воскресенье, 22 июня 2014 г.

F-22 Raptor



Lockheed Martin/Boeing F-22 Raptor-ი არის ერთადგილიანი, ორძრავიანი, მეხუთე თაობის, მაღალმანევრული გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც  „სტელსის“ ტექნოლოგიების გამოყენებით არის დამზადებული. თვითმფრინავი შეიქმნა, როგორც საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი  და მის ძირითად მოვალეობასაც ეს წარმოადგენს, თუმცა მას ასევე შეუძლია მოიერიშის როლის  შესრულება და სახმელეთო სამიზნეების მაღალი სიზუსტით განადგურება.
გამანადგურებლის ძირითადი მწარმოებელი კომპანია Lockheed Martin Aeronautics-ია, რომელიც თვითმფრინავის პლანერისა და შეიარაღების სისტემის შექმნასა და ასევე აპარატის საბოლოო აწყობას უზრუნველყოფს. ხოლო რაც შეეხება პროგრამაში მონაწილე მეორე ამერიკულ კომპანია Boeing Defense, Space & Security-ს, ის თვითმფრინავის ფრთებზე, ფიუზელაჟის კიჩოზე, ავიონიკასა და სასწავლო სისტემებზეა პასუხისმგებელი.
თვითმფრინავის ძალიან ძვირადღირებული და დროში გაჭიანურებული  პროგრამის მიუხედავად, შეერთებული შტატების საჰაერო ძალები F-22-ს ტაქტიკური საჰაერო ძალების უძლიერეს კომპონენტად  განიხილავს და თანხმდება, რომ თვითმფრინავს დღესდღეობით არ ჰყავს თანასწორი შესაძლებლობების მქონე ოპონენტი, როგორც დღეს უკვე შეიარაღებაში არსებულ, ისე პროექტირების ფაზაში მყოფთა შორის.
შეერთებული შტატების საჰაერო ძალები აღნიშნავს, რომ F-22 Raptor-ის შედარება არ შეიძლება არც ერთ სხვა უკვე არსებულ თუ პროექტირების სტადიაში მყოფ გამანადგურებლებთან, ხოლო მწარმოებელი კომპანია  Lockheed Martin-ის განცხადებით კი „F-22 არის ერთადერთი თვითმფრინავი, რომელშიც გაერთიანებულია სუპერკრეისერული სიჩქარე, სუპერ-მანევრულობა, უხილავობა და მონაცემების გადამუშავების უნარი ერთ საჰაერო ბატონობის პლატფორმაში“. ყოველივე ეს F-22-ს  როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ, მსოფლიოში საუკეთესო გამანადგურებლად წარმოაჩენს.
2004 წელს, ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების ყოფილი შეფი, მარშალი ალან გრანტ ჰიუსტონი ამბობდა, რომ  „F-22 იქნება ყველაზე ცნობილი გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც ოდესმე შექმნილა“.
1981 წელს  შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა მოწინავე ტაქტიკური გამანადგურებლის შესაქმნელად მოთხოვნები გამოაქვეყნა. ახალი საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელს F-15 Eagle-ის ტიპის გამანადგურებელი და F-16 Fighting Falcon-ის ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი უნდა ჩაენაცვლებინა.
ახალი, უმაღლესი დონის თვითმფრინავის შექმნის გადაწყვეტილება იმდროინდელ მსოფლიოში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით იქნა მიღებული. სწორედ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო მუშაობა СУ-27-ისა და  МиГ-29-ს ტიპის გამანადგურებლებზე. მცირე ხნის შემდგომ კი ისინი შეიარაღებაშიც იქნა მიღებული.
ახალი ამერიკული თვითმფრინავის კონსტრუქციაში უახლესი ტექნოლოგიები ჭარბად  უნდა გამოყენებულიყო  კომპოზიტური ნივთიერებები, მსუბუქი შენადნობები, უმაღლესი დონის ცეცხლის მართვის სისტემები, გაცილებით უფრო ძლიერი ძრავები და, რაც ყველაზე მთავარია, თვითმფრინავი „სტელსის“ ტექნოლოგიით უნდა დამზადებულიყო. ყოველივე ამას კი თვითმფრინავისათვის კონკურენტებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობა უნდა მიენიჭებინა.
F-22-ის კონსტრუქციის 39%-ს ტიტანი, 24%-ს კომპოზიტური მასალები, 16%-ს ალუმინი, ხოლო 1%-ს თერმოპლასტი წარმოადგენს. ტიტანი თვითმფრინავის კონსტრუქციას სიმტკიცეს მატებს. ტიტანისაგან არის დამზადებული თვითმფრინავის ტიხრები, ის ასევე გამოიყენება საფრენი აპარატის ისეთ ადგილებში, სადაც ტემპერატურა ჩვეულებრივ ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს, ვინაიდან ეს მეტალი მაღალი თერმომედეგობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ტიტანი ამავდროულად  ასევე გამოირჩევა მსუბუქი წონითაც.
F-22-ის კონსტრუქციაში გამოყენებული ზოგიერთი მასალა საფრთხეს უქმნის თვითმფრინავის პილოტსა და მომსახურე პერსონალს. ამიტომაც ჯანმრთელობის გართულებების თავიდან ასაცილებლად თვითმფრინავთან მუშაობისას მიზანშეწონილია დამცავი აღჭურვილობის გამოყენება, მაგალითად, თვალების დამცავი აღჭურვილობის, რესპირატორებისა და ხელთათმანების.
ამერიკის საჰაერო ძალების მიერ გამოცხადებულ კონკურსში 1986 წლის 31 ოქტომბერს კომპანიების ორი საკონსტრუქტორო ჯგუფი ჩაერთო, პირველ ჯგუფი შემდეგი კომპანიებისაგან – Lockheed-ის, Boeing-ისა და General Dynamics-ისაგან შედგებოდა, ხოლო მეორეში  Northrop-ი  და McDonnell Douglas-ი შედიოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო 50-თვიანი სადემონსტრაციო ფაზა, რომლის კულმინაციასაც თვითმფრინავის ორი პროტოტიპის YF-22-სა და YF-23-ის სადემონსტრაციო ფრენა წარმოადგენდა.
1991 წლის 23 აპრილს საჰაერო ძალების მდივანმა დონალდ რაისმა კონკურსის გამარჯვებულად YF-22 გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ  YF-23-ის კონსტრუქციას  გაცილებით უკეთესი „სტელსის“ ანუ შეუჩნევადობის თვისებები გააჩნდა და შედარებით უფრო სწრაფიც იყო. რაც შეეხება პროტოტიპ YF-22-ს ის თავის კონკურენტთან შედარებით უფრო მაღალმანევრული იყო, რაც ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა არჩევანის მასზე შესაჩერებლად. გარდა ამისა, ასევე აღმოჩნდა, რომ YF-22 გაცილებით უფრო შეთავსებადი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის ე.წ.  NATF-ის (Navalized Advanced Tactical Fighter) პროგრამისათვის, თუმცა მოგვიანებით, 1992 წელს სამხედრო ფლოტმა მასზე უარი თქვა. 1991 წელს შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა 650 ერთეული F-22-ის ტიპის თვითმფრინავის შეძენა გადაწყვიტა.
მანამ, სანამ YF-22 სერიულ წარმოებაში ჩაეშვებოდა, მის კონსტრუქციაში საკმაოდ მრავალი ცვლილება მოხდა. მისი ფრთების ნაპირების დახრილობა 48-დან 42 გრადუსამდე შემცირდა, ხოლო ვერტიკალური მასტაბილიზირებლების ფართობი – 20%-ით. იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო პილოტის ხედვის შესაძლებლობა, თვითმფრინავის ფრანი 178 მმ-ით იქნა წინ გადაწეული, ხოლო ძრავის ჰაერმიმღები უკან 356 მმ-ით დაწიეს. ასევე უკან იქნა გადაწეული ვერტიკალური სტაბილიზატორიც.  თვითმფრინავის ფრთების ფორმა შეიცვალა, რითაც გაუმჯობესდა  მათი აეროდინამიკური მახასიათებლები, სიმტკიცე და „სტელსის“ თვისებები.
გამანადგურებლის პროტოტიპ  YF-22-ს თავდაპირველად არაოფიციალურად ეწოდა სახელი „Lightning II“, რომელიც ასევე ეწოდებოდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე P-38-ის ტიპის გამანადგურებელსაც და რომელიც ასევე კომპანია  Lockheed-ის მიერ იწარმოებოდა. ამ სახელწოდებით YF-22-ს  1990-იანი წლების შუა ხანებამდე მოიხსენიებდნენ, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა მას ოფიციალურად უწოდა „Raptor“-ი. თვითმფრინავს ასევე მოიხსენიებდნენ „SuperStar“-ად და „Rapier“-ადაც. მოგვიანებით,  2006 წლის 7 ივლისს სახელწოდება „Lightning II“ F-35-ის ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებელს ეწოდა.

პროტოტიპი YF-23

2002 წლის სექტემბერში საჰაერო ძალების მმართველებმა Raptor-ის ახალი სახელწოდება  F-22 ახალი აღნიშვნით, F /A-22-ით შეცვალეს. ახალი აღნიშვნა, რომელიც სამხედრო ფლოტის შეიარაღებაში მყოფი McDonnell Douglas F/A-18 Hornet-ი აღნიშვნის მიმიკას წარმოადგენდა, გამოიყენეს, რათა ხაზი გაესვათ იმისათვის, რომ თვითმფრინას არა მხოლოდ საჰაერო,  სახმელეთო სამიზნეებთანაც შეუძლია ბრძოლა. ხოლო  2005 წლის დეკემბერში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საჰერო ძალების შეიარაღებაში თვითმფრინავი  ოფიციალურად მიიღეს, მას აღნიშვნა F-22A მიენიჭა.
F-22-ის სერიული მოდელი ფართო საზოგადოებამ პირველად 1997 წლის 9 აპრილს იხილა. თვითმფრინავი პირველად 1997 წლის 7 სექტემბერს აფრინდა. უახლესი გამანადგურებელი პირველად, 2003 წლის 7 იანვარს, ნევადას შტატში მდებარე ნელის  ავიაბაზამ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ F-22-ის ექსპორტზე გატანა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონმდებლობით აკრძალულია – 2006 წლის 27 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს F-22-ის ექსპორტირების აკრძალვის შესახებ, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დაადასტურა ეს კანონი. თუმცა, როგორც დაგეგმილია, ამერიკული გამანადგურებლების შესყიდვის მსურველებს შეეძლებათ F-35 Lightning II-ის ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლი შეძენა, რომელიც F-22-ის მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებს, თუმცა ისეა დაპროექტებული, რომ გაცილებით უფრო იაფი, უფრო მანევრული და უფრო მაღალი დონის უნდა იყოს. 
ამჟამად „სტელსის“ გამანადგურებელ  F-22-ის სერიული წარმოება შეწყვეტილია. 2011 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა საბოლოო 195-ე F-22-ი მიიღეო. გამოშვებული 195 თვითმფრინავიდან 8 ერთეული საგამოცდო, ხოლო დანარჩენი 187 თვითმფრინავი საბრძოლო იყო.
F-22-თან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც 2006 წლის ივნისში ალასკაში გამართულ სიმულაციურ საბრაძოლო სწავლებებზე მოხდა. მაშინ 94-ე გამანადგურებელთა ესკადრილიის კუთვილმა 12-მა ერთეულმა F-22-ის ტიპის გამანადგურებელმა უდანაკარგოდ „ჩამოაგდო“ „მოწინააღმდეგის“ 108 საფრენი აპარატი.
როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, F-22 Raptor-ი მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები მას როგორც მეოთხე თაობის „სტელსის“ გამანადგურებელად განიხილავს.  გამანადგურებელი აღჭურვილია ორი Pratt & Whitney F119-PW-100-ის ტიპის  ფორსაჟული, ცვლადი წევის ვექტორული ტურბოვენტილატორული ძრავით. ამ ძრავების მაქსიმალური სტატიკური ფორსაჟული წევა გასაიდუმლოებულია, თუმცა მრავალი სხვადასხვა წყაროს მიხედვით თითოეულის წევა 156 კნ-ის ტოლია.
გარეთა საკიდებზე დამაგრებული შეიარაღების გარეშე თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 1.82 მახია, სუპერკრეისერული სიჩქარის რეჟიმში. ეს  წარმატებით იქნა დემონსტრირებული 2005 წლის 13 იანვარს, როდესაც გენერალმა ჯონ პ. ჯამპერმა, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების შტაბის ყოფილმა უფროსმა თავისი „რაპტორით“ ფორსაჟის გარეშე 1.7 მახზე მეტი სიჩქარე განავითარა. ფორსაჟის შემთხევაში თვითმფრინავის სიჩქარე 2 მახს აღემატება, ანუ 2 120 კმ/სთ-ს აჭარბებს.
იმის გამო, რომ შეიარაღება თვითმფრინავის კორპუსში არსებულ სპეციალურ ნიშებშია მოთავსებული, F-22-ის მანევრულობა სრული დატვირთვის შემთხვევაშიც კი მნიშნველოვნად აღემატება სხვა თვითმფრინავების ანალოგიურ მახასიათებელს. F-22 ასევე შედის თვითმფრინავთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებსაც ფორსაჟის გარეშე შეუძლიათ სუპერკრეისერულ და ზებგერით სიჩქარეზე ფრენა. აღნიშნული მახასიათებელი მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის ხარჯსაც.
გამნადგურებელი  F-22 შესანიშნავი მანევრულობით გამოირჩევა როგორც ზებგერით, ისე ქვებგერით სიჩქარეზე. თვითმფრინავის ცვლადი წევის ვექტორული ძრავები მას ახლო რადიუსზე მოხვევის შესაძლებლობას ანიჭებს, მას ასევე შეუძლია 60 გრადუსზე მეტი კუთხით შეტევა და ურთულესი საჰაერო საბრძოლო მანევრების შესრულება, როგორიცაა, მაგალითად, „ჰერბსტის მანევრი“, „პუგაჩევის კობრა“ თუ „კულბიტი“.
F-22-ის ავიონიკა მოიცავს:  კომპანია BAE Systems E&IS-ის მიერ წარმოებულ AN/ALR-94-ის ტიპის რადიოლოკაციური დასხივების გამაფრთხილებელი მიმღები, AN/AAR 56-ის ტიპის რაკეტის მოახლოების გამაფრთხილებელ სისტემასა და Northrop Grumman-ის მიერ წარმოებულ AN/APG-77-ის ტიპის აქტიური ფაზირებულცხაურიანი ანტენით აღჭურვილი  რადიოლოკატორი.
AN/ALR-94 პასიური მიმღები სისტემაა, რომელიც რადარის სიგნალების აღმოჩენას უზრუნველყოფს. იგი 30-ზე მეტი ანტენისაგან შედგება, რომლებიც ფრთებსა და ფიუზელაჟშია გაბნეული. მათი ასეთი განლაგება ნებისმიერი მიმართულების კონტროლს განაპირობებს. ამ სისტემა კომპანია Lockheed Martin-ის წარმომადგენელმა ტომ ბურბეჯმა, რომელიც F-22-ის პროგრამის მეთაური იყო, ასე უწოდა: „თვითმფრინავის აღჭურვილობის ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ნაწილი.“ მისი მოქმედების რადიუსი (463 კმ-ზე მეტი) რადარის მოქმედების რადიუსსაც კი აღემატება, რაც F-22-ს საშუალებას აძლევს შეზღუდოს მისი რადარის მოქმედება, შეამციროს მისგან გამოყოფილი ტალღები, რაც, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის თვითმფრინავის „უხილავობას“.
F-22 ე. წ. „მინის კაბინას“ იყენებს, ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავის პილოტის კაბინის ინსტრუმენტების პანელზე ციფრული თხევადკრისტალური დისპლეებია განთავსებული, განსხვავებით ტრადიციული სტილის კაბინებისაგან, რომლებშიც ჩვეულებრივი ციფერბლატები და საზომები გამოიყენება.
თვითმფრინავის კაბინის განათება მთლიანად შეთავსებადია ღამის ხედვის სათვალეებთან და მის გამოყენებს არ ზღუდავს. ერთფეროვანი საქარე მინის ინდიკატორი, რომელიც კომპანია GEC-ის მიერ არის შექმნილი,  პილოტის ძირითად საფრენოსნო ინსტრუმენტს წარმოადგენს და ის ფართო ხედვის შესაძლებლობას იძლევა. ინფორმაციის გამოტანა კაბინაში დაყენებულ ექვს ფერად თხევადკრისტალურ მონიტორზე ხდება.
თვითმფრინავის ფორანი დაახლოებით 355 სმ-ის სიგრძის, 115 სმ-ის სიგანისა და 69 სმ-ის სიმაღლისაა. აღსანიშნავია, რომ ფორანი ერთიანი მინისგან არის დამზადებული და არანაირი მეტალის სარტყლები არ გააჩნია. რაც, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს ხედვის შესაძლებლობას და ამავდროულად ამცირებს რადიოლოკატორების მიერ თვითმფრინავის აღმოჩენის შესაძლებლობას. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რადარის სხივების არეკვლა მოხდეს და მათ კაბინაში არ შეაღწიონ, F-22-ის ფორანი კალა-ირიდიუმის ოქსიდით არის დაფარული. სწორედ ეს ანიჭებს თვითმფრინავის ფორანს ოქროსფერ შეფერილობას.
იმისათვის, რომ „რაპტორის“ შემჩნევადობა შემცირებულიყო, შეიარაღება გამანადგურებლებისათვის არატრადიციულად კორპუსში არსებულ ნიშებში განთავსდა და არა ფრთებზე არსებულ პილონებზე. თვითმფრინავს შეიარაღების სულ სამი შიდა ნიშა გააჩნია: მათგან ყველაზე დიდი ფიუზელაჟის ქვეშ არის განთავსებული, ხოლო ორი შედარებით მცირე ზომის ნიშა  – ფიუზელაჟის გვერდებზე, ძრავების ჰაერმიმღების კიჩოებთან. თვითმფრინავის ცენტრალურ საიარაღო განყოფილებაში ექვსი ერთეული საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა თავსდება, ხოლო დანარჩენ ორ ნიშაში თითო-თითო ახლო მომქმედების რაკეტა. თვითმფრინავის დიდ საიარაღო ნიშაში ასევე შესაძლებელია, რომ ექვსი საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტიდან ოთხი მოიხსნას და მათ ნაცვლად ორი ბომბსამაგრი მოთავსდეს, თითოეული ბომბსამაგრზე ერთ საშუალო ზომის ან ოთხ GBU-39-ის ტიპის მაღალი სიზუსტის მართვადი ბომბის დამაგრება შეიძლება. თითმფრინავს ბორტზე ასევე შეუძლი „ჰაერი-მიწა“ კლასის JDAM-ის ტიპის კორექტირებადი ბომბების მიღებაც. გამანადგურებელზე „ჰაერი-მიწა“ კლასის შეიარაღების მიღება ლიმიტირებულია, მას საერთო ჯამში დაახლოებით 900 კილოგრამი საერთო წონის ამ ტიპის შეიარაღების მიღება შეუძლია (შედარებისთვის, F/A-18-ის ანალოგიური მახასიათებელი  7 000 კილოგრამს აღემატება).
რაკეტის გასროლისას აუცილებელია იარაღის ნიშის კარების გახსნა, ხოლო ვინაიდან მისი დიდი ხნით ღიად დატოვება  თვითმფრინავის „სტელსის“ თვისებებს ადაბლებს,  კარის გასახსნელად საჭირო დრო მინიმუმამდეა დაყვანილი და ამისათვის წამზე ნაკლებ დრო სავსებით საკმარისია.  ხოლო როდესაც რაკეტების გასროლა მოხდება სპეციალური ჰიდრავლიკური მოწყობილობით თვითმფრინავის ფიუზელაჟის გაწმნდა ხდება. ეს ამცირებს მოწინააღმდეგის რადარების მიერ „რაპტორის“ აღმოჩენის შანსს.
საქემეხო შეიიარაღების სახით, „რაპტორი“ აღჭურვილია M61A2 Vulcan-ის ტიპის 20-მმ-იანი გატლინგის სისტემით შექმნილი 6-ლულიანი ქვემეხით. ქვემეხის საბრძოლო კომპლექტი 480 ჭურვს შეადგენს. აღნიშნული საბრძოლო კომპლექტის სრულად ამოწურვისათვის ქვემეხს ოთხ წამზე ოდნავ მეტი ესაჭიროება – M61A2 „ვულკანის“ სროლის ტემპი წუთში 6 600 გასროლას შეადგენს. გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე 1 050 მ/წმ-ს უდრის.
იმისათვის, რომ თვითმფრინავის „სტელისის“ თვისებები არ შემცირდეს, ქვემეხი მთლიანად კორპუსშია ჩამალული, ხოლო მის ლულები სპეციალური კარებით არის დაფარული. ამ კარების გახსნა მხოლოდ სროლის წინ ხდება. F-22-ს მოწინააღმდეგის თვითმფრინავთან ქვემეხის ეფექტური მოქმედების მანძილზე მიახლოება თავისი „სტელსის“ თვისებების გამო ისე შეუძლია, რომ ეს უკანასკნელი მის მოახლოებას მხოლოდ მაშინ გაიგებს, როდესაც ქვემეხის ჯერი მოხვდება. ქვემეხის ცეცხლის თვალთვალს თვითმფრინავის რადარი ახორციელებს და ის საქარე მინის ინდიკატორზე გამოაქვს.
„რაპტორის“ მაღალ კრეისერული სიჩქარეზე ფრენის ხანგრძლივი უნარი და მოქმედების საკმაოდ დიდი სიმაღლე თვითმფრინავის შეიარაღებაში არსებულ „ჰაერი-ჰაერი“ თუ „ჰაერი-მიწა“ კლასის ბომბებისა და რაკეტების მოქმედების სიშორეს მნიშვნელოვნად ზრდის. ცნობილია, რომ  F-22-იდან გასროლილი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტის მოქმედების მანძილი 40%-ით აღემატება F-35-დან გაშვებული ანალოგიური რაკეტის მოქმედების მანძილს.
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები აპირებს შეისყიდოს AIM-120D AMRAAM-ის ტიპის საშუალო სიშორის „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტები, რომელთაც მოქმედების მანძილი AIM-120C-თან შედარებით 50%-ით აქვთ გაზრდილი.  მიუხედავად იმისა, რომკონკრეტული რიცხობრივი მონაცემები ამ დრომდე საიდუმლოებას წარმოადგენს, მოსალოდნელია, რომ F-22-ის შეირაღებაში შემავალი JDAM-ის ტიპის კორექტირებადი ბომბების მოქმედების ეფექტური მანძილის ორჯერ გაიზრდება.  გამოცდების დროს 1.5 მახის სიჩქარით მფრინავი „რაპტორიდან“, რომელიც 15 000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, ნასროლმა 450-კგ-იანმა JDAM-მა 39 კილომეტრის მოშორებით მყოფი მოძრავი სამიზნე წარმატებით გაანადგურა.
მიუხედავად იმისა, რომ F-22 შეიარაღებას ჩვეულებრივ შიდა განყოფილებებით ატარებს, მის ფრთებზე ასევე არის ოთხი ერთეული საკიდიც, რომელზედაც 2 270 კგ საერთო მასის შეიარაღების ან დამატებითი საწვავის ავზების დაკიდება შეიძლება. თითოეული მოსახსნელი დამატებითი საწვავის ავზი 600 გალონ საწვავს იტევს. შეიარაღების სახით კი ამ პილონებზე AIM-120 AMRAAM-ის ტიპის „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების დამონტაჟებაა შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, გარე საკიდების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მათზე დაკიდებული ავზები ან შეიარაღება ამცირებს თვითმფრინავის „სტელსის“ თვისებებს და აადვილებს მოწინააღმდეგის მიერ მისი აღმოჩენის შესაძლებლობას. ის ასევე უარყოფითად მოქმედებს გამანადგურებლის მანევრულობასა და სიჩქარეზეც.
F-22-ის „უხილავობა“ სხვადასხვა ფაქტორთა კომბინაციით არის მიღწეული. ეს ფაქტორები მოიცავს: თვითმფრინავის სპეციფიკურ ფორმას, მასში რადარული ტალღების მშთანთქავი მასალების გამოყენებასა და  ყველა იმ თუნდა უმცირესი ფაქტორის გამოკვლევლევას და აღმოჩენას, რომლებსაც რადარული ტალღების არეკვლა შეუძლიათ, მაგალითად, როგორიც არის პილოტის ჩაფხუტი და უამრავი სხვა.
ამასგარდა, თვითმფრინავი ისეა კონსტრუირებული, რომ შემცირებულია მისი ინფრაწითელი გამოსხივება, ამისთვისაა ასევე გათვალისწინებული თვითმფრინავის ძრავის საქშენების სპეციფიკური ბრტყელი ფორმაც. აღნიშნული მახასიათებელი, თავის მხრივ, ამცირებს იმ საფრთხეს, რომელიც თვითმფრინავს ინფრაწითელი (სითბური) თვითდამიზნების თავაკით აღჭურვილი „მიწა-ჰაერისა“ და „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტებისაგან ემუქრება.
გარდა ამისა, თვითმფრინავის შექმნისას ასევე გაითვალისწინეს ისიც, რომ მისი მისი კონსტრუქცია ნაკლებად აღქმადი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ რადიოლოკატორებისათვის, არამედ შეუიარაღებელი თვალისთვისაც. თვითმფრინავის რადიო და თბო გამოსხივება, ისევე როგორც მის მიერ გამოყოფილი ხმაურის დონე თანაბრად კონტროლირებადია.
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავთა შორის F-22 -ს უბედური შემთხვევების ყველაზე მაღალი სიხშირე გააჩნია. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ თვითმფრინავის კონსტრუქციის შედარებით ახალი და გამოუცდელია. ამასთანავე „სტელსის“ მახასიათებლების გამო თვითმფრინავის აეროდინამიკური მახასიათებლები საუკეთესო ნამდვილად არ არის.
თვითმფრნავის პირველი კატასტროფა 1992  წლის აპრილში მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ პროტოტიპი YF-22 კალიფორნიაში, ედვარდსის ავიაბაზაზე დაშვებისას ჩამოვარდა. მფრინავ-გამომცდელი ტომ მორგენფელდმა კატაპულტირება მოახდინა და უვნებლაად გადარჩა. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ფრენის მართვის  პროგრამაში არსებულმა შეცდომამ გამოიწვია.
F-22-ის სერიული მოდელის პირველი კატასტროფა 2004 წლის 20 დეკემბერს მოხდა, როდესაც ის ნელის ავიაბაზიდან ფრინდებოდა. პილოტმა ამ შემთხვევაშიც კატაპულტირება მოახდინა და მიწაზე მშვიდობით დაეშვა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებ დაიწყო, გამოძიების დასრულებამდე კი ყველა  F-22-ის ფრენა დროებით შეზღუდეს. მოგვიანებით გამოირკვა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა თვითმფინავის ფრენის მართვის სისტემაში არსებულმა დარღვევამ გამოიწვია.
2009 წლის მარტში კიდევ ერთმა F-22-მა განიცადა კატასტროფა – ის ედვარდსის ავიაბაზიდან 56 კილომეტრის მოშორებით საგამოცდო ფრენისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც მისი მფრინავ-გამომცდელი დევიდ პ. ქული გარდაიცვალა. გამოძიებამ ცხადყო, რომ თვითმფრინავის პილოტმა რთული მანევრის შესრულებისას მაღალი გადატვირთვის გამო მცირე ხნით გონება დაკარგა, ხოლო როდესაც გონება დაუბრუნდა კატაპულტირება განახორციელა, თუმცა ის უკვე ძალიან დაბალ სიმაღლეზე იმყოფებოდა. პილოტი კატაპულტირების მომენტში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალება კი ბლაგვი საგნზე მიჯახებით მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია, რაც თვითმფრინავის მაღალი სიჩქარითა იყო გამოწვეული. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თვითმფრინავის კონსტრუქციაში არანაირი გართულება არ ყოფილა.
2010 წლის 16 ნოემბერს ალასკას შტატში მფრენმა F-22-მა საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან კავშირი დაკარგა. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავს კატასტროფა განეცადა. მისი პილოტი, კაპიტანი ჯეფრი ჰანი კი ამ კატასტროფას შეეწირა. ამ ინციდენტის შემდეგ F-22-ებს ფრენა 7620 მეტრიზე მაღალ სიმაღლეზე ფრენა აუკრძალეს. ეს აკრძალვა მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ მოიხსნა. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის კატასტროფა ძრავის ჰაერის მიმწოდებელ სისსტემაში არსებულმა პრობლემამ გამოიწვია, რამაც გამორთო გარემო კონტროლის სისტემა და ჟანგბადის მიმწოდებელი სისტემა. ჟანგბადის მიმწოდებელი სისტემის გამორთვა ავტომატურად მთავარი კომპიუტერის მიერ მოხდა, რადგან მან გადახურების მდგომარეობა დააფიქსირა. გამოძიებამ საბოლოო ჯამში პილოტი დაადანაშაულა, ვინაიდან მან არ მოახდინა  სათადარიგო ჟანგბადის სისტემის ჩართვა, რომელიც თვითმფრინავს გაუთვალისწინებელი შემთხვევებასთვის გააჩნია.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
  • ეკიპაჟი: 1კაცი
  • სიგრძე: 18.90 მ
  • ფრთაგაშლილობა: 13.56 მ
  • სიმაღლე: 5.08 მ
  • ფრთის ფართობი: 78.04 მ²
  • ცარიელის წონა: 19.700 კგ
  • ნორმალური ასაფრენი წონა: 29.300 კგ
  • მაქს. ასაფრენი წონა: 38.000 კგ
  • ძალური დანადგარი: 2 × Pratt & Whitney F119-PW-100-ის ტიპის ცვადი წევის ვექტორული ტურბოვენტილატორული ძრავა
    • წევა: 2 х 104 კნ
    • წევა ფორსაჟით: 2 х 156 კნ
  • საწვავის ტევადობა:შიდა ავზებში – 8 200 კგ; დამატებითი საწვავის ავზებით – 11 900 კგ
მანევრულობა:
  • მაქსიმალური სიჩქარე:
    • ზღვის დონეზე: 2.25 მახი (2 410 კმ/სთ)
    • კრეისერული:1.82 მახი (1 963 კმ/სთ)
  • მოქმედების მანძილი: 2 960 კმ  (2 დამატებითი საწვავის ავზით)
  • საბრძოლო რადიუსი: 759 კმ
  • სვლის მარაგი: 3 219 კმ
  • პრაქტიკული ჭერი: 19 812 მ
  • მაქსიმალური გადატვირთვა: -3.0/+9.0 g
შეიარაღება:
  • საქვემეხო: 1× 20-მმ-იანი  M61A2 Vulcan-ი ტიპის  6-ლულიანი გატლინგის სქემის ქვემეხი,  480 ჭურვით
  • „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტები:
    • 6× AIM-120 AMRAAM
    • 2× AIM-9 Sidewinder
  • „ჰაერი-მიწა“ ტიპის შეიარაღება:
  • 2× 450 კგ-იანი JDAM-ი ან
  • 8× 110 -კგ-იანი GBU-39 -ის ტიპის მაღალი სიზუსტის მართვადი ბომბი
  • ამათთან ერთად თავდაცვისათვის მას ასევე შუძლია 2× AIM-120 AMRAAM-სა და 2× AIM-9 Sidewinder-ის ტიპის „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების ტარება.
  • გარე საკიდები: 4 × ფრთებქვეშა პილონზე შესაძლებელია დამონტაჟდეს 600 აშშ გალონის მოცულობის დამატებითი საწვავის ავები ან 2 268 კგ-ის საერთო წონის ბომბები და რაკეტები.
ავიონიკა:
  • AN/ALR-94-ის ტიპისრადიოლოკაციურიდასხივებისგამაფრთხილებელიმიმღები: 463 კმ ან მეტი
  • AN/AAR 56-ის ტიპის რაკეტის მოახლოების გამაფრთხილებელ სისტემა
  • AN/APG-77-ის ტიპის რადარი: 200–240 კმ 1 მ2 გაფანტვის ეფექტური ზედაპირის მქონე სამიზნეების შემთხვევაში

    Истребители F-22 "Рэптор" Конкурентов нет / F-22 Raptor ( ვიდეო )


    წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий