понедельник, 19 мая 2014 г.

აღმოჩენა და გამოგონება


შესავალი
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში და საერთოდ ევროპაში მოღვაწე ბევრი მეცნიერი ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი გერმანიაში დარჩა, რომ არ მიეტოვებინათ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ომის შემდგომ შეეძლოთ აეღორძინებინათ მეცნიერება გერმანიაში. ისინი აცნობიერებდნენ, რომ ომს პრაქტიკულად ვერ შეაჩერებდნენ, მაგრამ მათ არჩიეს საკუთარ ქვეყანაში შეხვედროდნენ ამ კატასტროფას და არ გაქცეულიყვნენ მისგან, რომ იქ მყოფ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც იმ დროს ემიგრაციაში ვერ წავიდოდნენ, შეექმნათ პატარა, მაგრამ სიმტკიცის კუნძულები, იმ იმედით რომ ეს ჩანასახები შეძლებდნენ ნგრევის შემდგომ სიცოცხლის ახალი ფორმების განვითარებას.
უშიშროებამ დააკავა გერმანიაში დარჩნელი უდიდესი ფიზიკოსები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ატომური ფიზიკის განვითარებაში, კვანტური მექანიკის ფუძემდებლები; ვერნერ ჰაიზენბერგი, ოტო ჰანი, მაქს ფონ ლაუე, ვალტერ გერლახი, კარლ ფრიდრიხ ფონ ვაიცზეკერი და კარლ ვირტცი, რათა ემუშავათ ატომური ენერგიის ტექნიკური გამოყენების საკითხებზე. ჩატარებული ცდების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ატომური ბომბის დამზადება შესაძლებელი იყო, ისინი იცნობდნენ ამ მიზნის განხორციელების საშუალებებსაც, მაგრამ მათ მოახერხეს გერმანიის მთავრობის დარწმუნება, რომ დიდი ტექნიკური დანახარჯების გამო ატომური ბომბის აგება იმ დროისათვის ვერ განხორციელდებოდა. გერმანიაში დარჩენილი ფიზიკოსები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ემიგრანტები თავს მოვალედ ჩათვლიდნენ ძალა არ დაეშურებინათ ამერიკის ”კეთილი საქმისთვის”, რადგან ამერიკამ გულთბილოდ მიიღო ისინი, ასევე ამერიკელ ფიზიკოსებს, ალბათ მართლა ეშინოდათ, ომის დასაწყისში გერმანიაში ატომური ბომბი არ დაემზადებინათ. ეს გასაგები იყო, რაკი ურანის დაშლა სწორედ გერმანიაში ოტო ჰანმა აღმოაჩინა, როგორც ჩანს ჰიტლერის გამარჯვება ატომური ბომბის გამოყენებით ისეთ საშინელ საფრთხედ ესახებოდათ, რომ ამ კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით თავად დაიწყეს ასეთი ბომბის გამოგონება. მათი ვარაუდი გამართლდა, 1945 წლის 6 აგვისტოს ”ურანის კავშირის” წევრებს კარლ ვირტცმა ახალი ამბავი აცნობა, რადიოთი გამოცხადებულ იქნა იაპონიის ქალაქ ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდების შესახებ. მეცნიერები იძულებულნი გახდნენ თვალი გაესწორებინათ იმ ფაქტისთვის, რომ ატომური ფიზიკის განვითარებამ ასი ათასზე მეტ ადამიანს სიკვდილი მოუტანა.
აღმოჩენა და გამოგონება
წინამდებარე ტექსტში მოცემულია ფრიდრიხ ვაიცზეკერისა და ვერნერ ჰაიზენბერგის დიალოგი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. დიალოგი ძალიან საინტერესოა შემოქმედებითი პროცესის ანალიზისათვის, სადაც  ერთმანეთისაგან გამიჯნული და განსაზღვრულია გამოგონება და აღმოჩენა. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებ დიალოგის ელექტრონულ ვერსიას, რომელიც წარმოადგენს ნაწყვეტს ვერნერ ჰაიზენბერგის წიგნიდან  “ნაწილი და მთელი”, თავი 16. მეცნიერის პასუხისმგებლობის შესახებ (1945-1950 წ.წ.)
ფრიდრიხ ვაიცზეკერი: ”სავსებით გასაგებია, რომ ოტო ჰანი უმძიმეს დღეშია: უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენას ამ წარმოუდგენელმა კატასტროფამ შავი დაღი დაასვა. მაგრამ განა აქვს მას საფუძველი თავი დამნაშავედ იგრძნოს? განა მას მეტი საფუძველი მოეპოვება ამისათვის, ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანს, ვინც ატომურ ფიზიკაში მუშაობდა? განა ჩვენ ბრალი გვიდევს მთელ ამ უბედურებაში? არის ეს ჩვენი დანაშაული?
არა მგონია, – ვუპასუხე მე (ვერნერ ჰაიზენბერგი), – რაიმე აზრი ჰქონდეს აქ სიტყვა ”დანაშაულის” ხმარებას, თუნდაც ჩვენ მთელ ამ მიზეზობრივ კავშირში რაღაცნაირად ჩაბმულნიც ვიყვეთ. ოტო ჰანმა და ჩვენ ყველამ მონაწილეობა მივიღეთ თანამედროვე ბუნებისმეცნიერების განვითარებაში. ეს განვითარება სასიცოცხლო პროცესია, რაც მთელმა კაცობრიობამ, ყოველ შემთხვევაში – კაცობრიობის ევროპულმა ნაწილმა მაინც საუკუნეების წინ იდვა თავს, ან, უფრო ფრთხილად რომ ვთქვათ დაუშვა. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამ პროცესმა შეიძლება კარგი შედეგიც მოიტანოს და ცუდიც. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, – და ეს უპირველესად მე-19 საუკუნის პროგრესის რწმენა იყო, – რომ ცოდნის ზრდასთან ერთად სიკეთეც მოიმატებდა და მოსალოდნელ შედეგებსაც თავიდან ავიცდენდით. ატომური ბომბის შესაძლებლობა ჰანის აღმოჩენამდე არც თავად მას და არც რომელიმე ჩვენთაგანს არ მოუვიდოდა თავში, რადგან მაშინდელ ფიზიკაში აქეთკენ არავითარი გზა არ მოჩანდა. მეცნიერების განვითარების ასეთ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს.
ახლა, ალბათ, აღმოჩნდებიან ისეთი რადიკალებიც, – თქვა კარლ ფრიდრიხმა, – რომლებიც მომავალში მოითხოვენ მეცნიერების ამ სასიცოცხლო პროცესზე ხელის აღებას, რადგან მას ასეთ კატასტროფამდე მივყავართ. მათი აზრით, არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ამოცანები, ვიდრე ბუნებისმეცნიერების პროგრესია. იქნებ ისინი ამაში მართალნიც იყვნენ. მაგრამ მას, ვინც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ დღევანდელ სამყაროში ადამიანთა სიცოცხლე მეცნიერების განვითარებაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ცოდნის შემდგომ გაფართოებაზე უარს ვიტყოდით, მოკლე ხანში ადამიანთა რიცხვი დედამიწაზე რადიკალურად უნდა შემცირებულიყო. ეს კი შეიძლება მხლოდ კატასტროფებმა გამოიწვიოს, რომლებიც თავისი შედეგით ატომური ბომბის კატასტროფაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება.
ამას ემატება ცნობილი ჭეშმარიტება, რომ ცოდნა ძალაა. ვიდრე დედამიწაზე ძალაუფლებისათვის ბრძოლა იქნება – ჯერჯერობით კი მას ბოლო არ უჩანს, – იქნება ბრძოლა ცოდნისთვისაც. თუ ოდესმე რაღაც მსოფლიო, შეძლებისდაგვარად თავისუფალი წესრიგი დაისადგურებს, მაშინ იქნებ ცოდნის გაფართოებისაკენ ლტოლვამაც იკლოს. მაგრამ ეს არ არის ამჟამად ჩვენი პრობლემა. ჯერჯერობით მეცნიერების განვითარება კაცობრიობის სასიცოცხლო პროცესს განეკუთვნება და, მაშასადამე, ცალკეულ ინდივიდს, რომელიც მასში მონაწილეობს, ბრალი ვერ დაედება. ამოცანა იგივე უნდა დარჩეს: განვითარების პროცესი სიკეთისკენ წარვმართოთ, ცოდნის გაღრმავება ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ და არა თავად ეს განვითარება აღვკვეთოთ. კითხვა ასე დაისმის: რა შეუძლია იტვირთოს ცალკე ინდივიდმა და რა ვალდებულება ეკისრება იმას, ვინც კვლევა-ძიებაში მონაწილეობს?
ვერნერ ჰაიზენბერგი: თუ მეცნიერების განვითარებას შევხედავთ, როგორც მსოფლიო მასშტაბის ისტორიულ პროცესს, მაშინ შენი კითხვა მოგვაგონებს ძველ პრობლემას ინდივიდის როლზე მსოფლიო ისტორიაში. აქ კი უთუოდ მოგვიხდება დავუშვათ, რომ ინდივიდი არსებითად შენაცვლებადია. აინშტაინს რომ არ აღმოეჩინა ფარდობითობის თეორია, ადრე თუ გვიან ამას სხვა მიაგნებდა, მაგალითად, პუანკარე ან ლორენცი. ჰანსს რომ არ მიეგნო ურანის დაშლისათვის, რამდენიმე წლის შემდეგ ამ ფენომენს, ალბათ, ფერმი ან ჟოლიო წააწყდებოდა. ვფიქრობ, ამით არ ვამცირებ ცალკეულ ინდივიდთა დიდ მიღწევებს. ამიტომაც ცალკე ინდივიდს, რომელიც მეცნიერების ამა თუ იმ უბანზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს, შემდეგში ვერ დავაკისრებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე ყველა დანარჩენს. ისტორიულმა განვითარებამ ცალკე ინდივიდი გადამწყვეტ ადგილზე დააყენა და მან შეძლო შეესრულებინა ის დავალება, რასაც აქ მისგან მოითხოვდნენ, არც მეტი, არც ნაკლები. ამის გამო მას, ალბათ, შეუძლია სხვებზე მეტი გავლენა იქონიოს თავისი აღმოჩენის გამოყენებაზე. როცა ოტო ჰანს გერმანიაში ურანის დაშლის გამოყენების საკითხებზე ელაპარაკებოდნენ, იგი ატომური ტექნიკის მხოლოდ მშვიდობიანი გამოყენების მომხრე იყო და ყველას აფრთხილებდა, საომარი მიზნებისათვის არ გამოეყენებინა ეს ტექნიკა. მაგრამ ამერიკაზე მას რა ხელი მიუწვდებოდა?
ალბათ, – განაგრძო კარლ ფრიდრიხმა, – საჭირო იქნება პრინციპული ზღვარი გავავლოთ აღმომჩენსა და გამომგონებელს შორის. აღმომჩენმა, როგორც წესი, აღმოჩენამდე არაფერი იცის მისი გამოყენების შესახებ და ზოგჯერ აღმოჩენის შემდეგაც მისი გამოყენება ისეთო შორეული საქმეა, რომ რაიმე წინასწარ ვარაუდზედაც ზედმეტია ლაპარაკი. ასე, მაგალითად, ვერც გალვანი და ვერც ვოლტა ვერ წარმოიდგენდნენ ელექტროდინამიკის შემდგომ განვითარებას და, მაშასადამე, ვერც შედეგებისთვის დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა. მაგრამ გამომგონებლის საქმე სხვაგვარადაა. გამომგონებელს მუდამ პრაქტიკული მიზანი ამოძრავებს. იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რო ამ მიზნის განხორციელებას გარკვეული ღირებულება აქვს და ამისთვის სრული პასუხისმგებლობაც ეკისრება. სწორედ გამომგონებლის მოღვაწეობიდან ჩანს, რომ იგი მოქმედებს არა როგორც ცლკე ინდივიდი, არამედ როგორც საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი. ტელეფონის გამომგონებელმა, მაგალითად, იცოდა, რომ ადამიანთა საზოგადოებისათვის სწრაფი კომუნიკაცია სასურველი იქნებოდა. ცეცხლმსროლელი იარაღის გამომგონებელიც ასრულებდა სამხედრო ხელისუფლების დავალებას, რომელსაც თავისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლება სურდა. მაშასადამე, ცალკე ინდივიდს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ნაწილი დაეკისრება. ამას გარდა, ვერც თავად გამომგონებელი და ვერც საზოგადოება ვერ გაითვალისწინებს გამოგონების საბოლოო შედეგებს. ასე, მაგალითად, ქიმიკოსი, რომელიც ისეთ ნივთიერებას მიაგნებს, რითაც სამეურნეო კულტურებს მავნებლებისგან დაიცავს, ისევე როგორც ამ ნივთიერების გამომყენებელი მეურნე, ვერ გაითვალისწინებს, თუ რა შედეგი მოჰყვება მწერების სამყაროში, კერძოდ ამ სფეროში, ასეთ ჩარევას. ამიტომ, ცალკე ინდივიდს მოეთხოვება თავისი მიზანი დიდ კავშირში დაინახოს და ადამიანთა ერთი ჯგუფის ინტერესების გამო მთელი საზოგადოება უნებურად საფრთხეში არ ჩააგდოს. გამომგონებელს რაც მოეთხოვება, ეს არის ფრთხილი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ზოგადი კავშირის მიმართ, რომლის ფარგლებშიაც ხორციელდება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი. ამ კავშირს ანგარიში უნდა გაეწიოს მაშინაც, როდესაც საკუთარ ინტერესებს უშუალოდ არც ეხება.
ვერნერ ჰაიზენბერგი: რადგან შენ აღმოჩენასა და გამოგონებას შორის ასეთი ზღვარი გაავლე, სად მოათავსებდი ტექნიკური პროგრესის ამ უკანასკნელ საზარელ შედეგს, ატომურ ბომბს?
ფრიდრიხ ვაიცზეკერი: ჰანის ატომგულის დაშლის ექსპერიმენტი აღმოჩენა იყო, ხოლო ატომური ბომბის დამზადება გამოგონებაა. მაშასადამე, რაც ვთქვით გამომგონებელზე, თანაბრად ეხება ამერიკის ატომური ფიზიკის სპეციალისტებსაც, რომლებმაც ბომბი გამოიგონეს. ისინი მოქმედებდნენ არა როგორც ინდივიდები, არამედ ასრულებდნენ დავალებას ან პირდაპირ დაკვეთას საომრად განწყობილი საზოგადოებისა, რომელსაც თავისი ბრძოლისუნარიანობის უკიდურესი გაძლიერება სურდა.

წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий