მალხაზ სონღულაშვილი
ინტერვიუ კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან:
ინტერვიუ კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან:
სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან თბილისამდე 14-საათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავის დანახვა აღარ მინდა. თუმცა თბილისში დაბრუნებიდან მეორე დღესვე იძულებული ვარ კიევში გავფრინდე ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. აეროპორტში მხვდება კიევის საპატრიარქოს წარმომადგენელი, არქიმანდრიტი კირიონ ინასარიძე. კირიონი კიევის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების გამგის მოადგილე და ჩემი ძველი მეგობარია თბილისიდან. 21 წელი კირიონი ილია მეორის სტიქაროსანი იყო.
წითელ მიკროავტობუსზე, რომელიც მას ემსახურება, ახალგაზრდა გამოუცდელი ბიჭი ზის. ბიჭს ქერა თმა მოკლედ აქვს შეკრეჭილი და გაჯინული ყბები მეჩხერი ქერა წვერით აქვს დაფარული. როგორც შევატყვე ეს ბიჭი არქიმანდრიტს ნერვებს უწიწკნის.
ახლა საით? - კითხულობს მძღოლი კიევის ქუჩებში მოძრაობისას.
მარცხნივ, - პასუხობს არქიმანდრიტი.
მარცხნივ, ხომ? - იმეორებს მძღოლი მორიდებულად.
დიახ, მარცხნივ, მარცხნივ, - უკვე ბრაზმორეული პასუხობს კირიონი. მძღოლი საჭეს ატრიალებს და მარჯვნივ უხვევს! კირიონი დასაბმელი ხდება, ცოფებსა ყრის და ქართულად ილანძღება… მე ბოროტად ვხალისობ გაწიწმატებულ არქიმანდრიტზე და ვცდილობ დავამშვიდო.
ქალაქი განსხვავებულად გამოიყურება. ბოლოს აქ თებერვალში ვიყავი, მაიდანზე რომ ისროდნენ მაშინ…
ის, რაც ახლა ყველაზე მეტად მეცა თვალში, ეს უკრაინის დროშის ფერების სიმრავლეა. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან მოჩანს ყვითლად და ლურჯად შეღებილი ლამპიონის ძირები, ღობეები, გზის პირას გამწკრივებული ბოძები…
სასტუმროში სწრაფად დავბინავდი და მაშინვე პატრიარქთან შეხვედრაზე გავეშურე.
პატრიარქთან შეხვედრამ, რომელზეც მთავარეპისკოპოსი ილარიონი, არქიმანდრიტი კირიონი და მშვიდობის ელჩი იოჰან კანდელინი ესწრებოდნენ, შესანიშნავად ჩაიარა. თარჯიმნობის პატივი ამ შეხვედრაზე მე მარგუნეს. შეხვედრა რომ დამთავრდა, პატრიარქს ვთხოვე, რომ ინტერვიუს ჩამორთმევა მინდოდა მისთვის. მაშინვე დამთანხმდა და მეორე დღეს საპატრიარქოში ადრე დამიბარა.
მიუხედავად ჩვენი ბედოვლათი მძღოლის დაბნეულობისა, მე და არქიმანდრიტი კირიონი მეორე დღეს თავის დროზე მივედით საპატრიარქოში. საპატრიარქო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა ძალიან მოკრძალებული შენობაა. პატრიარქი თვითონაც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს. უკვე 85 წლისაა, დაუჯერებელი ენერგიითაა სავსე. ეკლესიის იერარქებს შორის ასეთი უკიდურესობებიც შეიძლება ნახოთ, ზოგი იერარქი მთელ თავის ცხოვრებას მცონარობაში ატარებს, ზოგი თავს აკლავს საქმეს. პატრიარქი ფილარეტი იმით გამოირჩევა, რომ ის მკაცრად უნაცვლებს ერთმანეთს დაუღალავ შრომასა და საფუძვლიან დასვენებას. ამიტომაც იგი უამრავი საქმის კეთებას ახერხებს. მან თანამედროვე უკრაინულ ენაზე თარგმნა ბიბლია, რომელიც უკვე ორჯერ თუ სამჯერ მრავალათასიანი ტირაჟით გამოიცა. მისსავე კალამს ეკუთვნის უკრაინულად ლიტურგიკული წიგნების სრული კორპუსის თარგმანი. ის დიდი მოღვაწე და ფუტკარივით მშრომელი ადამიანია.
პატრიარქის მოსაცდელში ჯერ მარტო მე და არქიმანდრიტი კირიონი ვართ. ნელ-ნელა მოდიან საერო და სასულიერო პირები. ყველა პატრიარქთან შეხვედრას ელოდება. პატრიარქის მდივანი გამოდის და შეხვედრაზე შევდივართ.
პატრიარქი გრძელი თეთრი მაგიდის თავში ჯდება. სახეზე სასიამოვნო ღიმილი დასთამაშებს. პირველად პატრიარქ ფილარეტს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს შევხვდი, დეკანოზ ბასილ კობახიძესა და მამა ზაზა თევზაძესთან ერთად. მაშინაც ამავე ადგილას ვისხედით ამ თეთრ მაგიდასთან და უკრაინის ბედზე ვსაუბრობდით.
პატრიარქ ფილარეტს საეკლესიო ცხოვრებისა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. იყო დრო, როცა იგი მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იერარქი იყო. ამიტომ მოსკოვის საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს. რუსეთის პატრიარქი პიმენი რომ გარდაიცვალა, ახალი პატრიარქის არჩევამდე რუსეთის ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მესაყდრე ფილარეტი იყო. მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ფილარეტი ახლა უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურია და, მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქოს მუქარისა და დევნისა, იგი ოლიმპიური სიმშვიდით შემოსილი მართავს თავისუფლებისმოყვარე და რელიგიური ფანატიზმისაგან განძარცვულ ეკლესიას.
პატრიარქი ქათქათა წვერზე ხელს ისვამს და მეკითხება - "დავიწყოთ?"- "დავიწყოთ"- მეც ღიმილით ვპასუხობ და ანაფორის ჯიბიდან წინდაწინ მომზადებულ კითხვებს ვაძრობ. ასე ვიწყებ ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც რუსეთთან ომის პირობებში უკრაინის თავისუფლებისა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა.
როგორ აფასებთ იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება? რა მდგომარეობაა ახლაქვეყანაში?
მდგომარეობა რთული კია, მაგრამ უიმედო არ არის. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი წინ აღუდგა აგრესიას და გაერთიანდა. თუკი აქამდე ხალხში ერთგვარი როგორც პოლიტიკური, ისე არაპოლიტიკური დაქსაქსულობა შეინიშნებოდა, ახლა რუსეთს აგრესიის საპირწონედ უკრაინელმა ხალხმა სუვერენიტეტის დასაცავად გაერთიანება დაიწყო - ეს ერთი. მეორეც, იმის გამო, რომ უკრაინას აქამდე მტერი არ ჰყავდა, მას გასაყოფი და საომარი არავისთან ჰქონდა. ამიტომ სახელმწიფო ჯარს ყურადღებას არ აქცევდა - არმია მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი აგრესიისთვის. მაგრამ, როდესაც გამოჩნდა აგრესორი, მოძმე რუსეთის სახით, უკრაინამ თავის ჯარზე ზრუნვა დაიწყო, რასაც ხალხიც უჭერს მხარს. ამიტომ გროვდება შემოწირულობები სამხედროებისთვის. რაკი ადამიანები შემოწირულობების შეგროვებაში იღებენ მონაწილეობას, ესე იგი, ისინი უკრაინული სახელმწიფოს ირგვლივ ერთიანდებიან. ჩვენ შორის გაჩნდნენ დევნილები, დაჭრილები, დახოცილები. ამან თანაგრძნობა გააღვივა.
ამ საქმეში ეკლესიაც მონაწილეობს?
დიახ! ჩვენმა ეკლესიამ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა. ეს არის კვების პროდუქტები, ჯავშანჟილეტები, მედიკამენტები... ასეთი ქმედებები აერთიანებს უკრაინელ ხალხს. გარდა ამისა, იმის გამო, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა, უკრაინის მიმართ თანაგრძნობას იჩენს ევროპა, შეერთებული შტატები და არა მარტო ისინი, არამედ ისეთი ქვეყანაც, როგორიც საქართველოა.
ცხადია, საქართველოში კარგად გვესმის რას ნიშნავს რუსეთის აგრესია. ჩვენ ჯერაცარ მოგვიშუშებია 2008 წლის რუსეთთან ომით მიღებული ჭრილობები.კონკრეტულად საქართველოს თანაგრძნობა რაში გამოიხატება?
ჩვენ მიმართ ყველაზე დიდ თანაგრძნობას იჩენენ პოლონეთი და საქართველო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ჩამოდის აქ და ურთიერთობა აქვს ჩვენთან.
რაში ხედავთ რუსეთთან კონფლიქტის მთავარ მიზეზს?
პრობლემა ის არის, რომ რუსეთს წარსულის უკან დააბრუნება სურს. ანუ მას უნდა რომ კვლავ ზე-სახელმწიფოდ იქცეს. ხოლო იმისთვის, რომ ზე-სახელმწიფოდ იქცეს, მას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნება სჭირდება. ეს პროცესი დაიწყო ჩეჩნეთით, აფხაზეთით, შემდეგ გაგრძელდა საქართველოზე თავდასხმით, შემდეგ უკრაინაზე გალაშქრებით, იმიტომ, რომ მან აქ ხელჩასაჭიდი ნახა ყირიმის სახით. ყირიმი 1954 წლამდე რუსეთის ფედერაციაში შედიოდა. 1954 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკიტა ხრუშოვის დროს ყირიმი უკრაინას გადასცა.
საბჭოთა ხელისუფლებას უკრაინელების გულის მოგება უნდოდა? თუ რატომგადასცა მათ ყირიმი?
არა, ყირიმი ადრე ყირიმელი თათრებით იყო დასახლებული. სტალინის დროს, როდესაც ყირიმელი თათრები გადაასახლეს, მათ ადგილას ჩაასახლეს უკრაინელები და პენსიაზე გასული რუსი სამხედრო მოსამსახურეები. ასე აღმოჩნდნენ უკრაინელები და რუსები ყირიმელი თათრების ადგილას.
მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ ისევ ჩაეგდო ხელში ყირიმი. მაგრამ აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მან უარი თქვა ბირთვულ იარაღზე. ეს მაშინ, როდესაც უკრაინა რიგით მესამე სახელმწიფო იყო ბირთვული ამერიკისა და რუსეთის შემდეგ. უკრაინის გარდა, ბირთვულ იარაღზე არცერთ სახელმწიფოს არ უთქვამს უარი. უკრაინამ ეს ნებაყოფლობით გააკეთა. იმიტომ, რომ ის მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინის ტერიტორიულ ერთიანობაზე პასუხისმგებლობა შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იკისრეს.
ირონია ის არის, რომ რუსეთი, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გარანტი თვითონ დაესხა თავს უკრაინას და ყირიმი ხელიდან იმ საბაბით გამოსტაცა, რომ თითქოს ეს ყირიმის მოსახლეობის სურვილი იყო. ყირიმში მათ „მწვანე კაცუნები“, ანუ სამხედრო სპეციალისტები გამოგზავნეს თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.
რუსეთი ყირიმს არ დასჯერდა და ახლა ცდილობს აღმოსავლეთის მხარე მოწყვიტოს უკრაინას. დონბასში, ცხადია, თავისი დასაყრდენი ძალები ეგულება.
დონბასში არის ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა ცხოვრებისეული პირობებით. უკრაინას შეეძლო და ახლაც შეძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას, რუსეთი რომ არ შემოჭრილიყო ჩვენს ქვეყანაში. რუსეთი აცხადებს, რომ ის ომს არ აწარმოებს, რომ თითქოს უკრაინაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი უკრაინის მოქალაქეებსა და იმ ხალხს შორის, რომელთაც უნდათ უკრაინის მიწა-წყალზე შექმნან დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა. თითქოს რუსეთი ამ ყველაფერში მონაწილეობას არ ღებულობს. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშ მითხარით, ეს ასობით ტანკი საიდან გაჩნდა დონბასში? ვინ მისცა სეპარატისტებს ეს ტანკები? მაღაზიაში იყიდეს? ხომ აშკარაა, რომ მათ ტექნიკით რუსეთი ამარაგებს. სხვანაირად როგორ გაჩნდებოდა სეპარატისტების ხელში ისეთი თანამედროვე სამხედრო მოწყობილობები, როგორიცაა „გრადი,"„უროგანი,"„სმერჩი“, რომელიც რუსეთის ჯარის აღჭურვილობის ნაწილია. ასევე სამხედრო ექსპერტებიც რუსეთიდან არიან. მოსკოვი ამბობს, რომ რუსი სამხედროები არ იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე. თუ ეს ასეა, რატომ მიაქვთ რუსეთში კუბოები და ცხედრები? თანაც დაღუპულ სამხედროებს თავიანთი სახელით კი არ მარხავენ, არამედ ნომრით, იმისათვის, რომ გასაიდუმლოებული იყოს, ვინ არის იქ დამარხული. დაღუპულების დედებს ეუბნებიან, რომ არ გათქვან, სად დაიღუპნენ მათი შვილები, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღებენ სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას. ყოველივე ეს იმას მოწმობს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის მიწა-წყალზე იმყოფება და ის ამარაგებს სეპარატისტებს იარაღით.
იმასაც ამბობენ, რომ იარაღის შემოსატანად რუსეთი ჰუმანიტარული ტვირთითდატვირთული მანქანების კოლონებსაც იყენებს...
მათ თეთრად გადაღებეს ასობით „კამაზის"ტიპის სატვირთო მანქანა, თითქოს ჰუმანიტარული დახმარება გადმოჰქონდეთ უკრაინაში. ფაქტობრივად ამ მანქანებით შემოაქვთ იარაღი. თუ მათ მართლა დახმარების გაწევა უნდათ, უკრაინა ამის წინააღმდეგი არ არის. მაგრამ უკრაინა ითხოვს, რომ ჰუმანიტარული დახმარება წითელი ჯვრის ორგანიზაციამ გააკონტროლოს. ისინი წინააღმდეგი არიან ასეთი კონტროლისა, საერთაშორისო წითელ ჯვარს ამის უფლებას არ აძლევენ. ამავე დაცლილი მანქანებით უკრაინიდან სამხედრო ქარხნების მოწყობილობები გააქვთ. ისინი უკრაინაში შლიან სამხედრო ქარხნებს და დაშლილი სამხედრო მანქანა-დანადგარები რუსეთში მიაქვთ. ამიტომ არ უნდათ, ვინმემ გააკონტროლოს ეს მანქანები. ერთხელ საერთაშორისო ჟურნალისტებს მისცეს უფლება, შეემოწმებინათ ერთი თუ ორი სატვირთო მანქანა. აღმოჩნდა, მანქანაში იყო მარილი და წყალი. სხვა სატვირთო მანქანების გაჩხრეკის უფლება მათ არ მისცეს. დასკვნა ასეთია -რუსეთი განუწყვეტლივ ამარაგებს იარაღით ტერორისტ სეპარატისტებს.
დონბასი რომ ხელში ჩაიგდოს რუსეთმა, ამას დასჯერდება და გაჩერდება?
არა! ახლა რუსეთმა მიზნად დაისახა კორიდორი გაჭრას აზოვის ზღვის გაყოლებაზე ყირიმის მიმართულებით. რატომ? იმიტომ, რომ ყირიმის ოკუპაციის შედეგად ნახევარკუნძულის მოსახლეობა შავ დღეში აღმოჩნდა. არა აქვთ საკმარისი სასმელი წყალი, ელექტროენერგია, საკვები პროდუქტები. არ გააჩნიათ რუსეთთან სახმელეთო გზა, რომ იქიდან მიიღონ დახმარება. თავიდან იფიქრეს ნახევარკუნძულს ბორნით მოამარაგებდნენ, მაგრამ ბორნით ამდენი მომარაგების გადაზიდვა შეუძლებელია. ამიტომ უნდათ, აზოვის ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე გაიკეთონ ყირიმთან დამაკავშირებელი გზა. ამიტომ გაგზავნეს იქ ასი ტანკი, აიღეს ქალაქი ნოვოაზოვსკი, ახლა უახლოვდებიან მარიუპოლს. მარიუპოლში ხალხი ფეხზე დადგა, დაიწყეს სანგრების თხრა, გამოსვლების მოწყობა, არ უნდათ რუსების შეშვება. ახლა იქ დაპირისპირებაა. პუტინს სურს, დონბასის შემდეგ ხელში ჩაიგდოს სამხრეთ უკრაინა: ზაპოროჟიე, ნიკოლაევი, ხერსონი, ოდესა და შეუერთდეს დნეპრისპირეთს. მომდევნო გეგმებში შედის რუმინეთის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების დაპყრობა. ამის შესახებ პუტინმა პოროშენკოს პირდაპირ განუცხადა. მას უთქვამს ორ დღეში ავიღებო ბუქარესტს, ვარშავას, ვილნიუსს, რიგასა და ტალინს. კიევის აღებაზე ორი კვირა დამჭირდებაო. ასე რომ, პუტინი სულაც არ მალავს აგრესიულ მისწრაფებებს არამარტო უკრაინის, არამედ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც.
პუტინი ახლა იმით სარგებლობს, რომ რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში არც ევროკავშირში და არც ნატოს მოკავშირეებს შორის ერთობა არ არის. ამიტომაც უკრაინა მარტო ებრძვის რუსეთს და რუსეთის მიერ წაქეზებულ სეპარეტისტებს. ევროპა თანაუგრძნობს უკრაინას, ძალიან თანაუგრძნობს: აძლევს ჰუმანიტარულ დახმარებას. მაგრამ მას არ სურს უკრაინისთვის ისეთი დახმარების გაწევა, რომ მან შეძლოს აგრესორის შეჩერება. რატომ არ სურს? იმიტომ, რომ არ სურს ომის გაჩაღება. ითხოვს მოლაპარაკების გზით ამ კონფლიქტის მოგვარებას. უკრაინაც ყველაფერს აკეთებს, რათა მშვიდობიანი მოლაპარაკებებით ამოიწუროს კონფლიქტი. პოროშენკო, ჩვენი პრეზიდენტი, შეხვდა მერკელს, პუტინს, ევროკავშირის წარმომადგენლებს. ასე რომ, უკრაინა მშვიდობიანი გზის მომხრეა. მინსკშიც იყო შეხვედრა ეუთოს, უკრაინის (იქ კუჩმა იყო ჩასული) და ასევე, ეგრეთ წოდებული, სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლების. მინსკში შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, დაზავებაზე. უკრაინა ასრულებს შეთანხმებას, ისინი კი, არღვევენ. ჩვენი ეროვნული გვარდიის ცნობით, სეპარატისტებმა, შეთანხმების მიუხედავად, სულ რაღაც ათი დღის განმავლობაში უკვე 400-ჯერ გახსნეს ცეცხლი.
ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი აგრესორია და უსირცხვილოდ ცრუობს. აქედან ის თავს ვერ დაიძვრენს. ყველასთვის აშკარა გახდა, რომ რუსეთს ვერ ენდობი. რუსეთმა ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომ იქნებოდა გარანტი. ხელი მოაწერა და დაარღვია.
ის, რასაც ახლა პუტინი აკეთებს, ძალიან ჰგავს იმას, რასაც ჰიტლერი აკეთებდა ევროპაში. როგორც ჩანს ისტორიიდან გაკვეთილებს ვერც ევროპა სწავლობს და ვერც დანარჩენი მსოფლიო.
ახლა, პუტინი აშკარად იტყუება, მთელი მსოფლიოს გასაგონად, ამბობს, არ ვომობო. არადა, ომობს. ასეთ პირობებში ევროპა გადამწყვეტ ზომებს რომ არ ღებულობს, ეს დანაშაულის ტოლფასია. თავიდან ჰიტლერმაც ჯერ ავსტრია აიღო მერე სუდეტები ჩეხეთში. მაშინ ევროპა ხმას არ იღებდა და ამას იმით ამართლებდა, რომ ავსტრიაშიც და სუდეტებშიც გერმანულენოვანი ხალხი ცხოვრობდა. ამის გამო ჩათვალეს, რომ არ ღირდა ჰიტლერთან დაპირისპირება. რაკი ჰიტლერს ეს გაუვიდა, მან ჯერ ჰოლანდია დაიპყრო, მერე დანია და მერე მათ მთელი ევროპა მიაყოლა. ხელი ევროპის დუმილმა შეუწყო. ჰიტლერთან მოლაპარაკების შემდეგ ჩემბერლენმა ბრიტანელებს აუწყა მშვიდობა მოგიტანეთო. მაშინაც მშვიდობიანად უნდოდათ მოეგვარებინათ კონფლიქტი აგრესორთან. აგრესორებს, სინამდვილეში, მხოლოდ ძალისა ეშინიათ და ამიტომ აგრესია ყოველთვის ჩანასახშივე უნდა მოისპოს. თუ ეს ასე არ მოხდა, აგრესორი უფრო გაძლიერდება და უფრო მეტ უბედურებას დაატრიალებს. ასე გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომი. აგრესორთან მოლაპარაკებით ჩემბერლენმა მშვიდობა მოიპოვა?! მშვიდობის მაგივრად ომი მიიღო. იგივე შეიძლება მოხდეს პუტინთან მიმართებაშიც. პუტინი ხედავს, რომ ყირიმი მიითვისა, გაუვიდა, ახალა დონბასის ჯერია და უკრაინა დათმობაზე მიდის. ევროპას ყველაფრის მშვიდობიანი გზით მოგვარება იმიტომ უნდა, რომ იგი ფინანსურად და ეკონომიკურად რუსეთთან არის დაკავშირებული და არ უნდა ფინანსური და ეკონომიკური უპირატესობების დაკარგვა. პუტინი ხედავს, რომ ჩეხეთი მას მხარს უჭერს, ასევე საფრანგეთი, გერმანია. სანქციებზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ არ ახორციელებენ. თუ ახორციელებენ მხოლოდ ცალკეული პირების წინააღმდეგ: ვიღაცას ევროპაში არ უშვებენ, ვიღაცას -ამერიკაში. ეს კი რუსეთზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. ამერიკა, ევროპასთან შედარებით, უფრო გაბედულად იქცევა, როგორც უკრაინის დახმარების, ასევე აგრესორთან დამოკიდებულების საქმეში. სამწუხაროდ, ამერიკასა და ევროპას შორის ამ საკითხზე სრული თანხმობა არ არის. ამერიკას უფრო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა უნდა, მაგრამ მას აკავებს ევროპა. პუტინიც ამით სარგებლობს. არც ევროპას, არც ამერიკას და, ცხადია, არც უკრაინას, არ სურთ მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ თავიანთი მოქმედებებით ისინი გზას უმზადებენ ომს. მესამე მსოფლო ომის დაწყება დამოკიდებული იქნება არა ევროპასა და ამერიკაზე, არამედ რუსეთზე. ამ ომს რუსეთი დაიწყებს.
რატომ ფიქრობთ, რომ რუსეთი მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს?
მოდით დავუკვირდეთ. პუტინმა თვითონ თქვა, რომ მას შეუძლია ნატოს წევრ ქვეყნებს დაესხას თავს. თუ ის ამას გააკეთებს, ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება. თუ არ მოხდა აგრესიის ჩანასახოვან ეტაპზე განადგურება, ეს ხელს შეუწყობს, მესამე მსოფლიო ომის მომზადებას.
თქვენი აზრით ამ კონფლიქტებში რა როლს თამაშობს რუსეთისმართლმადიდებელი ეკლესია?
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სრულად არის დამოკიდებული რუსეთის სახელმწიფოზე და სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე. ეს ყოველთვის ასე იყო, და ახლაც ასეა. რუსეთის ეკლესია ხედავს, რომ მოძმე მართლმადიდებლებს ხოცავენ, მაგრამ მას არ შეუძლია სიტყვა დაძრას პუტინის წინააღმდეგ. ცხადია, მას არ შეუძლია სიმართლის თქმა, მაგრამ სიმართლის თქმას ვინღა ჩივის, რუსეთის ეკლესია იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებს აგრესიის გასამართლებლად. როგორ ამზადებს? პატრიარქი კირილე უკვე რამდენიმე წელია ქადაგებს „რუსულ მშვიდობას“. „რუსული მშვიდობის"იდეოლოგია ქადაგებს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია. გამოდის, უკრაინელები ერს არ წარმოადგენენ. პუტინს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ არ არსებობს არანაირი უკრაინის სახელმწიფო, არანაირი უკრაინული ენა და ის, რასაც უკრაინულ ენას ეძახიან, სინამდვილეში ერთიანი რუსული ენის დიალექტია მხოლოდ. ამავეს ქადაგებს რუსეთის ეკლესიაც. გამოდის, ეკლესია ინფორმაციულ ბრძოლას აწარმოებს თავისი თანამოძმეების წინააღმდეგ. არამარტო მოსკოვში, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინელ მართლმადიდებლებსაც არ შეუძლიათ სიმართლის თქმა. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი სამშობლოს დასაცავად დადგნენ, ამბობენ, ჩვენ მშვიდობისთვის ვლოცულობთო. კი მაგრამ რომელ მშვიდობაზეა აქ ლაპარაკი? ჩვენ გვინდა სამართლიანი მშვიდობა და არა ოკუპაციისა და მონობის მშვიდობა. აი, ასეთ როლს თამაშობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
თუ მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დადებით როლს ასრულებდა ფაშისტი აგრესორებისაგან სამშობლოს დასაცავად, ახლა რუსული ეკლესია აგრესორების სამსახურში დგას.
პუტინი თავს მორწმუნე ქრისტიანად მიიჩნევს. მასთან პირისპირ შეხვედრისშესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ეტყოდით როგორც მართლმადიდებელიმოძღვარი?
არ ვიცი პუტინს რას ვეტყოდი, ანდა ის თვითონ თუ მოისურვებდა ჩემთან შეხვედრას. მე პუტინის შესახებ გავაკეთე განცხადება, სადაც მას ვუწოდე ახალი კაენი. კაენი რატომ? იმიტომ, რომ პუტინი ხოცავს თავის ძმებს. თუ შენ ამბობ, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, მაშ რატომ ანადგურებ მათ? გარდა ამისა პუტინი ცრუობს, ზუსტად ისე, როგორც კაენმა იცრუა, როცა უფალმა ჰკითხა მას - „სად არის შენი ძმა აბელი?", მაშინ კაენმა უპასუხა: „რა ვიცი, მე ჩემი ძმის გუშაგი ხომ არა ვარ!" კაენმა უფალს ტყუილი უთხრა, პუტინი მთელ მსოფლიოს ეუბნება ტყუილს. ამიტომ არის პუტინი ნამდვილად ახალი კაენი. რაკი პუტინი ქრისტიანია, მას უნდა სწამდეს მარადიული ცხოვრება და ასევე საშინელი სამსჯავრო. ამ საშინელ სამსჯავროზე ის პასუხს აგებს ძმათამკვლელობის გამო. მე მას ახალი კაენი ვუწოდე, რათა გონს მოეგოს, ვიდრე ცოცხალია და გვიანი არ არის, რადგან თუ სიკვდილმა უწია, თავს ვეღარაფრით იმართლებს.
ძალიან ბევრი მორწმუნე საქართველოში, ევროპაში, ამერიკაში სრულსოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდსახელმწიფოსთან ომის პირობებში იმყოფება. რა შეუძლიათ მათ გააკეთონუკრაინისთვის ამ პირობებში?
ჩემი თხოვნაა, რომ მორწმუნეებმა ევროპაში და ყველგან, ილოცონ და ღმერთს შეევედრონ, რადგან ყველაფერი -უპირველეს ყოვლისა, არა ჩვენზე, არამედ ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. ყველა ომისა და უბედურების სათავე არის ცოდვა. ამიტომ გვმართებს ლოცვა, რომ გვეპატიოს ცოდვები და ღმერთმა გვიწყალობოს მშვიდობა. მეორე, საჭიროა გაჭირვებული დებისა და ძმებისათვის დახმარების აღმოჩენა. მესამე -აგრესორის შეჩერება. ხალხმა უნდა მოითხოვოს თავიანთი მთავრობებისა და პარლამენტისგან, ხელი შეუშალონ აგრესორს და არ დაუშვან მესამე მსოფლიო ომი. ჩვენ გვეშინია მესამე მსოფლიო ომისა, მაგრამ ჩვენ შიშში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი არ მოხდეს. მისი თავიდან აცილება მხოლოდ აგრესორის შეჩერებით შეიძლება.
* * *
ინტერვიუ დავამთავრეთ. პატრიარქმა მე და არქიმანდრიტი კირიონი კარებამდე მიგვაცილა და გულთბილად დაგვემშვიდობა. საპატრიარქო დარბაზიდან რომ გამოვედით, მისი მისაღები ოთახი სავსე იყო. უამრავი ადამიანი ელოდებოდა პატრიარქთან შეხვედრას.
გარეთ მოღუშული ამინდია, წვიმა წვრილად ცრის. ვჯდები სერიოჟას მანქანაში და ჩემთვის ვფიქრობ: „როგორ გაუმართლათ უკრაინელებს, რომ ასეთი პატრიარქი ჰყავთ! ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს თავისუფალი ევროპული ქვეყნების სამეგობროს ნაწილად ყოფნას".
Комментариев нет:
Отправить комментарий