მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართული ასიათასობით მუსლიმის აქცია, სირიაში, ლიბანსა და ერაყში გადამწვარი დანიის საელჩოები და აქციის დროს გარდაცვლილი 140 ადამიანი - ეს შედეგი მოჰყვა დანიის ერთ-ერთ პროვინციულ გაზეთში 2005 წელს მუჰამედის 12 კარიკატურის გამოქვეყნებას.
კარიკატურებზე მუჰამედი ბომბითაა გამოსახული, რადგან მის სახელს მუსლიმანური დაჯგუფებები ხშირად ტერორისტული აქტების გასამართლებლად იყენებენ. შეურაცხყოფილი მუსლიმების ნაწილი გაზეთს ბოდიშის მოხდას სთხოვდა, უფრო რადიკალურები კი, კარიკატურისტის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. გაზეთს ბოდიში არ მოუხდია, რადგან გამოხატვის თავისულება მათ ასეთი კარიკატურების გამოქვეყნების უფლებას აძლევდა.
ამ კარიკატურებმა მთელს მსოფლიოში კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა საკითხი თუ სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას და სხვისი უფლებების პატივისცემას შორის. რა საზღვრები უნდა დავუწესოთ სიტყვის თავისუფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში? ან საერთოდ, უნდა დავუწესოთ თუ არა? - ამ თემაზე მსჯელობდნენ კლუბ "ფრონტლაინ ჯორჯიაშიც" სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და მედიის მკვლევარი ნინო დანელია, კარსტენ კაერის დოკუმენტური ფილმის, "ეს წყეული კარიკატურების" ჩვენების შემდეგ.
ნინო დანელიამ გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობის მიზეზებზე ისაუბრა. "მედიას და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალაუფლების კონტროლის უფლება და საშუალება. თუ დავუშვებთ, რომ არის სფეროები, სადაც ჩვენ არ გვაქვს კონტროლის უფლება, დავბრუნდებით ავტორიტარული მართვის მოდელში, სადაც არ შეგვეძლება კითხვების დასმა, რაც ალბათ, თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელია."
გამოხატვის თავისუფლება დაცულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, ისე საქართველოს კანონით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, თუმცა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში გამოიკვეთა ტენდენცია - "როცა რელიგიური უფლებების შეურაცხყოფას ეხებოდა საქმე, სასამართლო არ დადგა გამოხატვის თავისუფლეფბის დაცვის მხარეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთმა მოსამართლემ გამოთქვა განსხვავებული აზრი - ნუ იქნება მეათე მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს, ფიქცია, გამოვიყენოთ პრაქტიკაში."
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ თუ მუსლიმური სამყაროს აღშფოთების მიზეზად ჯერ დანიის და შემდეგ იმ 50 ქვეყნის მედია იქცა, რომელმაც იგივე კარიკატურები ასევე გამოაქვეყნა, ქართულ მედიაში განსხვავებული ვითარებაა: აქ სიტყვის თავისუფლება ხშირად სხვადასხვა უმცირესობისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად გამოიყენება. "რაც შეეხება მართლმადიდებლობას, ქართული მედია ამ მხრივ არანორმალურ თვითცენზურას იჩენს, ეს ტაბუირებული თემაა. გამოდის, რომ ერთის მხრივ, ქართული მედია ხელს უწყობს არასწორი, ნეგატიური წარმოდგენების დამკვიდრებას უმცირესობების მიმართ და ხელს უშლის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიას, როგორიცაა ქართული იდენტობა, ქართული მართლმადიდებლობა," - განმარტა ნინო დანელიამ
გიორგი ტუღუშის აზრით, საყოველთაო დუმილი და ტაბუ, რასაც მხოლოდ რამდენიმე ბეჭდური გამოცემა არღვევს, იწვევს იმას, რომ რელიგიურ თემაზე კრიტიკული აზრის გამოთქმა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმაშფოთებელია.
"თუ საზოგადოებას აინტერესებს არის თუ არა ეკლესიაში კორუფციული გარიგებები და ამ კითხვის დასმის შემდეგ მე მეტყვიან, რომ შევურაცხყოფ რელიგიას, ამას გავაპროტესტებ,"- ამბობს ნინო დანელია - "თუ ამ თემებზე სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა არ ვისაუბრეთ, ერთ დღეს აღმოჩნდება, რომ მასწავლებლის ან მშობლის კარიკატურის დახატვაც არის შეურაცხმყოფელი. თუ ამ ყველაფერზე არ ვიმსჯელეთ, არ მივხვდით რომ, შეიძლება კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება ყველანაირი მღელვარების გარეშე, აღმოვჩნდებით იზოლირებულ არაინფორმიბულ საზოგადოებაში, რომელიც კლიშეებსა და სტერეოტიპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს."
დარბაზში, რომლის ძირითად ნაწილს სტუდენტები შეადგენდნენ გამოითქვა მოსაზრება, რომ მედიამ, სანამ მასალას გამოაქვეყნებდეს, უნდა განსაზღვროს მისი სარგებელი და ზიანი. უნდა დაისვას კითხვა, რამდენად სასარგებლო იყო კარიკატურების გამოქვეყნება. რა მივიღეთ შედეგად - აგრესია მუსლიმური სამყაროს მხრიდან, ზიანი მიადგა გამოხატვის თავისუფლებას - იელის უნივერსიტეტში, სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად, წიგნიდან "კარიკატურები, რომლებმაც შეძრა ქვეყანა" ამოიღეს ეს თორმეტი კარიკატურა, მუჰამედის კარიკატურების შემქმნელს კი, ამავე თემაზე დახატულ ყოველ ახალ კარიკატურას გაზეთები უკან უბრუნებენ და სთხოვენ ნაკლებად მწვავე კონტექსტი შეარჩიოს.
დისკუსიის დროს ბევრჯერ აღნიშნეს, რომ რთულია გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი გრძნობების შეურაცხყოფას შორის ზღვარის გავლება, დისკუსიის დასასრულს რაიმე რეცეპტი არც "ფრონტლაინ ჯორჯიაში" შეუდგენიათ.
წყარო: www.liberali.ge
დისკუსიის დროს ბევრჯერ აღნიშნეს, რომ რთულია გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი გრძნობების შეურაცხყოფას შორის ზღვარის გავლება, დისკუსიის დასასრულს რაიმე რეცეპტი არც "ფრონტლაინ ჯორჯიაში" შეუდგენიათ.
წყარო: www.liberali.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий