მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I
ფენერი, კონსტანტინოპოლი,
17 მარტი 2001 წელი
17 მარტი 2001 წელი
ბართლომეოს I (ერისკაცობაში დიმიტრი არქონტისი) დაიბადა თურქეთში, კუნძულ იმბროსზე. სასულიერო განათლება ჰალკის საღვთისმეტყველო სკოლაში მიიღო. 1963-68 წლებში სწავლობდა რომის გრიგორიანული უნივერსიტეტის ორიენტალურ ინსტიტუტში. საეკლესიო სამართლის სპეციალობით სწავლა განაგრძო შვეიცარიაში, ბოსეის ეკუმენურ ინსტიტუტში და მიუნხენის უნივერსიტეტში. ფლობს შვიდ ენას - ბერძნულს, ინგლისურს, თურქულს, იტალიურს, ლათინურს, ფრანგულსა და გერმანულს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და არის „აღმოსავლურ ეკლესიათა სამართლის საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი.
1973 წელს, ქრისტეშობის დღეს მამა ბართლომეოსი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და ეწოდა ფილადელფიის (მცირე აზია) მიტროპოლიტი. შემდეგ კი ქალკედონის მიტროპოლიტის ტიტული მიიღო.
1991 წლის იანვარში მიტროპოლიტი ბართლომეოსი მეთაურობდა მართლმადიდებლურ დელეგაციას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მეშვიდე გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გაიმართა კანბერაში, ავსტრალიაში. ამ შეხვედრაზე მან გამოხატა მართლმადიდებელთა საერთო აზრი, რომ ეკლესიათა საბჭომ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით გადაუხვია მართლმადიდებელთა ძირითად მრწამსს. მაგრამ, მიუხედავად ამისა იგი დღემდე მედგრად იცავს სხვა ეკლესიებთან დიალოგის გაღრმავების აუცილებლობას. „ამ საკითხთან დაკავშირებით დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი. ზოგიერთ ჩვენს მართლამდიდებელ ძმას ჰგონია, რომ კათოლიკებთან, ანგლიკანებთან ან სხვა რომელიმე დოგმის წარმომადგენლებთან დიალოგით ვღალატობთ მართლმადიდებლობას... ბუნებრივია, სიმართლის ნასახიც არ არსებობს ამაში. უბრალოდ ვცდილობთ, რომ ჩვენ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“. - ამბობს ბართლომეოსი (ციტირებულია წიგნიდან „რაითა ყველანი ერთ იყვნენ“ თ. მესხი. 2002 წ. თბ.).
1975 წლიდან არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს „რწმენისა და წესრიგის“ კომისიის წევრი, სადაც ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა.
ცხრამეტი წლის განმავლობაში იყო მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ნდობით აღჭურვილი პირი და გვერდში ედგა მას საპატრიარქო მმართველობის ყველა ასპექტში. 1991 წლის 22 ოქტომბერს, პატრიარქ დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ ბართლომეოსი ერთსულოვნად აირჩიეს კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსად და ეკუმენურ (მსოფლიო) პატრიარქად.
მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსი დაუღალავად იღწვის მართლმადიდებელთა ერთიანობისთვის, სულიერი აღორძინებისთვის, ქრისტიანთა შერიგებისთვის, სხვადასხვა რწმენათა თანაარსებობისა და ტოლერანტული სულისკვეთების დამკვიდრებისათვის, გარემოს დაცვისა და მთელი მსოფლიოს გაერთიანებისთვის მშვიდობის, სამართლიანობის, სოლიდარობისა და სიყვარულის მისაღწევად.
მსოფლიო პატრიარქმა მრავალი დიალოგისა და ვიზიტის მეშვეობით უფრო მჭიდრო გახადა მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა კათოლიკურ, ლუთერანულ, ბაბტისტურ და სხვა ეკლესიებთან. იგი აქტიურად იღწვის აღმოსავლეთ ევროპის პოსტ-კომუნისტური ქვეყნების ნაციონალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთობის განსამტკიცებლად.
ბართლომეოსმა, როგორც თურქეთის მოქალაქემ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა ქრისტიანულ და მაჰმადიანურ სამყაროებს შორის უწყვეტი დიალოგის პრაქტიკა. შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის დამყარებაში.
მსოფლიო პატრიარქს ევროპა იცნობს, როგორც „მწვანე პატრიარქს“, რადგან იგი არის ინიციატორი კაცობრიობასა და ბუნებას შორის ჰარმონიის მიღწევის საკითხთან დაკავშირებული მრავალი სემინარის და დიალოგისა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ პირველი სექტემბერი ბუნების დაცვისაკენ ყოველწლიური მოწოდების დღედ გამოაცხადა და მსოფლიო საპატრიარქოსა და მართლმადიდებლურ სამყაროში ბუნების დაცვისთვის ლოცვა დააწესა.
ამა წლის 19-24 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს.
გვჯერა, რომ უფალი შეეწევა მას ყოვლადუწმინდესობას მრავალი კეთილშობილური საქმის ჩატარებით აღსრულებაში.
მართლმადიდებლური ქრისტიანული შეხედულებებით, მრავალსახეობისა და შემწყნარებლობის ღირსება უზრუნველყოფს ქრისტიანული ცხოვრების საფუძველს, ისევე, როგორც მზის შუქი და წყალი ასაზრდოებს მცენარეს. ამ ღირსების გარეშე სულიერი საკვები არ არის საკმარისი და სულიერი სიკვდილი გარდაუვალია.
მართლმადიდებელი ქრისტიანი დღესასწაულობს ღვთის ქმნილების სრულყოფილებას, მას ახარებს მშვენიერების დაულეველი სიდიადე და ის მნიშვნელობა, მრავალფეროვნებაში რომ ვლინდება. ჩვენ ვთვლით, რომ მრავალსახეობა პრინციპულად არის საჭირო ეკლესიის ყველა წევრის გასაერთიანებლად და საარსებოდ სწორედ ერთ სხეულში, ადამიანები როდესაც ვერ სწვდებიან მრავალფეროვნების ღირებულებას, მაშინ ისინი აკნინებენ ღვთის ქმნილების დიდებას. ყოვლადწმინდა სამების სამი პირის - მამის, ძისა და სულიწმინდის მაგალითით ყველა ადამიანი მოწოდებულია ურთიერთკავშირისაკენ, სიყვარულით გაერთიანებისაკენ, როგორც ცალკეული განუმეორებელი ინდივიდები, რომელთაგან თითოეული დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით და ხასიათით, ყოველი მათგანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად.
ყველა ადამიანი, განურჩევლად რელიგიის, რასის, ეროვნების, ფერის, აღმსარებლობისა თუ სქესისა, არის ღვთის ცოცხალი ხატი, თანდაყოლილად ღირსი ასეთი პატივისა. ის, ვინც სხვებს ვერ ეპყრობა ამგვარი პატივით, თავის ღმერთს - სამყაროს შემოქმედს შეურაცხყოფს, როგორც ამას წმინდა წერილი გვეუბნება.
მართლმადიდებელი ქრისტიანები მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ სხვა რელიგიებისა თუ ქრისტიანული კონფესიების მიმდევართა გვერდით. კონტაქტებისა და მობილურობის სწრაფი განვითარებით ადამიანები თავისუფლდებიან გეოგრაფიული საზღვრებისაგან, რომელიც მათ აცალკევებს. საზღვრების შეცვლის შედეგად ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოვრობენ ერთ დიდ სოფელში ახალ მეზობლებს შორის, რომლებიც ქმნიან ფართო სივრცეს კულტურის სფეროში. ამ დიდ სოფელში პლურალიზმის რეალიები ყოველ ადამიანს უყენებს ამოცანას, რომ შეხედულებათა მრავალრიცხოვანი სხვადასხვაობის შუქზე უფრო კრიტიკულად ჩაუღრმავდეს საკუთარი რწმენის სწავლებას. მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ ამოცანას იმ მოსაზრებით პასუხობს, რომ ჩვენ ყოველთვის შეუწყნარებელნი უნდა ვიყოთ სხვათა ხედვის მიმართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ ხედვას რელიგიის, კულტურის ან ისტორიული იდეოლოგიის საფუძველზე ვმიჯნავთ. მართლმადიდებელი ეკლესია არ ცდილობს ვინმეს დარწმუნებას ჭეშმარიტებასა ან გამოცხადებაში რაიმე ვიწრო გაგებით, არც ვინმეს მოქცევას ცდილობს აზროვნების კონკრეტულ ჩარჩოში. რასაკვირველია, ის მოუხმობს ყველა ადამიანს ცხოვრების ნებისმიერი გზიდან, რომ მათ იგრძნონ ეკლესიის გულისცემა, შეიგრძნონ მისი სიცოცხლის სუნთქვა, ეზიარონ სასიცოცხლო ძალას მისი წიაღიდან - ქრისტეს სხეულიდან - და განიცადონ მისი დედობრივი სიყვარული, ნუგეშისცემა და მგვარად მოიპოვონ მშვიდობა, პატივისცემითა და შემწყნარებლობით მოისმინონ დაუფარავად გამოთქმული სხვათა შეხედულებები.
პატივისცემისა და შემწყნარებლობის საწინაარმდეგოა შიში და თვითკმაყოფილება (საკუთარ სიმართლეში დაჯერებულობა). ადამიანები, როდესაც სხვების შეხედულებებსა და მტკიცებულებებზე რეაგირებენ შიშითა და თვითკმაყოფილებით, ისინი ძალადობას მიმართავენ სხვისთვის ღვთისაგან ბოძებულ თავისუფალ ნებასა და უფლებებზე, აიძულებენ მათ, გაიცნონ ღმერთი და ერთმანეთი მათთვის ჩვეული ფორმით. სამწუხაროდ, მსოფლიოში ცოდვათა გამო, რომელსაც საბოლოოდ სულიერ დაღუპვამდე მიჰყავთ კაცობრიობა, ადამიანები წინასწარ ადვილად განეწყობიან, რომ ერთმანეთთან ურთიერთობის ეშინოდეთ. ასეთი ქსენოფობიის (უცხოთმოძულეობის) ტენდენცია ძირითადად არის შედეგი ღმერთთან თანაზიარობის გარეშე ყოფნისა, ღმერთთან, რომელიც ყოველ ქმნილებას თავის სიყვარულსა და მარადიულ მყოფობაში უხმობს.
„დაბადების“ წიგნში პირველი ასეთი მოვლენის მაგალითს ვხედავთ, როდესაც ადამი ქვეყანაზე ბოროტების განხორციელების მსხვერპლი გახდა, როდესაც ის განიდევნა ღვთის - სამყაროს შემოქმედის თანაზიარობიდან, რისი უფლებაც მას ჰქონდა მინიჭებული. უფალი, კაცობრიობისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ განაგრძობს ადამიანების მოხმობას მასთან სრული ზიარებისთვის, რომელიც თვითონ არის უშრეტი სიყვარულის არსი. ქსენოფობია - უცხოთა შიში - შეუძლებელი ხდება მაშინ, როდესაც ერთმანეთს აღიქვამთ არა როგორც უცხოებს, არამედ როგორც ძმებს და დებს უფლის სიყვარულთან ზიარებაში.
მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში მთავარია საფუძვლიანი რწმენა იმისა, რომ ქრისტიანობამ აქტიური როლი უნდა შეასრულოს ადამიანების შერიგების მისაღწევად. ეს აზრი ემყარება იესო ნაზარეველის სწავლებას, რომელიც სწორედ შემრიგებლობას ქადაგებდა. ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში იგი ესაუბრებოდა ადამიანებს, ასწავლიდა მათ ორ უბრალო მცნებებს: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ქრისტიანობის შემრიგებლური როლი მხოლოდ ქრისტიანულმა რწმენამ შეიძლება წარმოაჩინოს და განამტკიცოს. შემწყნარებლობის ღირსება მრავალფეროვნების ღირსებასთან შეწყვილებული აირეკლავს სიყვარულის ღვთაებრივ თვისებებს, რომელსაც ღმერთი ამტკიცებს თავის სრულყოფილ, მარადიულ, აღუწერელ და უშრეტ მყოფობაში. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ქადაგებს სიყვარულს, ქრისტიანულ სახარებას, კატეგორიულად განსჯის რასიზმს, ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობის სხვა მსგავს ფორმებს, როგორც მშვიდობიანი ხედვის დამარღვეველს, იმ მშვიდობისა, რომელიც სურს ღმერთს და რომლის მიღწევა მთელ ეკლესიას მიზნად აქვს დასახული ადამიანების საკეთილდღეოდ.
გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია მიესალმება ყველა საზოგადოებრივ, საერთაშორისო და პოლიტიკური ხასიათის ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება მართლმსაჯულების აღსრულებას, რადგან ღრმად სწამს, რომ ასეთი ორგანიზაციების საქმიანობა ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის განვითარებას და ის, როგორც ასეთი, სათნოა ღვთის წინაშე.
დასასრულ, ჩვენ ჩვენი პლანეტის - დედამიწის ყველა ასაკის, რასის, ფერის, რწმენისა და ეროვნების ყველა მამაკაცსა და ქალბატონს ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ვევედრებით ჩვენს დიად და მოსიყვარულე ღმერთს, რათა თითოეულ ჩვენგანს მისცეს სიბრძნე და გონიერება, რომ ჭეშმარიტად დავინახოთ ერთმანეთი ისე, როგორც ვართ შექმნილნი - ძმების, დებისა და უფლი შვილების სახელით.
დაე, ყოველ თქვენგანში ღვთის უსაზღვრო სიყვარულმა დაივანოს, ამინ!
Комментариев нет:
Отправить комментарий