воскресенье, 8 июня 2014 г.

სულთმოფენობა



სულთმოფენობა

07/06/2014
ავტორი: სერგო ფარულავა

თეიმურაზ ბუაძე
ღვთისმეტყველების დოქტორი
სხვა უდიდეს საეკლესიო დღესასწაულთაგან „აღდგომის”, „ამაღლებისა” და „სულთმოფენობის” ლიტურგიკული ციკლი გარკვეული კალენდარული თავისებურებით გამოირჩევა: ამ დღესასწაულების თარიღები სხვებისგან დამოუკიდებლად გამოითვლება. ისინი ფიქსირებული არაა და მხოლოდ ერთმანეთზეა დამოკიდებული; ეს კალენდარული ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება მათ შორის არსებული მისტიკური, საღვთისმეტყველო და თვით ლოგიკური კავშირების სიმბოლოდაც განვიხილოთ. შესაბამისად, თითოეული მათგანის არსში ჩასაწვდომად აუცილებელია, დანარჩენ ორზეც ვისაუბროთ, რადგან შეუძლებელია სათანადოდ ჩავწვდეთ სულთმოფენობის მისტიკურ სიღრმესა და განგებულებით მნიშვნელობას, თუ მას უფლის მკვდრეთით აღდგომასა და ამაღლებასთან კონტექსტში არ განვიხილავთ.
უფლის მკვდრეთით აღდგომის საკაცობრიო განგებულებითი მნიშვნელობის მისტიკური ჭვრეტის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს იძლევა „აღდგომის“ ზოგიერთი ძველი ბიზანტიური ხატი. როგორც წესი, აღდგომის ხატზე ჯოჯოხეთში ჩასულ ქრისტეს გამოსახავენ, რომელსაც ძველი აღთქმის მართლები ამოჰყავს; ზოგჯერ უფლის სამოსი ისეა გამსახული, რომ მოსასხამის ბოლო მაცხოვრის თავზე ფრიალებს. ეს პატარა დეტალი აღდგომის „ესქატოლოგიური განზომილების“ იკონოგრაფიული ჭვრეტის ძალიან მომხიბვლელ მაგალითს იძლევა და ორ რამეზე მიანიშნებს: პირველი, რომ უფალი ისე „მიიჩქაროდა“ მართლების ჯოჯოხეთიდან ამოსაყვანად, რომ მისი სამოსი ვერც კი “ასწრებდა” მასთან ერთად დაშვებას და მეორე, – ხატზე ქრისტეს უკვე დაწყებული აქვს აღმასვლა, მოსასხამის ბოლო კი ჯერ კიდევ მის თავს ზემოთ ფრიალებს, რაც მიანიშნებს, რომ ეს მოძრაობა ახალი დაწყებულია – ანუ ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნების სიკვდილიდან გამოხსნა კაცობრიობის განგებულებითი სულიერი გზის მხოლოდ დასაწყისია; ადამიანი „უფრო მეტისთვისაა“ შექმნილი, ვიდრე ღვთის წინაშე გამართლება და ცათა სასუფეველში მარადიული ნეტარების დამკვიდრებაა.
იოანე მახარებლის მიხედვით, ღმერთის ყველაზე ადეკვატური სახელი სიყვარულია. შემოქმედმა სიყვარულით შექმნა სამყარო და შესაქმის გვირგვინი – ადამიანი. ღმერთი სრულყოფილი სიყვარულია, ამიტომაა, რომ იგი ადამიანს ყველა ღვთაებრივი თვისებით ამკობს, მაგრამ რაკიღა თავად მისი გამეორება შეუძლებელია, ღმერთი ადამიანს ღმერთად გახდომის მადლისმიერ უნარს ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ადამიანის მოვალეობა „მხოლოდ” ცხონება კი არაა, არამედ ღმერთად გახდომა (მადლისმიერად და არა არსებით), ანუ გაღმრთობა; სწორედ ამიტომ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კაცობრიობის სულიერი გზის დასაწყისის აღმნიშვნელია, ამ გზის დასასრული კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაღმრთობაში მდგომარეობს, რომლის მისტიკურ შინაარსს უფლის ამაღლების დღესასწაული გამოხატავს.
მაცხოვრის ამაღლებაზე საუბრისას, წმიდა წერილი ამბობს, რომ ცად ამაღლებული უფალი მამის გვერდით დაჯდა. ცხადია, ეს გამოთქმა ქრისტეს ადამიანურ, ანუ ჩვენეულ ბუნებას ეხება. როგორ შეიძლება ეს იქნას გაგებული? ძველი მონარქიული რიტუალის თანახმად, სამეფო ტახტზე მეფის მარჯვენით ჯდომა მისი უმაღლესი სუვერენული ძალაუფლების სრულყოფილ ფლობას ნიშნავდა. იესო ქრისტემ ადამიანის ბუნება ღვთაებრივ ტახტზე მამის მარჯვნივ დასვა, – ეს ადამიანის გაღმრთობის ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია; ამით მან გაღმრთობილ ადამიანს ღვთაებრივი ძალაუფლებით, ძალით, წმიდა გრიგოლ პალამას ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ღვთაებრივი ენერგიებით მოქმედების უნარი მისცა. ამის ყველაზე სრულყოფილ მაგალითს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი იძლევა. იგი საღმრთო საქმეს – ადამიანებისა და მთელი ქმნილების სიყვარულს ღვთაებრივი, ზეადამიანური ცხოველმყოფელობითა და ძალაუფლებით აღასრულებს.
ყოველი მორწმუნე მოწოდებულია უფალთან სულიერი თანაცხოვრებისთვის, მისი კაცობრივი ყოფის მიბაძვისთვის და იმისთვის, რომ ადამიანური ბუნების ქრისტესმიერი ამაღლების ყველა შედეგი სრულყოფილად მიიღოს. ამის გაკეთება კი ადამიანს მხოლოდ ეკლესიაში ძალუძს. ნათლობის საიდუმლოში იგი უფლის სიკვდილსა და აღდგომას იმეორებს, ევქარისტია მაცხოვრის ზეცაში ამაღლებულ ხორცთან აზიარებს, ეკლესიის სხვა საიდუმლოებების საშუალებით კი მასში ღვთა-ებრივი მადლი ანუ ღვთაებრივი ძალები და ენერგიები იწყებენ მოქმედებას. მხოლოდ სულიწმიდის მოქმედებით შეიძლება ადამიანის ცხოვრება ქრისტეს ცხოვრებას მიემსგავსოს; მხოლოდ სულიწმიდის მადლით შეუძლია მას ისე შეიყვაროს მოყვასი, რომ მზად იყოს, თავი დასდოს მისთვის. მხოლოდ ასეთ ქრისტიანს ეძლევა ღვთაებრივ ძალთა სრულყოფილი ფლობა ანუ გაღმრთობა, რადგან ზებუნებრივი ძალების პირადი მიზნებისთვის გამოყენების სურვილი მაგიის დასაბამია და არა ღვთისმოსაობისა.
წმიდა მამათა სწავლებით, ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება სულთმოფენობას უკავშირდება. მისტიკური, საღვთისმეტყველო, ლოგიკური და სიმბოლური კავშირი აღდგომის, ამაღლებისა და სულთმოფენობის დღესასწაულებს შორის ასე იკვრება: აღდგომა ადამიანის გაღმრთობის გზის დასაწყისის სიმბოლოა, ამაღლება – მისი დასასრულის, სულთმოფენობა კი – თავად გზის.
ადამიანმა ნათლობიდან ცხონებამდე მთელი ღვაწლმოსილი ცხოვრება უნდა განვლოს; ალბათ ამიტომაცაა, რომ ამაღლება აღდგომიდან მეორმოცე დღეს იზეიმება, რადგან ძველსა და ახალ აღთქმაში რიცხვი ორმოცი სისრულის, ბოლომდე დასრულებული პროცესის, მთლიანი ადამიანური ცხოვრების სიმბოლოდ გვევლინება: მოსემ ორმოცი წელი ატარა ებრაელები უდაბნოში, ელია წინასწარმეტყველმა და უფალმა ორმოცი დღე იმარხულეს და სხვ. ასევე, სრულყოფილების სიმბოლო იყო ძველ ხალხებში რიცხვი ათიც; ალბათ ამიტომაც აფუძნებს უფალი ეკლესიას, რომელიც ზეცად ამაღლებულ ქრისტეს სხეულთან სრულყოფილი ზიარების საშუალებას აძლევს მორწმუნეებს, ამაღლებიდან მეათე დღეს.
სულთმოფენობის განგებულებითი, მისტიკური აზრის ჩასაწვდომად ისევ იკონოგრაფია დაგვეხმარება; სულთმოფენობის ძველ ხატებზე ხშირად საყდარზე დაბრძანებული თორმეტი მოციქულის ქვემოთ სამეფო სამოსში გამოწყობილი გვირგვინოსანი მოხუცია ხოლმე გამოსახული. ეს ფიგურა მთელ სამყაროს განასახიერებს, რასაც მისი წარწერაც ადასტურებს – “კოსმოსი”. ხატიდან ჩანს, რომ ქვეყნიერება, რომელიც ადამის დაცემამ მონებასა და ხრწნილებას დაუქვემდებარა, გათავისუფლების მოლოდინშია. ამას პავლე მოციქულიც ამოწმებს, რომ მთელი სამყარო ადამიანთან ერთად ელოდება ტყვეობისაგან გამოხსნას.
ადამის დაცემის შედეგად სამყაროში შემოსული ხრწნილება მის დაყოფასა და ფრაგმენტულობაშიც გამოიხატება. წმიდა წერილი, შესაქმის პირველივე ფურცლები, თვით ადამის დაცემამდე, ბოროტების მეტად საინტერესო ასპექტზე მიუთითებს; შესაქმის პირველი თავის მიხედვით, უფალი მრავალგზის ამოწმებს თავის მიერ ქმნილის სიკეთეს ანუ სიკარგეს. ამავე დროს, შესაქმის მეორე თავის მე-18 მუხლში უაღრესად დამაფიქრებელ წინადადებას ვხედავთ: „და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა. უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი” (დაბადება 2,18). ეს მუხლი ნათლად მიანიშნებს, რომ ბოროტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება მარტოობაში, იზოლაციაში, დაყოფასა და ფრაგმენტულობაში მდგომარეობს. ამასთან დაკავშირებით, ადამიანის გაღმრთობის საინტერესო ასპექტს ვხედავთ წმიდა მაქსიმე აღმსარებელთან. ის ამბობს, რომ ადამიანური ბუნების გაღმრთობის ერთ-ერთი მისია სწორედ დანაწევრებული სამყაროს თავის თავში გაერთიანება და ღმერთთან მიყვანაა.
ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა პირველი სასწაული, რომელსაც თავად წმიდა წერილი ამოწმებს სულთმოფენობასთან დაკავშირებით; „მოციქულთა საქმენი~ გვაუწყებს, რომ „და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაÁ… ეჩვენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თვითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნენ ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად” (საქმე 2. 2-4). ამ მუხლებიდან ნათლად ჩანს, რომ ეკლესია დაარსების პირველივე წუთებიდან სხვადასხვა ენებით, ეთნიკურ-ნაციონალური თავისებურებებითა და კულტურებით დანაწევრებული კაცობრიობის ეროვნულ განსხვავებულობაზე ამაღლებული ერთიანი ჭეშმარიტების გარშემო გაერთიანებას იწყებს, ისე, რომ თვით ამ თავისებურებებს, განსხვავებულობას და მათ მრავალფეროვან ინდივიდუალობას არ აუქმებს. ეს არც შეიძლება სხვაგვარად იყოს, რადგან ცხოველმყოფელობა სულიწმიდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ცხოველმყოფელობა კი, არათუ ეწინააღმდეგება ინდივიდუალობას, იგი მისი ჯანსაღი, ჭეშმარიტად მრავალფეროვანი და ჰარმონიული გამოვლენის ერთადერთი საფუძველია.





წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий