воскресенье, 19 апреля 2015 г.

მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი - ურთიერთობის ღვაწლის შესახებ




მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი
(კოროლიოვი) (1881 - 1952)
ქრისტიანული ცხოვრება ამქვეყნად სვლას წარმოადგენს. ცხოვრების უფერულობა საშუალებას არ გვაძლევს, სრულად გავიცნობიეროთ ჩვენი მისია დედამიწაზე და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტები; საკუთარი თავის შეცნობასაც კი ვერ ვახერხებთ. ჩვენი სულიერი უნარები გამოუყენებელი გვრჩება.
თავს უმნიშვნელო ადამიანებად მივიჩნევთ და სხვებსაც ასევე ვაფასებთ, რადგან მათაც ჩვენი საზომით ვზომავთ. ასე ვამბობთ: „ჩვენ სავსებით ჩვეულებრივი პატარა ადამიანები ვართ. ოღონდ ლუკმაპური გვაშოვნინა და მეტის პრეტენზია არა გვაქვს. აბა, დიდ საქმეს ჩვენ როგორ მოვერევით“. ეს თვითდაკნინება ხშირად გვისუსტებს მოქმედების ნებას, მაშინ როცა, რაც უნდა პატარა და სუსტი იყოს ადამიანი, ყოველ ჩვენგანს თავისი მისია აქვს. ყოველ ადამიანს ამქვეყნად თავისი დანიშნულება აქვს და იგი უფლის მიერ არის მოვლენილი დედამიწაზე. უფალს თითოეული სული სჭირდება, თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი სიცოცხლის გამო და არ არის თავისუფალი პასუხისმგებლობისგან სხვების გამო. თვითდაკნინების ნამდვილი მიზეზი ჩვენი სიპატარავე და სისუსტე კი არ არის, არამედ ის, რომ არ გვსურს პასუხისმგებლობა ვიკისროთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ: „ეს საქმე მე არ მეხება, სხვამ გააკეთოს, მე რა შუაში ვარ“. ამ სიტყვებით ჩვენ სხვას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და თითქოს დამნაშავედაც ვთვლით მას საქმის შეუსრულებლობის გამო, საიდანაც მომდინარეობს განკითხვა, რომელსაც დაყოფა-დაშორებისკენ მივყავართ.
ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საკუთარი ბუნების საუკეთესო ან ყველაზე უარესი მხარეები. სამწუხაროდ, ჩვენ მეტწილად გამოუვლენელი გვრჩება ჩვენში არსებული სინათლე და სიკეთე. ხშირად არც კი ვიცნობთ ჩვენს სულიერ საგანძურს, რის გამოც სული ერთგვარად იბინდება. იმისთვის, რათა შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და გამოვამჟღავნოთ საკუთარი თავი, საჭიროა გავახილოთ შინაგანი თვალები და დავინახოთ სულში არსებული ფასეულობები, რომლებიც დაფარულია გარეგანი მზერისთვის. საჭიროა, ჩვენს სულშიც აღმოვაჩინოთ ეს ფასეულობები და სხვებსაც დავეხმაროთ მათს აღმოჩენაში. განსაკუთრებით გვინდა გავუსვათ ხაზი ამ უკანასკნელის მნიშვნელობას: როდესაც სხვებს ვეხმარებით, აღმოაჩინონ თავიანთი თავი, ამ დროს საკუთარი სულის უცნობ სიღრმეებსაც ვწვდებით. სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან: მათი მეშვეობით ვსწავლობთ საკუთარი თავის გადარჩენასა და სულიერი ძალების დაძაბვას. ადამიანებთან ურთიერთობისთვის თავის არიდება ქრისტიანისთვის ყველა შემთხვევაში როდი არის სასარგებლო.
მარტოობა ადამიანს თითქმის ყოველთვის აღარიბებს. რაც მეტად დაშორდება იგი ხალხს, მით მეტად გაღარიბდება თვითონ. განმარტოებით ცხოვრებისას ჩვენ ერთგვარად გამოვაცალკევებთ ხოლმე საკუთარ თავს საყოველთაო ცხოვრებისგან, მთელი ორგანიზმის ცხოვრებისგან და ამ განცალკევებაში ვიფიტებით, რადგან საყოველთაო ცხოვრების მაცოცხლებელი წვენებით აღარ ვიკვებებით. ხალხთან ურთიერთობა კი იწვევს ადამიანის გამოუვლენელი ძალების ამოქმედებას: თავიანთ მსგავს საწყისებთან შეხებისას ეს ძალები მოქმედებას იწყებენ. ამგვარად, ხალხთან ურთიერთობა სულიერად გვამდიდრებს - სული სხვა ადამიანებთან სიახლოვის სისავსეში ყვავის. ყოველი ადამიანი ინდივიდუალობაა, რომელსაც ნაკლული თვისებების შევსება სხვა ადამიანებთან სიახლოვის მეშვეობით შეუძლია. ადამიანები ღვთის ყვავილები არიან. და ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ფუტკრებივით ვაგროვოთ თაფლი ამ ყვავილებიდან, გავმდიდრდეთ სხვების ინდივიდუალობით და საკუთარი ინდივიდუალობა წარმოვაჩინოთ მათ წინაშე.
ზოგჯერ ჩვენ გვიძნელდება ურთიერთობა, მაგრამ, რამდენადაც საყოველთაო ცხოვრებისთვის ვართ მოწოდებულნი, სხვებთან ურთიერთობა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა. სხვებთან ურთიერთობისას ხდება განცალკევების შემოქმედებითი გადალახვა, ამ მიზნით ადამიანი ავლენს საკუთარ სულიერ ფასეულობებს, თვითონაც მდიდრდება და სხვებსაც ამდიდრებს. ყოველმა შეხვედრამ შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოგვცეს. თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებას მივაპყრობთ, აუცილებლად გავმდიდრდებით, აღმოვაჩენთ საგანძურს - სიკეთესა და სინათლეს. მშვენიერება ყოველ ადამიანში არის დაფარული და მხოლოდ ჩვენი ცოდვიანობა არ გვაძლევს ამის დანახვის საშუალებას. ჩვენ, ჩვეულებრივ, მხოლოდ ზედაპირულად ვეხებით ერთმანეთს და თავს არ ვიტკივებთ სხვა ადამიანის ჭეშმარიტ არსში ჩასაწვდომად. ჩვენ მთელი სისრულით ვერ ვხედავთ მის სულიერ მხარეს. ჩვენ ვხვდებით ივანეს, პეტრეს, მარიას, დარიას და, უმრავლეს შემთხვევაში, არასწორად ვაფასებთ მათ. ჩვენ ვამბობთ: „ის სიმპათიურია, ხოლო ეს არ არის სიმპათიური“. ხშირად ადამიანის გარკვეულ ნაკლოვანებებს ვამჩნევთ და გავურბივართ მას, რადგან მისი პიროვნების არაარსებით თვისებებს მის ადამიანურ არსად მივიჩნევთ და არც კი ვცდილობთ ამ პიროვნების ჭეშმარიტ არსამდე მივაღწიოთ. ამის გამო ვშორდებით ერთმანეთს და არაფერს ვაკეთებთ იმის გადასალახავად, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. ჩვენ შეჩვეულნი ვართ ურთიერთობას იმგვარ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთსიმპათია გვაკავშირებს. ხოლო თუ ურთიერთობაში უმცირესი წინააღმდეგობა შეგვხვდა, მის დასაძლევად არაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ძალიან გვიჭირს საუბარი ადამიანთან, რომლის მიმართ ცუდად ვართ განწყობილი, მაგრამ სწორედ ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. უფალს სურს, ადამიანები ერთად შეგვკრიბოს, ხოლო ეშმაკი ცდილობს, ერთმანეთს დაგვაშოროს.
დაშორების დაძლევით ჩვენ ერთმანეთში ამოვიცნობთ იმ საერთოს, რაც ადამიანში ღვთისმიერია, რაც ჩვენს ძალას წარმოადგენს, რაც გვანიჭებს ცხოვრების მადლს - მადლმოსილებას. ცოდვამ მთელი კაცთა მოდგმა დაყო და დაანაწილა. საკუთარ თავში ცოდვის დაძლევისას ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, რადგან უბრუნდებიან ადმიანური ბუნების თავდაპირველ მდგომარეობას - ერთ ორგანიზმად ყოფნას, ხოლო ცოდვა ადამიანს აღარიბებს. ვიდრე არ დავძლევთ იმას, რაც ერთმანეთისგან გვაცალკევებს, ჩვენ ვხედავთ არა თითოეული ადამიანის ჭეშმარიტ შინაარსს, არამედ მხოლოდ მის ნიღაბს, რომელსაც შეცდომით ნამდვილ სახედ მივიჩნევთ. ჩვენი განცალკევებულობა, ჩვენი „ეგო“ ჩვენს ცხოვრებას ამახინჯებს.
ხშირად ხალხთან ურთიერთობისთვის საჭიროა საკუთარ თავში დავძლიოთ უსიამოვნო გრძნობა, თავს მოვერიოთ, გადავლახოთ ანტიპათია, რაც უკვე გარკვეულ ღვაწლსა და კეთილის ქმნას, კეთილშობილებას წარმოადგენს. და მართლაც, ეს არის თითოეული ჩვენგანის ამოცანა. გულზიარობა უფლის მიერ ბოძებული ნიჭია; ხოლო როცა გულდახურული ადამიანი საკუთარი სიღატაკის დასაძლევად სხვებთან ურთიერთობას ცდილობს და გულზიარი ხდება, ეს არის ნამდვილი ღვაწლი.
ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ რიგითი ადამიანები საგანგებო გარემოებებში, მაგალითად, ომის ან რაიმე სხვა კატასტროფის დროს არაჩვეულებრივ სულიერ ფასეულობებს ამჟღავნებენ. რატომ უნდა ველოდოთ ამ საგანგებო ვითარებას, რათა ადამიანში კარგი თვისებები დავინახოთ? ცხოვრებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით ჩვენ ყოველთვის შევძლებთ მათს გამოვლენას. მთავარია, მოვერიოთ ინერტულობას და განცალკევების დაძლევა ვცადოთ. ერთმანეთს შორის განცალკევების დაძლევისას ადამიანები შეიგრძნობენ ცხოვრების ერთიანობას, რასაც მათთვის მადლი, სიხარული და ნეტარება მოაქვს. განცალკევების დაძლევით ჩვენ თითქოსდა, შევდივართ ერთმანეთის შიდა სამყაროში, რის მაგალითსაც წარმოადგენს მეგობრობა. ასეთ ადამიანებზე ითქმის, ისინი ერთსულოვანნი არიანო. მხოლოდ იმის დაძლევით, რაც ერთმანეთისგან გვაცალკევებს, ვეზიარებით ცხოვრების სისავსეს.
ჩვენ, ჩვეულებრივ, გვეჩვენება, რომ ჩვენი შეხვედრები სხვა ადამიანებთან შემთხვევითობაა. ეს, რაღა თქმა უნდა, არ არის მართალი. უფალი ერთმანეთის გვერდით გვაყენებს ოჯახში და საზოგადოებაში, რათა ერთიმეორის მეშვეობით გავმდიდრდეთ, რათა ერთმანეთს ვეხებოდეთ და სინათლეს გამოვცემდეთ. უფალი გვეუბნება: „აი, რა ამოცანას გისახავ. მე შენ ამა და ამ ადამიანებს შორის დაგაყენე. შენ გულში გაქვს ტალანტი, რომელიც მე გიწყალობე. გადაუშალე გული სხვებს. აჩვენე მათ შენი ტალანტი“. როდესაც უფალი თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში გზავნის, მას რაღაც ნიჭით აჯილდოებს და სამოქმედო არენას აძლევს, რათა მისი სულიერი ცხოვრება აყვავდეს. და რამდენადაც თითოეული ადამიანი სულიერად განუმეორებელია, თუკი მისი სულიერი სიმდიდრე არ გამოვლინდა, ეს სულიერი სიკვდილი იქნება - უფლის სინათლის გაქრობა ყოფიერების მოცემულ წერტილში. ამიტომ, ყველა უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ სამყაროზე, რათა უფლის სინათლე არათუ არ ჩააქროს, რაც შეიძლება მეტად ააკაშკაშოს საკუთარ თავში. ჩვენ რატომღაც არ გვსურს იმ ძალების გამოყენება, რომლებიც ჩვენში არსებობს, ყოველ შემთხვევაში, არ ვჩქარობთ ამას. საკუთარ თავში ცოდვასთან ბრძოლის მეშვეობით ჩვენ ვათავისუფლებთ ჩვენს ბუნებაში სიკეთეს, რითაც შეგვიძლია ახალი ცხოვრების შემოქმედნი გავხდეთ - შევამციროთ ბოროტება დედამიწაზე, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს პიროვნებაში მისი შემცირების გზით. ჩვენი მხრივ უმცირესი ძალისხმევაც კი ანგრევს ჩვენს იდენტურობას, აღვიძებს და გამოავლენს ჩვენში მთვლემარე სიკეთეს.
თითოეულ ადამიანს თავისი წარმატებები მიეცა. უფალი ყოველ ჩვენგანს ჰკითხავს: „რატომ არ გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა?“ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ცხოვრებით გამოვამჟღავნოთ და გავამრავლოთ ღვთის მიერ ბოძებული ტალანტი. ხშირად ამბობენ ხოლმე: „მე არანაირი ტალანტი არ მაქვს“, და ამ დროს გულისხმობენ მეცნიერის, შემოქმედის, საზოგადო მოღვაწის ტალანტს. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია გულის ტალანტები, რომლებიც უფალმა ყველა ადამიანს უბოძა: გულითადობა, გულისხმიერება, თანაზიარობა. ამ ტალანტების, როგორც ჩვენი სულის ბუნებრივი თვისებების, გამოვლენა ჩვენს ხელთ არის: ეს ჩვენი ტალანტები მხოლოდ ადამიანებთან ცოცხალ ურთიერთობაში ვლინდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, გამოვავლინოთ ჩვენი სულის სიმდიდრეები იმ ადამიანებთან სიახლოვის მეშვეობით, რომელთა გვერდით დაგვაყენა უფალმა. ჩვენ, საერთოდ, სხვადასხვა ძაფებით ვართ დაკავშირებულნი ერთმანეთთან და საჭიროა, ამ ძაფების მეშვეობით საერთო და ერთიან ცხოვრებას ვქმნიდეთ.
ამრიგად, ჩვენი სასიცოცხლო ამოცანა შეიძლება ასე განისაზღვროს: ვეძებოთ საერთო ცხოვრება ადამიანებთან, რომლებთანაც ვართ დაკავშირებული. მტკივნეულია იმის ცოდნა, რამდენად ბევრი ადამიანი უჩივის მარტოობას. სხვებისგან განცალკევებულობა ნამდვილად თრგუნავს ადამიანს, ხოლო ერთობა, პირიქით, მხნეობას აძლევს, რადგან ადამიანი გრძნობს, რომ წუთისოფელში არ არის მიკარგული. ადამიანებს შორის ერთობა არის ძაფი, რომლითაც ჩვენ ვუერთდებით ცას, ღმერთს - ადამიანთა გამაერთიანებელ ცენტრს. დიახ, ერთობა, რომელიც ერთი გულიდან მეორისკენ მიდის, მიმართულია ღვთისკენ, როგორც ერთიანი ცენტრისკენ, რადგან სწორედ ადამიანთა შორის ერთობის დამყარება არის ცხოვრება, ხოლო განცალკევება - სიკვდილი. ადამიანებს შორის ერთობას ჩვენთვის მოაქვს მადლი, რომელიც სიცოცხლის სიხარულს გვანიჭებს. ეს არის ცხოვრების კანონი, რომლის დარღვევას აუცილებლად მოჰყვება ტანჯვა. ჩვენ ყველანი ღვთის ხატის მიხედვით ვართ შექმნილნი. მაშასადამე, სწორედ ეს ღვთის ხატი არის ის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან გვაერთიანებს. ერთმანეთთან დაახლოებისას შესაძლებელია, თანდათანობით მივაღწიოთ ერთსულოვნებას, ერთაზროვნებას, ერთნებობას, რომელზეც ქრისტემ თქვა: „რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე შენში; რათა ისინიც ერთი იყვნენ ჩვენში“ (იოან. 17, 21). ხოლო ჩვენ საჭიროდაც კი არ მიგვაჩნია, ადამიანური ცხოვრების ერთფეროვნებაში ვეძებოთ ღვთიური საწყისი ჩვენი ბუნებისა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სხვებთან დაგვაახლოოს. განცალკევებულობას ჭეშმარიტ ცხოვრებად მივიჩნევთ და არც კი ვცდილობთ მის დაძლევას. არადა, განცალკევებულობის მდგომარეობა საშუალებას არ გვაძლევს სიხარული ვპოვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელს გვიშლის საკუთარი თავის გამოვლენაში. ჩვენ ყველანი ველით, რომ სიხარული სადღაც გარედან მოვა, ხოლო იმას, რაც არის ჩვენში, ვერ ვამჩნევთ. ამიტომაც არის წყვდიადი ყველგან - გარეთაც და სულშიც.
ყოველ გულში განძი უნდა ვეძებოთ. განძს ხშირად ეძებენ, ოღონდ არა სულიერს. ნამდვილად საჭირო კი სწორედ სულიერი განძის ძიებაა. შეიძლება გვკითხონ: „რატომ?“ პასუხი ასეთია: „რათა გავმდიდრდეთ“.
ჩვენ ადამიანებში მხოლოდ გარეგან მხარეს ვხედავთ და მათგან გარეგანს ვიღებთ, თითოეულ ადამიანში დაფარულ განძს კი ვერ ვამჩნევთ. უნდა ვეძებოთ გულის ტალანტი - ეს საგანძური ყველა სიკეთის წყაროა. მაგრამ როგორ მივაგნოთ მას? ამისთვის საჭიროა დაძაბული შრომა, შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. და თუკი დიდი ტალანტის მქონე ადამიანები ბევრს შრომობენ, რათა ღვთის მიერ ბოძებული ნიჭისგან შესაბამისი ნაყოფი მიიღონ, ეს მით უფრო მეტად მართებთ ჩვეულებრივ ადამიანებს.
როდესაც სხვას ვუახლოვდებით, უნდა დავაკვირდეთ მის გულს, რომელიც ადამიანის ცენტრს წარმოადგენს. ქრისტემ თქვა, რომ ყველაფერი ადამიანის გულიდან მომდინარეობს: „კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი“ (ლუკ. 6, 45). კეთილი გული ღვთის მიერ ბოძებული საუნჯეა, რომელიც შეიძლება გავაათმაგოთ. კეთილი გულის საძირკველზე უფრო ადვილია ადამიანური კეთილშობილების დაფუძნება. იოანე ოქროპირი ამბობს: „სასწაული მაშინ კი არ ხდება, როდესაც დიდ საქმეებს ჩავდივართ, არამედ მაშინ - როცა ბოროტი ადამიანი კეთილად გადაიქცევა“, რადგან ამ დროს ჩვენ ვძლევთ ბუნების კანონებს და, ცოდვასთან ბრძოლის გზით ვაუქმებთ ძველ ადამიანს და ვაფუძნებთ ახალს. ცოდვასთან ბრძოლით ადამიანი ადრინდელზე უფრო სრულყოფილი ხდება, ე.ი. ადრინდელზე მეტად ემსგავსება ღმერთს. საკუთარ თავში ცოდვის დაძლევით ადამიანი თავისი სულის საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს და, ამავე დროს, სხვა ადამიანის სულში ისეთ განძს ააშკარავებს, რომლის არსებობის შესახებ თვით პატრონმაც კი არაფერი იცოდა.
ცოდვიან ადამიანს თითქოსდა, ხალხის ეშინია, ამიტომ იგი მიწაზე სიხარულით ვერ დააბიჯებს. სულ იმის ფიქრშია, ვაითუ, სადმე ამა და ამ კაცს გადავეყაროო. ცოდვის დაძლევის შემდეგ კი ადამიანი უშიშრად და ადვილად მიდის სხვასთან და მასაც სიკეთით მუხტავს.
უფალს სურს, ერთმანეთს დავუახლოვდეთ, რის აუცილებლობაც აშკარაა, მაგალითად, გადასახლებაში; ჩვენ კი სიახლოვე არ გვსურს და არ ვეძებთ ღვთაებრივს ერთმანეთში; პირიქით, მუდმივად ვექიშპებით და სულ უფრო ვშორდებით ერთმანეთს. ჩვენ არაფერში ვიყენებთ, ვმალავთ ჩვენს კაპიტალს; მაშინ, როცა ეს კაპიტალი, რაკიღა იგი ყველა ადამიანს ერთგვარი აქვს, თუკი ურთიერთობაში გამოვიყენებდით, მიგვაახლოებდა გონების, ნებისა და გრძნობის ერთიანობასთან. სულიერი საგანძურის მოპოვება დაასრულებდა ჩვენს განცალკევებას. ჩვენ ამ საგანძურიდან მივიღებდით სასიცოცხლო ძალას, ხოლო თუკი ამას არ გავაკეთებდით, უფალი ისევე დაგვსჯიდა, როგორც შერისხა უნაყოფო ლეღვის ხე.
ადამიანებთან კარგი ურთიერთობის შედეგად ჩვენ თითქოსდა, სინათლის ნაპერწკლებით ვივსებით, შინ მოგვაქვს რაღაც უხილავი, რაც სიცოცხლეში გვეხმარება. უფალი ამქვეყნად გვგზავნის, რათა მისი საგანძური აღმოვაჩინოთ. თუკი მარცვალ-მარცვალ შევაგროვებთ სიკეთესა და სინათლეს, რომელიც გზაზე შეგვხვდება, უკვე ეს იქნება ძალიან ბევრი. სინათლის მარცვლების შეგროვებისას ამ ატმოსფეროში ჩვენ თვითონაც სინათლით გავიჟღინთებით, რაც გააცოცხლებს და ნაყოფიერებას შესძენს ჩვენს გაქვავებულ გულს. სწორედ ამ სინათლის ძიება არის ჩვენი გადარჩენის პროცესი. აქ მნიშვნელოვანია თვით ამ ძიების პროცესი, რადგან უკვე ამ დროს ისადგურებს სულში სინათლე, რადგან საძიებელი საგნის მშვენიერება ჩვენს სულსაც მშვენიერებით ავსებს.
აი, გაგვიჩნდა სიკეთის მომტანი აზრი ჩვენს სულში განძის მოძიებისა. ძიების პროცესში ჩვენ აუცილებლად ამოვძირკვავთ ჩვენი გულიდან ღვარძლს. გულის ცოდვიანი მიდრეკილებებისგან გათავისუფლება და მისი განწმენდა გვაძლევს ცხოვრების სიხარულს, ბადებს შეგრძნებას, რომ მადლით ვივსებით. ეს მადლიანობა არის მომენტი ჩვენი სულიერი ზრდისა - ნეტარება და საფეხური სივრცისკენ, სადაც ვიხილავთ უფალს. ნათქვამია: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათ. 5,8). ასეთი ცალკეული მომენტებით ადამიანი თითქოსდა, მარადისობაში გადადის და მკვიდრდება იქ, იმზადებს თავის ადგილს სამყოფელში, რომელიც არის სინათლე, მომდინარე ნათელთა ნათლისაგან.
როცა ადამიანებთან ურთიერთობაში იქმნება სირთულეები, როცა ეშმაკი ქარიშხალს ტეხს ჩვენს გულში და მასში წყვდიადი ისადგურებს, საშველად ღმერთს უნდა მოვუხმოთ, მიზანდასახულად მოვუწოდოთ მას, დაგვეხმაროს. ეს სულიერი მომენტია. ამა თუ იმ ვნებით შეპყრობილი ადამიანი თითქოსდა, მექანიკურად მოძრაობს, იგი წყვდიადში იმყოფება და შეიძლება ბევრი სისულელე თქვას, რომელიც გარდაუვალ დაშორებას გამოიწვევს. ამ დროს საჭიროა, საჩქაროდ ჩავეჭიდოთ იმას, რაც სინათლეს შეიტანს სიბნელეში, ე.ი. უფალს. ღვთისადმი მიმართვით, ამ შემოქმედებითი აქტით, ადამიანი მოუხმობს ნათელს და ეს ნათელი გადმოდის ღვთისგან მის გულში, ე.ი. გულში თვით უფალი ისადგურებს, ანათებს ყოველივეს და იწყებს იქ სუფევას. ღვთის ამგვარი მოწოდებით, შემოქმედებითი მიმართვით ხორცშესხმული სიტყვისადმი, ისადგურებს სინათლე და იწყება სუფევა ღვთისა, რომელიც სპობს განცალკევებას. ამ დროს გულში მარცხდება ბნელი და ამ დამარცხებას შევყავართ ყოფიერების სხვა სფეროში - სიხარულით სავსე ახალ ცხოვრებაში.

თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა


The National Library of Georgia
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий