სომხები და მათი ამბავი
ნიკოლოზ ალექსიძე
ამ და კიდევ რამდენიმე წერილში ვიფიქრე, ვისაუბროთ შუა საუკუნეებზე და შუა საუკუნეებზე ჩვენ შორის. აქ კი აწერია, პირველი ნაწილიო, მაგრამ კაცმა არ იცის, შეიძლება ასეც დარჩეს ერთ ნაწილად. შუა საუკუნეებშიც ეგრე იცოდნენ, დღეს წერდნენ და გესაუბრებოდნენ, ხვალ მეორედ მოსვლას ელოდებოდნენ და ყველაფერი იქნებოდა კარგად. შუა საუკუნეები ბევრი რამეა, მათ შორის არის სიტყვები, რომელთაც სხვას ვარქმევთ, სხვას ვიგონებთ და ამით ჩვენს საკუთარ იდენტობას ვქმნით. ამჯერად სიტყვა "მონოფიზიტობაზე" ღირს ორი სიტყვის თქმა, წაღმა და უკუღმა რომ ვიყენებთ და სომხებს ვუწოდებთ. *** რამდენიმე რამ არის, რითიც ეს ჩვენი პოსტმოდერნულ-პოსტგუტენბერგისეული დრო ჰგავს წინარეგუტენბერგისეულ დროს, ანუ იმ ხანას, როცა ტექსტები ბევრად უფრო ნელა და სხვანაირი არხებით ვრცელდებოდა. ამ პირველ ჯერზე ერთ ასეთ საერთო რამეზე ვისაუბროთ. შუა საუკუნეებში, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ტექსტები, როგორც წესი, არ ვრცელდებოდა ხოლმე სრული სახით, მკითხველიც, კაცმა რომ თქვას, ბევრი არა ჰყავდა ამ ტექსტებს. ამიტომ ამოკრეფდნენ ხოლმე ყველაზე ადვილად დასამახსოვრებელ, ლაკონიურ და ექსპრესიულ ფრაგმენტებს და ცალკე კრებდნენ. ასე ვრცელდებოდა წმინდა მამებისა და სხვა ბრძენი ქალებისა და კაცების გამონათქვამები უტექსტოდ და უკონტექსტოდ. მოძღვრები იმახსოვრებდნენ ამ გამონათქვამებს და ქადაგებისას ოსტატურად ჩართავდნენ ხოლმე. ამ კრებულებს ზოგს ფლორილეგიები ერქვა, ზოგს - აპოფთეგმები, ზოგს - საკითხავები. გარდა ამისა, ამ ფლორილეგიებს სამედიტაციო ფუნქციაც ჰქონდათ, იჯექი შენთვის და ფიქრობდი რომელიმე მეუდაბნოე მამის სიბრძნეზე, მერე ალბათ ფიქრი გაგექცეოდა და მეზობლის ცოლზე გეფიქრებოდა. ასე ხდებოდა და ასე ხდება ხოლმე. ამიტომ ცოდნაც, როგორც წესი, იყო უკონტექსტო და ფრაგმენტული. არსებობდა ფრაზები, სიბრძნეები და გამონათქვამები და მათი ავტორიტეტული ავტორები. ეს სახელები და სიტყვები ჰაერში იყო ხოლმე და ყველამ იცოდა მათ შესახებ. ავტორიტეტი უდროდა ციტატას და ციტატა - ავტორიტეტს. ამიტომ ბოლოს ტექსტი რჩებოდა ტექსტად და იქიდან ამოღებული ფრაზა თავისთვის. ასევეა დღესაც, ამ ჩვენს პოსტგუტენბერგისეულ სამყაროში, სადაც ტექსტის გადაცემის ყველაზე გავრცელებული საშუალება copy+paste-ია. Facebook-ზე და სხვა ასეთ არხებზე ვრცელდება "აპოფთეგმები" და ფრაგმენტები, ხოლო ტექსტი და, მით უფრო, კონტექსტი საერთოდ უგულებელყოფილია. უცნაურობაც ამაში მდგომარეობს, რომ ის დრო, როცა ინფორმაცია ძალიან ნელა ვრცელდებოდა, ტყავიდან ტყავზე, და ეს დრო, როცა ინფორმაცია უფრო მალე ვრცელდება, ვიდრე ინფორმაციის წყარო, მსგავსი ვითარებაა: ორივეს ახასიათებს ცოდნის ფრაგმენტულობა, ორივე ეპოქის ინტელექტუალი ხშირად ამ ფრაგმენტულობის მსხვერპლია, ერთი - ინფორმაციის ნაკლებობის, მეორე კიდევ - ინფორმაციის სიჭარბის. და ამ ინტელექტუალურ სივრცეში არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც არა აქვს მნიშვნელობა ტექსტებს და არც კონტექსებს, მათთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სიტყვებს და მხოლოდ იმას, რომ ამ სიტყვებში ისინი მართლები არიან და სხვა მტყუანი. *** ეს შესავალი იმიტომაა საჭირო, რომ ზუსტად ასევე ვრცელდებოდა თეოლოგიური ცოდნაც. არსებობდა რამდენიმე ძალიან განსწავლული თეოლოგი და არსებობდა ხალხი, რომელთა მანიპულირებაც ყოველთვის ადვილი იყო ამ სხარტი გამონათქვამებით. მანიპულირება კი ხდებოდა ყველაზე კეთილშობილური გრძნობით - ღვთისმოშიშობით. ამავე ღმრთისმოშიშობის წყალობით ადამიანებს უჩნდებოდათ სურვილი, რომ ნებისმიერი საშუალებით დაეცვათ ღვთაებრიობა და საკუთარი რწმენა. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს ბუნებაში მხოლოდ ტექსტი. არსებობს კონტექსტი, მეტატექსტი, ჰიპერტექსტი, პარატექსტი და კიდევ უამრავი ტექსტი. ამავე დროს ყოველი ტექსტი არის რიტორიკული მოვლენაც. როცა ყალიბდება რიტორიკული პოზიცია, ეს პოზიცია, როგორც წესი, რაღაცის უარსაყოფად და დასაპირისპირებლად ყალიბდება და არა თავისთავად. შესაბამისად, ნებისმიერი ტექსტი რიტორიკული ფუნქციის მატარებელია ხოლმე და ის ვერ იარსებებს რიტორიკული ველის მიღმა. როგორც კი ის ამ ველს, ანუ დისკურსს გასცდება, იწყება სპეკულაცია. ასე იყო თავის დროზეც და მეტიც, ყოველთვის, როცა თეოლოგიური პოზიცია ყალიბდებოდა, განზრახვა ყოველთვის იყო ხოლმე კეთილშობილური, რომ დაეცვათ ქრისტე და დაეცვათ სარწმუნოება. ასე მოიგონეს სიტყვა "მონოფიზიტობაც". როგორც შეურაცხმყოფელი, უსამართლო და პოლემიკური ტერმინი, მოწინააღმდეგის პოზიციის უკიდურესად უტრირებისათვის და ამით მისთვის ძირის გამოსათხრელად. ამიტომ როცა შუა საუკუნეების ტექსტებზე ვსაუბრობთ და ტექსტებზე, როგორც ცოდნის მატარებლებზე, სინამდვილეში უფრო რთულ ფენომენზე გვაქვს საუბარი, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. აი, მაგალითად, არსებობს ფორმულა "ერთი განხორციელებული ბუნება ღმერთის ლოგოსისა". ეს არის ფორმულა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ატრიალებდნენ ერთნი და მეორენი, რომელიც ყველას თავისი პოზიციის განმამტკიცებელი ეგონა, რადგან მათთვის პირველხარისხოვანი იყო ეს სიტყვები და მათი ავტორი - კირილე ალექსანდრიელი. დანარჩენი არავის არ ადარდებდა. რომ გავიგოთ, როგორ აზროვნებდა შუა საუკუნეების ადამიანი, კიდევ ერთი რამეა გასათვალისწინებელი. შუა საუკუნეებში მთელი არსი თეოლოგიისა და თეოლოგიური დისპუტებისა იყო სოტერიოლოგიური, ანუ ადამიანს ერთი რამ ადარდებდა, თუ რა არის ჩემი ხსნის გზა. ხომ გვახსოვს, ხვალ მეორედ მოსვლაა და დღეს როგორ უნდა მესმოდეს მე ინკარნაციის არსი, იმისთვის, რომ ხვალ გადავრჩე. და საერთოდაც, მაინც რა მოხდა მაშინ, როცა ღმერთი გახდა კაცი. ამიტომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრის შედეგად გაჩნდა კითხვა, ვინ იყო ქრისტე და მისი არსი როგორ ეხმიანება და ეხმარება ჩემს პირად ხსნას. ბერძნები რისი ბერძნები იქნებოდნენ, ეს "მაინც როგორ" რომ არ ეკითხათ... თუმცა იმათ ავიწყდებოდათ და ჩვენც გვავიწყდება მათთან ერთად, რომ ყველანი ენის გალიაში ვართ მომწყვდეულები. არათუ ენის გარეთ ვერ გდავდივართ, სრულიად ტრანსცენდენტურიც კი გვინდა ამ ენის ჩარჩოში მოვაქციოთ. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ალექსანდრიელი ინტელექტუალი სხვანაირად კითხულობდა ტექსტებს, ანტიოქიელი - სულ სხვანაირად, ვაკელი ალბათ სხვანაირად კითხულობს (როცა კითხულობს). სომხურად სიტყვა "ბუნება" სხვა რამეს ნიშნავს, ბერძნულად - სხვას და სირიულად - კიდევ სხვას. სხვას ნიშნავს სიტყვა Persona ლათინურად და სიტყვა prosopon - ბერძნულად, ინგლისურად Person - სხვას, სიტყვა "პირი" - ქართულად და სომხურადაც - სხვას. ყველა ამ ადამიანს და ენის მატარებელს კი აერთიანებდა ერთი კეთილშობილური სურვილი, დაეცვა სარწმუნოება და არ გასცდენოდა მართლმადიდებლობის გზას. ამ სურვილს კი მოსდევდა დევნა, წიოკი, კაცის კვლა, ჩაქოლვა, ზიზღი და სხვა ისეთი ამბები, ადრეც რომ ხდებოდა და ეხლაც ხდება. ამავე სურვილს მოსდევდა ჩვენს საკუთარ თავებთან ერთად ამ გალიაში ღმერთის გამოკეტვის სურვილიც... *** მოკლედ, ამბავი იყო ასე: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთი ეპისკოპოსი, სახელად არიოსი, ამბობდა, რომ ქრისტე მთლად თანაარსი არ არის მამისა და მეტიც, თავიდან ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და მხოლოდ შემდეგ ის "იშვილა" მამაღმერთმა. ეს საშინელ ღვთის გმობად ჩათვალა სხვა, ლაოდიკეის ეპისკოპოსმა აპოლინარიუსმა და ქრისტეს ღმერთობის დასაცავად და არიოსის საპირისპიროდ თქვა, რომ სინამდვილეში ქრისტეში ადამიანური სული არა ყოფილა, მისი სხეული იყო მხოლოდ ადამიანური, ხოლო რაციონალური სული კი - ღვთაებრივი. და ასე, ადამიანურ სხეულში ჩასახლდა ღვთაებრივი სული. მაგრამ დაფიქრებული კაცი მიხვდებოდა, რომ რაღაც ვერ იყო ბოლომდე წესრიგში და იმ დროსაც იყვნენ დაფიქრებული ადამიანები: თუ სული იყო ღვთაებრივი, მაშინ გამოდის, რომ მთლად ბოლომდე ადამიანი არ გამხდარა ღმერთი, ადამიანი ხომ სხეულის, გონებისა და სულის ერთობლიობაა. ჩვენ კი ვიცით, რომ ქრისტე იყო სრული კაცი. მაშინ ვინ ეცვა ჯვარს? ვინ მოკვდა? ვინ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები? ამ დავას კი მოსდევდა ქვები და ისრები. ამეებზე ეფიქრებოდა და ედარდებოდა ერთ ძალიან ჭკვიანსა და ტრაგიკულ კაცს, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსს ნესტორს და გადაწყვიტა, ეს ორი პოზიცია შეერიგებინა. ამიტომ თქვა, მოდი, შესარიგებლად მარიამს ღვთისმშობელს ან ადამიანისმშობელს კი ნუ ვუწოდებთ, არამედ ქრისტესმშობელი ვუწოდოთო. ეს ყველაფერი კი ძალიან კეთილშობილურად ჟღერდა, მაგრამ ორ პრობლემას იწვევდა - ჯერ ერთი, გამოდის, რომ ჯვარს ეცვა და მოკვდა არა ღმერთი, არამედ უბრალო ადამიანი და მაშინ მთელს ინკარნაციის თეოლოგიას თითქოს აზრი ეკარგებოდა, და მეორე ის, რომ მაშინ გამოდის: სამება კი არა ოთხება არსებობს, ანუ მამა, სული წმინდა, ძე (კაცი) და ძე (ღმერთი) და ორი ბუნებაც ქრისტეში ზედმეტად დამოუკიდებელია. ამ ამბებში ნესტორმა ცოტა გადააჭარბა, იმდენად სურდა სარწმუნოება დაეცვა აპოლირანარიუსის წვალებისაგან და დაიწყო საუბარი ორ დამოუკიდებელ ბუნებაზე ღმერთისა და ადამიანისა და მათ ჰიპოსტასურ ერთობაზე. მოხდა ის, რაც სულ ხდებოდა, ერეტიკოსებისაგან სარწმუნოების დაცვის მცდელობით, თავად გახდა ერეტიკოსი, იმდენად გადაღუნა ჯოხი. ასე ხდებოდა მაშინ და ასე ხდება ეხლაც, მავნებლობისგან დაცვის მცდელობისას თავად ვხდებით ხოლმე მავნებლები. ამას ისევ მოსდევდა ქვები და ისრები. მაშინ გამოჩნდა კირილე ალექსანდრიელი და თქვა ფრაზა, რომლის გამოც დღეს ყველა მის მიმდევრად თვლის საკუთარ თავს, სომეხიცა და ქართველიც. ისევ გავრცელდა ამონარიდი და დაიკარგა ტექსტი, ზედ მიჰყვა კონტექსტი და ყველას დაამახსოვრდა მხოლოდ მისი გამონათქვამი - "ერთი ბუნება ღმერთის განხორციელებული სიტყვისაო". კირილესაც ამოძრავებდა კეთილშობილური სურვილი სარწმუნოების დაცვისა და იმ უამრავ გვერდში, რაც მას დაუწერია, თქვა ეს საბედისწერო ფრაზაც. და ამასაც მოჰყვა ქვები და ისრები. მერე გამოჩნდა ერთი ძალიან უცნაური კაცი, რომელმაც კიდევ აურდაურია ყველაფერი და თქვა, ქრისტე კაცი საერთოდ არა ყოფილა და მხოლოდ ღმერთის ერთი ბუნება ჰქონდაო. ამ კაცს ევტიქე ერქვა. ევტიქე ყველამ ერთხმად დაგმო, დაგმეს ირლანდიელებმაც, იტალიელებმაც, სომხებმაც, ქართველებმაც და სირიელებმაც, ყველამ ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა და ვისაც ნაკლებად მოეკითხებოდა. ყველამ თქვა, ეს კაცი არაა მართალიო, და ასეც იყო, ევტიქე დიდი ჭკუის პატრონი ვერ იყო და იმ დროს უჭკუობას არავინ არ შეგარჩენდა. ასე იყი მაშინ და მთლად ასე ვერაა დღეს. ასე მოხდა ქალკედონის კრებაზე, მაგრამ ამ კრებაზე კიდევ სხვა ვინმე გამოჩნდა, ამჯერად რომის პაპი ლეონი, თავისი ლათინურითა და ბერძნულის არცოდნით, თავისი "პაპი ვარ და ქუდი მხურავს"-ით. დავიშალეთ ეხლა, ბევრი მსჯელობა ამას არ უნდა, ორი ბუნებაა აქ და კირილემ რა თქვა, მე არ ვიცი და არ მაინტერესებსო. ატყდა დავიდარაბა, ბერძნები ბერძნულად იძახდნენ physis-ო, ლათინები ლათინურად - natura-ო და ქალკედონმა ისევ გადაწყვტა, შეერიგებინა ხალხი და შეერიგებინა ენები, აზროვნების წესები და მოდელები. და ისევ ამ კეთილშობილურ მიზანს მოჰყვა ის, რომ ჯერ ორად გაიყო საქრისტიანო, შემდეგ კიდევ - სამად და კიდევ უფრო ბევრად. ასე ხდებოდა მაშინაც და ასე ხდება დღესაც - გამშველებელს ყველაზე მეტი ხვდება. ორმოცდაათ წელზე მეტი დასჭირდა, რომ ქალკედონის განსაზღვრება სომხებამდე მისულიყო და მისულიყო ძალიან უცნაური გზით. სომხებს სპარსელი ბერები ეწვივნენ და უთხრეს, აი ქალკედონელები ისევე ფიქრობენ, როგორც ის ავად სახსენებელი ნესტორიო, და ამბობენ, ქრისტეში ორი დამოუკიდებელი ბუნება არის და ანუ, საბოლოო ჯამში, სამი ბუნება გამოდისო. ახლა დადგა ჟამი სომხების აღშფოთებისა და ქნეს იგივე, რასაც აკეთებდა ყველა მორწმუნე, და განიზრახეს სარწმუნოების დაცვა. და თქვეს, ქრისტე სრული კაცია და სრული ღმერთი და ეს ერთიანდება ერთ, კაცებრივსა და ღვთაებრივ ბუნებაშიო. აგერ, კირილემაც იგივე თქვაო! მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე სრული კაციც არის და სრული ღმერთიც, ცალ-ცალკე მათზე საუბარი არ შეიძლება, რადგან დაირღვევა ყველა პრინციპი, მაშინ გამოვა, რომ ჯვარზე ან მხოლოდ კაცი ავიდა, ან მხოლოდ ღმერთი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჯვარზე ერთი ბუნება ავიდა კაცისაც და ღმერთისაცო. და ასე განსრულდება ინკარნაცია. ჰოდა, სიტყვა "ერთის" გაგონებაზე აღენთნენ ბერძნები, მერე ბერძნების მიჰყვნენ ქართველები. რას ჰქვია ერთი, ერთს აპოლინარიოსი ამბობდაო, ერთს ხომ ევტიქე ამბობდა, თქვე ერთბუნებიანებო, თქვენაო! და ამჯერად ქართველების ჯერიც დადგა, დაეცვათ სარწმუნოება და აღინთნენ ღვთის სიყვარულის ცეცხლით და ეცნენ სომხებს. და კვლავაც ანთებულნი ვართ ამ შუა საუკუნეების ცეცხლით და კვლავაც ვიწვით. ასე ხდებოდა მაშინ, და ასე ხდება ეხლაც - სანამ სიმართლე ჩექმებს ჩაიცვამს, ტყუილი დედამიწას წრეს არტყამს. და ასე იყო სულ, იდგნენ და იცავდნენ ღვთაებრიობას, ზოგი ხანჯლით, ზოგი ქვებით, ზოგი დიონისე თრაკიელით, ზოგი დიონისე არეოპაგელით, ზოგი არისტოტელეთი, ზოგი პლატონით, ზოგი ლოგიკით და ზოგი წიხლით. და ეს კეთილშობილური განზრახვა იქცეოდა სიძულვილად, ანათემებად, კაცისკვლადაც და ყოველივე იმად, რის გამოც ზოგჯერ გვრცხვენია, რომ კაცნი გვქვია. ღმერთი კი რჩებოდა ღმერთად და დარდი რომ შესძლებოდა, ალბათ იმაზე დარდობდა, ამ ხალხს ენა რატომ ამოუდგა საერთოდ. ის ამბავიც რჩებოდა იმ ამბად, რომ ერთ დღეს ღმერთი განკაცდა, მერე აწამეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს, დაფლეს და მერე ის მკვდრეთით აღსდგა და ერთხელ კიდევ მოვა. *** მოკლედ, ეს გრძელი ამბავი იმისთვის იყო, რომ ამ მთელს დავიდარაბაში, როცა ვხედავთ, თუ როგორ მოვაშთეთ ღვთაებრიობა ენაში, როგორ ხდებოდა ეს საუკუნეების მანძილზე, რომ ისეთი თავდაჯერებულები ვიყავით, რომ გვეგონა, სიტყვებით შეიძლებოდა ღმერთის მოცვა. ამხელა გამოცდილების შემდეგ, ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ. და ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენ ვკითხულობთ შემდეგ პოზიციას, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი ობსკურანტი კლერიკალის აზრი, არამედ, სამწუხაროდ, საზოგადოდ გაზიარებული პოზიციაა. ეს არის აზრი, რომელიც არ ტოვებს ადგილს სიყვარულისთვის და შესაბამისად იმისთვის, რაც სიყვარულია - ღმერთისათვის, არ ტოვებს ადგილს რაციონალურობისთვის და იმისთვისაც, იმისთვის, რაც გონია და რაც ღვთის ლოგოსია - ქრისტესთვის და არც შვებისათვის და არც მშვიდობისათვის. და აი ამ ნათელი, ქრისტიანული, სიყვარულით, ინტელექტითა და თავმდაბლობით სავსე შეხედულებით დავამთავროთ პირველი ნაწილი საუბრისა ჩვენს და შუა საუკუნეების შესახებ: - მონოფიზიტური სწავლებით ღვთაებრივმა ბუნებამ მთლიანად შთანთქა კაცობრივი ბუნება. თუ ქრისტეს ჰქონდა მხოლოდ ერთი - ღვთაებრივი ბუნება, მაშინ მას, როგორც ღმერთს, არც შიოდა, არც სწყუროდა, არც იღლებოდა, არც ჯვარცმის იარები სტკიოდა, დაიბადება კითხვა - ქრისტე ტყუოდა? მათი სწავლებიდან გამოდის, რომ ქრისტეს დაუდგამს რაღაც წარმოდგენა (შეგვინდოს უფალმა, უბრალოდ, განმარტებისთვის ვამბობ ამას) ხალხის მოსაჩვენებლად, მათი გულების ასაჩუყებლად. და ყველაზე მთავარი - თუკი ქრისტე მხოლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნების მატარებელია, მაშინ რა გამოდის, რომ ჯვარზე ღმერთი მოკვდა? ღმერთი შეიძლება მოკვდეს? სამების ერთ-ერთი წევრი მოკვდა და სამი დღის განმავლობაში სამების ნაცვლად ორება მართავდა სამყაროს? ამიტომ მონოფიზიტობა მთლიანად მკრეხელური, ღვთის შეურაცხმყოფელი, ღვთის მგმობი სწავლებაა და სწორედ ამიტომ 451 წელს ქალაქ ქალკედონში შეიკრიბა მეოთხე მსოფლიო კრება, იმსჯელეს მონოფიზოტობასა და დიოფიზიტობაზე, გამოიძიეს მთელი წმინდა წერილი და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ანათემა მას, ვინც იტყვის, რომ ქრისტეს აქვს ერთი ბუნება! ანუ მონოფიზიტები არიან ანათემას გადაცემული საკრებულო. ვინც ამ სწავლებას მიჰყვება, ანათემის ქვეშ აყენებს თავისთავს." როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, სანამ სიმართლე ჩექმებს ჩაიცვამს, ამ კაცის სიტყვები უკვე შემოირბენს ქვეყანას. ასე ხდებოდა შუა საუკუნეებშიც, და ასე ხდება დღესაც.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий