ავტორი: ვლადიმირ გომანკოვი
წარმოგიდგენთ სტატიას კოსმოლოგიური ანთროპული პრინციპის შესახებ, რომლის ავტორიც გახლავთ ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ბარდინის სახელობის შავი მეტალურგიის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ვლადიმირ გომანკოვი.
ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი არის კონცეფცია, რომლის თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა-ასტროფიზიკა და ქიმია), იმისათვის, რომ სწორად ახსნან ბუნებაში მიმდინარე მოვლენები, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ სამყაროში ადამიანის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სამყაროს მიზერულ ნაწილს იკავებს. აღნიშნული საკითხი ჩვენს ბლოგზე უკვე წარმოდგენილი იყო თემით “ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი“.
ექსკლუზიურად ბლოგისთვის სტატია რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა
სამყაროს ევოლუცია
მეოცე საუკუნის კოსმოლოგიისა და ფიზიკის შესანიშნავი აღმოჩენა ეხება სამყაროსა და მისი მატერიის (ნივთიერებისა და გამოსხივების) აღწერას, რომელიც ზოგადად ემთხვევა მოსეს მიერ შესაქმეს წიგნში წარმოდგენილ ცისა და მიწის შექმნას [1]. შეგახსენებთ, რომ შესაქმეს პირველი დღისთვის (ბიბლიის არცთუ ზედმეტად სიმბოლური განმარტების შემთხვევაში) ორივე აღწერის მთავარი თანხვდენებია: მატერიის დასაწყისი (სამყარო), მზისა და ვარსკვლავების წარმოქმნამდე სინათლის წარმოქმნა (გამოსხივება) და წყვდიადისგან სინათლის გამოყოფა (გამოსხივების მატერიისგან განთავისუფლება).
მაშ ასე, თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენების მიხედვით ჩვენ ვცხოვრობთ გაფართოებად სამყაროში, რომელიც წარმოიშვა 15–20 (უკანასკნელი მონაცემებით დაახლ. 13.7 – ზ.ო.) მილიარდი წლის წინ როგორც მატერიის მკვრივი გროვა, შემოქმედის მიერ არაფრისგან შექმნილი „ყალბი“ ფიზიკური ვაკუუმისგან. მატერიისა და გამოსხივების ამ „შემჭიდროვებამ“, რომელსაც გააჩნდა გიგანტური სიმკვრივე, ფანტასტიურად მაღალი ტემპერატურა და ატომბირთვის ზომებთან შედარებით მრავალი რიგით ნაკლები ზომები, დაიწყო გაფართოება და შექმნა სივრცე და დრო. სამყაროს გაფართოება აღიწერება სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელით, რომელშიც საწყის მომენტს ამაოდ ეწოდება „დიდი აფეთქება“. ვინაიდან სივრცე და დრო ფორმირდება მატერიის მიერ, ამიტომ ის არა იმდენად აფეთქებული, რამდენადაც გაფართოებადი სამყაროა. ევოლუცირებადი სამყაროს მოდელი დაფუძნებულია ასტრონომიულ და ასტროფიზიკურ შედეგებზე და აგრეთვე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის შედეგებზე. ეს მოდელი ვითარდება უკვე თითქმის 70 წელზე მეტია და მოიპოვა სამყაროს ფიზიკური სურათის სტატუსი, რომელიც ორგანულად არის შესული ცოდნის ზოგად სისტემაში [2]. მოდელი უზრუნველყოფს მატერიის სიმკვრივის, ტემპერატურის (ენერგიის) და სამყაროს ზომების შეფასებას დროის ნებისმიერი მომენტისთვის შექმნის შემდეგ. ხოლო ელემენტარულ ნაწილაკთა ენერგეტიკული თვისებების გამოყენებით, მოდელი აგრეთვე წინასწარმეტყველებს გაფართოებადი სამყაროს მატერიის შემადგენლობას [3].
ამასთან ერთად, მეოცე საუკუნის მიწურულს მეცნიერებმა გაიგეს სამყაროს ფიზიკური საფუძვლები, რომლებიც ფაქტიურად სულ ოთხი ურთიერთქმედების (ძალის) კომბინაციას წარმოადგენენ – გრავიტაციულის (მიზიდულობის), ძლიერის (ბირთვულის), ელექტრომაგნიტურის და სუსტის (რადიოაქტიური დაშლისას). ეს ძალები აღიწერება ფუნდამენტური ფიზიკური კონსტანტებით (მუდმივებით – ზ.ო.), როგორებიც არიან გრავიტაციული მუდმივა, სინათლის სიჩქარე, პლანკის მუდმივა, ელექტრონის მუხტი, პროტონის მასა და სხვები, რომლებიც აკავშირებენ ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიას [4]. ამასთან, ითვლება, რომ კონსტანტებმა საკუთარი მნიშვნელობები მიიღეს სამყაროს გაფართოების ადრეულ სტადიაზე სრულიად თავისუფლად, ანუ მეცნიერული თვალსაზრისით, შემთხვევით. და აი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერებმა იპოვნეს განსაცვიფრებელი კავშირი კონსტანტების ზუსტ მნიშვნელობებსა და სამყაროში სიცოცხლისა და გონის წარმოშობის შესაძლებლობას შორის [4]. ამ პარამეტრთა მცირე ცვლილებებსაც კი მივყავართ სამყაროს ისეთ თვისებებამდე და სტრუქტურებამდე, სადაც სიცოცხლე არ რეალიზდება.
ფუნდამენტურ კონსტანტათა ცვლილება
გაფართოებადი სამყაროს ევოლუციის ადრეული მომენტებიდან არსებობენ პარამეტრები, რომლებიც ძალიან დიდი სიზუსტით აღწერენ სამყაროს მომდევნო განვითარებას, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისა და ადამიანის გაჩენისთვის აუცილებელი პირობების წარმოქმნამდე.
ასე მაგალითად, (სამყაროში – ზ.ო.) მატერიის საშუალო სიმკვრივეზე დამოკიდებული მიზიდულობის ენერგია სამყაროს გაფართოებას ამუხრუჭებს, რომელიც განისაზღვრება გაფართოების კინეტიკური ენერგიით. მატერიის გარკვეული კრიტიკული სიმკვრივის შემთხვევაში ეს ენერგიები უტოლდება. მაშინ სამყაროს გაჩენიდან t=10-35წმ (ერთეული გაყოფილი 35 ნულისგან შემდგარ რიცხვზე) დროის შედმეგ საშუალო სიმკვრივე კრიტიკულის ტოლი უნდა იყოს ფანტასტიური სიზუსტით – 10-55. თუ სიმკვრივე კრიტიკულს გადააჭარბებს, სამყარო რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ ჯერ მკვეთრად დაიწყებს შეკუმშვას, სწრაფად კოლაფსირდება საწყის მდგომარეობამდე და ვერ განვითარდება თანამედროვე ეპოქამდე. კრიტიკულზე ნაკლები საშუალო სიმკვრივის შემთხვევაში მოხდებოდა სამყაროს სწრაფი გაფართოება, რომლის დროსაც მატერია ვერ მოასწრებდა სიცოცხლისთვის აუცილებელ ფორმებამდე განვითარებას. ამ დროს წყალბადის ატომები ვერ იქმნებიან და შედეგად ვერ ასწრებენ ფორმირებას ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები.
სხვა მაგალითი. ვინაიდან სამყაროს შექმნის საწყის მომენტში მატერიასთან ერთად იქმნება სივრცე, ამიტომ მისი განზომილება (სამი – ზ.ო.) ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ჩვენი სამყაროსი. მაგრამ მისი მნიშვნელობა არ გამომდინარეობს ფიზიკური პრინციპებიდან და ითვლება შემთხვევით რიცხვად. თუმცა მიზიდულობის და ელექტრომაგნეტიზმის ანალიზი აჩვენებს, რომ მხოლოდ სამგანზომილებიან სამყაროშია შესაძლებელი ციურ სხეულთა და ატომებში ელექტრონების სტაბილური ორბიტები. ნაკლები განზომილებებისას მოძრაობა ძალიან შეზღუდულია, ხოლო დიდის შემთხვევაში – შეუძლებელია პლანეტარულ სისტემათა და ქიმიურ ელემენტთა შექმნა. ამიტომ მხოლოდ სამგანზომილებიან სამყაროშია შესაძლებელი მატერიის და გონიერი სიცოცხლის განვითარება.
სამყაროს ევოლუციის ერთერთ ადრეულ პერიოდში (t<0.0001 წმ.) მატერია წარმოდგენილი იყო ნივთიერების და ანტინივთიერების შემადგენელი მძიმე ნაწილაკებით და ანტინაწილაკებით [3]. ნაწილაკის ანტინაწილაკთან ურთიერთქმედებისას ისინი ქრებიან (ანიჰილაციის პროცესი) ანუ გარდაიქმნებიან გამოსხივებად. რაოდენობა ნაწილაკებისა და ანტინაწილაკებისა ტოლი რომ ყოფილიყო, მთელი ნივთიერება და ანტინივთიერება განიცდიდა ანიჰილაციას გამოსხივებაში, ნივთიერების ევოლუცია შეწყდებოდა, ხოლო სამყარო იქნებოდა მთლიანად გამოსხივებისგან შემდგარი გაფართოებადი მოცულობა. ბუნებრივია, რომ ნივთიერების გარეშე სიცოცხლის ჩასახვა წარმოუდგენელი რამ არის. თუმცა ამ პერიოდში ნივთიერების რაოდენობა აღმოჩნდა ერთი მემილიარდედი ნაწილით მეტი ანტინივთიერების რაოდენობაზე და ანიჰილაციის შემდეგ ნივთიერების ამ სიჭარბემ უზრუნველყო მატერიის განვითარება თვით სიცოცხლისა და ადამიანის გაჩენის ჩათვლით.
ამ პერიოდის (ადრონული ერა) დასასრული ხასიათდება ბირთვული სინთეზით [3], ანუ ჩნდებიან პროტონები (წყალბადის ბირთვები) და ნეიტრონები (ნეიტრალური ნაწილაკები, რომლებიც მონაწილეობენ ატომბირთვთა ფორმირებაში). პროტონი სტაბილურია, ხოლო თავისუფალი ნეიტრონი იშლება 15 წუთის განმავლობაში. ბირთვების წარმოქმნისას ძალიან მნიშვნელოვანია ნეიტრონისა და პროტონის მასების სხვაობის სიზუსტე [4]. ამ სხვაობის შემცირებას მივყავართ პროტონის რადიოაქტიურობამდე და ნეიტრონის სტაბილურობამდე. ამ შემთხვევაში სამყაროში არ აღმოჩნდებოდა წყალბადის სტაბილური ატომები და სამყარო ძირითადში შედგენილი იქნებოდა ჰელიუმის ატომებისგან. მაგრამ წყალბადის გარეშე არ გვაქვს არც ორგანული მოლეკულები, არც წყალი, ანუ არ გვაქვს სიცოცხლე.
საერთოდ ნივთიერების შემადგენლობა ძალიან მგრძნობიარეა პროტონის, ნეიტრონის და ელექტრონის მასების მნიშვნელობების მიმართ [4]. ასე მაგალითად ელექტრონის მასის მომატება მიგვიყვანდა ზემოთ აღწერილ ეფექტამდე და სამყაროში ჰელიუმის სიჭარბემდე [4]. ვარსკვლავებამდელი პერიოდი (გამოსხივების ერა) [3] მთავრდება წყალბადისა და ჰელიუმის წარმოქმნით, რომელთაგან შემდგომში უნდა წარმოიქმნას ვარსკვლავები. სხვა ელემენტების ბირთვები სინთეზირდება ვარსკვლავებში ბირთვული რეაქციების შედეგად. ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებისას ეს ელემენტები ვრცელდებიან სამყაროში. თუმცა, პროტონის, ნეიტრონის და ელექტრონის მასების ნებისმიერ მხარეს ცვლილებით ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირდებოდა. ისინი სწრაფად აფეთქდებოდნენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების (მაგალითად, ნახშირბადის და ჟანგბადის) დაგროვებისთვის არ იქნებოდა საკმარისი დრო [4].
ამას გარდა, სუსტი ურთიერთქმედების კონსტანტა მის ახლანდელ მნიშვნელობაზე მეტი ან ნაკლები რომ ყოფილიყო, მაშინ ზეახალი ვარსკვლავები საერთოდ არ აფეთქდებოდნენ და სამყაროს შემადგენლობაში მხოლოდ წყალბადი და ჰელიუმი იქნებოდა. ამიტომ არ გვექნებოდა სამყაროს ის ქიმიური შემადგენლობა, რომლისგანაც მთელი ბუნება და ადამიანია შექმნილი.
სამყაროს ქიმიური შემადგენლობა აგრეთვე ძალიან მგრძნობიარეა ბირთვული ურთიერთქმედების კონსტანტასთან. ამ პარამეტრის მნიშვნელობა ნაკლები რომ ყოფილიყო, მაშინ სტაბილურ ნაწილაკთა (არარადიოაქტიურ) ბირთვებთან შედარებით ნაკლები რაოდენობა წარმოიქმნებოდა. კონსტანტის 50%–ით შემცირებისას ნახშირბადის და რკინის ბირთვები რადიოაქტიურნი იქნებოდნენ და ვერ მიიღებდნენ ორგანული და არაორგანული ნივთიერების შექმნაში მონაწილეობას, ანუ სიცოცხლე არ წარმოიქმნებოდა [4].
ამრიგად, თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენების მიხედვით ადამიანიც და მის გარშემო არსებული სამყაროც შედგება „კოსმოსური მტვერისგან“, რომელიც ყალიბდებოდა ფიზიკური კანონების ზუსტი პარამეტრებისას. აქ უპრიანია გავიხსენოთ ბიბლიური ტექსტიც: „და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან“ (შესაქ. 2, 7).
არსებობს აგრეთვე სამყაროში ადამიანის ბინადრობის ადგილმდებარეობის მკაცრი შეზღუდვები. ასე მაგალითად, გრავიტაციული მუდმივა რომ ყოფილიყო უფრო მცირე, ხოლო ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების კონსტანტა ოდნავ მეტი, მაშინ ყველა ვარსკვლავი იქნებოდა წითელი გიგანტი. ამ პარამეტრების მეორე მხარეს გადახრის შემთხვევაში, ანუ მიზიდულობა რომ ყოფილიყო უფრო ძლიერი, ხოლო ელექტრომაგნიტური ძალები – უფრო სუსტი, ყველა ვარსკვლავი გახდებოდა ცისფერი ჯუჯა [4]. ორივე შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა დასახლებული პლანეტების ფორმირება.
ფიზიკურ კონსტანტათა ზუსტი მნიშვნელობების დარღვევათა ეს ნუსხა, რომელიც ხელს უშლის სამყაროში სიცოცხლის წარმოშობასა და განვითარებას, შეიძლება თითქმის უსასრულობამდე გაგრძელდეს. მასში აგრეთვე შედის: სინათლის სიჩქარისა და დეიტერიუმის ბირთვის ბმის ენერგიის ცვლილება, ნახშირბადში ენერგიის რეზონანსული მდგომარეობის არსებობა [4], დედამიწის პარამეტრების ცვლილება (მზემდე მანძილი, მდებარეობა გალაქტიკაში, ატმოსფეროს შემადგენლობა, ბიოსფეროს ცვალებადობის ძალიან ვიწრო საზღვრები დ.ა.შ.) და მარავალი სხვა.
ასე, რომ მეცნიერულმა შედეგებმა აჩვენეს ბუნების გასაოცარი შინაგანი ჰარმონია, რომელიც გამოიხატება ფიზიკის და ასტრონომიის სხვადასხვა დარგიდან ფუნდამენტური ფიზიკური კონსტანტების რიცხვითი მნიშვნელობების თანაფარდობებში, რომლებიც აღწერენ სამყაროს სტრუქტურასა და თვისებებს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ თანაფარდობების შემთხვევაშია შესაძლებელი სიცოცხლე და სამყაროში გონიერი ადამიანის გამოჩენა.
ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი
„ბედნიერ შემთხვევითობათა“ ნამეტანი დიდი რაოდენობა, რომელიც მოწმობს სამყაროს გასაოცარ კანონზომიერებასა და ჰარმონიას, საჭიროებს სამყაროს წარმოშობისა და გაბვითარების მიზანშეწონილობის მეტაფიზიკურ ახსნას [5]. ამიტომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ზოგიერთმა მეცნიერმა, ძირითადში ათეისტური მსოფლმხედველობის მქონემ, ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი ჩამოაყალიბა ისე, რომ დაკავშირებულიყო კოსმოლოგია, სამყაროს თვისებები და მასში ადამიანის („დამკვირვებლის“) არსებობის ფაქტი [4].
ანთროპული პრინციპის გამოყენება თავიდან მსოფლმცედველობით ხასიათს ატარებდა, განსხვავებით ისეთი ფიზიკური კანონებისგან, როგორც ფერმას პრინციპი ოპტიკაში ან პაულის პრინციპი კვანტურ მექანიკაში. აქედან გამომდინარეობს როგორც ფილოსოფოსების ისე ფიზიკოსების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ანთროპული პრინციპის მიმართ [5].
განიხილება სუსტი და ძლიერი ანთროპული პრინციპები. სუსტი გამომდინარეობს ვარაუდიდან, რომ სივრცესა და დროში არსებობს ერთმანეთთან მიზეზობრივად დაუკავშირებელი უსასრულო რაოდენობის შემთხვევითი სამყაროები, მათში ფუნდამენტურ ფიზიკურ კონსტანტათა უსასრულო მრავალფეროვნებით. ამ სამყაროებს შორის შემთხვევით გაჩნდა ჩვენი სამყარო, რომელშიც ფუნდამენტური პარამეტრების თანაფარდობები უშვებენ სიცოცხლისა და გონების, ანუ „დამკვირვებლის“ გაჩენასა და განვითარებას [4,5].
ამრიგად, სუსტ პრინციპში ვხედავთ კოსმოლოგიური განვითარების უსასრულოდ გამეორებისას უამრავ სამყაროთა შემთხვევითი წარმოშობის ძველი ათეისტური კონცეფციის აღორძინებას. როგორც ჩანს, უამრავ სხვა სამყაროთა არსებობის ჰიპოთეზა მეტაფიზიკური სპეკულაციაა. მართლაც, ამ სამყაროთა მიზეზობრივად დაუკავშირებლობის გამო ყოველი „დამკვირვებელი“ საკუთარი სამყაროს გარდა ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს სხვა სამყაროთა შესახებ, – მისთვის სხვა სამყაროები პრინციპულად არ დაიკვირვებიან და შესაძლოა არც არსებობენ.
ძლიერი ანთროპული პრინციპი ამბობს, რომ ჩვენი უნიკალური სამყარო მისი ყველა ზუსტი კანონებითა და კონსტანტებით უნდა იყოს ისეთი, რომ მისი ევოლუციის რომელიმე ეტაპზე უზრუნველყოს გონიერი ადამიანის, ანუ „დამკვირვებლის“ გაჩენა [4]. ითვლება, რომ კვანტურ მექანიკას და კვანტურ კოსმოლოგიას აზრი არა აქვთ „დამკვირვებლის“ გარეშე.
მეცნიერებაში ანთროპული პრინციპების გამოჩენა მოწმობს მცდელობას პასუხები გავცეთ ფუნდამენტურ მეტაფიზიკურ კითხვებს, მაგალითად, სამყარო, მისი გაჩენა და ევოლუცია რატომ აღიწერება ასე კარგად ზუსტი რაციონალური კანონებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სიცოცხლის გაჩენას? ამას გარდა ამ კანონთა შესწავლამ დაბადა ბუნების კანონთა და მათ მათემატიკურ გამოსახულებათა წარმოშობის მეტაფიზიკური პრობლემა [6]. ამ კითხვებზე თავად ფიზიკის ფარგლებში პასუხის გაცემის მცდელობისას ჩნდება „გედელისეული სირთულე“ [6,7], და მხოლოდ მეტაფიზიკურ წინაპირობებს ძალუძთ რამენაირად დაასაბუთონ სამყაროს შინაგანი სრულყოფილება. პანთეისტი ა. ეინშტეინი ამბობს: „რეალობის რაციონალური ბუნებისადმი რწმენის აღსაწერად ვერ ვპოულობ სიტყვას უკეთესს ვიდრე „რელიგია““ [8]. ხოლო მართლმადიდებლები მისდევენ პავლე მოციქულს: „რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს“ (ებრ. 11, 3).
ამასთან ერთად მეტაფიზიკურის გარდა ანთროპული პრინციპის ინტერპრეტირება შესაძლებელია აგრეთვე რელიგიური თვალსაზრისით [5]. ვინაიდან სამყაროს ევოლუცია გარკვეულ მიზანს ემსახურება – გონიერი ადამიანის შექმნას, ამიტომ სამყარო არ გაჩენილა შემთხვევით და მისი ჰარმონია და თვითშეთანხმებულობა შემოქმედის გონიერებას მოწმობს. ხოლო ვინაიდან მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ბუნების კანონები თვითკმარნი არ არიან, ამიტომ აუცილებელია სამყაროს ევოლუციისა და მასში ადამიანის ადგილის საღვთისმეტყველო გააზრება.
ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმი
მეოცე საუკუნის მეცნიერთა მიერ პოსტულირებული კოსმოლოგიური ანთროპული პრინციპი ცდილობს მეტაფიზიკურად დაასაბუთოს სამყაროს ევოლუციის კანონზომიერებები, რომლებსაც მივყავართ გონიერი ადამიანის („დამკვირვებლის“) გაჩენამდე. თუმცა პირველად ასტრონომიული ანთროპოცენტრიზმის კონცეფცია შემოგვთავაზა ამერიკელმა ბიოლოგმა ა. რ. უოლესმა (ბიოლოგიური ევოლუციის ერთერთი ავტორი) და მისცა მას რელიგიური გააზრება [9]. მაგრამ უკვე ბიბლიაშია ნავარაუდევი ანთროპოლოგია, რომელშიც ადამიანს სამყაროს ღვთიურ ქმნილებათა შორის ცენტრალური ადგილი უკავია [10].
შესაქმეს პირველ თავში ადამიანის შექმნა მოცემულია როგორც სამყაროს შექმნის დასრულება: და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ, და მთავრობდეს ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე. და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი (შესაქ. 1. 26-27). მასში ნაჩვენებია, რომ ადამიანი შექმნილია მას შემდეგ რაც გაჩნდა ყველა აუცილებელი ელემენტი და საცხოვრებელი გარემო. ხოლო სამყაროს მატერიის ევოლუციის შესწავლისას შეიმჩნევა სქემატური ევოლუციური ჯაჭვი: ელემენტარული ნაწილაკები და გამოსხივება – პროტონები და ნეიტრონები – წყალბადის და ჰელიუმის ბირთვები, ელექტრონები – წყალბადისა და ჰელიუმის ატომები – ქიმიურ ელემენტთა ატომები – მოლეკულები – მცენარეები – ცხოველები – ადამიანი [1]. ადამიანი, ისევე როგორც ბიბლიაში, აქაც წარმოადგენს კოსმოსური ევოლუციის უმაღლეს საფეხურს და ანთროპული პრინციპის შესაბამისად, არის ის „დამკვირვებელი“, რომელიც მოწოდებულია შეიმეცნოს სამყარო.
ხოლო ბიბლიურ ტექსტებში ხაზგასმულია განსულიერებული ადამიანის შექმნა: და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული და შეიქმნა კაცი ცოცხალ სულად (შესაქ. 2, 7). ამასთანავე ადამიანი ითვლება არა მარტო ქმნილების გვირგვინად, არამეტ სამყაროს მეუფედ, ანუ სამყარო ადამიანისთვისაა შექმნილი. ამის შესახებ მეფსალმუნეც ამბობს: როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი ასე რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე… (ფსალ. 8, 4-7).
ამას გარდა, ადამიანი შექმნილია არა უბრალოდ როგორც სასრული და სრულყოფილი არსება ქმნილების ჯაჭვში, არამედ აგრეთვე, როგორც ღვთიური მსგავსებისთვის მოწოდებული ღვთის ხატება. აი როგორ წერს ამის შესახებ გრიგოლ ღვთისმეტყველი: „ღვთიურმა ლოგოსმა მიიღო ახლად შექმნილი მიწის ნაწილი, საკუთარი უკვდავი ხელებით გამოძერწა ჩვენი სხეული და მიანიჭა მას სიცოცხლე, ვინაიდან სული, რომელიც მან შთაბერა მას არის უხილავი ღვთაებრივი ნაკადი. ასე, ტალახისგან და სულისგან შეიქმნა ადამიანი – უკვდავის ხატება…“ (დოგმატური პოემები, 8) [11].
ღვთის ხატად ადამიანის შექმნა ნიშნავს მის მიერ უნიკალური შესაძლებლობების შეძენას, რომლებიც ირეკლავენ ღვთაებრივ თვისებებს. ვინაიდან შემოქმედი არის პიროვნება, სიბრძნე და სიყვარული, ამიტომ ეს თვისებები ადამიანში არეკლილია როგორც სწრაფვა თავისუფლებისა და ცოდნისკენ, როგორც შესაძლებლობა შემოქმედებისა და სიყვარულისა. „ღვთის ხატად შექმნილი ნიშნავს, რომ ადამიანს შექმნის მომენტიდან თან ახლავს მეფობა… ღვთაებრიობა არის სიბრძნე და ლოგოსი: შენ შენში ხედავ გონს და აზრს, რაც არის პირველგონისა და პირველაზრის ხატება…“ (გრიგოლ ნოსელი. ადამიანის მოწყობისთვის) [11].
ამგვარად, ადამიანი არის სამყაროს ევოლუციის პროდუქტიც და ღვთის ძეც. ის ერთგვარი „საზღვარია“ შემოქმედსა და მატერიას შორის. „ადამიანი შექმნილია ცხოველად, რათა გახდეს ღმერთი“, – ამბობს წმინდა ბასილი დიდი [10].
ადამიანის ღვთაებრივ შესაძლებლობებს შორის ერთერთია მისი სწრაფვა საკუთარი შემოქმედის შეცნობისა, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ზეციური მამისა, რომლის მსგავსების სწრაფვისკენაც არის მოწოდებული. ქრისტე მოგვიწოდებს: მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც სრულქმნილი თქვენი ზეციერი მამა (მათ. 5, 48). და შემოქმედის შეცნობის პირველი შესაძლებლობა ჩადებულია მისი ქმნილების – ბუნების შესწავლაში: „…პირველ რიგში, მისი შეცნობა ჩვენ შეგვიძლია მის მიერ შექმნილი სამყაროს კეთილმოწყობის ჭვრეტით, რომელიც (სამყარო – ზ.ო.) გარკვეული აზრით არის მის ღვთაებრივ პირველსახეთა ანარეკლი…“ (წმინდა დიონისე არეოპაგელი. ღვთიურ სახელთა შესახებ) [12]. შემოქმედი ღმერთი ადამიანს საკუთარ თავს განუცხადებს ბუნების კანონზომიერებათა შესწავლისას: და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება … (რომ. 1, 20). ამრიგად, ბუნება – შემოქმედის „ბუნებრივი გამოცხადებაა“, რომელიც შეიმეცნება და შეისწავლება რაციონალური მეცნიერული მეთოდებით. ანთროპული ტერმინოლოგიის მიხედვით ადამიანი შემოდის „დამკვირვებლად“ [4,5].
მეორე შესაძლებლობა – შემოქმედის „ზებუნებრივი გამოცხადებაა“, რომელიც გვეძლევა გადმოცემით და წერილით. უკანასკნელს განეკუთვნებიან წმინდა მამათა თხზულებანი და ბიბლია.
„ბუნებრივი გამოცხადება“ მოწმობს, რომ მატერიალური სამყარო ემორჩილება გარკვეულ ფიზიკურ კანონებს, რომლებიც არა მატერიის თვითგამოხატულებაა, არამეტ წარმოიქმნება ღმერთის სიტყვით. ცხადია, რომ მატერიის ქმნილებას წინ უსწრებს ღვთაებრივი ჩანაფიქრი, რომელიც წარმოქმნის ბუნების იდეალურ კანონებს და უზრუნველყოფს სამყაროს ჰარმონიასა და სილამაზეს. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ბუნება წარმოადგენს შემოქმედის აზრის მატერიალურ განხორციელებას [6]. აქედან გამომდინარეობს, რომ სამყარო და ყველაფერი რაც მას ავსებს, იმიტომ არსებობს, რომ არის კანონები კლასიკური და კვანტური მექანიკის, თერმოდინამიკის, ბირთვული და მოლეკულური ფიზიკის და მეცნიერების სხვა დარგების. შემოქმედი კი სამყაროს ქმნის „არაფრისგან“: 1. დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (იოან. 1, 1–3). ღვთაებრივი ბუნებრივი გამოცხადების ერთერთ უდიდეს სასწაულად, ღვთის განკაცებასთან ერთად, ითვლება შექმნა „არაფრისგან“ [7].
ადამიანი, მიუხედავად უამრავი ღვთაებრივი შესაძლებლობებისა, არ ქმნის ბუნების კანონებს და ამიტომ მას არ შეუძლია შექმნა „არაფრისგან“. ის მხოლოდ აღმოაჩენს კანონებს ბუნების შესწავლისას და მისი შემოქმედება ძირითადში დაკავშირებულია მატერიის შეცნობასთან და მისი ფორმების გადაკეთებასთან. რელიგიური მსოფლმხედველობის მეცნიერი ბუნების კანონებს ღვთაებრივი გონის ნაწილებად მიიჩნევს, ხოლო თავად ბუნებას – შემოქმედის „ბუნებრივ გამოცხადებად“. ასეთი მეცნიერი გამოდის როგორც „დამკვირვებელი“ ანთროპული პრინციპის მიხედვით ისე ბუნების „მეცნიერი“. „ბუნებრივი გამოცხადების“ შესწავლა და მისი შედარება ზებუნებრივ გამოცხადებასთან ასეთ მეცნიერს საშუალებას აძლევს ააგოს ქრისტიანული მეტაფიზიკა, რომელშიც ცენტრალური ადგილი უჭირავს შემოქმედ ღმერთს.
დასკვნა
ამრიგად ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმის შედარებისას ძლიერ ანთროპულ კოსმოლოგიურ პრინციპთან ორივე კონცეფციაში ვპოულობთ ადამიანს, ვისთვისაც შექმნილია და ვითარდება სამყარო და მისი მატერია. ამას გარდა, ორივე კონცეფციაში ადამიანი მოწოდებულია, რომ შეიცნოს ბუნება, ანუ სამყარო. მაგრამ ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში ასეთი შემეცნება გულისხმობს შემოქმედის აღმოჩენას მისი ქმნილებების მეშვეობით და მისდამი თაყვანისცემას როგორც საკუთარი პირველსახისა. ხოლო ანთროპულ პრინციპში ადამიანი შემოდის, როგორც მეცნიერი („დამკვირვებელი“), რომლის შექმნამდეც სამყაროს მატერია იყენებდა რა ბუნების ზუსტ კანონებს, შემთხვევით ევოლუცირებდა. აქ გამოცანად რჩება, როგორ მოხდა, რომ 15 მილიარდი (უკანასკნელი მონაცემებით 13.7) წლის შემდეგ გაჩენილმა ადამიანმა გავლენა მოახდინა უკვე ფორმირებულ სამყაროზე, მაშინ როცა თავად სამყაროს გაჩენა შემთხვევით აქტად არის აღიარებული. ამ მეტაფიზიკურ ინტერპრეტაციაში ანთროპული პრინციპი, ღვთაებრივ ჩანაფიქრთან და შექმნასთან შედარებით, არცთუ წარმატებული ალტერნატივაა [5].
სხვა მხრივ, ასტროფიზიკის, კოსმოლოგიის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და სხვა დისციპლინათა ექსპერიმენტული და თეორიული შედეგები შესაძლებელია განვიხილოთ როგორც ცხადი მოწმობა მატერიის ფუნდამენტურ პარამეტრთა შემოქმედებითი შერჩევისა, განხორციელებულს შემოქმედის მიერ სამყაროს შექმნისას. სამყაროს შექმნასთან ერთად ამ შერჩევამ უზრუნველჰყო წარმოშობა და განვითარება მაღალორგანიზებული ცოცხალი მატერიისა და ადამიანისა, რომელმაც შექმნა მეცნიერება და ქმნილებაში აღმოაჩინა ბრძენი შემოქმედის ჩანაფიქრი. ძლიერი ანტროპული პრინციპის ასეთი ინტერპრეტაცია ემთხვევა ქრისტიანულ ანთროპოცენტრიზმს ადამიანისა და სამყაროს ურთიერთქმედების საკითხში და არ განიხილავს ადამიანის, როგორც ქრისტიანის სხვა ღირსებებს. ვინაიდან – ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო (ფს. 18,2).
ბუნებრივია, რომ ანთროპული პრინციპისა და ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმის ეს სიახლოვე ეწინააღმდეგება ე.წ. „კრეაციონიზმის“ კონცეფციას, რომლიც უარყოფს სამყაროს მატერიის ევოლუციას და პოსტულირებს შემოქმედის ჩაურევლობას ქმნილებაში, რომელსაც ფიზიკური სხეულის მქონე ადამიანიც წარმოადგენს. ამასთან, ანთროპული პრინციპი მოწმობს ზუსტი პარამეტრების შესახებ, რომლებმაც ევოლუციის პროცესში მიგვიყვანეს მატერიის ფორმირებისკენ, რომლისგანაც შექმნილია როგორც გარემო პირობები, ისე თავად სხეულის მქონე ადამიანი. ხოლო ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმი დამატებით მოითხოვს მისი (ადამიანის) სულიერი არსების შექმნას, რომელიც ადამიანურ პიროვნებას უზრუნველყოფს სისავსით და ერთიანობით. ასე, „სამყაროს უდიდესმა შემოქმედმა ჩაიფიქრა და შექმნა არსება ორი ბუნების მქონე – ხილული და უხილავი. ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომლის სხეული შექმნა წინასწარ არსებული მატერიისგან და განასულიერა საკუთარი სულით… ასე დაიბადა გარკვეული აზრით ახალი კოსმოსი, ერთდროულად დიდი და მცირე… ცხოველი, მიმავალი სხვა სამშობლოსკენ და – გვირგვინი საიდუმლოსი – რომელიც მიემსგავსა ღმერთს ღვთაებრივი ნების მარტივი მიმღეობით“ (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა თქმული პასექისას, 45) [11].
ბოლოს და ბოლოს ანთროპული პრინციპის გამოჩენა მოწმობს ზოგიერთი მეცნიერის ღვთიური სიბრძნის შეცნობისკენ გაუაზრებელ სწრაფვას, რომლსაც „…შეგვიძლია მივსწვდეთ, როგორც ნათქვამია, მთელი არსის გამოკვლევის გზითაც, რადგან სიბრძნე წმინდა წერილის თანახმად, – სამყაროს მომწყობია, საუკუნეების განმავლობაში ყოველივე არსებულის შემოქმედია და აგრეთვე მთელს მსოფლიოში ურყევი წესრიგისა და თანხმობის მიზეზი…“ (იხ. [12] გვ. 208).
ბიბლიოგრაფია
- Гоманьков В. И. Научные и библейские представления о возникновении и эволюции Вселенной. // Записки Семинара по истории Церкви памяти святителя Стефана Пермского. Вып. 1. 1998, с. 5-15
- Новиков И. Д. Эволюция Вселенной. М.: “Наука”, 1990
- Харрисон Э. Ранняя стадия развития Вселенной. // Строение и развитие Вселенной. Сер. “Физика, астрономия”. М.: “Знание”, 1969, с. 3-15
- Окунь Л. Б. Фундаментальные константы физики // Успехи физических наук. Т. 161, N9, 1991, с. 177-194
- Павленко А. Н. Антропный принцип: истоки и следствия европейской научной рациональности // Философско-религиозные истоки науки. М.: “Мартис”, 1997, с. 178-218
- Диакон Андрей Кураев. Традиция, догмат, обряд: Апологетические очерки. Москва-Клин: Изд-во Братства Святителя Тихона, 1995
- Яки С. Л. Бог и космологи. Долгопрудный, “Аллегро-Пресс”, 1993
- Эйнштейн А. Собрание научных трудов, Т. 4. М.: 1967, с. 564
- Уоллес А. Р. Место человека во Вселенной. СПб, 1904
- Протоиерей Николай Иванов. И сказал Бог… Библейская онтология и библейская антропология. Опыт истолкования Книги Бытия (гл. 1-5). Клин: Изд-во фонда “Христианская жизнь”, 1999, с. 126
- Клеман О. Истоки: Богословие отцов Древней Церкви. Тексты и комментарий. М.: “Путь”, 1994, с. 78
- Дионисий Ареопагит. О Божественных именах // Общественная мысль: исследования и публикации. Вып. II. М.: “Наука”, 1990, с. 207
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий