вторник, 17 июня 2014 г.

იერუსალიმის წმინდა ნათელი და მსახურების სახესიმბოლური დეტალები



 მინდა ვისაუბრო იმ მოვლენაზე, რომელიც დღეს საზოგადოებაში "ცეცხლის გადმოსვლის" სახელითაა გავრცელებული.


მოკლედ ძირითადი მსახურების შესახებ


 წელიწადში ერთხელ, ვნების კვირის დიდ შაბათს განსაკუთრებული მსახურება აღესრულება იერუსალიმში, ქრისტეს მკდრეთით აღდგომის ტაძარში. შუადღის საათებში (დაახ. 12 სთ.) იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც უკან სომეხი მთავარეპისკოპოსი მოყვება, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიით, საგალობელთა გალობით სამჯერ გარს უვლის კუვუკლიას, მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. შემდეგ საფლავში შეაბრძანებენ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებულ განსკუთრებულ საგანს და კარს ცვილით დალუქავენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი წარმოთქვამს განსაზღვრულ ლოცვას და 33 ან 12 სანთლით ხელში შებრძანდება საფლავში, სადაც წარმოთქვამს საგანგებო ლოცვებს. მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა იგი იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და ახარა მენელსაცხებლე დედებს უფლის ღდგომა (ეს ადგილი გამოყოფილია მაცხოვრის საფლავისაგან).  მრევლი კი გალობს "კირიე ელეისონს", ვიდრე ცეცხლი გამობრძანდება საფლავიდან.


IX-XI სს-ის ხელნაწერები


 ამ მსახურების შესახებ მე-19 და მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე აღმოჩენილ იქნა IX-XI სს-ის ცნობები. ესაა იერუსალიმური ტიბიკონის ტექსტები, ე.წ. ლატალისა (მე-9 ს-ის დასაწყისი) და კალის ხელნაწერები(მე-10 ს-ის ბოლო, ან მე-11 ს-ის დასაწყისი).1  უფრო სწორად, ამ ხელნაწერებში ეს მსახურება გადმოცემულია, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი "დიდი შაბათის" სადღეღამისო მსახურებისა (ამ და სხვა წერილობითი წყაროების შესახებ უფრო ვრცლად იხ. ცნობილი ლიტურგიკოსის ნ. უსპენსკის გამოკვლევა, რომელიც მითითებულია ქვემოთ, შენიშვნებში).

 ხსენებული ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ "წმინდა ცეცხლის" მსახურება ტაძრის ერთგვარი მომზადება იყო აღდგომის ღამისთევისათვის. ამგვარად, მას აქვს პრაქტიკული დანიშნულება და, როგორც ლიტურგიკული მსახურება, იგი ხასიათდება სიმბოლური სახისმეტყველებით. ქვემოთ მე სწორედ ამ უკანასკნელის პერსპექტივით მინდა ვისაუბრო და გავამახვილო ყურადღება ამ მსახურების შესახებ.


მსახურების სიმბოლური მეტყველება


 როგორც ითქვა, "დიდი შაბათის" მსახურებისას, ვიდრე კუვუკლიას ცვილით დაბეჭდავენ, რის შემდეგაც პატრიარქი საფლავში შესასვლელად ემზადება, შიგნით შეაბრძანებენ განსაკუთრებულ საგანს, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია მოთავსებული, ეს გახლავთ ჩაუქრობელი კანდელი, რომელიც აღდგომის ტაძარში განსაკუთრებულ ადგილას ინახება (იხ. ფოტოები). კანდელის ვერცხლის საფარი ქრისტეს სახვეველის სიმბოლოა, კანდელი მასში ჩაუქრობლად ანთია, თუმცა არ ჩანს, დაფარულია, როგორც ქრისტეს საუკუნო ღვთაებრივი ნათელი, თითქოსდა, დაფარა სიკვდილმა და ის ასე დაასვენეს საფლავად. თქვენ იცით, შეასვენეს რა ქრისტე აკლდამაში, საფლავის კარს ლოდი მიაგორეს. ასე, "დიდი შაბათის" მსახურებაში კუვუკლიის კარის ცვილით დაბეჭდვა ქრისტეს საფლავის ლოდით დალუქვას ასიმბოლოებს. აღსანიშნავია, რომ ის პალესტინელი და მუსლიმი საერო პირები, პალესტინელი პოლიციელები, გარდა იმისა, რომ მათი იქ ყოფნა არაერთმა ისტორიულმა შეხლა-შემოხლამ და დაპირისპირებებმა მოითხოვა, ფარისევლების მიერ ქრისტეს საფლავთან დადგენილ მხედრებს, მცველებს (დარაჯებს) გვახსენებს.



ჩაუქრობელი კანდელი
ჩაუქრობელი კანდელი
კუვუკლიის კარის ცვილით
დალუქვა
ჩაუქრობელი კანდელი
ჩაუქრობელი კანდელი




 კარის დალუქვის შემდეგ პატრიარქი განიძარცვავს სამეუფო სამოსს და კვართის ამარა შებრძანდება საფლავში. ამით იგი აცხადებს, რომ უნდა წარუდგეს ერთადერთ ჭეშმარიტ, უზენაეს მეუფეს - ქრისტეს, რომლის წინაშეც იგი იმდაბლებს თავს და ოდენ კვართით შემოსილი შედის წმინდა საფლავში. ამდენად, არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს, ამ დროს მიმდინარეობდეს პატრიარქის "ჩხრეკა", ცხადია, არავითარი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან.

 შებრძანდება რა პატრიარქი საფლავში, სადაც წინასწარ ჩაუქრობელი კანდელია დაბრძანებული, წაიკითხავს საგანგებო ლოცვებს ცეცხლის საკურთხებლად. ეს იმავე სახის კურთხევაა, როგორადაც ნათლისღებას იკურთხება წყალი, როგორც იკურთხება ზეთი და სხვ. ამგვარად, იკურთხება რა საღვთო მადლით ცეცხლი (მატერიალური, ქმნილი ნათელი) პატრიარქი აანთებს 33 (ქრისტეს ასაკი) ან მოციქულთა რაოდენობისამებრ - 12 მსხვილ სანთელს (სავარაუდოდ, ასევე აანთებს საფლავში მდებარე ყველა სხვა კანდელს) და გამოაბრძანებს საფლავიდან. ეს კი იმის სახე-სიმბოლოა, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, გაიხსნა საფლავი და გამოჩნდა ნათელი ჭეშმარიტი (სახარება იოანესაგან 1:9), რომ მისი საფლავიდან ქვეყნიერებას მარადიული, შეუქმნელი ნათელი გამოუბრწყინდა. 12 სანთელი კი ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა ქადაგებაა, რადგან, სწორედ მათ ახარეს ქვეყნიერებას იესო ქრისტეს აღდგომა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიცნობთ დღეს ამ მსახურებას "ცეცხლის გადმოსვლის" სახელით, ვრცლად იხილავთ ნ. უსპენსკის იმავე სტატიაში. ძალიან მოკლედ კი იმის თქმა შეიძლება, რომ სხვადასხვა გარემოებათა გამო ამ ფაქტმა არასწორი თვითინტერპრეტაცია განავითარა ხალხში, ანუ როგორც იტყვიან, "რწმენა გახალხურდა".



მცირე მიმოხილვა, რა ითქმის დღეს


ახლა, მოვყვეთ სხვადასხვა ავტორების კვლევებს, სხვადასხვა იერარქის სიტყვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. დაინტერესებულთათვის, რჩევა იქნება, აუცილებლად გაეცნონ ნ. უსპენსკის მითითებულ სტატიას (იხ. შენიშვნები). იერუსალიმის ცეცხლზე ასევე საუბრობს ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი, 1804-1885 წწ.). თავის დღიურებში იგი ამბობს, რომ იერუსალიმელმა საეკლესიო მსახურებმა, რა თქმა უნდა, იციან სინამდვილე ცეცხლის შესახებ. იგი იხსენებს პატრიარქ ათანასეს, რომელიც მუსლიმთაგან შევიწროების გამო საბერძნეთში ცხოვრობდა, რომ იგი თავის ერთ-ერთ წერილში ამ ცეცხლს არა "წმინდა ცეცხლს", არამედ "კურთხეულ (ნაკურთხ)  ცეცხლს" უწოდებს .2  აქვე უნდა ვახსენოთ იერუსალიმის ეკლესიის მიტროპოლიტი კორნელიუსი, მან 2001 წელს ბერძნულ ტელეარხთან ("MEGA", გადაცემა "GКРIZES ZONES") ინტერვიუში თქვა, რომ, როცა წმინდა ცეცხლს ვახსენებთ,  "საუბარია ბუნებრივ ცეცხლსა და სინათლეზე, რომელზედაც პატრიარქი განსაკუთრებულ ლოცვებს ამბობს, ანუ ხდება მისი კურთხევა და, ამგვარად, საღვთო მადლს იძენს ბუნებრივი, ქმნილი სინათლე", და რომ "მას ანთებენ ჩაუქრობელი კანდელიდან." - იხსენებს არქიმანდრიტი ისიდორე (რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმში), რომლის ინტერვიუსაც ასევე გაეცნობით ქვემოთ, შენიშვნებში.3 

 წმინდა ცეცხლზე საუბრობს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, რუსეთის ეკლესიის პროტოდიაკონი ანდრია (კურაევი), მას ცეცხლის შესახებ სხვადასხვა წლებში არაერთხელ უსაუბრია, ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე: "სულიწმინდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა, არ გეშინიათ?", იგი პასუხობს: "არა, რადგან ვდუმვარ... მე ველი ეკლესიის ხმას". იგიც აღნიშნავს და, მართლაც, იერუსალიმის ეკლესიას ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია წმინდა ცეცხლზე, რომ, თითქოს, იგი "ზეციდან გადმოდის". დიაკონი ანდრია შენიშნავს, რომ სხვაა "დოგმატი" და სხვაა მომლოცველთა მონათხრობები და მოწმობები. იგი ამბობს, რომ იერუსალიმის ეკლესიას ნამდვილად არ მიუღია უშუალოდ ამ ცეცხლთან დაკავშირებით დოგმატი (იხ. სრულად). წმ. ცეცხლთან დაკავშირებულ სხვა, გვერდით მოვლენებსა და სხვადასხვა თქმულებებზე 2008 წელს კრიტიკოსმა იგორ დაბროხოტოვმა გამოაქვეყნა მცირე გამოკვლევა, სადაც საუბრობს სხვადასხვა ე.წ. სასწაულებსა და ისეთ თქმულებებზე, როგორიცაა მაგ. ლეგენდა "გახეთქილ სვეტზე", თქმულება სომეხი იერარქის საფლავში შესვლასთან დაკავშირებით (იხ. სტატია რუსულ ენაზე)

  აღსანიშნავია თავად იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე III-ს განაცხადება. 2011 წლის აღდგომას აეროპორტში სხვადასხვა დელეგაციებისადმი წმინდა ცეცხლის გადაცემისას იგი ამბობს: "უფლის საფლავიდან წმინდა ნათლის გამობრძანება საუკუნო ნათელია ქრისტეს აღდგომისა, რომელიც ღვთის დიდების მოწმობაა"(ინგ. The transfer from the Holy Sepulchre of the Holy Light is the everlasting light of the Resurrection of Christ, which is the testimony of the glory of God. იხ. ვიდეო და ტექსტური მასალა). აქვე აღვნიშნავ, რომ ბერძნულ სინამდვილეში ეს მოვლენა არა "წმინდა ცეცხლის", არამედ "წმინდა ნათლის" (ბერძ. Ἃγιον Φῶς) სახელითაა ცნობილი. კარგი იქნება თუ ჩვენთანაც ამგვარად დამკვიდრდება იგი. 
  ამდენად, "წმინდა ნათელი" სულაც არ გახლავთ შეგნებული ტყუილი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.


ბოლო სიტყვა


 ვფიქრობ, საინტერესო იყო საუბარი. მაგრამ, ახლა მინდა კიდევ ერთ, მნიშვნელოვან მხარეზე გითხრათ მცირედი. მოგეხსენებათ, როგორი რთულია ადამიანში ამა თუ იმ საგანზე, საკითხზე შეხედულებისა თუ წარმოდგენის შეცვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სარწმუნოებრივ საკითხებს ეხება. შეამჩნევდით, რომ "წმინდა ნათლისადმი" მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება საგანგაშოა, რადგან ემსგავსება ცეცხლთაყვანისცემას, შორდება ერთიან ქრისტიანულ სულიერ ტრადიციას, ამა თუ იმ პიროვნებისთვის ხდება რწმენის საფუძველი, რაც ასე მიუღებელია ეკლესიისათვის. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს ხსენებულ საკითხზე სხვადასხვა ქვეყანაში არაინფორმირებული სასულიერო პირების, იერარქების ქადაგებები. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ტელევიზისაც. ერთი სიტყვით, ცეცხლი იქცა კერპად. ეს კი არავითარ შინაგან გარდაქმნას არ ახდენს ჩვენში, რაც ღვთის სასწაულქმედების ერთადერთი მიზეზია. ალბათ, არაერთხელ გინახავთ, როგორ გამორბიან ტაძრიდან ანთებული სანთლებით ხელში კოპტები და არამარტო ისინი, უნებურად ფიქრდები, ვისღა ახსოვს ტაძარი, უფლის საფლავი, გალობა, ლოცვა და ღვთისადმი მადლობის შეწირვა საფლავის წინაშე, საიდანაც მოგვეცა მარადიული სულიერი ნათელი (მესმის, რომ ლოცვა და გალობა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაშია შესაძლებელი, და დავითიც რომ როკავდა). იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეხედონ, გაუხარდეთ ქრისტეს მათთან მყოფობა, გაუხარდეთ, რომ ერთად დგანან უფლის ტაძარში და იგრძნონ ერთმანეთისადმი სიყვარული, ისინი კონცენტრირდებიან ცეცხლზე და ივიწყებენ მთავარს. რომ ითქვას, ცეცხლის ზეციდან ჩამოტანა და მისით, ფანატიური მგზნებარებით ქადილი, შეძახილები, რომ "ეს ადასტურებს ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია, სხვები კი სატანის ხელში არიან" და მისთ., გახლავთ სუფთად იუდაისტური მიდგომა. აქვე გავიხსენოთ იაკობისა და იოანეს სიტყვა ქრისტესადმი, როცა იერუსალიმში ბრუნდებოდა უფალი, სადაც მას არ ღებულობდნენ, სადაც საფრთხე ელოდა. მათ უთხრეს ქრისტეს: "უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია მაშინ", უფალი შერისხავს მათ: "არ იცით, რომელი სულისანი ხართ თქვენ?". ამგვარად, ქრისტიანულ ეკლესიას სულ თანს სდევს ქადილი ქრისტეთი, მარადჟამ იქადდა ქრისტეთი ("და ესეცა ჯუარ-ცუმული", I კორინთ. 2:2) და მისი მკვდრეთით აღდგომით, სულაც არაა მისი საქმე "წმინდა ნათლით" სხვათა სარწმუნოების გაკიცხვა და "მოსრვა" სხვადასხვა შეძახილებითა და სიტყვებით. ამისთვის არსებობს აპოლოგეტიკა და, რომ ითქვას, არც ამის საქმეა სხვადასხვა სარწმუნოების შეურაცხყობა, არამედ წმინდად დაცვა, გაწმენდა ქრისტიანული მოძღვრებისა, ყოველგვარი ცილისწამებისა და მინარევებისაგან. 

 ახლა მივადექით უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მინდა იმ ადამიანებს ვესაუბრო, რომლებმაც სულ ახლახანს, ამ სტატიით შეიტყვეს ახალი ცნობები "წმინდა ნათელის" შესახებ და შინაგანად უკომფორტოდ იგრძნეს თავი ან გაუჩნდათ პროტესტი. მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომელთათვისაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ეს ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან. და მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ, ესე იგი, არ არიან მორწმუნენი.

 სიმშვიდეა ის, რაც ასე გვჭირდება. რადგან სწორედ საკითხში გაცნობიერებულ ადამიანზეა (უფრო კონკრეტულადაც შეიძლება - გაცნობიერებულ მორწმუნეზე) დამოკიდებული იმ ადამიანთა სულიერი მდგომარეობა, რომელთაც, რეალურად, არ გააჩნიათ უერყევი, ნამდვილი სულიერი საფუძველი და რომელთა სულიერი ორიენტირები დარღვეულია, სხვა მხარესაა მიმართული. საკმარისია მცირედი არაკორექტულობა და დიდ ტკივილს მიაყენებთ თქვენს მეგობარს, ახლობელს, ნათესავსა თუ ოჯახის წევრს. შესაძლოა ძლიერ დაუზიანოთ სული, მიაყენოთ დიდი ჭრილობა. ამიტომ, გვმართებს, გონივრული მოქმედება, მშვიდობის სულით გაჯერებული ("თქვენ, ვინც სულიერნი ხართ, განამტკიცეთ ასეთები (საუბარია სუსტებზე) მშვიდობის სულით", გალ. 6:1), სწორედ, ასე უნდა დაიწყოს საზოგადოებამდე ამ ინფორმაციის მიტანა, რაც დაწყებულია კიდეც. თუკი ასე არ მოვიქცევით, ქრისტე განგვსჯის, რადგან ამბობს: "ვინც დააბრკოლებს ერთ ამ ცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ წისქვილის დოლაბი დაეკიდოს ქედზე და ზღვის უფსკრულში დაინთქას" (მათე. 18:16)

  ვფიქრობ, ჯერ მორწმუნე საზოგადოებიდან "წმინდა ნათლისადმი" ზემოთ აღწერილი არასწორი დამოკიდებულება უნდა გაქრეს, რომ იგი კერპს ემსგავსა. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ "წმინდა ნათელი" არ არის საფუძველი შინაგანი რწმენისა, მით უმეტეს - ქრისტიანული სარწმუნოებისა. და ის, რომ იგი არ გადმოდის ზეციდან, არავითარ პრობლემას არ ქმნის ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობასა და კავშირში. ქრისტიანული სარწმუნოება, ესაა რწმენა ქრისტეს აღდგომისა, ესაა რწმენა ღვთისა მისი მორჩილებით, მისი ნდობით და მასთან შეხვედრის მოლოდინით. ხილულიდან უხილავამდე და მარადიულამდე ამაღლება ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ადამიანის შინაგანი, ქრისტიანული ცხოვრებისა. მარკოზის სახარებაში (თავი 17) წერია, უფალი ამბობს: "არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით", ანუ თანამედროვე ქართულად, "ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ" (ხილულად, გარეგნულდ). თუმცა კი, იერუსალიმის ცეცხლი "წმინდა ნათელია", იგი არაა ღვთის სასუფევლის (არა ძალის) ხილულული გამოვლინება, რათა დედამიწაზევე დარჩეს, არამედ თავისი სიმბოლური მნიშვნელობითა და კურთხევით, მისი მიზნობრივი დანიშნულებაა, აგვამაღლოს ხილულიდან უხილავისკენ და გვიჩვენოს მისი სულიერი მნიშვნელობა - ქრისტეს აღდგომის სინათლე. ამდენად, მიუღებელია სიტყვები "გადმოსული ცეცხლი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტობის დასტურია" და რომ ესაა "მხილება მწვალებელთა" და სხვ. რადგან, როგორც უფალმა თქვა, ღვთის ჭეშმარიტება, მისი სასუფეველი ხილულად, გარეგნულ ფორმებში არ გვევლინება, ღმერთის მეფობა ჩვენში არ მოხდება მატერიალური საგნების მეშვეობით, ისინი მხოლოდ გვეხმარებიან.
 რადგან ისტორიულად არამართებულად განვითარდა მოვლენები და თავის დროზე არ (ან ვერ) შეატყობინეს მორწმუნე მრევლს სინამდვილე "წმინდა ნათლის" შესახებ, ამიტომაა დღეს მათდამი, ერთგვარი, პედაგოგიური მეთოდებით მიდგომა საჭირო. ჩვენმა "მკვახე" და "დაუღვინებელმა" სიტყვებმა შესძლოა არაერთი ადამიანი დააბრკოლოს და გაუჩინოს მცდარი დამოკიდებულება ზოგადად ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ე.ი. მძიმედ დაიჭრას სულიერად და ძლიერ დაიტანჯოს. ამიტომ უნდა გამოვიძიოთ, ვის ვუთხრობთ ამ ყოველივეს, შინაგანად როგორი სიძლიერის მქონეა, სულიერი ცხოვრების რაგვარ საფეხურზეა და რის მიღება შეუძლია, რის არა. მათ შესახებ, ვინც ყოველგვარი ტკივილის გარეშე ტოვებს უფალს, უკან მოუხედავად გარბის სარწმუნოებისაგან, აღარაფერს ვიტყვი. რადგან თავიდანვე მცდარი გზით მოვიდნენ და მათი რწმენა არ ეფუძნებოდა ურყევ "კლდეს" - ქრისტეს, მის სარწმუნოებას, ისინი, რეალურად, არასდროს ყოფილან ქრისტიანენი, როგორც ამბობს იოანე კონსტანტინოპოლელი პთავარეპისკოპოსი (ოქროპირი). 

 ასე რომ, ძვირფასო ადამიანებო (არ აქვს მნიშვნელობა მორწმუნეები ხართ, თუ არა), როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაიგოს სინამდვილე, ამ მსახურების პირვანდელი, რეალური მნიშვნელობა, რაც უნდა მოხდეს დიდი მოთმინებით, სიფრთხილითა და გონიერებით, რომ ტკივილი არ მივაყენოთ ადამიანებს, არ ჩავუკლად ის ცოცხალი ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელ მათი ცხოვრება, ფიქრები, საქმეები და იმედები, რითაც ბედნიერობენ იგინი და ამით არ ვუბოროტთ მათ, თუნდაც რომ არასწორი იყოს მათი რწმენის საფუძველი, რადგან სწორედ ასე მოქმედებდა იესო ქრისტეც (იხ. იოანე 3 და 4-ე თავები). იმედი მაქვს, და ეს ერთგვარი თხოვნაცაა, გაითვალისწინებთ ჩემს ნათქვამს და ყოველგვარი უხეშობის გარეშე, მშვიდობიანად იმოქმედებთ, რაც ნამდვილად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, თქვენთვისაც და მათთვისაც.
პატივისცემით
აკაკი ჯოხაძე
2013

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий