"წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე, თავისი უახლესი წინამორბედებისგან განსხვავებით, შედარებით შერბილებულია და ოდნავ შესამჩნევად, ნაკლებ აგრესიულიც. სტრუქტურულად კი, იგივე ქარგას – ბიბლიურ-თეოლოგიურსა და ყოფითი თემატიკის ნაწილს იმეორებს”, – ასე აფასებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეს, რომელსაც საზოგადოება აღდგომის ღამეს გაეცნო.
გთავაზობთ ეპისტოლეს თეოლოგიურ ანალიზს, რომელიც მირიან გამრეკელაშვილმა „17 მაისისთვის“ მოამზადა.
“ეპისტოლეში, საკმაოდ არამწყობრად დალაგებულ ბიბლიურ ციტატებს შორის, ორი საგულისხმო აზრია მოყვანილი:
1.ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში,სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში…
2.მთავარი ორიენტირი ჩვენთვის უნდა იყოს მაცხოვარი, რომლის მიერაც განგვეცხადა ადამიანის სიდიადე; უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ ჩვენგანს, ზიარების მადლით, შეუძლია, ძალისამებრ თვისისა დაიტიოს იგი და შეუერთდეს მას, რათა განიღმრთოს და მიაღწიოს იმ სისრულეს, რისთვისაცაა მოწოდებული. თუმცა, ეს შეერთება ვერ შედგება, თუ არ მოხდა პიროვნული შეხვედრა მაცხოვართან, – შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან!
თუ მათ მთელი კონტექსტიდან განყენებულად განვიხილავთ, საკმაოდ მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენენ რწმენის არსის მართებულად ახსნის თვალსაზრისით. თუმცა, ნებისმიერი ეპისტოლე, ანუ ეკლესიის მწყემსმთავრის სათქმელი საკუთარი მრევლისადმი, ცოტათი მაინც უნდა შეესაბამებოდეს ამავე ეკლესიის საქმიანობასა და მისწრაფებას. სამწუხაროდ, მოცემულ სათქმელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პრაქტიკაში ნაკლებად ახორციელებს. უფრო მეტიც, სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს – ძალიან მიზერულია ადამიანთათვის მსახურებისა და მოწყალებისკენ სწრაფვა. რადგან სამღვდელოებას სიმართლე ფარისევლობის დამკვიდრებად, მშვიდობის დამყარება – სხვის დაშინებად, სიწმინდე კი, ყველაფრის აკრძალვად ესმის, შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებაში სიხარული არ არის. რაც შეეხება ქრისტიანული რწმენის უმთავრეს საფუძველს – ღმერთან პიროვნულ შეხვედრას, მართლაც მნიშვნელოვანი გზავნილია, მაგრამ სამწუხაროდ, გამონაკლისის სახით გაჟღერებული ეს ფრაზაც, პრაქტიკაში მოშთობილია იმ უამრავი თხობით, ქადაგებით, რომელთა მიხედვითაც რწმენა კოლექტიური მოვლენაა, ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, წილხვედრი ქვეყანა და ა.შ..
პოზიტიურ გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის თავისუფლების აღიარებაც: ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემდააყენა და იგი თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი გახადა. ამასთან, ადამიანს მან უდიდესი ნიჭი - თავისუფლება უბოძა დაარჩევანის საშუალება მისცა. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველწუთს აკეთებსარჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა.
ეპისტოლეს, ასე ვთქვათ, ყოფით ნაწილშიც საკმაოდ პოზიტიურ მონაკვეთებს ვხვდებით, რომელთა მიზანიც ქვეყანაში არსებული მანკიერებების კრიტიკაა. ასეთია, მაგალითად, ქართული სუფრის შესახებ მონაკვეთი, რომელიც ამბობს, რომ ტრადიციამ ფორმა დაკარგა – სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად დაღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.
შენიშვნა, რომ სუფრა ღრეობად, ხოლო სადღერგძელოები ფარისევლობად იქცა, სრულიად მართებულია. თუმცა, აქაც უადგილო არ იქნება, აღგვენიშნა, რომ სუფრა უბრალოდ საზოგადოებაში არსებულ ფარისევლობას იმეორებს, რომლის დამკვიდრებაშიც ეკლესიას საკუთარი წვლილი მიუძღვის. თავად პატრიარქის სადღერგძელო (ისევე, როგორც თავის დროზე სტალინის) სწორედ ამ ფარისევლობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულებაა, როდესაც ადამიანებს აიძულებენ ბელადი განადიდოს, მაშინაც კი, თუ მას ეს არ სურს.
შემდეგი მონაკვეთი, რომელიც შეიძლება დადებით შეფასდეს, სათამაშო ბიზნესის საკითხს ეხება. ამ ბიზნესის აკრძალვა საკმაოდ რადიკალური ღონისძიებაა. ადამიანის თავისუფლება თავის თავში სიბრიყვის ჩადენისა და სხვების სიბრიყვით სარგებლის ნახვის უფლებასაც გულისხმობს. თუმცა, საჭიროა, ქვეყნის სოციო- კულტურული ფონი გავიაზროთ, სადაც ეს სფერო არა გართობისა და ჭარბი ფულის გახარჯვის სივრცედ, არამედ ნებისმიერი მეთოდით, ფულის სწრაფად შოვნის საშუალებად არის აღქმული. მეორე მხრივ, ეს სფერო იურიდიულ რეგულაციას ექვემდებარება და სწორედ ამ წესების უგულვებელყოფა ხდება ხოლმე ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ, რაც ბევრი ადამიანისთვის მართლაც ფატალურად სრულდება.
პატრიარქი სრულიად პარადოქსულად და თითქმის უპასუხისმგებლოდ მსჯელობს, ასე ვთქვათ, შრომით საკითხებზე. გაუგებარია, რატომ უნდა იმუშაონ ფიზიკურად ფერმერებმა უფრო მეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ხორბალი თესონ, რომელიც მის უწმინდესობას “უნიკალურად“ მიაჩნია.
საოცრად მიუღებელია ეკლესიის საჭეთმპყრობლის გამონათქვამი, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობა ნაკლებს მუშაობს. სინამდვილეში მოსახლეობის დიდი ნაწილი თითქმის მონურ პირობებში მუშაობს. ყოველწლიურად ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა ზიანდება ან სულაც იღუპება სამუშაო პირობების არარსებობის გამო. დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში ვერა და ვერ დაინერგა. არ არსებობს პროფესიული სასწავლებლები, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა, კვალიფიციურ დონეზე სასურველ პროფესიას დაუფლებოდნენ. ასევე, მილიონზე მეტ მიგრანტს საზღვარგარეთ მუშაობა ძალიან მძიმე პირობებში უწევს. სამწუხაროდ, ეკლესია არათუ ხმას არ იმაღლებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ და არ იბრძვის დასაქმებულთა უფლებებისათვის, არამედ, თავად ექცევა უდიერად მის მიერ დასაქმებულ ადამიანებს. ცნობილია ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც საეკლესიო დაწესებულებებსა თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლის მომუშავე პერსონალს მუდმივად უგვიანებენ ხელფასს, უსამართლოდ ათავისუფლებენ და კუთვნილ გასამრჯელოს არ უხდიან. უფრო მეტიც, ეკლესია სახელმწიფოს ისე ართმევს მილიონებს, რომ არც კითხულობს, საიდან უნდა იქნეს ეს ფული მოძიებული, ან სურთ თუ არა გადასახადის გადამხდელებს ეს თანხა ეკლესიას მოხმარდეს.
საინტერესოა, რომ ეპისტოლე ძალიან მოკლედ და ზერელედ ეხება ლგბტ თემატიკას: „ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე.“ ეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიასა და საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩენილი ინტერესის და ჰომოფობიასთან დაკავშირებული კრიტიკის დამსახურება შეიძლება იყოს. უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე ზოგადად პატრიარქი პირადად ხშირად არ საუბრობს.
ქრისტიანული თეოლოგიიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია ეპისტოლეს ნაწილი, რომელიც მიზნად ათეისტი ადამიანების დემონიზირებას ისახავს და მათ უმიზნო პიროვნებებად აცხადებს. უპირველესყოვლისა, ქრისტიანობისთვის რწმენის ნიშნით საზოგადოების ასე მკვეთრად დაყოფა მიუღებელია და მით უმეტეს, ადამიანების ამგვარი სტიგმატიზაცია. ძალიან ბევრი პიროვნება მთელ ცხოვრებას ანდომებს, რწმენით საკითხებთან მიმართებაში, საკუთარი დამოკიდებულება გამოიმუშაოს. ამიტომაც, ის, ვინც დღეს ათეისტია, ხვალ შეიძლება მორწმუნე გახდეს. ნებისმიერი მონათლული ადამიანი ეკლესიის წევრად ითვლება (ნომინალურ დონეზე მაინც), თუ მისი განკვეთა არ მოხდება. ამას გარდა, ამ მხრივ ათეიზმიც გარკვეული თვითგანსაზღვრაა. საქართველოში, სადაც ადამიანთა უმრავლესობა ზუსტად კონფორმისტული მიდრეკილებების გამოა რელიგიური და ამ ნაბიჯით, უბრალოდ, ფარისევლურ გარემოსთან ადაპტირება სურს, გულწრფელი ათესიტების გაბედული თვითგამოხატვა საკმაოდ ღირსეულ და პატივსაცემ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. გასაგებია, რომ ეკლესია მათ პოზიციას ვერასოდეს გაიზიარებს, მაგრამ მწყემსობრივი მიდგომიდან გამომდინარე, მათი დემონიზაცია საჭირო არ არის. გარკვეულ უხერხულობას უნდა იწვევდეს ასეთი დამოკიდებულება იმ ეკლესიის მხრიდან, რომელიც ათეისტურ რეჟიმთან ათწლეულების განმავლობაში არათუ თანაშრომლობდა (მათ შორის თავად კათოლიკოს-პატრიარქი), არამედ მისი პოლიტიკური პარტნიორიც იყო.
თითქმის ამავეს თქმა შეიძლება აბორტთან დაკავშირებითაც. ეკლესიისთვის აბორტი მიუღებელია და ეს გასაგებია. თუმცა, უნდა დაისვას კითხვა – რას აკეთებს ეკლესია იმისათვის, რომ აბორტი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე არ არსებობდეს?!”
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий