четверг, 19 июня 2014 г.

დიახ, მე ქრისტესი ვარ - მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი



ხდება ხოლმე, რომ ჩემთან პირველ აღსარებაზე მოსული შვიდი-რვა წლის ბავშვები ცოდვათა მთელ წყებას ჩამომითვლიან. მე ვუსმენ, მერე კი ჩვეულებისამებრ ვეკითხები:
- მითხარი: შენ ყოველივე ამაში თავს დამნაშავედ გრძნობ, თუ იმას მიმეორებ, რაშიც მშობლები გდებენ ბრალს?

- არა, ეს დედამ მითხრა, რომ ასე უნდა ვაღიარო ცოდვები, რადგანაც, როცა მე ვარღვევ ოჯახის მყუდროებას, ჩემი საქციელი მის გულისწყრომას იწვევს.
- მოდი, ამას თავი დავანებოთ. მთავარი სულ სხვა რამაა. შენ აქ იმისთვის ხომ არ მოსულხარ, ის მიამბო, დედ-მამას როგორ აბრაზებ. ერთი ეს მითხარი, გსმენია რაიმე ქრისტეს შესახებ?
- დიახ.
- წაგიკითხავს სახარება?
- დედა და ბებია მიამბობენ ხოლმე; რაღაც მეც წამიკითხავს და ტაძარშიც მომისმენია.
- მითხარი, მოგწონს ქრისტე, როგორც ადამიანი?
- დიახ.
- ისურვებდი მასთან მეგობრობას?
- რა თქმა უნდა!
- იცი კი რას ნიშნავს მეგობრობა?
- დიახ, ეს ნიშნავს: იყო მეგობარი.
- მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მეგობარი ის ადამიანია, ვინც მეგობრის ერთგული რჩება ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობარს იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს და ბოლომდე მასთან დარჩეს, მაშინაც კი, როდესაც მას სხვები ზურგს შეაქცევენ. მეგობარი ის ადამიანია, ვინც ბოლომდე თავისი მეგობრის ერთგული რჩება. ახლა წარმოიდგინე: ხარ სკოლაში, ქრისტე რომ ჩვეულებრივი ბიჭი იყოს და მთელი კლასი მის წინააღმდეგ ამხედრდეს, მაშინ რას იზამდი? გამოიჩენდი იმდენ ერთგულებასა და გამბედაობას, რომ მას გვერდში ამოდგომოდი და გეთქვა: თუ ამის ცემას აპირებთ, მეც მცემეთ, მეც მასთან ვარ? თუ შენ მზად ხარ, იყო ასეთი მეგობარი, მაშინ შეგიძლია თქვა: დიახ, მე ქრისტეს მეგობარი ვარ და მაშინ უკვე სულ სხვა კითხვებს დაუსვამ საკუთარ თავს აღსარების წინ. იკითხე სახარება! ამ წიგნიდან შეიტყობ, თუ როგორ უნდა იცხოვრო, საკუთარ თავზე გული რომ არ აგიცრუვდეს; როგორ უნდა იცხოვრო, ქრისტე რომ შენით გაახარო; იგი მაშინ გაიხარებს, თუ დაინახავს, მისი მეგობრობისთვის სულ სხვა ადამიანად რომ იქცევი. შენთვის ეს გასაგებია?
- დიახ.
- მზად ხარ ასეთი მეგობრობისთვის?
- დიახ...
ქრისტიანული ცხოვრება იმაში მდგომარეობს, რომ იყო ქრისტეს ერთგული მეგობარი და მუდამ სწავლობდე რა უყვარს მას, რა არ მოსწონს, რამ მიიყვანა იგი ჯვარცმამდე და შენც ამის მიხედვით იცხოვრო. პირველ საუკუნეებში ქრისტეს ერთგულება ნიშნავდა მზადყოფნას, დაუფარავად გეღიარებინა ქრისტე მდევნელთა წინაშე: - „მეც ერთი იმათგანი ვარ“. თუ საჭირო იქნებოდა ჯვარზე გაკრულიყავი და ამისთვის არ დაგნანებოდა ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი! ადრე ქრისტესთვის ვნება ღირსებად, პატივად, ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ხვედრად ითვლებოდა. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვემუქრება სიკვდილის ამგვარი საფრთხე. მაგრამ ყოველთვის მაინც დგას ჩვენს წინაშე კითხვა: ქრისტესთან ვართ, თუ მის წინააღმდეგ? თუ შენ სულ უმნიშვნელო რამისთვისაც კი მზადა ხარ ტყუილი თქვა, მზადა ხარ იცრუო სიმხდალის ან რაიმე გამორჩენის მიზნით - მაშინ შენ არა ხარ ქრისტეს მოწაფე. თუ შენ შეგიძლია დაივიწყო სხვისი გასაჭირი, იმიტომ, რომ ეს სარგებლობას არ მოგიტანს, პირიქით, თუ ეს შენგან ძალისხმევას მოითხოვს, და შენ ამ შესაძლებლობებს დაზოგავ, მაშინ შენ არა ხარ ქრისტეს მოწაფე. ქრისტეს მოწაფეობა სულაც არ ნიშნავს აუცილებლად საგმირო საქმეების ჩადენას. საკმარისია გმირულად მოიქცე ყოველდღიურად, სულ უმნიშვნელო წვრილმანებში; განდევნო შენგან ბოროტი გულისთქმანი, განიწმინდო გული ისე, რომ ღირსი შეიქმნე იმ სიყვარულისა, რაც ღმერთს შენდამი გააჩნია, არ გრცხვენოდეს შენს თავს უწოდო ქრისტიანი.
იყო ქრისტეს მოწაფე - ნიშნავს მზად იყო იმისათვის, რომ ადამიანებს უთხრა:
- დიახ, მე ქრისტესი ვარ! და თუ თქვენ ამის გამო შემაქცევთ ზურგს, იყოს ნება თქვენი; მე არ ვაპირებ ქრისტეს უარყოფას თქვენთან მეგობრობის სანაცვლოდ.
მომზადებულია მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის წერილის ("ქრისტიანობის შესახებ") მიხედვით, წიგნიდან - "საფეხურები", თბილისი, 2000 წ.

Posted via Blogaway
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий