ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, საქართველოს სამოციქულო მართლმა-დიდებელი ეკლესიის მართლმკვეთელო წევრებო, ძვირფასო საზოგადოებავ!
ღვთის მადლით, მრავალი წელია, რაც შვილობრივი სიყვარულით, კეთილკრძალულებითი ძრწოლითა და მორჩილებით ეკლესიის წიაღში ვიმყოფები. როგორც რიგით წევრს, სასულიერო სემინარის კურსდამთავრებულსა და სიმართლის ქომაგს, სინდისის შეგონებიდან გამომდინარე, მსურს გაგაცნოთ ჩემი გულითადი საწუხარი, რომელიც არა მხოლოოდენ პირად ტკივილს, არამედ ჩემი მეგობრებისა და კოლეგების უშუალო განსაცდელსაც წარმოადგენს.
საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, ვგონებ, ყოველი ქვემოთ მოსათხრობი პრობლემა ეკუთვნის არა მარტო უშუალოდ დაზარალებულებს, არამედ სრულიად საქართველოს ზნეობრივ საზგადოებას, რომლისთვისაც ძვირფასია ადამიანის ღირსება, პიროვნული ინდივიდუალიზმი, მორალი, ქრისტიანული ეთიკა, ინტელექტი, ერუდიცია და ჯანსაღი სულიერება.
მოგეხსენებათ, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მებრძოლ ეკლესიას, როგორც იესო ქრისტეს მისტიკურ სხეულს, ღვთივსულიერ და წმინდა განწესებას, ინსტიტუციონალურად სამი ძირითადი შტო წარმოაჩენს, ესენია: იერარქია, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტური სპექტრი (პოტენციური დასი, ღვთისმეტყველ მეცნიერთა ერთობა) და მრევლი. ხოლო იმისათვის, რომ მათ შორის ჰარმონია და ერთსულოვნება სუფევდეს, საჭიროა: "რათა არა იყოს წვალება ხორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთი ერთისათვის ზრუნვიდენ ასონი იგი" (I კორ.12,25).
სამწუხაროდ, მორწმუნე საზოგადოების გარკვეულმა, და არც თუ ისე მცირე ნაწილმა, ჯერაც არ იცის თავისი უფლებამოვალებების, სულიერი ვალდებულებებისა თუ ურთიერთმიმართების ჭეშმარიტი არსი დამისი ნამდვილი მნიშვნელობა. პროფანაციის ამგვარი ტენდენცია დიდწილად განპირობებულია უღირსი თუ არაკომპეტენტური სასულიერო პირების არაკვალიფიციური ქადაგებითა დამრევლზე ვერბალური ძალმომრეობით, სადაც მონური სულისკვეთება და იდეოლოგიზირებული "რწმენა" ადამიანთა მართვის უმთავრეს ბერკეტს გულისხმობს. მათთვის დამახასიათებელია მარტოოდენ გარეგნული მსახურება, თვალთმაქცობა და ბრმა რიტუალიზმი, რომელიც დაცლილია შინაგანი ზრდისა და სულიერი წრთობისაგან. ამის დამნერგავებზე ამბობს უფალი: "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას"(მათე 23,13).
როგორც წესი, ბელადომანიითა და აბსოლუტიზმით შეპყრობილი "მოღვაწენი", ხშირად გამოირჩევიან ფსიქოპათოლოგიური ექსცენტრიულობით, შეურაცხადი იმპულსურობით, მკაცრი იმპერატიულობით, დაუცხრომელი აგრესიით, შურისგან ამოზრდილი კომპლექსებითა და დესპოტური ყოფაქცევით, რომელთა მსხვერპლსაც უსათუოდ ღვთისნიერი, პატიოსანი, ნიჭიერი, თვინიერი და კეთილად შემოქმედი ადამიანები წარმოადგენენ ხოლმე.
სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლისას, წლების მანძილზე ვხედავდი რა უამრავ უწესივრობას, უმსგავსობასა და უსამართლობას, გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თანდათან მეუფლებოდა შინაგანი მღელვარება, რამაც შექმნილ რეჟიმთან იმთავითვე შეუთავსებლად განმაწყო, რის გამოც საბოლოოდ დავტოვე კიდეც აკადემიის კედლები, რამეთუ ფარისეველთა კვალდაკვალ თანაარსებობა მივიჩნიე რა შეუძლებლად, დავყევი ბიბლიური სოლომონის მამობრივ გზავნილს: "შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს"(იგავ.1,15).
ვიდრე სახელდობრ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, საწყისშივე მსურს მადლობა გადავუხადო პედაგოგთა იმ სანუკვარ და პატივსაცემ ნაწილს, რომელსაც ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში უაღრესად დიდი დამსახურება მიუძღვის. სიამოვნებით ჩამოვთვლიდი თითოეული მათგანის ვინაობასაც, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია მავანის მხრიდან მათზე ხელშეუხებლობისა, განგებ არ დავასახელებ და მათ სახელებს, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დაფარულ ლოცვებში დავიტოვებ.
ჩემი მთავარი მოტივაცია და წერილის მიზანი კი გახლავთ ეს: "რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან – ბნელში მსხდომარენი"(ესაია 42,7).
მიმაჩნია, რომ საპატრიარქოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს რეალური მისიონერობა, ევანგელიზაცია და განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნვა.
როგორც ცნობილია, საკმაოდ აქტიურად ხორციელდება საბიუჯეტო სახსრების სუფსიდირება სასულიერო განათლების სფეროში, თუმცა სინამდვილეში რა მიზნობრიობით ხდება (სამრევლო სკოლებსა დასემინარია-აკადემიებში) თანხების გახარჯვა, არავინ უწყის. ეს საკითხი რატომღაც გრიფით საიდუმლოა და ტაბუდადებული. აქედან გამომდინარე, გონივრული ეჭვების საფუძველზე ვაწყდებით კორუფციული სქემის დიდ მანქანებას. სწორედ ბურუსით მოცული ზემორე სისტემის არსებობა უშლის ხელს სასწავლო პროცესის გაჯანსაღებისა და მოდერნიზაცია-განვითარების საქმეს.
შექმნილი ვითარების მიზეზით, ფაქტობრივად, არსად არ ფიქსირდება წარჩინებული და ბეჯითი სტუდენტებისათვის საკმარისი სტიპენდიების დანიშვნა, სამეცნიერო ნაშრომების გამოცემაში ხელშეწყობა, საზღვარგარეთულ სასწავლებლებთან მჭიდრო კავშირები, იქაური გამოცდილების პერმანენტული გაზიარება, უცხოეთში კვალიფიკაციისა და ცოდნის გაღრმავებისათვის სტუდენტთა დაფინანსება-დოტაცია, სასულიერო პირთა გადამზადება და ა.შ.
რაც შეეხება კონკრეტულად თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სივრცეში ჩამოწოლილ ნისლიან კონიუქტურას, ამის შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ.
"ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს" - ამბობს უფალი" (იერემია 23,1).
მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად ვგმობ და ვემიჯნები რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) აღმოსავლურ ცნებას, თუმცა არანაირად არ უარვყოფსხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ პირთა სულიერი ნათესაობისა და მისტიკური კავშირის შესაძლებლობას. ამის თქმის საფუძველს კი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის პიროვნული ნატურა მაძლევს, რომელიც მმართველობითი სტილითა და მსოფლშეგნებით ძალიან ჰგავს მის წინამორბედ პავლე ჩუდეცკის და რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, თავისი უპასუხისმგებლობითა და არამართლზომიერი ქმედებებით, ნებსით თუ უნებლიეთ, უდიდეს ზიანს აყენებს ახალგაზრდობისა თუ, ზოგადად, სტუდენტების სულიერ სამყაროს, მათ ფსიქიკას, ღირსებასა და თავისუფლებას. იგი, აგრეთვე, ანალოგიური ულმობლობით ეპყრობა პედ-კოლექტივს, რომლის ნაწილიც კონფორმისტული ლოიალობითა და მერკანტილური ინტერესებით შოშმინდება, ხოლო ჯანსაღი ნაწილი იმდენად მცირეა, რომ სიტუაციის ტრანსფორმირების ბერკეტები არ გააჩნია და სრულიად დემორალიზებულია. აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციული თანამდებობებისთვის შეუფერებელ კადრებზე, რომელნიც არავითარ გამოცდილებას, სათანადო ცოდნასა და კომპეტენციას არ ფლობენ და რომელნიც მხოლოდ იმ ნიშნით დაადგინეს, ვინც უფრო მეტ ჯაშუშობას, ლაქიობასა და პირმოთნეობას გამოიჩენდა თავად ხსენებული "მოძღვრის" ფერხთით. ცხადია, რომ "ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი სულის არმქონენი"(იუდა 1,19).
მას შემდეგ, რაც მისი მაღალღირსება მამა გიორგი ზვიადაძე რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა (2009 წლიდან - აქამომდე), თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში გარეგნულად თითქოს რაღაც გარკვეული პროგრესი მართლაც შესამჩნევი იყო საწყისი ეტაპისათვის, თუმცა დიქტატორულმა მაქსიმალიზმმა და ამბიციურმა მიზნებმა მალევე გამოაჩინეს თავისი რეალური სახე და ჯალათური ბრჭყალებით დაპორჭყნეს (საათობრივი ბადე შეუმცირეს, დააქვეითეს და გამოაძევეს) პროფესორ-მასწავლებელთა ის ნაწილი, რომელიც დღევანდელ კოლექტივთან შედარებით ნამდვილად უკეთესი დადასაფასებელი იყო. რეპრესიისა და დისონანსის ამგვარი სახე კი ძირითადად მავანის მიერ დანერგილი ვერტიკალის წინაშე პატიოსანი ადამიანების მხრიდან გამოხატულმა შეუთავსებლობამ გამოიწვია.
არ შემიძლია არ შევეხო სასულიერო აკადემიის ამჟამინდელ დეკანს დეკანოზ შალვა კეკელიასა და სასულიერო სემინარიის დეკანს დეკანოზ თეიმურაზ მჟავანაძეს, რომელნიც თავიანთი მაკურთხეველი და მაზომბირებელი პროტოპრესვიტერის – ახალი ჩუდეცკის დავალებით - დახელოვნებულნი არიან ფარისევლობის, დაბეზღების, ჭორაობის, ცილისწამებისა და უსამართლობის საქმეში. ამავე დროს, ამ ყრმა ჭაბუკებს ყველაზე უფრო დაბალინტელექტუალური რესურსი გააჩნიათ ხსენებული ავტოკრატის უნამუსო მსტოვართა და შებორკილ ემისართა შორის, რაც, თავისთავად, მათ ყურმოჭრილობასა და ხელისბიჭობას ერთიორად ასულდგმულებს. სწორედ ამგვარი ტიპის ხეპრე და პლუტოკრატულ კასტაზე ჩიოდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც, რომელმაც ასე დაახასიათა უბირი და შენიღბული სამღვდელოების რეალური სახე: "უღირსი მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართან არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე – მჭევრმეტყველებით, მესამე – სიმდიდრით, მეოთხე – ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი".
მიუხედავად ყველაფრისა, უმეცრებით, მზაკვრობითა და ცბიერებით აღსავსე პირებს კიდევაც ჰყოფნით უგუნურება, რომ, თავიანთი უვიცობით გაბრუებულებმა, საკუთარ თავს უცდომელები უწოდონ და იმავდროულად გაწკეპლონ ყველა მათ თვალსაწიერზე მდგომი. ასეთებზე ამბობდა წმ. პავლე მოციქული: "ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ" (რომ. 1, 22).
მოცემული ვითარების შემხედვარეს, მსურს მივმართო ყველა იმ პირსა და იერარქიულ ინსტანციას, ვისაც საღვთო რეგალიებით ხელეწიფების შექმნილი კატასტროფის რეაბილიტირება, რომ დაუყონებლივ მიიღონ ზომები და ეკლესიის (ამ შემთხვევაში სასულიერო სასწავლებლების) უწმინდეს სხეულს ჩამოაშორონ სისხლის მწოველი პარაზიტები, რადგან თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, თანახმად მოციქულობრივი საყვირისა, "ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულობას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა" (II პეტრ. 2,2).
ჩუდეცკის კლონის ფსიქოპორტრეტი
"ნუკი ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის" (I პეტ. 5.3).
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის "საქმენი საგმირონი" სხვადასხვა დროს არაერთგზის გააპროტესტა სტუდენტთა თითქმის სრულმა შემადგენლობამ და პატივაყრილ ლექტორთა გარკვეულმა ნაწილმა, თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, უშედეგოდ. არადა საკუთარ თავზე მაქვს ნაწვნევი მისი ეგზალტირებული მძულვარება და სრულიად არაადეკვატური აგრესია, რომელიც ძალზე დამთრგუნველ იარად დააჩნდა ჩემს გულს. ეს ამბავი ასე იყო: ერთ ჩვეულებრივ სასწავლო დღეს სასულიერო სემინარიის დერეფანში ვიდექი, ლექციები უკვე დასრულებული იყო და დაფაზე გაკრულ სიახლეების აბრას ვეცნობოდი და ბუნებრივად კედლისაკენ პირისპირ ვიდექი, უეცრად ზურგში ძლიერი დარტყმები ვიგრძენი და მოდუნებული მივეხეთქე ხის დაფას. დაბნეულობისგან გაოგნებული ბარბაცით მოვტრიალდი და ჩემ წინ გაწიწმატებული მამა გიორგი ზვიადაძე დამხვდა, რომელიც თურმე და იმის გამო მისწორდებოდა, რომ შუა თებერვალში სიცივისგან გათოშილმა მანტოში ხელები ჩავიწყვე და ისე დავდექი, რის გამოც მან ტყეში გაზრდილი, გასარიცხად განმზადებული და უღირსი ბიჭი მიწოდა. ამასწინათ კი ბიბლიიდან ესაია წინასწარმეტყველს ვკითხულობდი და ამ მონაკვეთზე ჩემი თავი გამახსენდა, რომელიც საოცარი სიზუსტით მოერგო იმ სიუჟეტს – "ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის... და ყბები – წვერების მგლეჯველისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისაგან და ფურთხებისაგან. მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები" (ესაია 42,7).
პ.ს. მიუხედავად ყველაფრისა, პირადად მე ვპატიობ ამ საქციელს მამა გიორგის. დაე, მიუტევოს უფალმა და არ მოკითხოს ამისათვის, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია მის გამოსასწორებლად? დასკვნა მკითხველისათვის მიმინდვია.
აშკარაა, რომ ქვაბ ავაზაკთა წრეგადასული ლიდერი საგანგაშო კლინიკური შემთხვევაა და მასთან ურთიერთობა უშუალოდ ფსიქიატრთა კომპეტენციას საჭიროებს.
ყველანი შევესწარით, თუ როგორი შეძახილით შეურაცხყო მან სასულიერო სემინარიის ერთ–ერთი სანიმუშო და უწესიერესი პედაგოგი დეკანოზი (იმ დროისათვის დიაკონი) იაკობ ჩიჩილიძე, რომელსაც შემდეგი ბილწსიტყვიერებით მიმართა: "იაკობ, მოდი აქ, შენი დედა ..." ხოლო მოგვიანებით კი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე კვლავინდებურად დაცოფა და სატანის მსახური უწოდა, რაზედაც თავად დაზარალებულმა ჩვეული სიმშვიდით მიუგო, რომ ამ უშვერი სიტყვების ავტორი მასზედ მოწეული მძიმე განსაცდელია.
კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაამცირა მან მისივე სტუდენტი კახაბერ ჩხიკვაძე. იმის გამო, რომ საკუთარ მეუღლეს (საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტს) ლექციათა შორის შესვენებისას ქარვასლის წინ ესაუბრებოდა, სახალხოდ (ცოლის თანდასწრებით) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ჰკრა, თმებში წვდა და ყური აუწია. მისი აგრესია კი დღემდე ამოუხსნელი და პასუხგაუცემელია.
არასოდეს დაგვავიწყდება, თუ როგორი უტაქტობით გალანძღა მან ყველასათვის საყვარელი და ძვირფასი პედაგოგი ზურაბ ეკალაძე იმის გამო, რომ, მისი აზრით, გასარეცხი და გასაუთოვებელი პერანგი ეცვა, საშინელი აგრესიითა და აუგი დამოკიდებულებით, სტუდენტების თანდასწრებით ხმამაღალი "შენიშვნა" მისცა და უყვირა.
სიმწრით მაგონდება ის ფაქტიც, როცა კი მან უაღრესად ღვაწლმოსილი, მაღალი დონის სპეციალისტი (მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში) და სიყვარულით გამორჩეული პედაგოგი დეკანოზი გიორგი საბიაშვილი სასწავლებლიდან, ფაქტობრივად, გააძევა, საათები შეუზღუდა, კათედრიდან დაითხოვა და უგულებელყო მისი დამსახურებანი, რასაც უშუალოდ ხსენებული პიროვნების ღრმა დეპრესია და მალევე გულის შეტევით გარდაცვალება მოჰყვა.
საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ შეეხო ის ხელით დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს (იმ დროისათვის სემინარიის დეკანს) და როგორი უწმაწური სიტყვებით დაგესლა იგი. აღნიშნული ინციდენტი სასულიერო სემინარიის დერეფანში დაფიქსირდა, სადაც უამრავი სტუდენტიც იმყოფებოდა და რომ არა მათი მხრიდან შუაში ჩადგომის მცდელობა, გაცოფებული ბოროტმოქმედის შეკავება შეუძლებელი გახდებოდა. მისი გავეშება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, როცა ხსენებული დეკანი საღვთისმეტყველო საგნების სხვა საგნებთან შედარებით აუცილებელ უპირატესობასა და პრიორიტეტულობაზე საუბრობდა (სასწავლებლის პროფილიდან გამომდინარე), რასაც ვაიფილოლოგ გიორგი ზვიადაძის მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური გაცხარება მოჰყვა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავხედური გამოხტომები ღვთისმსახურებისას. ნაცვლად რიდისა და ღრმა მოწიწებისა, იგი მრავალგზის შემჩნეულია საღვთო ლიტურგიისა და საღამოს ლოცვის მიმდინარეობისას ექსცენტრიულ და მრისხანე ყოფაქცევაში როგორც თანამწირველ სასულიერო პირებთან, ისე წიგნის მკითხველებთან, სტიქაროსნებთან, მრევლთან და მგალობლებთან. მინდა შეგახსენოთ წმ. დიმიტრი როსტოველის უმკაცრესი შგონება: "არაფერი ისე არ განარისხებს ღმერთს, როგორც უღირსი მღვდელმოქმედება. ის მღვდელი, რომელიც უდიერად ემსახურება წმინდა ტრაპეზს, უფლის მრისხანებას არა მხოლოდ თავის თავზე, არამედ მთელ ხალხზეც აღძრავს, რადგან, თუ მოძღვარი და მწემსი მძიმედ სცოდავს, მაშინ ბოროტებას მრავალი ცხოვარიც განიცდის". ამ სიტყვების მიხედვით, როგორც ვხედავთ, ვიდრე ის ამგვარ მდგომარეობაშია, მის მრევლში ყოფნაც კი უდიდესი ზიანისა და საფრთხის მომტანია ყველასათვის.
გროტესკულ ანეგდოტად არის ცნობილი ქაშუეთის ეკლესიაში ჯერ კიდევ დეკანოზ და ამავე დროს წინამძღვარ გიორგი ზვიადაძის მხრიდან ახალგაზრდა ქალბატონის ცემის ისტორია, რომელიც ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის გამო, ეკლესიაში დგომისას მარაოს იყენებდა, რისთვისაც იმით დაისაჯა, რომ ხსენებული "მამის" მხრიდან თავზე მარაოდახეული და ტაძრიდან გამოძევებული დარჩა, რამაც იქ შემსწრე მლოცველთა უმრავლესობა შოკირებული დატოვა.
აგრეთვე, კომედიურ სერიათა ნუსხას მიეკუთვნება ყოველთვის "გულწრფელი" პროტოპრესვიტერის დიალოგი ექსსაგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, რომელმაც მისი თანდასწრებით, ინსტინქტურად, კოლოფიდან სიგარა ამოიღო, გაუკიდა და ცოტა ხანში თავისი თამამი საქციელით შეცბუნებულმა სასულიერო პირს მიმართა: – "უკაცრავად, მამაო, ბოდიშს გიხდით, ახლავე ჩავაქრობ, ხომ არ გაწუხებთ კვამლი?" -რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო: – "არა, ბატონო გრიგოლ, რას ბრძანებთ, პირიქით, პირიქით!" ალბათ დამეთანხმებით, რომ თვით კაიაფასაც კი განაცვიფრებდა ამგვარი პირმოთნეობა და სიყალბე.
მრავალი ადამიანი გახდა მოწმე წირვის მსვლელობისას, მისი მხრიდან სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, სიონის საპატრიარქო ტაძრის მოამაგე რეგენტის ნოდარ კიკნაძის (რომელიც 1979 წელს თავად უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს მიერ შექმნილ გუნდს ხელმძღვანელობდა) დამცირების ფაქტისა, რომელზეც გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ფიზიკურადაც კი გაიწია ავგიორგი ჩუდეცკიმ, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ 35-წლიანი ერთგული სამსახურისათვის დამსახურებული მგალობელი იძულებული შეიქნა სიონის მრევლი სამუდამოდ დაეტოვებინა და განაწყენებული წასულიყო. მაგლობელთა მოამაგე გუნდი სოლიდარობის ნიშნად სრული შემადგენლობით წავიდა.
სხვა დროს, იგივე სცენარი დაფიქსირდა სიონის შერეული გუნდის რეგენტ მარიამ მძევლურთან (იგი 32 წელია, რაც მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობს), რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გონებაარეულმა გიორგი ზვიადაძემ, რომელსაც ბოდიშის მოხდის შემდეგ ნაძალადევად დაუზავდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ავყიობისა და ყოველდღიური ანჩხლობის შედეგად სიონის საპატრიარქო ტაძარი ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ დაატოვებინეს დეკანოზ ლავრენტი ბუზიაშვილს, დეკანოზ ამირან ამირანაშვილსა და დეკანოზ თეიმურაზ ბერიშვილს. სამწუხაროდ, ვერც მათმა ავტორიტეტმა და გავლენამ ვერ გაარღვია საპატრიარქოს სამდივნოდან მართული მოძალადის მომაკვდინებელი ხუნდები.
არ შემიძლია არ შევეხო ცნობილი მქადაგებლის, ყველასათვის საყვარელი და საპატივსაცემო პიროვნების მამა თეოდორე გიგნაძის შემთხვევას, როცა ის სასულიერო აკადემიის დიპლომის გარეშე დატოვა კაენის ცოდვით შეპყრობილმა ნეო-ჩუდეცკიმ, რომელმაც გამოჩენილი მეცნიერის, ბატონ ედიშერ ჭელიძის, ხელმძღვანელობითა და რეცენზიით დამოწმებული ნაშრომი ჩაუხედავად დაიწუნა და უკუაგდო, ხოლო თავად ავტორს კი ორიანი დაუწერა.
ასევე, უნდა ითქვას, რომ სულ ცოტა ხნის წინ, სემინარია–აკადემიაში „მოღვაწე" პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირი ჩუდეცკიზაციის მომხრე და მიმდევარია, საზეიმო ვითარებაში, სრულიად ხელოვნურად, "ჩაწყობითა" და პროტექციის დაჩქარებული წესით, საღვთისმეტყველო ხარისხები მიანიჭეს, რომელთაც აქამადე ჯერ კიდევ არანაირი საღვთისმეტყველო შრომა არა აქვთ დაწერილი. შესაბამისად, თითოეული მათგანი თვითგამოცხადებულ დოქტორად გვევლინება, რაც, ცოტა არ იყოს და, "ბრეჟნევიზმის" კომიკურ ელფერს ატარებს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებისა, მისმა გაუწონასწორებელმა და შეურაცხადმა საქციელებლმა სტიქიური წესით, სიმპტომატურად, ერთი მეორის მიყოლებით შეიწირა მის რექტორობამდე მეტ–ნაკლებად ღვაწლმოსილ და მისი დაწინაურების შემდეგ დაწუნებულ პედაგოგთა ფართო ჯგუფი. საგულისხმოა, რომ, რეგულარულ რეჟიმში, განსაკუთრებული ცვალებადობა შეინიშნება სემინარიისა და აკადემიის დეკანის თანამდებობაზეც, სადაც დანიშნული პირის სარეკორდო ვადა 5 თვეს (ზოგ შემთხვევაში 2 თვეს) არ აღემატება. ამგვარი ისტერიის გამანადგურებელმა ტალღამ შეიწირა დეკანოზი გელა სინატროშვილი (პატიოსანი ადამიანი), დეკანოზი მიქაელ გალდავა (უდაოდ ინტელექტუალი პიროვნება), არქიმანდრიტი საბა (ჯიშკარიანი) (ყოველმხრივ დადებითი მოღვაწე), დეკანოზი დავით თავაძე (პერსპექტიული პედაგოგი) დეკანოზი ლევან მათეშვილი (განათლებული და პროგრესული მეცნიერი) და რელიგიათმცოდნე ეკატერინე ფავლენიშვილი (ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანატის აწ უკვე ყოფილი მდივანი).
ირონიაა, როცა პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო დარგში ინიშნება ისეთი პიროვნება, რომელსაც დიპლომიც კი არა აქვს და რომელიც თავად გამომცდელის (მამა გიორგი ზვიადაძის) მხრიდან ორიანით ფასდება სახელმწიფო გამოცდაში. ალბათ ყველა მიხვდით, რომ ამ ტრაგიკომიკური ხვედრის ქვეშ იგულისხმება დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, რომელიც მანამდე ადმინისტრაციული მართვის არანაირ უნარ-ჩევევასა და გამოცდილებას არ ფლობდა.
ცინიზმია, როცა პანსიონატში მცხოვრები სტუდენტებისათვის კვების ესოდენ სამარცხვინო მენიუს ვაწყდებით, როცა კი ერთნაირია სადღესასწაულო, სამარხვო და სახსნილო რაციონი. ამასთან, შემაძრწუნებელია ისიც, თუ როგორ გაუსაძლის და ანტისანიტარულ საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ არსებობა იქ მცხოვრებ მოსწავლეებს. თანაც ეს ხდება იმის მიუხედავად, როცა საპატრიარქო ოფიციალური წესით უამრავ თანხას რიცხავს სასწავლებლის საჭიროებებისათვის. ამ ფონზე კი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე კადნიერად არ ერიდება საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნას სასტუმრო რედისონში (სუფრაზე იმყოფებოდა ასზე მეტი ადამიანი, ძირითადად დიპკორპუსის წარმომადგენლები და გავლენიანი ბიზნესმენები), სადაც მარტო ფინჯანი ყავა, არც მეტი არც ნაკლები, 45 ლარი ღირს.
სამაგიეროდ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, ლატენტური გარიგებებითა და ხელოვნურად გაზრდილი შტატების არსებობით, ვხვდებით ისეთ ლექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელნიც საერთოდ არ დადიან სასწავლებელში და, პრაქტიკულად, არაფერში იღებენ ხელფასებს.
ნიშანდობლივია, რომ მოქმედი ხელმძღვანელი, სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, უშუალოდ კათოლიკოს–პატრიარქის მიერ დადგენილ ქცევის კოდექსსა და შინაგანაწესს მუდმივად ეწინააღმდეგება ერთპიროვნული დესპოტიზმითა და მარგინალობით. იგი არასოდეს უსმენს სტუდენტთა მოსაზრებებს, მათ სატკივარსა და იდეებს.
არ შემიძლია მივივიწყო, ჩემს ნაცნობთან და კოლეგასთან, ვინმე ლევან ენუქიძესთან დაკავშირებული უმძიმესი შემთხვევა, რომელსაც მხოლოდ იმის გამო მოუწია სასულიერო აკადემიასთან გამოთხოვება, რომ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ჩემი ერთ-ერთი წერილი, სათაურით –"ეკლესიაში არსებული პრობლემები" გაზიარებული ჰქონდა. მამა შალვა კეკელიამ ჩვეულ სტილში, სოციალური ქსელის გვერდიდან ამობეჭდილი ქაღალდის აფრიალებით (სადაც დაფიქსირებული იყო ჩემი სტატიის გაზიარება) ხსენებულ სტუდენტზე ზეწოლა განახორციელა და გარიცხვით დაემუქრა (ცხადია, უშუალოდ რექტორის დავალებით), რასაც სიტყვიერი შეკამათება და უთანხმოება მოჰყვა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერ კაცს სასწავლებელი ე.წ. "აკადემიურის აღების" იძულებითი წესით დაატოვებინეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ნეტარხსენებული რექტორი, რომელიც, ვითომ და, წესრიგის, დისციპლინისა და დაუღალავი შრომის მიმდევარია, სინამდვილეში არასდროს შედის ლექციაზე დროულად და არასოდეს რჩება იქ ბოლომდე. ამასთან, ძალიან ხშირია მისი მხრიდან ლექციის გაცდენები და გამოცდებზე მიუსვლელობა, რასაც თვითონ საკუთარი პერსონის პრივილეგირებულობითა და უპირატესობით ხსნის, რაც, ალბათ, ჩვეულებრივ, სრულ უტიფრობად და უსირცხვილობად უნდა ითვლებოდეს. როგორც ვხედავთ, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ჯავშნიანია და, ჯერ-ჯერობით, შეუვალია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ბაბილონის გოდოლი აუცილებლად ჩამოინგრევა და ამ დემონტაჟით ლუსტრირდება ყველა ის დამნაშავე, ვინც ხორბლის ნაცვლად ღვარძლსა და სარეველას თესავს ნოყიერ მინდორზე.
პ.ს. დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტების სინამდვილისა და ავთენტურობის დასადასტურებლად, უამრავი თვითმხილველი და მოწმე არსებობს, რომელნიც საჭიროების შემთხვევაში ამ და კიდევ დამატებით სათქმელსაც დააფიქსირებენ!
ფლიდ, მლანძღველ და მოჩხუბარ სასულიერო პირებს კი შევახსენებდი თუ როგორი იყო ჩვენი მაცხოვარი, რამეთუ “ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა.” (I პეტ. 2,23).
ფლიდ, მლანძღველ და მოჩხუბარ სასულიერო პირებს კი შევახსენებდი თუ როგორი იყო ჩვენი მაცხოვარი, რამეთუ “ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა.” (I პეტ. 2,23).
მიმართვა რექტორისადმი
"ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები, გვერდზე გადადექი და გაიარე" (იგავნ. 4,15).
თქვენო მაღალღირსებავ, მამაო გიორგი! თქვენს გარშემო დაგროვილი პრობლემების, არასწორი გადაწყვეტილებებისა და დემონური ჩიხის გამო, სადღეისო სიტუაციისა და ჩამოწოლილი ატმოსფეროს გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, რომ ყურად იღოთ თქვენი ქრისტესმიერი შვილების დამაშვრალი სურვილი თქვენს გადადგომასთან დაკავშირებით და, ნიშნად სინანულისა, დაუყონებლივ დატოვოთ (რექტორის) დაკავებული თანამდებობა, რათა თავიდან იქნას აცილებული სამომავლოდ თქვენი მხრიდან ჩასადენი ცოდვები, კანონდარღვევები და კონფლიქტები. ხოლო იმისათვის, რომ მშვიდობამ და კეთილდღეობამ ყველა მხარეს დაისადგუროს, ვგონებ, აუცილებელია თქვენი უმთავრესი ლობის ვინმე შორენა თეთრუაშვილის (კათოლიკოს–პატრიარქის მდივან–რეფერენტი), გამოფხიზლება, რომელიც წლების მანძილზე, ფარულად თუ ღიად, ლეგიტიმაციასა და გამბედაობას სძენს თქვენს, რბილად რომ ვთქვათ, არამართლზომიერ ზრახვებსა და სასტიკ ქმედებებს. დიახ, სწორედ იგია დირიჟორი ამ უზნეო დადაცემული ორკესტრისა, რომელიც მხოლოდ ეშმაკის მიმოჯღაბნილ ნოტებზე უკრავს. ამიტომ დაუფიქრდით სადამდე დავიდა თქვენი რენომე და რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენათა ამ ინერციით განვითარებას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს, რაც პირდაპირ თქვენი სიჯიუტის შესატყვისი გამოძახილი იქნება. რომ არ ამემაღლებინა ხმა ამ ყველაფერზე, ვერ მომასვენებდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები:"დუმილით გაიცემა ღმერთი"!
ბოლოს კი ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოცემული წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ჩემზე განხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, წნეხი, ჩვეული მუქარა და აგრესია, თუკი ჩემს სიცოცხლესა და უვნებელობას რაიმე საფრთხე დაემუქრა, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და მის გარემოცვას. ამინ!
Комментариев нет:
Отправить комментарий