суббота, 3 мая 2014 г.

უფალი თავის განგებულებით, ადამიანების ჩვეულებრივი შეხედულებებიდან გამომდინარე მოქმედებს.



"შენ იკითხავ: რად მიიყვანა მოგვები ღმერთმა ქრისტესთან ამგვარად, ასეთი მოვლენით (იგულისხმევა ვარსკვლავი)? აბა როგორ უნდა გაეკეთებინა? წინასწარმეტყველნი მიევლინა? მაგრამ მოგვები ხომ წინასწარმეტყველებებს არ მიიღებდნენ? მაღლით ხმა ესმინა მათთვის? მაგრამ ისინი ხმას არ შეიწყნარებდნენ. ანგელოზი წარეგზავნა? მაგრამ არც მისას ისმენდნენ. ამიტომაც უფალმა უარი თქვა ამგვარ საშუალებებზე, თავისი საკუთარი შემწყნარებლობიდან გამომდინარე მათ მოსაწოდებლად იყენებს იმას, რაც მათთვის მეტად ნაცნობია: უჩვენებს დიდ და არაჩვეულებრივ ვარსკვლავს რათა მან განაცვიფროს ისინი თავისი დიდებულებით, მშვენიერი შესახედაობით და უჩვეულო გზით. სწორედ ამის მიბაძვით პავლე მოციქულიც, როდესაც ელინელებთან მსჯელობს, საუბარს სამსხვერპლოდან იწყებს და დამოწმებითაც მათივე პოეტებს იმოწმებს. ხოლო, როდესაც იუდეველებს უქადაგებს, წინადაცვეთაზე საუბრობს, - სჯულის ქვეშ მყოფთა განსწავლისად ლაპარაკს მსხვერპლიდან იწყებს. რადგან ყველას ის უყვარს, რასაც შეჩვეულია, ამავე საშუალებას იყენებს ღმერთი და ის ადამიანები, რომელთაც იგი სამყაროს გამოსახსნელად აგზავნის. ამიტომაც, ნუ იფიქრებ, რომ ღმერთისთვის არაჯეროვანი საქციელია მოგვების მოწოდება ვარსკვლავის საშუალებით. სხვაგვარად უარყოფა მოგვიწევს ყოველივე იუდეურისა: მსხვერპლისა, განწმედისა, ახალმთავრობისა, კიდობნისა და თავად ტაძრისა, რადგანაც ყოველივე ეს იუდეველთა წარმართული სიუხეშის გამო დაიშვა. და ღმერთმა შეცდომილთა ხსნისათვის მცირეოდენი ცვლილებები დაუშვა, მისდამი მსახურებაში ის, რასაც წარმართები დემონებს მსახურებისას იცავდნენ, რათა წარმართული ჩვევებისაგან მცირედ მოწყვეტით უმაღლესი სიბრძნისმოყვარეობამდე აემაღლებინა. ასევე მოექცა იგი მოგვებს. მათი მოწოდება კეთილინება ვარსკვლავის გამოჩინებით, რათა შემდეგ უმეტესის ღირსნი გაეხადა ისინი. იგი, ვინც ისინი წამოსასვლელად აღძრა და წინამძღოლობდა მთელ გზაზე, მას შემდეგ, რაც ბაგასთან მიიყვანა, უქადაგებს მათ უკვე არა ვარსკვლავის, არამედ ანგელოზის საშუალებით.

 სწორედ ამგვარადვე მოექცა უფალი ისკალონისა და გათის მკვიდრთ. როდესაც ფილისტიმელთა ხუთი ქალაქი, მათში კიდობნის ყოფნის დროს სასიკვდილო სენით მოიწყალა და მოწევნული უბედურებისაგან თავის სახსნელად ვერაფრით შველოდათ, მაშინ მოუწოდეს მოგვებს და ერთად შეკრებილთ რჩევას სთხოვდნენ, როგორ გათავისუფლებულიყვნენ ღვთისაგან მოვლენილი სნეულებისაგან. მოგვებმა ურჩიეს, მოეყვანათ უღელში შეუბმელი ფურები და მათი ხბოები დაემწყვდიათ. შემდეგ ფურები შეებათ უღელში, რომელზედაც კიდობანი იდგა და საშუალება მიეცათ მათთვის, ნებაზე წასულიყვნენ. ამით უნდა გაერკვიათ, ღვთისგან მოევლინათ სნეულება თუ შემთხვევითობის შედეგად. ისინი ამბობდნენ: თუკი უღელმიუჩვეველი ფურები, თავს გამოიხსნიან და ხბოებისაკენ წავლენ, იმის ნიშანი იქნება, რომ სენი შემთხვევითობაა, ხოლო თუ პირდაპირ გასწევენ და ხბოების ბღავილი მათზე არ იმოქმედებს და მათთვის უცნობი გზიდან არ გადაიყვანს, მაშინ გაცხადდება, რომ ამ ქალაქებს ღვთის ხელი შეეხო (1 მეფ. 5-6). მოსახლეობამ დაუჯერა მოგვებს და მათი რჩევისამებრ მოიქცა. და უფალმა თავისი შემწყნარებლობით უღირსად არ მიიჩნია მოგვების აზრის მიღება, მათი წინასწარმეტყველების მიხედვით მოქმედება და მათი სიტყვების მიხედვით მოვლენების წარმართვა. ასეთი ქმედება მით უმეტეს მნიშნელოვანი იყო იმით, რომ თავად მოწინააღმდეგეებმა დაამოწმეს ღვთის ძალა. ხოლო მათმა მასწავლებლებმა დაამტკიცეს ეს თავიანთი განაჩენით. ბევრი სხვა მაგალითის მოძებნა შეიძლება საღმრთო განგებულებაში. მაგალითად ის, რაც მუცლითმეზღაპრის შესახებაა ცნობილი (1 მეფ. 28) იმავე საღმრთო განგებულებით მოხდა, რაზეც ზემოთქმულის მიხედვით თავადვე დაასკვნით. ყოველივე ეს ჩემს მიერ ვარსკვლავის შესახებ დაწერილის განსამარტებლადაა ნათქვამი. შეიძლება, თქვენ კიდევ უფრო მეტის თქმაც შეგიძლიათ, ხომ თქმულა: მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება (იგავ. 9, 9). 

წმ. იოანე ოქროპირი

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий