მიხეილ ანთაძე
„ივერიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბატონმა ნიკოლოზ რურუამ ამ რამდენიმე დღის წინ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა:„ჩვენში ძალიან ბევრი ადამიანი ზარმაცია და ურჩევნია, მის მაგიერ სხვამ იფიქროს. ამიტომაც, უამრავ მაყურებელს წმინდა წყლის სიმართლე ჰგონია ყველაფერი, რაც ტელევიზორიდან ესმის, ან რასაც გაზეთიდან კითხულობს იმის გააზრების გარეშე, რომ თითქმის ყველა ინფორმაცია რომელიღაც დაინტერესებულ ჯგუფის მიზნებს ემსახურება და მაყურებლის მანიპულირების იარაღია: ზარმაც მსმენელს ურჩევნია სხვისი მანიპულაციის მსხვერპლი გახდეს, ვიდრე ოდნავ გაიჭირვოს, დაფიქრდეს და მოსმენილი და წაკითხული საკუთარი გონების კრიტიკულ "საცერში" გაატაროს“. წინამდებარე წერილი ამ სტატუსს ეხმაურება.
უკანასკნელ ხანს საქართველოს იდეოლოგიურ ფრონტზე გახშირდა დასავლური ფასეულობებისა და ამ ფასეულობების მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალთა თუ პიროვნებათა მწვავე კრიტიკა. სამწუხაროდ, სიტყვა „კრიტიკა“ ძნელად გამოხატავს ცილისწამების, სიცრუის და ეგრეთ წოდებული „საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციების“ იმ მძლავრ ნაკადს, რომელიც ევროპული და ზოგადად დასავლური ორიენტაციის, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების წინააღმდეგაა მიმართული. ამ მეტად საშიში უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი იქნება, თუ სათანადოდ არ გავერკვევით მის მექანიზმებში, მეცნიერული სიზუსტით არ გავშიფრავთ მის არსს, რათა წინ აღვუდგეთ ცნობიერების გაუკუღმართების იმ შემაშფოთებელ პროცესს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მოიცვა.
საშინელია, როცა სიცრუე და ცილისწამება კარგად დამუშავებულ ტექნოლოგიად გადაიქცევა. ასეთი ტექნოლოგიები ოდიდგანვე ცნობილი იყო კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა სახელგანთქმულმა ფლორენციელმა ნიკოლო მაკიაველიმ ყოველივე ეს მწყობრ მეთოდად აქცია და მით საფუძველი დაუდო უზნეო პოლიტოლოგიას, როგორც ცალკე დისციპლინას. პრინციპი „მიზანი ამართლებს საშუალებას“ დაესაფუძვლა დოქტრინას, რომლის მიხედვითაც მუდამ და ყოველგვარ შემთხვევაში დასაშვებია ნებისმიერი უზნეო საშუალებების გამოყენება. მაკიაველის ეპოქაშივე დაარსებულმა იეზუიტების ორდენმა, გადაიტანა რა ზემოაღნიშნული პრინციპები რელიგიურ სიბრტყეში, მთლიანად გააუკუღმართა ყოველგვარი შეხედულება ზნეობრიობის შესახებ, რამეთუ თუ მაკიაველისტები თავიანთ ხერხებს უზნეოდ, მაგრამ მიზნის მისაღწევად საჭიროდ და მიზნით გამართლებულად თვლიდნენ, იეზუიტურმა დოქტრინამ იგივე უზნეობები ზნეობრიც საქციელად შერაცხა. იეზუიტთა სწავლება ფართოდ გავრცელდა და ჩვენს დროში კარგად დამუშავებულ პოლიტტექნოლოგიად გადაიქცა.
ამ ასპარეზზე მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდავოდ წარმატებული ლიდერი საბჭოთა ჩეკა-ოგეპეუ-ენკავედე-კაგებე-ფეესბეა. თვალთვალი, ზეწოლა საზოგადოებრივი აზრით, პროფესიული კარიერის განადგურება, პროფილაქტიკური აგიტაცია, დეპორტაცია, დაპატიმრება, ფსიქიატრიულ კლინიკაში დამწყვდევა, პოლიტიკური სასამართლო პროცესები, (მათ შორის, საჩვენებელი), ცილისწამება, სიცრუე, კომპრომატი, სხვადასხვა პროვოკაციები, დაშინება, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ფალსიფიცირებული ბრალდებებით დახვრეტა და სხვა მრავალი, რითაც გერმანელ-ნაციონალ სოციალისტებთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურები ამ ისტორიულ შეჯიბრში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ოღონდაც, ჰიტლერული ნაციზმი დიდი ხანია ისტორიას გადაეგო, კაგებე კი დღესაც მოქმედია და დღესაც ის მართავს რუსეთის ბოროტმოქმედ იმპერიას.
სიცრუე და ცილისწამება ჩვენს დროში ფეშენ მეტსახელით შეინიღბა და „შავი პიარი“ დაირქვა. მთელს მსოფლიოში გავრცელებულ შავი პიარის ნიღბებს სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით რუსულ (და ქართულ) სინამდვილეში, როგორც წესი, მასმედიაში დაკვეთილი მასალებით ამაგრებენ. დემოკრატიულ ქვეყნებში შავი პიარის სპეციალისტები ამ ფუფუნებას მოკლებულნი არიან მედიასაშუალებების დამოუკიდებლობისა და მეტ-ნაკლები მოუსყიდველობის გამო. რაც შეეხება საქართველოს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მხრივ რუსეთს ბევრად წინ გავუსწარით, რადგან უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში „ვიღაცამ“ ძალიან იაფად მოისყიდა თითქმის ყველა ქართული გაზეთი, ჟურნალი და იქ მოღვაწე ჟურნალისტების დიდი უმრავლესობა.
ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობა აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და განათლების სისტემას და იყენებს ამ კონტროლს ფართომასშტაბიანი პროპაგანდისათვის, შედეგად შესაძლოა მოსახლეობის დიდი ნაწილის „ტვინის გამორეცხვა“ მოჰყვეს. სწორედ ამ ტერმინს ხმარობდნენ ჩინეთის კულტურული რევოლუციისას. სხვაგვარად ამ პროცესს მასობრივი ცნობიერებით მანიპულაცია ეწოდება და კარგად დამუშავებულ ტექნოლოგიას წარმოადგენს. განსაკუთრებით კარგად მუშაობს იგი ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებზე აპელირებისასო, წერია ამ ტექნოლოგიის სახელმძღვანელოში, მით უფრო, თუ ფონად ამ პროცესს მოსახლეობის განათლების დაბალი დონე და დამოუკიდებელ თუ საზღვარგარეთულ საინფორმაციო საშუალებებთან კონტაქტის შეზღუდულობა ახლავს. რელიგიურ მოძრაობათა შემსწავლელი სოციოლოგები, მაგალითად, ჯეფრი ჰეიდენი, იზიარებენ ზოგად მოსაზრებას, რომ რელიგიურ ჯგუფებს უნარი შესწევთ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ თავის წევრებზე, და რომ ანალოგიური გავლენა იდეოლოგიური დამუშავებითაცაა შესაძლებელი.
მანიპულაცია მასობრივი ცნობიერებით (იგივეა, რაც მანიპულაცია საზოგადოებრივი აზრით) - ეს არის ილუზიისა და ქცევების კონტროლირებისათვის საჭირო პირობების შექმნის გზით ადამიანთა მართვის ერთ-ერთი საშუალება. ეს ზემოქმედება მიმართულია ადამიანის ფსიქიკურ სტრუქტურებზე, ხორციელდება ფარულად და ამოცანად ისახავს ადამიანთა დიდი ჯგუფის შეხედულებათა, მისწრაფებათა და მიზანდასახულებათა შეცვლას იმ მიმართულებით, რომლითაც ადამიანთა გარკვეული მცირე ჯგუფია დაინტერესებული.
ფარული მანიპულაციის სიმპტომები უკავშირდება სენსაციურობასა და ოპერატიულობას, განმეორებებს, წყვეტილობას (პარალაციას), კონტექსტიდან ამოგლეჯას, ინფორმაციის წყაროს ტოტალიტარულობას, გადაწყვეტილებათა ტოტალიტარულობას, ინფორმაციის და აზრების ჩანაცვლებას, ავტორიტეტთა დამოწმებას, სტერეოტიპების აქტივიზაციას, გამოთქმების დეკოგერენტულობას და სხვა. მანიპულაცია ეს არის პიროვნების ჩაგვრა
„სიცრუით, რომლის დაჯერებაც სურთ“.
პოლიტოლოგიასში „მანიპულაციის“ ცნება 50-70 წლებიდან აქტიურად იხმარებოდა „ცივი ომის“ ორივე მთავარი მონაწილის მიერ. სოციალისტური ლიტერატურა აკრიტიკებდა ბურჟუაზიულ-იმპერიალისტური საინფორმაციო საშუალებების მანიპულატორულ საქმიანობას, ხოლო ისინი თავის მხრივ ჩინელებსა და ჩრდილო კორეელებს ადამიანების ტვინის გამორეცხვაში ადანაშაულებდნენ. ამ დროიდან მანიპულაცია და ტვინის გამორეცხვა სინონიმებია.
მანიპულატორის მოქმედების სამიზნე ადამიანის, პიროვნების ფსიქიკაა.
ზემოქმედების ფარული ფაქტი ვერ უნდა შეაჩნიოს მანიპულაციის ობიექტმა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ამერიკული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ჰ. შილერი აღნიშნავს, რომ „წარმატების მისაღწევად აუცილებელია მანიპულაცია შეუმჩნეველი დარჩეს. მანიპულაციის წარმატება გარანტირებულია, როცა მანიპულირებულს სჯერა, რომ ყოველივე რაც ხდება ბუნებრივი და გარდაუვალია, ხოლო თავად მანიპულაციის ფაქტი მის მეხსიერებაში ასახული არ არის. მოკლედ რომ ვთქვათ, -დასძენს შილერი, - მანიპულაციისთვის საჭიროა ყალბი სინამდვილე, რომელშიც თვით მანიპულაციის ადგილი არ მოიძებნება.“ მეტწილად ამ ყალბ სინამდვილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქმნიან. სწორედ ისინი ავრცელებენ შეხედულებებს, რომლებსაც ადამიანები ჯერ ითვისებენ, შემდეგ კი საკუთარ შეხედულებებად აღიქვამენ. განსაკუთრებით საგანგებოდ ინიღბება მთავარი მიზანი, ისე, რომ თვით მანიპულაციის მცდელობის ფაქტის მხილებამაც კი არ გახადოს ნათელი მანიპულატორთა შორსმიმავალი მიზნები.
პროფესიონალები ადამიანებს, რომელთა ცნობიერებაზეც მანიპულირებენ, განიხილავენ არა როგორც პიროვნებებს, არამედ, როგორც ობიექტებს, ერთგვარ საგნებს, რადგან მანიპულაცია ძალაუფლების ტექნოლოგიის ნაწილია და არა უბრალო ზემოქმედება მეგობარსა თუ პარტნიორზე.
წარმატებული მანიპულაციის პირობა ის არის, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა არც სულიერ და გონებისმიერ ენერგიას, არც დროს არ ხარჯავს იმისათვის, რომ საინფორმაციო საშუალებების, ჭორების და სხვაგვარ მიღებულ ცნობათა სისწორეში ეჭვი შეიტანოს. ცნობიერებაზე ყოველი მანიპულაცია ორმხრივი ურთიერთკავშირია. მანიპულაციის მსხვერპლნი მხოლოდ მაშინ ვხდებით, როცა ამ მანიპულაციის თანაავტორები და თანამონაწილეები ვართ. მანიპულაცია ძალადობა არ არის, მანიპულაცია ცდუნებაა.
ვისაც ცნობიერებით მანიპულირება სურს, მისი მიზანია ობიექტებს იმგვარი ნიშნები (მესიჯები) მიაწოდოს, რომ როდესაც ეს ობიექტები ამ ნიშნებს (მესიჯებს) საკუთარ კონტექსში ჩაალაგებენ, ამის შედეგად თვით ეს კონტექსტები შეიცვალონ. ეს არის მანიპულატორის მიზანი. ისინი თავიანთი ტექსტის ან ქცევის იმგვარ კავშირებს გვკარნახობენ, მათ (ამ ტექსტების და ქცევების) იმგვარ ახსნას გვახვევენ თავს, რომ რეალობის სურათი მანიპულატორისათვის სასურველი მიმართულებით დეფორმირდეს. ეს თავის მხრივ ობიექტთა საქციელზე იმოქმედებს, თუმცა ობიექტები დარწმუნებულები იქნებიან, რომ საკუთარი სურვილებთან სრული შესაბამისობით იქცევიან. მანიპულატორის მიზანია შეიმჩნევლად გაგვაკეთებინოს არჩევანი, ისე, რომ იგი თავისუფალი და გააზრებული გვეგონოს. სინამდვილეში ასეთი არჩევანი ძალდატანებითი და გაუაზრებელია.
ყველაზე ხშირად ვხვდებით შემდეგ მანიპულაციათა მეთოდებს:
შთაგონების გამოყენება: რესპოდენტი ცდილობს აუდიტორია საკუთარ კომპეტენტურობაში დაარწმუნოს, მისი ნდობა დაიმსახუროს. ამისათვის საჭიროა აუდიტორიის ე.წ. სუგესტიტურ მდგომარეობაში შეყვანა, როდესაც მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს ყველაფერი სჯერა და დამამტკიცებელ საბუთებს არ საჭიროებს. პუბლიკუმი რეაქტიულ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, რაც შეპყრობილ ბრბოს ახასიათებს. საჭიროა, პოლიტიკურსა და სოციალურ ყოფაში გადმოინერგოს რელიგიური პრინციპი: „არ არის საჭირო ცოდნა და ფიქრი. ჩვენ უნდა გვწამდეს“. აქედან გამომდინარე, თუ მანიპულაციის ჩატარებაში სასულიერო პირებიც არიან ჩართული, მანიპულაციის წარმატების შანსი განუზომლად იზრდება. კულტის მსახურთა მიერ მრისხანედ ნაქადაგები ფუნდამენტალისტურ-ფანატიკური შინაარსები: სქენოფობია, დემონოფობია, უცხოთა შეუწყნარებლობა, ჰომოფობია, ავრცელებს აბსურდულ შინაარსებს, რომ „დედა ტერეზა ჯოჯოხეთში მოხვდება, რადგან კათოლიკეა“, „იაპონიას ცუნამი იმიტომ დაატყდა თავს, რომ მართმადიდებლები არ არიან“, „ლიბერალიზმი ნიშნავს საყოველთაო ჰომოსექსუალიზმს“, „ევროპა გარყვნილების მორევით გვემუქრება“, „ევროპასა და ამერიკაში ხუთი წლის ბავშვებს სკოლებში ანანიზმის გაკვეთილებს უტარებენ“ და ასეთები. როგორც ყველაფერ ფანატიკურს, ამგვარ მიდგომას აგრესიის გაღვივება ახლავს თან. სრულიად პარადოქსულად, ქრისტე, რომელსაც ყოველი ქრისტიანი შენდობასა და დაცვას ევედრება, თვითონ ხდება დასაცავი ჯვრისებრი ხელჯოხებით შეიარაღებული ფანატიკოსების მიერ, რომლებიც ძახილით, ქრისტეს არავის დავაჩაგვრინებთ, თავპირს ამტვრევენ ერეტიკოსებად მიჩნეულ მოყვასთ. წარმოიქმნება ფსევდორელიგიური ხასიათის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებსაც ნებისმიერ წამს შეუძლიათ ქუჩის აქციის, პიკეტის მოწყობა, მოწინააღმდეგის მიტინგის, ან ტელევიზიისა თუ რედაქციის დარბევა... მოწოდებები „გავუსწორდეთ ურწმუნოებს!“, ანათემები და წყევლა სხვაგვარად მოაზროვნეებისა და სხვა სარწმუნოების მიმდევართა, სხვა ეროვნების ხალხთა მისამართით, - რელიგიის სატანიზაციაა, საითაც „მამაოიზმი“ ძლევამოსილად მიუძღვება თავის ცხვარივით მორჩილ, ველურივით ბნელ, აფთარივით აგრესიულსა და იდიოტივით თვითკმაყოფილ სამწყსოს.
კერძო ფაქტის გადატანა სისტემაზე: ცალკეული შემთხვევები ცნობიერებაში უნდა აღიბეჭდოს ნიშნით აქ (ან იქ) „სულ ასე ხდება“, „ასეთ რამეებს სპეციალურად აკეთებენ“, „ყოველ ჩვენთაგანს ეს მოელის“.
ჭორები, ვარაუდები, ბუნდოვანი პოლიტიკური და სოციალური სიტუაციის ტენდენციური განმარტებები, კონსპირაციული თეორიები.
მეთოდი სახელად „გვჭირდება გვამები“ ანუ აუდიტორიის ემოციური დატვირთვა სისხლის, ძალადობის, სროლის, მკვლელობების, წამებისა და სხვა ამგვარების საშუალებით.
მეთოდი სახელად „საფრთხობელები“, როდესაც აუდიტორია ორ ბოროტებას შორის არჩევანის წინაშე დგება. უფრო დიდი ბოროტების შემზარავი სურათის გამო მეორე ლამის სიკეთედ მოგვეჩვენოს.„აბა ის ჯობია?!“ „აბა ის გირჩევნია?!“
ზოგი ფაქტის მიჩქმალვა და ზოგი ფაქტის გამოჩიჩქნა. მაგალითად, აუდიტორია გაჯერებულია ცნობებით პოლიტიკური, რელიგიური, სექსუალური, ეროვნული უმცირესობების ცუდი გავლენის დამადასტურებელი ფაქტებით, ხოლო მაგალითად ფაქტები, რომლებიც ასახავენ ნარკოტრაფიკის, რეკეტის, კორუფციის, კრიმინოგენული აქტივობის,ნეპოტიზმის ჭეშმარიტ სურათს, იჩქმალება.
ფრაგმენტაციის მეთოდი. მდგომარეობს შემდეგში: ინფორმაციის ნაკადი ნაწევრდება ერთმანეთთან დაუკავშირებელ ცალკეულ ფრაგმენტებად, რის შედეგადაც აუდიტორიას აღარ ძალუძს სამყაროს სწორი და სრულყოფილი სურათი წარმოიდგინოს. ამასთან ინფორმაციის მომხმარებლები ვერ კონცენტრირდებიან ერთ თემაზე, რათა მოვლენებიდან ძირითადი აზრი გამოიტანონ. ამგვარ დომხალში იოლია საზღვრის დამღრვევების დაკავება სამშობლოს ღალატად იქცეს, ბანდიტების ლიკვიდაცია - ტერორისტულ აქტად, ჯაშუშები - პოლიტპატიმრებად, ევროპული კულტურა - გარყვნილების ბუდედ და ასე შემდეგ.
ჰებელსის მეთოდი, როდესაც აშკარა ტყუილს რაც შეიძლება ხშირად იმეორებენ, რათა პუბლიკუმმა დაიჯეროს.
ცრუ მოვლენის შექმნა, მისტიფიკაცია. ამ შემთხვევაში ფაქტად საღდება მოვლენა, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა. შესაძლოა მისტიფიკაცია გაუკეთდეს აუდიო და ვიდეო მასალებსაც, დადგმული კადრები გასაღდეს დოკუმენტურად და ა.შ. ამავე კატეგორიაში გადის ათასგვარი კონსპირაციული ლეგენდები მასონებზე, გლობალიზაციაზე, სატანისტებზე და სხვა. ყვითელი და ანგაჟირებული მასმედია ძირითადად ამითაა დაკავებული. ...
ყოველივე ამის შედეგად მივიღებთ საზოგადოებას, სადაც უმრავლესობისთვის ბიბლიურ ათ მცნებას ჩაანაცვლებს
ფანატიკოს- ფუნდამენტალისტების შვიდი მცნება:
1. მცნება პირველი: იქონიე მხოლოდ ერთი აზრი, რამეთუ ორის ქონა უკვე აზროვნების დაწყებას ნიშნავს. ფანატიკოსი არ ფიქრობს. ფანატიკოსმა იცის.
2. მცნება მეორე: გაანადგურე ყველაფერი, რაც ამ აზრს ეწინააღმდეგება. არ აღიარო განსხვავებული მოსაზრებები, მით უმეტეს, საწინააღმდეგო.
3. მცნება მესამე: იდეის ყველა მოწინააღმდეგეს გაუსწორდი. მოწინააღმდეგეები არსებობის უფლებას არ იმსახურებენ, ისინი აზრისთვის, აზრის უსაფრთხოებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.
4. მცნება მეოთხე: აღიარე, რომ აზრი უმჯობესია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე, საკუთარის ჩათვლით. იყო ფანატიკოსი, ნიშნავს ეზიარო ღირებულებას, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ინდივიდუუმები.
5. მცნება მეხუთე: ნუ ითაკილებ ძალადობას, ვინაიდან სწორედ ის შეადგენს მამოძრავებელ ძალას. ძალადობას მარად სუფთა ხელები აქვს, მაშინაც კი, როდესაც ყელამდე სისხლშია ჩაფლული.
6. მცნება მეექვსე: მიიჩნიე, რომ შენი სამართლიანი აგრესიის ყოველი მსხვერპლი დამნაშავეა.
7. მცნება მეშვიდე: ნუ მისცემ საკუთარ თავს ორჭოფობის უფლებას, განდევნე იგი შენგან. თუ იგრძნობ, რომ სინდისის ქეჯნა მოგეძალა, ისროლე. ერთდროულად მოკლავ ეჭვსაც და შეკითხვასაც. ძირს კრიტიკული აზროვნება!
რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამგვარ ძალადობას ჩვენს ფსიქიკაზე?
პიროვნებით მანიპულაციის საწინააღმდეგო უპირველესი იარაღი სწორედაც კრიტიკული აზროვნებაა, რომლის წინააღმდეგი ლოზუნგითაც მოქმედებენ მანიპულატორები. ყოველ ინფორმაციას კრიტიკული ანალიზი სჭირდება. ინფორმაციის მიღება და მიწოდება სხადასხვა წყაროებიდან უნდა მოხერხდეს და არა ერთადერთი კომპრომეტირებული წყაროდან. ისე, მანიპულატორთა გამოსავლენად დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო კანონი ლუსტრაციის შესახებ. 2008 წლის ომის შემდეგ არც კოლაბორაციონიზმის შესახებ კანონი გვაწყენდა. ახლა, ცოტა არ იყოს, გვიანია.
მაგრამ არის კიდევ ერთი დამამშვიდებელი გარემოება, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, როდესაც მეოცე საუკუნის შუა ხანებში კორეის ომისა და ჩინეთის კულტურული რევოლუციის ფსიქოლოგიური შედეგები დააჯამეს. კერძოდ, გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ე.წ. „ტვინის გამორეცხვის“ საშინელი პროცედურები გადაიტანეს (ეს კი ფსიქოლოგიურ მანიპულაციაზე ბევრად უარესი იყო, რადგან ფსიქიკაზე ზემოქმედებას არაადამიანური მოპყრობა, ფიზიკური რეპრესიები და სადისტური წამება ერთვოდა,) დიახ, ეს ადამიანები, ჩინეთის ციხეების თუ კორეის ტყვეთა ბანაკების საშინელებების მიუხედავად, მანიპულატორთა უმოწყალო ზეწოლისა და შეხედულებების თავს მოხვევის მცდელობების მიუხედავად, ზეწოლის მოხსნის შემდეგ მალე დაუბრუნდნენ ნორმალურ ფასეულობებს. როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, ადამიანის გონებას სტრესის წინააღმდეგობის, შეხედულებების, იდეალების მდგრადობისა და შენარჩუნების გრანდიოზული უნარი გააჩნია.
ადამიანთა უმრავლესობა გარე ზეწოლის შედეგად აზრებს იცვლის, მაგრამ ზეწოლის გაქრობასთან ერთად სწრაფად აღიდგენენ ფსიქიკურ სტატუს ქვოს.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий