пятница, 6 июня 2014 г.

საფესტივალო მართლმადიდებლობა



სანამ საქართველოში „პირველხარისხოვან“ პრობლემებს ვეჭიდავებით და ერის მთელი ფიზიკური, გონებრივი, თუ მორალური შესაძლებლობები მთლიანად ამ პრობლემების „გადაწყვეტაში“ მიდის, მანამდე თვალთახედვიდან ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხები აბსოლუტურად მიღმა გვრჩება. იმდენად მიღმა, რომ მათ შესახებ ინფორმაციის მიღება, მხოლოდ „ბედნიერი შემთხვევის“ საშუალებით თუ არის შესაძლებელი.


ბევრი რომ არ გავაგრძელო, სანამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შიშით ვიყავით დაძაბუნებულები, მერე 17 მაისზე ლოყები ვიხოკეთ და მერე ის ვერ გავარკვიეთ ევროასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტი მოაწერდა ხელს, თუ პრემიერი, ან რა ხდებობდა ბოლო-ბოლო ქართულ „წმინდა“ ოჯახებში, რატომ დაერივნენ ქმრები, შვილები, მეზობლები თავიანთ ცოლებს, დედებს, ახლობლებს, მანამდე, ჩვენგან დაახლოებთ 12 000 კმ-ით დაშორებულ მექსიკაში მიმდინარე "მეგობარი კულტურების ფესტივალზე," საქართველო ხაზგასმით მართლმადიდებლობამ წარადგინა, მღვდლების სახით. თუმცა საინტერესო ის მომენტია, რომ ეს მღვდლები, არა ქართველი, არამედ კვიპროსელი მართლმადიდებელი მღვდლები არიან.

ცოტა უფრო გასაგები რომ იყოს, პატარა ისტორია იმ ფესტივალზე, სადაც საქართველომ საკუთარი თავის წარსადგენად მართლმადიდებლობა გამოფინა.

მეხიკოში უკვე მეხუთე წელია იმართება La Feria de las Culturas Amigas (რომელიც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს: მეგობარი კულტურების ფესტივალი).  2009 წელს, მეხიკოში, 4 კონტინენტიდან რამოდენიმე ათეულმა ქვეყანამ, სოლიდარობის მიზნით, გადაწყვიტა თავისი კულტურისა და ტრადიციის გაზიარება, რომლის გამოხატვის აუცილებლობა მექსიკაში AH1N1 ტიპის ვირუსის ეპიდემიამ გამოიწვია.

წლების განმავლობაში ფესტივალმა უფრო მასშტაბური ხასიათი  მიიღო და უკვე 2012 წლისთვის მექსიკაში აკრედიტებული 76 ქვეყნის საელჩო იყო ჩართული ღონისძიებაში. ფესტივალი ქვეყნის მთავარ მოედანზე ცოკალოს (Zocalo) ანუ იგივე კონსტიტუციის მოედანზე იმართება და ნამდვილად საინტერესო, მხიარული, ხმაურიანი, ლაღი და ფერადი ფესტივალია, რომელიც მილიონობით სტუმარს მასპინძლობს. წლევანდელი წელიც არ გამხდარა გამონაკლისი. ამ მულტი-კულტურულმა ფესტივალმა სტარტი 25 მაისს აიღო და ის 09 ივნისამდე გასტანს.

სხვა წლებში ნამდვილად არ ვიცი რა ხდებოდა, არც ამ ფესტივალის შესახებ არაფერი გამიგია და ვერც ინფორმაცია მოვიძიე, მაგრამ წელს, ამ ფესტივალზე ჩემი იტალიელი მეგობარი მოხვდა და სწორედ მისგან გავიგე ფესტივალის შესახებაც, მასში საქართველოს კუთხის არსებობაზე და ორ კვიპროსელ მღვდელზე, რომლებიც რატომღაც საქართველოს წარადგნენ.

მეგობარს ვთხოვე უფრო დეტალური ინფორმაცია მიეღო მათგან (ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი რობერტა გრანელს), თუმცა ბევრი ვერაფერი გავიგეთ, გარდა იმისა, რომ... ისინი არც მეტი, არც ნაკლები, საელჩომ მიიწვია ფესტივალზე საქართველოს წარსადგენად. იმედი გამიჩნდა, რომ ფესტივალზე საქართველოს ჩართულობის შესახებ ინფორმაციას მექსიკაში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდზე მოვიძიებდი, თუმცა ბოლო ინფორმაცია 2013 წლის აგვისტოთი თარიღდება.

ვერც სხვაგან მივაგენი ვერანაირ ინფორმაციას და ბოლო-ბოლო ელექტრონული ფოსტის საშუალებით პატარა წერილი მივწერე. ერთადერთი კითხვით: „შეგიძლიათ, გვითხრათ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?“ თუმცა, დიდად არ გამკვირვებია, რომ ერთკვირიანი ლოდნის შემდეგ პასუხი არ მომსვლია და სავარაუდოდ არც არავინ შეიწუხებს თავს პასუხისთვის.

საინტერესოა მაინც ვის გაუჩნდა თავში „ორიგინალური“ იდეა. ალბათ გამოცანად დამრჩება ეს კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა საელჩომ კვიპროსელი მღვდლების მიწვევა ფესტივალზე საქართველოს კუთხის წარსადგენად... გული კი დამწყდა ნამდვილად, რომ 27 მილიონიან ქალაქში გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს კვიპროსელი მღვდლების სახით დაიმახსოვრებენ.

რატომ ხდება, რომ მთელი მსოფლიო ფერად და მხიარულ ფესტივალზე ცდილობს თავისი საუკეთესო საექსპორტო ნაწარმი და კულტურის ელემენტები გამოფინოს, ხოლო საქართველო კი ვერაფერს არჩევს საინტერესოს იმის გარდა, რომ საკუთარი თავი მსოფლიოს წარუდგინოს, როგოროც "ჭეშმარიტი მართლმადიდებელი" ქვეყანა. იდეის ნაკლებობა? უფულობა? უგულობა? გულგრილობა? უინტერესობა?

იმედია იდეის ავტორებს ლოგიკური ახსნა-განმარტება გააჩნიათ გადაწყვეტილების გასამართლებლად. თუმცა, ეჭვი მაქვს დიდი შრომა დაჭირდებათ.

საგანგაშოა. კი, ნამდვილად, რადგან ასეთი ფაქტებს თვითონ სახელმწიფო ახალისებს. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით სურათს, თუ როგორ მიაბიჯებს ჯერ მართლმადიდებლობა მთელი თავისი ბრწყინვალებით, როგორ მისდევს უკან საქართველოს  მოქალაქეების "გაბრწყინებული"  95% და უკანა პლანზე როგორ მიჩაქჩაქებს თავჩაქინდრული მონა-მორჩილი მშიერი, დაკონკილი სახელმწიფო. თითქოს სახელმწიფო თავისი ნებით აბარებს ძალაუფლებას რელიგიურ ინსტიტუტებს ფულადი ხარკისა და ქონების ინტენსიური გადაცემით. იმასაც უკვე მივეჩვიეთ, თუ მიგვაჩვიეს, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ საქართველოში ყველა სფეროში, ყველა კუთხით, ყველა შესაძლო ფორმით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მონაწილეობა და ჩართულობა. ახლა კი როგორც ჩანს, უფრო შორს მივდივართ და სახელმწიფოს საზრუნავი უკვე საერთაშორისო „ბაზარზე“ საქართველოს გასაყიდ მარკად მართლმადიდებლობის ქცევა ხდება.

ჰო, „უმნიშვნელო“ დეტალია, მაგრამ აბსურდამდე დასული - თუ როგორ გადაწყვიტეს  ერთ-ერთ სახელმწიფოში, საქართველოს წარსადგენად პირველ პლანზე მართლმადიდებლობა წამოეწიათ და თუნდაც კვიპროსელი მღვდლების სახით.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий