вторник, 13 мая 2014 г.

ეკლესია, სძალი უფლისა თუ რეიტინგული ორგანიზაცია (ქრისტე-ორგანიზაცია vs ქრისტე-ორგანიზმი)


გელასი აროშვილი

წმინდა წმ.იოანე ოქროპირი მოგვითხრობს: ''ვითარცა დედაკაცსა, რომელსა უყუარნ ქმარი თვისი და ქმარი იგი წარსრულ არნ შორსა გზასა და იგი [დედაკაცი/ცოლი] გარდაიხედავნ სარკუმლით თვისით და მოელინ მას [ქმარს] და თქვეს: ‘ოდეს-მე მოვიდესო’;
აიხილნის თუალნი თვისნი და იხედავნ ზღუად კერძო და ხმელად [იყურება ზღვისა და ხმელეთის მხარეს]; და თუ იხილნის სადამე ნავნი მომავალნი, მუნ შინა ჰგონებნ მას; 
ანუ თუ იხილნის მოგზაურნი, ესრე თქვეს [გულში ამბობს]:

‘ვინ უწყის, მათ თანა ხოლო თუ მოვიდოდის იგი’?! 

და მეყსეულად შეემთხვის და ჰკითხავნ მისსა: 

- ‘მითხართ მე ქმრისა ჩემისაი, სადა დაუტევეთ იგი, რომელსა დაბასა, ანუ რომელსა ქალაქსა; ანუ რასა იქმოდა, ანუ რასა იტყოდა, ანუ ოდეს თქუა მოსლვაი?’ 

ეგრეცა, ყოვლითურთ, წმიდაი ეკლესიაი სიყუარულითა მით სიწმიდისაითა მოიმძევლებდა ყოველთა წინაწარმეტყუელთა და ჰკითხვიდა მათ: 

-‘იხილეთ თუ სადამე იგი, მო-მე–სადა-ვალსა იგი, ანუ მუნვე ცათა შინა არს, ოთხმეოცდა აცხრამეტთა მათ ცხოვართა აძოვებსა? არა-მე მოვალსა მოძიებად ცხოვართა მათ წარწყმედულთათვის? მითხართ მე, სადა-მე დაადგრების, ანუ სადა-მე იყოფვის, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?’... 

მიუგო სძალმან მან, (რომელ არს წმიდაი ეკლესიაი) და ჰრქუა: 
- ‘ვეძიებ მას და მისაცა მსურის. იგი თვით მოვედინ და ამბორ-მიყავნ მე’. 

მიუგო მას ესაია და ჰრქუა, ვითარმედ: 

- ‘ესე იგი არს და მოვალს. აჰა სასყიდელი მისი მის თანა არს და საქმენი ხელთა მისთანი არიან წინაშე მისა. ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სამწყსოსა მას თვისსა და ხელითა თვისითა შეკრიბნეს კრავნი და ნუგეშინის-მცემელ ექმნეს მაკეთა მათ დამძიმებულთა’. 

ესმა რაი სძალსა მას ეკლესიასა, რამეთუ ჭეშმარიტად უთხრობდა მას ესაია, ჰრქუა: 

- ‘სადა-მე იყოფვის, ანუ სადა-მე დაადგრების, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?’... შემდგომად მისა მოავლინა იოვანეიცა, რომელი-იგი ხმაი ღაღადებისაი იყო უდაბნოსა და თქუა: ‘განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი’. 

და ვითარ მოვიდა იოვანეიცა, შებმა-უყო და ჰკითხვიდა: 

- ‘მითხარ მე მწრაფლ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?’ მიუგო იოვანე და ჰრქუა: - ‘მე არა ვარ ქრისტე’. 

ხოლო მან ჰრქუა მას: 

- ‘და რად ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე?’ მიუგო იოვანე: - ‘არა თუ მე ქრისტე ვარ, არამედ შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელი-იგი უძლიერეის არს ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ, ვითარმცა განვჰხსენ საბელი ხამლთა მისთაი’...

რაჟამს უკუე ყოვნა მოსულაი, თქუა ეკლესიამ ან გულსა თვისსა: ‘წადიერ ვარ მე სურვილითა მისითა ხილვად მისა’. მიუგო იოვანე და ჰრქუა: 

- ‘ნუ შეორგულდები, ნუცაღა სულთ-ითქუამ, რამეთუ მახლობელად მოსლვად არს’. 

ვითარცა იხილა იოვანე, რამეთუ მოვიდოდა უფალი, თქუა: ‘აჰა კრავი ღმრთისაი, რომელმან მოსპნეს ცოდვანი სოფლისანი’. 

რაჟამს უკუე ესმა სძალსა [დანიშნული ქალი] მას იოვანესგან, რამეთუ კრავად თქუა და ესაია მწყემსად თქუა, ხოლო სძალი იგი იტყოდა: 

‘ვისი-მე მრწმენეს: იოვანესი-მე, ანუ ესაიასი?’ [როდესაც მესია-ქრისტეზე დანიშნულმა ქალმა გაიგონა, რომ იოანე ნათლისცემელი მესია-ქრისტეს უწოდებს ბატკანს, ხოლო ესაია წინასწარმეტყველისაგან გაგონილი ქონდა, რომ მესია-ქრისტე უნდა იყოს მწყემსი, შეეჭვდა და ამბობდა: ‘რომლის ნათქვამი ვიწამო ახლა, იოანესი თუ ესაიასი?!’] ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ შეორგულდა, ღაღად-ყო და თქუა: 

- ‘მე ვარ მწყემსი კეთილი!’ მაშინღა მივიდა, შეეხვია და შეიტკბვო და ამბორს-უყო მას. და აღესრულა სიტყუაი იგი დავითისი, ვითარმედ: ‘წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვნეს, სიმართლემან და მშვიდობამან პირს იკოცნნეს’.''

 ქრისტიანობის მთავარი მახასიათებელი უანგარობა და უპოვარებაა. წმ. გრიგოლ ნოსელი თავის ''მოსეს ცხოვრებაში'' ამბობს: 

„ჭეშმარიტი სრულყოფილების საზომი ბოროტებაში ცხოვრებისაგან თავის შეკავებაა -- ოღონდ, არა მონური შიშის გამო მოსალოდნელი სასჯელის მოლოდინში. 

ასევეა ითქმის სიკეთის კეთების შემთხვევაში. 

იგი აღესრულება არა ვაჭრული ანგარებით შემდგომში დაპირებული ჯილდოს იმედით, არამედ, იმის გამო, რომ, ყოველგვარი საზღაურის მიუხედავად, უანგაროდ ავმაღლდეთ ამაოებაზე და გვეშინოდეს მხოლოდ უმთავრესის, არ დავარღვიოთ მეგობრობა ღმერთთან -- ხოლო, ეს მეგობრობა უძვირფასეს და ერთადერთ საუნჯედ უნდა მიგვმივიჩნიოთ“.

უანგარობის საოცარ მაგალითს სახარებაში ვპოულობთ მენელსაცხებლე დედათა ღვაწლის სახით. ქრისტეს ჯვარცმის დროს ისინი თავის მოძღვართან არიან, მაშინ როდესაც ერთი მოციქულის გარდა ვერავინ ბედავს იქ მისვლას ''შიშისათვის ჰურიათასა''. ხოლო, ჯვარცმიდან მესამე დღეს, ისინი დილაადრიან მიისწრაფიან ქრისტეს საფლავთან, რათა ძვირფასი ნელსაცხებელი სცხონ გარდაცვლილი მასწავლებლისა და მეგობრის სხეულს. 

ამ ნელსაცხებლების შეძენისთვის მათ გაიღეს უკანასკნელი თუ რამ გააჩნდათ და, რაც მთავარია, ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უშიშრად მიილტვიან იქ, სადაც მათ უეჭველი სიკვდილი ელით, რადგან სინედრიონის მიერ მიჩენილ დაცვას ნაბრძანები აქვს საფლავთან მისული ყველა საეჭვო პირის მოკვლა. მენელსაცხებლეთ არც თეოლოგიური ცოდნა და არც იმის რწმენა არა აქვთ, რომ ქრისტე აღსდგება მკვდრეთით. ისინი მხოლოდ იესო ქრისტეს პიროვნული სიყვარულის გამო, სრულიად უანგაროდ მიდიან მოსალოდნელ ხიფათზე. 

და აი, ასეთი უანგარობა და სიმამაცე ჯილდოვდება იმით, რომ ეს უპოვარი და უანგარო (რაღა უნდა მიეღოთ მათ მკვდრისგან) ქალები პირველები ხდებიან ღირსნი იხილონ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. 
‘უპოვარება’ თავად ქრისტეს სახარებისეული პორტრეტია -- ''ხოლო ძესა კაცისასა, ადგილი არა აქვს, სადა თავი მოიდრიკოს''. ქრისტე უარყოფს მაცთურის წინადადებას ''ამქვეყნიური მეფობის'', ანუ სასუფევლის ამქვეყნად დამკვიდრების იდეაზე, ძალაუფლებისა და პოპულისტური სოციალური კეთილდღეობის (ქვების პურებად გადაქცევის) მყიფე საფუძველზე. უპოვარებაა ნიშანი ქრისტეს ყველა დროის ყველა ნამდვილი მიმდევრისა. ისევე როგორც ქრისტეს, არცერთ მის მოწაფეს არ გააჩნია რაიმე ქონება, ასევე უპოვარნი იყვნენ მოციქულთა მემკვიდრენი და მათი საქმის გამგრძელებელნი ქრისტეს ჭეშმარიტი ეპისკოპოსნი. 

აი, რას მოგვითხრობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი თანამოღვაწის წმ.ბასილი დიდის შესახებ: 

''მაშინ უკუე უმეტესად აღიძრა ეპარხოსი [ბიზანტიის ოლქის მართველი] იგი მოდესტოს და საჯდომისაგან [ტახტისაგან] მისისა აღდგა და იწყო უფიცხლესითა [უსასტიკესი] სიტყვითა მისდა [ბასილი დიდის] ზრახვად: 
- ‘და არა გეშინიანო ჩემისა ხელმწიფებისაგან?’ 
და უშიშმან მან გონებითა ჰრქუა: ' 
-‘რაი მიყო, ანუ რაისთვის მეშინოდის?’ 
და მხეცი იგი [ მოდესტოსი] იტყოდა: 
- 'რაი გიყოა? გიყო შენ ერთი რაიმე, რომელიცა მენებოს ხელმწიფებასა ჩემსა [ჩემი ძალაუფლებით]’. 

და დიდმან მან სულითა ჰრქუა: 
-‘რანი არიან იგი საქმენი, მითხრენღა [ბარემ მითხარი]?’ 

და მან მიუგო მას, ვითარმედ: 
- ‘წარტყუენვაი [აქ: ჩამორთმევა/წარმთმევა] ყოველთა მონაგებთა [ქონების] შენთაი, ექსორიობაი [გაძევება], სატანჯველნი და სიკუდილი’. 

 და ბასილი ჰრქუა მას: - ‘სხუაი რაიმე მიქადე ბოროტი, თუ გაქუს, თუ არა, მაგათგანი არცა ერთი შემომეხების მე [სხვა რამ სიბოროტით დამემუქრე, თუ შეგიძლია, რადგან ეგენი რაც ჩამოთვალე მე ვერას დამაკლებს]'. 

და კუალად ეპარხოსმან ჰრქუა: - ‘ვითარ, ანუ რომლითა სახითა არა შეგეხებიან?’ 

ხოლო ნეტარმან მან მიუგო, ვითარმედ: - ‘წარტყუენვისაგან უშიშ ვარ, რომელსა-ესე არაი მაქუს, გარნა ბალნისა ესე სამოსელი, რომელი მმოსიეს და მცირედნი წიგნნი, რომელთა შინა არს ყოველივე სიმდიდრე ჩემი. 

ხოლო შენ რაი წარმიღო მე [რა უნდა წამართვა], ანუ ექსორიობითა ვითარ მაშინებ, რომელი-ესე არა გარეშემოვიწერები ერთსა ადგილსა [ერთი რომელიმე ადგილით არ შემოვიფარგლები/შევიზღუდები], არცა ესე მაქუს ჩემად, სადა ვარ? და კუალად ყოველივე ქუეყანაი ჩემი არს და უფროისად ყოველივე ღმრთისაი არს, რომლისა მე მსხემ [მოგზაური] ვარ და წარმავალ. 

ხოლო ტანჯვაი სადღა იყოს, რაჟამს ხორცნი არა იპოებოდიან? რამეთუ, ჩემდა უხორცოებაი ბრძანებულ არს და ესე, რომელ მმოსიან, უკუეთუ მოსწყვიდნე, მადლიერ ვიყო, რამეთუ მე ფრიად მნებავს ამათი ტანჯვაი და მათ ზედა ოდენ გაქუს ძალი, ხოლო ჩემდა ტანჯვად ვერ ძალ-გიც, რამეთუ მე სული ვარ და სულსა ვერ შეეხები, ხოლო ხორცნი არა სატკივარ არიან ჩემდა. სიკუდილი კულა კეთილ არს ჩემდა მო-თუ-აწიო ჩემ ზედა, რამეთუ ადრე წარმგზავნოს მე სიკუდილმან ღმრთისა მიმართ, რომლისა მიმართ ცხოველ ვარ და ვიყოფები, და რომლისათვის მომიკუდინებიეს თავი ჩემი, და რომლისა მიმართ მივისწრაფი''. 
ხოლო ეპარხოსი ამათ სიტყუათა ზედა განკვირდა და თქუა: 

- ‘არავინ დღესამომდე ესრეთ კადნიერებით ზრახულ არს ჩემდა, ვითარ ესე [არავის ასე გაბედულად არ მოუმართავს ჩემთვის როგორც ამას]’. 

და ნეტარმან მან ჰრქუა მას: 

- ‘რამეთუ არცა მიმთხუეულ ხარ, ვითარ მე ვჰგონებ, ეპისკოპოსისადა, თუ არა, ესევითართა საქმეთათვის ესრეთცამცა გეუბნა [მგონი, არ შეხვედრილხარ ეპისკოპოს ჯერ თორემ ისიც ამგვარად გეტყოდა ამ საკითხებზე], რამეთუ ჩუენ, ეპარხოსო, სხუათა საქმეთა ზედა მშვიდ ვართ და მდაბალ, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩუენდა და არა ხელმწიფეთა ზედა და მეფეთა, არამედ ყოველთა უდარესსა ზედაცა არა ვმაღლიოთ, ხოლო, სადა ვიხილოთ, თუ ღმერთი შეურაცხ იქნების, მუნ ყოველსავე დაუტეობთ და მისა მიმართ ოდენ ვხედავთ [სხვა საქმეებზე ჩვენ არათუ მეფეების, არამედ უმდაბიოსესის წინაშესაც კი თავს ვიმდაბლებთ, მაგრამ როცა საქმე შეეხება ღმერთის შეურაცზყოფას, მაშინ მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით და არა სხვა ვინმეს]; და ცეცხლი, და მახვილი, და მხეცნი და სახუეტელნი ხორცთანი, ესე ყოველნი საშუებელ არიან ჩუენდა უფროისად, ვიდრეღა საშინელ. ამის საქმისათვის გუაგინებდ და გუტანჯევდ. რაიცა შენდა საწადელ არს, იქმოდე, უთხარ ესე მეფესაცა, ვითარმედ, მე ვერ დამარწმუნებთ ვერ რომლითა ღონითა, თუმცა ურჩულოებასა თქუენსა გეწამე’. 

წმ. ბასილი კესარია-კაპადოკიის, რომის იმპერიის ერთ–ერთი ყველაზე აყვავებული მხარის (დღევანდელი თურქეთის თითქმის ნახევარი) მთავარეპისკოპოსი იყო!... 

ეკლესიას, როგორც ორგანიზაციას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ეპისკოპოსი–ადმინისტრატორი ჰყოლია, არც ჩვენ დროში აკლია ასეთი ტიპის პატრიარქები და ეპისკოპოსები. სამაგიეროდ, ქრისტიანობის ისტორიაში ძალიან იშვიათია ეკლესიის როგორც ორგანიზმის, ქრისტეს მისტიური სხეულის ღირსეული მწყემსი, რომელმაც იესოს მსგავსად თავი დასდეს მისთვის მინდობილი უფლის ერთგული ''მცირე სამწყსოსათვის''. 

არადა, სწორედ ამგვარი მწყემსმთავრები შეადგენენ ქრისტეს ეკლესიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, წინასწარმეტყველებთან, მოციქულებთან, მოწამეებთან, აღმსარებლებთან, ასკეტებთან და უფლის ყველა დროის ჭეშმარიტ მეგობრებთან ერთად. ასეთი ეპისკოპოსები არა მხოლოდ თავად იყვნენ უპოვარებისა და უანგარობის მაგალითები, არამედ უშიშრად შედიოდნენ კონფრონტაციაში ამაქვეყნის ძლიერებთან, როდესაც ისინი უსამართლოდ ჩაგრავდნენ ადამიანებს, იჩენდნენ ულმობელ სისასტიკეს, აკანონებდნენ თავიაანთი საქციელით უზნეობას, დევნიდნენ სიმართლის პრინციპულ დამცველებს. გავიხსენოთ წმ. ამბროსი მედიოლანელის, წმ.იოანე ოქროპირის, წმ.მარტინე ტურელის და სხვათა შეუპოვარი თავდადება მოყვასისთვის, როდესაც უშიშრად ამხილებდნენ ისინი იმპერატორებს -- ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. მიუხედავად არაერთი მცდელობისა რომის, შემდგომ კი ბიზანტიის იმპერატორთა მხრიდან, მიეღწიათ ჰარმონიული თანაარსებობისთვის (სიმფონია) ეკლესიასთან, პრაქტიკულად ამის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ადვილად ხერხდებოდა ეკლესიასთან, როგორც ორგანიზაციასთან, კომპრომისების მიღწევა და ზოგჯერ კი მისი დაქვემდებარება ან რელიგიის სამინისტროდ ქცევაც კი, მაგრამ ეკლესია–ორგანიზმთან, ქრისტეს მისტიურ სხეულთან, რომელსაც, როგორც წესი, ყოველთვის ქრისტეს ერთგული უმცირესობა (მცირე სამწყსო) შეადგენდა, ეს-სოფელი, ისევე როგორც თავად ქრისტესთან, ყოველთვის დაპირისპირებული იყო -- ''უკეთუ მე მდევნეს, თქვენც გდევნიან'', მაცხოვრის ეს სიტყვები სისხლისფერ კვალად გასდევს მისი ეკლესიის ისტორიას! ასე იყო ძე ღვთისას განკაცებამდეც. ბიბლია, ფაქტობრივად, მართალთა (ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის მქონეთა) და ქრისტეს მოსვლის წინასწარმეტყველთა ჰეროიკული, უთანასწორო, მოწამეობრივი ბრძოლის ეპოპეაა ამასოფელთან. სრულ სიმარტოვეში იცავდნენ ცოცხალი ღმერთის არსებობისა და მისი სწავლების (მცნებების) ერთგულების იდეას ნოე და აბრაამი, მოსე და აარონი, სამუელი და დავითი, ელია და ელისე, იერემია და ესაია, დანიელი და სამნი ყრმანი. და ამისათვის, სწორედ მათ და არა, თუნდაც, კანონიერ მღვდელმთავრებს ჰქონდათ ავტორიტეტი და ზეგარდამო ძალა (მადლი) მინიჭებული ღვთისგან. ისევე როგორც საღმრთო წერილში, ასევე ქრისტეს ეკლესიაში ყოველთვის ზნეობრივი ავტორიტეტი სუფევდა და არა თანამდებობრივ-იერარქიული... წმ.იოანე ნათლისმცემელი ერთგვარი ხიდია ძველსა და ახალ აღთქმას შორის. მან თითქოს ხელიდან-ხელში გადასცა ეს ზნეობრივი ავტორიტეტი და ძალა ქრისტეს ჭეშმარიტების ყველა მოწაფესა და მეგობარს. თავად კი უზნეობის უკომპრომისო მხილებას და სიმართლის ერთგულებას შესწირა თავი. ვინ იყო ყველასათვის ამ დროს სულიერი ავტორიტეტი ისრაელში? რა თქმა უნდა იოანე და არა ოფიციალური მღვდელმთავრები ანნა და კაიაფა. ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეკლესია-ორგანიზაცია, მკვეთრად ანტაგონისტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ეკლესიისს ორგანიზმის მიმართ. ანუ, ქრისტეს სხეულის ორგანულ ნაწილებს წმიდანებს, არა მხოლოდ მეფეები, იმპერატორები, პრეფექტები, ეპარქები უპირისპირდებოდნენ, არამედ უმაღლესი იერარქებიც, ადმინისტრაციული ხელმძღვანელები ეკლესია-ორგანიზაციისა. ყოველთვის მეორდებოდა და კვლავაც განმეორდება ქრისტეს მიმართ კოალიციური სიძულვილი და აგრესია მეფეებისა, მთავრებისა, კეისრის წარმომადგენლებისა, ოფიციალური მღვდელმთავრებისა თუ გავლენიანი რელიგიური პარტიის ლიდერებისა. ასევე იდევნებოდნენ და ყოველთვის შევიწროებულნი იქნებიან ქრისტეს ერთგული მიმდევრები. ამიტომაც იყო, რომ ''პოლიტარქს'' [აქ: სამოქალაქო/პოლიტიკურ მართველს] ეძახდა წმ.გრიგოლ პალამა მის მდევნელ კონსტანტინოპოლის პატრიარქს. სტუდიელთა იღუმენი თეოდორე კი ''კატასკოპოსებს'' უწოდებდა მის თანამედროვე კონფორმისტ იერარქებს [სიტყვების თამაშია: ეპი-სკოპო-სი ნიშნავს ზდა-მხედველ-ს, ხოლო კატა-სკოპოსი, წინააღმდგომ-მხედველ-ს. ამასთან, კატასკოპოსი ნიშნავს შპიონს, მაბეზღარს, ანუ სატანას]. ჭეშმარიტი ჰარმონია ცათა სასუფეველსა (ქრისტეს სხეულს, ეკლესიას) და ამასოფელს შორის მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ქრისტეს მეორედ მოსვლისას ეს-სოფელი თავის საქმეებთან ერთად გრაგნილივით დაიხვევა და ცეცხლში შთაინთქმება, ხოლო, მის ადგილას იქნება ''ახალი ცა და ახალი ქვეყანა'' და ახალი, ქრისტეშემოსილი ადამიანი მასში. წმ.იოანე ოქროპირი წერდა, რომ ქრისტეს ეკლესიის ყველაზე დიდი დევნა მაშინ იწყება, როდესაც ის არ იდევნება, არამედ პრივილიგირებულია ამ სოფელში. მაშინ ეკლესია-ორგანიზაცია თავად იწყებს დევნას ჯერ შიგნით, ეკლესია-ორგანიზმისა, ანუ ქრისტეს მეგობრებისა, შემდეგ კი გარეთ, ორგანიზაციის მიღმა მყოფი ადამიანებისაც. 

ამგვარი პარაზიტული ქმედების ნიშანდობლივ მაგალითს ვპოულობთ მე-16 საუკუნის დასაწყისის რუსეთში. ამ დროს იქ ჩატარდა ორი საეკლესიო კრება, რომლებმაც საბედისწერო ზეგავლენა იქონია ქრისტიანობის თანდათანობითი პროფანაციისა [განსაკრალურებაში]. 

ამ პროცესის ტრაგიკული შედეგი იყო მისი სრული დამახინჯებ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის. ვგულისხმობ სინოდის ობერ-პროკურორის მიერ მართული საეკლესიო ორგანიზაციის სრულ სარწმუნოებრივ და ზნეობრივ გადაგვარებას, რასაც ლოგიკურად მოჰყვა ათეისტური რევოლუცია. ცხადია იყვნენ გამონაკლისებიც, რომლების შეადგენდნენ კიდევაც ამ დროს ეკლესია-ორგანიზმს... 

მაგრამ, ჯერ მე-16 საუკუნის რუსეთში დავბრუნდეთ. ზემოთხსენებულმა ორმა საეკლესიო კრებამ მონასტრის იღუმენობიდან განაყენა და მღვდელმოქმედება აუკრძალა წმ. ნილოს სორელს. იგი იყო უანგარობისა და უპოვარების ცოცხალ ხატი, იესოს ლოცვის უდიდეს მასწავლებელი, რომელმაც თავის მონასტერში საგანგებო გაწყობის [განსაკუთრებით გამშვენებულ] გალობაზეც კი თქვა უარი –''რად გვინდა ზედმეტი ფუფუნებააო''. 

კრებებმა იგი მღვდლობა შეუჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ზნეობრივად ანგელოზთა სწორი კაცი, საჯაროდ გამოდიოდა მონასტრებისთვის უძრავი თუ სხვა რაიმე ქონების: მიწები-საძოვრების, ყანების, ტყეების, ტბების, მდინარეების, ძვირფასეულობისა და სხვა სიმდიდრის გადაცემის წინააღმდეგ. მან ისიც კი იწინასწარმეტყველა თუ რითი დაამთავრებოდა ამგვარი პრივილეგიებით განებივრებული საეკლესიო ორგანიზაცია.

მალე ბერები და სამღვდელოება შეიარაღებულ ჩაფრებად გადაიქცევით, რადგან თქვენი მიწების და ქონების დაცვას ვერ აუხვალთ, ვინმემ საქონელი არ შეიყვანოს თქვენს საძოვარზე, ვინმემ ხე არ მოჭრას თქვენ ტყეში, ან თევზი არ დაიჭიროს მდინარეში''. 

(წმ.ნილოს სორელი)

მაშ, ვინ შეადგენს ეკლესია-ორგანიზმს, ქრისტეს სხეულს? ხშირად ისინი ვისაც უარი უთხრა ეკლესია-ორგანიზაციამ. ასეთები იყვნენ იოაკიმე და ანა, ზაქარია (ცნობილია, რომ ზაქარია არ იყო ტაძრის ოფიციალურ მღვდელმთავართა რიცხვში, არამედ სიონის მთაზე მღვდელმოქმედებდა, სადაც მოკლეს კიდევაც); ასევე, ელისაბედი და იოანე ნათლისცემელი, რომელიც იქედნეთა ნაშობებს ეძახდა იმდროინდელ რელიგიურ ელიტას; მეზვერეებიმათე და ზაქე და ის ფარული ქრისტეანები ვინც მცირე მონასტერში იღწვოდნენ სიონის მთაზე, სადაც შედგა კიდევაც საიდუმლო სერობა უფლისა; შობითგან ბრმა, რომელიც მოიკვეთა კრებულიდან, ანუ ორგანიზაციიდან მხოლოდ იმიტომ, რომ უშიშრად აღიარა ქრისტე. ქრისტეს სხეულის ნაწილები ხდებიან ისინი, რომელთაც ადამიანებადაც კი არ თვლიდნენ და არც კი შეეხებოდნენ ოფიციალური რელიგიური სტრუქტურის წევრები: მეძავყოფილი, სამარიტელი, ქანანელი, სომანიტელი დედაკაცები, რომაელი ასისთავი, ეშმაკეულყოფილი გადარინელი, მონანული ავაზაკი და სხვა მრავალნი, რომელნიც სრულიად უცხონი არიან ეკლესია-ორგანიზაციისთვის. ქრისტე კი ათეულობით კილომეტრს ფეხით გაივლის პალესტინის უდაბნოს გავარვარებულ ქვებზე, რათა თითოეულ ამათგანს პირადად შეხვდეს და ჭეშმარიტებით განანათლოს მათი გულები, ანუ მისი ეკლესიის ორგანულ ნაწილებად ჰყოს. ჯვარცმული ქრისტეს სხეული ჭრილობებითაა დაფარული, მან განკაცებისას დასნეულებული ადამიანური ბუნება შეიმოსა, რომელსაც შეადგენენ ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვილნი და მთელი კაცობრიობა. ეს ბუნება ჯვარზე აიტანა და თავისი მაცხოვნებელი ვნებით, აღდგომით და ამაღლებით განკურნა და განაღმრთო. აი, ასეთია მადლის კანონი, რაც სრულიად უცხო იყო და არის ყველა დროის ფარისევლებისთვის. აი, ზის მეზვერე – ''გამომყევი'', ეუბნება მას ქრისტე, „გახდი ჩემი სხეულის ორგანული ნაწილი. მე ძალმიძს შენი ფერისცვალება და განღმრთობა, ცათა სასუფეველს არ სჭირდება გარეგნული სჯულის საქმეები, მათ გარეშეც მიგიღებ, და როდესაც ჩემი ნაწილი გახდები, მე ვიცხოვრებ შენში, შენ კი ღვთის საქმეების კეთებას დაიწყებ მადლით, რადგან ძველი, დაცემული კაცი გაუქმდება შენში“. ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი ქრისტესგან ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობას ელიან. ასეთი რელიგიური გარემო დახვდა ქრისტეს ისრაელში და ამიტომაც არ მიიღო მან ქრისტე. ეს ბაცილა გადამდები და მომაკვდინებელი აღმოჩნდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე. ეს სენი მალევე მოედო ეკლესია-ორგანიზაციას, რამაც ტრაგიკული ანტაგონიზმი წარმოშვა ორგანიზაციასა და ორგანიზმს შორის. ეს ჯგუფი ქრისტიანთა საკრებულოში სრულყოფილ, ძლევამოსილ ორგანიზაციას ხედავს, რომელსაც ამქვეყნიური კეთილდღეობის, დიდებისა და პატივის გარდა იმქვეყნიური სამოთხის გარანტიის მოცემაც შეუძლია (იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს -- ფიქრობს ამ ჯგუფის წარმომადგენელი). აქ აშკარაა, რომ სიმძიმის ცენტრი მიწიერზეა გადატანილი. ამიტომაც, ამ ჯგუფის და ზოგადად ეკლესია-ორგანიზაციის ლიდერები, ძირითადად ამქვეყნიური გაბრწყინვება-გაძლიერება-გამთლიანებებით აპელირებენ და ფსევდორელიგიურ-ეთნომითოლოგიური დეკორაციებით შელამაზებულ აბსურდს ქადაგებენ. 

მეორე და როგორც წესი, მცირერიცხოვანი ჯგუფი, ქრისტესგან ცათა სასუფეველს, ანუ ქრისტეში მადლით განღმრთობას მოელის. ამ ადამიანებისთვის ქრისტე – წყაროა, იფქლის [ხორბლის] მარცვალია, დასაწყისი და თავია ახალი კაცობრიობის ახალი ცხოვრებისა -- მანამდე არ არსებული ღმერთკაცობრივი ორგანიზმის დაბადებისა. ამ ორგანიზმს კი ქრისტეს სხეული-ეკლესია ეწოდება.

აღმოსავლური ქრისტიანობის ერთერთი განმასხვავებელი თავისებურება მის არაორდინარულ მიდგომებშია სოციალურ და ეთიკურ პრობლემატიკასთან. აქ ადამიანი განიხილება, როგორც უკვე გამოხსნილი და განღმრთობილი ქრისტეში. ეს განღმრთობა სავსებით ხელმისაწვდომია, ეს არის ცოცხალი პროცესი უკვე ამქვეყნად და არა მხოლოდ მომავალ ცათა სასუფეველში. აღმოსავლურ (ისიქასტურ) თეოლოგიაში ღმერთი ტრანსცენდენტულია და იმავდროულად იმანენტური, ანუ რეალურად ხელმისაწვდომი საღმრთო ენერგიებით (მადლით), და ეს უქმნელი მადლი თავადაა ღმერთი. დასავლეთისთვის ეს სწავლება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. დასავლეთის რელიგიური სამყარო, კაცობრიობის ზნეობრივ მდგომარეობას, ტრადიციულად უფრო რეალისტურად და პესიმისტურად აღიქვამს. დაე, ''გამოსყიდული'' და ''გამართლებული (ამინისტირებული)'' იყოს ადამიანი ქრისტეს მსხვერპლით, იგი მაინც დაცემული და ცოდვის ტყვეობაში რჩება. ამიტომაც, ეკლესიის უმთავრესი ამოცანა, კაცობრიობის აზროვნებისთვის მკაცრი კრიტერიუმებისა და დისციპლინარული წესრიგის ჩამოყალიბებაა, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ცოდვილი მდგომარეობის მეტ-ნაკლებ დაძლევას და მის მიმართვას სიკეთისაკენ მის სოციალურ საქმიანობაში. თუ ეკლესიის შესახებ მისი ამგვარი ფუნქციებით ვიმსჯელებთ, მაშინ ის წარმოგვიდგება, როგორც ორგანიზაცია, დაწესებულება, ამქვეყნიური კეთილდღეობისთვის დაპროექტებული და მის სამსახურში მყოფი. ამიტომაც, დასავლეთში ეკლესია სავსებით ბუნებრივად განვითარდა და ჩამოყალიბდა ძლევამოსილ ინსტიტუციად. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში ის ბოლოდრომდე ყოველთვის მისტიურ (საკრალურ) ორგანიზმად აღიქმებოდა, რომელსაც მხოლოდ ''ღვთაებრივ'' ცხოვრებასთან ევალებოდა მოუკლებელი კავშირი. ხოლო, რაც შეეხება ადმინისტრაციულ-იერარქიული სტრუქტურებს (საპატრიარქოები, მიტროპოლიები, და სხვა ოფიციალური რელიგიური სტრუქტურები), ისინი მხოლოდ იმპერიის, სახელმწიფოს მიერ იქმნებოდნენ (თვით ათეისტურ ან წარმართულ რეჟიმებშიც კი). 

ანუ, სახელმწიფო მათ პოლიტიკური სისტემების სამსახურში აყენებდა იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით მორწმუნე მოქალაქეები სრულად დაექვემდებარებინა და წარმატებით ემართა. ცხადია, ეს არ ეხებოდა ღვთაებრივ სამნაწილიან იერარქიას (ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი), რომელიც ღვთაებრივი წყაროდან იღებს სათავეს. თუკი ბიზანტიაში სახელმწიფოსა (რომლის თავიც ''ღვთაებრივი'' წარმომავლობის იმპერატორი იყო) და ეკლესიას შორის თანამშრომლობის, ანუ სიმფონიის (იუსტინიანე იმპერატორის იდეა) მიღწევის მცდელობას ჰქონდა ადგილი (რაც იშვიათი გამონაკლისების გარდა ცხადია ვერ განხორციელდა), ბიზანტიის მემკვიდრეობის პრეტენზიის მქონე რუსეთის იმპერიაში ამან სრულიად დამახინჯებული და ეკლესიისთვის დამაკნინებელი სახე მიიღო. პატრიარქობის ინსტიტუტი გაუქმდა, სინოდი კი სახელმწიფოს ჩინოვნიკს (ობერ-პროკურორს) დაექვემდებარა. ეკლესიას იდეოლოგიური და საინფორმაციო-სადაზვერვო ფუნქციები დაეკისრა. ამ ფუნქციების დელეგირება, მემკვიდრეობით საბჭოთა კავშირის ათეისტური იმპერიის დროსაც სინქრონულად გაგრძელდა და კომუნისტების სამსახურში ჩამდგარმა კონფორმისტმა იერარქებმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს მათი შესრულება. ხოლო, ის ეპისკოპოსები, სამღვდელოება და მრევლი, რომელმაც უარი თქვა ათეისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაზე, ამ კონფორმისტი იერარქების დასმენებით საკონცენტრაციო ბანაკებში იქნა განადგურებული. ამის სანაცვლოდ მავანმა და მავანმა ხელშეუხებლობა, კომფორტი, უცხოეთში ვიზიტები და სხვა პრივილეგიები მიიღეს. 

ასეთი ტიპის საეკლესიო ორგანიზაციებში ქრისტესთვის უბრალოდ ადგილიც არ არის. ისინი მოსწყდნენ ეკლესია-ორგანიზმს, ღმერთკაცობრივ სხეულს და იმ პატრიარქთა სხეულებს შეადგენენ ვინც ''კაცღმერთებად'' ჰყავთ შერაცხილი. ქრისტიანობაში, ეპისკოპოსისა (პატრიარქის) და მრევლის პასუხისმგებლობა ორმხრივია: ეპისკოპოსი ვალდებულია პასუხს აგებდეს, თავისი სამსწყსოს სარწმუნოებასა და ზნეობაზე -- ხოლო, მრევლი თავისი ეპისკოპოსის სარწმუნოებაზე და ზნეობაზე. 

ამით სრულიად უკუგდებულია ისეთი ეკლესიოლოგიური გაუგებრობა, როგორიცაა პაპიზმი, როდესაც მრევლი თავის თეოლოგიურ, ზნეობრივ და მისტიურ პასუხისმგებლობას მთლიანად ე.წ. რელიგიურ ავტორიტეტებს: პაპებს, პატრიარქებს, სულიერ მოძღვრებს (სტარცებს) აკისრებს. ქრისტეს ზეაღმატებული შეხედულება აქვს ადამიანზე. მას არ სურს თავისი სასწაულების ძალით დაიმორჩილოს იგი. მას სწყურია თავისუფალი სიყვარული და არა მონური აღტაცება თუ ბატონის ძლევამოსილებით შეძრწუნებულობა... 

ცნობილია, რომ არაფერი არ არის კაცობრიობისთვის თავისუფლებაზე მძიმე და აუტანელი. ადამიანებს არ სჯერათ, რომ ქრისტეს შედგომით, ქრისტეს შემოსვით, მათი უღელი ქრისტეს ტკბილ უღელად და მსუბუქ ტვირთად გადაიქცევა. ამიტომაც, ადამიანებმა დემონის შთაგონებით ჩათვალეს, რომ არა მათი გულების თავისუფალი გადაწყვეტილება და სიყვარულია მნიშვნელოვანი, არამედ რაღაც ტაბუირებული საიდუმლო, რომელსაც ისინი ბრმად უნდა დაემორჩილონ სინდისის გვერდის ავლით. 

ამგვარად მათ უარი თქვეს ქრისტეს განმაღმრთობელი ღვაწლის შეთვისებაზე, უარი თქვეს საკუთარი მარადიული სულისადმი თუ სხვა ადამიანისადმი თანაგრძნობა-თანალმობაზე და მხოლოდ სასწაულზე, ტაბუირებულ საიდუმლოზე და გაფეტიშებულ ავტორიტეტზე დააფუძნეს საკუთარი რელიგია. ამ ყველაფრით კი აღტაცებულნი დარჩნენ, რადგან ისინი კვლავ წაასხეს ცხვრის ფარასავით, სამაგიეროდ მათი გულებიდან ჩამოხსნეს ესოდენ საშინელი ტვირთი და ნიჭი, თავისუფლება, რომელმაც მათ ამდენი მწუხარება და თავსატეხი მოუტანათ!

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий