четверг, 26 июня 2014 г.

ახალი ხედვები ეკლესიის ირგვლივ


თავიI – “რაღა დროს მარქსია?!” ანუ ეკლესიის კრიტიკის კრიტიკა

“გვიბოძეთ თეორიები, 

თეორიები და რაც შეიძლება მეტი თეორიები.
დაე ყოველმა კაცმა, ვინც კი რაიმე თეორიას ფლობს, 
გვაუწყოს იგი!”


(James Mark Baldwin, 1861-1934).

ქართულ სინამდვილეში, ყოველშემთხვევაში, ვირტუალურ სინამდვილეში, ეკლესიის კრიტიკა არათუ ჩვეულებრივ, არამედ სავალდებულო ინტელექტუალურ ტვირთადაც კი იქცა.

აქ არ ვაპირებთ ამ კრიტიკის სრულ მიმოხილვას, ამის მცდელობა ადრე გვქონდა:

არამედ გვინდა ერთი სიმპტომის შესახებ ვისაუბროთ, რაც ამ ჩვეულ-სავალდებულო კრიტიკას თან სდევს. უპირველეს, ყოვლისა, დავაზუსტებ, რომ არა ეკლესიისშიდა ანუ ე.წ. ინზიდერულ კრიტიკაზე ვამახვილებ ტასტატურას, არამედ გარე, აუტზიდურ კრიტიკაზე.

მიუხედავად ყველაფრისა და შესაბამისი ლიბერალურ-ინტელექტუალური ჩართულობისა, საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ როგორია ეკლესია და ვერადავერ შეიქმნა მეტ-ნაკლებად გამართული თეორია, თუ რატომაა ასეთი ეს ეკლესია და მის მიერ წარმოებული რელიგია არასასურველი საზოგადოებრივი წინსვლისათვის. – ანუ თეორიის შესაქმნელად არავინ იწუხებს თავს.

ერთადერთი თეორია მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ ამ 15 თუ მეტი წლის წინათ გაჩნდა. ამ თეორიას ეწოდება ‘სტალინური მართლმადიდებლობა’. ავტორი, ყოველშემთხვევაში ამ თეორიის ქართულ სივრცეში შემომტანი გახლავთ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

დანარჩენი ხედვები ემყარება ამ, მოდი დავრქვათ ასე: ზაზურ თეორიას. დანარჩენი ხედვები ზაზას თეორიის ან მოდიფიკაციაა ან ვარიაცია. მაგ. პროფესორ ნოდარ ლადარიას “საბჭოთა მართლმადიდებლობა” ან ფილოსოფოს გიორგი მაისურძის “არათავისუფლების სული”, რაც წიგნადაც გამოვიდა. თუმცაღა ამ მიმომხილველმა საქმეში მაქს ვებერის “პროტესტანტული ეთიკაც” ჩართო. ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ფილოსოფოსის ხედვა კაპიტალიზმთან მიმართებაში მაქს ბებერისას კი არ თანხვდება, არამედ, პირიქით, სცდება და  მარქსისკენ იხრება. სოციოლოგიის მამა პროტესტანტული ეთიკის  დადებით როლზე საუბრობს პროგრესული მოვლენის ანუ კაპიტალისტური სულისკვეთების (Geist: სული, სულისკვეთება,  ბუნება) ჩამოყალიბების გზაზე.  ბატონ გ. მაისურაძის ბოლო წერილში კი  ეს კაპიტალისტური სულისკვეთება და საქმიანობა მიეწერება არა პროტესტანტულ წიაღს, არამედ სწორედ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას  (“მართლმადიდებლობა საქართველოში კაპიტალიზმის ბოლო და ყველაზე მეტად ამაღლებული სტადიაა“). რასაც ძნელია, არ დაეთანხმო, ოღონდ კაპიტალიზმისადმი დადებითი დამოკიდებულების თანხლებით. მაშ რა გამოდის: ეკლესია ავითარებს კაპიტალიზმს ანუ დადებით ფენომენად იქცა? :)

პასუხი ამაზე ჯერ არ მოგვეძებნება, რადგან არავითარი თეორიული საფუძველი არ გვაბადია საამისოდ. მოკლედ, ეკლესია აუხსნელ ფენომენად რჩება. თუკი ეკლესია სტალინისტურია, სამაგიეროდ მისი კრიტიკა უფრო ხნიერ, მარქსისტულ მეტასტაზებს ვერ გასცდა. ჰა-ჰა ფროიდამდე გავქაჩოთ! მერე! მერე რა ხდება რელიგიის შემეცნების სფეროში? არაფერი.  რელიგია ჩვენთან ან ფანატიკური მიმდევრობის ან მსგავსივე კრიტიკის საგანია. ის ჯერ, რეფლექსიის და შემეცნების  საგნად არ ქცეულა, რადგან ამის ნება არაა, “უხილავი რელიგიის” თეორია მაინც გამოეთხარა ვინმეს! :)

მაინც რაშია მარქსის, ფროდის და რელიგიის კრიტიკოსების მთელი ნაკლი, რაც ჩვენებურ კრიტიკოსებსაც თან გამოყვა. საქმე იმაშია, რომ მათთვის რელიგია სიმპტომია და მეტი არაფერი, ხოლო რელიგიის თანამედროვე დასავლური კვლევების საფუძველზე რელიგია ანგარიშგასაწევი, კომპლექსური მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში ის შეიძლება ოპიუმად  ან კოლექტიურ ნევროზად მოგვევლინოს, იგი უფრო მეტ მრავალფეროვნებას და ვარიაბელურობას ავლენს, ვიდრე ეს თუნდაც ფროიდისმსგავს გენიალურ ფსიქოანალიტიკოსს  წარმოუდგენია.

ეკლესიას რომ სულაც თავი დავანებოთ, რელიგია ხომ დღეს ‘ხდება’, კეთდება  ჩვენთან, რეცენტულია ანუ მიმდინარე პროცესი და როგორც ასეთის გაგება შეუძლებელია თანამედროვე თეორიების გაუთვალისწინებლად. აქ არ შევუდგები სოციალური მეცნიერების თუ კერძოდ რელიგიის მეცნიერების( religious studies) უახლოესი თეორიების წარმოჩენას. ამჯერად მხოლოდ შედარებით იოლ, საბუნებისმეტყველო გზაზე მინდა მივუთითო დაინტერესებულ მკითხველს. აკადემიურ სფეროს ამ თემაზე საუბარი არ სურს, ყოველშემთხვევაში ჩემთან! :) არსებობს რელიგიის შემსწავლელი მიმართულება ე.წ. თეორიულ ბიოლოგიაში. ჟურნალიც გამოდის და მეცნიერთა მთელი პლეადაა ამაში ჩაბმული: Cognitive Science of Religion. მარტივად რომ ვთქვათ, ძირითადი აზრი, ხედვები ამგვარია: რელიგია არამხოლოდ კომპენსატორულ ფუნქციას მოიცავს, არამედ ევოლციონურ ფუნქციასაც ემსახურება; რელიგია როგორც ადამიანური ევოლუციის ნაწილი, ბიოლოგიზირებულია; რელიგია ადამიანური ტვინის ერთ-ერთი ფუნქციაა და ა.შ. რელიგია ახალ გარემოსთან ადაპტაციას, სელექციას ემსახურება… მართლაც, თუ შევხედავთ ეკლესიურებს, ისინი კარგად შეეწყვნენ გარემოს, სელექცირდნენ და ადაპტირდნენ. როგორც აღინიშნა, გაკაპიტალისტდნენ! :) What makes religion so “natural” ? Religious beliefs and practices are found in all human groups( იხ. Pascal Boyer და სხვ.).

საერთოდ, ყველაფერი რიტუალით დაიწყო და ყველა საიდუმლო, ბიოლოგიურიც და საეკლესიოც, რიტუალშია. ჰაქსლის და მოგვიანებით, კონრად ლორენცის მიერ ცხოველთა სამყაროში აღმოჩენილი რიტუალურობა ცხადყოფს, რომ რიტუალი, ცერემონია თუ რიტუსი ზოგადად სიცოცხლისათვის სუნთქვასავით აუცილებელია და ამ საფუძველზე დგას ჩვენთანაც საეკლესიო რელიგიურობა და ესაა მისი შეუცვლელობის და სიძლიერის წყარო. რელიგიური აგრესიულობის საიდუმლოც სადღაც აქვეა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი მოცდენაა…

ვერ ვიტვით, რომ პატრიარქმა  რომელმაც სათაურში გამოტანილი ფრაზა ზოგადად ეკლესიის კრიტიკოსების მიმართ იხმარა, იცოდეს ეს ყველაფერი, ერკვეოდეს რელიგიის ბილოგიურ არსსა და ფუნქციაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მან ინტუიტიურად იცის, რომ მარქსის დრო აღარაა. მისი კრიტიკოსების ‘აქილევსის ქუსლი’ იპოვა. მისი წარმატების საიდუმლო: მან ამოიცნო რიტუალის კოლექტიური დინამიკა,  ხოლო რიტუალისა და სოციალური პრობლემატიკის სინქრონიზაციის გზით(ამაზე მოგვიანებით)  მან მიაღწია არანახულ რეიტინგულ წარმატებას, ადამიანებზე საქართველოში არგაგონილი, 96% გავლენა მოიპოვა.

რამდენად სასიკეთოა ეს გავლენა, ამაზე ამჯერად არ ვსაუბრობთ,ასეთი საუბარი  ჩემთვის წარსულია უბრალოდ

მე ვამბობ ერთს: ამ თუნდაც არასასიკეთო გავლენას  თუ ახალი და უახლესი  თეორიების შუქზე არ  დავინახავთ, თუ ამ თეორიებს არ შემოვიტანთ, ამ თეორიებს არ დავამუშავებთ, არ შევეკამათებით და ა.შ., საბოლოოდ თუ მათ არ გავისიგრძეგანებთ, მანამდე ვერც პატრიარქის გენეალოგიური  რჯულის(მოკლედ ასეა მისი მთელი რელიგია) და ვერც “სტალინური მართლმადიდებლობის” ანუ ზაზური თეორიის  ჩრდილიდან ვერ გამოვალთ.

თავი II – სმე და costly signalling theory

26. Juni 2014 um 14:15

ჩემთვის ერთგვარი ძვირი სიგნალია, თავისუფალი დრო ძვირი სიგნალის თეორიის გადმოქართულებას შევწირო, მაგრამ კაცი რას არ ჩაიდენს სამშობლოს გადასარჩენად! :)

ხსენებული თეორია ცხოველებზე, კერძოდ კანჯარზე დაკვირვებით შეიქმნა და შემდეგ გადატანილ იქნა ადამიანურ, განს. კი რელიგიურ სამყაროზე. კანჯარი, თუ კაი ჯანზეა, კი არ ემალება თურმე ლომს, არამედ, პირიქით გამოუჩნდება, მის ყურადღებას იქცევს და და შორი-ახლოს უკუნტრუშებს. ამ საქციელს, რაც დარვინიზმის ხარვეზს ადასტურებს, ბიოლოგმა ამოზ  ზაჰავიმ(Amoz Zahavi) უწოდა Handycap Princip. კანჯარი თუ ჯეირანი ამ  საქციელით თითქოსდა თავის გადარჩენას საფრთხეში აგდებს, მაგრამ თავისი სიძლიერის და ფიტნეს-ფორმის  ჩვენების გზით ადაპტაციის ფუნქციას იძენს. იგი ხომ ლომს შთააგონებს, რომ საკმაო ძალა შესწევს, გაუსხლტეს მტაცებელს და მისი დევნა ძვირი და უშედეგოა! როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ლომიც სწორად იგებს ამ სიგნალს და ყუჩობს, ძლიერ და ფეხმარდ პოტენციურ მსხვერპლს არ დასდევს!…

ანთროპოლოგი Richard Sosis ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ეს “ძვირი სიგნალის თეორია” ადამიანებზე და რელიგიურ ჯგუფებზე გადმოიტანა. საქმე იმაშია, რომ რელიგიური რიტუალი, განსაკუთრებულად ძვირი ჯდება, დრო, ჯანი და დიდი ფული მიაქვს. არამხოლოდ რიტუალზეა საუბარი, არამედ რელიგიის ფასი ძვირია და ამ ფასის გაღებაც თითქოსდა არასაჭირო. ჩვენ სინამდვილეშიც დასმულა კითხვა, რას ემსახურება ამხელა სამების ოქროცურვილი სახურავი, მილიონებიანი ხატი და სხვ. ჩვენ სულ ვუყურებთ ეკლესიის ბზვინვარებას, მიტრებს, რომლებიც ჯიპებზე უფრო ძვირია და მსგავს წარმოდგენებს. ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, სამებაში ქადაგებისას ხომ ჩანს რა დაოსებულია პატრიარქი, მის უკან მდგომი მიტროპოლიტები ხანგრძლივი წირვის ბოლოს წაქცევაზე არიან და მსგავსი(ზოგს ცხენივით ფეხზე ძინავს, იხ.ფოტოზე!)? რატომ სწირავენ რიტუალს ჯანმრთელობას, რა ამოძრავებთ მათ ამით?

როგორც შემდგომმა ამერიკულმა კვლევებმა აჩვენა, რიტუალის სიძვირით, – ზოგჯერ მთელ ქონებასაც კი  სწირავენ, – სურთ განზრახვის სერიოზულობა აჩვენონ. ეს მოვლენა აგრეთვე ამყარებს რელიგიური ორგანიზაციის წევრთა ურთიერთსოლიდარობას. მოგეხსენებათ, რელიგია სოლიდარული სისტემაა და დურკჰაიმის და მისი მოწაფეების, განს. მარსელ მოსის(Marcel Mauss) თანახმად, ძღვენი, მსხვერპლი და განსაკუთრებით რიტუალური მფლანგველობა, ფრანგ. dépenseერთმხრივ სოციალურ ინტეგრაციას და სხვამხრივ კი მაღლიდან სამაგიეროს მიღებას ემსახურება.

ამრიგად, რიტუალური სიუხვე და მფლანგველობა სიგნალია, რასაც რელიგიური ორგანიზაცია გასცემს ჯეირნის მსგავსად: ის თავისი ძლიერების დახარჯვას არ უფრთხის, უფრო სწორად, იხარჯება, რადგან ძლიერია, შეუძლია დიდი კამარა-ნახტომები  გააკეთოს(დიდი თანხა და ძალა ჩადოს რიტუალში) ანუ საბოლოოდ ის სერიოზულ მოთამაშედ უნდა მივიღოთ და არ გამოვეკიდოთ, მის დევნას აზრი არ აქვს, რაც არ უნდა ლომები ვიყოთ!

აი ასეა ამ თეორიის მიხედვით ჩვენი ეკლესიის სიუხვე-ფუფუნება და რიტუალური სიმძიმე  ახსნადი. და ამ გზით აღწევს ის წარმატებას, თვითდამკვიდრებას და სასურველ ადაპტაციას ამ ლომების უდაბნო-ქვეყანა საქართველოში!

დანარჩენი კი ისეა, როგორცაა. რელიგიისმცოდნე იოსებ ბულბულია, რომელმაც ამ თეორიას მიმაგნებინა(მართლა ასე ქვია, იხ: Bulbulia, Joseph: The cognitive and evolutionary Studies of religion), ასკვნის: “Cost may authenticate a resource or intention because waste is the luxury only the resource rich or predictably commited can afford”.

P.S. ხოლო ამ რამდენიმე წლის ჩატარებული ამერიკული კვლევის თანახმად,(პროფესორები Sosis და Bressler) 83 რელიგიური ორგანიზაციიდან, სწორედ ისინი ცოცხლობდნენ დიდხანს,თითქმის უსასრულოდ, ვინც რიტუალური საჭიროებისთვის დიდ და უზომო თანხებს, ენერგიას და ძალას არ იშურებდნენ. ანუ ესაც რომ ჩვენ სინამდვილეში გადმოვიტანოთ, ნიშნავს შემდეგს:  სინოდი და მისი კუნტრუში უკვდავია! :)

სანამ ამათ, თავის სტიქაროსნიან-მიტროპოლიტიანად სძინავთ, წერილი ჩასწორების და განვრცობის რეჟიმშია ჩართული, შენიშვნებს თუ არ დაიზარებთ, გავითვალისწინებ! :)



წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий