„ნებისმიერ მხარეს თავისი დიალექტი, ხოლო ნებისმიერ ლამას თავისი საკუთარი რელიგია აქვს!“ – ტიბეტური სიბრძნე.
რაზე ვაპირებ საუბარს? როგორც სათაურიდან ჩანს, მარტივად და ერთმნიშვნელოვნად, რელიგიის მეცნიერებაზე, რელიგიის მეცნიერების რაობაზე და მის აუცილებლობაზე, ამ საგნის სუბიექტურ, ზოგადმეცნიერულ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საჭიროებაზე; გნებავთ, აუცილებლობაზე, რელევანტურობაზე…
ესაა საჯარო ბიბლიოთეკაში წაკითხული მოხსენების ანუ საუბრის წერილობითი ვერსია. მკითხველის შენიშვნებს და კომენტარს დიდი სიამოვნებით მივიღებთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ.
„რელიგიის მეცნიერება“ ეს სახელდება, გერმანული დედნის – Religionswissenschaft -ის ზუსტი თარგმანი (თუ კალკი?) საგანგებოდ ავირჩიე, ავირჩიე ალბათ არა სამუდამოდ, გზადაგზა სხვა სახელდებებსაც შემოგთავაზებთ. ამ არჩევანით მინდოდა მეჩვენებინა, რომ რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება (რშმ) ამ მოხსენებაში იქნება პრეზენტირებული ისეთი სახით, როგორიც ისაა ოქციდენტალურ ანუ დასავლურ აკადემიურ სამყაროში. პარალელურად შესაძლებელია გამოვიყენოთ აგრეთვე „რელიგიათმცოდნეობა“, „რელიგიოლოგია“ და მსგავსი სახელდებები…
ჩვენ ზუსტი თარგმანი ვამჯობინეთ, რადგან გსურს ვისაუბროთ იმ მეცნიერებაზე, რომელიც დასავლურ უნივერსიტეტებში ცნობილია, როგორც
‘რელიგიის მეცნიერება’, გერმ. Religionswissenschaft და ინგლ. Religious Studies …
ჩემი პირადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ საქართველოში ეს მეცნიერება უცნობია და „რელიგიათმცოდნეობა“ ზოგ შემთხვევაში ესმით, როგორც თეოლოგია, ზოგ შემთხვევაში კიდევ როგორც რელიგიის კრიტიკა. ზოგჯერაც ამ ორი მეზობელი დისციპლინის ნაზავი. 1993 წლიდან თითქმის გასული საუკუნის ბოლომდე მეც გახლდით თსუ ‘ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის’ თანამშრომელი. ჩვენთან ფუნქციონირებდა აგრეთვე ‘რელიგიის პრობლემების კვლევის რესპუბლიკური ცენტრი’ და სიმართლე რომ ითქვას, საკმაოდ ძალუმად იგრძნობოდა რელიგიის შესწავლის მეცნიერული მუხტი, მაგრამ იქ თანდათან გაიმარჯვა რელიგიის ფენომენისადმი იდეოლოგიურმა დამოკიდებულებამ ანუ საღვთო სჯულის სწავლების ტენდენციებმა(ეს კიდევ საკითხავია, რა საღვთო სჯული იყო). კათედრამ აიღო საეკლესიო სკოლის ფუნქცია და კანონზომიერია, მოგვიანებით ჩაილურის წყალიც დალია …
ამიტომაა ჩემი დამოკიდებულება „რელიგიათმცოდნეობისადმი“ არაერთგვაროვანი და ვაძლევ შანსს სხვა სახელდებებსაც.
თავიდანვე უპირველესი და საჭირო თუ არასაჭირო განმარტება: ჩემი საუბარი არაა რელიგიური, არამედ შემეცნებითი, საგანმანათლებლო და თუ ხმამაღლა ნათქვამი არ გამომივა, მეცნიერული ღონისძიება. ან სიტყვა ერთი კონკრეტული მეცნიერების შესახებ. მე არ წარმოვადგენ არცერთ რელიგიურ პარტიას. ჩემი მიზანია რელიგიის მეცნიერების პრეზენტაცია, საჯარო გაცნობის ხელშეწყობა და მისი კონტურების დადგენა. ამდენად, მოხსენება მის პირველ ნაწილში ყოველშემთხვევაში ინფორმაციული ხასიათის მატარებელია. სრული, ზუსტი და შემაჯამებელი ინფორმაციის შემდეგ შესაძლებელია ინტერპრეტაციაზეც დავფიქრდეთ.
შევეცდები ვისაუბრო უბრალო და ნათელი ენით. ვისაუბრო წიგნიერი, აკადემიური წინადადებებით და გამართული ქართულით.
წიგნიერი წინადადება კარლ პოპერისეული გაგებით, შემოწმებადი წინადადებაა. მე რომ გითხრათ, მაგ: იოანე მახარებელს რომ კუნძულ პატმოსზე უფალი გამოეცხადა, მაშინ… ეს არაშემოწმებადი, შეიძლება თეოლოგიურად გამართული და მორწმუნისათვის მისაღები წინადადებაა, მაგრამ ემპირიულად შეუმოწმებადია, ვერ დამტკიცდება და ვერიფიკაციის პრობლემას წარმოშობს…
ერთი სიტყვით, მე უნდა დავემორჩილო მეცნიერების ‘კანონებს’ , ისევე , როგორც ღვთისმსახური უნდა დაემორჩილოს საეკლესიო ნომოკანონს.
რელიგიის მეცნიერების ანუ ასე ვთქვათ, რელიგიოლოგიის შესწავლის ობიექტი რასაკვირველია, უკვე მიხვდით, რომ არა ღმერთი და გამოცხადება, არამედ რელიგიაა. თუ რა იგულისხმება რელიგიაში, ეს უკვე უსასრულო საუბრის თემაა. ჩვენ შეგვიძლია რასაკვირველია, რელიგიაზე მხოლოდ არარელიგიურად, რელიგიის მეცნიერეულ კონსტრუქციაზე გესაუბროთ.
მე ვიცი, რომ თქვენ აქ მოგიყვანათ რელიგიის ფენომენის მიმართ ინტელექტუალურმა, შემეცნებითმა ინტერესმა და არა ასე ვთქვათ, რელიგიურობამ ანუ რწმენითმა ჰაბიტუსმა… თუმცაღა შესაძლოა თქვენს შორის ღრმად რელიგიური ადამიანებიც იყვნენ, რაც თქვენი პირადი საქმეა.
შესაძლოა სიტყვა „რელიგია“ მე და თქვენ სხვადასხვაგვარად გვესმოდეს. მე მაგ. ვგულისხმობ რელიგიას მხოლობითში, რელიგიას სუბიექტურად, როგორც ადამიანის თუ ადამიანობის რაღაც უნივერსალურ უნარს, ლტოლვას სიწმინდისაკენ …თქვენ კი ანუ მსმენელს ყური და წარმოდგენა გაგირბით ე.წ. ისტორიულ რელიგიებზე ანუ რელიგიის ისტორიულ ფორმებზე, როგორიცაა მაგ. მაზდეანობა, ქრისტიანობა, ან ახალი თუ XX საუკუნის რელიგიები, შტაინერიანობა, ნეოპაგანიზმი და სხვ.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ეპოქაში ჩვეულ ამბად იქცა „რელიგიის წინასწარდადგენილი, ინსტიტუიზირებული ფორმიდან გადახვევა და რელიგიის ნარევი, მიქსი, დიფუზია, არასტაბილური და სუბიექტური ფორმაც დღეს რელიგიად გვევლინება. ინდივიდს დღეს მეტ თავისუფლებასთან და არჩევანთან ერთად მეტი პასუხისმგებლობაც ეკისრება თავის რელიგიურ არჩევანში და საქმიანობაში. ეს ყოველივე იურიდიულად, კანონით რეგულირდება. აღსანიშნავია, რომ რომაელებმა თავიდანვე religio უმაღლეს ცნებას და სიქველეს - Justitia –ს დაუქვემდებარეს.
“რელიგია”, როგორც ზოგადი, შემკრები, და უნივერსალური ცნება ახალი დროის პროდუქტია. ეს ცნება საკმაოდ გაფართოვდა სადღეისოდ; ამიტომ შევთანხმდეთ, რომ რელიგია იყოს ისაც, რასაც მე რელიგიად მივიჩნევ და ისაც, რასაც თქვენ მიიჩნევთ.
რათა ჩვენი ხედვები კიდევ უფრო დაახლოვდეს, თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ რელიგია არაა რწმენა ან არაა მხოლოდ რწმენა, ეს 2 ცნება ერთმანეთს ვერ ფარავს ბოლომდე. რწმენა რელიგიის პიროვნული განზომილება ანუ დიმენსიაა. ამ დიმენსიას ჩვენ ვტოვებთ თავის ირაციონალურ სამყაროში მშვიდად და ვსაუბრობთ მხოლოდ რელიგიაზე.
მოკლე ექსკურსი სიტყვის ისტორიიდან. დავიწყოთ და მოვრჩეთ ისევ სიტყვით. რელიგია ესაა ლათინური სიტყვა, რომლითაც რომაელები მხოლოდ საკუთარ ‘რელიგიურ’ ტრადიციას აღნიშნავდნენ. ‘რელიგიის’, როგორც ცნების განზოგადება იწყება XVIIIსაუკუნიდან.. ევროპული შუასაუკუნეები საერთოდ არ იცნობს ‘რელიგიას’, იქ ფიგურირებს ‘ფიდეს’ და ზოგიერთი სხვა სიტყვა, მაგ. ‘ლექს’… ‘რელიგია’ იქ მაშინ ნიშნავდა მოწესეობას, ხოლო ცნებით ‘რელიგიოზი’ მოიხსენიებდნენ ბერული მოწესეობის მიმდევრებს…
ქართულ სიტყვიერ მიმოქცევაში ‘სჯულია’ გაბატონებული, შესაბამისად, სხვა კულტურებში სხვადასხვა სიტყვიერი მარგალიტი, მაგ. არაბული ‘დინ’ , რაც დაახლოებით იგივეა, რაც სჯული… ისევე, როგორც ებრაული „დათ“…
ამ სიტყვის ანუ ‘რელიგიის’ ისტორია საუბრის სხვა და ვრცელი თემაა; როგორც შიდარელიგიური ვოკაბულარი, რასაკვირველია მაგ. ცნობილია, რომ აცტეკები თავის რელიგიას მოიხსენიებდნენ სახელით: „თლამანითილითცტლი“ …ჩინურად რელიგიას ერქვა თუ ჰქვია ჯერაც „ჩიაო“, იაპ.: „კიო“, კორეულად: „ჰაკ“ და მონგოლურად „შაშინ“ …მონგოლეთის იქით აღარ წავალ და პირველსავე სიტყვას დავუბრუნდებით. – რა არის ‘რელიგიის მეცნიერება’…
რელიგიის მეცნირება, გნებავთ უწოდეთ რელიგიოლოგია, რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება, რელიგიათმცოდნეობა ან რელიგიისმცოდნეობა, გერმ. Religionswissenschaft, ინგლისურად religious studies არის კულტუროლოგიურ ანუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ოჯახის შედარებით ახალგაზრდა წევრი, ასე, 141 წლის აკადემიური ისტორიით. ეს აკადემიური ისტორია კიდევ საუბრის სხვა თემაა. როგორია რელიგიათმცოდნეობის თვითგაგება და როგორ ესმით თავისი პროფესია ამ მეცნიერულ დარგში მოღვაწეებს. უპ. ყოვლისა, აკადემიური, საუნივერსიტეტო ანუ ინსტიტუიზირებული დისციპლინა, თავისი საუნივერსიტეტო კათედრებით, ინსტიტუტებით, დეპარტამენტებით, პროფესორებით, დოქტორანტებით, სტუდენტებით, ბიბლიოთეკებით, თემებით, სემინარებით, ლექციებით, პრობლემებით და ა.შ. ყველაფერით, რაც კი ცოცხალი აკადემიური მოღვაწეობისთვისაა დამახასიათებელი.
ახლა ამ მეცნიერების ხასიათი და მეთოდოლოგია. რელიგიის მეცნიერება არაა რელიგიური ღონისძიება, არაა რელიგიის პრაქტიცირება, არაა რელიგიის კრიტიკა, არაა რელიგიის ნაწილი ანუ თეოლოგია, არაა რელიგიის ფილოსოფია, მაგ. ფოიერბახის მიმდევრობა, არაა თუნდაც რელიგიის სოციოლოგია ან ფსიქოლოგია.
და რა განასხვავებს ამ დარგებისგან რელიგიის მეცნიერებას? იგი თავის საკვლევ ობიექტს ანუ რელიგიას, რელიგიურ მოვლენებს, რელიგიურ აქტიორებს და ტრანსფორმაციებს შეისწავლის, იკვლევს, აკვირდება ნეიტრალური, ობიექტური და კომპლექსური ხედვით. ფართო ფოკუსით…
„რელიგიის მეცნიერება“ ზოგადი და არაკონფესიური, ზეკონფესიური დისციპლინაა. ზოგადია და მთელი დედამიწის ზურგზე ყველასთვის ერთი და იგივე დარგია. მაგალითისათვის, რელიგიის სფეროში მომუშავე მსოფლიოსთვის შედარებით ცნობილი 2 მეცნიერის, არაბი მეცნიერის თალალ ასადისთვის(ქართული სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი ანთროპოლოგია, რომელიც რელიგიას იკვლევს) და ამერიკელი ნინიან სმარტისთვის. ეს უკანასკნელი, როგორც რელიგიის მეცნიერების პროფესორი კარგა ხანს მოღვაწეობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში.
Asad, Talal, Genealogies of Religion, London, 1993.
Smart, Roderick Ninian, Religion and the Future of Western Civilization, New York, 1981.
ისინი რომ თეოლოგები ყოფილიყვნენ, ერთი მათგანი იქნებოდა სუნიტი, მეორე კი – პროტესტანტი თეოლოგი და ერთმანეთის არსებობას ალბათ ვერც გაიგებდნენ!
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რელიგიოლოგიასა და თეოლოგიას შორის მიჯნის და საზღვრის დასმა, ჩაგდება თუ დაწესება, როგორც გენებოთ. თეოლოგია კონკრეტული, კონფესიურად მიჯაჭვული დარგია, წესით გამოცხადებას ეფუძნება. თეოლოგია თვითონ რელიგიის ნაწილია, მისი თეორიული განძთსაცავი. არ არსებობს „თეოლოგია“ ზოგადად, „ტოპონომიკური“ ანუ კონფესიური ზედსართავის გარეშე: ის ან ორთოდოქსულია, ან კათოლიკური, ან შიიტური ან სუნიტური ან მაჰაიანური…
აქვე დავამატებთ, რომ ლექციის მსვლელობისას, ბატონმა მოდერატორმა, თეოლოგმა დავით თინიკაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ზოგადად ‘ქრისტიანული თეოლოგიის’, როგორც საუნივერსიტეტო საგნის შტუდირებაც მიღებული პრაქტიკაა. რასაკვირველია, ამ კონცეფციის უკრიტიკოდ მიღება და ან თუნდაც კრიტიკა ჩვენ კომპეტენციას აღემატება და ისღა დამრჩენია , ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს წარმატება და სტუდენტების სიმრავლე ვუსურვო!
თეოლოგიები რელიგიურ კონფესიებს შიდაპერსპექტივის, საკუთარი თვითწარმოდგენის თანახმად გვასწავლიან თუ გვიხსნიან, ხოლო რელიგიის მეცნიერება რელიგიებს, რელიგიის სფეროს ზოგადად გარე-პერსპექტივის პრინციპით განიხილავს.
გარდა ამისა, მნიშველოვანია ვიცოდეთ, რა მიჯნებია დადგენილი სხვა მეცნიერებებთან; კარგად მოგეხსენებათ, რომ არაერთი სოციალური თუ ჰუმანიტარული მეცნიერება შეისწავლის თავისი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებში რელიგიას, რელიგიებს თუ რელიგიურობას, რელიგიურ წყაროებს თუ რელიგიურ ომებსაც კი. მაგ ისტორია-ისტორიული მეცნიერებები, ე.წ. ძველფილოლოგიები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქოპათოლოგია და მსგავსი.
ყველაზე უმთავრესი განსხვავება ამ მეცნიერებების სპეციალისტებსა და ჩვენ ანუ რელიგიოლოგებს შორის ისაა, რომ რელიგია ჩვენთვის არაა რაიმე სიმპტომი, მაგ. კოლექტიური ნერვოზის გამოვლინება ან კოლექტიური ინტერაქციის აქტი. ან თუნდაც ხალხის ოპიუმი თუ ოპიუმი ხალხთათვის… შეიძლება ესაც და ესენიც იყოს რელიგია საერთოდ თუ კერძოდ და რაღაც მომენტში, მაგრამ არა მხოლოდ, რელიგია მრავალდიმენსიონალური, მრავალშრიანი, მრავალპლანიანი ფენომენია, კრებითი ცნებაა ასე ვთქვათ…
(საბოლოოდ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, რელიგია ორნაირია: კრიმინალური და ნორმალური).
ამდენად, რელიგიას რელიგიიის შემსწავლელი მეცნიერება განიხილავს სერიოზულად, და რელიგიოლოგები თვლიან, რომ ისინი რელიგიის კომპეტენტური, მრავალმხრივი მცოდნეები არიან, რელიგია ცვალებადი ფენომენია, ვარიაბლურია ანუ და რელიგიაზე რაიმე ერთფეროვანი, აკვიატებული ან ყავლგასული წარმოდგენა უცხოა ჩვენთვის.
რათა შევაჯამოთ, რაც აქამდე ვთქვით, თუ რა არის რელიგიის მეცნიერება, გთავაზობთ შემდეგ ფორმულირებას: მოკლედ და კონკრეტულად, პირველივე წინადადება, რაც შეიძლება ამოიკითხოთ რელიგიის მეცნიერების თანამედროვე სახელმძღვანელოში, ასეთია:
„რელიგიის მეცნიერება თვითგაგების თანახმად არის ემპირიული მეთოდებით მომუშავე მეცნიერება – ეს ნიშნავს, მეცნიერება, რომელიც აგებულია რელიგიების, რელიგიური აქტიორების, და რელიგიური გარემოებების (საგნების, მოვლენების, ფენომენების) დაკვირვებისა და მათი აღწერის ბაზაზე. ემპირიულ სამუშაოში რელიგიის მეცნიერება იყენებს მრავალფეროვან წყაროებსა და მეთოდებს, მაგალითად რელიგიური ტექსტების ფილოლოგიურ შტუდიებს, წერილობითი თუ სხვა წყაროების ისტორიოგრაფიულ შეფასებებს, რელიგიური ხელოვნების და საერთოდ სატაძრო მატერიალური მასალის ანალიზს, ესთეტიკურ პროექციას ანუ ხედვას; ასევე სოციალური მეცნიერებების მიერ მიმდინარე რელიგიური პროცესების, ჯგუფების შესასწავლად წარმოებული კვლევის შედეგებს. რელიგიის მეცნიერება ფართო დისკურსია ანუ აზრთა გაცვლა-გამოცვლის არენა…
თითქმის იგივე წერია ქვემოთ, დედანში:
Die Religionswissenschaft Versteht sich als eine empirisch arbeitende Wissenschaft – d.h. als eine Wissenschaft, die auf der Beobachtung und Beschreibung von Religionen, religiösen Akteuren oder religiösen Sachverhalten(Dingen, Ereignisse, Phänomenen) aufbaut. In der empirischen Arbeit bedient sich die Religionswissenschaft einer Vielzahl von Quellen und Methoden, z.B. Philologischer Studien religiöser Schriften, der historiographischer Auswertung schriftlicher und anderer Quellen, der Analyse von Bildern und weiteren visuellen Materialien, der Sozialwissenschaftlichen Erforschung gegenwärtiger religiöser Ereignisse, Gruppen und Diskurse, etc.
Michael Stausberg, Religionswissenschaft, 2012, Berlin/Boston.
(იგივეს გვამცნობს ნებისმიერი აკადემიური, მაგ. იაპონური განსაზღვრება: 宗教学(しゅうきょうがく)は、経験科学の様々な手法を用いて宗教を研究する学際的な学問で ある。ドイツ語圏では“Religionswissenschaft,” オランダ語では“godsdienstwetenschap,” 英語圏の国々 においては、”Science of Religion”、または”History of Religions”という名称の下に近代の大学制度に成立するが、近年は”Religious Studies”、”Study of Religion”が用いられることが多い).
ასეთია პირველივე წინადადება რელიგიის თანამედროვე ნორვეგიელი მკვლევარი თავის ახლადგამოცემულ კრებულში „რელიგიის მეცნიერება“, რომლის მიზანიცაა რელიგიის რამდენიმე მეცნიერის ერთობლივი სტატიების ბაზაზე საუნივერსიტეტო საგნის პროფილის ჩვენება:
მაშასადამე, კიდევ ვიმეორებ და ვაბეჯითებ, რომ რელიგიის მეცნიერება არის ემპირიულ-დესკრიპტიული მეცნიერება. მაშასადამე, მეცნიერება, რომელიც გაიგება და აიგება რელიგიური გარემოებებზე, საგნებზე, საქციელებზე და მოვლენებზე დაკვირვებისა გზით, მათი აღწერის, ანალიზის და რეფლექსირების გზით.
რეფლექსირება, ‘უკუმოხედვა’, ექსპერიმენტი, განსჯა, შესწავლა, გასიგრძეგანება, შედარება სხვა მონათესავე მოვლენებთან და ა.შ. ესაა ის სამუშაო ველი, პოლიგონი და ინტერესის სამყარო, სადაც რელიგიათმცოდნე თავს შინაურად გრძნობს.
(თავისთავად იგულისხმება მეცნიერული ნორმების – პატიოსნების და სიტყვისფლობის გათვალისწინება, ძირითადი ღირებულებებია ჭეშმარიტება და თავისუფლება… ).
ისტორიულ-ფილოლოგიური მეთოდოლოგია, წყაროები და ა.შ. რელიგიების კვლევის დროს აუცილებელია და რელიგიოლოგის სამსახურში დგას, ხოლო ეთნოგრაფიული მონაცემები, მაგ. არქაული ხალხების შემეცნებითი წარმოდგენები გვეხმარება, როდესაც გვაინტერესებს რელიგია ზოგადად. რელიგიის არსი. რელიგია, როგორც sui generis.
რელიგიის არსის ძიება ესაა რელიგიოლოგიის მეცნიერული წარსული, კერძოდ ფენომენოლოგიური მიმართულება და ამჟამად კრიტიკულად შეფასებული თუ გადაფასებული…
sacer ,მანა’, ‘ორენდა’, ‘ვაკანდა’ და ა.შ….ეს რელიგიის ფენომენოლოგიის – რელიგიის მეცნიერების ერთ-ერთი განშტოების საფიქრალი სფეროა. “Diese Kraft, wenn auch an sich unpersönlich, immer an eine Person geheftet ist” ( R.H.Codrigton, The Melanesians), ვგონებ იგივეს აღნიშნავს, რასაც ჩვენი მთის არქაულ ყოფაში ‘დავლათი’… აი მაგ. გვინდა ვიპოვოთ რელიგიის დედა-ძარღვი, ბირთვი, მთავარი, ატომი ასე ვთქვათ. ‘ღმერთი’ არ გამოდგება, ვინაიდან არსებობენ უღმერთო რელიგიებიც, იგულისხმება რელიგიები, რომლებიც არ აღიარებენ ღმერთის არსებობას. მაგ., ბუდიზმი, ჯაინიზმი, ხოლო ზოგიერთი მოსაზრებით, ფუნქციონალური თვალსაზრისით, აგრეთვე კომუნიზმი. მაშასადამე, რელიგიის მთავარი სიტყვა, great word უნდა იყოსო sacer… წმინდა… Holiness… წერდა თავის დროზე რელიგიათმცოდნეობის საყოველთაოდ ცნობილი შვედი კლასიკოსი ნათან ზოდერბლომი(Nathan Söderblom).
„სიწმინდე რელიგიის დიდი სიტყვაა და იგი უფრო არსებითიც კია, ვიდრე ღვთის ცნება; ნამდვილ რელიგიას შეუძლია ღვთისგარკვეული გაგების გარეშე გაძლოს, მაგრამ არ არსებობს ნამდვილი რელიგია წმინდასა და პროფანულის ურთიერთგამიჯვნისგარეშე“…
დავუბრუნდეთ მეთოდოლოგიას:
რელიგიის მეცნიერება მისივე თვითგაგების თანახმად არის რელიგიურად ნეიტრალური, აგნოსტიკური ჰუმანიტარული ანუ კულტუროლოგიური მეცნიერება…არ გამოხატავს რომელიმე რელიგიური პარტიის ინტერესს და ის არ ერევა დისკუსიაში იმის თაობაზედ, რომელიმე რელიგია უკეთესია თუ უარესი… სწორი თუ არასწორი და ის არ აკეთებს შეფასებით დასკვნებს, ასე ვთქვათ, განაჩენს…
მაგალითისათვის, თუ გადავხედავთ ქართულ სოციალურ ქსელს და ჩვენი ბოლოდროინდელი რელიგიური პროცესების კრიტიკას, თვალშისაცემია ის განსხვავება, უმალვე ჩემთვის აშკარაა თეოლოგიური შეფასებების სიუხვე. ის საეჭვო ღირებულების რელიგიური საქციელი, რაც ზოგიერთი კლერიკალის მხრიდან შესამჩნევია, უმალვე და უაპელაციოდაა შედარებული წარმართობასთან, არქაულ, პრელოგიკურ აზროვნებასთან, პრიმიტიულ რელიგიურობასთან და სხვ. … მაშასადამე, არსებულან მათი აზრით ცუდი და კარგი რელიგიები… წარმართობა და არქაული რელიგიურობა ‘ცუდად’ განავლინეს… აგრეთვე ჭარბობს ცუდის აღმნიშვნელი ეპითეტი, როგორიცაა ‘ქურუმი’ და ‘ხევისბერი’… და ამ მოსაზრების ტირაჟირებას ეწევიან ჩვენდა გასაოცრად არა ე.წ. ბნელები, არამედ საკმაო თეოლოგიური თუ სამოქალაქო-ლიბერალური კომპეტენციით აღჭურვილი ავტორები… რამდენჯერმე დავწერე და გავქირდე ასეთი პოზიცია, – პოზიცია, რომელიც არამხოლოდ რელიგიათმცოდნისათვის, – არამედ საერთოდ, დღევანდელი დასავლური ინტელექტუალური წერითი ეტიკეტისათვის მიუღებელია, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე…
მეტსაც გეტყვით…ამ რამდენიმე წლის წინათ გამოვიდა ერთი ავტორის სახელმძღვანელო, ე.წ. ღია ფონდის დაფინანსებით, სადაც მაგ. ისეთი რელიგიური მიმდინარეობა, როგორიც შამანიზმია, საერთოდ რელიგიის სფეროდან ამოღებულია, როგორც კვაზირელიგიური ცდომილება… ახლა რელიგიათმცოდნეებს ვკითხოთ, მაგ. მირჩა ელიადეს.
მირჩა ელიადეს აზრით, შამანიზმი ტრანსკულტურული, ტრანსისტორიული, უნივერსალური მოვლენაა, ექსტაზური პრაქტიკების კომპლექსი და ა.შ. იხ. მისი წიგნი: “შამანიზმი და ექსტაზის არქაული ტექნიკა”, ფრანგულ დედანშია: Le Chamanisme et les techniques archaïques de l’extase, 1951.
ელიადეს კონცეფცია ვრცელია, ჩვენგანაც, ძალისაებრ მუშავდება, გაგება-შესწავლის პროცესშია. აქ წამყვანი პოზიცია მისეული ვრცელი კონცეფციის სოტეროლოგიურ, ‘მხსნელურ’ ასპექტს ენიჭება: „რელიგიური ტრადიციების(გადმოცემების) შტუდირების გზით თანამედროვე ადამიანი არამხოლოდ არქაულ ყოფიერებას აღმოაჩენდა ხელახლა, არამედ კვლავ მოიპოვებდა სულიერი სისავსის იმ ცნობიერებას, რომელიც ასეთი ყოფიერებისათვისაა ნიშანდობლივი …”
“რელიგიის მეცნიერების შეწევნით შეძლებდა თანამედროვე ადამიანი აგრეთვე ხელახლა აღმოჩენას საკუთარი სხეულის სიმბოლიკისა, რადგან ჩვენი სხეული ეს ანთროპოკოსმოსია“…
“ყოველი რელიგიური ფენომენი მის საკუთარ მოდალურობაში უნდა განვიხილოთ”.
მირჩა ელიადემ რელიგიური ფენომენის ახსნის კრეატიულ-ჰერმენევტიკული მეთოდი შემოიღო, საკმაოდ პოეტური…
პიროვნებამ თავისთავში კრეატიულობის ნიჭი უნდა გააღვიძოს. რათა თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს არამხოლოდ ისტორიის ნაწილად აღიქვამდეს, არამედ საკრალურ გამოვლინებადაც…
“რელიგიის მეცნიერების დანიშნულებაა ადამიანის განთავისუფლება ისტორიისგან”, ისტორიის ტყვეობისგან, რათა ადამიანი დაუბრუნდეს საკრალურ რეალობას და ცნობიერებას!
“Several of [Eliade's] grand cross-cultural themes – the sky god, the quest, the sacred center – as well as the tension between historical specificity and synchronic themes, loom large in Shamanism, which remains one of his most interesting, important, and influential books.”
Wendy Doniger on Shamanism, 2004.
Wendy Doniger on Shamanism, 2004.
(ელიადეს და ზოგადად, ფენომენოლოგიური მეთოდის კრიტიკა იხ.: Burkardt Gladigow, Religionsgeschichte des Gegenstandes – Gegenstände der Religionsgeschichte( Religionswissenschaft, Hartmut Zinser(Hg), 1988). Publications
რის მაჩვენებელია უცხო რელიგიური ფორმების მიმართ ჩვენთან არსებული დისკრიმინაციული მიდგომა? იმ მეცნიერების თუ ავტორებისთვის, რომლებიც ჩვენთან რელიგიის თემებზე მუშაობენ, სრულიად უცნობია რელიგიის მეცნიერება,როგორც აკადემიური დისციპლინა და სრულიად უცნობია, რელიგიათმცოდნეობის, როგორც აკადემიური დისციპლინის ნეიტრალური, აგნოსტიკური და არაშეფასებითი მეთოდოლოგია…ეს ლაფსუსი აქ არ მთავრდება: ისინი ირქმევენ სახელად რელიგიათმცოდნეს, მათ ეძახიან რელიგიათმცოდნეებს და ა.შ…
როგორც აგიოგრაფი იტყოდა, კვლავ პირველსავე სიტყვას მოვიდეთ და გავაკეთოთ ერთი საინტერესო ხასიათის შენიშვნა:
ზემოთ ხაზგასმით აღინიშნა რელიგიის მეცნიერების არარელიგიურობა და რელიგიურ პარტიას მიუკუთვნებლობა კანონია. მაგრამ აი რა ხდება ევროპულ სინამდვილეში: ხდება ის, რომ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფი რელიგიის მეცნიერების მონაპოვრებს იყენებს და ითვისებს სასიკეთოდ, მაგ. რელიგიური რეფორმების განხორციელების თუ მისიონერული მოღვაწეობის სფეროში…
‘რელიგიის მეცნიერები’ საჯარო სივრცის შემადგენელი სუბიექტებია, ისინი ამ დისკურსის არენაზე გამოდიან და ნებსით თუ უნებლიედ, – nolens volens, – რელიგიასთან დაკავშირებული დისკუსიებში თანამონაწილეობენ.
ეს ნიშნავს: ფუნქციონირებს კორესპოდენცია, ურთიერთკავშირი რელიგისა და ცოდნას შორის, რელიგიასა და კონკრეტულად იმ ცოდნას შორის, რომელიც რელიგიაზე მსჯელობს…
რა შეიძლება მისცეს რელიგიოლოგიამ თვითონ რელიგიურ ანუ რელიგიის სფეროში მოღვაწეებს?
უამრავი რამ, რელიგიის ცოდნა და იმის უნარი, რომ ის არ დარჩეს თვითწარმოდგენის ტყვედ და გაითვალისწინოს სპეციალისტების კომპეტენტური აზრი…
არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი არსებითი განსხვავებაც რელიგიოლოგიასა და იმ მეცნიერებებს შორის, რომელნიც ასევე რელიგიით ინტერესდებიან(მაგ. ისტორია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია). რელიგიის მეცნიერება ნიშადადგენილი, ასე ვთქვათ მონიშნული საგანია. რას გვულისხმობთ და იმას, რასაც გერმანულად ქვია Gegenstandsdefiniertes Fach
აი ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება: ის მეზობელი დისციპლინები, რომლებიც რელიგიით სხვათაშორის არიან დაინტერესებული და რელიგია მათთვის ერთ-ერთი თემაა მრავალთა შორის…თავისი ჰორიზონტიდან განჭვრეტენ და იკვლევენ ყველაფერს და მიუხედავად ამისა რჩებიან თავისი საგნის პროფესორებად…
(ისტორიკოსი მაგ., რომელიც რელიგიის ისტორიას წერს ან იკვლევს, რჩება ისტორიკოსად)..
მათგან განსხვავებითდ , რელიგიოლოგი თუ მხოლოდ და ბოლომდე არა, უპირატესად რელიგიითაა დაკავებული და თუ ის რელიგიის სფეროს გარკვეულწილად გასცდება, მაშინ პროფესიას კარგავს ან იცვლის…
ესაა რელიგიოლოგიის თავისებურება. მონიშნულობა, ასე ვთარგმნეთ და ამავე დროს მეთოდოლოგიური მრავალფეროვნება: ზემოხსენებული მეზობელი მეცნიერებების მონაპოვრები, – დასაწყისშიც აღვნიშნეთ, – გამოიყენება და გარკვეულ საყრდენს წარმოადგენს ემპირიულ-დესკრიპტიული მეთოდოლოგიით მომუშავე რელიგიოლოგის მეცნიერულ მოღვაწეობაში…
ეს მონიშნულობა და მეთოდოლოგიის მრავალპლანიანობა აისახა იმაშიც, რომ 1. რელიგიოლოგია მულტიდისცილინარული თვისებების მატარებელია. 2.რელიგიის ინსტიტუტების თანამშრომლებად ზოგჯერ სხვა, მომიჯნავე დისციპლინის წარმომადგენლებიც მიიღებიან და სოციალიზირდებიან, რაც დაუშვებელი იქნებოდა მაგ. სოციოლოგიის სფეროში… ერთგვარი მეცნიერული ალტრუიზმის შემთხვევასთან გვაქვს საქმე…
რასაკვირველია, არცერთი რელიგიოლოგი არ იკვლევს ყველა რელიგიას, ჩვენი ცოდნა არაა უნივერსალური, ისევე როგორც ისტორიკოსმა არ შეიძლება ისტორიის ყველა მონაკვეთი იკვლიოს. ასევე ცხადია, რომ ესა თუ ის რელიგიოლოგი თავისი კულტურული წიაღიდან გამომდინარე ამა თუ იმ რელიგიურობის უკეთ მცოდნეა და პირადი სიმპატიებიც შეიძლება იკითხებოდეს მათ კვლევებში. მაგალითისათვის სკანდინავიელი ნათან ზოდერბლომი ან გეო ვიდენგრენი პირდაპირ შეყვარებული იყვნენ ძველირანულ რელიგიაზე თუ რელიგიებზე და შედეგიც სახეზეა: მათი კვლევები ამ რელიგიებს ეძღვნება და ეს რელიგიები აქ საუკეთესო თვისებებით არიან წარმოდგენილი…
რელიგიის მეცნიერული კვლევისას პირადი რელიგიურობა არ გამოირიცხება რასაკვირველია, ისევე როგორც ათეისტობა, მაგრამ ეს პირადი დამოკიდებულება არ უნდა იქცეს დაბრკოლების ლოდად კვლევისას ანუ რწმენა და მეცნიერება კაცმა ერთმანეთში არ უნდა აურიოს.
აღნიშვნის ღირსია შემდეგიც: თუმცაღა რელიგიოლოგია რელიგიურად ნეიტრალური მეცნიერული სფეროა, მაგრამ მისი დასკვნები თუ ინტერპრეტაციები შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ამათუ იმ რელიგიური ორგანიზაციისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინაა სახეზე, როცა რელიგიურად განწყობილი ამა თუ იმ პერსონისთვის ცხადი ხდება, რომ ე.წ. ზებუნებრივი ძალა, გამოცხადება, რელიგიური ტექსტის ინფორმაცია და მსგავსი ვერ დაიშვება როგორც არგუმენტი და ერკლერუნგსფაქტორი… – Erklärungsfaktor…
სწორედ ეს მიზეზი ცხადდება იმ მთავრ დამაბრკოლებელ ფაქტორად, რელიგიური გამოთქმით, ‘დაბრკოლების ლოდად’, რის გამოც ამ საგნის ინსტიტუიზირება ვერ ხერხდება, ვერ აბამენ თავს თუ ვწერ ბედავენ საამისო მცდელობასაც კი, არაევროპულ სივრცეში და რის გამოც არსებობს მაგ. ირანული საუნივერსიტეტო ან გურჯისტანული რელიგიის მეცნიერება…
რელიგიის მეცნიერებას შეუძლია იარსებოს მხოლოდ იქ, სადაც რელიგია ობიქტივირებულია, სადაც ამ ფენომენის მიმართ არარელიგიური ინტერესი ჩანს და ღვივის, სადაც რელიგიის პრაქტიცირების გარდა სახელმწიფო ფიქრობს ასევე რელიგიის რეფლექსირებაზე და ურჩევნია მილიონები რომელიმე რელიგიური ინსტიტუტს კი არ მოახმაროს, არამედ რელიგიის მეცნიერების ინსტიტუციონალიზაციას!
ეს ინსტიტუციონალიზაცია მინდა წარმოგიდგინოთ თვალსაჩინოების სახით, როგორც დაგპირდით, გერმანული საუნივერსიტეტო სივრცის მაგალითზე, და თუ გინდათ, გაჩუქოთ იმ 30 გერმანულენოვანი უნივერსიტეტის სია, სადაც ინსტიტუტების ან კათედრების, დეპარტამენტების და რაც მთავარია, როგორც Studiengang, სპეციალობა და ამ პროფესიის დაუფლება და შესაბამისი დიპლომის, მასტერობის თუ მაგისტრის ხარისხის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ სტუდენტებს…
რელიგიის მეცნიერება გერმანულენოვან უნივერსიტეტებში: Religionswissenschaft info Nachrichten aus Religionen und Religionswissenschaft
ეს სია თავისთავად პასუხობს სათაურში გამჟღავნებულ ‘მესიანიზმს’ … რამდენი ადამიანის პროფესიული არჩევანი აღმოჩნდა ეს საგანი და პიროვნული ხსნა. რაა პიროვნული ხსნა თუ არა პროფესიის სწორად არჩევა?
აი ერთ-ერთი გამოვარჩიე: ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის რელიგიოლოგიური ინსტიტუტი… პროფესორები, დოქტორი, ინსტიტუტის თანამშრომლები…
რათა ყველაფერი გაჩვენოთ ვიზუალურად, თვალსაჩინოების სახით:
რატომ ავირჩიე ნიმუშთა ნიმუშად მაინცდამაინც ჰაიდელბერგი?
რადგან აქ ჩანს როგორც ცოცხალი სასწავლო პროცესი, ასევე სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ მეცნიერების, როგორცსახელმწიფოებრივად აუცილებელი დარგის მიმართ. .. აგრეთვე ჩემ არჩევანში დიდი როლი ითამაშა ერთი პროფესორის – ქალბატონ ინკელ პროლის კვლევამ: „მატერიალური რელიგია“.
აქ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია დევიზით: რელიგიის მეცნიერება აღმავლობის გზით…
ეს აღმავლობა და აღმაქარი 80- იანი წლებიდან უბერავს… 2005-2010 წლებში გერმანიაში ჰუმანიტარული მეცნიერებები შეკვეცეს, რაც ნაწილობრივ რელიგიოლოგიასაც შეეხო, მაგრამ 2010 წლიდან ეს პროცესი შეჩერდა, რადგან უამრავმა სტუდენტმა მოისურვა რელიგიოლოგობა…
რელიგიოლოგების კონფერენციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდა მეცნიერების, ხელოვნების და კვლევის იქაური მინისტრი, რომელმაც ისაუბრა რელიგიის მეცნიერების სახელმწიფოებრივ საჭიროებაზე და იმ ცოდნის აუცილებლობაზე, რასაც ეს მეცნიერება ქმნის და ავითარებს.
გთავაზობთ ამ სიტყვის ჩემეულ, თავისუფალ თარგმანს:
დასაწყისში, ქალბატონმა მინისტრმა, დაიმოწმა რა Heinrich Böll, აღნიშნა, რომ “ისეთი ფენომენები, როგორიც სიწმინდე და გენია, განსაზღვრებას ანუ დეფინიციას არ ექვემდებარება, მაგრამ საზოგადოებრივი დებატები მიგრაციის, ინტეგრაციის, ტოლერანტობის და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ საჭიროებს უფრო მეტს, ვიდრე უბრალო დეფინიციაა. ძალიან ხშირად რელიგია გამოიყენება იმ ექსტრემისტული პოზიციების გამოსახატავად, რომელთა მიზანიცაა კულტურული თანაცხოვრების პლურალიზმთან ბრძოლა…
რელიგიის მეცნიერება, იკვლევს რა რელიგიას კულტუროლოგიური ასპექტით და მოაქცევს რა ამით თავის ფოკუსში რელიგიის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქმნის და ავითარებს ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო ცოდნას რელიგიურ-კულტურული ინტერაქციების, რელიგიის შეცვლილი როლის, რელიგიური მინორიტეტების შესახებ და ა.შ.
ამით რელიგიის მეცნიერება წარმოაჩენს თავს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო დისციპლინა, რომელსაც შეუძლია მეტად ღირებული რეკომენდაციები გასცეს საზოგადოებრივი პრაქტიკის, საგანმანათლებლო სისტემის, ინტერკულტურული, ტოლერანტული და სხვა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სფეროებში…”
მაშასადამე, სრულიად თავი რომ გავანებოთ ელიადისეულ გაგებას, – რაც ზოგიერთი მოსაზრებით, რელიგიურ-მესიანისტურია (ელიადემ საკმაო კრიტიკა იწვნია მისი მოსაზრებების’არამეცნიერულობის’ გამო), მაინც უთუმცაოდ უნდა დავასკვნათ: რელიგიის შტუდირება, რელიგიის მეცნიერების აკადემიური არსებობა აუცილებელია სრულიად რეალური, პროფანული’, პროფესიული, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის, სახელმწიფოს ცივილიზებული არსებობისა და განვითარების პერსპექტივის უზრუნველსაყოფად!
იხ. აგრეთვე ‘საზეპიროს’ მოკლე ვარიანტი: ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий