პავლე მოციქული წერს საქართველოს შესახებ!
(პატარა ტექსტური ექსპერიმენტი, რომ. თავი 2, 17-29)
* აჰა, შენ მართლმადიდებელი ხარ, თავს იმშვიდებ ღვთისმშობლის წილხვედრობით და იქადი ღმერთს, ვისი ნებაც იცი და მართლმადიდებლობით განსწავლული, ირჩევ უკეთესს. თვითდაჯერებულს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი, უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში გაქვს მართლმადიდებლობაში.
კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენს საკუთარ თავს? ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ? ღვთისმშობლის წილხვედრობას იქადი და მცნებების დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ? ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის. ღვთისმშობლის წილხვედრობა სასარგებლოა, თუ მართლმადიდებელობის მცნებებს ასრულებ, ხოლო თუ მცნებებს არღვევ, შენი წილხვედრილობა წილუხვედრელობად იქცევა. თუ არამართლმადიდებელი მართლმადიდებლობის წესებს იცავს, განა მისი წილუხვედრელობა წილხვედრილობით არ შეერაცხება მას? ეგეც არ იყოს, ბუნებით არა ღვთისმშობლის წილხვედრი, რომელიც მართლმადიდებლობის მცნებებს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წილხვედრობის მიუხედავად, მცნებებს არღვევ?
ვინაიდან მართლმადიდებელი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა მართლმადიდებელი, და არც ღვთისმშობლის წილხვედრილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი. არამედ მართლმადიდებელი ისაა, ვინც შინაგანად არის მართლმადიდებელი და წილხვედრილობაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა სხეულისმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან. *
* * *
- ექსპერიმენტი მდგომარეობს იმაში, რომ ორიგინალურ ტექსტში ყველგან „იუდეველობის“ მაგივრად ჩავსვით „მართლმადიდებლობა“
და „წინადაცვეთილობის“ მაგივრად - „ღვთისმშობლის წილხვედრილობა“. წერილის აზრი კი იგივეა სამარადისოდ.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий