1919 წლის 5 თებერვალი. რუსეთში რევოლუციური სისასტიკე მძვინვარებს. ბოლშევიკურ ქარბორბალას ნგრევა და სისხლი, შიმშილი და სიკვდილი მოაქვს. მოსკოვის მახლობლად, ძველ რუსულ ქალაქ სერგიევ პოსადში, წმიდა სერგი რადონეჟელის მიერ დაარსებული მონასტრის ახლოს, სიცოცხლეს ემშვიდობება ვასილი როზანოვი, - მეგობრის გაუმთბარ სახლს თავშეფარებული, მშიერი, ჯანგამოცლილი, დათრგუნული.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე იგი მეოცე საუკუნეს ახალ მძაფრ მეტაფორას - „რკინის ფარდას“ - დაუტოვებს და თავისი უკანასკნელი წიგნის დაბეჭდვას მოასწრებს, რომელსაც ნიშანდობლივი სათაური აქვს - „ჩვენი დროის აპოკალიფსი“. ამჯერადაც ყველა ის უბედურება, რისი დატრიალებაც ბოლშევიკურმა ძალებმა თავისი გაბატონების პირველსავე დღეებში მოასწრეს, ისევ ქრისტიანობას, ქრისტიანულ ტრადიციასა და კულტურას ბრალდება, - იმგვარადვე, როგორც აქამდე, ათწლეულების მანძილზე, როზანოვისავე წიგნებსა და სტრიქონებში (თუ სტრიქონებს მიღმა) ქრისტიანობას ბრალდებოდა არა მარტო კაცობრიობის ჭეშმარიტი გზიდან აცდენა, ადამიანთათვის ადამიანურ სიხარულთა უსულგულო წაგლეჯა, არამედ ერთი კერძო პირის, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო კონტროლის საგანგებო დავალებათა მეშვიდე კლასის მოხელის, ვასილი როზანოვის, საოჯახო, საზოგადოებრივი თუ შემოქმედებითი წარუმატებლობანიც: ყოფილ მეუღლესთან, დოსტოევსკის ყოფილ სატრფოსთან, აპოლინარია სუსლოვასთან, ოფიციალური გაყრის შეუძლებლობა; ამ გარემოებაში ფარული სატრფოს სახელმწიფოს მხრივ კანონიერ მეუღლედ არცნობა; იმპერიის კანონმდებლობის საფუძველზე მისი შვილების უკანონო შვილებად მიჩნევა; აკადემიურ წრეებში მისი ნაწერების სრული უგულებელყოფა; ნივთიერი შეჭირვება თუ სისტემური ცოდნის უქონლობის კომპლექსი.
იმგვარი რელიგიურ-მსოფლმხედველობითი მოძღვრების საგულდაგულო ძიება კი, სადაც ღმერთი არა მარტო სიცოცხლეს, არა მარტო საოჯახო კერასა და ქორწინებას აკურთხებდა, არამედ სადაც რელიგიური ცხოვრება სქესობრივ ცხოვრებას ერწყმოდა, ვასილი როზანოვს ქრისტიანობის გალავნის მიღმა გაიყვანს, - პირველ ყოვლისა, იუდაიზმისა და წარმართობის წიაღში. სწორედ იქ ახერხებს იგი ებრაული, ბერძნული თუ ეგვიპტური ყოველდღიურობის განცხრომაში ჩაძირვას, თუნდაც ეს ყოველდღიური ცხოვრება ოდენ წიგნებში ამოკითხული ან ოდენ ყურმოკრული იყოს. ამასთან ერთად აშკარაა ისიც, რომ როზანოვისეული განცხრომანიც წიგნისმიერი და კალმისმიერია, ისევე როგორც მისი სულიერი ძმების, ფრიდრიხ ნიცშესა და ზიგმუნდ ფროიდის, სახიფათო და საეჭვო ძიებანი თუ მიგნებანი.
თუკი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე ვისმე რამე მარჯვედ და მახვილად უთქვამს ქრისტიანულ ფასეულობათა თუ თავად იესო ქრისტეს პიროვნების წინააღმდეგ, ერთ-ერთი პირველი, ერთ-ერთი ყველაზე უშეღავათო და მძაფრი ვასილი როზანოვი იყო; თუ იმავე ხანაში რამე მანამდე გამოუთქმელი და გაუმჟღავნებელი, უჩვეულო და მოულოდნელი დაწერილა ადამიანის სქესობრივი ცხოვრების, სქესობრივ თავისუფლებათა ანდა ჰომოსექსუალობის შესახებ, ერთ-ერთი პირველი როზანოვის წიგნებია; თუ რამე არაყალბი, გულახდილი და უშუალო ამოთქმულა ღმერთმიტოვებულობისა და ქრისტესმოძულეობის წყვდიადიდან, ერთ-ერთი ყველაზე სანდო „განმარტოებულის“ ავტორის სტრიქონებია, თუმცა, შესაძლოა, როზანოვის შემდეგ ამ თვალსაწიერიდან, ამ ამოსახედიდან ბევრი არც არაფერი დაწერილა მნიშვნელოვანი, ჩასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი.
ალბათ, ამიტომაც იყვნენ მისი დაუღალავი და მღელვარე მკითხველები ლევ ტოლსტოი და ანტონ ჩეხოვი, პაველ ფლორენსკი და მიხაილ ბახტინი, ვიაჩესლავ ივანოვი და მარინა ცვეტაევა, ანდრე ჟიდი და ერნსტ იუნგერი. და კიდევ, ვასილი როზანოვის ქართული კონტექსტი: სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სულიერად განმარტოებული, როზანოვივით ქრისტიანულ და წარმართულ ვნებათა შორის გახლეჩილი აკაკი გაწერელია სინანულითა და გულისტკივილით იხსენებდა, თუ მან, სტალინურ-ბერიული ტერორის მძვინვარების წლებში, მოახლოებული საშიშროებისაგან დამფრთხალმა, როგორ მისცა ცეცხლს დაწერილ-გამზადებული მონოგრაფიები კნუტ ჰამსუნისა და ვასილი როზანოვის - მისთვის ორი ყველაზე ახლობელი და ყველაზე ძვირფასი მწერლის - შესახებ. დღეს, რა თქმა უნდა, ძნელია ამ დაჩივლებაში მითოლოგიზაციის წილისა და კვალის განსაზღვრა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აკაკი გაწერელიას პიროვნული და შემოქმედებითი პორტრეტის წარმოდგენა „დაცვენილი ფოთლების“ ავტორის აჩრდილის შეუმჩნევლად ძნელად თუ მოხერხდება.
1919 წლის 5 თებერვალს, როცა მეოცე საუკუნის უთვალავი განსაცდელი ჯერ კიდევ წინ იყო, მოსკოვის მახლობლად, ძველ რუსულ ქალაქ სერგიევ პოსადში, ვასილი როზანოვის სარეცელთან მართლმადიდებელ მღვდელს უხმეს. მომაკვდავმა აღსარების თქმა და ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარება ისურვა, - შესაძლოა, იმიტომაც, რომ მან, ბოლშევიკური რევოლუციის აბოგინების შემსწრემ, ანტიქრისტიანულ, ქრისტესმოძულე მოზეიმე ძალთა ნამდვილ სახეს მოჰკრა თვალი. ამჯერად ის სახე ხელშესახები და აშკარა იყო, - და არა წიგნებში, უძველესი ასოებით დაწერილ წიგნებში, ამოკითხული.
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
რწმენისა და იმედის გზაზე. 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий