"ქრისტეს სიკვდილი ჯვარზე არ არის მარცხი, რომელიც მისი აღდგომით გამოსწორდა. ჯვარზე სიკვდილი თავისთავად გამარჯვებაა. ვისი გამარჯვება? ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ტანჯული სიყვარულის გამარჯვება. "ძლიერია სიკვდილივით სიყვარული... ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი" (ქებათა-ქება 8:6-7). ჯვარი გვიჩვენებს სიყვარულს, რომელიც სიკვდილივით ძლიერია და სიკვდილზე ძლიერია.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველი საიდუმლო სერობისა და ჯვარზე ვნების შესახებ თხრობას შემდეგი სიტყვებით იწყებს: "რამეთუ შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი" (13:1). "სრულიად" - ბერძნულ ტექსტშია eis telos, რაც ნიშნავს "ბოლომდე", "უმაღლესად (უაღმატებულეს ხარისხში)". ეს სიტყვა telos გვხვდება შემდგომაც ბოლო ამოძახილში, რომელიც ქრისტეს ჯვარზე აღმოხდა: "აღსრულდა", tetelestai (იოანე 19:30). ეს არის არა იმედის დაკარგვის ან სასოწარკვეთილების, არამედ გამარჯვების ამოძახილი: დასრულდა, შესრულდა, განხორციელდა.
რა განხორციელდა? ვპასუხობთ: ტანჯული სიყვარულის მოქმედება, სიყვარულის სიძულვილზე გამარჯვება. ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა შეიყვარა თვისნი იგი უაღმატებულეს ხარისხში. სიყვარულიდან გამომდინარე შექმნა სამყარო, იშვა ამა სოფელში როგორც კაცი, მიიღო ჩვენი განძარცული ადამიანური ბუნება და გაითავისა ჩვენი ყველა მწუხარება. სიყვარულის გამო შესწირა თავი მსხვერპლად და გეთსიმანიის ბაღში ნებაყოფლობით არჩევანი გააკეთა, ვნებულიყო: "სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის... არავინ მიმიღოს ჩემგან, არამედ მე დავსდევ მას თავით ჩემით" (იოანე 10:15,18). ნებსითი სიყვარულით და არა იძულებით მიეახლა ის სიკვდილს. გეთსიმანიის ბაღში, როდესაც სულიერად იტანჯებოდა და ჯვარცმის დროს, როდესაც ბნელეთის ძალები მთელი ძალით ესხმოდნენ თავს, მისი თანაგრძნობა მაინც არ შეიცვალა სიძულვილით და მისი სიყვარული უწინდებური დარჩა. მისი სიყვარული უკიდურესად გამოიცადა, მაგრამ არ შეიცვალა. "და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოანე 1:5). ქრისტეს მიერ ჯვარზე მოპოვებულ გამარჯვებას შეგვიძლია მივუსადაგოთ ციხიდან ახლადგათავისუფლებული რუსი მღვდლის გამონათქვამი: "ტანჯვამ ყველაფერი შემუსრა, მხოლოდ ერთი რამ რჩება უცვლელი - სიყვარული".
ჯვარი, როგორც გამარჯვება, ჩვენს წინაშე სიყვარულის ყოვლისშემძლეობის პარადოქსს აყენებს. ზოგიერთ წინადადებებში, რომლებსაც დოსტოევსკი სტარეც ზოსიმას ათქმევინებს, ის ქრისტეს გამარჯვების ჭეშმარიტ არსს უახლოვდება: "ადამიანური ცოდვების შემხედვარე ადამიანი ზოგჯერ გაოგნებული ფიქრობს ძალით შეებრძოლოს თუ თავმდაბალი სიყვარულით. ყოველთვის ასე გადაწყვიტე: "შევებრძოლები თავმდაბალი სიყვარულით". თუ ერთხელ და სამუდამოდ მიიღებ ასეთ გადაწყვეტილებას, მთელი სამყაროს დაპყრობას შესძლებ. მოსიყვარულე თავმდაბლობა უზარმაზარი, ყველაფერზე აღმატებული ძალაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება".
მოსიყვარულე თავმდაბლობა უზარმაზარი ძალაა: როდესაც უარს ვამბობთ რაიმეზე ან ვიტანჯებით რაიმეთი არა ამბოხების მწარე განცდით, არამედ ნებაყოფლობითა და სიყვარულით, ამით კი არ ვსუსტდებით, არამედ ვძლიერდებით. ეს ყველაზე მეტად ქრისტეს შესახებ შეიძლება ითქვას. "მისი სისუსტე ძლიერებიდან გამომდინარეობდა", - წერს წმიდა ავგუსტინე. ღმერთის ძალა ჩანს არა იმდენად მის მიერ სამყაროს შექმნაში, ან მის რომელიმე სასწაულში, არამედ იმ ფაქტში, რომ სიყვარულის გამო მან "თავი წარმოიცარიელა" (ფილ. 2:7), გადმოიღვარა უხვი თვით-გაცემით და ნებაყოფლობით დათანხმდა ტანჯვასა და სიკვდილზე. ეს თავის წარმოცარიელება თვით-განხორციელებაა: kenosis არის plerosis, ღმერთი არასოდესაა ისე ძლიერი ვიდრე მაშინ, როცა ის ყველაზე სუსტია.
სიყვარული და სიძულვილი არა უბრალოდ სუბიექტური გრძნობებია, რომლებიც იმათ შინაგან სამყაროზე ახდენენ გავლენას, ვისაც ეს გრძნობები აქვს, არამედ ობიექტური ძალებია, რომლებიც ჩვენს გარემომცველ სამყაროს ცვლიან. ვინმეს მიმართ სიყვარულით ან სიძულვილით ვაიძულებ მას რაღაც ზომით გახდეს ის, რასაც მასში ვხედავ. ჩემი სიყვარული შემოქმედებითია ისევე, როგორც სიძულვილია დამანგრეველი არა მხოლოდ ჩემი, არამედ ირგვლივ მყოფების ცხოვრებისთვისაც. და თუ ადამიანური სიყვარული მართლაც ასეთია, მაშინ შეუდარებლად უფრო ჭეშმარიტი იქნება ამის თქმა ქრისტეს სიყვარულის შესახებ. ჯვარზე ვნებისას მისი ტანჯული სიყვარულის გამარჯვება უბრალო მაგალითი კი არ არის იმისა, რას შემიძლია მივაღწიო, თუ საკუთარი ძალისხმევით მივბაძავ მას, არამედ ამაზე ბევრად აღმატებულია. მისი ტანჯული სიყვარული შემოქმედებით გავლენას ახდენს ჩემზე, გარდაქმნის ჩემს გულსა და ნებას, მათავისუფლებს, მამთლიანებს და შესაძლებლობას მაძლევს მიყვარდეს იმგვარად, როგორი სიყვარულიც ჩემს ძალებზე აღმატებული იქნებოდა, პირველს მას რომ არ შევეყვარებინე. რადგან სიყვარულით მან თავისი თავი ჩემთან გააიგივა, მისი გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა და ამგვარად, ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი ჭეშმარიტად "ცხოვრების შემოქმედი სიკვდილია", როგორც ეს წმიდა ბასილი დიდის ლიტურგიაშია.
ასეთი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს ჩვენთვის. მას განვიხილავთ განკაცებასთან, ფერისცვალებასა და აღდგომასთან მჭიდრო კავშირში, რადგან ყველა მათგანი განუყოფელი ნაწილია ერთი მოქმედების ანუ "დრამისა" - ჯვარცმისა, რაც ტანჯული სიყვარულის უმაღლესი და სრულყოფილი გამარჯვება, მსხვერპლთშეწირვა და მაგალითია. ამგვარად, ჯვარზე ვხედავთ მოსიყვარულე თავმდაბლობის სრულყოფილ გამარჯვებას სიძულვილსა და შიშზე; მოსიყვარულე თანაგრძნობის სრულყოფილ მსხვერპლთშეწირვას ანუ ნებაყოფლობით თავგანწირვას და სიყვარულის შემოქმედებითი ძალის სრულყოფილ მაგალითს."
მიტროპოლიტი კალისტე უეარი
Комментариев нет:
Отправить комментарий