი გარშემორტყმულია ჯვრიანი შარავანდედით, რომელიც ჩვეულებრივია მაცხოვრის გამოსახულებებისთვის. ქრისტეს სამოსი მსგავსია მამის სამოსისა. იესო სახით მამისკენ არის მიმართული და თითქოსდა, მისგან კურთხევას იღებს. ზემოთ მოთავსებულია სამკუთხედში ან მრგვალ სფეროში ჩახატულია მტრედი - სულიწმიდა.

აქ ჩვენ ვხედავთ, გარკვეული შინაგანი მოთხოვნილების შედეგად, როგორ გადაიქცა ხატი „მჯდომარე მარჯვენით მამისა“ ხატად „სამება“, მაგრამ, ისევე, როგორც ხატმა „მამობა“, ვერ შეძლო სრულად გადმოეცა სამების სახე. ამ ხატის ძირითად მოხაზულობას თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რამდენად დამცრობილია, რამდენად არასრულფასოვანია ის ადგილი, რომელიც უკავია სულიწმიდის გამოსახულებას, თითქოსდა, შემაერთებელ საწყისად რომ გვევლინება პირველსა და მეორე პირს შორის და არ გააჩნია სრულყოფილი ჰიპოსტასური გამოსახულების ხასიათი. ხოლო მამა ღმერთი ისეთივე საგნობრიობით არის გამოსახული, როგორც ქრისტე, და ამგვარმა საგნობრიობამ, ეკლესიის ბევრი მამის აზრით, შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეგვიქმნას მისი ბუნების შესახებ. ამგვარად, ამ ხატზეც ვხედავთ, რომ შეუძლებელია შეიქმნას უდავო და ბოლომდე სრულყოფილი გამოსახულება მოვლენისა.

ამდენადვე ან კიდევ უფრო მეტად საეჭვოა სამების პირთა გამოსახულებები, რომლებსაც ვხედავთ საფეშხუმე ვარსკვლავზე და ბევრ სხვა შემთხვევაში, მაგალითად ოდიკზე, სადაც წმიდა სამება, მართალია, წარმოდგენილი არის პირდაპირი ან, ხშირად, სიმბოლური სახით, მაგრამ ვერ პოვებს თავის სრულიად უდავო სახვით ფორმას.

როდესაც უყურებ ხატს „მამობა“, ხედავ რაოდენ გადაუჭრელი, რაოდენ მტანჯველი სირთულეები წამოიჭრა ეკლესიაში მამა ღმერთის გამოსახვასთან, მის მხატვრულ სახესთან დაკავშირებით. მამა ღმერთის გამოსახულება, რომელიც იმის გამო გაჩნდა, რომ არსებობდა მოთხოვნილება ასეთი გამოსახულება ჰქონოდათ, თითქოსდა, ვერ ახერხებს თავისთვის ყოველმხრივ გამართლებული ადგილის პოვნას. თუკი სამების პირველი პირის გამოსახულება განცალკევებით, ორი სხვა წევრისგან დამოუკიდებლად იქნებოდა წარმოდგენილი, ეს დაარღვევდა ეკლესიის მოთხოვნას მამა ღმერთის გამოსახვისგან თავის შეკავების შესახებ. და მართლაც, ეკლესიაში არ არის და არც არასოდეს ყოფილა მამა ღმერთის დამოუკიდებელი ხატი, ისევე როგორც არ არსებობს მამა ღმერთისადმი მიძღვნილი ტაძარი და არც დღესასწაული, რომელიც უშუალოდ მამა ღმერთთან იქნებოდა დაკავშირებული. და უკვე ასეთი ვითარების გამო, მამა ღმერთის გამოსახვის მცდელობას თან ახლავს მოთხოვნა, ეს გამოსახულება იყოს არა დამოუკიდებელი, არამედ წმიდა სამების მეორე და მესამე პირებთან, ძესთან და წმიდა სულთან დაკავშირებული. მოთხოვნილება, არა განცალკევებულად, არამედ წმიდა სამების სხვა პირებთან ერთად იქნეს გააზრებული მამა ღმერთი, სულაც არ არის ფუჭი ან მცდარი - იგი თვით ეკლესიის ცხოვრებას შეადგენს და არასდროს არ დაიშრიტება. ხოლო მოთხოვნილება, შეიქმნას ხატი მამა ღმერთის გამოსახულებიდან გამომავალი სამებისა, ბოლომდე გამართლებულ გადაჭრას ვერ პოვებს. წმიდა სამების ასეთი გამოსახულება არ არის მოსილი ზეციური დიდებით, არ ბრწყინავს სამი პირის თანაბარღირსებიანი ერთობით. ასეთი გამოსახულება თითქოს მთა არის, რომელიც თოვლის სითეთრით მოქათქათე მწვერვალით არაა დაგვირგვინებული. აქ ჩვენ ვხედავთ ერთგვარ არასრულყოფილებას, რომელიც გადაულახავად გვეჩვენება იმის გამო, რომ სამების პირთა თანაბარღირსებიანობა გამოსახვის ვიზუალურ ფორმას ვერ პოვებს. ყველა ამგვარ კომპოზიციაში მესამე ჰიპოსტასი - სულიწმიდის ჰიპოსტასი - ცალკე პირად არის დახატული, მაგრამ მთელი სისრულით არ არის გადმოცემული მისი ჰიპოსტასური ღირსება. ყველა ამ ხატზე სულიწმიდა ყოველთვის გამოსახულია მტრედის სახით და ეს გამოსახულება არ შეიძლება იყოს თანაბარღირსებიანი ადამიანების სახით გამოსახული მამისა და ძის ფიგურებისა. და ამის გამო ყოველი ამგვარად ჩაფიქრებული ხატი სამებისა თუმცა არ არის მოკლებული მნიშვნელობას, მაგრამ არ შეიძლება იქცეს იმ სრულიად უეჭველ, სრულფასოვან ხატად, იმ წმიდა ბეჭდად, რომელშიც მთლიანად იქნებოდა აღბეჭდილი სამების დოგმატური აღსარება.

ეკლესიის მამათა მიერ მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მიღებული თვალსაზრისი ხატებზე მამა ღმერთის გამოსახვის შესახებ უარყოფითი ხასიათის არის: კრება გამართლებულად არ მიიჩნევს მამა ღმერთის გამოსახვას, რომელიც, მაცხოვრის სიტყვით, არავის უხილავს. ასე რომ, მამების აზრით, მამა ღმერთის გამოსახვა გაუმართლებელია და დაუშვებელიც კი არის. და ამავე დროს, ეკლესია სავსეა უფალი საბაოთის გამოსახულებებით. მამა ღმერთის გამოსახულებას ჩვენ ვხედავთ ფრესკულ ფერწერაში, ტაძრის გუმბათში, იკონოსტასზე მამათავართა ხატედრიგში, მრავალ ხატზე, ისეთებზე, როგორებიც არის „ნათლისღება“, „მამობა“, „სამება“ „ღმერთი საბაოთ დიდებით მჯდომარე ქერუბიმთა ზედა“. ეს ხატები გვხვდება ყველგან, სადაც არის მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუთვნის სხვადასხვა დროს. არსებობს XI და XII სს. და უფრო გვიანდელი ბიზანტიური გამოსახულებები, სხვადასხვა პერიოდის მრავალი რუსული ხატი. მამა ღმერთის გამოსახვის თვალსაზრისით განსაკუთრებით მდიდარ იკონოგრაფიულ მასალას იძლევა XVI და XVII საუკუნეები.

რით შეიძლება აიხსნას ეს, ერთი შეხედვით, შეურიგებელი წინააღმდეგობა? არის თუ არა ყველა ეს გამოსახულება ერეტიკული, ცრუ, სრულიად უცხო ეკლესიისთვის და, ამგვარად, ღირსი ტაძრებიდან გამოტანისა და განადგურებისა? ან იქნებ, მამა ღმერთის გამოსახულებების აკრძალვა არ არის ასეთი უეჭველი? უნდა ვიფიქროთ, რომ მამა ღმერთის გამოსახვის აკრძალვას არა აქვს ონტოლოგიური ხასიათი, არ წარმოადგენს იმგვარ აკრძალვას, რომელიც უკვე თავისი არსით სრულიად გამორიცხავს მისი გამოსახვის ყოველგვარ შესაძლებლობას, არამედ წარმოადგენს შეზღუდვითი ხასიათის აკრძალვას, რომლის მიზანია ერთგვარი მარხვა დააწესოს მამა ღმერთის გამოსახვაზე.

ასეთი შეზღუდვის პირველი და უმთავრესი მიზეზი, ვფიქრობთ, იყო აუცილებლობა ხატების თაყვანისცემისთვის ურყევი საფუძვლის შექმნისა. მეშვიდე მსოფლიო კრებამ ასეთ საფუძვლად დაადგინა ღვთის განკაცების დოგმატი. აი, წმიდა გამოსახულებათა არსებობის საფუძველი: ღმერთი აღუწერელია, როგორც ღვთაება, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი განკაცდა, შესაძლებელი გახდა მისი, როგორც ხორციელი არსების, აღწერა; და რამდენადაც უხილავი გადაიქცა ხილულ და ხელშესახებ სხეულად, იგი შეიძლება გამოსახულ და აღწერილ იქნეს. ქრისტე - აღბეჭდილი ჰიპოსტასი - ერთმანეთთან აერთებს ორ ბუნებას, ღვთაებრივსა და ადმიანურს და ეს განკაცება ღვთისა არის ჩვენთვის ხატების არსებობის საფუძველი, ერთგვარი ხატთა ხატი. მსგავსად იმისა, როგორც კედელთა შესაყარზე დადებული ქვა („ლოდი, რომელი იქმნა თავ კიდეთა“) ერთმანეთთან აერთებს შენობის ორ კედელს, ქრისტე - ხორცშესხმული სიტყვა-ღმერთი - თავის თავში აერთებს ორ შეურევნელ ჰიპოსტასს: აღუწერად ღვთაებასა და აღწერად ადამიანს. ამ აზრით, ხატთა თაყვანისცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ქრისტეს განკაცების შედეგად და მისი მეშვეობით, და მას არანაირი სხვა საფუძველი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ღმერთკაცი ქრისტეს გამოსახულება იქცა ნიშნად ეკლესიის გამარჯვებისა და საფუძვლად, რომელიც ქრისტემ თვითონ მისცა ეკლესიას, აღბეჭდა რა თავისი სახე ტილოზე. ეკლესიის მამები, რომლებიც ხატების თაყვანისცემას იცავენ, თავიანთ შრომებში გამუდმებით ეყრდნობიან ამ ურყევ საფუძველს. მამა ღმერთის ხატი კი მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება არსებობდეს; მორწმუნეთა ცნობიერებაში შესაძლებელია მომხდარიყო გარკვეული გაორება - ქრისტეს გამოსახულება ერთგვარად გაორებულიყო მამა ღმერთის გამოსახულებით.

მამა ღმერთის გამოსახულების აკრძალვა მოგვაგონებს ძველი აღთქმის აკრძალვას, არ შეიქმნას წმიდა გამოსახულებები. აქაც და იქაც აკრძალვა არსებითად კი არ უარყოფს, არამედ მხოლოდ იმის მსგავსად კრძალავს წმიდა გამოსახულებებს, როგორც მარხვა კრძალავს გარკვეული სახის საკვებს. მარხვა არსებითად კი არ უარყოფს ამგვარ საკვებს, არამედ მოითხოვს მისგან გარკვეული დროით თავშეკავებას. და როგორც ძველ აღთქმაში ქერუბიმთა გამოსახვა აღთქმის კარავში მოასწავებდა წმიდა გამოსახულებათა შექმნასთან დაკავშირებული აკრძალვის განლევას, ასევე ახალი აღთქმის ეკლესიის ცხოვრებაში დამკვიდრებულმა ჩვეულებამ ხატებზე მამა ღმერთის ხატვისა, გარდაუვალი ხასიათი დაუკარგა აკრძალვას, აქცია იგი ერთგვარ განმარტებად, რომელსაც არ აქვს ყოვლისმომცველი ხასიათი. ეს დადგენილებები მოგვაგონებს ფარდას, რომელიც საშუალებას არ აძლევს სინათლეს, მთლიანად გაანათოს სივრცე, მაგრამ არც სრული სიბნელის წყაროა.

ამავეს ვხედავთ ღვთისმსახურების წესშიც. ეკლესიამ არ იცის უშუალოდ მამა ღმერთისადმი მიძღვნილი დღესასწაულები, მაგრამ მამის „სამებაში თაყვანისცემას“ დღესასწაულობს უფლის ფერისცვალების დღეს, ნათლისღებისას და, განსაკუთრებით, სულთმოფენობისას - მოციქულების სულიწმიდით აღვსების დღეს - ამ დღესასწაულებს ღვთის შეცნობის სისრულეში შევყავართ: სამებობა - სულიწმიდის მოფენის დღესასწაული - ღვთისმსახურებაში აღინიშნება ანალოეზე ორი ხატის დადებით: მოციქულებზე სულიწმიდის მოფენის ხატისა და წმიდა სამების ხატისა. სწორედ ეს უკანასკნელი შეიძლება იქნეს მიჩნეული საფუძვლად ხატებისთვის, რომლებზეც მამა ღმერთი არის გამოსახული.


The National Library of Georgia

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий