суббота, 19 июля 2014 г.

ისტერიული რუსოფილია საქართველოში


თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, ბოლო დროს, საკმაოდ აქტიური გაფაციცებით შეინიშნება ერთობ არაადეკვატური და ამაზრზენად ფამილარული დამოკიდებულება კრემლის ისტაბლიშმენტისა და რუსული „ძერჟავის“ მიმართ. ტენდენცია შემდეგში მდგომარეობს: რამდენიმე „არასამთავრობოს“ სახელს ამოფარებული ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია დაუფარავად ეწევა „უძლეველი და წმინდა რუსეთის“ საკრალიზაციასა და რეკლამირებას. საწყისშივე უნდა ითქვას, რომ მკრეხელობა და ცინიზმია, როცა ისინი ამ „გამაჯანსაღებელ“ პროცესს „მართლმადიდებლობის“ ეგიდით ახორციელებენ. შესაბამისად, მათი მხრიდან, პარალელურ რეჟიმში, პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით მუდმივად მიმდინარეობს დასავლეთის ისტერიული დემონიზაცია, სადაც ვითომდა ზნეობრივი თუ სულიერი საზრდო არ მოიპოვება. ამგვარად შეფუთული სიცრუით, ემოციური ტემპერატურის აწევითა თუ მორალურად სენსიტიური საკითხების ტირაჟირებით ხშირ შემთხვევაში ხდება გულწრფელი ხალხის სრული ზომბირება და ინტოქსიკაცია.

ზემოთ, ჩვენი სანუკვარი სარწმუნოება – მართლმადიდებლობა ვახსენე და ბარემ აქვე დავძენ, რომ მე, როგორც პროფესიით თეოლოგი, მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ წმინდა წერილის, კანონიკური სამართლისა და ზოგადად ეკლესიოლოგიის საკითხებში, რომლის გათვალისწინებითაც, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მოსკოვის საპატრიარქო თითქმის უკვე სრულებით აცდენილია ქრისტიანობის ძირითად არსსა და იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რამაც მაცხოვრის ჭეშმარიტი სიტყვა უნდა დაამოწმოს დედამიწაზე. მწუხარებით შევნიშნავ, რომ რეალურად, რუსეთის ეკლესია გადაიქცა კრემლის აგრესიული პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად, იდეოლოგიურ მანქანად, რომელსაც უკიდურესად ეთნო–ნაციონალისტური და ფაშისტური ზრახვები ამოძრავებს. სინამდვილეში ფილეტისტური, ცრუ–მესიანისტური, ქსენოფობიური და შოვინისტური იდეოლოგიის ომახიანი ქადაგება, პირდაპირ წინააღმდეგობაშია მაცხოვნებელ, ანუ ქრისტიანულ ცნობიერებასთან. ასეთი დამღუპველი მექანიზმის წახალისება თავის მხრივ წარმოადგენს იდეოლოგიურ და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის გამოგონება. ჭეშმარიტი რწმენა კი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს იდეოლოგიად. დაუშვებელია რელიგიის იდეოლოგიზირება, რომელიც ტოტალიტარულად ზემოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე.
ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქ კირილეს ადმინისტრაციული აპარატი აბსოლუტურად მოწყვეტილია სამართლიანობისა და ძმადმოყვარების ელემენტარულ სულისკვეთებას, რაც გამოიხატება თუნდაც ლოკალურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეპარქიებში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა ჩვეულებრივ არათანაბარ პირობებში წარმოებს და იგი მოკლებულია პატივისცემის იოტისოდენა წესებსაც კი.
გულწრფელად და დანანებით უნდა ითქვას, რომ ამჟამად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა არც თუ ისე მცირე ნაწილიც, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, პრორუსული ორიენტაციის მიმდევარია. სამწუხაროდ, სასულიერო დასიდან ზოგიერთი ავტორიტეტული პიროვნება, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ჩრდილოეთის პოლიტიკურ ვექტორს ერთადერთ გადამრჩენელ პლათფორმად მოიაზრებს. ამ ფონზე, მეტად დისონანსურ ირონიასა და უცნაურ სინამდვილეს ვაწყდებით: – წმ. სინოდმა, ბოლო წლებში ერთხმად მოახდინა იმ პირთა კანონიზირება, რომელნიც რუსული ანექსიისა და რეპრესიების მსხვერპლნი იყვნენ სხვადასხვა დროს, უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე. ამდენად, საინტერესოა, მოქმედი მღვდელმთავრები (ამასთან, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც რუსიფიკაციას ეშურება) თავიანთი რუსოფილური მისწრაფებებით თუ რას პასუხობენ იმპერიალისტებისაგან დამცირებულ შემდეგ სასულიერო მოღვაწეებს: წმ. ანტონ II-ს, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსს, წმ. ძმებ კარბელაშვილებს – მღვდელმოწამეთ: ანდრია და პეტრე, წმიდა მღვდელმთავარ სტეფანე, ფილიმონ, პოლიევქტოს აღმსარებელთ; წმ. კირიონ II-ს, წმ. ამბროსი აღმსარებელს, წმ. ალექსანდრე აღმსარებელს, წმ. ილია მართალს, წმ. ნაზარის და მასთან ერთად წამებულ დეკანოზებს – გერმანესა და იეროთეოსს, მღვდელ სიმონს, პროტოდიაკონ ბესარიონს; წმ. ექვთიმე აღმსარებელს, წმ. დიმიტრი ყიფიანს, წმ. დოსითეოზ ქუთათელს, წმ. ექვთიმე გაენათელს, წმ. ექვთიმე ღვთისკაცს, წმ. გიორგი და წმ. იოანე ბეთანიელ აღმსარებელთ, წმ. გაბრიელ აღმსარებელსა და ღვთისათვის სალოსს და მრავალ სხვას რუსთაგან წამებულსა და გადასახლებულს, დახვრეტილს, დევნილსა და შეურაცხყოფილს (შეუძლებელია იმ 850 ეკლესია–მონასტრის დავიწყებაც, რომელიც ავტოკეფალიის წართმევისა და ეგზარქოსობის პერიოდში დაიხურა, ვანდალურად დაზიანდა და გაიძარცვა); აგრეთვე, უამრავ ღირსეულ საერო მოღვაწესა და მამულიშვილს: ტიციან ტაბიძეს, გიორგი ლეონიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, პაოლო იაშვილს, ვახტანგ კოტეტიშვილს, დიმიტრი შევარდნაძეს, კოტე მარჯანიშვილს, სანდრო ახმეტელს, ევგენი მიქელაძეს, იაკობ გოგებაშვილს, ლადო გუდიაშვილს, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ანწუხელიძეს და მრავალ სხვას. ნუთუ არ რცხვენიათ მათი უკვდავი და გასხივოსნებული სულების წინაშე?! ნუთუ ავიწყდებათ აფხაზეთის მოურჩენელი ტკივილი და სამაჩაბლოს მოუშუშუებელი იარა?! ამ ტრაგედიათა გამოისობით ხომ სადღეისოდ, ჯამში, 450 000 დევნილი, იძულებით გადაადგილებული და ბრძოლის ველზე მომწყდარი უამრავი ჩვენი თანამემამულის სული და გული კვნესით შეღაღადებს უფალს. ყოველივე ამის არდამნახავი მავანი ან განზრახ ყიდის სამშობლოს, ანდაც საკუთარ სიმხდალეს ვერ ერევა და დაჩიავებულ პოზაში ამჯობინებს დგომას, რაც თავისთავად ირიბი ღალატია და მეტი არაფერი.
გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ძლევის მანიით შეპყრობილ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, სხვა ნებისმიერ სუვერენულ სუბიექტთან არ ძალუძს თანაბარ პირობებში დიალოგის კეთილსინდისიერად წარმოება. როგორც ისტორიის სიგრძეზე, ისე აწმყოშიც, მსოფლიო საზოგადოება არაერთგზის მომსწრე გამხდარა რუსეთის მხრიდან ამა თუ იმ შეთანხმებისა და ხელშეკრულების უხეშად ხელყოფისა, რის გამოც მას ყველაზე არასაიმედო და არამდგრად პარტნიორად მოიზრებენ.
ცივილიზირებული სამყაროს მხრიდან გამოხატული არგუმენტირებული და საფუძვლიანი გულისწრომის მიუხედავად, ჩენი ერის გარკვეული ნაწილი მოცემულ რეალობასა და ფაქტებს სიმპტომურად არ იმჩნევს, ჯიუტად ადგას კოლაბორაციონისტი და ორპირი წინაპრების ეგოისტურ კვალს, სირაქლემასავით ქვიშაში თავს რგავს და ობლის ფსიქოლოგიით განმსჭვალული, მშველელად კვლავაც ბარბაროსთა ჩექმას მიიჩნევს, რაც პირადად ჩემთვის სავსებით გაუგებარ და აღმაშფოთებელ ფენომენს წარმოადგენს. არადა დამპყრობლის მიზანი ხომ ყოველთვის ნათელი იყო – მოესპო ყოველივე ქართული და ექსპანსიური თუ ძალადობრივი გზით გაენადგურებინა ჩვენი იდენტობა. ჯერ კიდევ ერეკლე II-ის დროს, გრაფი ნიკოლოზ პანინი აღტკინებით წერდა გენერალ ტოტლებენს: „ყველაფერი ისე გააკეთე, რომ სული იყოს აქაური (ე.ი. რუსული), სხეული კი – ქართულიო“
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელიც გახლავთ ერთპიროვნული ავტორი ნორდ–ოსტის, ბესლანის, ორჯერ ჩეჩნეთის უსასტიკესი ომის, აგვისტოს მოვლენების, ლიტვინენკოსა და ესტემიროვას ლიკვიდაციის, სირიის კრიზისის, ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომის და სხვა მრავალი ბოროტებისა, ხმამაღლა შევახსენებდი წინასწარმეტყველის ბიბლიურ გაფრთხილებას: – ,,შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ” (იერ. 15,6). ხოლო მთლიანად „ძერჟავნიკულ“ რეჟიმსა და დანაშაულებრივ ხელისუფლებაზე კი აღსრულდება კვლავაც ბიბლიური სიტყვების გარდაუვალი ჭეშმარიტება: „რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს. რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ“ (ამოსი 5, 11-12).
P.S. მე, პატივს ვცემ რუს ერს, როგორც ჩემს მოყვასს; ვეტრფი რუსულ ლიტერატურას, პოეზიას, მუსიკას, მხატვრობას; ვაფასებ მათ წმინდანებსა და ღვთისმეტყველებს, რომელნიც ერთიანი საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობნი არიან, ასევე არ ვემხრობი სიძულვილის რიტორიკასაც, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ: რუსიფიკატორულ იმპერიალიზმს, კოლონიალიზმს და „მესამე რომისეულ“ იდეოლოგიას, რომელიც გავლენის სფეროების მოხვეჭასა და აბსოლუტური ძალაუფლებისა და ანტიადამიანური წესრიგის ჰეგემონიზირებას დაუფარავად ეწევა მთელს პლანეტაზე.
                                                                                                                     

 გიორგი ტიგინაშვილი

 (ივრისპირელი), მწერალი, 
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.


წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий