მარინე კუხალაშვილი
თამაზ ჭელიძის წიგნის - „პირველად იყო სიტყვა. ესეისტური პროზა“ - ანოტაცია გვატყობინებს: „ამ წიგნის მეშვეობით მკითხველი, უპირველეს ყოვლისა, ეცნობა თამაზ ჭელიძის მწერლურ და მოქალაქეობრივ პოზიციას და მრწამსს. მწერლის ძირითადი სფერო, ბუნებრივია, ქართული მწერლობაა. მაგრამ მისთვის ასევე სისხლხორცეულია ის მტკივნეული პრობლემებიც, რომლებიც ხელოვნების ამა თუ იმ დარგს ახასიათებს და საშუალებას აძლევს მწერალს ეძიოს ლიტერატურისა და ხელოვნების ურთიერთდამაკავშირებელი იდუმალი ძაფები“.
აღნიშნული წიგნი დადასტურებაა იმისა, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან დანერგილი ტრადიცია გრძელდება, ანუ პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი თამაზ ჭელიძე მკითხველის წინაშე წარსდგა თავისი მხატვრულ-ფილოსოფიური, ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებებით, განსჯით, მსჯელობით, მრწამსით. ამას უშუალოდაც გრძნობდა თ. ჭელიძე, როდესაც განაცხადა: „სამოციანი წლები ჩვენს მწერლობას კარგადა აქვს დაცდილი და ამ საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისშიც სწორედ მან, თავისი თხუმეტსაუკუნოვანი ბრწყინვალე ისტორიით გათამამებულმა და ძალამოცემულმა, ისევ იკისრა მეწინავე მებრძოლის როლი და მკერდით გაგლიჯა მავთულხლართები, ჩვენს სულიერ ცხოვრებას რომ ერტყა გარს. და თუმცა თავისუფლებას მაინც ვერ მიაღწია (მე არ ვგულისხმობ სულიერ თავისუფლებას, რომელიც არასოდეს დაუკარგავს), რაც მაშინ კი არა, ახლაც ოცნებად რჩება, იმდენი მაინც შეძლო, ჩვენშიც დაენერგა ახალი შემოქმედებითი სულისკვეთება ანუ ტოტალიტარიზმის ბურუსში მომავლისაკენ მიმავალი გზის კონტურები შეემჩნია...“ (1,11).
საიმედო მომავლისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ შტრიხს, ჩვენი რწმენით, წარმოადგენს თ. ჭელიძის შეხედულებანი ზოგადად პროზის შესახებ, რომლებშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული მისი განვითარების ტენდენციები. მიგვაჩნია, რომ პროზის დიდოსტატის მიერ გაანალიზებული ნიუანსები, პროზის შინაგანი სამყაროს დიფერენციაციის მრავალი ასპექტი, განვითარების კანონზომიერებებზე მსჯელობა შუქს მოჰფენს არა მარტო თეორიულ პრობლემებს პროზის თაობაზე, არამედ საიმედო გზამკვლევადაც მიგვაჩნია უშუალოდ მისი ლიტერატურულ-ესთეტიკური მრწამსის განსასაზღვრადაც და მისი პროზის სამყაროში გასარკვევადაც.
აგრეთვე მიზნად ვისახავთ, თამაზ ჭელიძის მიერ მრავალგზის გამოთქმული მოსაზრებებიდან პროზის თაობაზე გამოვკვეთოთ თანამედროვე ქართული პროზის ნოვატორული ბუნება. დავაზუსტოთ და განვსაზღვროთ მისთვის დამახასიათებელი მხატვრულ-სტილისტური თავისებურებანი, გავერკვიოთ დღევანდელი ქართული მოთხრობისა თუ რომანის პოეტიკაში.
თანამედროვე ლიტერატურისმცოდნეობაში მსჯელობისა და გარკვევის საგნად არის ქცეული საკითხი თანამედროვე, უახლესი ლიტერატურის ისტორიული მიჯნების დადგენისა. ამაზე მიგვანიშნა უშუალოდ თ. ჭელიძემაც და ამის შესახებ წერდა ნოდარ კაკაბაძეც: „რატომღაც დღესაც კი მთელი XX საუკუნის და თვით მისი დამდეგის ლიტერატურაზეც ვლაპარაკობთ, როგორც თანამედროვე, უახლეს ლიტერატურაზე. ნამდვილად კი თვისობრივი, პრინციპული განსხვავებაა XX საუკუნის I ნახევრისა და ამავე საუკუნის II ნახევრის მწერლობას შორის. უფრო მეტიც, განსაკუთრებული ცვლილებები შეიმჩნევა 60-იანი და 70-იანი წლების რომანში, დრამასა და ლირიკაშიც. ისევე როგორც მე-19 საუკუნის 70-იან წლებში დასრულდა ერთი გარკვეული ლიტერატურული ეპოქა და დაიწყო ახალი, ასევე XX საუკუნის დაახლოებით 60-იან-70-იან წლების დასაბამი მიეცა თვისობრივად განსხვავებულ ლიტერატურულ ხანას“ (2,58).
ამ მომენტზე იმიტომ შევაჩერეთ ყურადღება, რომ მრათლაც ხაზი გასმოდა ჩვენი 60-70-იანელების „ცისკრელების“, ორიგინალურობას, ნოვატორულ ხასიათს. ნოვატორობა კი განსაკუთრებით ეპიკურ ჟანრს შეეხო.
ქართული პროზის თაობაზე თ. ჭელიძე გარკვევით მიგვითითებს: „დღევანდელი ქართული პროზა ტრადიციულია: ის ნოვატორული ძვრები, რომლებიც დღეს ქართულ პროზაში ხდება, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ დიდი და მტკიცე ტრადიციები გვაქვს. ლიტერატურა ბუნებასა ჰგავს: გამუდმებით წარმოშობს ახალს, რომელიც ამავე დროს მშობლის იერს ატარებს, მაგრამ ეს მეტად რთული პროცესია... ერთი კია, მარტო ტრადიციებით ცხოვრება არ შეიძლება. როდესაც საფუძველი საიმედოდ არის ჩაყრილი, შენ უნდა სიმაღლეზე იფიქრო. კენწერო არასოდეს თავის ფესვს არ ჰგავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კენწეროცა და ფესვიც ერთ ხეს არ ეკუთვნოდეს... ძველი ქართული პროზა პოეტურია. ის შორეული საუკუნეების გადაღმიდან ესიტყვება დღევანდელი პროზის მისწრაფებას და, ამდენად, როგორც საფუძველი, ამტკიცებს მის პოზიციას“ (1,35).
აქ, ჩვენი აზრით, წამოიჭრა პროზის პოეტიკის პრობლემის ერთი ასპექტი - პოეტური პროზის საკითხი. გასათვალისწინებელია, რომ ლიტერატურული ჟანრი თავის მხრივ ისტორიული კატეგორიაა და ან მისი გაბატონება, ან მისი როლის დაკნინება ლიტერატურულ ცხოვრებაში უწყვეტი პროცესუალური მოვლენებია, ანუ „...ლიტერატურისათვის არც ერთი ჟანრი რომ არ არის „მუდმივი“, ეს კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია ის, რომ იცვლებიან ამა თუ იმ ჟანრის გამოყოფის უშუალოდ პრინციპები, რომ იცვლებიან ჟანრთა ტიპები და ხასიათები, მათი ფუნქციები ამა თუ იმ ეპოქაში“ (3,40). მიგვაჩნია, რომ დიმიტრი ლიხაჩოვის ეს დებულება გარკვეულწილად აფართოებს, მაგრამ უნარჩუნებს სულისკვეთებას ბ. ბელინსკის ცნობილ აზრს: „თუ არის დროის იდეები, მაშინ არის დროის ფორმებიცო“ (4,276). ყოველივე ეს კი, ვფიქრობთ, წარმოუდგენელია შემოქმედის, ხელოვანის მოქალაქეობრივი პოზიციის, მისი ესთეტიკური მრწამის გარეშე. ესე იგი, რომ მოვახდინოთ დიდი შემოქმედის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი, ლიტერატურულ ატმოსფეროში მოიაზრება მწერალი და ლიტერატურული ატმოსფერო უნდა გამოსჭვიოდეს მწერალში, მთელი არსებით უნდა იყოს დაუფლებული მას, მწერალს. თ. ჭელიძე ამის თაობაზე აღნიშნავს: „ლიტერატურულ ატმოსფეროს, ლიტერატურულ ცხოვრებას კრიტიკოსები და მწერლები ერთად ვქმნით. როგორიცა ვართ ჩვენ, „ისეთივეა ლიტერატურული ცხოვრებაც, დროს, უსათუოდ, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს საქმიანობაზე და ახდენს კიდეც, მაგრამ თუ ბოლომდე მართლები ვიქნებით, არა იმდენად დროს შეუძლია მოახდინოს გავლენა ჩვენს საქმიანობაზე, რამდენადაც ჩვენს დამოკიდებულებას დროსადმი“ (1,12).
პოეტურად არის გაშიფრული ავტორის მიერ დროისა და ადამიანის დაპირისპირების საკითხი, ანუ ფილოსოფიური ასპექტი საკითხისა პოეზიის გადასახედიდან არის გახსნილი. „რა შეიძლება დაუპირისპიროს ადამიანმა დროს? ალბათ მხოლოდ ცხოვრება და შემოქმედება. ეს ორი ცნება უერთმანეთოდ წარმოუდგენელია. ადამიანი ვიდრე ცხოვრობს, მუდამ ახალგაზრდაა, რადგან გამუდმებით ქმნის რაღაცას - წერს ლექსს, ხნავს მიწას, ადნობს ფოლადს, აგებს სახლს და ა.შ. რაც, თავისთავად, მხოლოდ სიჭაბუკის აქტია. სიბერე იწყება მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ცხოვრება უფრო ადრე თავდება, ვიდრე ადამიანის ბიოლოგიური არსებობა“ (1,14).
მართლაც ცხოვრება, შემოქმედება არის „ქმნა მართლისა სიმართლისა“, ძიებაა. ყველა თავისებურად ეძებს, მხოლოდ „მწერალი- ყველგან ცხოვრება იქნება ეს თუ სხვისი წიგნი, საკუთარ თავს დაეძებს, უფრო სწორად - საკუთარი შემოქმედების გამართლებას, თავისი გენეალოგიური ხის პაწაწინა, სხვისთვის შეუმჩნეველ ტოტს...
მწერლისთვის ყველაფერი დღევანდელია, რასაც კი წერს, რადგან მისი დღე და ღამე ოცდაოთხ საათს კი არ შეიცავს, არამედ მთელ მის ცხოვრებას...“ (1,15).
აქვე გვსურს, არ გამოგვრჩეს თამაზ ჭელიძის მიერ ესთეტიკურ პრინციპად მომარჯვებული ფენომენი - პოეზიის მთავარი თვისება - სიზუსტე. „მნათობის“ ანკეტაზე გაცემულ ერთ-ერთი პასუხიდან ვგებულობთ: „შემთხვევითი არ არის, რომ დღეს, როცა ამდენს ვფიქრობთ მომავალზე, ისევ პოეზია გავიხსენეთ. ყოველი ნამდვილად პოეტური ნაწარმოები, ლექსი იქნება თუ მოთხრობა, წარსულს ეხება თუ აწმყოს, მომავალზე ფიქრია, მომავლის დანახვის ცდაა, ერთგვარად, პროგნოზირებაც გახლავთ. ამავე დროს, ეპოქის საერთო ტენდენციისაგან წარმოშობილი ჩვენი სწრაფვა სიზუსტისაკენ დაემთხვა პოეზიის ერთ-ერთ მთავარ თვისებას - სიზუსტეს!... „- და რესპოდენტი იქვე იხსენებს ლევ ტოლსტოის ცნობილ გამონათქვამს: „მხატვრულობა გაცილებით მეტ სიზუსტეს მოითხოვს, ვიდრე... მეცნიერებაო„ (1,22).
სიზუსტის მიღწევა, მისი დაცვა-დაუცველობა დამოკიდებულია ინდივიდზე, ამ შემთხვევაში, შემოქმედზე. ავტორის როლი აქ მთავარია. ესე იგი, - „...თანამედროვე დასავლურ რომანში სრულიად აშკარად შეიმჩნევა სუბიექტური საწყისის მომძლავრებისა და ლირიკული პოტენციალის ზრდის ტენდენცია“ (2,124). ეს კი თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ აქცენტის გადატანა ხდება მოქმედი პირების, ლიტერატურული პერსონაჟების მიერ განცდილი რთული შინაგანი პროცესების გულმოდგინე გამოხატვაზე (2,133). უნდა დავეთანხმოთ იმ რეალობას, რომ სწორედ ამ მომენტში იღვიძებს ეპიკურ ჟანრში პოეზია, პოეტურობა, ხოლო „პოეზია არის სულის - შინაგანი სამყაროს - გამოხატვა მის მთლიანობაში“ (ნოვალისი) (2,135). თუ მედლის მეორე მხარეზეც ვიმსჯელებთ, აქ ლირიკულის, ლირიზმის მოზღვავებაც უნდა იგულისხმებოდეს ქვეცნობიერად.
ქართული კულტურა არასოდეს ყოფილა იზოლირებულად განვითარებული. იგი ყოველთვის მხარში ედგა მსოფლიო ცივილიზაციის ტენდენციებს (თავისი ისტორიის ყველა ეტაპზე) და გამონაკლისს არც დღევანდელობა წარმოადგენს. ევროპაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, იმავდროულად ჩვენშიც „...ბელეტრისტიკის ადგილი მტკიცედ დაიჭირა პოეტურმა პროზამ ანა უადმიანის ფსიქოლოგიური სამყაროს, ადამიანის დრამატული მდგომარეობის ზუსტად აღმნიშვნელი მწერლობის ერთ-ერთმა სახეობამ, რომელიც თავისი მოწოდებით (არსით) მიუახლოვდა ხელოვნების უმაღლეს ფორმას - ლექსს, მაგრამ ამიტომ არ მიუღია „პოეტურის“ წოდება, ეს ყველაზე ადვილი და გაუბრალოებული განმარტება იქნებოდა პოეტური პროზის ცნებისა (1,23).
როგორც აღნიშნავს თ. ჭელიძე, პოეტურ პროზასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობსო და რამდენიმე ავტორსაც იმოწმებს. მათ შორის ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს ანდრეი ტარკოვსკისა და იაპონელი პროზაიკოსის აკუტაგავას გამონათქვამები: „კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი... წერდა: „პოეზიას ჟანრად არ ვთვლი. შემოქმედების ყველა სფეროში შეიძლება იყო პოეტი. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის პოეტურია“ (1,24). „...აკუტაგავა კიდევ უფრო შორს მიდის: „რომანი უფრო მეტადაა შემკული ლირიკული ტონებით, ვიდრე თვით ლირიკული ლექსი“ (1,25). თ. ჭელიძე სვამს კითხვას და სამართლიანსაც: „საკვირველია, რატომ უნდა დაგვეჯერებინა ასე ბრმად, რომ პოეზიის ერთადერთი ენა ლექსია?!“ (იქვე).
ზემომოხმობილი მოსაზრებანი ადასტურებს, რომ შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ რთული ფენომენია. იგი ცოცხალ არსებას წარმოადგენს, რომელსაც სასიცოცხლო ელემენტებად უდაოდ სჭირდება მიწა, წყალი და ჰაერი, ანუ მკვიდრი ფაბულა-ლაღი მდინარება-განვითარება სიუჟეტისა და სულის საიდუმლოებათა ფლობა. ამ სამივე ელემენტის გაერთიანება, ერთ ფენომენად ქცევა კი მხოლოდ სასწაულმოქმედს, ანუ მწერალს ძალუძს, მწერალს, რომელსაც შემოქმედის პირადობის საბუთში შემოქმედებითი აღმსარებლობის რეკვიზიტში აღენიშნება - პოეტური, ქართველი პოეტი. ეს მით უფრო შეეფერება ქართულ სინამდვილეს, რამეთუ „ქართული მწერლობა ჩვენი ეროვნული თვითშემეცნების საფუძველთა საფუძველია, ...არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში მწერლობა ძველთაგანვე რელიგიური რწმენის სიმაღლეზე იყო აყვანილი“ (1,10).
„პოეტური პროზა კი - თ. ჭელიძის თქმით - ქართული კლასიკური მწერლობის მეტად მნიშვნელოვანი ორგანული ნაწილია. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობა, აშკარად ბელეტრისტული ხასიათის ბიზანტიური ჰაგიოგრაფიისაგან განსხვავებით, ბრწყინვალე პოეტური პროზის ნიმუშს წარმოადგენს. მეცხრამეტე საუკუნის ჩვენთვის ასე ძვირფასი პროზა უმეტესწილად პოეტურია ყველა თავისი მონაცემით. გავიხსენოთ თუნდაც, ილიას შედევრი „სარჩობელაზედ“, ანდა ა. ყაზბეგის მოთხრობები. ხოლო ჩვენს საუკუნეში ნ. ლორთქიფანიძის, მ. ჯავახიშვილის, კ. გამსახურდიას, ლ. ქიაჩელის, დ. შენგელაიას, ს. კლდიაშვილის ნაწარმოებები არის მაგალითი პოეტურობისა, რომლის წყალობითაც ისინი თანამედროვე ევროპული მწერლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევების სიმაღლეზე დგანან და კიდევ ერთხელ ამტკიცებს დიდი ილიას მოსაზრებას ევროპული და ქართული აზროვნების იდენტურობის შესახებ“ (1,26-27).
თამაზ ჭელიძე კიდევ ბევრჯერ შეეხო ქართული პროზის თავისებურებებს ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედების განხილვისას. ყველა მათგანის ერთ თეორიულ სიბრტყეზე თავმოყრა და მათი განზოგადება ქართველ საზოგადოებას გააცნობს ერთიან ლიტერატურულ-ესთეტიკურ კონცეფციას თანამედროვე ქართული პროზის პოეტიკაზე.
ჩვენს ნაშრომში, ვგრძნობთ, ზომაზე მეტია ციტირებები თამაზ ჭელიძის ესეისტური პროზიდან, მაგრამ თავს იმით ვიმართლებთ, რომ გვსურდა ხშირად კომენტარების გარეშე წარმოგვედგინა მისი თეორიული, ესეისტური ნააზრევის მახვილგონივრულობა, ორიგინალურობა, პოეტურობა. ჩანს, ჩვენ გამონაკლისი არ ვიქნებით, რადგან როგორც გურამ გვერდწითელი აღნიშნავს, თ. ჭელიძის ესეისტურმა პროზამ „...თუ შეგიტყუა და ჩაგითრია, ისე იოლად ვერ დააღწევ კაცი თავს ... ვინაიდან თამაზ ჭელიძე შებოჭილი არ არის ერთი რომელიმე დარგის სპეციალობით, მისი თვალსაწიერი თავისუფლად ნავარდობს ეროვნულ ისტორიულ სიღრმეებშიც, დღევანდელობიდან თვით ქართული დამწერლობის წარმოშობის ხანამდე და გეოგრაფიულ სივრცეებშიც, უკრაინული კულტურიდან ჰოლანდიურამდე ... ესეისტური სტილი ათავისუფლებს ავტორს არა მარტო ანალიზის აკადემიური სისრულისაგან, არამედ სხვა მეცნიერული საბუთიანობისგანაც, მაგრამ თამაზ ჭელიძე ბევრად უფრო მომთხოვნია საკუთარი თავისადმი ... საინტერესოა მისი დაკვირვებები, მიგნებები, დასკვნები. საინტერესოა, რადგან ღრმა და დაკვირვებული მწერლის თვალითაა წაკითხული, თითქოს შიგნიდანაა გახსნილი დიდი წინაპრების თუ თანამედროვეების შემოქმედება“ (5,50-51).
ცალკე განხილვის თემად რჩება თამაზ ჭელიძის შეხედულებანი თანამედროვე პოეზიის, დრამატურგიის, კრიტიკსა თუ პუბლიცისტიკის შესახებ, მისი ბრწყინვალე ნაშრომები იაკობ ხუცესის, რუსთაველის, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის და სხვათა შესახებ. მათი გათვალისწინების გარეშე კი ვერ მოხდება თამაზ ჭელიძის მხატვრულ-ესთეტიკური კონცეფციის სრულყოფილად სრულქმნილად გააზრება, კონცეფციებისა, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ქართული მხატვრულ-ესთეტიკური თუ ლიტერატურულ-თეორიული აზროვნების მიღწევად, ესეისტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშად.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. თამაზ ჭელიძე, პირველად იყო სიტყვა, ესეისტური პროზა, „საქართველო“, თბ., 1993. 2. დასავლეთ ევროპის ლიტერატურა (XX საუკუნე), ლიტერატურის ისტორია, პოეტიკა, ურთიერთობანი (რედაქტორები ნ. ორლოვსკაია, ნ. კაკაბაძე), თბ., 1988. 4. Димитрий ТЛихачев, поэтика древнерусской литературы, Л., 1967. 5.В. Г. Белинский, Полн. собр. соч., т. I, М., М., 1953. 6. თამაზ ჭელიძე, რჩეული თხზულებანი სამ ტომად, ტომი პირველი, მოთხრობები. „აჰა მიიწურა ზამთარი“ (რომანი), თბ., „მერანი“, 1994.
Marine Kukhalashvili
Tamaz Chiladze about problem of poetic prose
In the work above is given - aesthetre discussion about prose generally, his critical phrases poetre-prose. Underlined is his role in the development of theory of novels and romance, especially great attention is attracted to modern poetre prose of World and Georgian Literature. Discussion about development of principles of prose will assist us in determination of the writer's literary - credo and well ascertaining of the writer's world of prose.
Комментариев нет:
Отправить комментарий