გაუგზავნელი წერილი
მიხარია, რადგან შენ ძალიან ხარობ და გიბრწყინავს თვალები. ოღონდ შიშიც მაქვს, გაურკვევლობაც და დაბნეულობაც. ვერ გეუბნები, არ მინდა გული გეტკინოს, გაბრაზდე, არ მსურს იფიქრო, რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ. მჯერა შენი გულწრფელობის, სიმართლის, შენ მიერ გადადგმული ნაბიჯის და მაინც ვეჭვობ, განვიცდი, ვითრგუნები. გარეგნულად არავინ ამჩნევდა შენს მისწრაფებებს, სურვილებს, იდეალებს. ხშირად გვისაუბრია რწმენაზეც, ურწმუნოებაზეც, წარმართობაზეც, პოეზიაზეც და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე ადრიანად შეუდგებოდი ამ ურთულეს ბილიკებს. ესეც შენი პოეტური გარიგებაა ღმერთთან. რეალობა კი უმძიმესია არ ვიცი, რამდენად შეძლებ იმ გარემოში შენი ფაქიზი სულის განმტკიცებას. საუკეთესო არჩევანი გააკეთე და ბედნიერი ვარ, მაგრამ იქ უნდა დაემშვიდობო გათენებამდე წიგნებში კირკიტს და რაღაცის ძიებას. არა იმიტომ, რომ კითხვას ღმერთი გვიკრძალავს, უბრალოდ იქ თვლიან ასე. მენანები იმ სირთულეებისთვის, რაც გარდაუვალია. ქრისტეს გზა არ არის ადვილი, თუმცა ადამიანები უფრო ვართულებთ და ვამახინჯებთ მის უბრალო და ძალიან ადამიანურ სწავლებებს. ვშიშობ, არ გაუხეშდე, არ ჩაიკეტო და სული არ დაიზიანო. ის სული, რომელსაც ოქროპირის, ღვთისმეტყველის და პავლე მოციქულის სწავლებებთან ერთად მსოფლიო კლასიკოსთა შემოქმედებით ზრდიდი. მახსოვს, ერთხელ წამოგცდა, რა ბედნიერებაა, ღმერთი და წიგნი რომ არსებობსო. როცა წიგნზე უარს გათქმევინებენ, არ ვიცი რამდენად შეძლებ მორჩილებას და შეგუებას. ჩვენ ხომ ვიცით, შეგუება საშინელი დანაშაულია. ფირზადის ,,შევეგუებით" რომ წაიკითხე, პარალელი გაავლე კობო აბეს ,,ქალი ქვიშაში"- სთან, ძალიან გაბრაზდი, იმ ქალთან ერთად კაციც იქ რომ ჩარჩა. არც შენ მინდა შეეგუო იმას, რომ წიგნის კითხვა დანაშაულია, რომ აბნელებს სულს და ამახინჯებს გონებას. შენ კარგად იცი, უწიგნურობა ყველაზე დამანგრეველი ომია. ახლა უკვე გვიანია, შენ ბერი ხარ. 17 წლის ბერი და წინ გაქვს არ ვიცი, რა...
ისიც იცოდე, რამე რომ შეგეშალოს, არ დაგინდობენ, მის მიერ გაკეთებული არჩევანი ეს იყოო, იტყვიან. არასდროს ახსენებენ მთავარ დამნაშავეს. ვინც 17 წლის ბავშვს დაუფიქრებლად დაადგა, გაურკვევლობის უღელი...
მამა პეტრე კვარაცხელია
მამა პეტრე კვარაცხელია
Комментариев нет:
Отправить комментарий