ეს ეკლექტიკური სათაური ჩვენი დღევანდელი სინამდვილის ლოგიკითაა ნაკარნახევი. ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას ბევრი შუბი დაილეწა, თუმცა მოქიშპე მხარეების შეთანხმება ვერ ხერხდება ელემენტარული მცნებების დონეზეც კი, სამართლებრივ საკითხებზე რომ არაფერი ვთქვათ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიდ ნაწილს კანონი წაკითხულიც კი არა აქვს და არც ამჟღავნებს ასეთ სურვილს. ისევ ნებელობის სხვაზე გადაბარების ტრადიციულ, ტოტალიტარული აზროვნებისათვის დამახასიათებელ ტენდენციასთან გვაქვს საქმე, ვიდრე დასაბუთებულ განსჯასა თუ ახსნა–განმარტებასთან.
ერთი მხარე ამბობს, რომ კანონი არავითარ საფრთხეს არ შეიცავს წაღმა-უკუღმა რომც ატრიალო, მისი მიღება აუცილებელი იყო, დასავლური რაღაც მითიური მოთხოვნის გამო, ხოლო მეორე მხარე დაჟინებით იმეორებს – დაღუპვაა, აკანონებს არატრადიციულ ქორწინებას და ა.შ. პოლარიზებული მოსაზრებებიდან განსხვავება, დღეს ერთგვარ სალანძღავ სიტყვადაც არის ქცეული და ამას ირონიულად ,,შუაშისტობა“დაარქვეს. ჰოდა, ამ საქმეში სწორედ მანდ ვართ და არას დაგიდევთ, თუ ორივე მხარის აგრესიის სამიზნედ გავხდით, რადგან საქმე უმნიშვნელოვანეს საზოგადო პრობლემას ეხება.
ჩვენი ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი სათაურის გაგრძელება იქნება ის, რაც გვინდა ვთქვათ: კანონის მიღება არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ღია კარების მტვრევაა, რაიმე ახალ რეგულაციებს არ შეიცავს, არ წარმოშობს და თავისთავად სამართლებრივად იმ საფრთხის შემცველი არ არის, რაც მის მოწინაღმდეგეებს აღელვებთ. ეს მხოლოდ პროვოკაცია, სახელისუფლებო პროვოკაცია, ,,შულავერის მთავრობის“ პროვოკაცია! ის მიმართულია ძალიან კონკრეტული შედეგის დადგომისაკენ – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და საშემოდგომოდ დანიშნული ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი სამიტის წინ მასობრივი პროტესტებით, არეულობებით და შესაძლოა უფრო მძიმე ფორმებითაც, მოხდეს ახალი გალაშქრება დასავლეთის წინააღმდეგ, არნახულად გაძლიერდნენ კოლაბორაციონისტულ–კაპიტულანტური ძალები და ყველა ჯურის რუსეთუმეები, რომლებიც სახელდახელოდ ირგებენ ზნეობის მოდარაჯეთა მანტიას ,,გარყვნილი დასავლეთის“ წინააღმდეგ. ხოლო დასავლეთში კი შეიქმნას იმის მყარი რწმენა, რომ ქართველები ყველა სხვა ,,სიკეთესთან“ ერთად (მაგალითად, რუსოფილობასთან, ბაბაიას სინდრომთან და მისთ.), ტრადიციული, ისტორიულად შემწყნარებლური ერიდან ვიქეცით გავეშებულ დისკრიმინატორებად, ფუნდამენტალისტებად და ასე ვაპირებთ გაგრძელებას.
ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში რუსეთის საგარეო მინისტრ ლავროვს, როდესაც მან დასავლეთს საკმაოდ თამამად, ნიშნისმოგებით და სავარაუდოდ ზურგმომაგრებულადაც განუცხადა: რას იზამთ, თუ საქართველო ისე არ მოიქცევა, როგორც თქვენ გსურთო. ალბათ ამით და მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას შუშის სასახლის დაჟინებული, ისტერიკამდე მისული დაინტერესება ახალი კანონის მიღებით. ამის თაობაზე პრესაშიც დაიწერა და მიდა წყაროებიდანაც გამოჟონა ამბავმა. საპარლამენტო უმრავლესობაც არ იქნებოდა ასეთი ერთსულოვანი, რომ არა ბელადისა და სპონსორის მტკიცე დირექტივა, რომელიც თავის მხრივ ასევე არც ერთ ნაბიჯს არ დგამს მოსკოვის დაუკითხავად.
ქართველები მტერს საკმაოდ კარგად ვყავართ შესწავლილი ორსაუკუნოვანი ,,ძმობის“ პერიოდში, იცის ჩვენი ემოციური ბუნება და აფექტური ხასიათი. ისიც იცის, რომ ელიტა უმეტესწილად მიდრეკილია უცხო ძალის მიმართ მაამებლური მორჩილების, პროვინციული მიმბაძველობისა თუ უაზრო სალონური მსჯელობებისაკენ. ვერცხლის მოყვარულიცაა ჩვენი ელიტა და როგორც ხარს აუფრიალებენ ხოლმე წითელ ნაჭერს გასაღიზიამებლად, ისე აგვიფრიალა ცხვირწინ ეს კანონი. კორიდის ორივე მხარეს ამზადებს დამპყრობელი ერთი ცენტრის მეშვეობით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჰქვია. თანაც, სწამს და მთელს მსოფლიოს ცინიკურად აუწყებს, რომ ქართველები ამ მახეში აუცილებლად გაებმებიან.
რომ არა კრემლის ინსპირაციები, რომელთაგან ძალიან ბევრი ბოლო ოცდახუთი წლის და განსაკუთრებით უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე ჩვენი უგნურების გამო საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა, არც ამ კანონს ,,შემოაგდებდა“ ვინმე ასეთი ფართხა –ფურთხით და საწუხარიც გაცილებით ნაკლები გვექნებოდა, თუკი ვინმე ამ საკითხს დასვამდა. მასზე განსჯა პრობლემის არააქტუალურობის ფარგალს ვერ გასცდებოდა, არც კანონის მიღებაზე იფიქრებდა ვინმე სერიოზულად და სხვა უფრო სასიცოხლოდ აუცილებელი საკითხებით ვიქნებოდით დაკავებული – მავთულხლართებით, ფრონტისპირა ზონიდან ჩვენი მოქალაქეების ყაჩაღურად, პანტაპუნტით გატაცებებით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, საერთოდ დეოკუპაციის საქმეებითა თუ უკრაინისადმი რეალური და ეფექტიანი სოლიდარობის გამოხატვით.
თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ მორიგი შოუს გამართვა დაუსახავს აგრესორს, ამ სანახაობის ჩაშლა უნდა იყოს ყველა გონიერი ადამინის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მიზანი და არა ის, რასაც ეხლა აკეთებენ ,,ქვეყნისათვის დამაშვრალნი“, ცეცხლზე ნავთის დასხმით რომ ირჯებიან უფრო მეტად.
ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ მშვიდად განვიხილოთ კანონის ავკარგიანობა და მასზე მსჯელობა საზოგადოებრივი დისკუსიის ფარგლებს არ გასცდეს. ჩვენი მხრიდან თავს უფლებას მივცემთ თეზისურად დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია თუ რატომ არ ვართ მისი მიღების მომხრეებიდა ამავე დროს მოწინაღმდეგეთა უკვე ჩამოყალიბებულ რიგს თავს არ მივაკუთვნებთ:
1. საქართველოში არსებობს 50–ზე მეტი ზოგადი თუ სპეციალური კანონი, რომლითაც დისკრიმინაცია აკრძალულია დაწყებული საქართველოს კონსტიტუციითა და დამთავრებული, ვთქვათ, მცენარეთა დაცვის კანონით. თუკი ამას კიდევ დავუმატებთ სხვა კანონებს სადაც სიტყვას ,,დისკრიმინაცია“ ენაცვლება ,,თანასწორობა“ , უამრავი კანონქვემდებარე აქტს და ასევე მრავალრიცხოვან ჩვენს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისორისო დოკუმენტს, რომელთაც კანონზე უფრო მეტი ძალა აქვთ, მათ არასაკმარისობაზე საუბარიც არ უნდა იყოს. ადამიანი საქართველოში უთანასწორობისაგან დაცული იყო და არის კულტურულად და სამართლებრივადაც. ეს კანონი რაიმე ახალს, განსაკუთრებულს, ჯერ არარსებულს არ შეიცავს. ამიტომ მისი მიღების აუცილებლობა ვერ აიხსნება საკანონდებლო სივრცის ხარვეზებით ან რაიმე ახლადმოსაწესრიგებელი ურთიერთობებით თუ შავი ხვრელებით.
2. დისკრიმინაცია საზოგადოდ ნიშნავს პირის და პირთა ჯგუფის მიმართ ისეთ მოპყრობას, რეგულაციას ან რეჟიმს, რომელიც მას ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე. მიაქციათ ყურადღება ბოლო ფრაზას. უთანასწორობის ყველა შემთხვევა არ განიხილება დისკრიმინაციად, არამედ ის შემთხვევები, როდესაც უთანასწორობას არ გააჩნია გონივრული და ობიექტური საფუძვლები. მაგალითად, პოლიციელი ან მოსამართლე არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი. ეს უთანასწორობა დასაბუთებულია საჯარო ინტერესით –თანამდებობრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად განხორციელებით, არჩევნებში არ მონაწილეობს არასრულწლოვანი, დამნაშავე ზის ციხეში და სხვებივით თავისუფლებაზე არ არის და ა.შ. ესეც დასაბუთებულია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებით და დისკრიმინაციას არ წარმოადგენს. ასეთი მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს.
მაგრამ ამავე დროს მრავლად არის უთანასწორობის შემთხვევები, რომლებიც გონიერების ფარგალში ვერ ხვდება და ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციას წარმოადგენს. გახსოვთ ,ალბათ, ცნობილი ფრანგული ფილმი ,,სათამაშო". მის ერთ–ერთი პერსონაჟი რომ ამბობს: ,,სამუშაოდან გამათავისუფლეს იმიტომ, რომ ხელისგულები მიოფლიანდება“. ეს ნამდვილად არის დისკრიმინაცია, რადგან ასეთი უთანასწორობა არავითარ გონივრულობას არ ექვემდებარება.
დისიკრიმინაციის განმარტება ყოველთვის გულისხმობს პირის უფლებებს და შემთხვევებს ანუ ნიშნებს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იქნება თუ არა უფლებების და ნიშნების ჩამონათვალი. დისკრიმიმაციის ცნება ვრცელდება ყველა ლეგიტიმურ უფლებასა და ნიშანზე.
კანონის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა გამოიწვია მასში რიგი ნიშნების აღნიშვნამ, თუმცა ეს ნიშნები რომ არ იყოს, ის მაინც იგულისხმება. ყველა ჩამონათვალის ბოლოს არის ასეთი დათქმა, როგორც ამ კანონში: ,,ან სხვა ნიშნის მიუხედავად“. სწორედ ეს ,,სხვა“ მოიცავს ყველა შემთხვევას რომელიც სახელდებით არ არის ჩამოთვლილი, იქნება ეს საჯილდაო ნიშნები თუ ისეთი ეგზოტიკურიც კი, როგორიც ვთქვათ ზვიგენების მოყვარულობა ან კიდევ საკუთარ კარში გოლების გატანაა. ესეც დაცულია დისკრიმინაციისაგან, იქნება თუ არა ჩამონათვალში.
ასე რომ, ნუსხაში რაღაც ნიშნის არსებობა, ან არარსებობა რაიმე გამორჩეულობას არ ქმნის არც პოზიტიური და არც ნეგატიური გაგებით. რაც არის-სხვა დაუსახელებელ ნიშანზე მეტად დაცული არ არის, ხოლო რაც არ არის–დასახელებულზე არანაკლებ დაცულია. უნდ ითქვას, რომ პირველ საკაცობრიო ფუნდემენტურ უფლებადაცვით დოკუმენტში –,,ადამინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“ (1948 წ.) სწორედ ასე სწერია: ,,მუხლი7. ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან“.
3. კანონის პირველ მუხლში მითითებული ნიშნების ჩამონათვალში ის წითელი ნაჭერი, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, არის ოთხი სიტყვა: ,,სექსუალური ორიეტაცია“ და ,,გენდერული იდენტობა“. არცერთი მათგანი ჩვენი საკანონდებლო სივრცისათვის სიახლეს არ წარმოადგენს.
ცნება ,,სექსუალური ორიენტაცია“ დისკრიმინაციასთან მიმართებით პირველად გაჩნდა 1998 წელს კანონში ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (მუხლი 6), შემდეგ კანონში ,,პაციენტი სუფლებების დაცვის შესახებ"(2000 წ., მუხლი 6), შრომის კოდექსში (2006 წ., მუხლი 2), კანონში ,,მაუწყებლობის შესახებ" (2004 წ., მუხლი 56) და სისხლის სამართლის კოდექსში (2012 წლის 27 მარტის ცვლილება, მუხლი 53).
ხოლო რაც შეეხება ,,გენდერულ იდენტობას“ არც ეს სიტყვებია უცხო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53–ე მუხლში (27.03.2012 წლის დამატება) აღნიშნულია: ,, 31. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის,სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის,ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.
არც მაშინ და არც დღეს ეს ნორმები არავის გაუპროტესტებია და არც აპროტესტებს.
4.ევროპული სამართალი ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას დისკრიმინაციად არ მიიჩნევს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამის თაობაზე გონივრული და ობიექტური დასაბუთება წარმოადგინა გადაწყვეტილებაში საქმეზე შალკი და კოპფი ავსტრიის წინააღმდეგ (Kopf v. Austria, 22.11.2010 წ.)
საქმის ფაბულა იყო ასეთი: ორმა ავსტრიელმა მეკურტუმემ, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ, 2002 წელს მიმართეს ავსტრიის ხელისუფლებას მათი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ. ამ პერიოდისათვის ავსტრიაში ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებული არ იყო. მათ ავსტრიის ხელისუფლებისაგან მიიღეს უარი, შემდეგ იჩივლეს ევროსასამართლოში კონვენცის მე–12 მუხლის (დაქორწინების უფლება) და მე–14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევის დადგენის მოთხოვნით. სასამართლომ ორივე ნაწილში უარი უთხრა მომჩივნებს და გაამართლა ავსტრიის მთავრობის უარი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ამ ქვეყანას უკვე ლეგალიზებული ჰქონდა ასეთი ქორწინებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე–12 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს ნორმა სახელმწიფოებს მხოლოდ ქალისა დამამაკაცის ქორწინების რეგისტრაციას ავალდებულებს. ხოლო მე–14 მუხლის დარღვევა არ დაადგინა იმის გამო, რომ ევროპაში ამ საკითხზე არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი. ქვეყნების ნაწილში ასეთი ქორწინებები ლეგალიზებულია, ნაწილში არა, ევროკავშირის ქარტია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას ექსკლუზიურად ანიჭებს სახელმწიფოებს,ეს მათი არჩევანის ანუ თავისუფალი შეხედულების საგანია.
გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღინიშნა, რომ სასამართლო შეიძლება მოუბრუნდეს ამ საკითხს და გადახედოს დასკვნებს, თუ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ შედგება საერთო ევროპული კონსენსუსი. ამგვარად, ევროპული მართმსაჯულების უმაღლესმა ორგანომ, სულ ახლახან მიიღო უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტული გადაწყვეტილება და ის არ შეიცვლება მთელს ევროპაში ვითარების არსებითად შეცვლამდე.ეს გადაწყვეტილება კი ასეთია: ერთსქესიანთა ქორწინების დაუკანონებლობა, მის ლეგალიზაციაზე უარის თქმა და აკრძალვა დისკრიმინაცია არ არის. ასეთია ერთიანი ევროპული ვერდიქტი.
5. რა თქმა უნდა, ეს ამბავი თვითდამშვიდების საშუალებას არ იძლევა. ზოგადად ტენდენციები ვითარდება საუარესოდ (ამაზე ,,ევროვიზიის“ ბოლო კონკურსის შედეგებიც ცხადყოფს, მიუხედავად მათი აშკარად ხელოვნურობისა). საკაცობრიო პრობლემასტთნ გვაქვს საქმე და უფართოესი საერთაშორისო სოლიდარობის ღონისძიების, მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ურთიერთობების გარეშე მისი გაუვნებელყოფა გაჭირდება. დამაიმედებელი ფაქტებიც არის. სულ ახლახან ყველამ ვნახეთ მილიონიანი მანიფესტაცია საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ. ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დედაქალაქის ოლქის გადაწყევტილება ასეთი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ. ხორვატიაში, რომელიც ევროკავშირის წევრია,ჩატარდა რეფერენდუმიც კი, რომლის თაობაზე არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს.
უკვე საერთო ევროპული სოლიდარობის მაგალითიც გვაქვს ჩვენ, ოღონდ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხში და ეს გამოცდილებაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. 2011 წელს ევროპამ იმავე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცვა საჯარო დაწესებულებებში დომინანტი რელიგიის სიმბოლიკის განთავსების უფლება, ეს არ ჩათვალა სეკულარიზმის პრინციპებთან შეუთავსებლად და ინდოქტრინიზაციად (საქმე Lautsi and oters v. Italy,18.03.2011 წ .)
ვინმე აგნოსტიკოსი ლაუცი უჩიოდა იტალიას საჯარო სკოლების კლასებში მაცხოვრის ჯვარცმის განთავსების გამო, რითაც თითქოს ირღვეოდა მისი შვილების უფლებები. ევროპის სასამართლოს მცირე პალატამ საჩივარი დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებამ უდიდესი აღშფოთება გამოიწვია მთელს ევროპაში. იტალიამ აპელაციით მიმართა ევროსასამართლოს დიდ პალატას, საქმეში მის მხარეს ჩაება კიდევ 10 ქვეყანა, 33 ევროპარლამენტარი და რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია. მკვეთრი განცხადებები გააკეთა კათოლიკურმა ეკლესიამაც. სამწუხაროდ, საქართველოს ამაში მონაწილეობა არ მიუღია. საზოგადოება არც კი იყო ინფორმირებული პროცესის შესახებ, რაც ჩვენს ჟურნალისტიკას ღირსებას ნამდვილად არ მატებს.
საბოლოოდ, ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ლაუცის პრეტენზიები უსაფუძვლოა, ხოლო იტალიის მთავრობის პოზიცია–კონვენციათან შესაბამისობაში. სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენციით დაცულია უმრავლესობის უფლებებიც, დომინანტი რელიგიის სიმბოლიკის საჯარო დაწესებულებში არსებობა არ არღვევეს არავის არც ერთ უფლებას, ყველამ პატივი უნდა სცეს ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციებს, ეროვნული იდენტობის სიმბოლოებს და ეს ასე იქნება მანამ, სანამ საწინააღმდეგოზე არ შედგება საერთო ევროპული კონსენსუნსი. ამავე საქმეში სასამართლომ მოგვცა კიდევ ერთი საყურადღებო დასკვნა: თუ სასკოლო პროგრამაში უპირატესი ყურადღება მიქცეულია იმ რელიგიისათვის, რომელიც დომინირებდა ქვეყნის ისტორიაში, ეს ფაქტი თავისთავად არ შეიძლება განხილულ იქნეს ინდოქტრინიზაციად ანუ ბავშვების იდეოლოგიურ დამუშავებად.
ასე, რომ საერთო ევროპულმა სოლიდარობამ თავისი გაიტანა და როგორც იტყვიან, სამართალმაც პური ჭამა.
მთელი საქართველო გაფაციცებით ელოდება თუ რა იქნება 17 მაისს. რუსეთსა და მის ადგილობრივ ლაქიებს სურთ ისეთი რამ მოხდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ამაზე ილაპარაკოს და გვამუნათოს. მაქსიმალური სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, არ ავყვეთ დამპყრობლის მორიგ წაქეზებას, არ გავაცინოთ მტერი, ზურგი არ ვაქცევინოთ ევროპას.
Комментариев нет:
Отправить комментарий