“მე ვერასოდეს მივიღებ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, ინცესტის დაკანონებას, ვისაც უნდა და ვისაც ნორმალურად მიაჩნია და–ძმას შორის ურთიერთობა, დედასა და შვილს შორის… მზარავს ამის თქმა. ევროპაში არის ქვეყნები, სადაც ინცესტი დაკანონებულია. თავისი საქმე თვითონ იციან. ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი და თუ არჩევანი დგას ასე: ინცესტის ნორმად აღიარება, თუ დარჩენა იქ, სადაც ვართ, მე არა ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში, მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში”, – განაცხადა პარლამენტის ორგზის ყოფილმა თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ინცესტი – ისტორია და დღევანდელი დღე
ისტორიული წყაროების მიხედვით, ინცესტი ანუ ნათესაური სექსუალური კავშირები საკმაოდ გავრცელებული იყო ანტიკური ეგვიპტის მმართველების, ფარაონების ეპოქაში. ისტორიკოსების ცნობით, ეს სამეფო ხაზის შთამომავლობის გაგრძელების წყაროდაც მიიჩნეოდა. მაგალითად, მსოფლიო ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ფარაონი ტუტანხამონი საკუთარ ნახევარდაზე იყო დაქორწინებული. როგორც 2010 წელს ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ დაადგინა, თვითონ ტუტანხამონიც ინცესტის შედეგად ჩაისახა, იგი მეფე ეხნატონის და მისი დისშვილი იყო.
თანამედროვე სამყაროში ინცესტის თემა ნაწილობრივ კვლავ ტაბუირებულია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინცესტის თაობაზე საერთო საკანონმდებლო მიდგომები არ არსებობს. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში ახლო ნათესაური ინცესტი პატიმრობით ისჯება. გერმანელმა და–ძმამ: პატრიკ შტუბინგმა და სუსან კაროლევსკიმ, რომლებიც წლებია ერთად ცხოვრობენ და ოთხი შვილიც ჰყავთ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ამ კანონის გამო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლეს. პატრიკ შტუბინგი საკუთარმა ოჯახმა პატარობიდნავე გააშვილა და მან თავისი ბიოლოგიური ნათესავები მხოლოდ 20 წლის ასაკში გაიცნო. შტუბინგს საკუთარი და შეუყვარდა, თუმცა მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, იგი მსჯავრდებული იქნა ინცესტის გამო და 3 წელი ციხეში გაატარა. სუსან კაროლევსკის ბრალი არ წაუყენეს, რადგან მას ექსპერტიზამ პიროვნული აშლილობა დაუდგინა. მას შემდეგ, რაც შტუბინგმა საპატიმრო დატოვა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმე წააგო. მოსამართლემ დადგინა, რომ ქვეყანას და–ძმას შორის სექსუალური ურთიერთობის აკრძალვის უფლება აქვს.
BBC-ის ცნობით, ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ესა თუ ის ქვეყანა ახლო ნათესავებს შორის სექსუალურ ურთიერთობებს კრძალავს, წმინდა სამედიცინო ხასიათისაა. მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ იმ ადამიანების მიერ, რომელთაც ახლო გენეტიკური კავშირები აქვთ, შვილების გაჩენა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან შესაძლოა ბავშვი თანდაყოლილი დაავადებებით დაიბადოს. შტუბინგს და კოროლევკის 4 შვილი ჰყავთ, თუმცა ორი მათგანი თანდაყოლილი დარღვევებით დაიბადა. ასევე ცნობილია, რომ ტუტანხამონს თავის დასთან 2 მკვდრადშობილი ქალიშვილი ეყოლა. მიუხედავად ამისა, მეცნიერების ნაწილის ზემოხსენებული ეს თეორია მაინც სადავოა და გენეტიკის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს შორის დისკუსია გრძელდება. შტუბინგის და კოროლევსკის ადვოკატმა სასამართლოში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქევშ მყოფების სიყვარული არაფრით განსხვავდება სხვა ადამაინების ანალოგიური გრძნობისაგან. რაც შეეხება გენეტიკურ რისკებს, მისი თქმით, მსგავსი რისკები სხვა კატეგორიის ადამიანებთან მიმართებაშიც შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, როდესაც ასაკოვანი ადამიანები გადაწყვეტენ შვილის ყოლას, თუმცა, განსხვავებით და–ძმისაგან, მათ ამას კანონი არ უკრძალავს. ამიტომ, იურისტის თქმით, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდართან. მიუხედავად ამისა, მან საქმე მაინც წააგო.
ინცესტი დეკრიმინალიზებულია ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ასევე- რუსეთში. BBC-ის ცნობით, ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც და–ძმას დაქორწინება შეუძლია, არის შვედეთი, თუმცა აქ საუბარია მხოლოდ ისეთ და–ძმაზე, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ საერთო. ამასთან, ასეთი ქორწინების დამტკიცებისთვის მთავრობის სპეციალური ნებართვაა საჭირო.
საქართველოში ინცესტი არ ისჯება
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ფილიპ დიმიტროვის კომენტარი “ინცესტის დაკანონების” თემატიკაზე დაყწებულ დისკუსიაზე ასეთია:
“ბოლო ეგვიპტელი ფარაონების შემდეგ ინცესტს ევროპაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარავინ მისდევს. ბოლო საუკუნეების განმავლობაში მიღებული სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობა კრძალავს ქორწინებას რამდენიმე თაობის ბიძაშვილებს შორის. ევროპაშიც სწორედ ეს სხვადასხვა აკრძალვა მოქმედებს. ამ სფეროში რაიმე ერთიანი პოლიტიკა თუ ერთიანი შეთანხმება, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტრადიციას და აბსოლუტურად არ ითხოვს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციის ერთმანეთთან გათანაბრებას”, – უთხრა დიმიტროვმა “ნეტგაზეთს”.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ირკვევა, ამ თვალსაზრისით საქართველოში ბევრ ევროპულ ქვეყანაზე რბილი კანონმდებლობა არსებობს. საიას იურისტი თათული თოდუა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილში, რომელიც სექსუალური ხასიათის უკანონო მოქმედებებს ადგენს, არაფერია ნათქვამი ნათესაური კავშირების აკრძალვაზე:
“ამ საკითხებს სისხლის სამართლის კოდექსის ერთი თავი ეხება. ამ ტიპის დანაშუალებს შორის არის გაუპატიურება, ასევე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება, იძულება 16 წლის ასაკის მიუღწეველ ადამიანთან და გარყვნილი ქმედება, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დანაშაულისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკის მიუღწეველ ადამიანთან. აქ რაიმე ტიპის კონკრეტიკა ნათესაურ კავშირთან დაკავშირებით არ არის მოცემული. საუბარია ძალადობით კავშირის დამყარებაზე, ან შესაძლოა კავშირი იყოს ნებაყოფლობითი, თუმცა, თუ სრულწლოვანი პირი ამყარებს კონტაქტს არასრულწლოვანთან, ანუ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, თუნდაც ეს იყოს ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი, ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. რაიმე მითითება ნათესაობაზე ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არის”, – ამბობს თოდუა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ინცესტი დასჯადი არ არის, სხვა ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნათესავებს შორის ქორწინებას არ ცნობს. კანონით სამოქალაქო ქორწინება ვერ გაფორმდება: პირდაპირ აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის; ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.
რაც შეეხება იმას, პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი ხომ არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინცესტის თემასთან დაკავშირებით ევროკავშირი რაიმეს სთხოვს, რადგან ეს კანონი ვიზალიბერალიზაციის გეგმის სამოქმედო გეგმის ნაწილია, საიას საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა აცხადებს:
“ანტიდისკირმინაციულ კანონში არც ერთი მუხლი და არც ერთი დებულება არ გამოიყურება ისეთნაირად, რომ თითქოს ამით სისხლის სამართლის პოლიტიკაში რაიმეს კორექტირება ხდებოდეს”.
ნინო ბურჯანაძის განმარტება
ნეტგაზეთის კითხვას, რატომ დაუკავშირა ანტიდისკრიმინაციული კანონზე მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში “ინცესტის დაკანონება” ევროკავშირს, მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის კავშირი საქართველოს კანონმდებლობითაც არ არის დასჯადი, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც პროფესიით იურისტია, ასე უპასუხა:
“მე არ მითქვამს, რომ ევროკავშირი ინცესტის დაკანონებას ითხოვს. რაც შეეხება ტყუილს, ტყუილები და პროვოკაციები იმ პოლიტიკოსებმა, ვინც ამ კომენტარებს აკეთებენ, თავისკენ მოიკითხონ. განსხვავებით “ქართული ოცნებისა” და ლიდერების წარმომადგენლებისაგან, მე არასოდეს ტყუილი არ მითქვამს ჩემი ხალხისათვის. განსხვავებით სხვებისგან, ვიდრე განცხადებას ვაკეთებ, წინასწარ ვემზადები, ვკითხულობ და ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ და სხვებივით უპასუხისმგებლოდ არ ვეკიდები ჩემს განცხადებებს. არსად არ მითქვამს, რომ ვინმე ინცესტის დაკანონებას ითხოვს, მაგრამ მე ვთქვი, რომ, სამწუხაროდ, ხდება პროპაგანდირება… როგორც სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული საკითხებისა, ასევე, ინცესტთან დაკავშირებული საკითხების”.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ასეთი “პროპაგანდირება”, ბურჯანაძე აგრძელებს:
“ ელემენტარულად ნახეთ ევროპის ჩრდილოეთის სახელმწიფოებში, სადაც ზოგიერთი პოლიტიკოსი პირდაპირ აცხადებს, რომ ინცესტი მათი ქვეყნისთვის სოციალური ტრადიციაა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ არის ევროპაში ზოგიერთი ტრადიცია, რომელიც შესაძლოა, ევროპის რომელიმე ქვეყნისათვის მისაღები იყოს, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსათვის. ჩვენ უნდა ვიაროთ ჩვენი გზით, რაც კარგია, უნდა გადმოვიტანოთ ევროპიდანაც, აზიიდანაც, ასვტრალიიდანაც და რუსეთიდანაც, მაგრამ რაც მიუღებელია, ამას არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შევუწყოთ”.
ნეტგაზეთის კითხვას, რომელი ქვეყნის ტრადიციაა ინცესტი, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ კონკრეტულად საუბარი არ სურს და ინტერნეტში შესვლა გვირჩია, ხოლო განმეორებითი შეკითხვის შემდეგ, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფო ნორვეგია დაასახელა. კითხვას, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ინცესტი ნორვეგიის ტრადიციაა, უპასუხა, რომ ეს ერთ–ერთმა იქაურმა პოლიტიკოსმა თქვა:
“მე არ ვამბობ ამას. ეს თქვა ერთ–ერთმა [ნორვეგიელმა] პოლიტიკოსმა”, – აღნიშნა ბურჯანაძემ. ნეტგაზეთმა ამ თემაზე დამატებითი კითხვის დასმა ვეღარ მოახერხა, რადგან ბურჯანაძემ საუბრის გაგრძელება არ ისურვა. მან ინცესტის თემაზე მომზადებული ერთ–ერთი ფილმის ნახვაც გვირჩია.
ინტერნეტში მართლაც იძებნება ნორვეგიელი პოლიტიკოსის, ქვეყნის ყოფილი მინისტრის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებში, ექსდეპუტატის ინგა მართა თორკილსენის განცხადება იმის თაობაზე, რომ “ინცესტი ნორვეგიის სოციალური ტრადიციაა და ამ საკითხზე ბავშვებთან საუბარში სკოლიდანვე უნდა დაიწყოს”, თუმცა ამ ინფორმაციას ორგანიზაცია “რუს დედებზე” დაყრდნობით, ასევე, რუსული ონლაინ–გამოცემაhttp://ru-facts.com ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიული წყაროების ცნობით, ყოფილი მინისტრი მსგავს თემატიკაზე ბავშვებთან საუბრის ინიციატივით მართლაც გამოვიდა, თუმცა შესაბამისი განწყობის მქონე უფროსებისაგან ბავშვების დაცვის მოტივაციით და არა “ინცესტის ტრადიციის ბავშვობიდანვე განმტკიცების” გეგმით. ამასთან, ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ამ საკითხზე რეპორტაჟი მოამზადა, არ წერს, რომ ყოფილმა მინისტრმა ინცესტი ნორვეგიის სოციალურ ტრადიციად გამოაცხადა.
“ჩემი ძირითადი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი გადავარჩინოთ ოჯახური და სექსუალური ძალადობისაგან. ამისათვის ადრეულ ასაკშივე უნდა ჩავერთოთ, ვესაუბროთ მათ, რა არის დაშვებული და რა არა”, – აცხადებს თორქილსენი ნორვეგიული ტელევიზიის რეპორტაჟში.
ვინ აშინებს საქართველოს საზოგადოებას?
რატომ უკავშირებენ საქართველოში ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვისაკენ მიმართულ კანონს ანტიდისკრიმინაციის შესახებ, ისეთ თემებს, როგორიცაა ინცესტი, ასევე, ბავშვებზე სექსუალური სახის ძალადობა (პედოფილია) – ამ კითხვით ნეტგაზეთმა ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს მიმართა:
“ერთ ფაქტს გეტყვით და იქიდან, მე მგონი, ყველაფერი ცხადი იქნება. გასული წლის ოქტომბერში მე ვიყავი ერევანში კონფერენციაზე. ეს დრო დაემთხვა პერიოდს, როდესაც იქ მიიღეს კანონი გენდერის შესახებ, რამაც საზოგადოების არცთუ ისე პროგრესული ნაწილის ანალოგიური გამოცოცხლება გამოიწვია. ერთ–ერთმა ჩემმა კოლეგამ იქ მოიტანა მათ მიერ დაბეჭდილი ბროშურა, სადაც ისინი განმარტავდნენ, თუ რა იყო გენდერი, ჩამოწერილი იყო ზუსტად ის 6 პუნქტი, რაც აქ ვრცელდება ანალოგიურ შემთხვევაში: პედოფილია, ზოოფილია, სატანიზმი, ინცესტი და ეგეთი რაღაცები. ანუ ეს სქემა ერთი ადამიანის მიერ არის დაწერილი, ეს ადამიანი არის რუსეთში და ალბათ აქვს კაპიტნის ჩინი, მეტი არ მგონია”, – ამბობს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.
ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ ეს დასავლეური ცივილიზაციის წინაღმდეგ მიმართული კამპანიაა:
“ხომ არ შეიძლება, რომ ზუსტად იგივე რაღაცები განმეორდეს?! ამას აკეთებენ ისინი, ვინც ძალიან კარგად იციან, რომ ინცესტი, პედოფილია და ეს თემა სულ სხვა რამეა”.
პედოფილიის და ინცესტის თემა ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამართულ იმ აქციებზეც ახსენეს, რომელიც სასულიერო პირების ორგანიზებით გაიმართა. ფსიქოლოგის თქმით, ამ მანიპულაციურ პროცესში რელიგიური არხების გამოყენებაც არ ხდება შემთხვევით:
“მანიპულაციას უკეთებენ ნაკლებად განათლებულ ან არასტაბილურ ხალხს, ეს კეთდება ძირითადად ეკლესიებში, მაგრამ არა მარტო: გაზეთით და სხვა არხებით. ადამიანს ძალიან მარტივად დააჯერებ, რომ ინცესტი, პედოფილია და ნეკროფილია და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი ერთი და იგივეა და ის მოდის ევროპიდან თუ ამერიკიდან და უნდათ საქართველოს საზოგადოების მოსპობა. რატომ უნდათ? ამ კითხვაზე პასუხი უკვე ძნელია. როდესაც გყავს მოძღვარი და მისი გჯერა, როგორც ყოვლისმცოდნის, ის რომ გეტყვის ანტიდისკრიმინაციული კანონი საკუთარი დის შერთვას გავალდებულებსო, გჯერა და ფიქრობ, რომ ალბათ იმან იცისო. ადამიანისთვის საწინააღმდეგოს ახსნა შემდგ უკვე ძლიან ძნელია იმიტომ, რომ ინფორმაციას, რომელსაც არ ეთანხმება, უბრალოდ არ უსმენს. ადამიანი იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც უნდა, თუ ეს გრკვეულ სულიერ კომფორტს აძლევს, რომ აი, მე ღმერთი და მარიამ ღვთისმშობელი მიცავს. ამისგან გამოსვლა და სინამდვილის დანახვა არ უნდა ამ ადამიანს. უბრალოდ, ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, თორემ ასეთ შემთხვევაში ბევრი აბსურდული იდეა გაჩნდება”.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სხვადასხვა მანიპულაციური პროცესების შედეგად დასავლურ კულტურაზე მიღებულ ნეგატიურ ინფორმაციას დაიჯერებს, ფსიქოლოგის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საზოგადოებაში არსებული ჯანსაღი ძალების როლი:
“გააჩნია, რას შესთავაზებს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი. თუ იქნება უმუშევობის დინამიკის ზრდა, ეკონომიკური კრიზისი და ასე შემდეგ, ძალიან ბევრიც დაიჯერებს, თუ არა და- არა. არასტაბილურ ეპოქებში ბევრი პარანაოიკული და აბსურდული იდეები წამოტივტივდება ხოლმე. მე მახსოვს, 1980–იან წლებში არსებობდა რუსული ანტისემიტური ორგანიზაცია “პამეტ”–ი, მათი წარმომადგენელი გავიცანი შემთხვევით და ის მიმტკიცებდა, რომ შევარდნაძე გვარად ლუქსემბურგიაო. მე გავუღიმე და თვითონაც გამიღიმა. ვიცი, რომ არ გჯერა, მაგრამ მერე რაო”.
Комментариев нет:
Отправить комментарий