ბიბლიის ერთ-ერთი მთარგმნელი, საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ყოფილი მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი „17 მაისთან“ ამბობს, რომ ბიბლიის თარგმანზე მთარგმნელთა ჯგუფთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის შესახებ არსებულისგან მკვეთრად განსხვავებული ხედვა ჰქონდა. იმ პერიოდში საპატრიარქო ბაპტისტურ ეკლესიასთან ეკუმენურ დიალოგსაც აწარმოებდა და მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრიც იყო.
მალხაზ სონღულაშვილი, ვინც ბიბლია პატრიარქ ილია მეორის უშუალო თხოვნით თარგმნა, აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, როცა ბიბლიის მთარგმნელთა ჯგუფში მოხვდა, 23 წლის სტუდენტი იყო.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და ამავდროულად, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ვსწავლობდი. სრულებით მოულოდნელი იყო ჩემთვის, როდესაც პროფესორმა კიკნაძემ შემომთავაზა შევერთებოდი ჯგუფს, რომელიც ბიბლიას თარგმნიდა. ამ ჯგუფში იყო გამოცდილი ხალხი – თვითონ ზურაბ კიკნაძე, ბაჩანა ბრეგვაძე, ჯემალ აჯიაშვილი, ნისან ბაბალიკაშვილი… და 23 წლის ბიჭის მიპატიჟება ძალიან უცნაური იყო, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად მივიღე და ასევე სერიოზულად შევუდექი ამ საქმეზე მუშაობას”.
იგი ამბობს, რომ ოჯახში, სადაც აღიზარდა, ბიბლია ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ბებია ბიბლიის საუკეთესო მცოდნე ჰყავდა და ბავშვობაში იოსების, იაკობისა თუ აბრაამის შესახებ ბიბლიურ ამბებს უამბობდა. თუმცა, წიგნი, სადაც თვითონვე შეძლებდა ამის ქართულად წაკითხვას, მაშინ არ არსებობდა.
„ასეთი იყო ჩემი ბექგრაუნდი და როდესაც ბიბლიაზე მუშაობა შემომთავაზეს, ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პატივი იყო. ახლა ბიბლიის თარგმნის საქმე ლამის მეცნიერებამდეა აყვანილი. უამრავი კომპიუტერული პროგრამა არსებობს იმისათვის, რომ მთარგმნელს გაუიოლდეს ბიბლიის თარგმნა, მაგრამ მაშინ, ჩვენ ხელი ამაზე კი არა, ხეირიან ტექსტებზეც არ მიგვიწვდებოდა. ამდენად, ბიბლიის თარგმნის პროცესთან დაკავშირებული წიგნები, ლექსიკონები – ძველ და ახალ ქართულ თუ ევროპულ ენებზე, მაგიდაზე დახვავებული გვქონდა“, – ამბობს სონღულაშვილი.
მისი თქმით, პირველად პატრიარქმა ბიბლიის იმ თარგმანზე მუშაობაში მონაწილეობა სთხოვა, რომელსაც საპატრიარქო აკეთებდა. სონღულაშვილი ამ საქმეში ზურაბ კიკნაძესთან, ბაჩანა ბრეგაძესა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩაერთო.
„ეს თარგმანი უკვე თითქმის გასრულებული გვქონდა, როდესაც სტოკჰოლმიდან ბიბლიის თარგმანის დასავლეთში გაკეთებული სამუშაო დრაფტი ჩამოიტანეს. მაშინ პატრიარქმა მეორედ დაგვიბარა მე და ზურაბ კიკნაძე და გვთხოვა, რომ ჯერ ახალი აღთქმის საფუძვლიანი რედაქცია გაგვეკეთებინა და მერე ძველი აღთქმისა. ეს ლამის 10 წელი გაგრძელდა. ყველაზე სატანჯველი სამუშაო იყო იობის წიგნი და ამისთვის 1 წელი დამჭირდა, როცა 40 თვეში შეიძლებოდა მისი თარგმნა, მაგრამ პატრიარქის სურვილი იყო რედაქტირება და არსებული ტექსტის გაცოცხლება. ამის გამო დიდხანს მოგვიწია მუშაობა და საბოლოოდ, ბიბლიის ეს თარგმანი 2001 წელს გამოიცა“, – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პატრიარქმა არამართლმადიდებელს ასეთი ტექსტის საკეთებლად დაუძახა:
„ახლა, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, მაგრამ მაშინ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ბევრად უფრო საღი რელიგიური გარემო იყო და ამისათვის პატრიარქს ქვების სროლასა და დევნას არავინ არ დაუწყებდა.
მთარგმნელთა ჯგუფი როგორც მართლმადიდებლებით, ისე სხვა აღმსარებლობის ადამიანებით იყო დაკომპლექტებული და მაშინ, რა თქმა უნდა, არ ითვლებოდა ცოდვად, რომ არამართლმადიდებელს ბიბლია ეთარგმნა. მოგვიანებით, 90-იანი წლების დამდეგს, როცა ბიბლიაც გამოიცა და საქართველოში რელიგიური ნაციონალიზმი აზვირთდა, მაშინ გაჩნდა სწორედ პატრიარქის კრიტიკაც – როგორ მისცა სონღულაშვილს ბიბლიის თარგმნის უფლებაო. ძირითადად ჩემზე იყო ლაპარაკი“.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий