среда, 22 апреля 2015 г.

სექსი და რელიგია


თემებს, რომლებსაც რეიტინგის ასამაღლებლად “ტაბუდადებულს“ უწოდებენ, დიდი ხანია ტაბუ აღარ ადევს.

დიდი ხანია ვიცით, რომ სექსი არსებობს ცხოვრებაში და ეს მხოლოდ კინოში არ ხდება. დიდი ხანია, ცენზურის გამო აღარ იჭრება ეროტიული სცენები ფილმებიდან. დიდი ხანია ვიცით, რომ ბავშვებს კომბოსტოში არ პოულობენ და არც წეროს მოჰყავს. ზრდასრულ ასაკამდე ბევრად ადრე ვიგებთ, რომ შვილი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სიყვარულის ნაყოფი კი არა, სექსის შედეგია. არსებობენ ის გამონაკლისებიც, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კოცნით, ორალური სექსით, ან კიდევ, უბრალო ფროტაჟით შეიძლება დაორსულება, თუმცა ეს უკვე გაუნათლებლობის ამბავია. სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილი, სადაც ადამიანის სასქესო ორგანოების აგებულებასა და ფუნქციონირების პრინციპებს ასწავლიან, საკმარისია იმის გასაგებად, რომ ბავშვი მხოლოდ უშუალო ე.წ. ტრადიციული სექსუალური კონტაქტის შედეგად ჩნდება.
სექსუალური განათლების დონის ამაღლების ინიციატივას საქართველოში “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აღშფოთება მოჰყვა. ინიციატივას, რომ ქართველმა ერმა სიღრმისეულად შეისწავლოს ის ბიოლოგიური პროცესი, რასაც სექსი ჰქვია, არასწორად იქნა აღქმული და მიეწერა ერის გარყვნის ინიციატივის სტატუსი. სინამდვილეში, სექსუალური განათლება სკოლის ასაკიდან უნდა იწყებოდეს და განვითარებულ ქვეყნებში ასეცაა.
სექსი დღეს საქართველოში არავის უკვირს, თუმცა არც სექსუალური განათლებით შეუძლია ბევრს დაიკვეხნოს. აქ უკვე ვაწყდებით ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც არ ესმით. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სექსი “ვარაუდით“ და არ იციან, რა საფრთხეებთან და თავისებურებებთან შეიძლება ჰქონდეთ საქმე. ეს ხდება ჩვენს გარშემო, რასაც ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს და რასაც თავად სექსუალური გაუნათლებლობის “მსხვერპლები“ ყვებიან. მაგალითისთვის, ვებ გვერდები და ფორუმები, სადაც ადამიანები ონლაინ რეჟიმში უსვამენ კითხვებს სპეციალისტებს, ან უბრალოდ უზიარებენ საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას. შემხვედრია განცხადება: “პრეზერვატივი გადამეყლაპა და ხომ არ დავორსულდები?“, “მაქვს მოღუნული სასქესო ორგანო და ეს ნორმალურია?“, “მე და ჩემი პარტნიორი დიდი ხანი ვეფერებოდით ერთმანეთს, რის შემდეგაც პარტნიორმა (მამრ.) თავი ვერ შეიკავა და სპერმა გამოყო, მე ჯინსი მეცვა - მასაც. შესაძლებელია თუ არა, რომ მის სპერმას გამოეღწია მისი საცვლიდან და ჯინსიდან და ჩემი საცვლისა და ჯინსის გავლით შეეღწია ჩემს საშვილოსნოში?“ - მსგავსი კითხვების კორიანტელს წააწყდებით ინტერნეტში. ასევე შემხვედრია გოგონების მიწერ-მოწერა, რომელიც გასაჯაროვდა და ქვეყნის “დასაცინად“ იქცა, შინაარსობრივად დაახლოებით ასე ჟღერდა: “სქესობრივი კონტაქტის დასრულებისთანავე მოშარდვა გამორიცხავს დაორსულებას.“ ერთი ასწავლიდა მეორეს, როგორ აიცილოს თავიდან არასასურველი ორსულობა. არ ვიცი ბიოლოგიის გაკვეთილებზე ან ერთი, ან მეორე რას აკეთებდნენ, თუმცა კარგად მახსოვს, სკოლაში ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგია გადასარევად ამიხსნეს (ქალის საშარდე და სასქესო მილები განცალკევებულია ერთმანეთისგან, ხოლო მამაკაცის - ერთია.).
ბევრისთვის ასეთი პრეცედენტები სასაცილოა, აბუჩად იგდებენ მათ, ვინც ასეთი ელემენტარული არ იცის. თუმცა საკითხს შევხედოთ მეორე მხრიდან, ასეთი დეტალების უცოდინარ ხალხსაც აქვს სექსი და მათ სექსუალურ განათლებაზე ოჯახი არათუ უარს ამბობს, არამედ ამის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების წინააღმდეგაც გამოდიან. სამარცხვინოა, მაგრამ მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ლექტორმა გვითხრა, რომ იმპოტენცია უშვილობასთან არავითარ კავშირში არაა და იმპოტენტს თუ აქვს ეუკულაციის უნარი, ის რეპროდუქციულია, მიუხედავად იმისა, რომ ერექციის უნარსაა მოკლებული.
ასევე სკოლის ასაკიდანვე უნდა ხდებოდეს იმ საფრთხეების შესწავლა, რაც სექსს შეიძლება მოჰყვეს, ვირუსული დაავადებები და ბაქტერიები, ქრონიკული დაავადებები, ანომალიები და სხვა. ადამიანმა სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე უნდა იცოდეს რა ტიპის ვირუსთან, ან ბაქტერიასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე, როგორ ამოიცნოს სიმპტომები, რა სიხშირით უნდა ჩაიტაროს ანალიზები და ა.შ. მოზარდი გათვითცნობიერებული უნდა იყოს ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების დეტალებში და უნდა ესმოდეს, რომ ანორგაზმია პრობლემაა და შეიძლება სულაც არ არის ფრიგიდული. თუნდაც, ფრიგიდულობის განმარტება უნდა ესმოდეთ. ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი “ცე“ ჰეპატიტით დაავადებულია, სადაც უამრავი აივ/შიდსით ინფიცირებულია, სადაც კულტურულ-რელიგიური წნეხის ფონზე ქალების უმრავლესობას ვაგინიზმი (კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომელიც სექსუალურ აქტს შეუძლებელს ხდის) აწუხებს, საჭირო კი არა, აუცილებელია სექსოლოგიის შესწავლა სკოლის ასაკიდანვე.
რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ერის ნაწილის ცნობიერებისთვის, საქართველოში ქორწინებამდეც და ქორწინების შემდეგაც არის სექსი, ასევე არსებობენ ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ტრანსსექსუალები და აქ ცხოვრობენ სხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლებიც. ფაქტია, რომ არსებობს პრობლემა და ეს პრობლემა გაუნათლებლობაა. ერი ვერ იქნება ძლიერი, თუ არ ეყოლება განათლებული ახალი თაობა. სამყარო ვითარდება და არ შეიძლება არ აყვე ამ ტემპს. აუცილებელი არ არის გაიზიარო ყველა სიახლე, თუმცა საჭიროა იცოდე და იცნობდე. არც იმის აგიტაციაა ლამაზი, რომ 21-ე საუკუნე დადგა და ახალგაზრდობა უნდა ადგეს, დააიგნოროს საკუთარი კულტურული და რელიგიური ტრადიციები და “თავისუფალი სექსით“ დაკავდეს. არც ვინმეს გაკიცხვაა სწორი, იმის გამო, რომ სექსი ჰქონდა ქორწინებამდე. პირველ რიგში, ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. ზოგისთვის თავისუფლება სტერეოტიპებისა და კულტურულ-რელიგიური ტრადიციების უარყოფაა, თუმცა ზოგისთვის თავისუფლება მისი თავისუფალი არჩევანია, რომელიც სწორედ ამ ტრადიციებით და სტერეოტიპებით ცხოვრებაში მდგომარეობს. სიტყვა “პრადვინუტი“, რაც რუსულად განვითარებულს, “წინ წაწეულს“ ნიშნავს, ახლა აქ მოდაშია და ერუდირებულ, საღად მოაზროვნესთან ასოცირდება, თუმცა ბევრი, ვინც თავს “პრადვინუტად“ თვლის, აკნინებს და აგდებით უყურებს სხვების თავისუფალ არჩევანს. ჩემი აზრით, რადიკალიზმი არც ერთ შემთხვევაში არაა გამართლებული. თუ მე არ დავცინი მათ, ვინც თავისუფლებას მხოლოდ სექსში ხედავენ, მოდი, ისინიც ნუ დასცინებენ სხვებს, ვისაც არ სურს რელიგიური, კულტურული, თუ სხვა ფაქტორიდან გამომდინარე ასეთი თავისუფლება.
სექსს თუ რელიგიური გადმოსახედიდან განვიხილავთ (რისთვისაც მე საკმაოდ არაკომპეტენტური ვარ), მრუშობა - მართლმადიდებლურ მრწამსში ორივე სქესისთვის ცოდვაა. მამაკაციც და ქალიც, რომელიც ქორწინებამდე დაკავდება სექსით - მრუშობს. გენდერული გადმოსახედიდან მართლმადიდებლური რელიგია საკმაოდ დაბალანსებულია და ორივესთვის ცოდვაა. თუმცა, ერის თვალსაწიერიდან მრუში ქალი ბევრად უფრო ცოდვილია, ვიდრე მამაკაცი და მამაკაცის მრუშობა მისაღებია. ეს ცნობიერებაში გამჯდარი აზრი მცდარია თუ მართალი, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ამის გამო არავინ არ მისცეს თავს უფლება, გაკიცხოს სხვა. რელიგია არ გვიკრძალავს განათლების მიღებას. არც ერთ წმინდა წერილში არ წერია, რომ ერმა არ უნდა მიიღოს ცოდნა და რომ ერუდირებული ადამიანი - ცოდვილია. რელიგია არ გიკრძალავს იცოდე, რა ფენომენია სექსი. მართლმადიდებლური მრწამსი ნამდვილად არ მოუწოდებს მამაკაცებს, ჰქონდეთ თავისუფალი სექსი და მხოლოდ ქალები იყვნენ უბიწონი ქორწინებამდე. მართლმადიდებლობა ასევე არ აღიარებს ე.წ. არატრადიციულ სექსსს. მართლმადიდებელი ეკლესია კრძალავს არამხოლოდ სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას, ასევე კონტრაცეფციასა და აბორტს. ასე რომ, მხოლოდ ერთი კრიტერიუმის გათვალისწინება არ ნიშნავს რელიგიურ ცხოვრებას. წყვილი, რომელიც უარს ამბობს კონტრაცეფციაზე და არასასურველი ორსულობის შემთხვევაში მიმართავს აბორტს, წყვილები, რომლებიც მონოგამიური ურთერთობის მომხრენი არიან, ამას რელიგიური საფუძვლებით ხსნიან და აქვთ ორალური სექსი, წყვილები, რომლებიც რელიგიური გადმოსახედიდან გამომდინარე ქორწინებამდე თავს იკავებენ სექსისგან, თუმცა კავდებიან “ონანიზმით“, ისევე ცოდვილნი არიან, როგორც წყვილები, რომლებიც ჯვრისწერამდე კავდებიან სექსით. იმის გამო, რომ ვიღაც უფრო ხშირად დადის ეკლესიაში, არ აქვს უფლება გაკიცხოს ის, ვინც ამას შედარებით უფრო იშვიათად, ან საერთოდ არ აკეთებს. იმის გამო, რომ ვიღაცას ჰგონია, ან ნამდვილად ცხოვრობს ეკლესიურად, არ ნიშნავს, რომ უფლება აქვს გაკიცხოს ის, ვინც ასე არ იქცევა. თუმცა, ჩვენ ერს მხოლოდ ეს პრობლემა არ აქვს, თავისუფალი სექსის აგიტაციაც მარაზმში გადადის უკვე. არც ადამიანებს, რომლებსაც აქვთ “თავისუფალი“ სექსუალური ცხოვრება და ქორწინებამდე დაგროვილი უდიდესი გამოცდილება ამ დარგში, არ აქვთ უფლება გაკიცხონ ისინი, ვინც ამაზე უარს ამბობს საკუთარი მსოფლმხედველობის, ან დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო.
სექსუალური გაუნათლებლობის მიზეზად ხშირად რელიგიასაც ასახელებენ. თითქოსდა რელიგიური მრწამსი კრძალავდეს ამ კუთხით ერუდირებას. ეს ის შაბლონური ბრალდებაა, რომელიც ხშირად ისმის “პრადვინუტი ელიტისგან“ და ნაკლებერუდირებული ხალხისგან. ეს არასწორი აღქმაა და სწორედ აქაა პრობლემა. ხშირად მსმენია: “ბებიაჩემმა ორალური სექსი საერთოდ არ იცის, რა არის“, - სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება უფროსი თაობის მიმართ, რომელსაც ისევე ჰქონდა სექსი, როგორც სხვა მათ წინამორბედ თაობებს და შესაძლოა, ბევრად უფრო “თავისუფალი“ და “აღვირახსნილი“, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
სექსუალური გაუნათლებლობა არის სწორედ ერთ-ერთი პირველი მიზეზი ნაადრევი ქორწინებისა. ასევე, სექსუალური გაუნათლებლობა არის მიზეზი მისდამი გაღრმავებული ინტერესისა. ამ თემაზე საკმაოდ ბევრი სტატია და ნაშრომი ქვეყნდება მსოფლიოში ყოველდღიურად. ქართულ წყაროებშიც უამრავს წააწყდებით. გინეკოლოგები, უროლოგები, სექსოლოგები, ფსიქოლოგები ბევრ შემეცნებით სტატიას გვთავაზობენ, თუმცა, როგორც ჩანს, მკითხველი ცოტაა.
ტრაგედიაა მშობლის პოზიცია, რომელსაც არ აღიზიანებს ის უკულტურობა, როგორიცაა ქუჩაში მოშარდვა და აღიზიანებს შვილის ჯანსაღი ინტერესი სექსის მიმართ. ქართული რეალობა მწარეა, “გვაქვს ბედნიერება“ სკოლამდელ ასაკში შევესწროთ სცენას, როდესაც მამაკაცი ქუჩაში “იშიშვლებს“ თავის სასქესო ორგანოს და ყველასთვის დასანახად შარდავს; მშობლები, რომლებიც ფეხით სავალ ნაწილზე “გადააყენებენ“ თავიანთ შვილებს “მოსასაქმებლად“, ახსნით: “მერე რა, პატარაა“; მამაკაცები, რომლებიც უტიფრად მიტრიალდებიან კედელთან და შარდავენ ახსნით: “მერე რა, ზურგით ვდგავარ“; ტაქსის მძღოლები, რომლებიც ვაკე-საბურთალოს გზაზე, კუთხეში გააჩერებენ მანქანას, ბუჩქებთან გადავლენ და მოშარდავენ ახსნით: “აბა რა ვქნა, მთელი დღე მანქანაში ვზივარ“. ყოველდღიურად სასქესო ორგანოების დემონსტრირება ქუჩებში, თურმე მისაღებია, მაგრამ სექსუალური განათლება - არა. “მშობლებისთვის ყოველთვის ბავშვები ვიქნებით“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოწყდნენ იმ რეალობას, რომ ვიზრდებით და გვჭირდება სექსუალური განათლება, რათა გადაწყვეტილების მიღება შევძლოთ და სწორად წარვმართოთ ჩვენი სექსუალური ცხოვრება.
სკოლაში ნასწავლი ბოტანიკა, ზოოლოგია, ისტორია, ფიზიკა, შეიძლება სულაც არ გამოგადგეს მომავალში, თუმცა კარგია, რომ იცი და ამ ცოდნას ნებისმიერ მომენტში გაუცნობიერებლად იყენებ პრაქტიკაში. სექსი არის ის, რაც, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანის ცხოვრებაში იკავებს საკუთარ ადგილს და მისი თავისებურებების ცოდნა ისევე სასარგებლოა, როგორც სხვა სასკოლო საგნების.

ეკატერინე ლოლუა






წყარო: 24 საათი



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий